ძებნის რეზულტატი:

პაატა იმნაძე: კოვიდგადატანილებისთვის ვაქცინაციამდე არავითარი ტესტის ჩატარება საჭირო არაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაციის წინ კოვიდგადატანილი პირებისთვის ანტისხეულებზე ტესტის ჩატარება საჭირო არ არის. მისივე თქმით, მათ, ვისაც აქვთ ანტისხეულები, აცრის შემდეგ უკეთესი დაცვა ექნებათ. „არავითარი ტესტის ჩატარება კოვიდგადატანილებისთვის ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის, რადგან რომც არ გქონდეთ ვთქვათ, ანტისხეულები, არ ნიშნავს, რომ დაცულები არ ხართ არის ეგრეთ წოდებული ჰუმორული იმუნიტეტი, ანუ ანტისხეულები და უჯრედული. ტესტი არაფერს გაძლევთ. თუ გაქვთ ანტისხეულები, აცრის შემდეგ მეტი ანტისხეული გექნებათ და შესაბამისად, უკეთესი დაცვა. ამიტომ, გაქვთ თუ – არა, ამის გაგება ვაქცინაციის წინ არაფერს არ გაძლევთ“, – განაცხადა იმნაძემ.

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსი სეზონური გრიპივით შეიძლება გახდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსზე აცრა შესაძლოა გრიპის მსგავსად, ყოველწლიურად გახდეს საჭირო. „გამოჩნდა უკვე შრომები, თუ რამდენხნიანი ეფექტი აქვს იგივე „ფაიზერის“ ვაქცინას, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“, ჩინურ, რუსულ ვაქცინებს და ა.შ. ამ ტიპის დაკვირვებები ჯერ ძალიან ცოტაა, თუმცა „ფაიზერმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საჭირო იქნება ე.წ. ბუსტერ დოზები, 6-დან 12 თვის განმავლობაში. ეს ყველაფერი მიდის იქით, რომ შესაძლებელია ვირუსი გახდეს ე.წ. სეზონური ვირუსივით, გრიპის მსგავსი, როცა ყოველ წელს საჭიროა ერთი ინექციის გაკეთება. ამაზე მთელი კომპანიები და სამეცნიერო საზოგადოება მუშაობს და დღეს ამაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არის. ამასთან, თუ დღეს ორჯერადად ხართ აცრილი „ასტრაზენეკათი“ 6-8 თვის შემდეგ შეგიძლიათ სხვა ვაქცინით აიცრათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სუსი: 2020 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის 12 საქმეზე დაიწყო

2020 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 12 საქმეზე, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში ხუთ საქმეზე. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. ალექსი ბატიაშვილის თქმით, დაფიქსირდა მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენისა და არეულობის შექმნის მცდელობები, ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების გზით, მოსახლეობის დაყოფისა და პოლარიზებისკენ მიმართულ ქმედებებს. „ამასთანავე, გასულ წელს აღნიშნული დეპარტამენტების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სხვა საგამოძიებო უწყებებში გამოძიება დაიწყო რამდენიმე ათეულ საქმეზე. ამავე დროს, ცალკეული ქვეყნები, საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, განაგრძობდნენ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე ნეგატიური ზემოქმედების მცდელობებს. საქართველოს თავდაცვის სისტემების NATO-ს სტანდარტებთან მიახლოების პროცესში, აღნიშნული აქტორების განსაკუთრებული დაინტერესების საგანს წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობები და თავდაცვის სფეროში მიმდინარე აქტივობები. 2020 წელს უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისგან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებას“, – აღნიშნა ალექსი ბატიაშვილმა.

ჩინური ვაქცინით აცრისთვის რეგისტრაცია, სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჩინური ვაქცინით აცრისთვის რეგისტრაცია სავარაუდოდ ხვალიდან დაიწყება, ხოლო ვაქცინაცია გეგმის მიხედვით – 4 მაისიდან. „როგორც გამოცხადებული იყო, ჩინური ვაქცინით აცრები დაიწყება 4 მაისიდან, ჩაწერები, ანუ რეგისტრაცია, დიდი ალბათობით, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან, ყველაზე გვიან ალბათ, ზეგიდან, მაგრამ ვფიქრობ, დაიწყება ხვალ დღის მეორე ნახევრიდან. გაფართოვდა ამცრელი კაბინეტების და ბრიგადების რაოდენობა, წინა კვირაში კიდევ დამატებით 100 ბრიგადა იქნა გადამზადებული, მათ შორის ჩინურ ვაქცინაზე, რომელსაც არავითარი სპეციფიურობა არ აქვს, ის იმ ტიპის ვაქცინაა, რომელიც ბევრი გამოიყენება ჩვენთან ქვეყანაში – ინაქტივირებული ვაქცინა. ჩვენს ამცრელ სპეცილისტებს ამ ტიპის ვაქცინების გამოყენების დიდი გამოცდილება აქვთ. რაც შეეხება ეფექტურობას და მის ცნობადობას, დღეს მსოფლიოში გამოყენებული მილიარდი ვაქცინიდან, დაახლოებით, 25 პროცენტი, 250 მილიონზე მეტი გამოყენებულია ორი ჩინური ვაქცინა – „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ჩინეთის გარდა, ის ფართოდ გამოიყენება 35-მდე სხვადასხვა ქვეყანაში“, – აღნიშნა გამყრელიძემ

უკრაინის პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით ,,ნორმანდიის ფორმატში" აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადაც ჩაერთონ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ნორმანდიის ფორმატის“ გაფართოების ინიციატივით გამოვიდის და მიიჩნევს, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადაც უნდა ჩაერთონ მოლაპარაკებებში. როგორც ცნობილია, ზელენსკი ამბობს, რომ დონბასთან დაკავშირებული მოლაპარაკების ფორმატში სასურველია ამ სამი ქვეყნის ჩართვაც. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პროცესი სწრაფად წარიმართოს. „პროცესი უნდა ემსახურებოდეს აწმყოს და არა წარსულის მიზნებს. არსებობს ორი ვარიანტი: ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მინსკის ფორმატი, კორექტირება შევიტანოთ მასში. ან შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ფორმატი. სიჩქარეს აქვს მნიშვნელობა. ამ პროცესის ტემპი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ ხალხს“, – განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ “ნორმანდიის ფორმატი” ოთხი ქვეყნის: საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის მონაწილეობით დონბასის პრობლემის მოგვარებისთვის შეიქმნა,

შალვა შავგულიძე: პარლამენტში შესვლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება მივიღე

შალვა შავგულიძე რომელმაც მანდატი „ევროპული საქართველოს“ სიით მოიპოვა, ხვალ პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვება. მისი შეფასებით, საქართველოს უცხოელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ პირობებზე უარის თქმა იქნებოდა გადამლაშება და ქვეყნის ინტერესების დაზიანება. შალვა შავგულიძემ Europetime-თან განაცხადა, რომ ადრე ბოიკოტს ემხრობოდა, რადგან დასავლეთის მკაფიო ყურადღება გვჭირდებოდა იმის გამო, თუ რაოდენ სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა არჩევნებზე. „ჩვენმა პარტნიორებმა ნახევარწლიანი მედიაციის შედეგად წარმოადგინეს პირობები, რომლებიც არის კომპრომისის ბოლო შესაძლო ვარიანტი. მათ დიდი ძალისხმევა გასწიეს, რომ ვითარება ნორმალიზებულ კალაპოტში მოქცეულიყო და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეები არ შექმნოდა, მით უმეტეს, რეგიონში შექმნილი მწვავე ვითარების ფონზე, რომელიც ამიერკავკასიაში რუსეთის წარმომადგენლობის გაზრდამ გამოიწვია, ასევე - უკრაინასთან კონფლიქტი. ეს გეოპოლიტიკური სიტუაცია გასათვალისწინებელია და საჭიროა, საქართველოში პოლიტიკურად სტაბილური სიტუაცია იყოს. ეს შედის ამ ქვეყნის ინტერესში. შეთანხმება ორი პოლიტიკური პატიმრის, გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლების რეალურ მექანიზმებს ითვალისწინებს. დოკუმენტში არის ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზის პერსპექტივა, (გამართლებულად არ მიმაჩნია ის მექანიზმი, მაგრამ ამ თემის გახსნის მექანიზმი გამოჩნდა). ხელისუფლება პრაქტიკულად აღიარებს ხელმოწერით, რომ ეს ორი საქმე საზოგადოებაში პოლიტიკურად აღქმულია; რომ ვადამდე არჩევნებზე საუბარი შეიძლება იყოს გარკვეული დათქმებით, რომელიც ალბათ მუშაობის პროცესში დაიხვეწება; რომ აუცილებელია სასამართლო რეფორმა; საარჩევნო სისტემის და კანონმდებლობის რეფორმა - ამაზე უარის თქმით თუ ხელს ავუკრავდით დასავლეთს, რას გვეტყოდნენ - რომ მეტი არ შეგვიძლია, მხოლოდ ამ კომპრომისულ ვარიანტზე შევძელით პოზიციების მიახლოება და თუ ეს თქვენთვის მიუღებელია, მაშინ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და გავარკვიოთ ოპოზიციამ, ხელისუფლებამ, საზოგადოებამ, რაზე ვთანხმდებით. აღმოჩნდებოდა, რომ ამ მედიაციიდან გავიდოდა დასავლეთი და დავრჩებოდით პირისპირ ამ პრობლემებთნ, გამოდის, რომ უარს ვეუბნებოდით დასავლელ პარტნიორებს და საბოლოოდ, თუ ასეთ სვლას გავაგრძელებთ, მარტო დავრჩებით რუსეთის პირისპირ“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ. რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, შალვა შავგულიძის განცხადებით პოზიციების შეჯერება მიმდინარეობს. „ძალიან კარგი იქნება, თუ შევთანხმდებით, რომ შევძლებთ შეჯერებას ისეთ კანონპროექტზე, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის და ერთი კანონპროექტი შევა. თუ ხელისუფლება დაიჩემებს და შეეცდება, შეიტანოს ძალიან უსამართლო და გაუმართლებელი კანონპროექტი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ასეთ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, ალტერნატიული კანონპროექტი წარვადგინოთ და შემდეგ, პარლამენტის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა დადგეს, რას უჭერენ მხარს - უჭერენ მხარს 20 ივნისის აქციის უკანონო დაშლაში ჩართული მაღალი თანამდებობის პირების ამნისტიას თუ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს იმ პირთა მიმართ, რომელთა დევნაც სახელმწიფომ დაიწყო. ეს ასევე შეეხება რამდენიმე პოლიციელს, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მათ მიმართაც შეწყდება დევნა. ამაზე იყო ზუსტად შეთანხმება, რომ ეს გავრცელდეს არსებულ ბრალდებებზე“, - განუცხადა შალვა შავგულიძემ Europetime-ს. ის „ქართული ოცნების“ მარცხზე მიუთითებს. „ალბათ, რუსეთისგანაც იყო საყვედურები, რატომ შეძლო დასავლეთმა ჩვენთან ასე ჩართულობა და პრობლემების მოგვარება, რომელთა გამწვავებაზეც დიდ ძალისხმევაც ხარჯავს სწორედ რუსეთი და სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება. იმდენად მარცხად აღიქვეს, რომ დაუყოვნებლივ შესწირეს პარლამენტის თავმჯდომარე, რადგან ის იყო ხელისუფლების მხრიდან ამ მოლაპარაკებებში ჩართული. ახლა, საჭიროა რეალურად შეფასება და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები, რათა მივიღოთ ის სიკეთე და დახმარება, რასაც ჩვენთვის ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცდილობენ. ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა, რომ ახლა ბოიკოტი აღარ იქნებოდა მიზანშეწონილი, მანამდე მიმაჩნდა, რომ საჭირო იყო, რადგან დასავლეთის ყურადღება მკაფიოდ მიგვექცია, თუ რაოდენ სერიოზული დარღვევები მოხდა, რამაც არჩევნების ბედი შეცვალა და ხელისუფლებაში დარჩა ის ძალა, რომელიც ობიექტური დათვლის შემთხვევაში ვერ დარჩებოდა ხელისუფლებაში და მოვიდოდა კოალიციური მთავრობა. თუმცა, ახლა ისეთი პირობები იყო შემოთავაზებული, რომელზეც უარის თქმა იქნებოდა გადამლაშება და ქვეყნის ინტერესების დაზიანება. მე ასე აღვიქვი ეს სიტუაცია და ამიტომ მივიღე ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში შევსულიყავი, მე პარლამენტში ხელისუფლების ოპოზიციონერად შევდივარ და არა მის მომხრედ“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი, 5 პუნქტს მოიცავს.

რუსეთი იტალიის საელჩოს თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა იტალიის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. როგორც ცნობილია, საუბარია თავდაცვის საკითხებში იტალიის საელჩოს ატაშეს თანაშემწეზე, რომელიც საელჩოში სამხედრო-საზღვაო ძალების ატაშეს თანამდებობას იკავებდა. იტალიის საელჩოს თანამშრომელმა რუსეთის ტერიტორია 24 საათში უნდა დატოვოს. ”რუსეთში იტალიის ელჩი, პასკუალე ტერაჩანო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და შესაბამისი ნოტა გადასცეს, სადაც აღნიშნულია, რომ ატაშეს გაძევება არის პასუხი, იტალიის მთავრობის მიერ რუსეთის სამხედრო ატაშეს მიმართ არამეგობრულ და უსაფუძვლო მოქმედებებზე. მითითებულ ოფიცერს დაევალა დაეტოვებინა რუსეთის ფედერაციის ტერიტორია 24 საათის განმავლობაში", - განაცხადეს საგარეო უწყებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შედგება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახლა ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შედგება. "ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ეს შეხვედრა გაიმართება", - უკრაინის პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკიმ გაიხსენა, რომ მან პუტინი შეხვედრაზე დომბასში მიიწვია. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა "დაადასტურა შეხვედრის სურვილი, მაგრამ შეხვედრა მოსკოვში შესთავაზა". "პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს უკვე დავავალე, დაუკავშირდეს პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციას, რათა შეხვედრის ვადები და ადგილი განისაზღვროს. ჩემთვის მთავარია შეხვედრის არსი და არა მისი ჩატარების ადგილი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვინ შედის ხვალ პარლამენტში, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ

27 აპრილს, ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებამდე, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს და რომლის საფუძველზეც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხიდან უნდა გათავისუფლდეს, პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავა წარადგინა, რომელსაც მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტს ეკავა. არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან 24 აპრილს გადადგა. 27 აპრილს პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ თუ ერთ კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შედგა, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთზე მეტი კანონპროექტი წარადგინონ. შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას სრულად არ იზიარებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ და შესაბამისად, დოკუმენტზე მათ არც ხელი მოუწერიათ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ამნისტია იმ პირებსაც შეეხებათ, რომელთაც 20 ივნისის ღამეს ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რაც, მისი თქმით, მიუღებელია. ასევე აღნიშნა, რომ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთაც შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ახლა ამნისტიის კანონპროექტის მომზადება მოუწევთ ისე, რომ ის არ შეეხოს იმ პირებს, რომლებიც ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია კანონპროექტის საკითხზე ამბობს: 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ“. შეთანხმებას ხელი მოაწერეს (შეთანხმების ტექსტის თანახმად, მასზე ხელმოწერა პარლამენტში შესვლაზე თანხმობასაც ნიშნავს) პარტიებმა: „ქართული ოცნება“, „ლელო“ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩმი, „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ „მოქალაქეები“, „რესპუბლიკური პარტია“. ლელო 4 მანდატი აქვს მოპოვებული (მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი); „ძალა ერთობაშიას“ ბლოკში შემავალი „რესპულიკელებიდან“ პარლამენტის საქმიანობაში კი ხვალ, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია ჩაერთვებიან. შეთანხმებას ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა; ამავე პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც მედიასთან კომენტარს არ აკეთებს; „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, ამავე პარტიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ. დოკუმენტზე ხელმოწერა დააფიქსირეს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა და პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესულმა დეპუტატებმა, „ევროპელმა სოციალისტებმა“. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შემოთავეზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა „ლეიბორისტულმა“ პარტიამ, რომელსაც ერთი მანდატი (შალვა ნათელაშვილი) ეკუთვნის. დოკუმენტზე ხელმომწერები პარლამენტში 27 აპრილს საქმიანობას ამნისტიის საკითხით დაიწყებენ. მათ შორის არ იქნება თაკო ჩარკვიანი, რომელმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ ახლა, პარლამენტში შესვლის დრო არ არის, როცა „ოლიგარქიულ რეჟიმს თითქმის უკვე ათმობინებდნენ წართმეულ სახელმწიფოს“. „სტრატეგია აღმაშენებელმა“ არჩევნებზე სულ 4 მანდატი (გიორგი ვაშაძე; თამარ ჩარკვიანი; პაატა მანჯგალაძე; თეონა აქუბარდია) მოიპოვა. „ჩვენ შევდივართ პარლამენტში და ამაში განსაკუთრებული და უცნაური არაფერი არ არის, მთავარი საკითხი ახლა არის ამნისტიის კანონპროექტი, რადგან განსაცდელში ვერ მივატოვებთ იმ პოლიტიკურ დევნილებს, რომლის აღიარებაც მოხდა. ამნისტიის საკითხის შემდეგ, სხვა პუნქტებზე გადავალთ, რადგან კარს მოგვადგა უკვ არჩევნები და იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, აუცილებელია ყველა იმ ცვლილების მიღება, რომელსაც ითვალისწინებს ხელშეკრულება. რაც შეეხება ამნისტიის კანონს, ვცდილობთ, რომ დავაახლოვოთ პოზიციები, რადგან თავისი სულისკვეთებიდან გამომდინარე, შეთნხმება ითვალისწინებს კომპრომისებს და ამისთვის მაქსიმალურად მზად ვართ. კომპრომისი ვერ მოხდება მწამებლებთან და ჯალათებთან დაკავშირებით, კონვენციურ მუხლებთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, რომ ამნისტის მაღალი თანამდებობის პირებს შეეხოთ. ჩვენ გვინდა, რომ პრაქტიკა, რომ დაზარალებულის თანხმობით ხდებოდეს მხოლოდ ამნისტია, გვინდა იყოს გათვალისწინებული, ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებას მივაღწევთ ამასთან დაკავშირებით“, - განუცხადა Europetime-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ. კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც ბოიკოტს გამართლებულად ამ ეტაპზე უკვე აღარ მიიჩნევს, „ევროპული საქართველოს“ სიით გასული შალვა შავგულიძეა. შალვა შავგულიძე რომელმაც მანდატი „ევროპული საქართველოს“ სიით მოიპოვა, ხვალ პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვება. მისი შეფასებით, საქართველოს უცხოელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ პირობებზე უარის თქმა იქნებოდა გადამლაშება და ქვეყნის ინტერესების დაზიანება. შალვა შავგულიძემ Europetime-თან განაცხადა, რომ ადრე ბოიკოტს ემხრობოდა, რადგან დასავლეთის მკაფიო ყურადღება გვჭირდებოდა იმის გამო, თუ რაოდენ სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა არჩევნებზე. „ჩვენმა პარტნიორებმა ნახევარწლიანი მედიაციის შედეგად წარმოადგინეს პირობები, რომელიც არის კომპრომისის ბოლო შესაძლო ვარიანტი. მათ დიდი ძალისხმევა გასწიეს, რომ ვითარება ნორმალიზებულ კალაპოტში მოქცეულიყო და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეები არ შექმნოდა, მით უმეტეს, რეგიონში შექმნილი მწვავე ვითარების ფონზე, რომელიც ამიერკავკასიაში რუსეთის წარმომადგენლობის გაზრდამ გამოიწვია, ასევე - უკრაინასთან კონფლიქტი. ეს გეოპოლიტიკური სიტუაცია გასათვალისწინებელია და საჭიროა, საქართველოში პოლიტიკურად სტაბილური სიტუაცია იყოს. ეს შედის ამ ქვეყნის ინტერესში. შეთანხმება ორი პოლიტიკური პატიმრის, გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლების რეალურ მექანიზმებს ითვალისწინებს. დოკუმენტში არის ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზის პერსპექტივა, (გამართლებულად არ მიმაჩნია ის მექანიზმი, მაგრამ ამ თემის გახსნის მექანიზმი გამოჩნდა). ხელისუფლება პრაქტიკულად აღიარებს ხელმოწერით, რომ ეს ორი საქმე საზოგადოებაში პოლიტიკურად აღქმულია; რომ ვადამდე არჩევნებზე საუბარი შეიძლება იყოს გარკვეული დათქმებით, რომელიც ალბათ მუშაობის პროცესში დაიხვეწება; რომ აუცილებელია სასამართლო რეფორმა; საარჩევნო სისტემის და კანონმდებლობის რეფორმა - ამაზე უარის თქმით თუ ხელს ავუკრავდით დასავლეთს, რას გვეტყოდნენ - რომ მეტი არ შეგვიძლია, მხოლოდ ამ კომპრომისულ ვარიანტზე შევძელით პოზიციების მიახლოება და თუ ეს თქვენთვის მიუღებელია, მაშინ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და გავარკვიოთ ოპოზიციამ, ხელისუფლებამ, საზოგადოებამ, რაზე ვთანხმდებით. აღმოჩნდებოდა, რომ ამ მედიაციიდან გავიდოდა დასავლეთი და დავრჩებოდით პირისპირ ამ პრობლემებთნ, გამოდის, რომ უარს ვეუბნებოდით დასავლელ პარტნიორებს და საბოლოოდ, თუ ასეთ სვლას გავაგრძელებთ, მარტო დავრჩებით რუსეთის პირისპირ“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ. რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, შალვა შავგულიძის განცხადებით პოზიციების შეჯერება მიმდინარეობს. „ძალიან კარგი იქნება, თუ შევთანხმდებით, რომ შევძლებთ შეჯერებას ისეთ კანონპროექტზე, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის და ერთი კანონპროექტი შევა. თუ ხელისუფლება დაიჩემებს და შეეცდება, შეიტანოს ძალიან უსამართლო და გაუმართლებელი კანონპროექტი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ასეთ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, ალტერნატიული კანონპროექტი წარვადგინოთ და შემდეგ, პარლამენტის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა დადგეს, რას უჭერენ მხარს - უჭერენ მხარს 20 ივნისის აქციის უკანონო დაშლაში ჩართული მაღალი თანამდებობის პირების ამნისტიას თუ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს იმ პირთა მიმართ, რომელთა დევნაც სახელმწიფომ დაიწყო. ეს ასევე შეეხება რამდენიმე პოლიციელს, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მათ მიმართაც შეწყდება დევნა. ამაზე იყო ზუსტად შეთანხმება, რომ ეს გავრცელდეს არსებულ ბრალდებებზე“, - განუცხადა შალვა შავგულიძემ Europetime-ს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალი დოკუმენტს, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) 19 აპრილს მოეწერა ხელი.

ხაშურში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ხეივანი გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში, ხაშურში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად ალ. ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთს და მიმდებარე ტერიტორიას „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანი“ ეწოდა და სპეციალური დაფა განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილე გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დაესწრნენ. "მემორიალურ დაფაზე აღნიშნულია ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 50 გმირის გვარი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაიღუპნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში

ცნობილია, რომელ სფეროებს არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები

გამოქვეყნდა იმ მეწარმე-სუბიექტებისა და საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის №175 დადგენილება და რომელთა უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ჯანდაცვის, ეკონომიკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანების თანახმად, ჩამონათვალი ასეთია: 1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები. 2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც ახორციელებენ Covid-19 მართვის ღონისძიებებს, მათ შორის პრევენციას, დიაგნოსტიკისა და მკურნალობას, დაფინანსების წყაროს მიუხედავად. 3. ფარმაცევტული საქმიანობა. 4. 24-საათიანი ზრუნვის სპეციალიზებული დაწესებულებები და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მობილური ჯგუფები. 5. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია. საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები. სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა. 6. სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება. 7. საფოსტო და საკურიერო მომსახურება. 8. წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები. 9. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები. 10. სამაშველო საქმიანობა. 11. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები. 12. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება). 13. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები. 14. მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები. მანამდე უკვე გამოქვეყნდა უქმე დღეების განსაზღვრის შესახენ მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმად 2021 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი განისაზღვროს უქმე დღეებად.

რუმინეთმა რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბუქარესტში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშის მოადგილე, ალექსეი გრიშაევი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. გავრცელებული ინფორმაციით, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩათვალა, რომ რუსმა დიპლომატმა დაარღვია 1961 წლის ვენის კონვენციის დებულებები. საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ბუქარესტში რუსეთის ელჩი, ვალერი კუზმინი სამინისტროში დაიბარეს და რუმინეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობეს.

აღდგომის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება

აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. საქართველოს მასშტაბით, აღდგომის ღამეს, 2 მაისს, გადაადგილების შეზღუდვა ერთი დღის მოიხსნება. კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა საქართველოში 21:00 საათიდან 05:00 საათ​ამდე მოქმედებს.

სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება 3-12 მაისის ჩათვლით

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება 3-12 მაისის ჩათვლით. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რაც შეეხება მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება. „მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი; ამასთან, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე“, – აღნიშნა ღიბრაძემ.

3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა", - განაცხადა ღიბრაძემ.

ვაქცინაციაში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციაში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. მისი თქმით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად აქტიურად გრძელდება ვაქცინაცია. „იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციაში ჩაერთვებიან საქართველოს მ​თავრობისა და პარლამენტის წევრები“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საქალაქთაშორისო მოძრაობა არ შეიზღუდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტლებით, საქალაქთაშორისო მოძრაობა არ შეიზღუდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შეგანხსენებთ, რომ 3-დან 12 მაისამდე ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

თურქეთის ელჩი: „ნამახვანჰესი“ საქართველოსთვის და ქართველებისთვის აშენდება

საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა ჯერენ იაზგანის განცხადებით, „ნამახვანჰესი“ საქართველოსთვის და ქართველებისთვის აშენდება, ის არ შეიძლება აშენდეს ქართველების წინააღმდეგ. მისი თქმით, ყველა პროცესი ტენდერზე, შეთანხმებაზე საჭიროა, იყოს სრულად გამჭვირვალე. „სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს უფრო მეტიც იქნება. მივესალმები ნდობის გაძლიერებისთვის მიღებულ ზომებს მთავრობის მიერ. დიალოგის გაფართოებას მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება ჰესების მშენებლობას, განსაკუთრებით ნამახვანში. ყველა საკითხი უნდა იყოს განხილული. რა თქმა უნდა, არის კონტრაქტი პასუხისმგებლობასთან ერთად. კომპანია „ენკას“, მთავრობას და ადამიანებს, ვინც აპროტესტებს უნდა ჰქონდეთ ცივილიზებული დიალოგი. პროცესში ეს ცოტა დაგვიანდა, მაგრამ დაიწყო და მივესალმები ამას. ამავე დროს, სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ გარკვეული არასწორი ინფორმაცია და დეზინფორმაცია, მიზანმიმართული პროპაგანდა თურქეთის შესახებ, რომლებიც განკუთვნილი იყო დემონსტრანტების აგიტაციისთვის, ეტაპობრივად ქრება. მივესალმები დისკუსიას, დებატებს ამ პროექტზე, საქართველოს ენერგოსტრატეგიას მეცნიერების, პოლიტიკების და მონაწილეობითი დემოკრატიის დამსახურებით“, – განაცხადა ელჩმა.

ამირან გამყრელიძე: აღდგომა არის საოჯახო დღესასწაული, ამიტომ ვეცადოთ ოჯახში აღვნიშნოთ მოკრძალებულად

"იმედი მაქვს შემდეგი აღდგომა იქნება უფრო თავისუფალი, წლევანდელი კი ისე მოკრძალებულად ჩავატაროთ, როგორც გასული წლის", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გამყრელიძსი თქმით, აღდგომა არის საოჯახო დღესასწაული, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებს, ოჯახში აღნიშნოს. "ადამიანების ფართომასშტაბიანი შეკრება გახლავთ ერთ-ერთი რისკფაქტორი ინფექციის გავრცელების, აღდგომა არის საოჯახო დღესასწაული, ამიტომ ვეცადოთ ოჯახში აღვნიშნოთ შედარებით მოკრძალებულად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როდიდან შეძლებენ ვაქცინირებული ადამიანები კოვიდპასპორტების მიღებას? - ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კოვიდპასპორტების დასანერგად NCDC-ში აქტიური მუშაობა მიმდინარეობას და, სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ, აცრილ ადამიანებს მათი მიღება შეეძლებათ. „ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში მუშაობს ჯგუფი, ჩვენი IT სამსახური. ისინი მუშაობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ესტონეთთან ერთად. ეს პასპორტი აგებული იქნება იმ პრინციპებზე, რომელზეც აგებულია ევროკავშირში გაცემული კოვიდპასპორტები. მასში ასახული იქნება აცრის სტატუსი, დაავადების გადატანი ან არგადატანის შესახებ ინფორმაცია და PCR-ტესტირების სტატუსი. ეს სამუშაო თითქმის ბოლომდეა მიყვანილი და ვფიქრობ, რომ ეს მომავალი ორი კვირის განმავლობაში უნდა დასრულდეს. დღეს უკვე გვყავს 2 887 ორჯერადად ანუ სრულად აცრილი ადამიანი, რომელთაც, შეიძლება, მოითხოვონ კოვიდპასპორტი. დღეს ჩვენ შეგვიძლია, იმუნიზაციის ელექტრონული ბაზიდან, გავცეთ ამობეჭდილი დოკუმენტი, მაგრამ ჯერ არ გვაქვს კოვიდპასპორტები - თავისი შესაბამისი QR კოდებით“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.