ძებნის რეზულტატი:
ინდონეზიის ხელისუფლების განცხადებით, წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის 53 წევრი დაიღუპა
Al Jazeera-ს ინფორმაციით, ინდონეზიაში, გაუჩინარებული სამხედრო წყალქვეშა ნავის ნამსხვრევების აღმოჩენის შემდეგ, ეკიპაჟის ყველა, 53-ვე წევრის ცხედრებსაც მიაკვლიეს. გამოცემა წერს, რომ 24 აპრილს წყალქვეშა ნავის ფრაგმენტები და რამდენიმე ნივთი იპოვეს. „მტკიცებულებების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ KRI Nanggala-402 ჩაიძირა და მთელი მისი ეკიპაჟი დაიღუპა. წყალქვეშა ნავი სამ ნაწილადაა დამტვრეული - კორპუსი, კიჩო და მისი ძირითადი ნაწილი განცალკევებულია“, - აცხადებენ ოფიციალური უწყებები. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, წყალქვეშა ნავი კუნძული ბალიდან გაუჩინარდა.
მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთ მილიარდზე მეტი დოზა გაკეთდა
Bloomberg-ის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 172 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების ერთ მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული. გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 18.3 მილიონ ადამიანს უტარდება. აშშ-ში ვაქცინის 225 მილიონი დოზა გამოიყენეს, ჩინეთში- 216 მილიონი, ინდოეთში -140 მილიონი, ევროკავშირში კი 126 მილიონზე მეტი ვაქცინა გაკეთდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 55.3% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. მას ჩილე მოჰყვება, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოქალაქეთა 32.3%-მა მიიღო. მე-3 ადგილს აშშ იკავებს 28%-ით.
კორონავირუსის პანდემიის გამო, იტალიაში ინდოეთიდან შესვლაზე შეზღუდვები წესდება
ინდოეთში გართულებული ეპიდმდგომარეობის გამო, იტალია შეუერთდა იმ ქვეყნების სიას, სადაც ინდოეთიდან შესვლაზე შეზღუდვები წესდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერენზამ განაცხადა, ქვეყანაში შესვლა ეკრძალება ყველა უცხოელს, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. რაც შეეხება იტალიის მოქალაქეებს, სამშობლოში ინდოეთიდან დაბრუნებისას, მათ კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ და კარანტინი გაიარონ. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შეზღუდვები დააწესა გერმანიამ.
ანრი ოხანაშვილი: ამნისტია გავრცელდება ყველა პირსა და დანაშაულზე თანაბრად, გარდა იმ კონვენციური მიდგომისა, რაზეც ვთანხმდებით
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ არავის მისცემენ საშუალებას, უკვე მიღწეული შეთანხმება ჩაშალონ. როგორც მან ოპოზიციასთან ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ამნისტია აუცილებლად გამოიცემა და გავრცელდება ყველა პირსა და დანაშაულზე თანაბრად - გარდა იმ კონვენციური მიდგომისა, რაზეც მხარეები თანხმდებიან. „ქართული ოცნება“ რჩება ერთგული შეთანხმების, იმ ხელმოწერის, რაც განვახორციელეთ, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ამნისტიის აქტის, როგორც შეთანხმებაშია ჩადებული, ყველა პირზე და სამართალდარვევაზე გავრცელებას. თუ იკითხავთ, კონვენციურ მუხლებთან მიმართებაში საერთაშორისო სტანდარტი იქნება თუ არა დაცული, რა თქმა უნდა, ამაზე ერთმნიშვნელოვნად ჩვენი პოზიციაა, რომ კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს, ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც და ორი აზრი არ არსებობს. საუბარია წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, დამამცირებელ მოპყრობასა და ა.შ. იმაზე, რაც დაკავშირებულია კონვენციის მეორე, მესამე მუხლის შესაძლო დარღვევასთან. თუ დადგინდება, რომ შესაძლოა, ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, არ შეეხებათ, კონვენციური სტანდარტი იქნება დაცული, თუმცა გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, როგორც ეს წერია ტექსტში ერთი ერთში. ვერც ერთი პოლიტიკოსი, როდესაც მას სავარაუდოდ, ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის დანაშაული, ვერანაირდ ვერ იქნება პრივილეგირებული სხვა რომელიმე პირთან, თუნდაც პოლიციელთან მიმართებაში. ამიტომ, სტანდარტი და მიდგომა იქნება ყველასთვის ერთიანი. ჩემი პოზიცია და „ქართული ოცნების“ სულისკვეთებაა, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს, არავის არ მივცემთ საშუალებას, თუ აქამდე ცდილობდნენ, რომ შეთანხმება არ შემდგარიყო და ჩაშლილიყო, ახლა ვინმემ სცადოს მიღწეული შეთანხმების აღსრულების ჩაშლა. ეს სულისკვეთება გვაქვს ჩვენ, ჩვენ ვართ ერთგული ევროპული ღირებულებების და იმის, რომ ამნისტია უნდა გამოიცეს, ამნისტია გამოიცემა და გავრცელდება ყველაზე თანაბრად, ყველა პირზე და ყველა დარღვევაზე, გარდა იმ კონვენციური მიდგომისა, რაზეც ვთანხმდებით, სხვა დეტალები არის საქმიანი“, – განაცხადა ოხანაშვილმა. ოხანაშვილის განმარტებით, გარკვეული აზრთასხვადასხვაობაა, თუმცა პოზიციების შეჯერების რესურსი არსებობს. „როგორც ჩაიწერა დოკუმენტში, რომ შეეხოს ყველას და ყველაფერს, გარდა საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი წესისა, ამას შევასრულებთ. ჩვენ ულტიმატუმების ენით საუბარი უნდა ჩავაბაროთ წარსულს. აქ ულტიმატუმების ენით საუბრის უფლებას არავის მივცემთ. არც ერთ ადამიანს, ვინც აქ იყო ოპოზიციის მხრიდან, არ უსაუბრია ულმტიმატუმის ენით და ვერ ისაუბრებენ, ამის უფლება არავის აქვს, ჩვენ ვართ მოწოდებული, შეთანხმება შესრულდეს იმ მარტივი კონსტრუქციით, როგორც წერია შეთანხმებაში“, – განაცხადა დეპუტატმა.
იტალია არის ევროკავშირის მესამე ქვეყანა, სადაც 5 მილიონი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია
Business-standard-ის ინფორმაციით, იტალია ხდება ევროპაში მესამე ქვეყანა, სადაც 5 მილიონი ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქციინით სრულად აცრილია. როგორც გამოცემა წერს, იტალია ვაქცინაციის კუთხით ევროკავშირის წევრ ორ ქვეყანას - გერმანიასა და საფრანგეთს ჩამორჩება. იტალიაში სულ 17,3 მილიონმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის მინიმუმ პირველი დოზა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 28,5 % ნაწილობრივ არის ვაქცინირებული.
რიჩარდ მური: ბრიტანეთი და აშშ რუსეთს აფრთხილებს, თუ უკრაინაში შეიჭრება, "დიდი ფასის" გადახდა მოუწევს
Sunday Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის სამხედროები უკრაინაში შეიჭრებიან, მოსკოვს ,, დიდი ფასის" გადახდა მოუწევს და ამის შესახებ ოფიციალურმა ლონდონმა და ვაშინგტონმა ვლადიმერ პუტინი უკვე გააფრთხილეს. როგორც რიჩარდ მური აცხადებს, ლონდონს, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის საკომუნიკაციო არხები ღიაა და რუსეთის ხელისუფლებამ იცის, როგორ აფასებენ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის ნაბიჯებს. ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შედეგად გამართულმა საპროტესტო აქციებმა აჩვენა, რომ რუსეთის მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა ვლადიმერ პუტინით. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთი, როგორც სახელმწიფო, სუსტდება.
Reuters: სომეხთა გენოციდის აღიარების გამო, თურქეთმა შესაძლოა, აშშ-ს ინჯირლიკის ავიაბაზასთან წვდომა დაუბლოკოს
Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე თურქეთი აშშ-ს პასუხს გასცემს. პრესსპიკერის თქმით, ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა მკვლელობის გენოციდად დახასიათება „თურქეთ-აშშ-ის თანამშრომლობის ყველა სფეროზე აისახება“. „იქნება რეაქცია სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა დონზე, უახლოეს დღეებში და უახლოეს თვეებშიც“, – ამბობს პრესსპიკერი. Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის ერთ-ერთი პასუხი შესაძლოა, იყოს აშშ-ისთვის ინჯირლიკის ავიაბაზასთან წვდომის დაბლოკვა. ამასთან ცნობილია, რომ ამ საკითხზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 26 აპრილს დაგეგმილ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ისაუბრებს. სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს თურქეთის პარლამენტიც. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მკვლელობა გენოციდან 24 აპრილს აღიარა.
ბიძინა კულუმბეგოვი: AstraZeneca-ს ასაკობრივ ზღურბლთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ვადა 31 მაისს ეწურება და გაიმართება მსჯელობა, ვაქცინის ასაკობრივ ზღურბლთან დაკავშირებით. მისივე თქმით, გამოუყენებელი ვაქცინა არ დარჩება და მისი ათვისება სრულად მოხდება. ,,AstraZeneca-ს ვაქცინას ვადა ამოეწურება 31 მაისს. ამ ვაქცინაზე, ძალიან ბევრი ადამიანი მეორედ ვაქცინაციას ელოდება. მხოლოდ 10 ათასამდე დოზა რჩება, რომელიც განკუთვნილია 55 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა, მსჯელობა იქნება AstraZeneca-ს ასაკობრივ ზღურბლთან დაკავშირებით, მისი მოდიფიცირება იგეგმება. ჩვენ არ გვაქვს ერთი დოზის გამოუყენებლობის უფლებაც, ეს სრული კატასტროფა იქნება. მას აუცილებლად ავითვისებთ. მერწმუნეთ, ერთი თვის განმავლობაში, არ დარჩება გამოუყენებელი. ვაქცინაციაში კიდევ 100-ზე მეტი ცენტრი ჩაერთვება“, - განაცხადა კულუმბეგოვმა ,,იმედის ეთერში.
ფინანსთა მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას, როგორც ფინანსური მხარდაჭერის, ისე ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით. ,,გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და სხვა გერმანული ინსტიტუტების დახმარებით, გერმანიის მთავრობა ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, აფინანსებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებს ენერგეტიკის/ენერგოეფექტურობის, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, პროფესიული განათლების, გარემოს დაცვის სექტორებში, აგრეთვე, მხარდაჭერას უწევს სოციალური საბაზრო ეკონომიკის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში გერმანიის მხრიდან გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც ნაწილია იმ მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის განვითარების თანამშრომლობის შესახებ კონსულტაციებისთვის, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, რათა განისაზღვროს მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების პროცესში“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ევროკომისიის პრეზიდენტი: ვაქცინირებული ამერიკელები ევროკავშირში თავისუფლად მოგზაურობას შეძლებენ
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ზაფხულში, ვაქცინირებულ ამერიკელებს ევროპაში მოგზაურობის უფლება მიეცემათ. როგორც ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი New York Times- თან ინტერვიუში აცხადებს, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო უპირობოდ დათანხმდება, რომ აშშ-ის მოქალაქეებისთვის ევროპაში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდეს. ,,ამერიკელები, როგორც მე ვხედავ, "ევროპის მედიკამენტების სააგენტოს" მიერ დამტკიცებულ ვაქცინებს იყენებენ. ეს მათ ევროპაში თავისუფლად გადაადგილებისა და მოგზაურობის საშუალებას მისცემს“, - ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, ევროკავშირმა უკვე დაამტკიცა ე.წ. ელექტრონული კოვიდპასპორტები, რომელთა საშუალებითაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ მოქალაქეებთან ერთად ევროკავშირის სახელმწიფოებში მოგზაურობას ის ადამიანებიც შეძლებენ, ვინც კოვიდტესტის უარყოფით პასუხს წარადგენს და ასევე იმ პირებს, რომლებსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს.
ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილიდან 28 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 521 ადამიანს დაუდასტურდა, 1 058 გამოჯანმრთელდა, 18 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 226 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 463 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 763 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 304 272-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.51%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 058 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 287 029-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 043 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 36, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 10, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 49, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 174, საიდანაც: 3 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 995, აჭარაში - 419, იმერეთში - 410. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 644 პირი, მათ შორის, თბილისში - 301, აჭარაში - 73, იმერეთში -87. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი, მათგან თბილისში - 89, აჭარაში - 10, იმერეთში - 9. 727 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 414 - თბილისში, 284 - აჭარაში. 8 771 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 227 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 224, ხოლო აჭარაში - 2. სულ 6 ოქტომბრიდან - 25 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 519 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 989 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 769 პირი, აჭარაში - 2 383, იმერეთში - 1 187.
ჩერნობილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა
ჩერნობილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ატომური სადგურის აფეთქების მსხვერპლთა ხსოვნას პატივსაცემად ქვეყანაში ღონისძიებებია დაგეგმილი. 1986 წლის 26 აპრილს აფეთქება უკრაინაში, ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე ენერგობლოკზე მოხდა. აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ხანძრისა და აფეთქების შემდეგ რადიოაქტიური ნივთიერება არა მხოლოდ უკრაინის მასშტაბით, არამედ რუსეთში, ბელარუსში და ევროპის ქვეყნებშიც კი გავრცელდა. აფეთქების შემდეგ 10 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, რამდენიმე დღეში კი ევაკუაციის ზონა 30 კილომეტრამდე გაფართოვდა. საერთო ჯამში, ტერიტორიიდან 200 000 ადამიანი გაიყვანეს. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფა ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბური განახლების 500 მილიონიან პროგრამას იწყებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა იწყებს ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამას, რომელიც გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციასა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. „მინდა, დღეს მთავრობის სხდომაზე წარმოგიდგინოთ ახალი ინიაციატივა. ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას. ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტებშის ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას. ასევე ყველა ქალაქის, ყველა კურორტისა და დასახლებების ურბანულ განახლებას. ასევე, პრგორამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი, ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები. საქართველოში, მოგეხსენებათ, უამრავი ადგილია, რომელიც უნდა გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის, ტურისტებისთვის. ქვეყნის რეგიონების თანაბარი განვითარება, ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზე ცხოვრების, შრომისა და სრულად განვითარებების პირობების ყველგან გაუმჯობესება, სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, პროგრამის განხორციელების შედეგად, დაახლოებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. „ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტურისტულად საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენა, სოციალური გარემოს გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს თითოეულ რეგიონში განახლებას, გაჯანსაღებასა და მოსახლოებისთვის ახალი შესაძლებლობის გაჩენას. რეგიონების განახლების პირველი ეტაპის ღირებულება შეადგენს 500 მილიონ ლარს. პროექტი ითვალისწინებს პირველ რიგში ახალი სამუშო ადგილების შექმნას. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. ასევე, პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები აპრილში, ამ კვირაშივე გამოცხადდება. ჩვენი ვარაუდით, 63 მუნიციპალიტეტში ივნისიდან დაივწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
თურქეთში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, 532 ადამიანის დაკავების ორდენი გაიცა
Anadolu Agency-ს ინფორმაციით, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთის პროკურატურამ 532 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილებს შორის 459 სამხედროა, მათ შორის, 4 პოლკოვნიკი, ერთი ვიცე-პოლკოვნიკი, 9 მაიორი და 24 კაპიტანი. ცნობისთვის, თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. დაპირისპირებას მაშინ 251 ადამიანი ემსხვერპლა, 2 200-მდე კი, დაშავდა.
შეიცვლება თუ არა Astrazeneca-თი ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი? - პაატა იმნაძის განმარტება
საქართველოში, გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში Astrazeneca-ს მეორე დოზით აცრაზე გადაწყვეტილება სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე იქნება მიიღებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება ახალი მტკიცებულებები ვაქცინასთან დაკავშირებით. ,,Astrazeneca-ს გაურკვეველი ბედი ჰქონდა თავიდანვე, რაც გამოვიდა ბაზარზე. არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, არც ევროპის წამლის სააგენტოს არაფერი არ უთქვამს აცრის ასაკზე. ითქვა, რომ შესაძლოა, რაღაც რისკები არსებობს, მაგრამ რისკი განუზომლად დაბალია სარგებელთან შედარებით. შესაბამისად, რამდენიმე ქვეყანამ ასაკობრივი შეზღუდვა შემოიღო. რაც შეეხება Astrazeneca-ს მეორე დოზას, ძალიან ბევრმა ქვეყანამ თქვა, რომ თუ პირველ დოზაზე არაფერი იყო, მეორე დოზა პრობლემა არ არის. ამიტომ, ვინც უფრო ახალგაზრდა ასაკში მიიღო, შეუძლია ისევ მიიღოს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ჯერჯერობით ერთი ქვეყანაა, რომელმაც თქვა, არა, მეორეზე სხვა ვაქცინით უნდა აიცრა. ჩვენ კიდევ გვაქვს ერთი ორი კვირა, ვიდრე მეორე ტური დაიწყება Astrazeneca-ს, დავაკვირდებით, რა სამეცნიერო მტკიცებულებები გამოქვეყნდება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა იმნაძემ
ამირან გამყრელიძე: მასობრივ ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დასრულება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ მასობრივ ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დასრულება. მისივე თქმით, ერთმანეთთან ახლოს ვიქნებით, თუ ყველა ავიცრებით. „ამიტომ ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, აქტიურად მიმართეთ ამცრელ პუნქტებს. დღეს ქვეყანაში ვაქცინაცია წარმოებს 2 ვაქცინით: Pfizer-თა და Astrazeneca-თი. 4 მაისიდან მას დაემატება Sinopharm. თანდათან ვაქცინების მარაგი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო შეივსება და ის თითოეული მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძე ინდურ შტამზე: ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ ნუ შევქმნით აჟიოტაჟს, ჩვეულებრივი მუტირებული შტამია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო, რის გამოც ქვეყანამ მიიღო შესაბამისი შემძღუდავი ზომები, თუმცა აჟიოტაჟი არ უნდა შეიქმნას. მისივე თქმით, არსებული შტამები ჯერჯერობით ემორჩილება დღეს არსებულ ვაქცინებს მეტ-ნაკლები ეფექტურობით. „ინდურ შტამთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამიტომაც საქართველომ და მთელმა რიგმა ქვეყნებმა დააწესეს შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებები ინდოეთიდან მომავალ მგზავრებზე, მაგრამ, ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი, ინდოეთში ჯერ არ იციან, ეს შტამი პრევალირებს, თუ იგივე ბრიტანული შტამი, რომელიც ყველგან ცირკუილრებს დღეს, მათ შორის ჩვენთან დღეს თითქმის სულ ბრიტანული შტამია, ისევე როგორც ევროპაში და ყველა ეს შტამი ჯერჯერობით ემორჩილება იმ ვაქცინებს, რომლებიც დღეს ადმინისტრირდება, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები ეფექტურობით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
რუსეთი 1.5 ტრილიონამდე ეკონომიკით, აშშ-ს ევროკავშირის და ბრიტანეთის 45 ტრილიონამდე ეკონომიკის პირისპირ - ვალერი ჩეჩელაშვილი
"აშშ-ის ეკონომიკის რესურსი არის 22 ტრილიონი ამერიკული დოლარი. რუსეთის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.5 ტრილიონს შეადგენს. ერთმანეთს ვერ გაუტოლდებიან", - ამის შესახებ Europetime-ს ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განუცხადა, რუსეთის და დასავლეთის დაპირსპირებაში, მათი რესურსების შეფასებისას. როგორც Europetime-თან ინტერვიუში ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, თუ სერიოზულად არ მოხდა რუსეთის პოლიტიკის, ხედვების გადალაგება, რაც პუტინის პირობებში შეუძლებელია, რუსეთს სერიოზულ პრობლემები შეექმნება. მისი თქმით, პანდემიამ ყველა სახელმწიფო დააზარალა, თუმცა რუსეთი უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. "ამერიკის ეკონომიკის აღდგენა გაცილებით სწრაფი ტემპებით ხდება, ვიდრე რუსეთის. ვაქცინაცია იქ უფრო სწრაფად და ეფექტურად ჩატარდა. ამერიკას ეკონომიკის სამპროცენტიანი ზრდა აქვს. აშშ-ის ეკონომიკის 3-პროცენტიანი ზრდა, რუსეთის მთელი ეკონომიკის 25-პროცენტიანი ზრდის ტოლფასია. ამერიკის და რუსეთის ეკონომიკები თანაზომადი არ არის. პლუს ამას, ამერიკას თავისი პარტნიორები ჰყავს, ევროატლანტიკური სივრცე, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი. ამას დაამატეთ ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა, ამასთან, რა არის რუსეთის 1.5 ტრილიონი?! 45 ტრილიონიან ეკონომიკურ სივრცეს, როგორ უნდა დაუპირისპირდეს?!" - განუცხადა Europetime-ს ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა. ექსპერტი: აშშ-ს ახლი პოლიტიკის შედეგად რუსეთს რეალურად მოუწევს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, საკუთარ ქმედებებზე გიორგი ბადრიძე: რუსეთი ცდილობს, შექმნას ახალი სატრანსპორტო დერეფნები ისე, რომ საქართველოს იზოლაცია მოხდეს
სუს-ის ანგარიში: ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რუსული ოკუპაცია რჩება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს. როგორც სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი განაგრძობდა ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას და ხელს უწყობდა საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის გაუცხოებისკენ მიმართულ პროცესს. „მაღალი ინტენსივობით გრძელდებოდა საოკუპაციო ძალების სამხედრო წვრთნები. არსებული მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა 120-ზე მეტი სწავლება ჩაატარეს. ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალები და მძიმე სამხედრო ტექნიკა აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს, რაც რეგიონულ საფრთხესა და საერთაშორისო გამოწვევას წარმოადგენს“, – აღნიშნა ალექსი ბატიაშვილმა. ანგარიშის წარდგენისას სამსახურის უფროსის მოადგილემ 2020 წელს საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიმდინარე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციასა და სხვა უკანონო აქტიობებზე ისაუბრა. „ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების – 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 13 შემთხვევა იქნა დაფიქსირებული. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა საქართველოს ათეულობით მოქალაქე. რიგ შემთხვევებში, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ხანგრძლივი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას საკითხი. აღნიშნული პირების მიმართ საოკუპაციო რეჟიმმა გამოიყენა განსაკუთრებით უსამართლო და არაჰუმანური მიდგომა და მათ მრავალწლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა“, – განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.