ძებნის რეზულტატი:
თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ილჰამ ალიევმა ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. როგორც თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყნის ლიდერებმა ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე მოსაზრებები გაცვალეს და ამ მხრივ ის ნაბიჯები განიხილეს, რომელთა გადადგმაც ერთობლივად შეიძლება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტების საუბრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ქუვეითმა, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ინდოეთთან ფრენები შეაჩერა
ქუვეითმა, ნიუ დელიში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ინდოეთთან ფრენები შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, ქუვეითის მხრიდან ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა რაც ინდოეთში დაფიქსირდა ინფექციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. "ინდოეთის რესპუბლიკიდან ჩამოსულ მგზავრებს არ აქვთ ქვეყანაში შესვლის უფლება, არც პირდაპირი რეისით და არც სხვა ქვეყნის გავლით, თუ ქუვეითში ჩასვლამდე, სულ მცირე 14 დღე მაინც არ ცხოვრობენ ინდოეთის რესპუბლიკის გარეთ", - ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა დირექციამ Twitter- ზე განაცხადა.
სერბეთის სახელით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
სერბეთის სახელით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონია. დათუნაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი უკვე მესამედ მოიპოვა, თუმცა 2016 და 2017 წლებში მოჭიდავე საქართველოს სახელით ასპარეზობდა. ვარშავაში მიმდინარე ევროპირველობის ფინალში დათუნაშვილმა ბელარუსი კირილ მასკევიჩი დაამარცხა. ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის ნაკრებში 2020 წლის დასაწყისში გადავიდა, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ გეგეშიძესთან დაპირისპირების გამო.
"ლოკდაუნი კლავს" - ბრიტანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს
მასობრივი შეკრების აკრძალვის მიუხედავად, ბრიტანეთში ათასობით დემონსტრანტი ლონდონის ცენტრში შეიკრიბნენ და კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. ამის შესახებ ინფორმაციას Usnews ავრცელებს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ COVID-19-ის გამო შეზღუდვები არ არის საჭირო და ადამიანის უფლებებს არღვევს. ისინი ეწინააღმდეგებიან ვაქცინაციას, პირბადის ტარებას და ე.წ. ჯანმრთელობის პასპორტების შემოღებას. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ბანერები წარწერით: "არა ვაქცინის პასპორტებს" და "ლოკდაუნი კლავს".
აშშ-ის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
Anadoly Agency-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს. როგორც გამოცემა წერს, ელჩი დევიდ სატერფილდი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სედათ ონალმა მიიღო, რომელმაც ამერიკელ დიპლომატს განუცხადა, რომ თურქეთი მიუღებლად მიიჩნევს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, სრულად უარყოფს და გმობს მას. სააგენტოს ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ბაიდენის განცხადებას საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ძალა არ გააჩნია, ძლიერ ტკივილს აყენებს თურქ ხალხს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს აშშ-თურქეთის ურთიერთობებს. ცნობისთვის, ჯო ბაიდენი გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, ვინც სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას მიესალმება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის განცხადებით, ბაიდენი მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი მასობრივი სისასტიკეები გენოციდია.
არმენ სარქისიანი: სომეხთა გენოციდის აღიარება ხსნის ახალ პერსპექტივებს აშშ-სა და სომხეთის ურთიერთობებისთვის
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქსიანი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის მადლობას უხდის და აღნიშნულ გადაწყვეტილებას შთამაგონებელს უწოდებს. „მადლობა, ბატონო პრეზიდენტო. სომეხთა გენოციდის აღიარება გაბედული და შთამაგონებელი ქმედებაა. ის მნიშვნელოვანია სომეხი ერისთვის და ყველასთვის, ვინც მსოფლიოში სამართლიანობისკენ ისწრაფის. ის ხსნის ახალ პერსპექტივებს აშშ-ისა და სომხეთის ურთიერთობებისთვის. ის ასევე მსოფლიოს უკეთეს ადგილად აქცევს!“ – წერს სომხეთის პრეზიდენტი Tweeter-ზე. ცნობისთვის, ჯო ბაიდენი გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, ვინც სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება
სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი გუმათში რჩებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ, მათ მიერ დაყენებული მოთხოვნები დააკმაყოფილოს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ახლა ისინი 23 მაისს თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. სოფელ გუმათში კვლავ მობილიზებულია პოლიცია. მათ გზა ამ დრომდე რკინის კონსტრუქციის ნაწილით და ჯებირებით აქვთ გადაკეტილი. სოფელ ნამახვანისკენ გადაადგილება კვლავ აკრძალულია.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 966 ადამიანს დაუდასტურდა, 1 222 გამოჯანმრთელდა, 18 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 888 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 974 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 914 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 966 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 303 751-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.96%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.57%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 222 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 285 971-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 025 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 966 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 567 შემთხვევა, აჭარა - 117, იმერეთი - 77, ქვემო ქართლი - 30, შიდა ქართლი - 21, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 729, საიდანაც: 3 582 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 970, აჭარაში - 422, იმერეთში - 397. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 611 პირი, მათ შორის, თბილისში - 295, აჭარაში - 66, იმერეთში -86. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 121 პირი, მათგან თბილისში - 85, აჭარაში - 10, იმერეთში - 7. 717 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 407 - თბილისში, 287 - აჭარაში. 9 430 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 222 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, ხოლო აჭარაში - 2. სულ 6 ოქტომბრიდან - 24 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 518 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 396 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14 823 პირი, აჭარაში - 2 484, იმერეთში - 1 196.
სოფელ ზოვრეთში მაშველებმა მოზარდი გადაარჩინეს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში მაშველებმა მოზარდი გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მარეთვის სააგენტო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში, სამწვერას ჩანჩქერზე წყალში იმყოფებოდა არასრულწლოვანი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. მოზარდი ჩანჩერიდან გადახტა და დამრეცი ნაპირის გამო, უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა დამოუკიდებლად ვეღარ მოახერხა. ადგილზე დასახმარებლად უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი წყლიდან თოკების საშუალებით ნაპირზე უვნებლად ამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ზესტაფონის სამმართველოს სამაშველო ჯგუფი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სირიის სანაპიროსთან ირანულ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა
France 24-ის ინფორმაციით, სირიის სანაპიროსთან ირანულ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა. როგორც ცნობილია, ტანკერზე თავდასხმა ბანიას პორტის მახლობლად განხორციელდა. ჯერ გაურკვეველი, თავდასხმა განხორციელდა დრონით, თუ სარაკეტო დარტყმით.
სომხური მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი გადადგა
News.Am-ის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა. როგორც სომხური მედია წერს, ფაშინიანი მიზეზად 20 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ასახელებს. „ამ დროის განმავლობაში, მე გავაგრძელებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ფუნქციების შესრულებას კანონმდებლობითა და კონსტიტუციით გათვალისწინებული სრული დატვირთვით”, - აცხადებს ფაშინიანი.
ნიკა მელია: ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელია განაცხადა, რომ მისთვის მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობის საკითხი. „ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობა და კომიკურია, როცა ვისმენ „ქართული ოცნების“ კომენტარებს, რომ ეს შეთანხმებაში არ არის გათვალისწინებული. მაპატიეთ და, შეთანხმებაში ის არის გათვალისწინებული, რომ გამოსასყიდი უნდა ჩამრიცხვოდა? აბა, წაიკითხონ კარგად, შეთანხმებაში ეს არ წერია. ერთი სიტყვით, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ახლა, ნაცვლად იმისა, რომ კრიზისი დაიძლიოს, კრიზისი არ გავაღრმავოთ და მერწმუნეთ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისი მნიშვნელოვნად გაღრმავდება ქვეყანაში, თუკი ამნისტიის კანონი თუნდაც ერთ მოძალადე პოლიციელზე გავრცელდება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მათთვის, ვინც ჩემთან მიმართებაში დარდობს და ამბობს, რომ ეს რაიმე სახით დამაკნინებს, მე ეს ვერანაირად ვერ დამაკნინებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარი არხისთვის“ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში.
სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სსსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის, ნიკოლოზ დიასამიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკითხვაზე ორი პირი იმყოფება. მისი თქმით, მოხდება ინციდენტში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება. სალხინოს მამათა მონასტრის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები რჩებიან. სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში დღეს ხმაური იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეკლესიის ეზოში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. ბიზნესმენის გამოჩენას გაღიზიანება მოჰყვა სასულიერო პირების მხრიდან, რომლებსაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ტაძრის ეზოში იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება.
ილია მეორე: ყოველი დღე გვაახლოვებს მეორედ მოსვლას
საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ ბზობის დღესასწაულზე, ქადაგებისას განაცხადა, რომ ყოველი დღე ადამიანებს მეორედ მოსვლასთან აახლოვებს. მისი თქმით, ადამიანებმა უნდა იფიქრონ, თუ როგორ შეხვდებიან მეორედ მოსვლას. "ბზობა ეს არის დიდი ზეიმი, სიხარული, სიყვარულის ზეიმი, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს. სიხარული და სიყვარული და მწუხარება ცვალებადია. ყოველი დღე გვაახლოვებს ჩვენ მეორედ მოსვლას, ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გველოდება ჩვენ წინ. დღეს არის დღესასწაული ქართული ენის, გილოცავთ, ამ დღესასწაულებს. ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ღმერთმა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, როგორ შეხვდებით მეორედ მოსვლის დღესასწაულს. ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა გამონახოს გზა, რომელიც მიდის სასუფეველში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს. ძალიან ხშირად ისმის წუხილის სიტყვები, ნუ შეგეშინდებათ, მაცხოვრის, ღვთის სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას, მაგრამ საჭიროა სინანული", - აღნიშნა პატრიარქმა.
ბილ გეიტსი: COVID19-ის პანდემიისგან მსოფლიომ გაკვეთილი ვერ ისწავლა, რათა მომდევნო პანდემიას გაუმკლავდნენ
ბიზნესმენი და Microsoft Windows-ის შემქმნელი ბილ გეიტსი იმედოვნებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ქვეყნებს შორის გაზიარება გაიზრდება და 2022 წლის ბოლოს, მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება. Sky News-ის ინფორმაციით, გეიტსი ამბობს, რომ აშშ-ს მალე უნდა ჰქონდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ის რაოდენობა, რათა სხვა ქვეყნებისთვის გაზიარება შეძლოს. Microsoft Windows-ის შემქმნელი წუხს, რომ COVID19-ის პანდემიისგან მსოფლიომ გაკვეთილი ვერ ისწავლა, რათა მომდევნო გლობალურ პანდემიას გაუმკლავდნენ. მისი თქმით, მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესი არათანაბრად მიმდინარეობს. ”ის ფაქტი, რომ ახლა 30 წლის პირებს უკეთდებათ ვაქცინაცია ბრიტანეთსა და აშშ-ში და ამ დროს, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში 60 წლის ადამიანები ვაქცინირებულები არ არის, ეს არ არის სამართლიანი", - ამბობ გეიტსი. მილიარდერმა გეითსმა, რომელიც Microsoft Corp– ის თავმჯდომარის თანამდებობიდან 2014 წელს გადადგა, თავისი ფონდის მეშვეობით მინიმუმ 1,75 მილიარდი დოლარი გამოყო Covid-19 პანდემიის გლობალური რეაგირებისთვის.
სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომის განცხადება დააკმაყოფილა
სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომის განცხადება დააკმაყოფილა. როგორც სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, არმენ სარქისიანმა შესაბამის განცხადებას ხელი მოაწერა სომხეთის კონსტიტუციის 130-ე მუხლის შესაბამისად. დღეს ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობისადმი მიმართვისას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ის პოსტს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში ტოვებს. ნიკოლ ფაშინიანი არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 20 ივნისს არის დაგეგმილი.
პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურები 27 აპრილს დაიწყება
პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან და საპარლამენტო პოსტებზე არჩილ თალაკვაძისა და კახა კუჭავას როტაციასთან დაკავშირებული პროცედურები 27 აპრილიდან დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარე, გადადგომის თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთების მომენტიდან, გადამდგარად ითვლება. მის მოვალეობას ახლა პირველი ვიცე-სპიკერი ასრულებს. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის წესი ასეთია: 1. პარლამენტი პირველსავე სესიაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს. 2. პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს. 3. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით. კანდიდატთა დასახელების შემდეგ, პლენარული სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისაგან ითხოვს თანხმობას, კენჭი იყარონ აღნიშნულ თანამდებობაზე. 4. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა ნებისმიერ დროს, მათ შორის, ყოველი კენჭისყრის წინ. 5. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისათვის ეძლევა 20 წუთი და შესაბამისი დრო, რათა უპასუხოს დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც იწყება კამათი, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით. 6. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 7. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას 1 ან 2 კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება ელექტრონული სისტემით ერთდროულად (პირველად დასახელებულ კანდიდატს ხმა მიეცემა „მომხრე“ ღილაკით, მეორედ დასახელებულს – „წინააღმდეგი“ ღილაკით), ხოლო თუ 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება ბიულეტენებით. 8. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. 9. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. 10. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს. 11. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა.
ბაღდადის კოვიდკლინიკაში ხანძარს 82 ადამიანი ემსხვერპლა
The Associated Press-ის ინფორმაციით, ბაღდადის კოვიდკლინიკაში გაჩენილ ხანძარს 82 ადამიანი ემსხვერპლა. გამოცემა ინფორმაციას ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულია 110 ადამიანი. გარდაცვლილთა შორის რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი სულ მცირე 28 კოვიდინფიცირებულია, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ერაყის დედაქალაქში მდებარე საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხანძარი ჟანგბადის ავზის აფეთქების შედეგად გაჩნდა. ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე საათში ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰოსპიტალის დირექტორი, ასევე ბაღდადის ჯანდაცვის დეპარტამენტის იმ რაიონის ხელმძღვანელი გაათავისუფლა თანამდებობიდან, სადაც კლინიკა მდებარეობდა.
ამირან გამყრელიძე: ალბათობა იმისა, რომ COVID19-ის სხვა შტამებიც გაჩნდეს და შემოვიდეს ქვეყანაში, დიდია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ გარდა ბრიტანული შტამისა, რომელიც ახლა ცირკულირებს ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა, სხვა შტამებიც გამოჩნდეს. "ალბათობა იმის, რომ სხვა შტამებიც გაჩნდეს და შემოვიდეს ქვეყანაში, დიდია. ინდოეთში ხომ ხედავთ, რაც ხდება, ძალიან სწრაფი გავრცელებაა. ამიტომ, ვცდილობთ, რომ ამ შტამის ქვეყანა შემოსვლა გადავადდეს და პრევენცია გაკეთდეს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა, ივნისში შედგეს
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა შესაძლოა ივნისში გაიმართოს. როგორც უშაკოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მრავალ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მისივე თქმით, ამერიკული მხარისგან არის ლიდერების შეხვედრის ჩატარების განზრახვის სიგნალები. თუმცა მისი თქმით, ორმხრივი სამიტის ჩატარება სამუშაო დონეზე ჯერ არ განიხილება. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მესამე ქვეყანაში ორმხრივ შეხვედრის გამართვის ინიციატივით 13 აპრილს ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას გამოვიდა.