ძებნის რეზულტატი:

ცნობილია, რა შეზღუდვები ამოქმედდება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით - სრულად

3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს; სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. რაც შეეხება მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი; გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე; უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები; როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა; ცნობისთვის, საქალაქთაშორისო მოძრაობა არ იზღუდება.

ზურაბ ბატიაშვილი: გენოციდის აღიარებაზე თურქეთი შეეცდება ისეთი პოზიცია დაიკავოს, მისი ეკონომიკა მეტად არ დაზიანდეს

რონდელის ფონდის ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების ფაქტს აფასებს და აღნიშნავს, რომ თუ თურქეთი აშშ-ს მწვავე რეაგირებით უპასუხებს, მისი დასავლეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდება, რაც თურქეთის ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. -რა საპასუხო რეაქცია შეიძლება ჰქონდეს თურქეთს, აშშ-ს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე? რატომ წამოწია სწორედ ახლა ბაიდენმა ეს თემა, მით უფრო მაშინ, როცა სომხეთში ვადამდელი არჩევნებია დანიშნული. რა იქნება თურქეთის საპასუხო რეაქცია და როგორ აისახება შავი ზღვის აუზის ქვეყნებზე ეს კრიზისი? - ამ საკითხებზე უფრო ვრცლად, ანალიტიკოსი,რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი Europetime- თან ინტერვიუში საუბრობს. - ბაიდენის ამ გადაწყვეტილების გამო, თუ აშშ თურქეთის ურთიერთობა მეტად დაიძაბა, რა შეიძლება იყოს ერდოღანის საპასუხო ნაბიჯი? ვიცით,რომ თურქეთმა მონტროს კონვენციას გადახედა და საუბარი იყო აშშ-ს და NATO-ს სამხედრო გემებისთვის შავი ზღვის აუზის ქვეყნების გახსნაზე. მაინც და მაინც ახლა რატომ წამოწია ბაიდენმა ეს თემა, როცა უკრაინის კრიზისის ფონზე ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-სთვის? - პირველ რიგში იმიტომ, რომ სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით ბაიდენს წინა საარჩევნო დაპირება ჰქონდა მიცემული, ამერიკის სომხური დიასპორისთვის. 24 აპრილი არის დღე, როდესაც სომხები მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ თურქეთში მომხდარი სომეხთა გენოციდის დღეს. 24 აპრილს, ამერიკის წინა პრეზიდენტები ერს მიმართავდნენ და ამ დღეს, როგორც დიდ ტრაგედიად ისე მოიხსენიებდნენ. ახლა ტრადიციული მიმართვის დროს, ბაიდენმა ახსენა არა მხოლოდ დიდი ტრაგედია, არამედ როგორც გენოციდი. რაც შეეხება თურქეთის პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში, არ მგონია პოზიცია შეიცვალოს. თურქეთი თავის ბუნებიდან გამომდინარე, ბოლომდე ვერც დასავლეთს უახლოვდება და ვერც რუსეთს. თავისი უნიკალური იდენტობა გააჩნია, მათ შორის ისტორიული წარსული, რაც მას რუსეთთან დაახლოების საშუალებას არ აძლევს. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია რომ ერდოღანმა უკრაინის მიმართულებით რამე შეცვალოს. უკრაინა ცალკე დამოუკიდებელი პრობლემაა. იქ ყირიმის თემაა, ყირიმელი თათრების საკითხი, რომლებთანაც თურქეთს ახლო ურთიერთობა გააჩნია. ბევრი ფაქტორია. მათ შორის რუსეთის გაძლიერება შავ ზღვაზე, რაც თურქეთს არ აწყობს. -შესაძლოა, თუ არა რომ ბაიდენის ეს გადაწყვეტილება თურქეთის კონკრეტულ ქმედებებზე საპასუხო დარტყმა იყოს ამერიკისგან? სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხის წამოწევა, აშშ-ს პასუხი და ერთგვარი სიგნალი ხომ არ იყო თურქეთისთვის? -ამას აქვს ორი განზომილება, ერთი თურქეთთან ურთიერთობის და მეორე სომხეთთან ურთიერთობის. აქამდე შეერთებული შტატები უფრთხილდებოდა თურქეთთან ურთიერთობას. ამერიკის ყველ პრეზიდენტი თავს იკავებდა გენოციდი ეწოდებინა ამ მოვლენისთვის. ბაიდენი კი, უკვე ღიად აღიარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთთან აშშ უფრო მყარად გრძობს თავს და შეუძლია უფრო შორს წავიდეს, რაც სხვადახვა ფაქტორიდან არის განპირობებული. ერთ-ერთია რუსული S400-ების შეძენა, რომელიც ამერიკულ მხარეს ძალიან აღიზიანებს და ერთგვარი პასუხიც არის ამაზე. - ახლა როცა პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა და სომხეთი ახალი არჩევნებისთვის ემზადება, შესაძლოა რომ ბაიდენის ეს გადაწყვეტილება განპირობებული ყოფილიყო სომხეთში პროდასავლური განწყობების გასაძლიერებლად? ამ არჩევნებში, პროდასავლური ძალის გამარჯვების ხელშეწყობის მიზნით? თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ყარაბაღის ბოლო ომის დროს, რუსეთმა სომხეთის ინტერესები არ დაიცვა. შესაძლოა, სწორედ თურქეთთან გარიგების გამოც... -რა თქმა უნდა, ბაიდენის ამ გადაწყვეტილების მეორე განზომილებაა სომხეთი, სომხეთში პრორუსული ძალების შეკავების მიზანი, მოახლოებული არჩევნების დროს, როდესაც სომხეთმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვის ანდობს საკუთარი ქვეყნის ბედს. ეს, ფაშინიანის მიმართ, ერთგვარი მხარდაჭერაც არის, რადგან ფაშინიანის პრემიერობის დროს მოხდა გენოციდის აღიარება. სომხეთში სხვა პროდასავლური ოპოზციური ძალებიც არიან თუმცა -შედარებით სუსტები, მეორე მხარეს კი ღიად პრორუსული ძალები დგანან. - ამერიკასთან და ზოგადად დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობები, რამდენად და როგორ აისახება თურქეთის ეკონომიკაზე? -რა თქმა უნდა ამერიკის ამ გადაწყვეტილებას ორმხრივი ურთიერთობების გართულება მოჰყვება. მაგრამ აქ მთავარი არის განზომილებები. არსებობს პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური განზომილება. თურქეთი ახლა ყველანაირად შეეცდება ისეთი პოზიცია დაიკავოს, რომ პირველ რიგში თავისი ეკონომიკა არ დააზიანოს, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია, ორი მიზეზით. ერთი არის კორნავირუსი და მისგან გამოწვეული სირთულეები. მეორე მიზეზია დასავლეთთან ხანგრძლივი დაპისპირების შედეგად, თურქული ეკონომიკიდან დასავლური ინვესტიციების გასვლის საკითხი, რაც უარყოფითად აისახება იგივე თურქული ლირის კურსზე. ახლა დასავლეთთან ურთიერთობის ნებისმიერი სერიოზული გართულება, ისევ ლირას და თურქულ ეკონომიკას დაარტყამს. ამიტომ, მხოლოდ თურქეთის განცხადებებს ვხედავთ, მაგრამ ქმედებები არ არის. მათთვის დგას მთავარი საკითხი, ეკონომიკა უნდა გადაარჩინონ. თურქულ ლირის კურსზე მიბმულია ქართული ლარი, რადგან ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ეს ქვეყანაა. ამასთან თურქეთში ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს, რომლებიც თურქულ ლირაში იღებენ ხელფასს და საქართველოში გზავნიან. - მსოფლიოს წამყავნი სახელმწიფოს მხრიდან, სომეხთა გენოციდის აღიარებამ, სომხეთ-თურქეთის გართულებულ ურთიერთობებში რა ცვლილებები შეიძლება შეიტანოს? -ჯერ-ჯერობით მათ ისევ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა. არც უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ახლო პერსპექტივაში განსაკუთრებული არაფერი მოხდება. როდესაც ურთიერთობები არ გაქვს, ვერც გააფუჭებ. სატრანსპორტო დერეფნის თემას მე პირადად, ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი. ერთია განცხადებები, რომ დერეფანი გაკეთდება სომხეთის გავლით თურქეთთან, მეორე არის ასეთი რეალობები, რომელიც ახლა წყდება. ეს იქნება გენოციდის აღიარება ან სხვა საკითხები, რაც რეალურად შეუძლებელს ხდის ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობას, დერეფანი იქნება ეს თუ სხვა საკითხები.

საქართველოში კოვიდვაქცინის ორივე დოზით 2 887 ადამიანია აცრილი

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით 2 887 ადამიანია აცრილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, კოვიდპასპორტების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი განცხადებით, კოვიდპასპორტების დასანერგად, NCDC-ში აქტიური მუშაობა მიმდინარეობას და, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევრიდან, აცრილ ადამიანებს მათი მიღება შეეძლებათ. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, კოვიდპასპორტების გაცემამდე, ტექნიკური სამუშაოსა და იურიდიული საკითხების დასრულებაა საჭირო.

ნიკა მელია: გაითხოვეთ ამნისტია და ვიღებ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის გირაოს

"გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე", - ამის შესახებ "ერთიანი ნაცოინალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. "მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს ოპოზიციიდან, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს. რუსთავის ციხის 224-ე საკნიდან, მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ქვია. არც მე და არც არავინ არ ღირს იმად, რომ ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას. სრულიად ცხადია, რომ ქართული ოცნება ამ ამნისტიას გაავრცელებს ყველაზე და ყველაფერზე, და თქვენ რომც არ მისცეთ მას ხმა (რაშიც ეჭვი არ მეპარება), მაინც დისკრედიტებული გამოხვალთ ამ პროცესიდან. დაგაზიანებენ თქვენ, დააზიანებენ ოპოზიციურ ერთობას და დააზიანებენ ქვეყანას. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის თვალში, მნიშვნელოვნად დააზიანებენ მედიატორების და მათ უკან მდგომი ჩვენი მთავარი მეგობრების რეპუტაციას. კვლავ გავიმეორებ, ახლა თუ რამეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეს ოპოზიციური ერთობაა. არც ერთ ვითარებაში არ უნდა დავუშვათ მისი რღვევა. არ უნდა დავუშვათ ყველა მხარემ. ამიტომაც, ყველას მინდა ვთხოვო, თავი შევიკავოთ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც ამ ერთობას შეუქცევად დაზიანებას მიაყენებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთობა არის ჩვენი ერთადერთი უპირატესობა ქართული ოცნების წინააღმდეგ. ამიტომაც, გთხოვთ თქვენ და მივმართავ დოკუმენტზე ხელმომწერ ქართულ ოცნებას: გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე", - წერს ნიკა მელია.

რუსეთმა უკრაინის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

რუსეთმა მოსკოვში უკრაინის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მან 30 აპრილს, დღის ბოლომდე უნდა დატოვოს ქვეყანა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უკვე შეატყობინა. როგორც ცნობილია, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინელი დიპლომატის გაძევება "უკრაინული მხარის არამეგობრული ქმედებით" ახსნა, უფრო კონკრეტულად კი - 19 აპრილს რუსი დიპლომატის უკრაინიდან გაძევებით. "უკრაინის არაკეთილსინდისიერი ქმედებების შემდეგ, როდესაც კიევში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი 19 აპრილს პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, და დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი მოქმედებების საპასუხო პრინციპის საფუძველზე, რუსეთში უკრაინის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ -გრატად გამოცხადდა. მან რუსეთი 30 აპრილს დღის ბოლომდე უნდა დატოვოს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული მხარე გააფრთხილეს, რომ უკრაინაში რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო მისიების თანამშრომლების მიმართ მტრული მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, ორმხრივობის საფუძველზე, რუსეთში დამატებითი ზომები მიიღება უკრაინის საელჩოების, გენერალური საკონსულოებისა და საკონსულოების პერსონალის წინააღმდეგ.

ბადრი ჯაფარიძე: ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს შარლ მიშელის დოკუმენტია

"ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი", - ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუ ამნისტიას გაითხოვენ, მზად არის ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს დათანხმდეს. მისი თქმით, თუ მედიატორი ნიკა მელიას წინადადებას დათანხმება, მზად არიან მას მხარი დაუჭირონ. "ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი. ჩვენ არ შეგვიძლია შარლ მიშელის დოკუმენტის გათხოვა, ეს არის ბატონი მელიას პოზიცია რომელიც მედიატორმა უნდა განიხილოს. ჩვენ მხარს დავუჭერთ ნიკა მელიას ამ წინადადებას, ჩვენი ამოცანაა საბოლოო ჯამში, ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ერთი უნდა გათავისუფლდეს ხვალ როდესაც შევალთ პარლამენტში და მეორე პოლიტპატიმრის ნება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ის ამბობს, რომ მზად არის ევროკავშირის გირავნობას დაეთანხმოს, ოღონდ მოითხოვს ამნისტიის შესახებ კანონის ამოღებას და ამას გაიზიარებს მედიატორი, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ”, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში კორონავირუსის ინდური შტამი არ დაფიქსირდეს

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში კორონავირუსის ინდური შტამი არ დაფიქსირდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა "ქრონიკას" ეთერში განაცხადა.. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ შტამს ახასიათებს განსაკუთრებით სწრაფი გავრცელება და ასევე მძიმე გამოსავლები. "ამ მიმართულებით გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როდესაც 2 კვირის წინ დავიწყეთ ინდოეთიდან შემოსული მოქალაქეების მკაცრი კონტროლი. მათ მიმართ, ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში, განსაკუთრებული შეზღუდვები და მაქსიმალური კონტროლი არის დაწესებული. ეს არის ჩვენი ამოცანა - მაქსიმალურად მოვახერხოთ, რომ ეს შტამი საქართველოში არ დაფიქსირდეს, ვინაიდან, გიდასტურებთ, ამ შტამს ახასიათებს განსაკუთრებით სწრაფი გავრცელება და ასევე მძიმე გამოსავლები", - განაცხადა ტიკარაძემ.

ევროკავშირი, ვაქცინის მიწოდებაში წარმოქმნილი შეფერხების გამო, AstraZeneca-ს უჩივის

ევროკომისიამ განაცხადა, რომ ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. "კომისიამ AstraZeneca- ს წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედება გასულ პარასკევს დაიწყო", - განაცხადა ევროკომიის სპიკერმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირა. "კონტრაქტის ზოგიერთი პირობა არ არის დაცული და კომპანია არ არის მზად, რომ შეიმუშაოს საიმედო სტრატეგია დოზების დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა სპიკერმა. ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიამ AstraZeneca-მ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ სარჩელს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. "AstraZeneca-მ სრულად შეასრულა ევროკომისიასთან დადებული წინასწარი შესყიდვის შეთანხმება და მკაცრად დაიცავს თავს სასამართლოში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დავა არ არის დამსახურება და ჩვენ მივესალმებით ამ შესაძლებლობას, რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ ეს დავა", - განაცხადა ომპანიამ. მათი განმარტებით, აპრილის ბოლომდე კომპანია ევროპის ქვეყნებს ვაქცინის 50 მილიონ დოზას მიაწვდის.

შარლ მიშელის დოკუმენტს კიდევ სამმა დეპუტატმა მოაწერა ხელი

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტზე კიდევ სამმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაცის ევროკავშრის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა, მიხეილ დაუშვილმა და ალექსანდრე მოწერელიამ. ასევე, პარტიის სახელით, დოკუმენტს ხელი მოაწერა „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ.

IRI-ის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში "ქართული ოცნების" წევრებისა და შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, შეხვედრის ძირითად განსახილველ თემას ამნისტიის შესახებ კანონპროექტი წარმოადგენს. "ქართული ოცნების" მხრიდან შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი. ოპოზიციდან კი "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე, პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი და "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

ერდოღანმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ ბაიდენის განცხადებას დესტრუქციული უწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება დაგმო და გადაწყვეტილებას „უსაფუძვლო" და ორმხრივი ურთიერთობებისათვის საზიანო უწოდა. ამის შესახებ France24 წერს. ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვის დროს აღშფოთება ვერ დამალა და აღნიშნა, რომ ეს არის დესტრუქციული ქმედება. „აშშ თავისი ისტორიის შესახებ დოკუმენტებს ხელმისაწვდომს გახდის?!“, - დაამატა თურქეთის პრეზიდენტმა. „ბაიდენის 24 განცხადებამ ჩვენს ურთიერთობებს ზიანი მიაყენა. იმედი მაქვს, რომ პირისპირ შეხვედრისას ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებას შევძლებთ“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მკვლელობა გენოციდან 24 აპრილს აღიარა.

წვრილმან ხულიგნობაზე, სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციები მკაცრდება

იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლითაც წვრილმან ხულიგნობაზე, სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციები მკაცრდება და ჯარიმების რაოდენობა იზრდება. კომიტეტმა საკითხი დღეს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილა. ცვლილებები შედის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებში. 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას ეხება და მოქმედი კანონმდებლობით ითვალისწინებს 500 ლარით ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას. ცვლილებების თანახმად კი, თუ პირი განმეორებით ჩაიდენს წვრილმან ხულიგნობას, ის უკვე 1 500-დან 2 000 ლარამდე დაჯარიმდება. რაც შეეხება 173-ე მუხლს, დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე. ცვლილებების მიხედვით - ჯარიმა პირველი სამართალდარღვევის შემთხვევაში განისაზღვრება 2 000-დან 3 000 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში კი, პირი დაჯარიმდება 3 500-დან 4 500 ლარამდე. ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით განისაზღვრება. კანონპროექტის ინიციატორები არიან ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, გურამ მაჭარაშვილი და კახა კახიშვილი.

თურქეთში 29 აპრილიდან სრული ლოკდაუნი გამოცხადდება

თურქეთში 29 აპრილიდან სრული ლოკდაუნი გამოცხადდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ლოკდაუნი 17 მაისამდე გაგრძელდება.

ამირან გამყრელიძე: კლასტერული გავრცელებიდან საყოველთაოში გადავედით და თანდათან პიკში შევდივართ

"ჩვენ ახლა კლასტერული გავრცელებიდან საყოველთაო გავრცელებაში გადავედით და თანდათან პიკში შევდივართ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გადაცემაში "კომენტარი" განაცხადა. "ჩვენ ახლა კლასტერული გავრცელებიდან საყოველთაო გავრცელებაში გადავედით და თანდათან პიკში შევდივართ. როგორც მოგახსენეთ, ყველანაირი პროგნოზირებით, ჩვენთვის პიკური პერიოდი უნდა იყოს სადღაც აპრილის ბოლოდან პირველი ორი კვირა მაისის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დავიცავთ რეკომენდაციებსა და რეგულაციებს. მოგეხსენებათ, არის გარკვეული ნიშნები, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში გაიზარდა, ასევე, ოდნავ შემცირებულია მობილობა. თუ ჩვენ პირბადის ტარების ამ მაჩვენებელს, დაახლოებით 70-დან 80%-მდე შევინარჩუნებთ და კიდევ უკეთესია ავიდეთ 95%-ზე, რა თქმა უნდა, დაცვის მექანიზმი მეტი იქნება", - განაცხადა გამყრელიძემ.

სალომე სამადაშვილი: ოპოზიცია ხვალ დარეგისტრირდება პარლამენტში, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე კონსულტაციები გაგრძელდება

"ოპოზიცია ხვალ დარეგისტრირდება პარლამენტში, შედეგად, გადაიდგმება ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალების სახით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე კონსულტაციები გაგრძელდება", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის საკითხები, რომლებზეც დავაახლოვეთ პოზიციები და ვფიქრობ, რომ სრული კონსენსუსია იმ საკითხზე, რომ ეს ამნისტია ვერანაირად ვერ დაიცავს მათ, ვინც არის პასუხისმგებელი ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე და, შესაბამისად, ვერ დაიცავს ვერც იმ ადამიანებს, ვინც გასცეს ბრძანება, რომლის შედეგადაც მიიღეს მსგავსი დაზიანება. ამიტომ, მინდა გასაგებად ვთქვა, რომ ამ ამნისტიის შედეგად ადამიანების დასახიჩრებაზე პასუხისმგებელი პირები არ იქნებიან დაცული. ეს არის „ქართული ოცნების“ პოზიციაც. რაც შეეხება იურიდიულ ტექნიკას, როგორ გაიწერება საბოლოოდ ამნისტიის კანონპროექტი, ამაზე ხვალ გავაგრძელებთ საუბარს და კონსულტაციებს. ხვალ იწყება შეთანხმების შესრულება, ოპოზიცია დარეგისტრირდება პარლამენტში და ამის შედეგად გადაიდგმება პირველი ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალების სახით. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ამაზე გაგრძელდება ხვალ კონსულტაციები. ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ ნიკას აზრს. გვექნება მსჯელობა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", – განაცხადა სამადაშვილმა.

ხათუნა სამნიძე: ამნისტია არ შეეხება მაკო გომურის საქმეს, ორივე მხარე შევთანხმდით

"ამნისტია არ შეეხება მაკო გომურის საქმეს, ორივე მხარე შევთანხმდით", - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ ხელისუფლების წარომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. "ამ ნაწილში ჩვენ შევთანხმდით ორივე მხარე. ამიტომ ვამბობ, რომ ამნისტია არ შეეხება მაკო გომურის საქმეს და ყველა იმ საქმეს, სადაც გვაქვს განზრახ სხეულის მძიმე დაზიანება. ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა. რაც შეეხება შეთანხმებას, ხვალ ჩვენ ვასრულებთ ჩვენ ვალდებულებას. ვრეგისტრირდებით სესიაზე, რის შემდეგაც ვიხილავთ პირველ ნაბიჯს შესრულებულს და ქალბატონი პრეზიდენტი შეიწყალებს გიორგი რურუას და ამის შემდგ იქნება სამუშაო შეხვედრები. დღის ბოლოს გახდება ცნობილი, რეგისტრირდება ერთი კანონი, ორი კანონპროექტი, თუ სად ვართ",- განაცხადა სამნიძემ.

ამირან გამყრელიძე: ჩვენ მომხრე ვართ, ადამიანებს, ვისაც კოვიდპასპორტი ექნებათ, ჰქონდეთ შესაბამისი "პრივილეგია"

„გვაქვს რეკომენდაციები, რომ ადამიანებს ვინც უკვე აიცრნენ ერთჯერადად, ან ორჯერადად სხვადასხვა „პრივილეგია“, უპირატესობები ჰქონდეთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. "ჩვენ გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანებს, იგივე, ვინც არიან აცრილები ერთჯერადად, ან ორჯერადად, სხვადასხვა ინცენტივი საზოგადოებასა და ცხოვრებაში ჰქონდეთ. ამ ტიპის რამდენიმე ასეთი ინცენტივი წარდგენილია საკოორდინაციო საბჭოში და ეს იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ იმისა, რომ ამ ადამიანებს, ვისაც კოვიდპასპორტი ექნებათ, ჰქონდეთ შესაბამისი „პრივილეგია“, უპირატესობა. მოგეხსენებათ, ეს უკვე ბევრგან არის - ე.წ. კოვიდისგან თავისუფალი ან აცრილი რესტორნები, სასტუმროები. ეს სერიოზული პრივილეგიაა, ასე ვთქვათ, იმიტომ, რომ ადამიანი, როცა მიდის კლინიკაში და იცის, რომ იქ ყველა აცრილია, იქ ნაკლები რისკია შემდგომი დაინფიცირების, ან იგივე იქნება ეს რესტორანი თუ სხვა", - განაცხადა გამყრელიძემ.

ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმომწერების მონაწილეობით ხვალ პარლამენტში პირველი სხდომა ჩატარდება

ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმომწერების მონაწილეობით ხვალ პარლამენტში პირველი სხდომა ჩატარდება. ხვალ, 27 აპრილს, ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს, რასაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს. შეთანხმების ამ ნაწილის საფუძველზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხიდან უნდა გათავისუფლდეს. „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სთხოვა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს „შარლ მიშელის დოკუმენტს" და მიმართა „ქართულ ოცნებას", გაითხოვონ ამნისტიის საკითხი, თავად კი იღებს პასუხისმგებლობას, რომ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება და ამ პირობით დატოვებს ციხეს. პარტიის თავმჯდომარე კანონპროექტის საკითხზე ამბობს: 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ“. ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ თუ ერთ კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შედგა, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთზე მეტი კანონპროექტი წარადგინონ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ამნისტია იმ პირებსაც შეეხებათ, რომელთაც 20 ივნისის ღამეს ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რაც, მისი თქმით, მიუღებელია. ასევე აღნიშნა, რომ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთაც შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ახლა ამნისტიის კანონპროექტის მომზადება მოუწევთ ისე, რომ ის არ შეეხოს იმ პირებს, რომლებიც ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი. შეთანხმებას ხელი მოაწერეს (შეთანხმების ტექსტის თანახმად, მასზე ხელმოწერა პარლამენტში შესვლაზე თანხმობასაც ნიშნავს) პარტიებმა: „ქართული ოცნება“, „ლელო“ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩმი, „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ „მოქალაქეები“, „რესპუბლიკური პარტია“. ლელო 4 მანდატი აქვს მოპოვებული (მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი); „ძალა ერთობაშიას“ ბლოკში შემავალი „რესპულიკელებიდან“ პარლამენტის საქმიანობაში კი ხვალ, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია ჩაერთვებიან. შეთანხმებას ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა; ამავე პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც მედიასთან კომენტარს არ აკეთებს; „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, ამავე პარტიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ. დოკუმენტზე ხელმოწერა დააფიქსირეს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა და პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესულმა დეპუტატებმა, „ევროპელმა სოციალისტებმა“. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შემოთავეზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა „ლეიბორისტულმა“ პარტია, რომელსაც ერთი მანდატი (შალვა ნათელაშვილი) ეკუთვნის. დოკუმენტზე ხელმომწერები პარლამენტში 27 აპრილს საქმიანობას ამნისტიის საკითხით დაიწყებენ. მათ შორის არ იქნება თაკო ჩარკვიანი, რომელმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ ახლა, პარლამენტში შესვლის დრო არ არის, როცა „ოლიგარქიულ რეჟიმს თითქმის უკვე ათმობინებდნენ წართმეულ სახელმწიფოს“. „სტრატეგია აღმაშენებელმა“ არჩევნებზე სულ 4 მანდატი (გიორგი ვაშაძე; თამარ ჩარკვიანი; პაატა მანჯგალაძე; თეონა აქუბარდია) მოიპოვა. „ჩვენ შევდივართ პარლამენტში და ამაში განსაკუთრებული და უცნაური არაფერი არ არის, მთავარი საკითხი ახლა არის ამნისტიის კანონპროექტი, რადგან განსაცდელში ვერ მივატოვებთ იმ პოლიტიკურ დევნილებს, რომლის აღიარებაც მოხდა. ამნისტიის საკითხის შემდეგ, სხვა პუნქტებზე გადავალთ, რადგან კარს მოგვადგა უკვ არჩევნები და იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, აუცილებელია ყველა იმ ცვლილების მიღება, რომელსაც ითვალისწინებს ხელშეკრულება. რაც შეეხება ამნისტიის კანონს, ვცდილობთ, რომ დავაახლოვოთ პოზიციები, რადგან თავისი სულისკვეთებიდან გამომდინარე, შეთნხმება ითვალისწინებს კომპრომისებს და ამისთვის მაქსიმალურად მზად ვართ. კომპრომისი ვერ მოხდება მწამებლებთან და ჯალათებთან დაკავშირებით, კონვენციურ მუხლებთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, რომ ამნისტის მაღალი თანამდებობის პირებს შეეხოთ. ჩვენ გვინდა, რომ პრაქტიკა, რომ დაზარალებულის თანხმობით ხდებოდეს მხოლოდ ამნისტია, გვინდა იყოს გათვალისწინებული, ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებას მივაღწევთ ამასთან დაკავშირებით“, - განუცხადა Europetime-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ. კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც ბოიკოტს გამართლებულად ამ ეტაპზე უკვე აღარ მიიჩნევს, „ევროპული საქართველოს“ სიით გასული შალვა შავგულიძეა. შალვა შავგულიძე რომელმაც მანდატი „ევროპული საქართველოს“ სიით მოიპოვა, ხვალ პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვება. მისი შეფასებით, საქართველოს უცხოელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ პირობებზე უარის თქმა იქნებოდა გადამლაშება და ქვეყნის ინტერესების დაზიანება. შალვა შავგულიძემ Europetime-თან განაცხადა, რომ ადრე ბოიკოტს ემხრობოდა, რადგან დასავლეთის მკაფიო ყურადღება გვჭირდებოდა იმის გამო, თუ რაოდენ სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა არჩევნებზე. „შეთანხმება ორი პოლიტიკური პატიმრის, გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლების რეალურ მექანიზმებს ითვალისწინებს. დოკუმენტში არის ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზის პერსპექტივა, (გამართლებულად არ მიმაჩნია ის მექანიზმი, მაგრამ ამ თემის გახსნის მექანიზმი გამოჩნდა). ხელისუფლება პრაქტიკულად აღიარებს ხელმოწერით, რომ ეს ორი საქმე საზოგადოებაში პოლიტიკურად აღქმულია; რომ ვადამდე არჩევნებზე საუბარი შეიძლება იყოს გარკვეული დათქმებით, რომელიც ალბათ მუშაობის პროცესში დაიხვეწება; რომ აუცილებელია სასამართლო რეფორმა; საარჩევნო სისტემის და კანონმდებლობის რეფორმა - ამაზე უარის თქმით თუ ხელს ავუკრავდით დასავლეთს, რას გვეტყოდნენ - რომ მეტი არ შეგვიძლია, მხოლოდ ამ კომპრომისულ ვარიანტზე შევძელით პოზიციების მიახლოება და თუ ეს თქვენთვის მიუღებელია, მაშინ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და გავარკვიოთ ოპოზიციამ, ხელისუფლებამ, საზოგადოებამ, რაზე ვთანხმდებით. აღმოჩნდებოდა, რომ ამ მედიაციიდან გავიდოდა დასავლეთი და დავრჩებოდით პირისპირ ამ პრობლემებთნ, გამოდის, რომ უარს ვეუბნებოდით დასავლელ პარტნიორებს და საბოლოოდ, თუ ასეთ სვლას გავაგრძელებთ, მარტო დავრჩებით რუსეთის პირისპირ“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ. რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, შალვა შავგულიძის განცხადებით პოზიციების შეჯერება მიმდინარეობს. „ძალიან კარგი იქნება, თუ შევთანხმდებით, რომ შევძლებთ შეჯერებას ისეთ კანონპროექტზე, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის და ერთი კანონპროექტი შევა. თუ ხელისუფლება დაიჩემებს და შეეცდება, შეიტანოს ძალიან უსამართლო და გაუმართლებელი კანონპროექტი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ასეთ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, ალტერნატიული კანონპროექტი წარვადგინოთ და შემდეგ, პარლამენტის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა დადგეს, რას უჭერენ მხარს - უჭერენ მხარს 20 ივნისის აქციის უკანონო დაშლაში ჩართული მაღალი თანამდებობის პირების ამნისტიას თუ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს იმ პირთა მიმართ, რომელთა დევნაც სახელმწიფომ დაიწყო. ეს ასევე შეეხება რამდენიმე პოლიციელს, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მათ მიმართაც შეწყდება დევნა. ამაზე იყო ზუსტად შეთანხმება, რომ ეს გავრცელდეს არსებულ ბრალდებებზე“, - განუცხადა შალვა შავგულიძემ Europetime-ს. დღის ბოლოს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტი აუცილებლად მიიღებს. „აუცილებლად დაინიცირდება ამნისტიის კანონპროექტი, ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი. ამნისტიის კანონპროექტი იქცევა კანონად. არავის არაფერი არ გადაუფიქრებია. „ქართული ოცნება" შეასრულებს პირობას. აქ თუ იქნება რესურსი, რომ ოპოზიცია დაგვეთანხმოს სამართლიანი და რაციონალურ პროექტზე, ეს იქნება სამართლიანი და რაციონალური. თუ არ დაგვეთანხმებიან, ეს იქნება მათი არჩევანი. კანონპროექტი დაინიცირდება და მას მივიღებთ, შეთანხმებას შევასრულებთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) 19 აპრილს მოეწერა ხელი.

აშშ AstraZeneca-ს ვაქცინის 60 მილიონამდე დოზას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს

შეერთებული შტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის 60 მილიონამდე დოზას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას, TheGuardian-ი ავრცელებს. "ვაქცინების ძლიერი პორტფელის გათვალისწინებით, რომელიც აშშ-ს უკვე აქვს და იმის გათვალისწინებით, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება ნებადართული არ არის აშშ-ში, შესაბამისად, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ არ დაგვჭირდება მისი გამოყენება. ამიტომ აშშ ეძებს AstraZeneca-ს დოზების სხვა ქვეყნებთან გაზიარების გზებს", - განაცხადა თეთრი სახლის Covid-19 კოორდინატორმა ჯეფ ზიენტმა. ამავდროულად, თეთრი სახლის მრჩეველმა, ენდი სლავიტმა განაცხადა, რომ, როგორც კი ვაქცინები ხელმისაწვდომი გახდება, აშშ მათ იმ ქვეყნებს გაუზიარებს, რომლებსაც ვაქცინების საკმარისი დოზები არ აქვთ. ცნობისთვის, AstraZeneca-ს ვაქცინა ავტორიზებულია მთელს მსოფლიოში, მაგრამ ჯერ არ არის აშშ-ში. როგორც ცნობილია, თეთრმა სახლმა აღნიშნული გადაწყვეტილება ინდოეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გაუარესების ფონზე მიიღო.

27 აპრილს, თბილისის 5 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

27 აპრილს, თბილისის 5 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს. ნაძალადევის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, რომელაშვილის, ნიშნიანიძის, შტილის, მაღალაშვილის, ურეკის, ცოდნისკარის, საჩხერის, ანაპის 414-ე დივიზიის, ჟღენტის, ირემაშვილის, ხვანჭკარის, ტყიბულის, ჩარგლის, გამყრელიძის, ველისციხის, სადმელის, კაკაბაძის, გარიყულის, სიხარულიძის, ბარამიძის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, რომელაშვილის, ნიშნიანიძის, შტილის, მაღალაშვილის, ურეკის, ცოდნისკარის, საჩხერის, ანაპის 414-ე დივიზიის, ჟღენტის, ირემაშვილის, ხვანჭკარის, ტყიბულის, ჩარგლის, გამყრელიძის, ველისციხის, სადმელის, კაკაბაძის, გარიყულის, სიხარულიძის, ბარამიძის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ჟინვალის, ჭოპორტის და ლიახვის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 00:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, კუტუზოვის, მგალობლიშვილის, საბურთალოს, ტაშკენტის, გამრეკელის, სულხან ცინცაძის და იყალთოს ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ,,დ’’, III, IV კვარტლების, ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, შუამთის, ჭირნახულის და გურამ თიკანაძის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებ გრიშაშვილის, შოთა ნიშნიანიძის, გორგასლის, ბეჟან კალანდაძის, მანანა მელქაძის, ნადიკვარის, ორთაჭალის, წინანაურის, ბერძნის, მარტვილის, სულიკო თორთლაძის, ნუგზარ შატაიძის და რუსუდან მეფისაშვილის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, ბროსეს, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, ჭანტურიას და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელინსკის, გუნიას, ზანდუკელის, ჭოველიძის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, ბარნოვის, კერესელიძის და თეიმურაზ ჩირგაძის ქუჩების მოსახლეობას. "კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია "თელასის" განცხადებაში.