ძებნის რეზულტატი:

რუმინეთის პრემიერი: რუმინეთი საქართველოს ევროპული მისწრაფებების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას გააგრძელებს

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ფლორინ-ვასილე კიცუ, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ოფიციალურ მისალოც წერილში ხაზგასმულია, რომ რუმინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, ასევე ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში რეგიონული მნიშვნელობის საერთო პროექტების განხორციელება, მომავალშიც გაგრძელდება, როგორც საერთო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი პუნქტი. “გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, განსაკუთრებით დღევანდელი რეგიონალური და საერთაშორისო კონტექსტის და მისი თანმდევი რიგი გამოწვევებისა და სირთულეების გათვალისწინებით. ვსარგებლობ შემთხვევით, რათა გამოვხატო კმაყოფილება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგითა და სექტორული თანამშრომლობით. ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, ასევე ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში რეგიონული მნიშვნელობის საერთო პროექტების განხორციელება, მომავალშიც გაგრძელდება, როგორც ჩვენი საერთო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი პუნქტი. რუმინეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების და ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აქტიურ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - აღნიშნავს ფლორინ-ვასილე კიცუ.

Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება

საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აცრისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება. ვაქცინაციის პროცესი კი 4 მაისიდან დაიწყება. დღესვე, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა ასაკობრივ ჯგუფებზე განაწილდება Sinopharm-ის ვაქცინა. როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, Sinopharm-ის ეფექტიანობის, უსაფრთხოებისა და გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი, ვაქცნინი ხარისხიანობაზე მიუთითებს. "ჩინური ვაქცინა ერთ-ერთი გამორჩეულია, ვინაიდან მისი ეფექტურობის, უსაფრთხოების მაჩვენებელი, გვერდითი მოვლენების სიხშირე ზუსტად შეესაბამება იმ მოლოდინებსა და რეკომენდაციებს, რაც არსებობს ხარისხიან ვაქცინებთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 4 მაისის შემდეგ ყოველდღიურად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა გაიზრდება და მივუახლოვდებით იმ ციფრს, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას", – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მესტიის სოფელ ჟაბეში ადიდებული ღელეს გამო მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეში ადიდებული ღელეს გამო მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავეულა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112" -ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეში ადიდებული იყო ღელე, რომელსაც მოჰქონდა ტალახი. სოფელში შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები. უსაფრთხოების მიზნით, ღელეს მიმდებარე რამდენიმე სახლიდან მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადავიდა. ადგილზე, მონიტორინგის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. დილით კი, ხილვადობის აღდგენისთანავე, 5 კაციანი სამაშველო ჯგუფის მიერ მოხდა ღელის სათავეში არსებული სიტუაციის გადამოწმება. პარალელურად, სოფელ ჟაბეში მიმდინარეობდა მძიმე ტექნიკის მიერ აღნიშნული ღელეს კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არ არის. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები",- ნათქვამია განცხადებაში.

მედია: ინდოეთში საავადმყოფოებმა მკურნალობისთვის საჭირო რესურსი ამოწურეს. ათასობით ადამიანი იღუპება

ინდოეთში Covid-19-ის შემთხვევის მაჩვენებლებმა ბოლო ხუთი დღის განმავლობაში გლობალურ მაჩვენებლებს მიაღწია, საავადმყოფოებში საწოლების, მედიკამენტების, ვენტილატორების და ჟანგბადის აპარატის მარაგები ამოიწურა. ათასობით ადამიანი გარდაიცვალა დამანგრეველი მეორე ტალღის ფონზე, რომელიც გასულ თვეს დაიწყო. მედია წერს, რომ ინდოეთი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბიდან გამომდინარე, ახლა მსოფლიოს ცხელი წერტილია. შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოთქვა დახმარების სურვილი და ინდოეთს AstraZeneca– ს მილიონობით ვაქცინის დოზას მიაწვდის. ჟანგბადის აპარატები კი ქვეყანას დიდმა ბრიტანეთმა მიაწოდა. ინდოეთში კოვიდინფექციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კატასტროფულად იზრდება, დასავლეთის ზოგიერთი უფრო მდიდარი ქვეყნისგან განსხვავებით, რომლებიც შეზღუდვების შემცირებას იწყებენ. ვირუსმა მსოფლიოში 3,1 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინდოეთში, ორშაბათს 2,800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 354 531 ახალი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. მე­დი­ა­ში გავრცელდა ფო­ტო­ე­ბი, როლმელზეც ჩანს ცხედ­რე­ბის მა­სობ­რი­ვი კრე­მა­ცია. კრე­მა­ტო­რი­უ­მებ­ში ად­გი­ლის არარსებობის გამო, კრე­მა­ცი­ა სპეციალურად მო­წყო­ბილ ად­გი­ლებში ხდება.

პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტი გამოსცა. „მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემისიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს! ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში! ყველას გისურვებთ წარმატებას“, - წერს პრეზიდენტი

საქართველოს რკინიგზა სააღდგომო დღეებში ბათუმისა და სენაკის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა სააღდგომო დღეებში ბათუმისა და სენაკის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რეისები 29, 30 აპრილსა და 1 მაისს დაემატება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ და საქართველოს რკინიგზის სალაროებში. "აქვე შეგახსენებთ, კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს. ზემოთაღნიშნულ რეისებზე ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ“, - ნათქვამის საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნანა გეგეჭკორი: ადამიანები იღუპებიან, გართობის წუთები არ ღირს სხვების სიცოცხლედ, გამოსავალი ჩვენს გონიერებაშია

უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი მიიჩნევს, რომ ჩაკეტვა და კომენდანტის საათი გამოსავალი არ არის და მოქალაქეების პასუხისმგებლიან ქცევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ნანა გეგეჭკორი აღნიშნავს, რომ „ვერ გაამართლებენ ჩინოვნიკები უგუნურ რეგულაციებს, თუ ჩვენ თვითონ არ მოვიქცევით უპასუხისმგებლოდ“. „სადაც ინდოეთზე ვდარდობთ, ჩვენი თავიც ვიდარდოთ იქნებ, გვაქვს სადარდებელი სამწუხაროდ. ინდოეთი: მილიონ მოსახლეზე 142 covid19-ით გამოწვეული სიკვდილი. საქართველო: მილიონ მოსახლეზე 1015 COVID19-ით გამოწვეული სიკვდილი. ქართულ ჯანდაცვის სისტემას რომ ებაროს ჩემი სიცოცხლე, ვერ ვივლიდი ხალხმრავალ გართობებზე თამამად და დაუცველად. ნიშნისმოგებით არ ვამბობ და ნუ დამესხმებით თავს. გულწრფელად მტკივა გული იმის გამო, რასაც ყოველდღე ვუყურებ. ჩაკეტვა და კომენდანტის საათი გამოსავალი არაა. გამოსავალი ჩვენს გონიერებასა და პასუხისმგებლობაშია. უნდა გავაცნობიეროთ, რომ საფრთხე რეალურია, რომ ამ დაავადებით ადამიანები მართლა კვდებიან და რომ არცერთი ჩვენგანის გართობის წუთები არ ღირს სხვების სიცოცხლედ. „ადამიანები მანამდეც კვდებოდნენ“ - უკიდურესად არაჰუმანური განცხადებაა. დიახ, მანამდეც არსებობდა სიკვდილი, მაგრამ უამრავ ადამიანს COVID19-მა ჯანმრთელი ცხოვრების წლები წაართვა... არ გვაქვს უფლება, უპასუხისმგებლოდ მოვეკიდოთ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ დავიღალეთ ახალი ცხოვრების წესით. ჩვენივე ხელშია, რამდენ დროს გავატარებთ კარანტინებსა თუ პირბადეებში გამომწყვდეულები. ერთადერთი გამოსავალი პრობლემის აღიარებაში და ქცევის ახალი წესების მორჩილებაშია. შეზღუდვები აღარ დაგვჭირდება თუ მარტივ, სინამდვილეში მართლა ძალიან მარტივ წესებს დავიცავთ: ვაქცინაცია, ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა...ვერ გაამართლებენ ჩინოვნიკები უგუნურ რეგულაციებს, თუ ჩვენ თვითონ არ მოვიქცევით უპასუხისმგებლოდ. რაც მეტად ვუგულვებელყოფთ პრევენციის წესებს, მით მეტი საშუალება ექნება ვირუსს მუტაციის და ნაკლები შანსი გვექნება ადამიანებს ამ პრობლემის სწრაფად დაძლევის“, - წერს ნანა გეგეჭკორი Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 578 ადამიანს დაუდასტურდა, 909 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 373 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 217 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 156 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 305 850-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 287 938-მდე. ხოლო 4 060 ინფიცირებული გარდაიცვალა. დადებითობის მაჩვენებელი: 26 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.19%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.48%. ინფიცირების 1 578 ახალი შემთხვევიდან 1001 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 128, იმერეთი - 89, ქვემო ქართლი - 56, შიდა ქართლი - 61, გურია - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 13 826, საიდანაც: 3 644 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 999, აჭარაში - 418, იმერეთში - 413. მძიმე პაციენტი: 658, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 74, იმერეთში -87. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 142, მათგან თბილისში - 97, აჭარაში - 11, იმერეთში - 11. 694 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 375 - თბილისში, 292 - აჭარაში. 9 488 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 222 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 218, ხოლო აჭარაში - 3. სულ 6 ოქტომბრიდან - 26 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 521 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 266 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 781 პირი, აჭარაში - 2 475, იმერეთში - 1 669.

სომხეთი NATO-ს სამხედრო წვრთნებში "ევროპის დამცველი 21" მონაწილეობას აღარ მიიღებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები არ მიიღებენ მონაწილეობას NATO-ს წვრთნებში "ევროპის დამცველი 21" (Defender Europe 21). ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. "მიუხედავად ადრე გაკეთებული ოფიციალური განმარტებისა, მედიის მხრიდან დასმული კითხვების პასუხად, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს NATO-ს სამხედრო წვრთნებში "ევროპის დამცველი 21" მონაწილეობა მიიღოს",- ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტთან 20 ივნისს დაზარალებულების აქცია იმართება

ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმომწერებს დღეს პარლამენტში ელოდებიან. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი ოპოზიციას მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ ამნისტიის კანონს, რომლებიც 20-21 ივნისის დარბევაში მონაწილე პოლიციელებს პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს. ააქცია იმყოფება 20 ივნისს დაზარალებულის, მაკო გომურის და, რომელმაც აღნიშნა, რომ მაკოსთვის ამ შეთანხმებით მეორე ფრონტი გაიხსნა. „მისი მდგომარეობა რთულია, და ამიტომ არ არის დღეს აქ“, - აღნიშნა მზია გომურმა. ერთ-ერთი დაზარალებულის, კობა ლეთოდიანის შვილმა, ნათია ლეთოდიანმა აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე, ბრძოლის მთავარი მოტივაციის განულებაა. „თუ ეს კანონპროექტი დაინიცირდება და ოპოზიცია ამას ხელს მოაწერს, გავრილოვი პარლამენტის სავარძელში მეორედ ჩაჯდება“, - აღნიშნა ნათია ლეთოდიანმა. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმომწერების მონაწილეობით დღეს პარლამენტში პირველი სხდომა ჩატარდება. დღეს ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს, რასაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს. შეთანხმების ამ ნაწილის საფუძველზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხიდან უნდა გათავისუფლდეს. „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სთხოვა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს „შარლ მიშელის დოკუმენტს" და მიმართა „ქართულ ოცნებას", გაითხოვონ ამნისტიის საკითხი, თავად კი იღებს პასუხისმგებლობას, რომ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება და ამ პირობით დატოვებს ციხეს. პარტიის თავმჯდომარე კანონპროექტის საკითხზე ამბობს: 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ“. ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ თუ ერთ კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შედგა, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთზე მეტი კანონპროექტი წარადგინონ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ამნისტია იმ პირებსაც შეეხებათ, რომელთაც 20 ივნისის ღამეს ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რაც, მისი თქმით, მიუღებელია. ასევე აღნიშნა, რომ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთაც შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ახლა ამნისტიის კანონპროექტის მომზადება მოუწევთ ისე, რომ ის არ შეეხოს იმ პირებს, რომლებიც ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი. დოკუმენტზე ხელმომწერები პარლამენტში 27 აპრილს საქმიანობას ამნისტიის საკითხით დაიწყებენ. „ჩვენ შევდივართ პარლამენტში და ამაში განსაკუთრებული და უცნაური არაფერი არ არის, მთავარი საკითხი ახლა არის ამნისტიის კანონპროექტი, რადგან განსაცდელში ვერ მივატოვებთ იმ პოლიტიკურ დევნილებს, რომლის აღიარებაც მოხდა. ამნისტიის საკითხის შემდეგ, სხვა პუნქტებზე გადავალთ, რადგან კარს მოგვადგა უკვ არჩევნები და იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, აუცილებელია ყველა იმ ცვლილების მიღება, რომელსაც ითვალისწინებს ხელშეკრულება. რაც შეეხება ამნისტიის კანონს, ვცდილობთ, რომ დავაახლოვოთ პოზიციები, რადგან თავისი სულისკვეთებიდან გამომდინარე, შეთნხმება ითვალისწინებს კომპრომისებს და ამისთვის მაქსიმალურად მზად ვართ. კომპრომისი ვერ მოხდება მწამებლებთან და ჯალათებთან დაკავშირებით, კონვენციურ მუხლებთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, რომ ამნისტის მაღალი თანამდებობის პირებს შეეხოთ. ჩვენ გვინდა, რომ პრაქტიკა, რომ დაზარალებულის თანხმობით ხდებოდეს მხოლოდ ამნისტია, გვინდა იყოს გათვალისწინებული, ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებას მივაღწევთ ამასთან დაკავშირებით“, - განუცხადა Europetime-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ. შალვა შავგულიძე რომელმაც მანდატი „ევროპული საქართველოს“ სიით მოიპოვა, დღეს პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვება. მისი შეფასებით, საქართველოს უცხოელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ პირობებზე უარის თქმა იქნებოდა გადამლაშება და ქვეყნის ინტერესების დაზიანება. რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, შალვა შავგულიძის განცხადებით პოზიციების შეჯერება მიმდინარეობს. „ძალიან კარგი იქნება, თუ შევთანხმდებით, რომ შევძლებთ შეჯერებას ისეთ კანონპროექტზე, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის და ერთი კანონპროექტი შევა. თუ ხელისუფლება დაიჩემებს და შეეცდება, შეიტანოს ძალიან უსამართლო და გაუმართლებელი კანონპროექტი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ასეთ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, ალტერნატიული კანონპროექტი წარვადგინოთ და შემდეგ, პარლამენტის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა დადგეს, რას უჭერენ მხარს - უჭერენ მხარს 20 ივნისის აქციის უკანონო დაშლაში ჩართული მაღალი თანამდებობის პირების ამნისტიას თუ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს იმ პირთა მიმართ, რომელთა დევნაც სახელმწიფომ დაიწყო. ეს ასევე შეეხება რამდენიმე პოლიციელს, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მათ მიმართაც შეწყდება დევნა. ამაზე იყო ზუსტად შეთანხმება, რომ ეს გავრცელდეს არსებულ ბრალდებებზე“, - განუცხადა შალვა შავგულიძემ Europetime-ს. გუშინ, დღის ბოლოს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტი აუცილებლად მიიღებს. „აუცილებლად დაინიცირდება ამნისტიის კანონპროექტი, ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი. ამნისტიის კანონპროექტი იქცევა კანონად. არავის არაფერი არ გადაუფიქრებია. „ქართული ოცნება" შეასრულებს პირობას. აქ თუ იქნება რესურსი, რომ ოპოზიცია დაგვეთანხმოს სამართლიანი და რაციონალურ პროექტზე, ეს იქნება სამართლიანი და რაციონალური. თუ არ დაგვეთანხმებიან, ეს იქნება მათი არჩევანი. კანონპროექტი დაინიცირდება და მას მივიღებთ, შეთანხმებას შევასრულებთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალი დოკუმენტს, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) 19 აპრილს მოეწერა ხელი.

ევროკომისიის პრეზიდენტი: ვერ ვპოულობ გამართლებას, თუ როგორ მომექცნენ თურქეთში. ეს იმიტომ მოხდა, რომ ქალი ვარ

"ვერ ვპოულობ ვერანაირ გამართლებას, თუ როგორ მომექცნენ თურქეთში... უნდა დავასკვნა, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ ქალი ვარ",- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. "მე ვიგრძენი წყენა და თავს მარტოდ ვგრძნობდი, როგორც ქალი და როგორც ევროპელი",- განაცხადა ევროკომიისიის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ 3 კვირის წინ, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ევროკავშირის ლიდერების სტუმრობისას, ურსულა ფონ დერ ლაიენი სკამის გარეშე დარჩა, რის შემდეგაც მას დივანზე დაჯდომა მოუწია. "თურქეთში ჩემმა ვიზიტმა აჩვენა, თუ რამდენად შორი გზაა გასავლელი, ვიდრე ქალებს თანასწორად მოექცევიან. ყოველთვის და ყველგან. ჩემმა ამბავმა სათაურები დაწერა. მაგრამ იმდენი ამბავია ქალების შესახებ, რომელთა უმეტესობა ბევრად უფრო სერიოზულია, რაც შეუმჩნეველი რჩება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ამბებიც მოთხრობილია!", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ზე.

არჩილ თალაკვაძე: გირაო არ არის იმის გარანტია, რომ მელია საბოლოოდ დარჩება თავისუფლებაზე, ამისთვის საჭიროა ამნისტია

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნიკა მელია ციხეს დატოვებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი საბოლოო თავისუფლება უზრუნველყოფილია. თალაკვაძის თქმით, „ეს გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, სწორედ ამიტო ჩადეს ევროპელმა პარტნიორებმა შეთანხმებაში ამნისტიის პუნქტი, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს და არა შუალედურად, ნიკა მელიას განცხადება კი მიმართული იმისკენ, რომ დესტრუქცია მოუწყონ შეთანხმებას და დააბნინო საზოგადოება“. „ნაცოინალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ მზადაა, ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმომწერების მონაწილეობით დღეს პარლამეტში პირველი სხდომა ჩატარდება. დეპუტატები პარლამენტის შენობაში, 20 ივნიის დაზარალებულების აქციის ფონზე შევიდნენ.

არჩილ თალაკვაძე: მიზანმიმართული ჭორია, თითქოს მე თბილისის მერის არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას

"მიზანმიმართული ჭორია, თითქოს მე თბილისის მერის არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას", - ამის შესახებ პარლამეტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. "მიზანმიმართული ჭორია, თითქოს მე თბილისის მერის არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას გუნდის სახელით. მე არაერთხელ ვთქვი, რომ თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი, რომელიც ჩვენი გუნდის წარმატებული ლიდერია და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ბევრ მოქალაქეს სურს, რომ კახა კალაძე იხილოს მერად მომავალში, თუმცა, პირველ რიგში, ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ უახლოეს პრიოდში, კამპანიის დაწყებისას წარვუდგენთ მოსახლეობას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის 14 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის 14 მოქალაქეს შეზღუდვები დაუწესა და აქტივები გაუყინა. საერთაშორისო ანტიკორუფციულ სასანქციო სიაში 6 ქვეყნიდან 22 ადამიანი მოხვდა. მათ დიდი ბრიტანეთში შესვლაც აეკრძალებათ. სიაში მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები, ბანკების მფლობელები არიან. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი 2007 წლის დეკემბერში 230 მილიონი დოლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების კორუფციულ სქემაში მონაწილეობდნენ.

ინდოეთის მთავრობამ Twitter-ს კორონავირუსის შესახებ გავრცელებული კრიტიკული პოსტები წააშლევინა

Twitter-მა ინდოეთის მთავრობის მოთხოვნით, კორონავირუსთან დაკავშირებული რამდენიმე კრიტიკული პოსტი წაშალა. ამ ნაბიჯმა ათასობით ადამიანის აღშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. Twitter-ის სპიკერმა დაადასტურა, რომ მან ზოგიერთი კრიტიკული მასალა, რომელიც ინდოეთში გავრცელდა, დაბლოკა. კვირას გაკეთებულ განცხადებაში, ინდოეთის ელექტრონულმა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ განაცხადა, რომ მან სთხოვა Twitter-ს, Facebook-ს და სხვა პლატფორმებს, წაეშალათ დაახლოებით 100 პოსტი "გარკვეული მომხმარებლების მიერ სოციალური მედიის პლატფორმების ბოროტად გამოყენების გამო ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებისთვის ". გავრცელებული ინფორმაციით, Twitter–ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ინდოეთის მთავრობა დაადანაშაულა, რომ Twitter-ის წაკითხვის ნაცვლად, ჟანგბადის ბალონები არ მოიმარაგა.

ამირან გამყრელიძე: სოფელში ადამიანს არავინ აუკრძალავს საფლავზე გასვლას, მონიტორინგი იქნება სუფრის გაშლაზე

"სოფელში ადამიანს არავინ აუკრძალავს საფლავზე გასვლას, მონიტორინგი იქნება სუფრის გაშლაზე", - ამის შესახებ დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სოფელში სასაფლაოზე ადამიანი რომ გავა, სოფლის რწმუნებული მიმართავს და სთხოვს მას, რომ იქ არ იყოს სუფრა და დიდი შეკრებები. "არავინ უშლის ადამიანებს, მთელი კვირის განმავლობაში, როგორც შარშან იყო, ოჯახიდან 1-2 ადამიანი გავიდეთ, ავანთოთ სანთელი… იქნება შეზღუდული, მაგრამ განსაკუთრებული მონიტორინგი იქნება იმ არასასიამოვნო ტრადიციებზე, რაც გვაქვს. ამ დროს ეს გახლავთ ინფექციის გავრცელების მომატებული რისკფაქტორი... სოფელში სასაფლაოზე ადამიანი რომ გავა, იმას არავინ აუკრძალავს, მაგრამ სოფლის რწმუნებული მიმართავს და სთხოვს მას, რომ იქ არ იყოს სუფრა და დიდი შეკრებები. ძირითადად ეს საკითხი უფრო მტკივნეულია თბილისის და დიდი ქალაქების სასაფლაოებზე, სადაც პოლიცია შესაბამის წესრიგს დაიცვას, რომ პრევენცია იყოს ამ დიდი შეკრებების… თავი შევიკავოთ ორშაბათ-სამშაბათს, ამ ორ დღეს, იმიტომ, რომ ბრწყინვალე შვიდეული ტყუილად არ არის შვიდი დღე. ყველა ვცდილობდით, გავსულიყავით ორშაბათ-სამშაბათს სასაფლაოებზე, ხომ შეიძლება ეს გადანაწილდეს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დავით უსუფაშვილი: პარლამენტში შემოსვლისას, ჩემი ემოციები ჰგავს იმას, სახლში რემონტს რომ გააკეთებ და შემდეგ გარემონტებულში შეხვალ

„პარლამენტში შემოსვლისას, ჩემი ემოციები ჰგავს იმას, სახლში რემონტს რომ გააკეთებ და შემდეგ გარემონტებულში შეხვალ“, - განაცხადა „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, პარლამენტში შესვლის შემდეგ. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმომწერები დღეს პარლამენტში პირველ სხდომას ესწრებიან. „ახლა, პარლამენტში შემოსვლისას, ჩემი ემოციები ჰგავს იმას, სახლში რემონტს რომ გააკეთებ და შემდეგ გარემონტებულში შეხვალ. მე ამ შენობაში ფაქტობრივად, პრარაბად ვიყავი, როდესაც ეს დაქცეული და გაპარტახებული შენობა აღვადგინეთ. მაგრამ აქ ახლა, ჩემს ემოციებს აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ქვეყანა არის უფსკრულის პირას და დიდი გაჭირვებაა, ეს ყველაფერი მოსაბრუნებელია და სწორედ ამას სჭირდებოდა შეთანხმების დადება და ახლა მისი შესრულება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით აცრაზე რეგისტრაციას 18 წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ

ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აცრა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ და მათთვის რეგისტრაცია დღეს, 27 აპრილს 8 საათზე გაიხსნება. ამის შესახებ მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა და თქვა, რომ შეხვედრის ძირითადი თემა ჩინური ვაქცინა იყო. "გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიხსნება 8 საათზე პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველია არაერთი კვლევაა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის სინოფარმი უსაფრთხო ვაქცინაა, შესაბამისად, საბჭო დაეყრდნო ამ საერთაშორისო გადაწყვეტილებას", - განაცხადა მინისტრმა.

ლადო კახაძე: მე არ ვიცი პოლიტიკური დევნა როგორ ხორციელდება, მაგრამ ვირუსი რომ დაგვდევს, ეს ვიცი

"მე არ ვიცი პოლიტიკური დევნა როგორ ხორციელდება, მაგრამ ვირუსი რომ დაგვდევს თითოეულ ჩვენთაგანს, ეს ვიცი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. "მე არ ვიცი პოლიტიკური დევნა როგორ ხორციელდება, მაგრამ ვირუსი რომ დაგვდევს თითოეულ ჩვენთაგანს, ეს ვიცი. გთხოვთ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, ნიღაბი გაიკეთეთ, პატივი ეცით გარე სამყაროს, გონიერი ნაბიჯი გადადგით და აიცერით და თქვენ ყველა პირობას შექმნით იმისთვის, რომ უსაფრთხო ქვეყანაში იღვაწოთ და თქვენც კარგი სტუმარი იყოთ და კარგი მასპინძელიც შემოსული სტუმრებისთვის", - განაცხალა ლადო კახაძემ.

27-29 აპრილს ლიეტუვის  საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიცალური ვიზიტით ეწვევა

2021 წლის 27-29 აპრილს ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს ოფიცალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუველ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას გამართავს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რის შემდეგაც ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის ჩატარდება გაფართოებული ფორმატის შეხვედრა. "ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან. საქართველოში ყოფნისას, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვრვლო მისიასთან ერთად ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ის ასევე პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის დელეგაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვევა და ქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.