ძებნის რეზულტატი:

ეკატერინე ტიკარაძე: მილიონი დოზა Pfizer-ი აღარ არის სიზმარი, თარიღები ზუსტდება

„მილიონი დოზა Pfizer-ი აღარ არის სიზმარი, თარიღები ზუსტდება, როდესაც ეს ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების დროს. „გამომდინარე იქედან, რომ პროცესი სწორად იყო ნამართი ყველა კომპონენტში, დამატებითი მოლაპარაკებები გვეწარმოებინა მწარმოებელთან და დღეს ვართ შედეგების მოლოდინში და „გაჟღერებული“ მილიონი დოზა Pfizer-ი აღარ არის სიზმარი, მიმდინარეობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და თარიღების დაზუსტება, როდესაც ეს ვაქცინა ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა მინისტრმა. პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.

პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობას. მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. კახა კუჭავამ ყურადღება გაამახვილა აქტიურ სექტორულ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ინტერესი, აღადგინოს ეკონომიკა, რომელზეც პანდემიამ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა და კვლავ უმასპინძლოს ლიეტუველ ტურისტებს საქართველოში. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყანა გააგრძელებს ასოცირების შეთანხმების ეფექტურ განხორციელებას და 2024 წელს შეიტანს განაცხადს ევროკავშირში გაწევრებაზე. რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, კახა კუჭავამ ხაზი გაუსვა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის აუცილებლობას. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ისაუბრა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკაზე და მინისტრს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება გააცნო. კახა კუჭავამ გამოხატა მადლიერება ლიეტუვის საგარეო უწყების მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ პირებზე შემზღუდავი ზომების დაწესების გამო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, ლიეტუვას მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები – ავთანდილ ენუქიძე და ლევან იოსელიანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ქეთევან ჩემია ესწრებოდნენ.

იმნაძე "კომენდანტის საათზე": მაგან მოგვცა საშუალება, რომ ყველაფერი გახსნილიყო ქვეყანაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, "კომენდანტის საათის" არსებობამ განაპირობა ის, რომ ქვეყანაში ყველაფერი გახსნილიყო. მან ამის შესახებ გადაცემა "კომენტარში" ისაუბრა. "ჩვენთან რაც ხდება დღეს, ეს 1 500 შემთხვევა რომ გვაქვს დღეში და ეს 1 500 შემთხვევა არ არის 3 ათასი უკვე დღეში, აი ამის გამჩერებელი დღეს არის სწორედ ის მოქმედი შეზღუდვა ღამის საათებში გადაადგილებაზე. ეს არის დღეს ერთადერთი მოქმედი რეგულაცია ამ ქვეყანაში. ნახეთ რა ხდება სხვა ქვეყნებში, გერმანია რომ გერმანიაა, არასოდეს ჰქონიათ კომენდანტის საათი და დააწესეს ახლა. მართლა მთვარეზე ხომ არ ვართ არა? დედამიწაზე ხომ ვართ... მაგან მოგვცა საშუალება, რომ ყველაფერი გახსნილიყო ქვეყანაში და მარტო ამ კომენდანტის საათით დავიჭიროთ სიტუაცია ისე, რომ არ იყოს კატასტროფული მატება შემთხვევების",- განაცხადა იმნაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ოქროს შუალედი და არ გვქონდეს მუდმივი ლოკდაუნი

„მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ოქროს შუალედი და არ გვქონდეს მუდმივი ლოკდაუნი, რომელიც შეიძლება გამოსავალი არ იყოს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების დროს. მთელი მსოფლიოსთვის ეს დღემდე დილემად და რთულ გამოწვევად რჩება და ვერ იპოვეს ოქროს შუალედი, როდესაც ქვეყნები შეძლებდნენ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას და პარალელურად, მოქალაქეების ჯანმრთელობის შენარჩუნებას, აქედან გამომდინარე, საკმაოდ ბევრმა ქვეყანმა მიმართა მკაცრ ღონისძიებებს და თვეებია, ლოკდაუნის ქვეშ არიან. რა თქმა უნდა, ეს გახლავთ საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ იმის ფუფუნება, რომ თავიანთ მოქალაქეებს შესთავაზონ დანამატები და შეინარჩუნონ ეს ლოკდაუნი. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი დახმარება განვახორციელეთ, ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ვიპოვოთ, ოქროს შუალედი და არ გვქონდეს მუდმივი ლოკდაუნი, რომელიც შეიძლება გამოსავალი არ იყოს, ვინაიდან ამის პრაქტიკასაც ვაკვირდებით ბევრი ქვეყნის მაგალითზე, მათ აქვთ ლოკდაუნი, მაგრამ ამის მიუხედავად, ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი არ არის, რომ ლოკდაუნი იყოს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი კერძო სექტორის და მოქალაქეების აქტიური ჩართულობა იმაში, რომ რეკომენდაციები იქნას დაცული“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძე: ინდური შტამის გავრცელების ტემპი ძალიან ძლიერია

„ინდური შტამი არის საკმაოდ რთული შტამი გამომდინარე იქედან, რომ მისი გავრცელების ტემპი ძალიან ძლიერია. ამ მიმართულებით გადავდგით ქმედითი ნაბიჯი იმ კუთხით, რომ ინდოეთიდან შემოსული მოქალაქე, ან მოქალაქე, რომელსაც ინდოეთში მოგზაურობა უფიქსირდება ბოლო 14 დღის განმავლობაში, კარანტინში გადადის და შემდეგ დაიშვება ქვეყანაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების დროს. მისი თქმით, ამ მოქალაქეს უტარდება ტესტი, რომ ვირუსის გავრცელება დროულად იყოს აცილებული თავიდან. „თუ სხვა დამატებითი ღონისძიებები ჩაითვალა საჭიროდ, რა თქმა უნდა განხორციელდება. ვაკვირდებით, ბევრმა ქვეყანამ ფრენებიც შეზღუდა და მთავრობა მზადაა, გადადგას ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

რუსეთი ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და სლოვაკეთის რამდენიმე დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

ჩეხეთისადმი სოლიდარობის გამოხატვის გამო, რუსეთი ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და სლოვაკეთის რამდენიმე დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ლიეტუვის საელჩოს ორმა, სლოვაკეთის საელჩოს სამმა და ლატვიისა და ესტონეთის საელჩოების თითო-თითო თანამშრომელმა ქვეყანა ერთი კვირის განმავლობაში უნდა დატოვონ. 17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ პრაღაში რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა 23 აპრილს ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, სლოვაკეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა რუსი დიპლომატები გააძევეს.

ოპოზიციამ პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვარიანტი დაარეგისტრირა

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვარიანტი დაარეგისტრირეს. დეპუტატ შალვა შავგულიძის განცხადებით, მიუხედავად მცდელობისა, ხელისუფლებასთან შეჯერებულიყო პოზიციები და საკანონმდებლო ორგანოში საერთო კანონპროექტი შესულიყო, ეს ვერ მოხერხდა. „შევიტანეთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ჩვენეული ვარიანტი. ძალიან დიდი მცდელობა გვქონდა, რომ მოხერხებულიყო ხელისუფლებასთან შეჯერება და ერთი კანონპროექტი შესულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევაჯერეთ პოზიციები. როგორც ვიცით, ხელისუფლებამ გუშინ დაარეგისტრირა ამნისტიის კანონპროექტის თავისი ვარიანტი, ხოლო ჩვენ წარვადგინეთ დღეს, სწორედ ახლა მოხდა რეგისტრაცია“, – აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

იუსტიციის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა. მხარეებმა იუსტიციის სფეროში საფრანგეთისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. იუსტიციის მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის და საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერაში.

ევროპარლამენტმა Brexit-ის შემდგომი სავაჭრო შეთანხმება დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის Brexit-ის შემდგომ სავაჭრო გარიგების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, რითიც მოიხსნა უკანასკნელი წინაღობა ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს. ევროკავშირის დეპუტატებმა სავაჭრო და თანამშრომლობის შეთანხმებას მხარი დაუჭირეს 660 ხმით 5-ის წინააღმდეგ, 32-მა თავი შეიკავა, განაცხადა პარლამენტმა. კენჭისყრა სამშაბათს ჩატარდა, მაგრამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, შედეგი დაუყოვნებლივ არ იყო ცნობილი. ამ ნაბიჯით მთავრდება ოთხ წელიწადზე მეტხანს გაგრძელებული მოლაპარაკებები და დებატები, იმ ფონზე, როცა ბრიტანეთმა დაასრულა ევროკავშირის 47-წლიანი წევრობა. როგორც ცნობილია, 1 000 გვერდისგან შემდგარი ხელშეკრულება ძალაში 1 მაისიდან შევა. ევროკავშირის პარლამენტი ბრიტანეთს აფრთხილებს, რომ მან უნდა უერთგულოს ნაკისრ ვალდებულებებს. ხელშეკრულება მოიცავს კომერციულ კავშირებს, კონკურენციის წესებს, თევზაობის წესებს და პოლიტიკის, სამართლის, ტრანსპორტის და ენერგიის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პირობებს.

ბულგარეთის პროკურატურა იარაღის საწყობში 2011 წელს მომხდარ აფეთქებაში რუსულ კვალს ხედავს

ბულგარეთის პროკურატურამ 2011-2020 წელს სამხედრო აღჭურვილობის საწყობებში მომხდარ 4 აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ბულგარეთის პროკურატურა 2011 წელს მომხდარ აფეთქებაში რუსულ კვალს ხედავს. უწყების ინფორმაციით, 2011 წელს საწყობში მომხდარი აფეთქება საქართველოსთვის, ასევე, სხვა დროს, უკრაინისთვის სამხედრო ტვირთის მიწოდების შესაფერხებლად მოხდა. უწყება ამ აფეთქებებში რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობაზე მიუთითებს. ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი ექვსი რუსი ჯაშუშია, რომელთაგან ზოგიერთი დაკავშირებულია გებრევის მოწამვლის მცდელობასთან. თითოეულ აფეთქებას წინ უძღოდა ტყის ხანძარი. გამოძიების თანახმად, ხანძრები საწყობიდა ხალხის გამოყვანას ისახავდა მიზნად, ამის შემდეგ კი, აფეთქებები დაიწყო. ბრალდების მხარე ამბობს, რომ რუსეთის დაზვერვა ეჭვმიტანილია სახელმწიფო სამხედრო ქარხნის VMZ „Sopot“ - ის და მისივე საწარმოში, 2015 წელს კარლოვოს მახლობლად მდებარე სოფელ იგანოვოში. მესამე აფეთქება 2011 წელს, სოფელ დოლნი დოლში, მეოთხე კი 2020 წელს, ქალაქ მაგლიჟში იარაღის მწარმოებელ ქარხანა „არსენალში“ მოხდა. პროკურატურის განცხადებით, ისინი მუშაობენ ჩეხ კოლეგებთან ერთად, 2014 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში მომხდარ აფეთქებასთან შესაძლო კავშირზე. ჩეხეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური სკანდალი დაბა ვრბეტიცეში 2014 წლის აფეთქებას უკავშირდება, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ჩეხეთმა ქვეყნიდან რუსეთის 18 ოფიციალური პირი გააძევა. რუსეთმა დღეს ბულგარეთის საელჩოს სამხედრო ატაშის თანაშემწე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და სლოვაკეთის რამდენიმე დიპლომატს კი ქვეყნიდან აძევებს. მანამდე ჩეხეთს რიგმა ქვეყნებმა სოლიდარობა გამოუცხადეს.

უქმე დღეებში პრობაციონერები პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან გათავისუფლებულები არიან

30 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით, უქმე დღეებში, პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები პრობაციის ბიუროში რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან გათავისუფლებულნი არიან, - ამის შესახებ აღნიშნულია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ცნობით, პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება პირობით მსჯავრდებულებისთვის 2021 წლის 13 მაისიდან აღდგება. „30 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით, უქმე დღეებში, პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები გათავისუფლებულნი არიან პრობაციის ბიუროში რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან. კანონის მიხედვით, თუ მსჯავრდებულის გამოცხადების დრო ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეს, იგი თავისუფლდება ამ დღეს გამოცხადების ვალდებულებისაგან. საქართველოს მასშტაბით, პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება, 2021 წლის 13 მაისიდან აღდგება - 13 მაისიდან პირობითი მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები პრობაციის ბიუროებში პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმით გამოცხადდებიან. მიმდინარე წელს 4-11 მაისი უქმე დღეებად საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. ასევე, უქმე დღეებია 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით და 12 მაისი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეკატერინე ტიკარაძე: Pfizer-ის ახალი დოზები ზაფხულში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ Pfizer-ის ვაქცინის ახალი დოზები საქართველოში ზაფხულში ჩამოვა. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფარგლებში განაცხადა. "რაც შეეხება Pfizer-ს, აქ არის გარკვეული გაუთქმელობის ხელშეკრულება, თუმცა მე შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ეს იქნება ზაფხულში", – განაცხადა მინისტრმა. მანამდე დეპუტატმა ლევან იოსელინმა ჯანდაცვის მინისტრს სთხოვა, დაესახელებინა კონკრეტული ვადები, თუ როდის შემოვიდოდა ქვეყანაში Pfizer-ის ერთი მილიონი ვაქცინა. თუმცა ტიკარაძეს პასუხში არ დაუკონკრეტებია მილიონიდან რამდენი დოზა შემოვა საწყის ეტაპზე. ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განაცხადა, რომ "მილიონი დოზა Pfizer-ი სიზმარი აღარ არის", თარიღები ზუსტდება .

კელი დეგნანი: ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია იყოს პარლამენტში და თავის ამომრჩეველს იქ წარმოადგენდეს

"მელია გახლავთ ძალიან დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი იყოს პარლამენტში და თავის ამომრჩეველს პარლამენტში წარმოადგენდეს. მე იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ისაუბრა. დიპლომატის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიები უკვე შევიდნენ პარლამენტში და ახლა იქ არიან. „შეთანხმების მიღწევა იყო წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში, რომლის შედეგადაც პარტიები შევიდნენ პარლამენტში და ჩვენ ვხედავთ თუ როგორ მუშაობს მრავალპარტიული პარლამენტი. რა თქმა უნდა ამნისტიის კანონპროექტის დეტალები არის ის საკითხი, რაც უნდა განიხილონ და მივიდნენ საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ამ საკითხს განიხილავენ და ეს არის ჯანსაღი პროცესი. მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ პარტიები შევიდნენ პარლამენტში და ახლა არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ და განახორციელონ ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც გულისხმობს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს. ეს გააუმჯობესებს ზოგადად პირობებს, რომ ჩატარდეს უკეთესი არჩევნები და აღდგეს საზოგადოების ნდობა როგორც არჩევნების, ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ. კიდევ ერთხელ შევაქებ იმ პოლიტიკური პარტიების გამბედაობას, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას“, - განაცხადა დეგნანმა.

ცნობილია, რას ითვალისწინებს ოპოზიციის მიერ წარდგენილი ამნისტიის კანონპროექტი

ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინეს. დოკუმენტი შალვა შავგულიძემ, თეონა აქუბარდიამ და პაატა მანჯგალაძემ შეიტანეს. Europetime-ი ოპოზიციის პროექტს უცვლელად გთავაზობთ: “ამნისტიის შესახებ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხელმძღვანელობით, აგრეთვე, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის კარლ ჰარცელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის ჩართულობით განხორციელებული მედიაციის შედეგად საქართველოს პარლამენტში შესული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და საქართველოს პარლამენტის ცალკეულ წევრებს შორის მიღწეული და 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების, სათაურით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, შესაბამისად, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული და ამ კანონის პირველ მუხლში მითითებული დანაშაულის/დანაშაულების ჩადენისათვის ბრალდებული/მსჯავრდებული პირები და მათ ეხსნებათ ნასამართლობა, თუ მათი ბრალდება, მსჯავრდება და ნასამართლობა დაკავშირებულია 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობასთან ან აქციის მიმდინარეობისა და მისი აღკვეთის დროს განხორციელებულ საპოლიციო ღონისძიებებთან. ასევე, ამ კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელი 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობასთან ან აქციის მიმდინარეობისა და მისი აღკვეთის დროს განხორციელებულ საპოლიციო ღონისძიებებთან დაკავშირებით დაედოთ, თუ ასეთი სახდელი ამ კანონის ამოქმედებამდე აღსრულებული არ ყოფილა. მუხლი 1 1.სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით ბრალდებული/მსჯავრდებული პირი და მოეხსნას მას ნასამართლობა. 2.სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ) ქვეპუნქტით ბრალდებული/მსჯავრდებული პირი, გარდა იმ პირისა რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს, და მოეხსნას მას ნასამართლობა. 3.გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელისგან პირი, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე და 1741 მუხლების შესაბამისად, თუ ასეთი სახდელი ამ კანონის ამოქმედებამდე აღსრულებული არ ყოფილა. მუხლი 2 ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამავე კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირზე, თუ მისი ბრალდება/მსჯავრდება ან მასზე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება დაკავშირებულია 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობასთან ან აქციის მიმდინარეობისა და მისი აღკვეთის დროს განხორციელებულ საპოლიციო ღონისძიებებთან. მუხლი 3 ამ კანონის მოქმედება ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირზე ვრცელდება შესაბამისი დაზარალებულის (ფიზიკური პირის) ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. მუხლი 4 1.ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილებას, ამ კანონის ამოქმედებიდან 72 საათის ვადაში, გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე, იმავე ვადაში, პროკურორის შუამდგომლობით, − შესაბამისი სასამართლო. 2.მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას, სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე, ამ კანონის ამოქმედებიდან 72 საათის ვადაში, პროკურორის შუამდგომლობით იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, 7 დღის ვადაში, მსჯავრდებულის ან მისი ადვოკატის შუამდგომლობით, − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო. 3.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, პრობაციის რეჟიმში მყოფი ან არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებული პირის პირად საქმეს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, ამ კანონის ამოქმედებიდან 72 საათის ვადაში, უგზავნის თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. სასამართლო, საქმის მიღებიდან 72 საათის ვადაში, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 4.ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას, ასეთი პირის განცხადების საფუძველზე, განცხადების შეტანიდან 72 საათის ვადაში, იღებს სასამართლო, რომელმაც დააკისრა პირს ადმინისტრაციული სახდელი. სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც დაუყოვნებლივ წყვეტს ადმინისტრაციული სახდელდადებული პირის მიმართ სააღსრულებო წარმოებას. 5.სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. მუხლი 5 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობასთან ან აქციის მიმდინარეობისა და მისი აღკვეთის დროს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირს უფლება აქვს, პირადად ან მისი ადვოკატის მეშვეობით, მის მიმართ ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. საჩივრის ავტორის მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენით. მუხლი 6 ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულება დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. მუხლი 7 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ,,ევროპის იმუნიზაციის კვირეულის“ ფარგლებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფის წარმოადგენენ, ვაქცინაცია აკად. ნ.ყიფშიძის საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდათ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, ეკატერინე ადამია ესწრებოდნენ. "ბუბა ლომუაშვილი თანამშრომლებს იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა და სამსახურის თანამშრომლებს სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა. ბუბა ლომუაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე: მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება და ასევე ქართული სამედიცინო საზოგადოება თანხმდება, რომ ვაქცინაცია არის გამოსავალი დღეს არსებული პანდემიის თავიდან ასაცილებლად. აქედან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტრო უერთდება ამ კვირეულს. ჩვენ ვეცდებით მომავალშიც მთლიანად ჩავერთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რაც ზოგადად ამ პროცესებს ახლავს თან. დღესდღეობით წარმოდგენილი იყვნენ პენიტენციური სამსახურიდან ჩვენი თანამშრომლები. პროცესმა ძალიან კარგად ჩაიარა და მომავალშიც ეს იქნება მაგალითი სხვა დანარჩენი თანამშრომლებისთვის. წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) 26 აპრილი – 2 მაისს პერიოდში ევროპის იმუნიზაციის მეთექვსმეტე კვირეულს აღნიშნავს. იმუნიზაციის კვირეულში საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს და წელსაც, უერთდება ჯანმოს ევროპის რეგიონის ქვეყნებს და კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს იმუნიზაციას მათი ჯანმრთელობისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია დაბრუნდა პარლამენტში, შევაქებ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებმაც გამბედაობა გამოიჩინეს

"შეთანხმება, რომელსაც 19 აპრილს მოაწერეს ხელი პარტიებმა საქართველოს დემოკრატიისთვის რეალურად წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ახლა ჩვენ ვხედავთ, როგორ ფუნქციონირებს მრავალპარტიული დემოკრატია და როგორ მუშაობს მრავალპარტიული პარლამენტი", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმების სხვა დეტალებზე პარტიების წარმომადგენლები მუშაობენ და ეს ჯანსაღი პროცესია. "დეტალები არის პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომ იმუშაონ, ისინი სწორედ ამას აკეთებენ. ეს ძალიან ჯანსაღი პროცესია, რომ მათ აქვთ დებატები, ისინი გადაწყვეტენ ამ საკითხს ისე, რომ მისაღები იყოს ყველასთვის. რაც მნიშვნელოვანია, ისინი დაბრუნდნენ პარლამენტში, სადაც აშშ-ის შეხედულებით ისინი უნდა იყვნენ, იმუშაონ საქართველოს პროგრესზე. ვფიქრობ, შემდეგი დიდი გამოწვევა იქნება საარჩევნო და სასამართლო რეფორმა, რაც ასევე ამ შეთანხმების ნაწილია, ეს რეალურად შეცვლის და გააუმჯობესებს საქართველოს არჩევნებს, მათ შორის მათ შორის ოქტომბრის არჩევნებს და აღადგენს საზოგადოების ნდობას. მე შევაქებ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებმაც პოლიტიკური გამბედაობა გამოიჩინეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში და მხარი დაეჭირათ შეთანხმებისთვის. ახლა საკუთარ საქმეს აკეთებენ ქართველი ხალხისთვის", - განაცხადა დეგნანმა

თურქეთი რუსული წარმოების Sputnik V-ის ვაქცინის 50 მილიონ დოზას შეიძენს

თურქეთი რუსული წარმოების Sputnik V-ის ვაქცინის 50 მილიონ დოზას შეიძენს. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. როგორც ცნობილია, თურქეთმა ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა. "ჩვენ Sputnik V-ის ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის ბოლო ეტაპზე ვართ და მისი შესყიდვის შესახებ შეთანხმება დავდეთ. თურქეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, ექვსი თვის განმავლობაში 50 მილიონი დოზის მიღების შესახებ", - განაცხადა მინისტრმა. მინისტრის განცხადებით, ვაქცინის პირველ დოზებს მაისში მიიღებენ.

რასა იუკნევიჩიენე: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება ძალიან რეალურია

„პოლიტიკური შეთანხმება საქართველოში ახალი ეპოქის, ახალი ვითარების ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისია; შესაძლებელია მოიძებნოს ახალი გზები, ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ გახდე ევროკავშირის ნაწილი, ან მისი უფრო ახლო პარტნიორი; რეფორმებს არ ვატარებთ იმისთვის, რომ ოფიციალურად გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მხოლოდ წევრის სტატუსი არ არის საკმარისი, შენ გჭირდება, რომ იყო ევროპელი, რომ შეცვალო ადამიანების მდგომარეობა ყველა მიმართულებით, მათ შორის სოციალური თუ ეკონომიკური; როდესაც პოლიტიკური ვითარება ევროკავშირში მიწვევის შესაძლებლობას მოგცემთ, მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს ამისთვის მზად იმ მომენტისთვის; შესაძლებელია, პოლიტიკაში ახალი თაობაც მოვიდეს, რომელიც როგორღაც შეცვლის ძველ ტრადიციას, რომელიც ჩემი აზრით, საუკეთესო არ არის. ამიტომაც შევიდა ქვეყანა ამ კრიზისში“, - ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს: ამნისტიის კანონთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე, ევროკავშირის შუამავლობით საქართველოში მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთზე: _საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად ევროკავშირის უპრეცედენტო ჩართულობა ვიხილეთ - ორჯერ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი და ასევე, მისი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა. თქვენი აზრით, რაზე მიანიშნებდა ეს უპრეცედენტო ძალისხმევა/ჩართულობა და გარკვეულწილად, უკავშირდება თუ არა რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს, ვგულისხმობ ყარაბაღს, იყო მოსაზრებები, რომ იქ დასავლეთმა გარკვეულწილად დააგვიანა რეაგირება. ევროპარლამენტში, საქართველოს ყველა მეგობარი ნამდვილად ბედნიერია, რომ შარლ მიშელმა გადაწყვიტა მედიაცია მოლაპარაკებებში, ერთ-ერთი ყველაზე ღრმა პოლიტიკური კრიზისის დროს. ეს კრიზისები რეგიონში ერთმანეთს არ უკავშირდება, რადგან ეს კრიზისები ძალიან განსხვავდება - სამხედრო მოქმედებები და ომი, რომელიც მოხდა ყარაბაღში, არის ერთი საკითხი და ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, რომ ამ მიმართულებით, პრევენცია მოეხდინა ან დახმარება გაეწია. საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ნაწილია. აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან, მხოლოდ ორ ქვეყანას, საქართველოს და უკრაინას აქვთ ასეთი მტკიცე ურთიერთობები და რა თქმა უნდა, საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია. _შეთანხმების შემდეგ პარლამენტში ოპოზიცია პირველად შევიდა, შეთანხმებას ხელი მოაწერა ოპოზიციამ, რამდენიმე პარტიის გამოკლებით, როგორ შეაფასებთ არსებულ დინამიკას და მიმდინარე მოლაპარაკებებს ამნისტიის კანონპროექტზე? პირველ რიგში, იმედი მაქვს, ყველა ოპოზიციური პარტია შევა პარლამენტში და ეს პრობლემა გადაიჭრება. მე მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური პატიმრების საკითხი. ევროკავშირმა შესთავაზა მხარდაჭერა, როგორც ვიცი, ნიკა მელია დათანხმდა წინადადებას გირაოს გადახდის შესახებ და ეს კრიზისი გადაიჭრება. _ახლა, როდესაც ხელი მოეწერა შეთანხმებას, როგორ განვითარდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, როგორც ვიცით, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა მიზნის შესახებ, რომ 2024 წელს, ქვეყანა გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე... ეს შეთანხმება საქართველოში ახალი ეპოქის, ახალი ვითარების ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისია და საქართველოს სჭირდება ახალი მამოძრავებელი ძალა (DRIVE), არ იყოს მძევალი ერთი, ან სხვა პერსონალიების, არამედ შექმნას ახალი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ლიდერშიფით. ქვეყანას აქვს ამბიციური გეგმა 2024 წელს, წევრობაზე გააკეთოს განაცხადი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ლიდერი იყოს დემოკრატიული რეფორმების, პარლამენტარიზმის; უარი თქვას წარსულ ტრადიციაზე პოლიტიკაში, მათ შორის ვგულისხმობ სიძულვილის ენას. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ - როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ ამ მიზნებს მიაღწიონ საქართველოსთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში ახალი თაობა მოვიდეს, რომელიც როგორღაც შეცვლის ძველ ტრადიციას, რომელიც ჩემი აზრით, საუკეთესო არ არის. ამიტომაც შევიდა ქვეყანა ამ კრიზისში. ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა მმართველ პარტიასთან, ასევე ოპოზიციასთან, მათ ესმით ეს მიზნები, განაცხადეს, რომ არიან პროევროპელები და ევროატლანტიკური გზა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ ეს მიზანი გააერთიანებთ პოლიტიკურ პარტიებს. მიუხედავად განსხვავებული ხედვისა მომავლის და ზოგიერთი შიდა საკითხის, ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური საკითხების ირგვლივ გაერთიანება საქართველოსთვის. _ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღოს, რამდენად რეალისტურია, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემს, ან შეიძლება თუ არა არსებობდეს სხვა ინიციატივა, რომელიც მაგალითად შეიძლება გულისხმობდეს სპეციალურ პარტნიორობას? რა თქმა უნდა ეს რეალისტურია. ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ რეალისტური გზები. შესაძლოა, აპლიკაციას მეორე დღეს არ მოსდევს წევრობა, თუმცა შესაძლებელია, გამოინახოს ახალი გზები, ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ გახდე ევროკავშირის ნაწილი, ან მისი უფრო ახლო პარტნიორი. ახლა, ყველაფერი საქართველოს ხელშია, ყოველთვის ვამბობდი - ეს რეფორმები არ არის ევროკავშირისთვის, თქვენ გჭირდებათ ეს რეფორმები წევრობისთვის, ეს რეფორმები პირველ რიგში არის საქართველოს მოსახლეობისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის. თუ შენ ატარებ რეფორმებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გაქვს გაწევრიანებაზე ოფიციალური მიწვევა, ეს საქართველოსთვის და მისი განვითარებისთვის არის კარგი. ქვეყნები, რომლებიც შეუერთდნენ ევროკავშირს, უამრავ ბენეფიტს იღებენ. ჩვენ რეფორმებს არ ვატარებთ იმისთვის, რომ ოფიციალურად გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მხოლოდ წევრის სტატუსი არ არის საკმარისი, შენ გჭირდება, რომ იყო ევროპელი; რეფორმების გატარება, რომ შეცვალო ადამიანების მდგომარეობა ყველა მიმართულებით, მათ შორის სოციალური თუ ეკონომიკური. როდესაც პოლიტიკური ვითარება ევროკავშირში მიწვევის შესაძლებლობას მოგცემთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს ამისთვის მზად იმ მომენტისთვის. _რაც შეეხება უკრაინას, ხომ არ ფიქრობთ, რომ შეფასება - „არ მოახდინო რუსეთის პროვოცირება“, რეალურად არ მუშაობს და ხომ არ არის დრო NATO-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების? რუსეთის სამხედრო განლაგება უკრაინაში არ დასრულებულა. ამ დროისთვის, მათ შესაძლოა, განაცხადეს, რომ შეამცირეს ძალთა რაოდენობა, თუმცა ეს არ მომხდარა და მათ ოკუპირებული აქვთ ყირიმი, ისინი არიან აღმოსავლეთ უკრაინაში. ასე რომ, ვფიქრობ, ჯერ არაფერი დასრულებულა. მაგრამ როცა ზოგიერთი პოლიტიკოსი ევროპარლამენტში ჯერ კიდევ თვლის - „"არ მოახდინო რუსეთის პროვოცირება და ის დაგეხმარება“, მე ასე არ ვფიქრობ. შეცდომა იყო, როდესაც MAP-ი არ მისცეს საქართველოს და უკრაინას ბუქარესტში, 2008 წელს, და ამან პროვოცირება მოახდინა რუსეთის, ემოქმედა საქართველოს წინააღმდეგ, რადგან ჩათვალეს, რომ ეს NATO-ს სისუსტეა. ასე რომ, ამის საპირისპიროდ, პუტინი როგორც ოპორტუნისტი მოქმედებს. მე ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან უდიდესი პროვოკაცია, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მსგავსი ქვეყნებისთვის უსაფრთხოების ვაკუუმის შექმნაა. ეს არის უდიდესი პროვოკაცია პუტინისთვის, რომ იმოქმედოს.

მარინა კალიურანდი: მხოლოდ ერთი პარტიიდან დაყენებული მოთხოვნები არ შეუწყობს ხელს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას

ყველამ ნახა, რომ ეს შეთანხმება ადვილად მისაღწევი არ იყო. ეს არის დაბალანსებული და კომპრომისული ვარიანტი. საუკეთესო გამოსავალი კრიზისის დასასრულებლად. ეს შეთანხმება შესასრულებელია. საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა და გადაწყვეტილებები საქართველოში, პოლიტიკური ძალების მიერაა მისაღები, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა "ქრონიკას" განუცხადა. ევროპარლამენტარის თქმით, პოლიტიკური კრიზისის გამო სქართველომ 6 თვე დაკარგა და ახლა ბევრი რამ არის გასაკეთებელი. "დღეს გვაქვს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებული ხელმოწერილი დოკუმენტი და თუ მხოლოდ ერთი პარტიიდან არის მოთხოვნები დაყენებული, ეს არ შეუწყობს ხელს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას, არამედ პირიქით, ეს ისევ გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, ისევ დაძაბავს სიტუაციას, ისევ საქმე გვექნება პოლარიზაციასთან და ამ დროს, ქვეყანას რეფორმებზე ორიენტირებული პარლამენტი სჭირდება. მათ სინდისზეა, ვინც ჯერ ისევ არ შეერთებია შეთანხმებას და არ შესულა პარლამენტში, რადგან პოლიტიკოსები ამომრჩეველმა 2020 წლის არჩევნებზე აირჩია და მისცა მანდატი. დღეს გვაქვს შეთანხმება და ეს ნიშნავს მანდატით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მათი გადასაწყვეტია და არჩევანია, თუ სურთ განცალკევებული დგომა და არ უნდათ საპარლამენტო პოლიტიკური საქმიანობა. მე იმედი მაქვს, ქართველი ხალხი არჩევნების გზით პოლიტიკოსების საქმიანობას შეაფასებს" - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

პაატა იმნაძე: წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა ძალიან რეალისტურია

"წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა ძალიან რეალისტურია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა. "წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა ძალიან რეალისტურია იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, როგორ შეიძლება უფრო ფართოდ გაიშალოს. მოგეხსნებათ, ტრაგიკული შემთხვევის მერე, რაც მოხდა ვაქცინაციის კამპანიის დასაწყისში, შეიზღუდა სავაქცინო ადგილები კლინიკებით, ისიც ყველა კლინიკაში ახლა, ახლა კლინიკები გაფართოვდა და უკვე სინოფარმზე ჩაერთო პოლიკლინიკური ქსელი. დამერწმუნეთ, როცა ადამიანები დარწმუნდებიან, რომ უსაფრთხოა, ვაქცინაცია ყოველდღიური რუტინა გახდება. ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც ფართოდ გაიშლება ვაქცინაცია, ზაფხულიდან", - განაცხადა პაატა იმნაძემ.