ძებნის რეზულტატი:

სერგეი ლავროვის თქმით, მზადაა ენტონი ბლინკენს შეხვდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მზადაა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს რეიკიავიკში დაგეგმილ არქტიკის საბჭოზე შეხვდეს, თუკი ამის სურვილს თავად ბლინკენიც გამოხატავს. როგორც ლავროვი აცხადებს, თუ ვაშინგტონს მოსკოვთან საუბარი არ სურს, ეს მათი უფლებაა, თუმცა ეს ასევე გულისხმობს, რომ მოუწევთ „ცივი ომის“ ან უარეს პირობებში არსებობა, თუმცა „წითელი ხაზების“ გადაკვეთის ნებისმიერ მცდელობას, მკაცრი რეაქცია მოჰყვება. მისივე თქმით, რუსეთს ჯერ არ მიუღია შეერთებული შტატებისგან რაიმე სიგნალი იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი მზადაა მოსკოვთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს მრავალმხრივ ღონისძიებებში. ლავროვის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება, თუ ვაშინგტონი არ შეწყვეტს სუვერენის პოზიციიდან მოქმედებას

ჯო ბაიდენი: გასაოცარ პროგრესს მივაღწიეთ, COVID19-ის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რიცხვი შემცირდა

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ბოლო თვეების განბავლობაში, აშშ-მა კორონავირუსთან ბრძოლაში გასაოცარ პროგრესს მიაღწია. „გასაოცარ პროგრესს მივაღწიეთ ყველა თქვენგანის წყალობით. ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. თეთრი სახლის ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ მალე ვაქცინების სხვა სახელმწფოებისთვის გაზიარებას შეძლებს. „ვფიქრობ, შევძლებთ ვაქცინების გაზიარებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ვაქცინები რეალურად სჭირდებათ. ამის მოლოდინი და იმედი გვაქვს“, - განაცხადა ბაიდენმა.

რაზე გაამახვილეს ყურადღება შეთანხმებაზე ხელმომწერებმა პირველ საპარლამენტო სიტყვაში

ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმომწერები, 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, დღეს პარლამენტში პირველ ერთობლივ პლენარულ სესიას დაესწრნენ. რეგისტრაცია 107-მა დეპუტატმა გაიარა. სხდომას გიორგი ვოლსკი უძღვეოდა. პარლამენტის თავმჯდომარედ დღეს კახა კუჭავა აირჩიეს. სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ პირველ საპარლამენტო სიტყვაში „პოლიტპატიმარ ნიკა მელიას და გიორგი რურუას მიესალმა“, მან განაცხადა რომ კრიზისი დასრულებული არ არის, ვიდრე სრული ოპოზიციური სპექტრი არ არის გაერთიანებული შეთანხმების გარშემო. „ვერავინ და ვერასდროს ამოშლის ჩვენი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან, რაც იმ დღეს მოხდა და პარლამენტის ისტორიიდან ვერ ამოიშლება ის დღე, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად ამ დარბაზიდან გავაძევეთ ბატონი გავრილოვი. სამწუხაროდ, ვერც ის ამოიშლება, როდესაც ნიკა მელიას მოეხსნა იმუნიტეტი მის დასაპატიმრებლად. მაგრამ ამნისტია არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ იარების მოშუშებისკენ იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ჩაჭიდებული წარსულ დრამას და წარსულ ტკივილს, რათა შევძლოთ საზოგადოება წინსვლა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. „30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დარბაზში არ ვყოფილვარ, მაშინ უზენაესი საბჭოს წევრი ვიყავი. ამ 30 წლის განმავლობაში სამწუხაროდ, ჩვენ ყველა გამოწვევა დაგვრჩა სახელმწიფოში, რომლის გადალახვაც ამ პერიოდის განმავლობაში თავისუფლად შეგვეძლო. კვლავ ბატონობს სიძულვილი, დაპირისპირება, სიღატაკე, უნდობლობა. სამწუხაროდ, ჩვენ და პოლიტიკურმა კლასმა ვერ მოვახერხეთ, რომ ქვეყანა ოდნავ მაინც მიეახლოვებინა ევროპული სტანდარტებისათვის“, - ამ სიტყვებით კი პარლამენტში შეკრებილებს „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მიმართა. აუცილებელია, რომ ეს დოკუმენტი სრულფასოვნად განხორციელდეს იმისათვის, რომ დავანახოთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ საქართველო იმსახურებს ევროატლანტიკურ სრტუქტურებში სწრაფ გაწევრიანებას. ამისათვის აუცილებელია, რომ დასრულდეს პოლიტიკური ნიშნის მატარებელი სისხლის სამართლის ყველა საქმე. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადოება გაერთიანდეს. ჩვენი შეხვედრებისას ბრიუსელში ვნახეთ ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში, რომ ევროპელი მეგობრები მზად არიან, ჩვენს ქვეყანას მხარი დაუჭირონ იმისათვის, რომ საქართველო რეალურად მოემზადოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მათ მიერ გაჟღერდა ინიციატივა იმის თაობაზე, რომ ევროკავშირმა შემოიღოს ე.წ. საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნებისათვის. საქართველო შესაძლოა, იყოს ამ საგზაო რუკის მიღების კანდიდატი, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ წელს ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ჩატარდეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, განახლებული საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში და ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს 2022 წელს, რომლის შედეგადაც არჩეულ პარლამენტს ექნება ყველა უფლება, ევროკავშირს განაცხადით მიმართოს საქართველოს წევრობის კანდიდატად მიღების თაობაზე“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. „საკმაოდ რთული დღეა დღეს იმიტომ, რომ 6-თვიანი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ გადავდგით ნაბიჯი ამ კრიზისის მოგვარებისკენ, მაგრამ პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ დღეს კრიზისი მოგვარებული არ არის, დღეს უბრალოდ დიდი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ქვეყანა დავიხსნათ მძიმე პოლიტიკური კრიზისისგან, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ამ შეთანხმებას ზოგიერთი საკუთარ მარცხად აღიქვამს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ის მომენტი და შემთხვევაა, როცა ეს შეთანხმება ქართველი ხალხის გამარჯვებაა. ეს შეთანხმება უნდა იყოს ახალი ფურცელი როგორც ქართულ პოლიტიკაში, ასევე საქართველოს განვითარებაში, როდესაც საქართველოს თითოეულ პოლიტიკურ აქტორს უნდა ესმოდეს, რომ ყოველთვის უნდა მოუსმინოს სხვას, შეთანახმების გზით უნდა ვიაროთ. შეთანხმება არ არის ცუდი, შეთანხმება ეს არის ევროპული კულტურა, დასავლური კულტურა, ეს არის ის მისწრაფება, საითაც ჩვენ ყველანი მივდივართ, ეს არის ევროკავშირი, ნატო, დასავლეთის ცივილიზაციის სრულუფლებიანი წევრობა. რაც ყველაზე მეტად მახარებს, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ შეთანხმების შესრულებაზეა დამოკიდებული დაჩქარდება თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და გაღმავდება თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა, რომ არ გავაჭიანუროთ პროცესი და ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ დიდი კულტურა. და ბოლოს, დღეს ჩვენ უამრავი გაჭირვებული ადამიანი გვიყურებს და მათ მინდა ვუთხრა, რომ დღეიდან ჩვენ შევძლებთ ჩვენს ოპონენტებს პასუხი მოვთხოვოთ, რატომ არის ასეთი გაჭირვება ქვეყანაში და ვაიძულებთ, გემსახუროთ თქვენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. „რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება იყოს უფრო ფართო, ჩვენ ვიხილოთ ჩვენი ყველა ოპოზიციური კოლეგა, რომელიც შემოუერთდება ამ დოკუმენტს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი არის პირველი ნაბიჯების გადადგმა იქითკენ, რომ გაჩნდეს ნდობა, თითოეული ჩვენგანის მიმართ საზოგადოებისგან“, - ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ ხათუნამ სამნიძემ განაცხადა. „ძირითადად, რაც გვესმოდა ამ მოლაპარაკებების დროს ჩვენი პარტნიორებისგან, იყო, რომ არ არსებობს ნდობა ორ მხარეს შორის. ქართულ პოლიტიკასთან ძალიან ახლოს დგას სიტყვები: მტრობა, ჩასაფრება, აგრესია, დაპირისპირება, ხელის გადაგრეხვა და წარსულზე ჩაბღაუჭება. ამ შეთანხმებით, სადაც უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ვიხილოთ ორი ადამიანი, რომელზეც ამდენი თვეა ვსაუბრობთ, რომ არიან პოლიტიკური დევნის ობიექტები, თავისუფალი და ამით ჩვენს საზოგადოებას, პირველ რიგში, გავუჩინოთ ნდობა, რომ ჩვენ შესაძლებელია შევასრულოთ ყველა ის პუნქტი, რასაც ხელი მოვაწერეთ და რაზეც შევთანხმდით. ჩვენ შესაძლებელია ქართული პოლიტიკის დამახასიათებელ სიტყვებად ვაქციოთ: კომპრომისი, შეთანხმება, თანამშრომლობა, მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯები. მინდა ყველას გთხოვოთ, ამ ძალიან მყიფე და სახიფათო პროცესში შევძლოთ მტრობის და დაპირისპირების, ისევ კუნთების ჩვენების გარეშე შევთანხმდეთ ყველაზე მთავარ პირველ ნაბიჯზე, რაც ეხება ამნისტიის კანონი,“- განაცხადა სამნიძემ. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამნისტიის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების შეკრების შემდეგ უფრო მკაფიოდ დაფიქსირდეს, რომ ამნისტია არ შეეხებათ მათ, ვინც 20 ივნისის ღამეს მძიმე დაზიანებები მიაყენეს დემონსტრანტებს. „ძალიან ბევრი კითხვაა და ყველაზე მთავარი კითხვა, ხომ არ შეეხება ამნისტია იმ ადამიანებს, ვინც სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს დემონსტრანტებს. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, ორივე მხარემ გუშინ, რომ არა! - ამ ადამიანებს არ შეეხებათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს კიდევ სამუშაო შეხვედრების შემდეგ, უფრო მკაფიო იყოს ეს პოზიციები და შევძლოთ ამ პირველი ნაბიჯებით ნდობა აღვადგინოთ საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. ხვალ პარლამენტში დარეგისტრირდება ამნისტიის ორი კანონპროექტი – ერთი ოპოზიციის და ერთი „ქართული ოცნების“. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) 19 აპრილს მოეწერა ხელი.

ნიკა მელია: პარლამენტში 99.9% არ და ვერ შევალ

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ამნისტიის აქტის გავრცელება პოლიციელებზე. მისივე თქმით, თუკი საკანონმდელო ორგანო 20 ივნისის საქმეზე გამოსცემს ამნისტიას და ის დაკავებულ პოლიციელებსაც შეეხება, მელიას ფაქტობრივად გადაწყვეტილი აქვს, რომ არ შევა პარლამენტში. „იმ პარლამენტში, სადაც მოხდება ყველა მოძალადეზე და ყველა ჯალათზე ამნისტიის გავრცელება, მე პირადად გამიჭირდება იქ შესვლა. 99.9% მე იქ ვერ და არ შევალ", - განაცხადა მელიამ „ტვ პირველთან" სატელეფონო საუბრისას.

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს შეთანხმების განსახორციელებლად

ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს შეთანხმების განსახორციელებლად, შეთანხმებული ვადების შესაბამისად, - ამის­ შესახებ 19 აპრილის შეთანხმების შესრულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, შეუერთდნენ შეთანხმებას. „გულითადად მივესალმებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად. დღეს, ოპოზიციური პარტიებისმხრიდან შეთანხმებაზე ხელმომწერნი შევიდნენ პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების სახელით საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად აირჩიეს ახალი სპიკერი და ამზადებენ კანონპროექტს პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხის მოსაგვარებლად. საქართველოს პრეზიდენტმა ამ ვალდებულების განსახორციელებლად თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენა. ეს იყო რთული გადაწყვეტილებები, რომელსაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამბედაობა სჭირდებოდა. ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს შეთანხმების განსახორციელებლად, შეთანხმებული ვადების შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგის წინ წასაწევად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, შეუერთდნენ შეთანხმებას და ხელი შეუწყონ მის განხორციელებას, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე", - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს ,,მინისტრის საათის" ფორმატში ელოდებიან. მინისტრი სესიაზე მისი უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს და ასევე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, კანონმდებლების კითხვები ძირითადად პანდემიას და მისგან მომდინარე გამოწვევებს შეეხება. პარტიების „გირჩის“, „მოქალაქეებისა“ და „ევროპელი სოციალისტებისგან“ განსხვავებით, პლენალურ სხდომაზე დასწრებას არ აპირებს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის უმრავლესობა.

ჯანმო: კორონავირუსის ინდური შტამი სულ მცირე 17 ქვეყანაში გამოვლინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, COVID19-ის ინდური ვარიანტი მინიმუმ 17 ქვეყანაშია გამოვლენილი. როგორც გამოცემა Guardian-ი წერს, ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის ინდური ვარიანტის – B.1.617-ის ყველაზე მეტი შემთხვევა აღრიცხულია ინდოეთში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სინგაპურში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინდური შტამი ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა. მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ ინდოეთში ეპიდაფეთქება სწორედ კორონავირუსის ე.წ. ინდური ვარიანტის გავრცელებით არის გამოწვეული. ცნობისთვის, ინდოეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების ფონზე, მსოფლიოს ქვეყნების ნაწილმა ინდოეთთან მიმოსვლა შეაჩერა და ინდოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღება აკრძალა.

აშშ-ში ვაქცინირებულ ადამიანებს გარეთ გასვლა პირბადის გარეშე შეეძლებათ

აშშ-ში სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს გარეთ გასვლა პირბადის გარეშე შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას Usa Today ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, CDC-ის რეკომენდაციების მიხედვით, ვაქცინირებულ ადამიანებს უკვე შეუძლიათ პირბადე არ ატარონ სიარულის, სირბილის, ველოსიპედით სეირნობისას თუ ლაშქრობისას. მათ პირბადის ტარება არ დასჭირდებათ ასევე რესტორნების გარე სივრცეებში, მცირე შეკრებებსა თუ ოჯახურ თავყრილობებზე. თუმცა, კვლავ სავალდებულო იქნება პირბადის ტარება იმ საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ამის მოთხოვნა არსებობს. ”თუ თქვენ სრულად ხართ აცრილი, თქვენთვის ყველაფერი ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მათთვის, ვინც ჯერ არ არის ვაქცინირებული", - განაცხადა CDC-ის დირექტორმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის საკითხებში განახლებული რეკომენდაცია გაიცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში ზრდასრული მოქალაქეების ნახევარზე მეტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა გაიკეთა. როგორც ცნობილია, აშშ-ში ბოლო კვირაში COVID19-ის დღიური შემთხვევების რაოდენობა 16%-ით შემცირდა. ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა კი მიღებული აქვს 140 მილიონზე მეტ ადამიანს. ვაქცინაცია აშშ-ში სამი ავტორიზებული ვაქცინით მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, აშშ-ის მოსახლეობის 29% სრულად ვაქცინირებულია, 43%-ს კი მიღებული აქვს ორდოზიანი ვაქცინის პირველი დოზა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 551 ადამიანს დაუდასტურდა, 878 გამოჯანმრთელდა, 17 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 487 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 878 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 609 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 307 401-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.63%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 878 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 288 816-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 077 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარა - 121, იმერეთი - 101, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 69, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 130, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 482, საიდანაც: 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 101, აჭარაში - 435, იმერეთში - 415. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 732 პირი, მათ შორის, თბილისში - 381, აჭარაში - 68, იმერეთში -94. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 156 პირი, მათგან თბილისში - 107, აჭარაში - 11, იმერეთში - 9. 707 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 373 - თბილისში, 306 - აჭარაში. 9 995 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 221 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 217, ხოლო აჭარაში - 3. სულ 6 ოქტომბრიდან - 27 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 532 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 888 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 133 პირი, აჭარაში - 2 634, იმერეთში - 1 720.

საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 3.5%-ით გაიზრდება — აზიის განვითარების ბანკი

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 3.5 პროცენტით არის მოსალოდნელი, კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) პანდემიის შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისა და შიდა მოთხოვნის გამოცოცხლების ხარჯზე, – ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში. აზიის განვითარების პროგნოზის (ADO) 2021 — ბანკის მთავარი ყოველწლიური ეკონომიკური გამოცემის მიხედვით ADB საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 2022 წელს 6%-ით ვარაუდობს, რადგან ეკონომიკის სრული გახსნა და ტურიზმის მოსალოდნელი აღდგენა მოგზაურობისა და ვაჭრობის სტიმულირებას მოახდენს. “როგორც ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკა, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა განაახლოს და 2022 წელს კიდევ უფრო დააჩქაროს,“ განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა. “ვაქცინაცია ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გასაღებია. ამავდროულად, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე წვდომის გამარტივება, ელექტრონული კომერციის გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაცია საკვები პროდუქტების ექსპორტის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა.“ ADB 2021 წელს ინფლაციის 5.0%-მდე შენელებას ვარაუდობს, 2022 წელს კი 3.5%-მდე. მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2021 წელს მშპ-ს 10 პროცენტამდე შემცირდება, 2022 წელს კი 7 პროცენტამდე, რადგან საქონლის ბალანსი და ტურიზმი ეტაპობრივად მოიმატებს. მთავრობის მიერ სურსათის უწყვეტი მიწოდებისკენ მიმართული ღონისძიებების შედეგად ADB 2021 წელს სოფლის მეურნეობის 3.2%, ხოლო 2022 წელს 3.9% ზრდას ელოდება. 2021 წელს ინვესტიციები დამუხრუჭდება, რადგან კერძო ინვესტიციები 7.5%-ით დაიკლებს, თუმცა ზრდაა მოსალოდნელი მომავალ წელს. მსოფლიოში გაჯანსაღების მძლავრი ტენდენციის ფონზე ექსპორტი 2021 წელს 7.1%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 წელს — 20.4%-ით. იმპორტი მოიმატებს ზომიერად, 2021 წელს 3.6%-ით, ხოლო 2022 წელს — 8.9%-ით. ADB-ის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობა საფერმო მეურნეობის ცოდნის, კავშირების, ფინანსებთან წვდომისა და ტექნიკური შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად. სოფლის მეურნეობის წარმოების ტექნოლოგიური გაუმჯობესება, ბაზარზე წვდომის გამარტივება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას და გაზრდის საექსპორტო პოტენციალს. მთავრობამ ასევე უნდა განაგრძოს ინვესტიციების წახალისება საირიგაციო სისტემებში, პროდუქტიულობის გაზრდის, სოფლის მეურნეობის საექსპორტო ნაწარმის ხარისხის გაუმჯობესებისა და ევროკავშირისა და სხვა განვითარებული ბაზრების სტანდარტიზაციის მოოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით. ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში ADB-ის განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, დმანისში მაღალტექნოლოგიური ფერმა გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, დიეგო კოლასთან და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად, შპს ,,დმანისის მეცხოველეობის" ფრანგულ-ქართული ფერმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. „ამ პროექტის მომზადება მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინვესტორებთან ერთად, ჩვენი სამინისტრო პირველივე დღიდან იყო პროცესში ჩართული. საფრანგეთის სოფლის მეურნეობის და ფინანსთა სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით პროექტი შედგა. საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრომ, ჩვენი თხოვნით, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის წარმოების და ბაზრის დეტალური კვლევა დააფინანსა. ამ კვლევის ჩატარების შემდგომ, მაღალი დონის პროფესიონალები ჩაერთვნენ პროექტირებაში და დღეს უკვე გვაქვს ახალი ჯიშის პირველი ლოტი. ეს არის ფრანგული, სალერსის ჯიში, რომელიც საქართველოში შემოვიდა, რომელიც მთის ცივ კლიმატს კარგად ეგუება და დმანისისთვის იდეალურია. დმანისში გახსნილ ახალ ფერმაში გამოყენებულია ტექნოლოგიური სიახლეები, მიღწევები და ფრანგული გამოცდილება. ეს პროექტი მეხორცული მიმართულებით სწრაფად განვითარებას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, რომ ეს მეურნეობა შეძლებს როგორც ადგილობრივი, ასევე არაადგილობრივი ბაზრის ხარისხიანი ხორცით მომარაგებას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. „ვფიქრობ, საქართველოს სოფლის მეურნეობას დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ გვსურს, მოვიზიდოთ ფრანგი ინვესტორები, რათა მათ, ინვესტიციების განხორციელებით, მონაწილეობა მიიღონ ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაში", - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლამ.შპს „დმანისის მეცხოველეობა“ ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმაა. ფერმის მოსაწყობად ჯამური ინვესტიცია 10 მილიონი ლარია, მათ შორის, 6 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. ფერმა გათვლილია მეხორცული ჯიშის სადედე საქონელზე. დღეისათვის, ფერმაში სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვია, რომლებიც საფრანგეთიდან ჩამოიყვანეს. ფერმა სრული ციკლის წარმოებისათვის პირუტყვის საკვებსაც აწარმოებს.დმანისში, სოფელ ზემო ყარაბულახში, ახალი ფერმის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ილია თამარაშვილი, კომპანიის ქართველი ინვესტორი არჩილ გიორგაძე, კომპანიის ფრანგი დამფუძნებელი ჟაკ ფლური, რომელსაც საქართველოში აგრო-ინდუსტრიული მიმართულებით საქმიანობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი დღეიდან საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი დღეიდან საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. პირისპირ შეხვედრა გაიმართება ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთანაც, რის შემდეგაც ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრაც შედგება. ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისშიც გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად არსებულ ვითარება სადგილზე გაეცნობა. ის ასევე, პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ცნობისთვის, ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს გუშინ ეწვია.

ქვეყანაში ვაქცინაცია სულ 41 801-მა ადამიანმა ჩაიტარა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1 706-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 41 801-მა მოქალაქემ ჩაიტარა, სრულად ვაქცინირებულია 4 397 ადამიანი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 307 401 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 816, გარდაიცვალა 4 077 პაციენტი.

ლუის ნავარო: ეს შეთანხმება ერთადერთი კონკრეტული კომპონენტია მთავრობისა და ოპოზიციის ნების გამოსაცდელად

„ეს შეთანხმება ერთადერთი კონკრეტული კომპონენტია მთავრობისა და ოპოზიციის ნების გამოსაცდელად“, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, ლუის ნავარომ Europetime-ს განუცხადა. „ამ კრიზისის გამო, ხშირად ვისმენდით განცხადებებს, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად ზიანდება და რომ ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს საფრთხეც დაემუქრებოდა, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ, როგორ ფიქრობთ, ქვეყანამ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, რამდენად შეძლო ამ საფრთხის თავიდან აცილება და საბოლოოდ, იმიჯის ასე თუ ისე შენარჩუნება?“, - Europetime-ის ამ შეკითხვას საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, ლუის ნავარომ უპასუხა. „ეს დამოკიდებულია იმაზე, გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია, მიუხედავად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ევროპული საქართველოს მცდელობისა, შექმნან მეტი წინაპირობები ევროკავშირის მიერ შემუშავებულ და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე. თუ „ქართული ოცნება“ მიჰყვება ამ გზას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ უარის მიუხედავად, ისინი უფრო მეტ ნებას გამოავლენენ, განაგრძონ ევროპული გზა, ვიდრე ეს ორი უდიდესი ოპოზიციური პარტია. ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის განზრახვის გათვალისწინებით უნდა გაირკვეს, თუ რა ზღვარს დაიცავს მთავრობა შეთანხმების სულისკვეთების სისრულეში მოსაყვანად, რომელიც წარსული კონფლიქტების გარკვევას და უფრო წარმომადგენლობითი დემოკრატიისკენ მიმავალ გზას ისახავს მიზნად. ერთი პარტიის ექსკლუზიური მმართველობის ტრადიციის დარღვევა აუცილებელია, თუ საქართველო აპირებს, მიაღწიოს თავის მისწრაფებებს. ეს შეთანხმება ერთადერთი კონკრეტული კომპონენტია მთავრობისა და ოპოზიციის ნების შესამოწმებლად, შეუძლიათ თუ არა გადალახონ სააკაშვილის და ივანიშვილის პოლიტიკის ტოქსიკური გავლენის ზღვარი, რომელიც ხალხს მათი ახირებების მძევლად აქცევს“, - განაცხადა ლუის ნავარომ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) 19 აპრილს მოეწერა ხელი.

ანა ფოტიგა: გულწრფელად მივესალმები გიორგი რურუას გათავისუფლებას. მოუთმენლად ველოდები ნიკა მელიას დროულად გათავისუფლებას

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში ვიზიტს ელის. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს. ანა ფოტიგას გვერდზე ტექსტი ქართულად გამოქვეყნდა. „გულწრფელად მივესალმები გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას. ასევე, მოუთმენლად ველოდები ნიკა მელიას დროულად გათავისუფლებას, საქართველოში ვიზიტს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ მეგობრებთან პირადად შეხვედრას“, - წერს ევროპარლამენტარი. გიორგი რურუა პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის შემდეგ მოაწერა ხელი.

რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის - პაატა იმნაძის განმარტება

დღეს დილის მონაცემებით, ჩინურ ვაქცინაზე Sinopharm-ზე რეგისტრაცია 6 700-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, რეგისტრაციის კუთხით აქტიურია თბილისი და დედაქალაქში ჩინური ვაქცინით აცრისთვის უკვე 4 500-მდე ადამიანი დარეგისტრიდა. ,,ჯერჯერობით პორტალი გახსნილია 15 მაისამდე, ასე რომ ძალიან აქტიურად დაიწყო რეგისტრაცია, რაც ძალიან სასიხარულოა იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან თუ რა მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ვაქცინაცია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჩაიტაროს. განსაკუთრებით აქტიურია ისევ და ისევ თბილისი, 4 500-მდე ადამიანია დედაქალაქში დარეგისტრირებული. რეგისტრაცია რა თქმა უნდა გაფართოვდება და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ვაქცინაცია ქვეყანასი წარმატებით გაგრძელდება", - განაცხადა იმნაძემ. ცნობისთვის, 18 წლის ზემოთ მოქალაქეების Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია გუშინ დაიწყო, 4 მაისიდან კი ვაქცინაცია დაიწყება.

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ალი ნაგიევს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, საუბარი შეეხო უსაფრთხოების კუთხით ურთიერთთანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი ტაიგ ეინულაევი, ხოლო, საქართველოს მხრიდან - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაესწრნენ.

მარინა კალიურანდი: საქართველოს სჭირდება დემოკრატიული პარლამენტი პასუხისმგებლიანი მმართველი პარტიით და ოპოზიციით

„საქართველოს სჭირდება დემოკრატიული პარლამენტი პასუხისმგებლიანი მმართველი პარტიით და ოპოზიციით“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი Twitter-ზე წერს. „მოხარული ვარ, რომ გავიგე საქართველოს პარლამენტმა სესია დაიწყო ოპოზიციის წევრთა მნიშვნელოვანი რაოდენობით. საქართველოს სჭირდება დემოკრატიული პარლამენტი, პასუხისმგებლიანი მმართველი პარტიით და ძლიერი ოპოზიციით“, - წერს ევროპარლამენტარი.

რუსეთი შავ ზღვაში სამხედრო საზღვაო წვრთნების ჩატარებას აპირებს

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, უკრაინაში დაძაბულობის ფონზე, რუსეთის საზღვაო ძალების კრეისერი აპირებს ჩაატაროს წვრთნები შავ ზღვაში. გამოცემის ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობას რუსული კრეისერი „მოსკვა“ მიიღებს, სხვა გემებთან და სამხედრო ვერტმფრენებთან ერთად. რუსეთის საზღვაო ფლოტის განცხადებით, ისინი აკვირდებიან ამერიკული კატარღის მოძრაობას. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტის პრესსამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია, აშშ-ის მიერ ჰამილტონის კლასის კატარღის შავ ზღვაში გაგზავნის შემდეგ გაავრცელა. რუსული სამხედრო წვრთნების ბოლო სერია შავ ზღვაში გასულ კვირას განხორციელდა ყირიმთან, რაც მოსკოვის განცხადებით, შავი ზღვის ნაწილზე უცხოური სამხედრო გემების დაშვების შეზღუდვას ემსახურებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე და ლიეტუვისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილი გაბრიელიუს ლანდსბერგისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებაზე ესაუბრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ამ გზაზე ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შეტანისთვის ემზადება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა აფასებს ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით მსოფლიოში COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად. პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვას კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის აღმოჩენილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მეგობარი სახელმწიფოს მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის პროცესში, ვინაიდან ვაქცინაციასა და სახელმწიფოების ერთობლივ ძალისხმევას პანდემიის დამარცხების კუთხით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.