ძებნის რეზულტატი:
ხვალ AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება
ხვალ, 5 მაისიდან Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება, ვაქცინაციის პროცესი კი 10 მაისიდან დაიწყება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში. აღსანიშნავია, რომ ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ჩაიტარა ასტრაზენეკას ვაქცინით. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად მოქალაქეები უნდა ეწვიონ ვებგვერდს booking.moh.gov.ge-ს ან დარეკონ ნომერზე 1522. შეგახსენებთ, 6 მაისს ქვეყანა ელოდება 43 ათასზე მეტ დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, რომლის მიღებაში მას „იუნისეფი“ ეხმარება. ვაქცინების ანალოგიური რაოდენობის პირველი პარტია ქვეყანამ 13 მარტს მიიღო.
მარიო დრაგი: დრო მოვიდა, თქვენი არდადეგები იტალიაში დაგეგმოთ
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი უცხოელ ტურისტებს მოუწოდებს, რომ ზაფხულის არდადეგები იტალიაში გაატარონ და დაისვენონ. დრაგი აცხადებს, რომ მიუხედავად პანდემიისა, საჭიროა მკაფიო და მარტივი წესების შემუშავება, რათა ტურისტებს კიდევ ერთხელ შეეძლოთ თავისუფლად მოგზაურობა. მისივე თქმით, მოგზაურობის მსურველებს მაისიდან, როდესაც იტალიას საკუთარი ,,მწვანე პასპორტი" ექნება, შეეძლებათ ქვეყანაში მოგზაურობა. „ევროკავშირი ვაქცინაციის სერთიფიკატს ივნისის შუა რიცხვებში შემოიღებს, ნუ დაველოდებით ივნისს. იტალიას მაისის შუა რიცხვებში საკუთარი „მწვანე პასპორტი“ მზად ექნება. დრო მოვიდა, თქვენი არდადაგები იტალიაში დაგეგმოთ“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს თანახმად, საერთაშორისო ტურისტთა ჩამოსვლამ გლობალური მასშტაბით 73% -ით დაიკლო 2020 წელს და პანდემიის შედეგად თითქმის 62 მილიონი სამოგზაურო და ტურიზმის სამუშაო ადგილი დაკარგა.
ენტონი ბლინკენი: აშშ-ის ადმინისტრაცია მტკიცედ ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანელ კოლეგას, ჰაიკო მაასს განუცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტის მშენებლობას მტკიცედ ეწინააღმდეგება. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „დღეს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაიკო მაასს G7-ის მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა. მან ხაზი გაუსვა აშშ-გერმანიის ურთიერთობის მნიშვნელობას და ჩვენს სურვილს, ვითანამშრომლოთ საერთო პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე. სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვეს ნატოს 2030 წლის დღის წესრიგის კოორდინაციის, ავღანეთიდან ჯარების გაყვანისა და რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მტკიცედ ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტს. სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა აუცილებელია რუსეთის, ჩინეთისა და ირანის დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობის ფონზე“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გაიმართება. ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლებს. დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან. ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.
BBC - ბელგიელმა ფერმერმა შემთხვევით საფრანგეთთან საზღვარი გადაწია
BBC-ის ინფორმაციით, ბელგიელმა ფერმერმა შემთხვევით საფრანგეთთან საზღვარი გადაწია. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, აღნიშნული ფაქტი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ისტორიით დაინტერესებულმა ადგილობრივმა ტყეში სეირნობისას აღმოაჩინა, რომ ქვა, რომელიც ქვეყნებს შორის საზღვარს ადგენდა 2.29 მეტრით იყო გადაადგილებული. როგორც აღმოჩნდა, ეს ერთი ბელგიელი ფერმერის „ბრალი“ იყო - ქვა მის ტრაქტორს გადაადგილებაში ხელს უშლიდა, ამიტომ მან მისი გადაადგილება გადაწყვიტა და საფრანგეთის მხარეს გადაწია. შედეგად, საფრანგეთის ტერიტორია შეამცირა, ბელგიისა კი გაზარდა. BBC აღნიშნავს, რომ საფრანგეთისა და ბელგიის საზღვარი 620 კილომეტრზეა გადაჭიმული და ის ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონის დამარცხებიდან 5 წლის შემდეგ, 1820 წელს დადგინდა. ქვა კი, რომელიც ფერმერმა გადაადგილა 1819 წლით თარიღდება როდესაც საზღვარი პირველად დადგინდა. ფრანგულმა მხარემ აღნიშნა, რომ “სასაზღვრო ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება”. ადგილობრივი უწყებები გეგმავენ დაუკავშირდნენ ფერმერს და სთხოვონ ქვა პირვანდელ ადგილას დააბრუნონ იმ შემთხვევაში კი თუ ეს არ მოხდება, საქმეში ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთვება.
ხვალ შს მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. „5 მაისს, 10:00 საათზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) შინაგან საქმეთა მინისტრი, თანამშრომლებთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
5 მაისს ფინანსთა მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება
5 მაისს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „5 მაისს, 16:00 საათზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში
ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინს ევროპაში ივნისში შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ევროპაში ივნისში დაგეგმილი ვიზიტისას შეხვდება. ამის შესახებ ბაიდენმა პრესკონფერეციაზე მედიის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ეს არის ჩემი იმედი და მოლოდინი. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტი 11-13 ივნისს ინგლისში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გეგმავს დასწრებას. ამის შემდეგ ჯო ბაიდენი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება და 14 ივნისს ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ვაქცინაციის პროცესში დღეიდან მთავრობის წარმომადგენლები ერთვებიან
მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. დღეს ორი მინისტრი აიცრება. 10:00 საათზე ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩაიტარებს ვაქცინაციას. შსს-ში აცხადებენ, რომ მინისტრთან ერთად აიცრებიან უწყების სხვა თანამშრომლებიც. 16:00 საათზე კი, იმავე სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აიცრება. ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.
დღეიდან AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება
5 მაისიდან Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება, ვაქცინაციის პროცესი კი 10 მაისიდან დაიწყება. რეგისტრაცია 20:00 საათიდან გაიხსნება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში. აღსანიშნავია, რომ ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ჩაიტარა ასტრაზენეკას ვაქცინით. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად მოქალაქეები უნდა ეწვიონ ვებგვერდს booking.moh.gov.ge-ს ან დარეკონ ნომერზე 1522. შეგახსენებთ, 6 მაისს ქვეყანა ელოდება 43 ათასზე მეტ დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, რომლის მიღებაში მას „იუნისეფი“ ეხმარება. ვაქცინების ანალოგიური რაოდენობის პირველი პარტია ქვეყანამ 13 მარტს მიიღო.
დღეს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გაიმართება. ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლებს. დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან. ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.
ვახტანგ გომელაური ,,სინოფარმის" ვაქცინით აიცრა
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ,,სინოფარმის" ვაქცინით აიცრა. მან ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკაში) ჩაიტარა. აღსანიშნავია, რომ დღეიდან ვაქცინაციის პროცესში მთავრობის და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. დღეს ასევე ვაქცინაციას ჩაიტარებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილიც, რომელიც იმავე კლინიკაში 16:00 საათზე აიცრება.
ჯენ ფსაკი: აგრესიული ქმედებების ან რიტორიკის შემთხვევაში, აშშ უფლებას იტოვებს, რუსეთს პასუხი აგებინოს
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აგრესიული ქმედებების ან რიტორიკის შემთხვევაში, აშშ უფლებას იტოვებს, რუსეთს პასუხი აგებინოს. „ჩვენ მკაფიო მესიჯს ვაფიქსირებთ იმის შესახებ, რომ არ ვცდილობთ ურთიერთობის ესკალაციას რიტორიკის ან ქმედებების თვალსაზრისით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიტოვებთ უფლებას რუსეთს პასუხი ვაგებინოთ, თუ მათი ქმედებები ამას მოითხოვს. სტაბილური ურთიერთობები გვსურს, რომლის ფარგლებშიც ერთად ვიმუშავებთ ისეთ სფეროებში, სადაც ეს კონსტრუქციულია“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 171 ადამიანს დაუდასტურდა, 1 704 გამოჯანმრთედა, ხოლო 24 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 648 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 736 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 171 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 315 913-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.33%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.27%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 074 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 296 532 მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 207 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა - 135, იმერეთი - 202, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 82, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 70, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 148, საიდანაც: 4 289 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 449, აჭარაში - 499, იმერეთში - 417. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 839 პირი, მათ შორის, თბილისში - 413, აჭარაში - 87, იმერეთში -104. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში - 112, აჭარაში - 11, იმერეთში - 12. 744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 410 - თბილისში, 307 - აჭარაში. 10 115 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 69, ხოლო აჭარაში - 14. სულ 6 ოქტომბრიდან - 4 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 603 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 759 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 27 677 პირი, აჭარაში - 2 370, იმერეთში - 784.
დონალდ ტრამპმა კომუნიკაციის ახალი ვებპლატფორმა აამოქმედა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კომუნიკაციის ახალი პლატფორმა www.donaldjtrump.com აამოქმედა. პლატფორმაზე დონალდ ტრამპის განცხადებები და მიმართვებია განთავსებული, რომლის გაზიარება მომხმარებლებს Facebook-სა და Twitter-ზე შეუძლიათ, თუმცა კომენტარების დატოვების ფუნქცია არ არის. ცნობისთვის, 6 იანვარს ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ სოციალურმა ქსელმა „ტვიტერმა“ ჯერ კიდევ მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტის პირადი მიკრობლოგი დაბლოკა. „ფეისბუქმა“ და ვიდეოპორტალმა „იუთუბმა“ კი, მას ანგარიშები დროებით შეუჩერეს. მას შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტი განცხადებებს პრესრელიზების სახით აქვეყნებს, რომლებიც ამიერიდან ახალ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. მომხმარებლები დონალდ ტრამპის ვებგვერდის მასალების გაზიარებას „ტვიტერში“ და „ფეისბუქში“ შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ დღეს კომპანია „ფეისბუქის“ საზედამხედველო საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაბლოკოს თუ არა ტრამპის ანგარიში სამუდამოდ. თუ დონალდ ტრამპს შეზღუდვას მოუხსნიან, „ფეისბუქს“ შვიდი დღე ექნება იმისთვის, რომ ყოფილ პრეზიდენტს სოციალური ქსელის ანგარიში აღუდგინოს.
შს მინისტრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე: ეს კანონი ყველაზე მოქმედებს, მათ შორის ჩემს შვილზეც
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ კანონი ყველაზე მოქმედებს. „ადამიანი არღვევდა ვთქვათ 10-ჯერ ამ კანონს, 166-ე ან 173-ე მუხლს და ეს თემა შენიშვნით იფარგლებოდა. ეს ხშირად ხდებოდა და ახალისებდა ზოგ-ზოგიერთებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, როცა აშავებ, უნდა დაისაჯო კიდეც. ხვალ მეც ვიქნები მოქალაქე, ჩემი შვილიც მოქალაქეა და ეს კანონი ყველაზე მოქმედებს. არა მარტო ოპოზიციაზე, როგორც საუბრობენ, არამედ ყველაზე იმოქმედებს, მათ შორის ჩემს შვილზე და ყველაზე“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ენტონი ბლინკენი: რუსეთზე ზეწოლის განხორციელებაა საჭირო, რათა მან თავისი საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლის განხორციელებაა საჭირო, რათა მან თავისი საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს. „ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა რუსეთის ქმედებები გამოვავლინოთ, რუსეთს პასუხისმგებლობა დავაკისროთ თავისი ქმედებებისთვის და მოსკოვზე ზეწოლა განვახორციელოთ, რათა მან თავისი საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს“, - დაწერა ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე.
რა უნდა ვიცოდეთ COVID19-ის ვაქცინების შესახებ
COVID-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შემუშავებას, სპეციალისტები პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის პროცესში უდიდეს წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. ვაქცინების ირგვლივ არსებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით, UNICEF-მა ექსპერტთა მიერ მიწოდებული უახლესი ინფორმაცია შეკრიბა. ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ მასალაზე დაყრდნობით, Europetime ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს გთავაზობთ: როგორ მუშაობს COVID-19-ის ვაქცინები? ვაქცინები დაავადების გამომწვევი ინფექციური აგენტების - ვირუსების, ბაქტერიების ან სხვა მიკროორგანიზმების იმიტაციის გზით მოქმედებს. ისინი ჩვენს იმუნურ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ სწრაფად და ეფექტურად რეაგირებას „ასწავლიან“. ტრადიციულად, ეს მიიღწევა ორგანიზმში ინფექციური აგენტის დასუსტებული ფორმის შეყვანის გზით, რაც ჩვენს იმუნურ სისტემას მისი დამახსოვრების საშუალებას ძლევს. ამის შედეგად, ჩვენს იმუნურ სისტემას შეუძლია, სწრაფად იცნოს ინფექცია და ებრძოლოს მას ვიდრე ავად გავხდებით. COVID-19-ის საწინააღმდეგო ზოგიერთი ვაქცინა სწორედ ამ პრინციპით არის შექმნილი. COVID-19-ის სხვა ვაქცინები ახალი მიდგომების გამოყენებით შემუშავდა. მათ მესენჯერ RNA ან mRNA ვაქცინებს უწოდებენ. ანტიგენების შეყვანის ნაცვლად (ანუ ნივთიერებისა, რომლის ზემოქმედებით ჩვენი იმუნური სისტემა ანტისხეულებს წარმოქმნის), mRNA ვაქცინა ჩვენს ორგანიზმს გენეტიკურ კოდს სძენს, რომელიც იმუნურ სისტემას ანტიგენის გამოსამუშავებლად სჭირდება. mRNA ვაქცინის ტექნოლოგია რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მუშავდებოდა. ეს ვაქცინები არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს და ზემოქმედებას არ ახდენს ადამიანის დნმ-ზე. არის თუ არა COVID-19-ის ვაქცინები უსაფრთხო? დიახ, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის ვაქცინები ძალიან სწრაფად მუშავდება, მათ კლინიკური კვლევების პროცესში მკაცრი ტესტირება უნდა გაიარონ იმის დასადასტურებლად, რომ ისინი აკმაყოფილებენ საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სტანდარტებს. მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში ვაქცინა შეიძლება დამტკიცდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოების მიერ. გაეროს ბავშვთა ფონდი ყიდულობს და აწვდის მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ უსაფრთხოების და ეფექტურობის კრიტერიუმებს და დამტკიცებულია მარეგულირებელი ორგანოების მიერ. როგორ მოხერხდა COVID-19-ის ვაქცინების შემუშავება ასე სწრაფად? კვლევასა და განვითარებაში ჩადებული უპრეცედენტო ინვესტიციების და გლობალური თანამშრომლობის შედეგად, მეცნიერებმა COVID-19–ის წინააღმდეგ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შემუშავება რეკორდულ დროში მოახერხეს. ამ პროცესში დაცული იყო უსაფრთხოების ყველა სტანდარტული პროცედურა და მკაცრი მარეგულირებელი სტანდარტები. უაღრესად იმედისმომცემია ის, რომ COVID-19-ის იმ ვაქცინების გარდა, რომლებიც ამჟამად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, არსებობს შემუშავების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი 200–ზე მეტი „კანდიდატი“ ვაქცინა. ამათგან რამდენიმე ვაქცინა კლინიკური კვლევების მე-3 ფაზაშია (ვაქცინის დამტკიცების ბოლო ეტაპზე). COVID-19-ის რომელი ვაქცინაა ჩემთვის საუკეთესო? გამოცდილებამ აჩვენა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ყველა ვაქცინა ძალზე ეფექტურია COVID-19–ის მძიმე დაავადებისგან დასაცავად. საუკეთესო ვაქცინა ისაა, რომელიც ყველაზე ხელმისაწვდომია თქვენთვის! ეფექტურად დაგვიცავს თუ არა COVID-19-ის საწინაამდეგო ვაქცინები დაავადების ახალი შტამებისგან? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ დღემდე დამტკიცებული ვაქცინები სავარაუდოდ გარკვეულწილად ახალი შტამბებისგანაც იცავს. მსოფლიოს ექსპერტები გამუდმებით სწავლობენ ახალი შტამების ზემოქმედებას ვირუსის ქცევაზე, მათ შორის, მათ პოტენციურ ზემოქმედებას COVID-19 ვაქცინების ეფექტურობაზე. თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ერთი ან მეტი შტამის მიმართ, შესაძლებელი იქნება მისი შემადგენლობის შეცვლა აღნიშნული შტამებისგან დასაცავად. მომავალში შეიძლება საჭირო გახდეს ცვლილებების შეტანა იმუნიზაციის პროცესში, როგორიცაა განმეორებითი ვაქცინაციის გამოყენება და სხვა სიახლეების შემოღება. მაგრამ მანამდე მნიშვნელოვანია ავიცრათ და ამავე დროს განვაგრძოთ ზომების მიღება ვირუსის გავრცელების შესამცირებლად, რაც ვირუსის მუტაციის შანსებსაც შეამცირებს. ასეთი ზომებია ფიზიკური დისტანციის დაცვა, ნიღბების ტარება, კარგი ვენტილაცია, ხელების რეგულარული დაბანა და დროული მიმართვა სამედიცინო დახმარების მისაღებად დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში. ვინ უნდა აიცრას პირველ რიგში? იმის გამო, რომ 2021 წელს გლობალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ვაქცინების საკმარისი ოდენობის წარმოების შესაძლებლობები არ არის, ერთდროულად ყველა ადამიანის აცრა შეუძლებელია. ქვეყნებმა უნდა გამოავლინონ მოსახლეობის პრიორიტეტული ჯგუფები, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უწევს რეკომენდაციას. ესენი არიან წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალი (ჯანდაცვის სისტემების დასაცავად) და COVID-19-ის შედეგად გარდაცვალების ყველაზე მაღალი რისკის მქონეები, მაგალითად, ხანდაზმულები და გარკვეული სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. ამის შემდეგ პრიორიტეტი უნდა მიეცეთ კრიტიკული მნიშვნელობის სხვა სფეროებში მომუშავეებს (მაგალითად მასწავლებლებს და სოციალურ მუშაკებს). როდესაც ვაქცინების მეტი დოზები გახდება ხელმისაწვდომი, მოსახლეობის ამ ჯგუფებს სხვა ჯგუფებიც დაემატება. რა შემთხვევაში არ უნდა გაიკეთოთ COVID-19-ის აცრა? თუ ჯანმრთელობის პრობლემების გამო თქვენ COVID-19-ის აცრის გაკეთებასთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს. დღეისათვის დადგენილია, რომ უარყოფითი ეფექტის თავიდან აცილების მიზნით, COVID-19-ის აცრა არ უნდა გაიკეთონ ჯანმრთელობის შემდეგი პრობლემების მქონეებმა: მათ, ვისაც ალერგიული რეაქცია აქვთ COVID-19-ის ვაქცინაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ. მათ, ვინც ამჟამად ავადაა ან COVID-19-ის სიმპტომები აქვთ (თუმცა, შეგიძლიათ გაიკეთოთ აცრა მას შემდეგ, რაც გამოჯანმრთელდებით და თქვენი ექიმი აცრის ნებართვას მოგცემთ). საჭიროა თუ არა აცრა იმ შემთხვევაში, თუ COVID-19 უკვე გადატანილი მაქვს? დიახ, იმუნიზაცია საჭიროა იმ შემთხვევაშიც კი, თუ COVID-19 უკვე გადაიტანეთ. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19–ისგან განკურნებულ ადამიანებს შეიძლება ვირუსის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი განუვითარდეთ, ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენ ხანს გრძელდება ის ან რამდენად ხართ დაცული. ვაქცინაცია უფრო საიმედო დაცვას გვთავაზობს. შეიძლება თუ არა ავიცრა თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზე მყავს? მკვლევრები ამჟამად სწავლობენ COVID-19-ის ვაქცინაციის გავლენას მეძუძურ ქალებზე, მაგრამ ამ დროისთვის ინფორმაცია ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს მეძუძური ქალების აცრას იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფში შედიან, მაგალითად მათთვის, ვინც ჯანდაცვის სფეროში მუშაობს. ძუძუთი კვება შეიძლება იმუნიზაციის შემდეგაც გაგრძელდეს და ის თქვენი ბავშვის დაავადებებისგან დაცვისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად რჩება. შეიძლება თუ არა COVID-19-ის აცრის გაკეთება ორსულობის დროს? მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად COVID-19–ით მძიმედ დაავადების რისკი დაბალია, ორსულობა თქვენს რისკებს ზრდის. COVID-19-ის ვაქცინით ორსულების აცრის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საკითხები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, მაგრამ არ არსებობს რაიმე ცნობილი მიზეზი, რომელიც ორსულთა ვაქცინაციით მიღებულ სარგებელს გადაწონის. ამის გამო, ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე, აცრა შეიძლება გაუკეთდეთ იმ ორსულებს, რომლებსაც COVID-19–ის ზემოქმედების მაღალი რისკი (მაგ., სამედიცინო მუშაკებს) ან ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები აქვთ, რომლებიც COVID-19-ით მძიმედ დაავადების რისკს ქმნიან. ახდენს თუ არა COVID-19-ის ვაქცინა ზემოქმედებას ფერტილურობაზე? არა, არ ახდენს. სოციალურ ქსელში თქვენ შეიძლება წაკითხული გქონდეთ ასეთი მცდარი შეხედულებების შესახებ, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ რომელიმე ვაქცინამ, მათ შორის COVID-19-ის ვაქცინებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ქალებისა და კაცების ფერტილურობაზე. თუ თქვენ ამჟამად დაორსულებას ცდილობთ, არ არის იმის საჭიროება, რომ ორსულობას მოერიდოთ COVID-19 აცრის შემდეგ. საჭიროა თუ არა ბავშვების აცრა COVID-19-ის ვაქცინით? ბავშვების იმუნური სისტემა განსხვავდება ზრდასრულთა იმუნური სისტემისგან და შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს მათი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაც. დღეისათვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული COVID-19 ვაქცინები არ არის რეკომენდებული 16-18 წლამდე ასაკის პირებისთვის მაშინაც კი, თუ ისინი მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ბავშვებზე COVID-19-ის ვაქცინის ზემოქმედება შესწავლილი არ იყო ვაქცინების საწყისი კვლევების დროს. ამიტომაც, ამჟამად COVID-19-ის წინააღმდეგ 16 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები ძალიან მცირეა ან საერთოდ არ არსებობს. საჭიროა მეტი კვლევის ჩატარება. ჩვენ განვაახლებთ ჩვენს რეკომენდაციებს მას შემდეგ, რაც ასეთი კვლევები ჩატარდება და მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ბავშვს რუტინული საბავშვო აცრები ჩაუტარდეს. როდის იქნება COVID-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი ჩემს ქვეყანაში? ვაქცინების განაწილება გლობალური მასშტაბით მიმდინარეობს და მათი ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. გირჩევთ, მიმართოთ თქვენი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მიიღოთ უახლესი ინფორმაცია თქვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. COVAX-ის პლატფორმის სახელით, გაეროს ბავშვთა ფონდი ყიდულობს COVID-19-ის ვაქცინებს და აწვდის მათ მთელს მსოფლიოს, იმისთვის, რომ არცერთი ქვეყანა არ დარჩეს ვაქცინის გარეშე. ჩვენი მიზანია, 2021 წლისთვის მივიღოთ და დავარიგოთ 2 მილიარდი დოზა. დოზები COVAX-ის მონაწილე ქვეყნებს გადაეცემათ განაწილების ფორმულის საფუძველზე, მათი მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის პროპორციულად. რა არის COVAX-ის პლატფორმა? COVAX-ის პლატფორმა გლობალური ძალისხმევაა, რომელიც მიზნად ისახავს COVID-19-ის ვაქცინების შემუშავებისა და წარმოების დაჩქარებას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისი სამართლიანი და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. არცერთი ქვეყანა არ იქნება COVID-19-ისგან დაცული მანამ, ვიდრე ყველა ქვეყანა არ იქნება დაცული. COVAX-ის პლატფორმაში ჩართულია 190 ქვეყანა და ტერიტორიული ერთეული, რაც მსოფლიოს მთელი მოსახლეობის 90 პროცენტს შეადგენს. მუშაობს რა ეპიდემიისთვის მზადყოფნის ინოვაციების კოალიციასთან (CEPI), ვაქცინების გლობალურ ალიანსთან (GAVI), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) და სხვა პარტნიორებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდი COVAX–ის სახელით COVID-19-ის ვაქცინების შეძენისა და მიწოდების ღონისძიებებს ხელმძღვანელობს. ინტერნეტში COVID-19-ის ვაქცინების შესახებ არაზუსტ ინფორმაციას წავაწყდი. როგორ მოვიქცე? სამწუხაროდ, ინტერნეტში უამრავი არაზუსტი ინფორმაცია არსებობს COVID-19 ვირუსის და ვაქცინების შესახებ. ჯანმრთელობის კრიზისის დროს დეზინფორმაციამ შეიძლება პარანოია, შიში და სტიგმატიზაცია გამოიწვიოს. მას ასევე შეუძლია ადამიანი ვირუსის მიმართ დაუცველი ან უფრო მეტად მოწყვლადი გახადოს. მიიღეთ გადამოწმებული ინფორმაცია და რჩევები სანდო წყაროებიდან, როგორიცაა თქვენი ადგილობრივი სამედიცინო ორგანო, გაერო, გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. თუ თქვენ ინტერნეტში ისეთი შინაარსის პუბლიკაციას გადააწყდებით, რომელიც თქვენი აზრით ყალბი ან შეცდომაში შემყვანია, შეგიძლიათ მისი გავრცელება შეაჩეროთ, თუ ამის შესახებ სოციალური მედიის პლატფორმას აცნობებთ. მოქმედებს თუ არა COVID-19-ის ვაქცინები დნმ-ზე? არა, COVID-19-ის არცერთი ვაქცინა არანაირ გავლენას არ ახდენს თქვენს დნმ-ზე. მესენჯერი RNA ან mRNA ვაქცინები ასწავლის უჯრედებს თუ როგორ უნდა შექმნან ცილა, რომელიც სხეულში იმუნურ რეაქციას იწვევს. ამ რეაქციის დროს წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც ვირუსისგან გიცავთ. mRNA განსხვავდება დნმ-ისგან და უჯრედის შიგნით მხოლოდ დაშლამდე რჩება, დაახლოებით 72 საათის განმავლობაში. ამასთან, ის არასდროს შედის უჯრედის ბირთვში, სადაც დნმ-ი ინახება. შეიცავს თუ არა COVID-19-ის ვაქცინები ცხოველურ პროდუქტებს? არა, COVID-19-ის არცერთი ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დამტკიცებული, ცხოველურ პროდუქტებს არ შეიცავს. როგორ შემიძლია, დავიცვა ჩემი ოჯახი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებამდე? უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები მდგომარეობას ძირეულად ცვლიან, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რა დონეზე შეუძლიათ მათ დაგიცვან ინფექციისგან და მისი გადაცემისაგან. ამ ეტაპზე, აცრის გაკეთების შემდეგაც კი, ჩვენ კვლავ უნდა გავაგრძელოთ სიფრთხილის ზომების მიღება საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების დასაცავად. ეს გულისხმობს პირბადეების ტარებას, ფიზიკური დისტანციის დაცვას და ხელების რეგულარულ დაბანას. იხილეთ სტატია: რომელი პრეპარატებით მიმდინარეობს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში
ეფექტურად დაგვიცავს თუ არა COVID19-ის საწინაამდეგო ვაქცინები დაავადების ახალი შტამებისგან?
ვაქცინების ირგვლივ არსებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით, UNICEF-მა ექსპერტთა მიერ მიწოდებული უახლესი ინფორმაცია შეკრიბა, მათ შორის იმაზე, ეფექტურად დაგვიცავს თუ არა COVID-19-ის საწინაამდეგო ვაქცინები დაავადების ახალი შტამებისგან? „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ დღემდე დამტკიცებული ვაქცინები სავარაუდოდ გარკვეულწილად ახალი შტამბებისგანაც იცავს. მსოფლიოს ექსპერტები გამუდმებით სწავლობენ ახალი შტამების ზემოქმედებას ვირუსის ქცევაზე, მათ შორის, მათ პოტენციურ ზემოქმედებას COVID19-ის ვაქცინების ეფექტურობაზე. თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ერთი ან მეტი შტამის მიმართ, შესაძლებელი იქნება მისი შემადგენლობის შეცვლა აღნიშნული შტამებისგან დასაცავად. მომავალში შეიძლება საჭირო გახდეს ცვლილებების შეტანა იმუნიზაციის პროცესში, როგორიცაა, განმეორებითი ვაქცინაციის გამოყენება და სხვა სიახლეების შემოღება. მაგრამ მანამდე მნიშვნელოვანია, ავიცრათ და ამავე დროს განვაგრძოთ ზომების მიღება ვირუსის გავრცელების შესამცირებლად, რაც ვირუსის მუტაციის შანსებსაც შეამცირებს. ასეთი ზომებია ფიზიკური დისტანციის დაცვა, ნიღბების ტარება, კარგი ვენტილაცია, ხელების რეგულარული დაბანა და დროული მიმართვა სამედიცინო დახმარების მისაღებად დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში“. სრული სტატია იმის შესახებთ, თუ რა უნდა ვიცოდეთ COVID19-ის ვაქცინების შესახებ, ამ ბმულზე ნახეთ.
გიორგი ბილანიშვილი: ბაიდენის და პუტინის შეხვედრის შემდეგ, საქართველო-უკრაინის საკითხზე, არსებითად არაფერი შეიცვლება
“რუსეთი არც უკრაინასთან და არც საქართველოსთან მიმართებაში, ჯერჯერობით საკუთარი პოზიციების დათმობას არ აპირებს. საბედნიეროდ ამერიკაც არ გეგმავს უკრაინის და საქართველოს მხარდაჭერის შესუსტებას“, - ამის შესახებ Europetime-ს რონდელის ფონდის მკვლევარმა გიორგი ბილანიშვილმა განუცხადა. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამიტს ივნისში გამართავს, როცა ევროპას ესტუმრება. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, გიორგი ბილანიშვილი Europetime-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბაიდენი პუტინის შეხვედრის შემდეგ, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები, არსებითად არ შეიცვლება. „ორმხრივ ურთიერთობებთან მიმართებაში, ორივე ქვეყანას ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე რუსეთს. ორივე ამბობს, რომ შეუძლიათ რაღაც საკითხებზე ითანამშრომლონ, მიუხედავად ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობებისა. მაგალითად ასეთი საკითხი შეიძლება იყოს ბირთვული პროგრამა, ან მაღალი სიშორის რაკეტებზე შეთანხმება, რომელიც 5 წლით გააგრძელეს. მაგრამ ის საკითხები, სადაც მათი პოზიციები განსხვავდება და ეს არის იგივე უკრაინის და საქართველოს საკითხი, დიდი ცვლილებების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. არ უნდა გვქონდეს ასე ვთქვათ პოზიტიური მოლოდინი, იმიტომ რომ ფაქტია, არც უკრაინასთან და არც საქართველოსთან მიმართებაში, ჯერჯერობით რუსეთი საკუთარი პოზიციების დათმობას არ აპირებს. თავის მხრივ, საბედნიეროდ, აშშ-ც არ აპირებს უკრაინის და საქართველოს მხარდაჭერის შესუსტებას. გარიგებას არ უნდა ველოდოთ. უფრო უნდა ველოდოთ იმას, რომ რაღაც საკითხებზე, საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე, საერთო პოზიციებს მონახავენ. თუმცა ასეთი საკითხები, ჩემი აზრით, საკმაოდ მცირე იქნება. ბაიდენი პუტინის შეხვედრის შემდეგ, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები არსებითად არ შეიცვლება, არც პოსტსაბჭოთა სივრცეში და არც ჩვენს რეგიონში არ შეიცვლება სიტუაცია“, - განაცხადა გიორგი ბილანიშვილმა, Europetime-თან ინტერვიუში, რომელიც სრულად მოგვიანებით გამოქვეყნდება. აშშ-ის პრეზიდენტი 11-13 ივნისს, ბრიტანეთში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გეგმავს დასწრებას. ამის შემდეგ ჯო ბაიდენი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება და 14 ივნისს ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. რამდენიმე დღის წინ პუტინის მაღალი რანგის მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრისთვის მზადება. მისი თქმით, შეხვედრის ვადებზე საუბრისას ლაპარაკია ივნისზე და რომ დასახელებულია კონკრეტული თარიღიც.