ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირი ეკონომიკური გარღვევის პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს 2,3 მილიარდი ევროთი დაეხმარება

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი გლობალური გამოწვევის წინაშე ვდგავართ COVID-19-ის სახით. ყველამ ვიცით, რომ პანდემია გლობალური თანამშრომლობის ძალისხმევით თუ დაიძლევა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - "საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო სხვა გამოწვევების წინაშეც დგას. "ეკონომიკური ზრდა იქნება, კლიმატის ცვლილება იქნება, ციფრული გარდაქმნა თუ ნებისმიერი სხვა... ასევე თანაბარი ინკლუზიური საზოგადოების შექმნა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა შეიძლება იყოს უფრო მეტი პარტნიორობისა და თანამშრომლობის საფუძველი. ის უნდა იყოს კატალიზატორი დემოკრატიისთვის, რეფორმებისთვის, სამართლის უზენაესობისთვის, იმისთვის რომ დესტაბილიზაცია არ მოხდეს ქვეყნებში", - აღნიშნა შარლ მიშელმა. მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყნისთვის ევროკავშირი ყველაზე მსხვილი პარნიორია. "2019 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა, ზოგიერთ შემთხვევეში 45%-ითაც კი იმატა, ჩვენმა ურთიერთობამ და ვაჭრობამ და ევროკავშირი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია ზოგიერთი თქვენი ქვეყნისთვის და ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. იმისთვის, რომ თქვენი საკანონმდებლო სივრცე და ჩარჩო სისტემა განვითარდეს, იმისთვის რომ კონკურენტუნარიანი გახდეს თქვენი ქვეყნის მეწარმეობა ევროკავშირის სამომხმარებლო ბაზარზე. მეგობრებო, კოლეგებო, ჩვენ ვხედავთ, რომ ვიზალიბერალიზაციასაც აქვს თავისი სარგებელი - საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ახალგაზრდობას. 80 ათასი გაცვლითი პროგრამა არსებობს Erasmus-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. მინდა მომავალზე გავაკეთო აქცენტი და სამი პრიორიტეტი გამოვყო: პირველი არის უპრეცედენტო ეკონომიკური გარღვევის პროგრამა, რომელიც გარდამტეხია ამ რეგიონისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის. ევროკავშირი მათ 2,3 მილიარდი ევროთი დაეხმარება. ამ დახმარებას ექნება 17 მილიარდი ევროს მობილიზაციის შესაძლებლობა. ასევე ძლიერ მწამს, რომ დაკავშირება თავისი ფართო გაგებით, ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება. შევძლებთ ათასობით კილომეტრი გზის დაგებას, სარკინგზო გზების განვითარებას 2030 წლისთვის. ეს კიდევ უფრო დაამოკლებს ფიზიკურ დაშორებას ჩვენს საზოგადოებებს შორის. ეს მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება იქნება ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტი, რომელიც კიდევ უფრო მედეგს გახდის თქვენს ქვეყნებს. მესამე და საბოლოო აქცენტი არის რეფორმები. დემოკრატიული მმართველობა არის იმის გასაღები, რომ ლიბერალური დემოკრატია გახდეს მნიშვნელოვანი აქცენტი სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ეს არაა მხოლოდ პოლიტიკური აუცილებლობა. ესაა უცილობელი ფაქტორი იმ შესაძლებლობების გამოყენება, რასაც იძლევა ეს ინსტრუმენტი. მეგობრებო, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა, ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ აქცენტი გაკეთდეს ასოცირების, პარტნიორების, ტრიოს ინიციატივაზე. იმისთვის, რომ გაძლიერდეს კოორდინაცია ასოცირების პარტნიორებს შორის ბრიუსელთან. ეს კიდევ უფრო მოგვცემს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას უფრო ფართო დღის წესრიგზე, რაც მომავლისთვის გვაქსვ დასახული", - განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელი: მნიშვნელოვანია ასოცირების პარტნიორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა

"მეგობრებო, ეს შეხვედრა არის იმის შესაძლებლობა, რომ აქცენტი გაკეთდეს ასოცირების პარტნიორების ტრიოს ინიციატივაზე, რომ გაძლიერდეს კოორდინაცია ასოცირების პარტნიორებს შორის ბრიუსელთან, ეს მეტად მოგვცემს საუკეთესო პრაქტიკის გაძლიერების შესაძლებლობას უფრო ფართო დღის წესრიგზე, რაც მომავლისთვის გვაქვს დასახული", - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - "საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასოცირების პარტნიორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. "დღეს ასევე ხაზს ვუსვამ, რომ მნიშვნელოვანია ასოცირების პარტნიორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. მინდა, გავაკეთო კიდევ ერთი შემოთავაზება, მოდით, დავნერგოთ სასამართლო რეფორმის კონკურენტული სამიზნე ორიენტირი და ვნახოთ, როგორი მხარდაჭერა შეიძლება იქნას მობილიზებული კავშრების გასამყარებლად ევროკავშირთან. ძვირფასო მეგობრებო, მიმაჩნია, რომ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ის ლოკომოტივი, რომლის ტრანსფორმაციაც ხელს შეუწყობს კეთილდღეობას და ეკონომიკურ განვითარებას, ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი გახსნილობისა და საერთო თანამშრომლობისთვის. ვახსენე ერთი თაობა დამოუკიდებლობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამ ერთი თაობის დროს მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა. ევროკავშირი არის თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორი უფრო მეტი დემოკრატიისთვის, უფრო მეტი სტაბილურობისთვის და მეტი კეთილდღეობისთის, და რაც მთავარია, თქვენი ქვეყნის მოსახლეობის სასარგელოდ", - განაცხადა შარლ მიშელმა. ევროკავშირი ეკონომიკური გარღვევის პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს 2,3 მილიარდი ევროთი დაეხმარება

„ტვ პირველის“ ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ძალადობის ფაქტზე დაკავებულს, ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის ლ.ბ-ს მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ნ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ნ.გ. და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ლ.ბ.-ს, რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. „სამართალდამცველებმა ნ.გ. 17 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა. ნ.გ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 25 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 46 პირი, მათ შორის, 40 ჟურნალისტი და ოპერატორი”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს შიდა მიმართულებებით ფრენების სიხშირეები იზრდება

ივლისსა და აგვისტოში ნატახტარი-მესტია-ნატახტარი, ასევე თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზებზე სიხშირეების რაოდენობა იზრდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სიხშირეების სვანეთსა და აჭარაში ტურისტული ნაკადების ზრდით არის გამოწვეული. ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით რეგულარული რეისები ივლისიდან კვირაში 5 სიხშირით: ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება. თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კი კვირაში ოთხი სიხშირით: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათი შესრულდება. "უკვე მრავალი წელია მაღალმთიან რეგიონსა და აჭარაში ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო შიდა ფრენებს ასუბსიდირებს. ამ ყველაფერს კი კოორდინირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უწევს. ვინაიდან, დღესდღეობით ქვეყანაში, პანდემიის მიუხედავად, ტურისტეების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, სეზონზეც პოზიტიური ტრენდი გვაქვს და საჰაერო ხომალდზეც დატვირთულობა გაიზარდა, ზაფხულის პერიოდში სიხშირეების გაზრდის გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. შეგახსენებთ, ნატახტარიდან მესტიაში საჰაერო გზით მოხვედრა მოხვედრა 50 წუთშია შესაძლებელი, ხოლო თბილისიდან ბათუმამდე კი ემბრაერის ტიპის საჰაერო ხომალდით 60 წუთში.

ქრთამის აღების ფაქტზე  "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" 3 თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ორ თანამშრომელთან ერთად, შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და როგორც თავად, ასევე, ხსენებული პირების მეშვეობით, სისტემატურად შედიოდა კორუფციულ გარიგებაში შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე და გამარჯვებულ კომპანიებთან. შემუშავებული გეგმის შესაბამისად, აღნიშნული პირები წინასწარ აცნობდნენ სატენდერო პირობებს მათთან დაახლოებულ პირებს, რითაც უზრუნველყოფდნენ შესაბამისი კომპანიების ტენდერში გამარჯვებას. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს არ აფიქსირებდნენ კომპანიების მიერ დაშვებულ დარღვევებს და უზრუნველყოფდნენ ფირმებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების სრულად ჩარიცხვას, სანაცვლოდ მათგან იღებდნენ თანხას პროექტის ღირებულის 2%-ის ოდენობით. გარდა ამისა, ხსენებული პირები ახლობლებს მაღალანაზღაურებად პოზიციებზე ასაქმებდნენ მათ მიერვე ლობირებულ კომპანიებში, საიდანაც თვითონაც იღებდნენ მატერიალურ სარგებელს. შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების უკანონო ქმედებით წახალისებული კომპანიები უმეტეს შემთხვევაში უხარისხოდ ასრულებდნენ სამშენებლო სამუშაოებს, რის გამოც არამიზნობრივად იხარჯებოდა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხები. საბოლოო ზარალის დადგენის მიზნით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა იმ სამშენებლო სამუშაოს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომელსაც შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლებთან უკანონოდ გარიგებული ფირმები ასრულებდნენ. დაკავებულების სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 25 650 ლარი, 30 000 აშშ დოლარი, ცეცხლსასროლი იარაღი და სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღებასა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემას გულისხმობს", - ნათქვამია სუსის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი: შავი ზღვა მშვიდობის, თანამშრომლობის და ევროპასთან მიახლოების ზღვაა

ასოცირება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა - პეტრას დეკლარაციის შემდეგ, რომელსაც ახლა მოვაწერეთ ხელი, ჩვენ უფრო დავახლოვდებით, შავი ზღვა აღარ იქნება იგივე, ის იქნება სამი ზღვის ინიციატივის კონტექსტში თანამშრომლობისა და სიახლოვის სიმბოლო,- ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის, მოლდოვისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დეკლარაციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა ერთმანეთის გაძლიერებისა და მხარდაჭერის ვალდებულება აიღეს. "პეტრას ციხე სიმბოლურია ბევრი სხვადასხვა კუთხით - ეს არის ის ციხე-სიმაგრე, რომელიც აკონტროლებდა მთელი შავი ზღვის სანაპიროს და იყო ბრძოლისა და დაპირისპირების ადგილი ჯერ ბიზანტიასა და სპარსეთს შორის, შემდეგ ოტომანებსა და რუსეთს შორის. პეტრა სიმბოლურია, რადგან ის გახდა ჩვენი ერთობის, დღევანდელი დღის შეხვედრის - სამი ლიდერისა და ევროკავშირის შეხვედრის ადგილი, სადაც ჩვენ ვსახავთ ერთობლივ მომავალს, ჩვენს ევროპულ გზას და იმას, როგორი უნდა იყოს შავი ზღვა, რომელიც ჩვენს უკან არის - მშვიდობის ზღვა, თანამშრომლობის ზღვა და ევროპასთან მიახლოების და შემდგომ შეერთების გზა. მინდა ხაზი გავუსვა ადგილს სადაც დღეს ჩვენ ვხვდებით, პეტრას ციხე-სიმაგრეს, რომელიც წარსულში დიდი ძალების მტრობის იყო და რომლებიც ამ ციხე-სიმაგრეს აკონტროლებდნენ - შავი ზღვის სანაპიროს. თქვენი და თქვენი აქ ყოფნით, ის ახლა ხდება ჩვენი ძიების ჩვენი მიზნების, ევროკავშირთან ერთად ჩვენი სამი ასოცირებული ქვეყნის საერთო მიზნების სიმბოლო რათა ჩვენი საერთო მომავალი დავისახოთ. ჩვენ განვიხილავთ, რა უნდა იყოს ჩვენი სამომავლო გეგმები. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. საერთო წარსული, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთო გამოწვევები, გამოწვევები ჩვენს უსაფრთხოებაში და იმ დესტაბილიზაციის მცდელობებში, რომლებიც შეიძლება მომდინარეობდნენ როგორც გარე ძალებისგან ასევე, შიდა. მაგრამ, ჩვენ საერთო გვაქვს ისიც, რომ არ გვინდა წარსულში დაბრუნება. ჩვენ მზად ვართ უდრეკად ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, თავიდან ავირიდოთ შიდა პოლარიზაციის საფრთხეები და გარე პროვოკაციები. ჩვენი პასუხი ცალსახაა - ის ევროპული პასუხია. არა თავგადასავლები, გადადგომები, ან სტაგნაცია, არამედ წინსვლა. მყარი წინსვლა სწორი მიმართულებით, ევროპის მიმართულებით და ამას შეუპოვრობა ჰქვია! ასოცირება მხოლოდ ტერმინი არ უნდა იყოს. პირიქით, მან ახალი მნიშვნელობა უნდა შეიძინოს და პირველ რიგში, ეს ამ სამი ქვეყნის გონებათა რეალურ ასოციარებად უნდა იქცეს. ეს ნიშნავს კარგი მმართველობისა და ძლიერი საზოგადოების შენებისა და ახალი ეკონომიკის მშენებლობისადმი საერთო მიდგომას, რომელიც დიდი პროექტების გაერთიანებაზე გადის; საერთო მიდგომას კონფლიქტების დასასრულებლად და ოკუპაციისა და იმ პოზიციების დასაძლევად, რომლებიც მე-20 საუკუნეს მიეკუთვნება და დღეს დრომოჭმულია. ასოცირებამ ახალი მნიშვნელობა უნდა შეიძინოს, რადგან ჩვენ ვიზიარებთ ვალდებულებას გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი გზა რეფორემებისაკენ, ევროპული კანონმდებლობის ჩვენ კანონებში ადაპტაციისაკენ, და ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ვალდებულება ერთმანეთს გავუზიროთ გამოცდილებები და მხარი დავუჭიროთ. ჩვენ ეკონომიკების განვითარების საერთო ხედვა გვჭირდება. აქ შემოდის შავი ზღვა, რომელიც ყველა ახალი მიდგომისა და შესაძლებლობის სიმბოლოა: დაკავშირებადობა, ახალი ტექნოლოგიები, ვაჭრობა, თანამშრომლობა. შავი ზღვა, რომელიც თავის თავს საზღვრიდან ხიდად გარდაქმნის, რომელიც ფიზიკურად ჩვენ სამს და სამს + ევროკავშირს დაგვაახლოებს და ეს ნიშნავს შავი ზღვიდან მდინარე დუნაიმდე და ეს ნიშნავს შავი ზღვიდან 3 C ინიციატივამდე. ჩვენ უფრო მჭიდრო უნდა გავხადოთ თანაშრომლობა არა მარტო ჩვენ სამს შორის, არამედ ასევე ევროკავშირთან და ამისთვის ჩვენ კონკრეტული წინადადებები გვჭირდება, რათა შევინარჩუნოთ ასოცირებული ქვეყნის გზა, უფრო ფართო აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში: ეს ნიშნავს, იმას, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მაინც უნდა მიიღონ მონაწილეობა ევროპის მომავლის განხილვებში, უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის კონკრეტული დღის წესრიგი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში 27+3 და 3+1 ფორმატებს უნდა ჰქონდეს თავიანთი ხმის უფლება და მონაწილეობა მიიღონ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მომზადებაში. ინფრასტრუქტურის, ინოვაციური და ახალი ტექნოლოგიების განვითარების პროექტების ირგვლივ გაერთიანება გზად გაკვალავს უფრო თანამაშრომლობითი მიდგომისათვის. პეტრას დეკლარაციის შემდეგ, რომელსაც ახლახან მოვაწერეთ ხელი, ჩვენი სამი ქვეყანა იგივენაირი ვეღარ იქნება. ჩვენ დავახლოვდით. შავი ზღვა არ იქნება იგივე, ის წარმოადგენს სამი C-ს (Connectivity, Cooperation and Closeness) დაკავშირებადობის, თანამშრომლობისა და სიახლოვის, გაერთიანებას. ამისათვის ევროპასთან დამაკავშირებელი ბმული, რომელიც ჩვენ გვჭირდება უნდა იყოს ზღვა, ლიმიტების, გამონაკლისებისა და კონფრონტაციების გარეშე. მინდა, ჩვენ ყველას და პირველ რიგში, ჩვენ სამ ქვეყანას ვუსურვო, რომ წინ მიმავალი გზა წარმატებითა და კეთილდღეობით იყოს გაკაფული", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მაია სანდუ: გვაქვს პოტენციალი, ევროკავშირი უფრო ძლიერი გახდეს ჩვენი წევრობით და ეს კავშირი იყოს ინოვაციური და ყველასთვის სასარგებლო

მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, აქვთ პოტენციალი, გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები. ამის შესახებ მან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ლიდერების ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, პრეზიდენტებმა შეხვედრისას ისაუბრეს იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ევროკავშირთან უფრო სიღრმისეული ინტეგრაცია. "ჩვენი მონაწილეობა მე-17 კონფერენციაში, რომელიც ბათუმში იმართება, უკვე კარგად არის ჩამოყალიბებული როგორც სტრატეგიული პლატფორმა ურთიერთობების გასაძლიერებლად ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისათვის, რომ ხაზი გაესვას აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნებისთვის. ასევე განვაახლოთ ჩვენი ერთგულება კეთილდღეობის მქონე ევროპული მომავლისთვის. მინდა დავიწყო ჩემი გამოსვლა ერთი რამის ცხადად თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ნამდვილი წარმატება ჩვენი ქვეყნებისთვის. ერთობლივად ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს ხილვადობას ევროპაში . ეს პლატფორმა გვეხმარება დამატებითი ინსტრუმენტების საშუალებით, რომ საერთო გამოწვევებს გავართვათ თავი. იქნება ეს კოვიდი თუ კლიმატის ცვლილებები. კონსოლიდირებული ძალისხმევის სარგებელი ნამდვილად ნათელია. ამავდროულად, ჩვენი სამი სახელმწიფო ხელს აწერს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ თანამშრომლობას და ეს ხდება ჩვენი თანამშრომლობის ხერხემალი. ამით იხსნება ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნებისთვის. ჩვენ ასევე მოვახდინეთ ვიზალიბერალიზაცია და ჩვენს მოქალაქეებს მივეცით ევროკავშირში მოგზაურობის შესაძლებლობა ვიზების გარეშე. ჩვენ ვთანამშრომლობთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნებისთვისაა აქტუალური. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროპული მისწრაფებების კუთხით და გვაძლევს საშუალებას, რომ მჭიდრო კავშირები დამყარდეს ევროკავშირთან. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ვაჭრობა გვეწარმოებინა უზარმაზარ სამომხმარებლო ბაზართან. 55% პროცენტი აგროპროდუქციის და 75 % პროცენტი არასასოფლო პროდუქციისა ევროკავშირშია წარმოდგენილი და რეალიზაცია ხდება. ბევრმა მოლდოველმა ახალი უნარები შეიძინა ევროკავშირში მუშაობის შედეგად და სამშობლოში ჩამოიტანა ახალი გამოცდილება და ახალი იდეები. ქართველი და უკრაინელი მეგობრების გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებდით ახალი ხედვის ჩამოყალიბებას. აღმოსავლეთ პარტნიორობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ევროკავშირთან უფრო სიღრმისეული ინტეგრაცია, რომ სახლში ვიგრძნოთ თავი ევროპაში ყოფნისას. კიდევ ერთხელ ევროკავშირს და ევროპულ ოჯახს დავუბრუნდეთ. ეს არის განახლებული დღის წესრიგი რეფორმების კუთხით, რათა მნიშვნელოვანი დაფინანსება მივიღოთ 2,3 მილიარდი ევროს ოდენობით, რომლის საშუალებითაც მობილიზებული იქნება დამატებით 17 მილიარდი ევრო. ეს იქნება უფრო ღრმა და ფართო თანამშრომლობის საწინდარი. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან და ევროკავშირთან იმისთვის, რომ თანამედროვეობის გამოწვევები დავძლიოთ და ინტეგრაცია უკეთ მოვახდინოთ ევროპასთან. ჩვენ გვინდა ეს ახალი შესაძლებლობა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენი ასოცირების შეთანხმება განვახორციელოთ, გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური ასოცირება და კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პირველი და ყველაზე რთული ნაბიჯები სახლში გველის ამ კუთხით. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სამართლის უზენაესობის გაძლიერება, დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულობის გაზრდა, სასამართლო სისტემაში ანტიკორუფციული სისტემის გაძლიერება დაგვიბრუნებს ნდობას მოსახლეობის მხრიდან და ეს არის ჩვენი აუთვისებელი პოტენციალი და შესაძლებლობა. ეს არის აუცილებელი და თავს ვერ ავარიდებთ. ამ მხრივ მივესალმებით "მეტი მეტისთვის" პრინციპს და უპირობო განხორციელებას. ბათუმის სამიტის დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ასახავს ჩვენს ვალდებულებებს ამ მიმართულებებით. ჩვენ გვაქვს საერთო სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით და საერთო პრინციპებით, ფასეულობებით დემოკრატიის, ადამიანების უფლებების კუთხით და ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ დემოკრატიის მეტად კონსოლიდაციისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გვაქვს პოტენციალი, ევროკავშირი უფრო ძლიერი გახდეს ჩვენი წევრობით და ეს კავშირი იყოს ინოვაციური და ყველასთვის სასარგებლო", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ბუბა კიკაბიძეს დაბადების დღე მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძეს დაბადების დღე მიულოცა. "არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მილიონობით ადამიანისთვის ძვირფასი ადამიანი - ვახტანგ კიკაბიძე დღეს დაბადებულა, 83 წელი შესრულდა. ვულოცავ ბატონ ბუბას დაბადების დღეს და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობაც მეძლევა. ძალიან ენერგიულია, დიდი შთაგონების წყაროა და ყველას გვაძლევს ოპტიმიზმის წყაროს, სიცოცხლის მოყვარულია", - განაცხადა ზელენსკიმ სოცირებული ტრიოს ქვეყნების ლიდერების ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორიდა სცენარისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს დაიბადა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის პირველი ნომერი იყო, თუმცა ოპოზიციის ბოიკოტის დასრულების შემდეგ პარლამენტში არ შესულა.

პროექტი „მობილური იუსტიციის სახლები“ აგვისტოდან ამოქმედდება

ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლები“ აგვისტოდან ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ახალი დიზაინის სამარშრუტო ტაქსის ფოტოები იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. უწყების ცნობით, იუსტიციის სახლის სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები წინასწარ შერჩეული მარშრუტებითა და რეგულარულობით იმ სოფლებს ჩააკითხავენ, რომლებიც დაშორებულია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. „ასეთი სოფლების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა, ადგილზე, სოფელშივე აიღოს და შეცვალოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მიიღოს მისთვის საჭირო სხვა მომსახურება. „მობილური იუსტიციის სახლების“ პროექტი სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მოქალაქეების საჯარო სექტორთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით ხორციელდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს: მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი

მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი, - ასე მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ევროკავშირი მაღალი დონის დიალოგის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებს. "მიმდინარე წლის დეკემბერში ჩვენ გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ვფიქრობ, არის რამდენიმე პრიორიტეტი, რომელსაც უნდა მივმართოთ. ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ სამიტისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს იყოს სამიტი კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით ყველა ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ. პირველი პრიორიტეტი - მოდით, ვცადოთ მეტი ფინანსური დახმარების მობილიზება და ვიყოთ ინოვაციურები, ვიმუშაოთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდასაჭერად, რათა უზრუნველვყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და გაძლიერება ქვეყნისა და მოქალაქეების სასარგებლოდ. მეორე - დაკავშირებულობა უნდა იყოს საერთო პრიორიტეტი, რათა გავაძლიეროთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. მესამე – საჭიროა რეფორმების განხორციელების მნიშვნელობა არა ბრიუსელის მოსაწონად, არამედ მოქალაქეების სასარგებლოდ. ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მაღალი დონის დიალოგის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად", - განაცხადა შარლ მიშელმა.

რას გულისხმობს ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა, მაია სანდუმ დაა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პეტრას ციხეზე ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას. დეკლარაციაზე ხელოწერის ღონისძიებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც ესწრებოდა. დეკლარაციაზე ხელმოწერით, პრეზიდენტები პირობას დებენ, რომ ერთად იმუშავებენ, რათა სამი ქვეყნისთვის „მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული ევროპული მომავალი“ უზრუნველყონ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული ქვეყნის პრეზიდენტების დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ სამ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აერთიანებს. ,,ევროპულ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია და ამ სუვერენულ არჩევანზე ვერცერთი მესამე მხარე გავლენას ვერ მოახდენს. ევროკავშირთან ურთიერთობაში ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს. ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი ხალხების ძლიერი სურვილი გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი და ერთად ვართ ჩვენს მისწრაფებაში ვიმუშაოთ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარებისთვის, რომელიც ევროკავშირში ჩვენი სამი ქვეყნის მომავალ წევრობას გაუხსნის გზას“, - აღნიშნულია დეკლარაციაში. დეკლარაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს სამი ქვეყნის ურყევ მიზანს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების გზით ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი წინ წავიდეს, ხოლო შესაბამისი სფეროების კანონმდებლობა ევროკავშირის კანონებს დაუახლოვდეს. ხელმომწერმა ქვეყნებმა ასოცირების შეთანხმებების სრულფასოვნად განხორციელების პირობა დადეს და აღნიშნეს, რომ საერთო ინტერესის მქონე სფეროებში კონკრეტული პრიორიტეტების დასადგენად იმუშავებენ, რათა გააღრმავონ პოლიტიკური დიალოგი და ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაცია გააძლიერონ, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა - ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, მართლმსაჯულება და საშინაო საქმეები, სტრატეგიული კომუნიკაციები და ჯანდაცვა. დოკუმენტი მხარდაჭერას უცხადებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმას, რომელიც საერთო მფლობელობაზე, ურთიერთვალდებულებებზე, ასევე დიფერენცირებისა და ინკლუზიურობის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ სამი სახელმწიფო ერთად იმუშავებს სხვა დაინტერესებულ პარტნიორებთან და ევროკავშირის ინსტიტუტებთან, რათა უზრუნველყოს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა შეიმუშავებს სტრატეგიულ, პროგრესულ დღის წესრიგს და ძლიერ დ ეფექტურ პლატფორმად დარჩება. სამმა ქვეყანამ ევროკავშირთან ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაზე (CSDP) თანამშრომლობის პირობა დადო, რაც ასევე მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირებას, კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ მედეგობის გაძლიერებას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებთან და სამსახურებთან თანამშრომლობის პლატფორმების განვითარებას, CSDP-ის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობას, ასევე მსოფლიოში მშვიდობის დამყარების კუთხით ევროკავშირის ძალისხმევაში წვლილის შეტანას. რაც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას, სამმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონის მდგრად განვითარებას შეუწყობენ ხელს, ასევე სრულად გამოიყენებენ ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც შავი ზღვა სთავაზობს, ევროპასა და აზიას შორის უფრო ფართო და უსაფრთხო კავშირის დასამყარებლად.

ზელენსკი: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ტერიტორიებზე გამყოფი ხაზები აღარ გქვონდეს

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენs ტერიტორიებზე გამყოფი ხაზები აღარ გქვონდეს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ლიდერების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროპისაკენ მისწრაფების კონტექტსში უკრაინა, მოლდოვა და საქართველო პირველად შეიკრიბა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. "მე ძალიან მიხარია, რომ ქართულ სტუმართმოყვარე მიწაზე ვდგავარ, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, პირველად მაქვს პრეზიდენტის როლში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა და ძალიან კარგ საზოგადოებაში მიწევს ყოფნა. ამ შესაძლებლობას ვიყენებ და მივესალმები ქალბატონ მაია სანდუსს, შესანიშვნავ გამარჯვებას ვულოცავ საპრეზიდენტო არჩევნებში და მივესალმები საპარლამენტო არჩევნებს მოლდოვაში. ევროპისაკენ მისწრაფების კონტექტსში ერთად პირველად შევიკრიბეთ და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდით ევროპული ინტეგრაციის გზაზე - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, პირველად განვაცხადეთ საერთო მიზნების შესახებ, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ. ჩვენ გვაერთიანებს არამხოლოდ მიმართულება და სამიზნე წერტილი, არამედ ჩვენი სურვილი, რომ ეს გზა ხელიხელჩაკიდებულმა გავიაროთ, ამ "ტრიომ" და ჩვენი ქვეყნებისთვის მივაღწიოთ სრულ, ევროპულ ინტეგრაციას. ეს სამინზე წერტილი მიღწევადია, ჩვენ დარწმუნებული შგევიძლიათ ვიყოთ, რადგან ბატონი შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პერზიდენტი ამ წარმატებას აღნუსხავს და ევროპაში ჩვენს მომავალ პარტნიორებს აუცილებლად მიაწვდის. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 49-ე მუხლის ფარგლებში, რომ ამ გზაზაე წარმატებით ვიაროთ, ჩვენ ასევე გთავაზობთ, როგორც ბატონ მიშელს შევთავაზეთ, რომ მოხდეს ევროპული საბჭოს მიწვევის გადახედვა და ახალი მიდგომებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უნდა მიეცეს საშუალება აღმოსავლეთის "ტრიოს", რომ წარმოიადგინოს თავისი წარმატება, სტრატეგიული მიზნები ამ პარტნიორობისთვის და ამ "ტრიოს" პოლიტიკური მნიშვნელობა, ამ შესაძლებლობას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ. ამ სამიტის დეკლარაცია, რომელიც ბათუმში გაფორმდა, ჩვენს სულისკვეთებას ასახავს და ეს მისწრაფება გვარეთიანებს უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობაა, რუსეთის აგრესია და შეტევები ის საკითხია, რასაც უნდა ვებრძოლოთ, ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო ჩვენი შეხვედრის ფარგლებში. არც არის გასაკვირი, საქართველოში ვიზიტი დავიწყე ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლიდან, რომელიც არამხოლოდ ჰყოფს აფხაზეთის ავტონომიკურ რესპუბლიკას და საქართველოს, არამედ, უსაფრთხო მომავლის შემქმნელი უნდა გახდეს. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მე ვხედავ ყოველთვე, როცა ჩავდივარ აღოსავლეთ უკრაინაში, მსგავს სიტუაციას, ჩემი მეგობრები მოლდოვადან მეუბნებიან, იციან რა არის ანექსირების საფრთხე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ ტერიტორიებზე მსგავსი გამყოფი ხაზები აღარ გქვონდეს. ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, შავი ზღვა უნდა იყოს ის სივრცე, სადაც საერთაშორისო საზღვაო კანონმდებლობა უნდა განვითარდეს და შესაძლოა, ჩვენ მიზანს მივაღწიოთ უკრაინული ინიციატივის, ყირიმის ინიციატივის საფუძველზე. ბატონ მიშელს 20 აგვისტოს კიევში ვიწვევთ ღონსიძიებაზე, რომელიც ამ საკითხებზე გააკეთებს აქცენტირებას. ჩვენ კმაყოფილი ვართ, ამ მაღალი დონის შეხვედრით და ასევე, საზოგადოებას ვამცნობთ, რომ უკრაინის 2 მოქალაქეს ვაბრუნებთ, რომლებიც დაკავებული იყვნენ და მადლობას მოვახსენებთ საქართველოს პრეზიდენტს თანამშრომლობისთვის ამ საკითხთან მიმართებით. ქალბატონო, პრეზიდენტო, მე მადლობას მოგახსენებთ და აქვე, ყველას გარწმუნებთ, რომ ჩვენი მეგობარი საქართველო, ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ისტორიული გამოცდების შემდეგ ცხადყოფს, რომ ძალა ერთობაშია. მე მქონდა შესაძლებლობა მენახა მცხეთა, გერგეტის ტაძარი, ვიყავი სხდავასხვა ისტორიულ ადგილას, პირველად ვარ საქართველოში ამ რანგით და ქალბატონ მაია სანდუსს ვეუბნები, რომ ძალიან ბევრი ადგილია სანახავი საქართველოში ისტორიული მემკვიდრეობის გასაცნობად, იმედი მაქვს, მომავალი ვიზტების ფარგლებში მექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიღებ თქვენს მოწვევას, რომ თქვენს მეგობრულ ქვეყანაში კვლავ ჩამოვიდე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

საუდის არაბეთიდან საზღვარგარეთ გამგზავრება მხოლოდ სრულად ვაქცინირებულებს შეეძლებათ

საუდის არაბეთის ყველა მოქალაქეს, ვისაც საზღვარგარეთ გამგზავრება სურს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზის გაკეთება მოეთხოვება. ამის შესახებ ინფორმაციას, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, Timeofisrael-ი ავრცელებს. "2021 წლის 9 აგვისტოდან, COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება ყველა მოქალაქის საზღვარგარეთ გამგზავრების პირობა იქნება", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. აქამდე საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის გაკეთება იყო სავალდებულო. ამ ვალდებულებისგან თავისუფლდებიან 12 წლამდე ასაკის ბავშვები, ჯანმრთელობის დაზღვევის მქონე პაციენტები, ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პაციენტები და ყოფილი კოვიდპაციენტები, რომლებმაც მიიღეს ვაქცინის ერთი დოზა. გარდა ამისა, მხოლოდ ვაქცინირებულ თანამშრომლებს შეეძლებათ დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო სექტორში. როგორც ცნობილია, ოფიციალურმა პირებმა მაისში განაცხადეს, რომ ვაქცინები სავალდებულო იქნება საზოგადოებრივ და კერძო სივრცეებში შესასვლელად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩათვლით.

ერდოღანი: თალიბანმა ავღანეთის ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თალიბებმა უნდა შეწყვიტონ ავღანეთის ოკუპაცია. „თალიბებმა უნდა შეწყვიტონ თავიანთი ძმების მიწის ოკუპაცია და აჩვენონ მსოფლიოს, რომ ავღანეთში მშვიდობა სუფევს“, - განაცხადა თურქეთის პრეზდენტმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თალიბების მიდგომა არ არის ის გზა, რომელიც მუსლიმებმა ერთმანეთთან ურთიერთობებში უნდა გამოიყენონ. მანამდე, 15-მა დიპლომატიურმა მისიამ და NATO-ს წარმომადგენლობამ ქაბულში ერთობლივ განცხადება გაავრცელეს და თალიბებს თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდეს. „ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე თალიბებმა სამუდამოდ უნდა დაყარონ იარაღი და აჩვენონ მსოფლიოს სამშვიდობო პროცესისადმი მათი ერთგულება”, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. ერთობლივ განცხადებას მხარი დაუჭირა ავსტრალიამ, კანადამ, ჩეხეთმა, დანიამ, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, კორეამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, შვედეთმა, ბრიტანეთმა, ევროკავშირის დელეგაციამ და შეერთებულმა შტატებმა, ასევე ნატო-ს სამოქალაქო წარმომადგენელმა.

კანადა სრულად ვაქცინირებული უცხოელებისთვის საზღვრებს ხსნის

კანადა სრულად ვაქცინირებული უცხოელი მოგზაურებისთვის საზღვრებს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებეს. როგორც ცნობლია, 9 აგვისტოდან კანადაში შესვლის უფლება აქვთ სრულად ვაქცინირებულ აშშ-ის მოქალაქეებსა და შეერთებული შტატების მუდმივ მაცხოვრებლებს. სრულად ვაქცინირებული საერთაშორისო მოგზაურები კი კანადაში შესვლას 7 სექტემბრიდან შეძლებენ. "9 აგვისტოდან აშშ-ის სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები კანადაში შესვლას შეძლებენ, ხოლო 7 სექტემბრიდან, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, საზღვრებს სხვა ქვეყნების სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს გავუხსნით", - აღნიშნა კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა. კანადაში შესვლა აკრძალული იქნება ყველა უცხოელი მოგზაურისთვის, ვინც სრულად არ არის აცრილი. მოგზაურებს უნდა ჰქონდეთ ის ვაქცინები გაკეთებული, რომელსაც აღიარებს კანადის სახელმწიფო. ასეთია: Pfizer/BioNTech, Moderna, AstraZeneca and Johnson & Johnson. მოგზაურებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულება, რომ ისინი ვაქცინირებულნი არიან. 12 წელზე უმცროს არავაქცინირებულებს, რომლებიც ვაქცინირებულ მშობლებთან ან მეურვეებთან ერთად შედიან კანადაში, 14 დღის განმავლობაში საკარანტინო არ მოუწევთ. სრულად ვაქცინირებულ მოგზაურებს არ დასჭირდებათ ჩამოსვლის შემდეგ ტესტის გაკეთება.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ  რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებსა და ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რომელიც საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - "საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში იმყოფებოდა. ამის შესახბე ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს . მათუვე ცნობით, მხარეებმა პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობულ და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. "ირაკლი ღარიბაშვილმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს. პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და უკრაინის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი ქვეყნის საერთო გამოწვევაზე - რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებსა და ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ისაუბრეს და კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს

მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს, ისლამური სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს აღნიშნავს. ყურბან-ბაირამი მარხვის თვიდან, რამადან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ამ დღეს მამაკაცები მზის ამოსვლამდე ლოცულობენ. ყურბან ბაირამის შემადგენელი როტუალია შინაური ცხოველის დაკვლა. ცხოველის ხორცი სამად ნაწილდება, ერთი გაჭირვებულებს უნაწილდებათ, ერთიც მეზობლებს, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა, ხოლო ერთს ოჯახში იტოვებენ. მუსლიმთა უდიდესი დღესასწაული 3 დღე გაგრძელდება.

ჩინეთში მაიმუნის ვირუსით ადამიანის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CCDC) განაცხადა, რომ იშვიათი მაიმუნის ვირუსით ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას TheHill-ი ავრცელებს. ვირუსი, რომელსაც ვირუსების ტაქსონომიის საერთაშორისო კომიტეტი ასევე უწოდებს "Macacine alphaherpesvirus 1", მოდის მაკაკის გვარის მაიმუნებისაგან და, ძირითადად, გადადის პირდაპირი კონტაქტით და სისხლთან შეხებით. იგი პირველად გამოვლინდა 1932 წელს. გავრცელებული ინფორმაციით, 53 წლის კაცი, რომელსაც მაიმუნის B ვირუსი (BV) დაუდასტურდა, ვეტერიარი იყო და პეკინში, პრიმატების შემსწავლელ ინსტიტუტში მუშაობდა. მან 4 და 6 მარტს ორი მაიმუნი გაკვეთა და გულისრევა, პირღებინება და ცხელება დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაიწყო. ის გარდაიცვალა 27 მარტს, რამდენიმე სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ. ითვლება, რომ ეს არის BV– ის პირველი ფატალური შემთხვევა, რომელიც დაფიქსირდა ჩინეთში. „მიუხედავად იმისა, რომ მეორადი გადაცემის რისკი მინიმალურია, ადრე ჰერპესის B ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა“, - ნათქვამია ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებაში.

აზიის განვითარების ბანკი განვითარებადი აზიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2021 წელს 7.2%-მდე ამცირებს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2021 წელს განვითარებადი აზიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აპრილში ნავარაუდევ 7.3%-თან შედარებით, 7.2%-მდე ამცირებს, რადგან კორონავირუსული დაავადების განახლებული გავრცელება რეგიონის ზოგიერთი ეკონომიკის აღმასვლას აფერხებს. 2022 წლის ზრდის პროგნოზი 5.3%-დან 5.4%-მდე გაიზარდა. ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. ჰონგ კონგის, კორეის რესპუბლიკის, სინგაპურისა და ტაიპეი, ჩინეთის ახლად ინდუსტრიალიზებული ეკონომიკების გამოკლებით განვითარებადი აზიის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 2021 წელს 7.5%-ით და 2022 წელს 5.7%-ით განისაზღვრა, შესაბამისად მოსალოდნელ 7.7% და 5.6%-თან შედარებით. ADB-ის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციის — აზიის განვითარების პროგნოზის 2021 დამატება, კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში რეგიონის ეკონომიკებისა და ინფლაციის დონეების განახლებულ პროგნოზებს აქვეყნებს. "COVID-19-ის პანდემიისგან აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის გაჯანსაღება გრძელდება, თუმცა განახლებული კოვიდ-აფეთქებების, ახალი ვარიანტებისა და არასტაბილური ვაქცინაციის ფონზე რისკები მაინც რჩება. ვირუსის შეკავებისა და ვაქცინაციის ზომების გარდა, ეკონომიკური აქტივობების, მაგალითად, ვაჭრობის, წარმოებისა და ტურიზმის ეტაპობრივი და სტრატეგიული აღდგენა მთავარი ფაქტორი გახდება მწვანე, მრავალმხრივი და მდგრადი განახლებისთვის", - განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ. "COVID-19-ის პანდემია ეკონომიკური ზრდისთვის ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს, რადგან ვირუსის აფეთქებები მრავალ ეკონომიკაში კვლავაც გრძელდება. მაისის შუა რიცხვებში რეგიონში დღიურმა დადასტურებულმა შემთხვევებმა 434,000 შეადგინა. ეს რიცხვი ივნისის ბოლოსკენ 109,000-მდე შემცირდა და უმეტესად სამხრეთი აზია, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია და წყნარი ოკეანის რეგიონი მოიცვა. ამავდროულად, რეგიონში ვაქცინაცია ტემპს იკრეფს და ივნისის მიწურულს 100 ადამიანზე 41.6 დოზა გაკეთდა, რაც მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს - 39.2 დოზას აღემატება, თუმცა ჩამორჩება ამერიკის შეერთებული შტატების 97.6 დოზას და ევროკავშირის 81.8 გაკეთებულ დოზას 100 ადამიანზე. აღმოსავლეთი აზიის ზრდის პროგნოზი 2021 წელს 7.5%-მდე გაიზარდა აპრილში ნავარაუდევ 7.4%-დან, ახლად ინდუსტრიალიზებული ეკონომიკების — ჰონგ კონგი, ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა და ტაიპეი, ჩინეთი ­— მოსალოდნელზე სწრაფი აღდგენის ფონზე. ქვერეგიონული ზრდა 2022 წელს კვლავ 5.1%-თ არის მოსალოდნელი. ზრდის პროგნოზი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის ასევე უცვლელი რჩება მიმდინარე წელს 8.1%, ხოლო 2022 წელს 5.5% წარმოების, ექსპორტისა და სერვისების ურყევი აქტივობის ფონზე. მიმდინარე წელს ცენტრალური აზიის ზრდის პროგნოზი აპრილში ნავარაუდევ 3.4%-თან შედარებით 3.6%-მდე გაიზარდა. ეს უმეტესად სომხეთის, საქართველოსა და ყაზახეთის — ქვერეგიონის უდიდესი ეკონომიკის, გაუმჯობესებული პროგნოზების შედეგად მოხდა. 2022 წელს ცენტრალურ აზიაში ზრდას კვლავაც 4.0%-ით ელოდებიან. სამხრეთი აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მოლოდინები 2021 წელს შემცირდა, რადგან ვირუსის განახლებულ აფეთქებებს შეკავების ზომები და შეზღუდვები დაუპირისპირდა, რაც ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს. სამხრეთი აზიის ზრდის მაჩვენებელი ფისკალური 2021 წლისათვის 9.5%-დან 8.9%-მდე შემცირდა. ინდოეთში მოსალოდნელმა ზრდამ 1.0%-ით ნაკლები — 10.0% შეადგინა. სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის 2021 წლის პროგნოზი 4.4%-დან 4.0%-მდე შემცირდა, ხოლო წყნარი ოკეანის ეკონომიკების — 1.4%-დან 0.3%-მდე. 2022 წელს აღნიშნული ქვერეგიონების მაჩვენებლები შესაბამისად 7.0%, 5.2% და 4.0%-მდე გაიზარდა. აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს 2.4%-მდე გაიზარდა აპრილში ნავარაუდევ 2.3%-დან, რაც ნავთობსა და ფართო მოხმარების საქონელზე ფასების მატებითაა ნაკარნახები. 2022 წლის პროგნოზი უცვლელად რჩება 2.7%. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი", - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირი ჩინეთს კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

"ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, პარტნიორებთან ერთად, ააშკარავებენ მავნე კიბერ საქმიანობას, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა ჩვენს ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე, დემოკრატიასა და ზოგადად საზოგადოებაზე. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ამ მავნე კიბერ აქტივობებს აფასებენ, როგორც ჩინეთის ტერიტორიიდან განხორციელებულს", - ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა გაავრცელა. ევროკავშირში აცხადებენ, რომ Microsoft Exchange Server-ის კომპრომეტირებამ ათასობით კომპიუტერისა და ქსელების უსაფრთხოება შეარყია, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ინსტიტუტებში. "ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ მავნე კიბერ აქტივობები მნიშვნელოვანი შედეგებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებში, სამთავრობო ინსტიტუტებსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებზე თავდასხმას, აგრეთვე ევროპულ საკვანძო ინდუსტრიებზეც. ეს საქმიანობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰაკერულ ჯგუფებთან, რომლებიც ცნობილია როგორც Advanced Persistent Threat 40 და Advanced Persistent Threat 31 და ჩატარებულია ჩინეთის ტერიტორიიდან ინტელექტუალური საკუთრების ქურდობისა და ჯაშუშობის მიზნით. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მკაცრად გმობენ ამ მავნე კიბერ საქმიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთის ხელისუფლებას, არ დაუშვან მისი ტერიტორიის გამოყენება მავნე კიბერ აქტივობებისთვის და მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა და გადადგან გონივრული და შესაძლო ნაბიჯები სიტუაციის დასადგენად, გამოსაკვლევად და გამოსასწორებლად. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ კიბერ სივრცეში მავნე საქციელის წინააღმდეგ ბრძოლა", - ნათქვამია განცხადებაში. ჩინეთს კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევისკენ მოუწოდებს NATO-ც. "ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველას, ვინც ბოლოდროინდელი მავნე კიბერსაქმიანობის შედეგად დაზარალდა, მათ შორის Microsoft Exchange Server-ის კომპრომეტირების შედეგად. ასეთი მავნე კიბერსაქმიანობა ძირს უთხრის კიბერსივრცეში უსაფრთხოებას, ნდობასა და სტაბილურობას. ჩვენ ვაღიარებთ მოკავშირეთა ეროვნული განცხადებებს, როგორიცაა კანადა, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები, რომ Microsoft Exchange Server– ის კომპრომისზე პასუხისმგებლობა მიაკუთვნეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას. ბრიუსელის სამიტის კომუნიკეს შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩინეთს, დაიცვან თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები და პასუხისმგებლობებით იმოქმედონ საერთაშორისო სისტემაში, მათ შორის კიბერ სივრცეში", - ნათქვამია განცხადებაში.