ძებნის რეზულტატი:

საქართველოს 16 მოქალაქე ავღანეთიდან თბილისში დაბრუნდა

ავღანეთიდან 19 აგვისტოს გამოფრენილი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას შესრულდა. საქართველოს 16 მოქალაქე ქაბულიდან ევაკუაციის შემდეგ ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოქალაქეების გადმოყვანა ამერიკულ, ბრიტანულ, თურქულ და უნგრულ მხარესთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი. შესაბამისი უწყებების კოორდინაციით, ყველა ნაბიჯი ეტაპობრივად იყო დაგეგმილი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ავღანეთი უსაფრთხოდ დაეტოვებინათ. საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რევაზ ჯაველიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება პარტნიორი ქვეყნების დახმარებით მოხერხდა. „ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა დავიწყეთ იმ დღიდან, როდესაც გავიგეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ ავღანეთში, ძირითადად ქაბულში და ითხოვდნენ შველას, რომ წამოგვეყვანა. დავიწყეთ ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა, რომ მოგვეხერხებინა მათი აეროპორტში უსაფრთხო მიყვანა და აეროპორტიდან უსაფრთხოდ გადმოგვეფრინა საქართველოს მიმართულებით. ძალიან რთული სიტუაცია იყო და კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა. კავშირზე ვიყავით დამსაქმებელ კომპანიასთან როგორც კანადაში, ასევე ლონდონის ოფისთან, რომელიც ფარავს ავღანეთს. ძირითადად, ჩვენი პარტნიორები იყვნენ ამერიკელები, ბრიტანელები, უნგრელები და თურქები. თითოეულ მათგანს მინდა,მადლობა გადავუხადო იმ დახმარებისთვის, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ ჩამოყვანის საქმეში გაწიეს. რა თქმა უნდა, ეს დეტალები ღიად არ ჩანს, მაგრამ ძალიან დიდი საქმე და სამუშაოა გაწეული. რაც მთავარია, ამოცანა შესრულებულია, ყველა უვნებელი და ჯანმრთელი დაბრუნდა საქართველოში და დაუბრუნდა თავის ოჯახებს“,- განახადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. რევაზ ჯაველიძის განცხადებით, მიზანი მიღწეულია და საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება მოხდა ქვეყანაში. ,,პირველივე დღიდან, როცა გადაწყდა ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია ჩავერთეთ საკმაოდ რთული მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც წარმატებით დასრულდა დღეს და ჩვენი 16 თანამოქალაქე დაუბრუნდა ოჯახებს. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს გაწეული სამუშაოსათვის და რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს. მე ვახსენე უკვე, რომ ეს იყო საკმაოდ რთული მოლაპარაკებების პროცესი და ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყებები, ვისთანაც ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. მთავარი არის ის, რომ მიზანი მიღწეულია, ჩვენი მოქალაქეები თბილისში არიან”,- განაცხადა რევაზ ჯაველიძემ. მისი თქმით, ქართული მხარე ოფიციალურად იყო კავშირზე მეგობარ ქვეყნებთან და საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა ოფიციალური გზებით ხდებოდა. ,,რამდენიმე ქვეყანა გამოიარეს და ყველგან სათანადო მხარდაჭერა ჰქონდათ როგორც სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ასევე საგარეო უწყების და საკონსულო სამსახურების მხრიდან”,- განაცხადა რევაზ ჯაველიძემ. ქაბულში სულ საქართველოს 24 მოქალაქე იყო. ცნობისთვის, საქართველოს ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში უნგრული ბორტით დაბრუნდა. ქაბულიდან, NATO-ს ბაზიდან საქართველოს მოქალაქეები აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და თურქეთის დახმარებით გამოფრინდნენ ცნობისათვის, ავღანეთიდან ჯამში 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

მექსიკაში ქარიშხალ „გრეისს“ 8 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის ქალაქ ვერაკრუზში მესამე კატეგორიის ქარიშხალ „გრეისის“ გამო გამოწვეული სტიქიის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ექვსი ბავშვი და მოზარდია. შტატის გუბერნატორის კუიტ-ლაუაკ გარსიას ინფორმაციით, სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება. „ერთი ზრდასრული ადამიანი ღამით გარდაიცვალა. ის კრიტიკულ მომენტში გარეთ იმყოფებოდა. სტიქიას აგრეთვე ემსხვერპლა ექვსი ადამიანი – დედა და შვილები. კიდევ ერთი ბავშვი ღამით გარდაიცვალა“, – განაცხადა გუბერნატორმა. ვერაკრუზის შტატის ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან მდინარეების დონის აწევა შესაძლოა, გაგრძელდეს და ამასთან, მოსალოდნელია, რომ მეწყერის საფრთხე მოიმატებს. ამავე თემაზე: მექსიკას ქარიშხალი ,,გრეისი" უახლოვდება

საქართველოში კორონავირუსი 3 803 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 48

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 3 803 ადამიანს დაუდასტურდა, 5 332 გამოჯანმრთელდა, ხოლო 48 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 159 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 332 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3% ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 159 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 708 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 451 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 803 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVIS19 პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 514 744-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 10.92% ხოლო 7 განმავლობაში - 10.80%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 332 მოქალაქე, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 448 288. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 771 მოქალაქე ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 425 შემთხვევა, აჭარა - 598, იმერეთი - 506, ქვემო ქართლი - 163, შიდა ქართლი - 168, გურია - 161, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 246, კახეთი - 327, მცხეთა-მთიანეთი - 69, სამცხე-ჯავახეთი -104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 59 659 საიდანაც 7 345 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 218, აჭარაში - 955, იმერეთში - 1 095. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 547 , მათ შორის, თბილისში - 622, აჭარაში - 149, იმერეთში - 346. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 28, იმერეთში - 21. 3 494 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 613 - თბილისში, 1 247 - აჭარაში. 48 820 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 82 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 77, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 21 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 092 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 062 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 456, აჭარაში - 8 417, იმერეთში - 4 848.

თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ქასთამონუს, სინოფისა და ბართინის პროვინციებში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სამსახური ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ქასთამონუს პროვინციაში 71 ადამიანი დაიღუპა. სინოფის პროვინციაში სტიქიას ათი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ბართინში ერთი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზემოხსენებული სამი პროვინცია სტიქიის ზონებად გამოაცხადა.

ღაზას სექტორის საზღვართან აქციის დროს შეტაკებისას 41 პალესტინელი დაშავდა

ღაზას სექტორის საზღვართან საპროტესტო აქციის დროს ისრაელელ ჯარისკაცებთან შეტაკების შედეგად სულ მცირე 41 პალესტინელი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. „ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა, რომლებიც წინასწარ იყვნენ მომზადებული, გამოიყენეს აქციის დაშლის მეთოდები“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციაში. მანამდე, პალესტინელებმა ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ლტოლვილთა ბანაკთან საპროტესტო აქცია მოაწყეს, რომლის საპასუხოდ ისრაელის ხელისუფლება ადგილზე სამხედრო დანაყოფები გაგზავნა.

ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინელმა კოლეგამ ქალაქ ლვოვში უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. მთავრობის მეთაურს უკრაინელმა კოლეგა დენის შმიგალმა, ქალაქ ლვოვში უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრები ლვოვის ხალხური არქიტექტურის მუზეუმს ესტუმრნენ და მუზეუმის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციის გამოფენაც დაათვალიერეს. ირაკლი ღარიბაშვილისა და დენის შმიგალისთვის გაიმართა კულტურული ტური ლვოვის ისტორიულ ცენტრში. პრემიერ-მინისტრებმა, ორი ქვეყნის მთავრობის წევრებთან ერთად, ქალაქის ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 21 აგვისტოს ესტუმრა. მთავრობის მეთაურის ვიზიტი 23 აგვისტოს სრულდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 22 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამავე თემაზე: ღარიბაშვილი და შმიგალი უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდნენ ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

ესპანეთმა რუსეთის სამხედრო გემები პორტში არ შეუშვა

ესპანეთის პორტ სეუტაში არ შეუშვეს რუსეთის სამხედრო გემები. გემებს საწვავისა და სურსათის მარაგი უნდა შეევსოთ და ეკიპაჟი ქალაქში გასეირნებას აპირებდა. რუსეთის მეზღვაურებმა რამდენიმე კვირის წინ გაგზავნეს სპეციალური განაცხადი და სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემებისთვის 18-20 აგვისტოს ითხოვეს პორტში შეშვება, მაგრამ საპასუხოდ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათგან მოითხოვა ინფორმაცია პორტში შესვლისა და მარშრუტის შესახებ. რუსეთის მხარემ არ უპასუხა ესპანეთის მოთხოვნას, ესპანეთმა კი, შესაბამისად, სეუტაში შესვლის უფლება არ მისცა რუსეთის გემებს. ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება მოჰყვა მოკავშირეების კრიტიკას. მათ არაერთხელ გამოუთქვამთ უკმაყოფილება იმის გამო, რომ ესპანეთი რეგულარულად აძლევს რუსეთის სამხედრო გემებს თავის პორტებში შესვლის უფლებას, მიუხედავად კრემლის მიმართ ევროკავშირის სანქციებისა. განსაკუთრებით ხშირად ხდებოდა ეს 2010-2016 წლებში. ამ პერიოდში რუსეთის გემებმა სეუტა დაახლოებით 60-ჯერ მოინახულეს.

საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 10% სრულად ვაქცინირებულია

Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 23 303-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 962 165 აცრა გაკეთდა. სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთი დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 23.7%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 10%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 514 744 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 448 288, გარდაიცვალა 6 771 პაციენტი. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 3 803 ადამიანს დაუდასტურდა, 5 332 გამოჯანმრთელდა, ხოლო 48 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

BBC: ქაბულის აეროპორტი 48 საათით დაიკეტება

BBC აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ ავღანეთში ქაბულის აეროპორტი 48 საათით დაიკეტება. აეროპორტი იკეტება იმისთვის, რომ მათი ევაკუაცია განხორციელდეს, ვინც უკვე აეროპორტის ტერიტორიაზეა. აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს ქაბულის აეროპორტში დროებით არ მივიდნენ. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.

ქალმა ავღანეთიდან ევაკუაციის დროს თვითმფრინავში იმშობიარა

ქალმა ავღანეთიდან ევაკუაციის დროს თვითმფრინავში იმშობიარა. როგორც ცნობილია, მან გერმანიაში სამხედრო ბაზაზე თვითმფრინავის დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე იმშობიარა. ინფორმაციას პენტაგონი Twitter-ზე ავრცელებს. პენტაგონის ცნობით, ქალსა და მისი ოჯახის წევრებს რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაშვების შემდეგ, სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

ავსტრია ავღანეთიდან დევნილი მოქალაქეების მიღებაზე უარს აცხადებს

ავღანეთიდან დევნილი მოქალაქეების მიღებაზე უარს აცხადებს ავსტრია. კანცლერ სებასტიან კურცის განცხადებით, მისი მმართველობის პერიოდში „თალიბანს“ გამოქცეული ავღანელების შეფარება არ მოხდება. „მე მკაფიოდ ვეწინააღმდეგები ნებაყოფლობით დამატებით ხალხის მიღებას და ეს ჩემი კანცლერობის განმავლობაში არ მოხდება“,- აღნიშნა კურცმა. ავსტრიამ 2015-2016 წლების მიგრაციული კრიზისის დროს ლტოლვილთა დიდი ნაკადი შეიფარა. ევროპის მასშტაბით, შეფარებულ ავღანელთა ოდენობით, ავსტრია გერმანიის შემდეგ, მეორე ადგილზეა. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე კიევშია. ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინის ვიცე-პრემიერი ალექსეი რეზნიკოვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვასილ ბოდნარი დახვდნენ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიევში ლვოვიდან ჩაფრინდა, სადაც მას გუშინ უკრაინელმა კოლეგამ დენის შმიგალმა უმასპინძლა. ოფიციალური შეხვედრები დღეს კიევში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, ასევე გაიმართება მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან. მთავრობის მეთაური 23 აგვისტოს მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან. ამავე თემაზე: ღარიბაშვილი და შმიგალი უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდნენ ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინელმა კოლეგამ ქალაქ ლვოვში უმასპინძლა

მე-12 ბატალიონმა GDRP-ის ფარგლებში დასკვნითი სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მე-9 როტაციის ფარგლებში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ქვეითმა ბატალიონმა საბრძოლო სროლებით დასკვნითი სწავლება ჩაატარა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ასეულის დონის ქვედანაყოფმა ვაზიანის პოლიგონზე შეტევითი ოპერაციები განახორციელა. მოიერიშე ელემენტმა დაბრკოლებები გაიარა, მოწინააღმდეგეზე იერიში განახორციელა და ობიექტი დაიპყრო. სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები აკვირდებოდნენ. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ქვეითი ბატალიონი სწავლებას საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე 13 კვირის განმავლობაში გადიოდა. განსაკუთრებული ყურადღება ქვედანაყოფის ტაქტიკურ მოქმედებასა და დავალებების სწორად შესრულებას დაეთმო. ბატალიონს ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები ამზადებდნენ. GDRP-ის ფარგლებში საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მომზადება 9 ბატალიონმა გაიარა. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ასევე უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

ქაბულის აეროპორტთან ხალხმრავლობით გამოწვეულ ჭყლეტვას 7 ადამიანი ემსხვერპლა

„თალიბანის“ მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ აეროპორტთან ევაკუაციის მსურველთა სიმრავლით გამოწვეულ ჭყლეტვას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. „ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა შვიდი ავღანელი მოქალაქის ოჯახის წევრებს, რომლებიც ქაბულში ხალხმრავლობაში დაიღუპნენ“, – ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, ადგილზე ვითარება უკიდურესად რთულია, თუმცა სიტუაციის გასაკონტროლებლად ყველაფერს აკეთებენ. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. ამავე თემაზე: BBC: ქაბულის აეროპორტი 48 საათით დაიკეტება

ამირან გამყრელიძე: ბოლო 2 კვირის მონაცემებით, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის რიცხვით, პირველ სამეულში ვართ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირის მონაცემებით საქართველო 100 000 მოსახლეზე ინფიცირებული მოსახლეობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლით, პირველ სამეულში შედის. ამის შესახებ მან ,,რუსთავი 2"-ს განუცხადა. "საკმაოდ წითელ ზონაში ვართ და საკმაოდ მაღლა ვართ. საერთო მონაცემებს თუ ავიღებთ, რამდენია ინფიცირებული 100 ათას მოსახლეზე, 1 მილიონ მოსახლეზე, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, ამით ვართ სადღაც პირველ ოცეულში. მაგრამ, ბოლო 1 ან ბოლო 2 კვირის მონაცემებს თუ აიღებთ 100 ათას მოსახლეზე, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის რიცხვით, სამწუხაროდ, ვართ პირველ სამეულში,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 3 803 ადამიანს დაუდასტურდა, 5 332 გამოჯანმრთელდა, ხოლო 48 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

დენის შმიგალი: უნდა გავზარდოთ ტვირთების გადაზიდვები მესამე ქვეყნებში საქართველო-უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით

,,უნდა გავზარდოთ ტვირთები, როგორც საქართველო-უკრაინას შორის, ასევე ვუზრუნველყოთ, გადაზიდვები მესამე ქვეყნებში ჩვენი ტერიტორიების გამოყენებით ", - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას გამოთქვა დაინტერესება საქართველოსა და უკრაინის რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის განვითარების. ,,ბატონ პრემიერ-მინისტრთან საუბრისას მე გამოვთქვი დაინტერესება საქართველოსა და უკრაინას რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარების. უნდა გამოვიყენოთ შავი ზღვის პორტებისა და საბორნე მიმოსვლები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ინფრასტრუქტურით. ასევე, უნდა გამოვიყენოთ ყველა ძალისხმევა იმისათვის, რომ გავზარდოთ ტვირთების ნაკადი, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის ისე , ვუზრუნველყოთ გადაზიდვები მესამე ქვეყნებში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით", - განაცხადა შმიგალმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. ამავე თემაზე: დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება ღარიბაშვილი და შმიგალი უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდნენ ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინელმა კოლეგამ ქალაქ ლვოვში უმასპინძლა

დენის შმიგალი: რუსეთიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახლა არის ძალიან ძვირფასი და ღირებული

,,რუსეთიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახლა არის ძალიან ძვირფასი და ღირებული", - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილეს ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ყველა ასპექტი. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ ჩვენი პრაქტიკული ნაბიჯების განხილვაზე, ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიზნით. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ყველა ასპექტი, უსაფრთხოების, საგარეო, პოლიტიკური მიმართულებით, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის კუთხით. მადლობა მინდა გადავუხადო საქართვლოს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარებისთვის, დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობისთვის, ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით აქტიური პოზიციისთვის. რუსეთის ფედერაციიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახლა არის ძალიან ძვირფასი და ღირებული, იმ ფონზე, როდესაც უკრაინამ დააფუძნა წინააღმდეგობის ახალი ფორმატი - ყირიმის პლატფორმა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მონაწილეობა „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება გავამახვილოთ, რომ აუცილებელია იყოს კონსოლიდირებული ძალისხმევები, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის და სამხრეთ ოსეთის - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებს“, - აღნიშნა დენის შმიგალმა. ამავე თემაზე: დენის შმიგალი: უნდა გავზარდოთ ტვირთების გადაზიდვები მესამე ქვეყნებში საქართველო-უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით

დენის შმიგალი: საქართველო-უკრაინა სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებით განვითარებას აგრძელებენ

ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე. კერძოდ, განვიხილეთ ერთობლივი ნაბიჯების კოორდინაცია, რათა დავაჩქაროთ საქართველოსა და უკრაინის მიერ ევროკავშირსა და NATO-ში სრულფასოვანი წევრობის მოპოვება, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის პრემიერის თქმით, საქართველო-უკრაინა ერთობლივად ცდილობენ, გახდნენ NATO-სა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. „ჩვენთვის პრიორიტეტულია ის საკითხები, რომლებიც უკავშირდება NATO-სთან თანამშრომლობის მექანიზმების გაღრმავებას. ევროინტეგრაციის მიმართულებაზე ჩვენ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამატებითი მექანიზმი გახდა ასოცირებული ტრიოს-უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ფორმატის საქმიანობის დაფუძნება. ეს მოხდა სახელმწიფოს მეთაურების დონეზე და ასევე, მნიშვნელოვანია შესაბამისი დეკლარაციის ხელმოწერა. ეს მოხდა 19 ივლისს, ბათუმში. საქართველო და უკრაინა აგრძელებენ სტრატეგიულ პარტნიორობის ყველა მიმართულებით განვითარებას. ასეთი მუშაობის პირველი შედეგები, იმედი მაქვს, იქნება განხილული უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს საინაუგურაციო სხდომის დროს, 2021 წლის ბოლოს“, - განაცხადა შმიგალმა. ამავე თემაზე: დენის შმიგალი: უნდა გავზარდოთ ტვირთების გადაზიდვები მესამე ქვეყნებში საქართველო-უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით დენის შმიგალი: რუსეთიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახლა არის ძალიან ძვირფასი და ღირებული დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება ღარიბაშვილი და შმიგალი უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე იმყოფებოდნენ ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინელმა კოლეგამ ქალაქ ლვოვში უმასპინძლა

დენის შმიგალი: საქართველოს და უკრაინას აქვს ყველა წინაპირობა საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებისთვის

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, საქართველოს და უკრაინას აქვს ყველა წინაპირობა საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებისთვის. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “საქართველოს და უკრაინას აქვს ყველა წინაპირობა საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებისთვის. ჩვენ განვიხილეთ ბიზნესის მონაწილეობის შესაძლებლობა პრივატიზაციის პროცესში ერთობლივი მაღალტექნოლოგიური საწარმოების განვითარებაში და ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მე ძალიან ვაფასებ დღევანდელი შეხვედრის შედეგებს და დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის ინტენსიფიკაციაში, ასევე საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთქმედების გამიზნულ სფეროებში ყოვლისმომცველი თანამშრომლობის წარმატებაში”,- განაცხადა დენის შმიგალმა. ამავე თემაზე: დენის შმიგალი: უნდა გავზარდოთ ტვირთების გადაზიდვები მესამე ქვეყნებში საქართველო-უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით დენის შმიგალი: რუსეთიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახლა არის ძალიან ძვირფასი და ღირებული დენის შმიგალი: საქართველო-უკრაინა სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებით განვითარებას აგრძელებენ დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ

,,უკრაინა არა მხოლოდ მეგობარი სახელმწიფოა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა. მთავრობის მეთაურმა დენის შმიგალს მშობლიურ ქალაქ ლვოვში გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. “დიდი პატივია ჩემთვის, ოფიციალურად ვიმყოფებოდე ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის გამორჩეულ მეგობარ სახელმწიფოში, უკრაინაში. მე მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ძალიან თბილი მასპინძლობისთვის. ბატონმა პრემიერმა გუშინ გვიმასპინძლა თავის მშობლიურ ქალაქში, ლვოვში. მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი პატივი და მინდა ასევე დავაფიქსირო, თუ რაოდენ მადლიერი ვართ ჩვენ ასეთი მასპინძლობისთვის. უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. უკრაინა არა მხოლოდ მეგობარი სახელმწიფოა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს, მათ მიერ საჯაროდ გაცხადებული მტკიცე მხარდაჭერისთვის. „ბოლო ორი დღის განმავლობაში განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც აკავშირებს ორ მეგობარ სახელმწიფოს. ფართო სპექტრი საკითხების, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების საკითხებს, ვაჭრობას და ეკონომიკას, ზოგადად, ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ ერთის მხრივ გვაქვს საერთო მისწრაფებები და როგორც უკრაინა, ასევე საქართველო, მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყანა და მეორეს მხრივ, გვაქვს ანალოგიური, იდენტური პრობლემები და გამოწვევები. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი პატივისცემა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ასევე მინდა გამოვხატო მადლიერება და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს, მათ მიერ, ყოველთვის საჯაროდ გაცხადებული მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამავე თემაზე: დენის შმიგალი: უნდა გავზარდოთ ტვირთების გადაზიდვები მესამე ქვეყნებში საქართველო-უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით დენის შმიგალი: რუსეთიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახლა არის ძალიან ძვირფასი და ღირებული დენის შმიგალი: საქართველო-უკრაინა სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებით განვითარებას აგრძელებენ დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება დენის შმიგალი: საქართველოს და უკრაინას აქვს ყველა წინაპირობა საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებისთვის