ძებნის რეზულტატი:
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამჟამად ქაბულის აეროპორტში ევაკუაციას 6 000 ადამიანი ელოდება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამჟამად ქაბულის აეროპორტში ევაკუაციას 6 000 ადამიანი ელოდება. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ის დამატებით კონსულებს გააგზავნის როგორც ავღანეთში, ისე ყატარსა და ქუვეითში, რათა მოქალაქეებს ევაკუაციაში დახმარება გაუწიონ. ნედ პრაისის თქმით, უახლოეს ხანში ქაბულის აეროპორტიდან 20 ფრენა განხორციელდება, რომლითაც უცხოელებისა და ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაცია მოხდება. მისივე განცხადებით, აშშ-მა „საგრძნობლად გააფართოვა“ იმ პირთა წრე, რომელთაც ექნებათ საშუალება, აშშ-ში სპეციალური საიმიგრაციო ვიზა მოითხოვონ. ამასთან, მან კიდევ ერთხელ მოუწოდა „თალიბანს“, უზრუნველყოს ქაბულის აეროპორტში მსურველების უსაფრთხოდ მისვლა.
ენტონი ბლინკენმა და იენს სტოლტენბერგმა ავღანეთის საკითხზე ისაუბრეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ავღანეთის საკითხზე ტელეფონით ესაუბრა NATO-ს გენერალურ მდივანს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს. დღესვე ავღანეთის საკითხზე NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. მოლაპარაკებები ონლაინ ფორმატში გაიმართება. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნულ შეხვედრაზე მოკავშირეები განიხილავენ ერთობლივ ძალისხმევას, რაც ავღანეთიდან მოკავშირეთა პერსონალისა და ავღანელი პარტნიორების უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფას მოემსახურება. ენტონი ბლინკენისა და იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მჭიდრო კოორდინაცია მნიშვნელოვანია ავღანეთში NATO-ს მომავლის განსაზღვრისთვის. ავღანეთის საკითხზე, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ
საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა 40%-მდე უკვე აცრილია
განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს, – ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა. ვაქცინაციაზე მისულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ. ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას. მისივე თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და მინისტრის პირველი მოადგილე იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება. იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.
ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინს შეხვდება
Deutche Welle-ს ინფორმაციით, ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის რანგში ბოლო ვიზიტით, დღეს, მოსკოვს ეწვევა და პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. გამოცემა წერს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს ორი ლიდერის პირველი პირისპირ შეხვედრაა. მათივე ცნობით, პუტინი და მერკელი აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. მათ შორის იქნება პანდემიასთან ბრძოლა, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული მდგომარეობა, ბელარუსისა და ავღანეთის თემა. გერმანიის მთავრობის აცხადებენ, რომ ვიზიტის დროს მერკელი ასევე ისაუბრებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე. ბერლინში სურთ, რომ აღნიშნული გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით გაგრძელდეს. მერკელი და პუტინი ბოლოს პირისპირ 2020 წლის 11 იანვარს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერის რანგში მერკელისთვის ეს ბოლო ვიზიტი იქნება მოსკოვში.
საქართველოში კორონავირუსი 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 59
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, 3 393 გამოჯანმრთელდა, ხოლო 59 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 389 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 181 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 208 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 743 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 506 040-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.22%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 10.86% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 10.98%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 393 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 440 370. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 649 მოქალაქე ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 860 შემთხვევა, აჭარა - 677, იმერეთი - 573, ქვემო ქართლი - 277, შიდა ქართლი - 304 გურია - 120, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 297, კახეთი - 386, მცხეთა-მთიანეთი - 113, სამცხე-ჯავახეთი - 98, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 38. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 58 995 საიდანაც: 7 238 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 188, აჭარაში - 951, იმერეთში - 1 045. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 477 , მათ შორის, თბილისში - 617, აჭარაში - 145, იმერეთში - 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 335 პირი, მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 26, იმერეთში - 20. 3 458 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 649 - თბილისში, 1 333 - აჭარაში. 48 299 ადამიანი მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 77 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 72, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 19 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 070 მოქალაქე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 933 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 332, აჭარაში - 8 203, იმერეთში - 5 126.
თურქეთში ახალი კოვიდშეზღუდვები დაწესდა
თურქეთში ახალი კოვიდშეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც Anadolu წერს, ამიერიდან კინოთეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში მისულ აუცრელ მოქალაქეებს PCR ტესტის პასუხის წარდგენა მოუწევთ. ეს ეხება ასევე არავაქცინირებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, სასწავლო წლის დაწყებიდან, სკოლის პედაგოგებსა და სხვა თანამშრომლებს, რომლებიც ჯერ არ აცრილან, PCR ტესტის პასუხის წარდგენა კვირაში ორჯერ მოუწევთ.
ბრალდებულების და მსჯავრდებულების კოვიდინფიცირების შემთხვევების სამართავად სპეციალური სივრცე მოეწყო
ბრალდებულების/მსჯავრდებულების კოვიდინფიცირების შემთხვევების (უსიმპტომო ან/და მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები) მართვის მიზნით, N10 პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე შესაბამისი სივრცე მოეწყო და ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, კოვიდინფიცირებულთათვის საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში მუშაობისა და ინფიცირებულ პირთა ჯანმრთელობის მართვის მიზნით, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მიერ ორგანიზებული ტრენინგის ფარგლებში, დაწესებულების სამედიცინო და არასამედიცინო სამსახურის 21-მა თანამშრომელმა გაიარა მომზადების კურსი. ტრენინგის თემა იყო: უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე ინფექციის მართვა/მკურნალობა, შესაბამისი კვლევების საჭიროების გამოვლენა და მისი ჩატარების უზრუნველყოფა, შესაძლო გართულებების ადრეული ნიშნების იდენტიფიცირება, რეფერალის საჭიროების დროული გამოვლენა და მისი ორგანიზება, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, რაც გულისხმობს ნაკადების ადეკვატურ მართვას, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებას, დაბინძურებული და სუფთა ზონების გამიჯვნას, დეზინფექციის მოთხოვნების თავისებურებასა და მისი მკაცრად დაცვის უზრუნველყოფას.
კოვიდვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დღეიდან იუსტიციის სახლები ჩაერთვებიან
COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მოქალაქეები დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეძლებენ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრ ავრცელებს. ახალი სერვისის დანერგვის პროცესს თბილისის იუსტიციის სახლში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აკვირდებიან. ვაქცინაციაზე დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა ეწვიონ ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში – 2 405 405. სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლებში ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. მომხმარებლები ვაქცინაციაზე ახლობლებისა და ოჯახის წევრების დარეგისტრირებასაც შეძლებენ. სერვისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი; შაბათს და კვირას კი, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მსურველებს 10:00-დან 17:00-საათამდე თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მოემსახურებათ.
ბრიტანეთის ელჩმა ქაბულის დატოვებაზე უარი თქვა. ლორი ბრისტოუ სულ მცირე 6 000 ადამიანს სავიზო საკითხების მოგვარებაში დაეხმარება
ავღანეთში ბრიტანეთის ელჩი სერ ლორი ბრისტოუ, რომელმაც უარი თქვა ქვეყნიდან წამოსვლაზე, ქაბულის აეროპორტშია და სავიზო საკითხების მოგვარებაში ეხმარება ავღანელებს, რომლებიც ბრიტანელებთან თანამშრომლობდნენ და ახლა ქვეყნის დატოვება სურთ. Evening Stardar-ის ინფორმაციით, თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ ბრისტოუ ქაბულიდან გასულ კვირას გაიყვანეს, თუმცა ის ავღანეთში დარჩა, დაეხმარა 300 ბრიტანელ ჯარისკაცს და გეგმავს, რომ სულ მცირე 6 000 ადამიანს მისცეს ვიზა ქვეყნის დასატოვებლად. ის სავიზო საკითხების მოსაგვარებლად მოწყობილ სივრცეში, მაგიდასთან მოთავსდა და თქვა, რომ ადგილზე დარჩება, სანამ ეს საჭირო იქნება. როგორც ცნობილია, 57 წლის ბრისტოუ რამდენიმე თვის წინ დაინიშნა ამ თანამდებობაზე. წარსულში ის რუსეთში ელჩის მოადგილედ და შემდეგ ელჩად მუშაობდა. როგორ მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, განათლება კემბრიჯში მიიღო, ბრიტანეთის საგარეო უწყებაში მუშაობა 1990 წელს დაიწყო. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. Reuters-ის ცნობით, ავღანეთიდან სულ 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
საქართველოში ჯამში 907 665 აცრა ჩატარდა
20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 907 665 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში აიცრა 23 986 მოქალაქე. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, 3 393 გამოჯანმრთელდა, ხოლო 59 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ავღანეთიდან ჯამში 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული
ავღანეთიდან ჯამში 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. იუწყება ბრიტანული სააგენტო Reuters-ი. დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2200 -ზე მეტი დიპლომატი და სამოქალაქო პირია ევაკუირებულია ავღანეთიდან სამხედრო ფრენებით. ნიდერლანდებმა ქაბულის აეროპორტში ქაოსისა და ევაკუაციის შეჩერების შემდეგ, ავღანეთიდან 35 მოქალაქე გაიყვანა და ჯამში რაოდენობა 50-ს შეადგენს. მათ ასევე უზრუნველყვეს უცხო ქვეყნის 20 მოქალაქის გაყვანა. 18 აგვისტოს, გვიან ღამით ამსტერდამში დაეშვა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც იყო 16 ბელგიელი, ორი გერმანელი და ორი ბრიტანული პასპორტის მფლობელი. უცხოური მედია წერს, რომ ქაბულიდან გამოფრენილი ნიდერლანდების საევაკუაციო ლაინერი თბილისში დაჯდა. ამასთან, ავღანური Kam Air-ის ბოინგი, რომელმაც ქაბულიდან უკრაინის მოქალაქეების გარდა, ნიდერლანდების, ხორვატიის, ბელარუსის და ავღანეთის 80-მდე მოქალაქე გამოიყვანა, რამდენიმე დღის წინ, გამთენისას საწვავის შესავსებად თბილისის აეროპორტში დაეშვა და შემდეგ, კიევის ბორისპოლის აეროპორტში გაფრინდა. „თალიბანის“ მიერ დედაქალაქის დაკავების შემდეგ, ჰოლანდიელები მიზნად ისახავენ საელჩოს 1000 ადგილობრივი თანამშრომლის, მთარგმნელისა და მათი ოჯახების ევაკუაციას. 17 აგვისტოს, ევაკუაციის მცდელობა ჩაიშალა, რადგან ნიდერლანდების და სხვა ქვეყნების სამხედრო თვითმფრინავმა დატოვა ქაბული მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალებმა, რომლებიც იბრძვიან პანიკაში მყოფი ხალხის გასაკონტროლებლად, აუკრძალეს ავღანელებს აეროპორტში შესვლა. ბოლო დღეების განმავლობაში, მსოფლიო მოვლენის ეპიცენტრში ავღანეთია. „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. ცნობისათვის, საქართველოს 6 მოქალაქე ავღანეთიდან უნგრული ბორტით დაბრუნდა. „საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი კვლავ იმყოფება ავღანეთში, შესაბამისად, საქართვლო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ყველა უწყებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოხდეს დამატებითი ავიარეისების ორგანიზება, რომლის საშუალებითაც უახლოეს პერიოდში ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა.
ილონ მასკმა ჰუმანოიდი რობოტი Tesla Bot-ი წარადგინა
SpaceX-ის დამფუძნებელმა და Tesla, Inc -ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ჰუმანოიდი რობოტი Tesla Bot-ი წარადგინა. როგორც ცნობილია, რობოტი სახელად ოპტიმუსი შექმნილია იმავე სენსორებსა და ჩიპებზე, რაზეც Tesla-ს თვითმავალი ავტომობილები. რობოტ ოპტიმუსს, რომელიც ადამიანის ფორმისაა და სიმაღლეში 173 სანტიმეტრია, შეუძლია საათში რვა კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდება. მას ასევე შეუძლია 45 ფუნტის ტარება. გავრცელებული ინფორმაციით, Tesla Bot-ს 2022-ს წელს წარადგენენ. Tesla, Inc -ის აღმასრულებელმა დირექტორმა პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ ბოტის თავში დამონტაჟდება ავტოპილოტის კამერები. მასკის თქმით, ჰუმანოიდ რობოტს შეუძლია შეასრულოს და გაიმეოროს ის დავალდებები, რისი გაკეთებაც დღეს მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ. მისივე განმარტებით, რობოტს აქვს შანსი შეცვალოს მსოფლიო ეკონომიკა შრომის ხარჯების შემცირებით.
ავიაკომპანიები, რომლებიც თვითმფრინავში ნაჭრის ნიღბის ტარებას კრძალავენ
პანდემიის პირობებში, თვითმფრინავში ნიღბის ტარება ჩვეულ მოვლენად იქცა, თუმცა არიან ავიაკომპანიები, რომლებიც ქსოვილის ნიღბის გამოყენებას კრძალავენ. ამ კვირაში, Finnair-მა აკრძალა ქსოვილის ნიღბის გამოყენება ბორტზე და მხოლოდ სამედიცინო რესპირატორის დაშვების უფლებას იძლევა (N95, FFP2/FFP3). „ჩვენი მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება არის ჩვენი პირველი პრიორიტეტი. ქსოვილის ნიღბები ნაკლებად ეფექტურია ადამიანების დასაცავად, ვიდრე სამედიცინო ნიღბები", - წერს კომპანია განცხადებაში. Finnair არ არის ერთადერთი, რომელიც ასეთი ნიღბების გამოყენებას საფრთხის შემცველად მიიჩნევს. ამ აკრძალვის გათვალისწინება Air France-სა და Lufthansa-ს მგზავრებსაც მოუწევთ. ავიახაზების ამ ჩამონათალს LATAM Airlines-იც შეუერთდა, რომელიც ჩილეში ოპერირებს.
საქართველომ საველე ჰოსპიტლის გამოყენება დაიწყო
გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტალის ოპერირება დაგვეწყო, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, გუშინ ცხრა პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში. „პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და ჰოსპიტალი დღეიდან უკვე სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას. საუბარია დიღომის ჰოსპიტალზე. საველე ჰოსპიტალი ძირითადად არის დროებითი დაყოვნებისთვის, ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ მისი გადამისამართება სიმძიმიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ ორ სამ დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება და შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში, რაც იქნება მისი მართვისთვის საჭირო“, – განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, დღეს ჰოსპიტალური სექტორი არის მაქსიმალურად დატვირთული. „ადგილი თუ თავისუფლდება, ხდება მაშინვე ამ ადგილის შევსება. არის რამდენიმე სარეზერვო ადგილი, მაგრამ ძირითადად პაციენტების მიღება ხდება ბრუნვის ხარჯზე“, – განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, 3 393 გამოჯანმრთელდა, ხოლო 59 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
კოვიდინფიცრებული ორსულებისთვის სპეციალური ონლაინკლინიკა ამოქმედდება
აქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კოვიდინფიცრებული ორსულებისთვის სპეციალური ონლაინკლინიკა ამოქმედდება, რომელიც მეან-გინეკოოლოგებით დაკომპლექტდება. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა დღეს შეხვედრა ჰქონდა მეან-გინეკოლოგების ასოციაციების წარმომადგენლებთან და ინტენსიურად გაგრძელდება ორსულთა მეთვალყურეობის პროცესში კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებების კიდევ უფრო აქტიური ჩართვა, მათ შორის ორსულების ტესტირება. „ორსული თუ სადმე მივა ნებისმიერი მიზეზით სამედიცინო გამოკვლევაზე, მნიშვნელოვანია, მას შევთავაზოთ კოვიდტესტირება, ასევე ვმუშაობთ, რომ ცალკე ონლაინკლინიკა გაკეთდეს სპეციალურად დაკომპლექტებული მეან-გინეკოლოგებით, რომლებიც ბინაზე გაუწევენ კონსულტაციას კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს. დღევანდელ ონლაინკლინიკები ძირითად ოჯახის ექიმებით არის დაკომპლექტებული, მათაც შეუძლიათ ორსულის კონსულტირება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად ჩაითვალა, რომ მეტად სპეციალიზებული კონსულტაცია ჰქონდეთ“, – განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, 3 393 გამოჯანმრთელდა, ხოლო 59 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
გაერთიანებულმა სამეფომ Covid19-ის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მარეგულირებელმა Covid19-ის პრევენციისა და მკურნალობის მიზნით პრეპარატი რონაპრევი დაამტკიცა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო (MHRA) აცხადებს, რომ პრეპარატი რონაპრევი ხელს შეუწყობს ინფექციის თავიდან აცილებას, COVID-19 ინფექციის სიმპტომების გართულების თავიდნ აცილებას და შეამცირებს ჰოსპიტალიზაციის შანსებს. „ეს მკურნალობა იქნება ჩვენი იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი Covid19-ის დასაძლევად. რონაპრევის მიღება შესაძლებელია ინექციის ან ინფუზიის გზით. ის მჭიდროდ ეკვრის კორონავირუსს სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსში და ხელს უშლის მას სასუნთქი სისტემის უჯრედებზე წვდომის მიღებაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მდივანმა, საჯიდ ჯავიდმა. ფაქტს გამოეხმაურა ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი. „პრეპარატი რონაპრევი, როშისა და რეგენერონის მიერ შექმნილი ანტისხეულია, Covid-19ის პრევენციისა და მკურნალობის მიზნით. მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო (MHRA) აცხადებს, რომ ეს არის პირველი პრეპარატი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების მონოკლონური ანტისხეულების საშუალებით სამკურნალოდ. ივლისში იაპონია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ პრეპარატის ლიცენზირება მოახდინა, რომლის ლაბორატორიულმა კვლევამ დაადგინა, რომ ჰოსპიტალიზაცია ან სიკვდილიანობა შემცირდა 70% -ით და სიმპტომების პერიოდი შემცირდა ოთხი დღით. სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს და რონაპრევი ახლა ლიცენზირებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ინდოეთი, შვეიცარია, კანადა და ევროკავშირი. რონაპრევი მიეკუთვნება წამლების კლასს, რომელსაც ეწოდება მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც ბუნებრივი ანტისხეულების მსგავსია“, - წერს ზაზა წერეთელი Facebook-ზე.
BBC: ისრაელი კოვიდინფექციის გავრცელების გამო სამი წლის ბავშვებისთვის შეზღუდვებს აწესებს
ისრაელი კოვიდინფექციის გავრცელების გამო სამი წლის ბავშვებისთვის შეზღუდვებს აწესებს. იტყობინება BBC. მათი ტესტები დაფინანსდება მთავრობის მიერ, ვაქცინაციის უფლება კი ჯერჯერობით არ აქვთ. ისრაელი მოითხოვს ვაქცინაციის მტკიცებულების ან ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას შიდა სივრცეებში შესასვლელად, რადგან ინფექცია სწრაფად ვრცელდება. ეს წესი მოქმედებს მხოლოდ 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც უფლება აქვთ, ჩაიტარონ ვაქცინაცია. ახლა კი ტესტირება შეეხებათ სამიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებს. ამასთან, ახალი ზომა საჭიროა მაღაზიებში ან სავაჭრო ცენტრებში შესასვლელად. რესტორნები, კაფეები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზი და აუზები იმ ადგილებს შორისაა, რომლებთაც ე.წ. მწვანე ზონის სტატუსი აქვთ. ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, თუ ვითარება არ გაუმჯობესდა, ქვეყანა ჩაკეტვის საფრთხის წინაშე დადგება. ივნისის ბოლოდან ისრაელში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა. გავრცელებას „დელტა“ ვარიანტს უკავშირებენ. ისრაელმა დაიწყო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზით ვაქცინაცია 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, სამედიცინო მუშაკებისთვის და მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ჯერჯერობით, დაახლოებით 1.1 მილიონმა ადამიანმა მიიღო ე.წ. გამაძლიერებელი დოზა. მათ, ვისაც ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა საავადმყოფოში, არ მიუღია ე.წ ბუსტერ დოზა.
თამარ გაბუნია ეპიდვითარებაზე: მცირედი სტაბილიზაციის სურათი გვაქვს. დამატებითი შეზღუდვებზე საუბარი არ არის
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შეფასებით, მიუხედავად იმისა რომ ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთება ნაადრევია, სტატისტიკის მიხედვით ვირუსის გავრცელების მხრივ მცირედი სტაბილიზაცია შეინიშნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეისთვის რა შეზღუდვებიც დაწესებულია მთავარი მათი აღსრულებაა. ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი არ არის. ინფიცირების მაჩვენებელი შედარებით უფრო დაბალია, ვიდრე იყო თუნდაც კვირის დასაწყისში და კარგია, რომ ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ. ჯერ ნაადრევია ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, თუმცა მცირედი სტაბილიზაციის სურათი ამ რიცხვების საფუძველზე იკვეთება. მთავარია დღეს დაწესებული რეკომენდაციების და რეგულაციები, რომელიც დაწესებულია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, 3 393 გამოჯანმრთელდა, ხოლო 59 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. საქართველომ საველე ჰოსპიტლის გამოყენება დაიწყო კოვიდინფიცრებული ორსულებისთვის სპეციალური ონლაინკლინიკა ამოქმედდება
ქაბულიდან, NATO-ს ბაზიდან საქართველოს მოქალაქეები აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და თურქეთის დახმარებით გამოფრინდნენ
საქართველოს თექვსმეტმა მოქალაქემ ავღანეთი დატოვა. მოქალაქეები უსაფრთხოდ გადაიყვანეს აეროპორტში, NATO-ს ბაზაზე. ინფორმაციას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ქაბულში სულ საქართველოს 24 მოქალაქე იყო. ექვსმა ქართველმა ქაბული, 18 აგვისტოს, უნგრეთის მთავრობის დაქირავებული ლაინერით, ორმა კი 19 აგვისტოს, გერმანელი დამსაქმებლის დახმარებით დატოვა. „აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და თურქეთის მიერ გაწეული დროული დახმარების შედეგად, ჩვენ შევძელით ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უვნებლად დაბრუნება. ასეთ კრიტიკულ დროს გამოხატული მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ პოსტში Facebook-ზე. თურქეთი: ჩვენი მიზანია, ქაბულის აეროპორტის დაცვა და ამ ქვეყნის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა აშშ-ის გასვლის შემდეგ „პროცესი იყო უაღრესად რთული, რადგანაც სიტუაციას ამძიმებდა ქაბულში შექმნილი ვითარება. მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა ფაქტობრივად იყო შეუძლებელი და იმ სიტუაციაში, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა, თუ რა ხდებოდა ქაბულის აეროპორტის გარშემო, ძალიან საფრთხილო იყო თითოეული ნაბიჯის დაგეგმვა. პროცესი იყო გაყოფილი ორ ნაწილად. პირველ ეტაპზე მოხერხდა შვიდი მოქალაქის გამოყვანა. ისინი უკვე საქართველოში იმყოფებიან. დანარჩენი 16 - ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქეები, კერძო კონტრაქტორები, რომლებიც ერთ-ერთ დასავლურ კომპანიაზე მუშაობდნენ. მათი გამოყვანა შედარებით გაჭიანურდა, ობიექტური პირობების გამო“, - აღნიშნა მოგვიანებით მედიასთან კომენტარში დავით ზალკალიანმა. რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას? ფაქტთან დაკავშირებით პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. „ყველა ქართველი უსაფრთხოდ მოემგზავრება სამშობლოში ქაბულიდან! ჩვენ მადლობას ვუხდით პარტნიორებს - დიდ ბრიტანეთს, თურქეთს, აშშ-ს, რომლებიც დაგვეხმარნენ მათ ევაკუაციაში. სიტუაცია კვლავ ძალიან შემაშფოთებელია და მე სოლიდარობას გამოვხატავ ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომლებიც ევაკუაციის პროცესს უძღვებიან“, - აცხადებს პრეზიდენტი. ცნობისათვის, ავღანეთიდან ჯამში 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
თამარ გაბუნია: თავშესაფრებში მცხოვრები ადამიანების ვაქცინაცია რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნია აცხადებს, რომ თავშესაფრებში მცხოვრები ადამიანების ვაქცინაცია რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ამის შესახებ მანდ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, უკვე დაახლოებით 100 ადამიანია აცრილი. „თავშესაფრებში მცხოვრები პირების ვაქცინაცია რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. დაახლოებთ 250 არის სამიზნე ჯგუფი ბენეფიციარებისა და მომვლელი პერსონალის ჩათვლით, ვინც, რა თქმა უნდა, განაცხადა თანხმობა, რომ აიცრას. მობილური ბრიგადა გადის თავშესაფრებში რეანომობილის თანმხლებით, რათა აცრა ჩატარდეს უსაფრთხოდ. მოგეხსენებათ, ამას გარკვეული დრო სჭირდება, იმის გათვალისწინებითაც, თუ რამდენად დატვირთულია დღეს რეანომობილის სერვისი. ამ ჯგუფიდან დაახლოებით 50 პროცენტი, ასამდე პირია უკვე აცრილი. ხურვალეთში აცრები დაგეგმილია ხვალისთვის. პროგრამაში ჩართულ სხვა დანარჩენ თავშესაფარსა და ხანდაზმულთა სახლებში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში სრულად იქნება ამოწურული პროცესი. თითო დაწესებულების მოცვას თითო დღე სჭირდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, 3 393 გამოჯანმრთელდა, ხოლო 59 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 907 665 აცრა ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში აიცრა 23 986 მოქალაქე.