ძებნის რეზულტატი:
ციციშვილის კლინიკაში 40 დღის ჩვილი მართვით სუნთქვაზეა
ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, კლინიკაში 40 დღის ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი თქმით, ციციშვილის კლინიკის რეანიმაციაში 22 პაციენტი წევს. "40 დღის ჩვილი ისევ მართვით სუნთქვაზეა. პარამეტრებს ვამცირებთ და ვცდილობთ, რომ მართვითი სუნთქვიდან მოიხსნას. რეანიმაციაში 22 პაციენტი წევს. მათ შორის ეს არის ყველაზე მძიმე. არიან ასევე ბავშვთა ცერებრული დამბლით 2 პაციენტი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. ერთი ჟანგბადდამოკიდებულია. ისიც მართვით სუნთქვაზე იყო და უკვე მოხსნილია. ასევე გვყავს ახალშობილები, უკვე 18 და 17 დღის. 14 და 15 დღის იყვნენ როდესაც შემოვიდნენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია. აღარ აქვთ ცხელება და მათი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა მაია ჩხაიძემ.
იტალიაში, კუნძულ პანტელერიას ტორნადომ გადაურა - დაღუპულია სულ მცირე, 2 ადამიანი
იტალიაში, კუნძულ პანტელერიას ტორნადომ გადაურა, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი,- ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 9 მოქალაქე. ხელისუფლების ცნობით, ცხრა დაშავებულიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. საავადმყოფოს ვერტმფრენმა ახლომდებარე ლამპედუზას კუნძულიდან, უამინდობის გამო, სწრაფადად ვერ შეძლო პანტელერიას კუნძულზე მისვლა და დახმარების. ერთ-ერთი მაშველი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ "აპოკალიფსური" სცენა იხილა. იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ცნობით, დაღუპულებს შორის არის მორიგე მეხანძრე, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. როგორც ის, ასევე მეორე მსხვერპლი, 86 წლის კაცი, იმ დროს მართავდნენ თავიანთ მანქანებს, რა დროსაც ძლიერმა ქარმა გადაუარა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარიშხალმა ძირითადად სიცილია დააზარალა. დაზიანდა სახლები, მანქანები და ინფრასტრუქტურა.
აშშ-ში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა გაორმაგდა
აშშ-ში, ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა გაორმაგდა. ამის შესახებ აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციაში (TSA) განაცხადეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ახალი რეგულაციების მიხედვით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო მოქალაქე 500 -1 000 დოლარის ოდენობით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი - 1 000 - 3 000 დოლარით. როგორც ცნობილია, ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ თვეში, 18 იანვრამდე გაახანგრძლივა თვითმფრინავში, ავტობუსებსა და მატარებლებში ნიღბების ტარების ვალდებულება. ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაფართოების ახალი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით, ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის აცრა სავალდებულო გახდება. ამასთან ერთად, კომპანიებს, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, თანამშრომლების აცრას ან რეგულარულ კოვიდტესტირებას დაავალდებულებენ.
მედია: ერაყში საქართველოს მოქალაქეებმა 4 კგ ოქრო და 2,6 მლნ. დოლარი მოიპარეს
ერაყის ქურთისტანში, დაჰუკის საგუბერნატოროში, ბიზნესმენის სახლიდან 2 600 000 დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ძარცვაში ქართველები მონაწილეობდნენ. პოლიციის ცნობით, ძარცვაში 4 პირი მონაწილეოდა. ორმა ძარცვა დაგეგმა, ორმა კი - განახორციელა. მათივე ინფორმაციით, მძარცველებს შორის იყო ქალი, რომელიც უკვე 5 თვეა, რაც ამ ოჯახში მუშაობს. უშუალო მძარცველები საქართველოდან 31 აგვისტოს ჩავიდნენ. პოლიცია აცხადებს, რომ სახლში მყოფმა ქალმა მძარცველებს ფანჯარა ღია დაუტოვა და სახლის გასაღები გადასცა. რადგან სახლში ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ, მძარცელებმა შეძლეს ფულის მარტივად მოპარვა. პოლიციამ ფული და ოქრო ამოიღო, თუმცა მძარცველების დაკავება ვერ მოახერხა, რადგან მათ ქვეყანა დატოვეს.
საქართველოში 577 162 ადამიანი სრულად ვაქცინირებულია
11 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 467 065-მა გაიკეთა, ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 889 903 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.2%; სრულად ვაქცინირებულია 577 162 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 20.2%; 10 სექტემბერს აიცრა 25 132 ადამიანი. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 533 ადამიანს დაუდასტურდა, 57 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
Reuters-ი: შესაძლოა, აშშ-მა 5-11 წლის ბავშვების Pfizer-ით აცრაზე ნებართვა ოქტომბერში გასცეს
აშშ-ის ჯანდაცვის მაღალჩინოსნები თვლიან, რომ Pfizer-ის ვაქცინა 5-11 წლის ასაკის ბავშვებისთვის შეიძლება ნებადართული იყოს ოქტომბრის ბოლოსთვის, - ამის შესხებ ორ წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. წყაროების ინფორმაციით, ეს მოსაზრება ემყარება იმ მოლოდინს, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის Pfizer-ის შემქმნელებს ექნებათ შესაბამისი კლინიკური ცდების შედეგები, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) მიიღონ ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ამ ასაკობრივ ჯგუფისთვის. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ ონლაინშეხვედრაზე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ანალოგიური კვლევების დასრულებისთვის Moderna-ს 3 კვირით მეტი დასჭირდება. მისი თქმით, Moderna ამ გადაწყვეტილებამდე შესაძლოა, ნოემბრის ბოლოს მივიდეს. მეორე წყაროს თქმით, ფაუჩის ვადები Moderna- სთვის "ოპტიმისტური" ჩანდა. Pfizer-ისა Moderna-ს კომპანიებში ჯერ ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
პრემიერი: საქართველო აშშ-სა და სხვა მოკავშირეების გვერდით დგას მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად
11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავი გვახსენებს, რომ ტერორიზმს არასოდეს არ უნდა გავამარჯვებინოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს. "დღეს 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების 20 წლისთავი აღინიშნება. 11 სექტემბერი ცხადად გვახსენებს, რომ ტერორიზმს არასოდეს არ უნდა გავამარჯვებინოთ. საქართველო შეერთებული შტატების და სხვა მოკავშირეების გვერდით დგას მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად, რათა მსოფლიო უკეთეს და მეტად უსაფრთხო საცხოვრებელ ადგილად იქცეს ამ სამყაროში",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი. შეგახსენებთ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერის დილას ალქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთი გზაში ჩამოვარდა, მეორე - დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი - ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა.
აშშ-ის საელჩო: 11 სექტემბრის კადრებმა წარუშლელი კვალი დატოვა, თუმცა, ამასთანავე მოიტანა არნახული საერთაშორისო ერთიანობა ტერორიზმის წინააღმდეგ
"2001 წლის 11 სექტემბრის კადრებმა ჩვენს გონებაში წარუშლელი კვალი დატოვა, თუმცა, ამასთანავე მოიტანა არნახული საერთაშორისო ერთიანობა ტერორიზმის წინააღმდეგ", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "დღეს იმ თავდასხმების 20 წლისთავს აღვნიშნავთ, რომელმაც ამერიკა სამუდამოდ შეცვალა. 2001 წლის 11 სექტემბრის კადრებმა ჩვენს გონებაში წარუშლელი კვალი დატოვა, თუმცა, ამასთანავე მოიტანა არნახული საერთაშორისო ერთიანობა ტერორიზმის წინააღმდეგ, რათა ტერორისტების საწვრთნელი ბანაკების აღმოფხვრით მსგავსი თავდასხმა აღარასდროს მომხდარიყო. ჩვენ სამუდამოდ მადლიერნი ვართ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების, რომლებიც ავღანეთში გვერდში დაგვიდგნენ სამხედრო, დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ მისიებში, კონკრეტულად კი - საქართველოსი, რომელმაც 20,000-ზე მეტი სამხედრო ჩართო ოპერაციებში და განსაკუთრებული როლი ითამაშა საევაკუაციო ფრენების მხარდაჭერაში. როგორც გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ, რათა პატივი მივაგოთ 2,977 უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის ხსოვნას, რომელიც 11 სექტემბრის თავდასხმებს შეეწირა", - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერის დილას ალქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთი გზაში ჩამოვარდა, მეორე - დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი - ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა.
სუს-ი სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. მათ ადრე დამონტაჟებულ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებთან მავთულხლართები გაავლეს. ტახტისძირში განვითარებული მოვლენების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირისა და ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარედ, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 2013 წლიდან ფიქსირდება. "ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ტახტისძირისა და ოკუპირებულ სოფ. გვირგვინას მიმდებარედ, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 2013 წლიდან ფიქსირდება. მიმდინარე წლის თებერვალში ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 2013 წლიდან არსებულ საოკუპციო ღობის შიგნით საოკუპციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ გავლეს მავთულხლართები. საოკუპაციო რეჟიმის ყველა უკანონო აქტივობა ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. პროცესთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ აქტიურდება ცხელი ხაზი, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა შემთხვევა განხილულია IPRM-ის შეხვედრებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ხორციელდება აღნიშნული მონაკვეთის პერმანენტული მონიტორინგი. უკანონო ე.წ. ბირდერიზაციის პროცესი აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას,"- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეო უწყება: 20 წლის წინ აშშ-ში მომხდარი ტერაქტები დიდი დარტყმა იყო, რომელმაც მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა
ეს დაუნდობელი მოვლენები დიდი დარტყმა იყო, რომელმაც მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა, - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო გააგრძელება მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად საერთო მიზნისთვის, რაც მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცებას გულისხმობს. "20 წლის წინ, ამ დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულმა სასტიკმა ტერორისტულმა აქტებმა ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაშავდა და დაზიანდა კიდევ უფრო მეტი. ეს დაუნდობელი მოვლენები დიდი დარტყმა იყო, რომელმაც მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა. დღეს, საქართველო კიდევ ერთხელ იხსენებს და პატივს მიაგებს ამ ტრაგედიის ყველა მსხვერპლს, მათ ოჯახებს, მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს. ჩვენ პატივს მივაგებთ ნამდვილ გმირებს, პოლიციის მამაც ოფიცრებსა და მეხანძრეებს, რომლებმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინეს, ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად. ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს და მის ყოველგვარ გამოვლინებას. საქართველომ დაამტკიცა, რომ ის სანდო პარტნიორია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენი საერთო მიზნისთვის, რაც მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცებას გულისხმობს. 2001 წლის 11 სექტემბრის მსხვერპლთათვის და ამ დღეს გადარჩენილთათვის პატივის მიგების საუკეთესო გზა უფრო მეტად მშვიდობიანი მსოფლიოსათვის ერთობლივ სწრაფვაზე გადის", - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
მედია: "თალიბებმა" ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ძმა მოკლეს
"თალიბანის" მებრძოლებმა მოკლეს როჰულა სალეჰი, ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ამრულ სალეჰისა უფროსი ძმა, რომელმაც ქვეყანაში "თალიბანის" მოსვლის და პრეზიდენტ აშრაფ ღანის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა თავი. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. როჰულა სალეჰი "ანტი-თალიბანური" მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მისი მკვლელობის შესახებ მისმა ძმისშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვიცე-პრეზიდენტის ძმა "თალიბებმა" სიკვდილით დასაჯა და ნათესავებს მისი დაკრძალვის უფლება არ მისცეს. "მათ სიკვდილით დასაჯეს ჩემი ბიძა" - განუცხადა ებადულა სალეჰმა Reuters-ს ტექსტურ შეტყობინებაში. "მათ მოკლეს ის და არ მოგვცეს დასაფლავების უფლება. ისინი ამბობდნენ, რომ მისი სხეული უნდა გაფუჭდეს". მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, როჰულა სალეჰი, მოკლეს ფანჯშირის ხეობაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, როდესაც სალეჰი ფანჯშირიდან ქაბულში წასვლას გეგმავდა. ქაბულიდან 100 კილომეტრში მდებარე ფანჯშირის ხეობა ერთადერთი ტერიტორიაა, რომელსაც თალიბები ვერ აკონტროლებენ მას შემდეგ, რაც აშშ-ის ლიდერობით მოქმედი კოალიციური ძალების გასვლის შემდეგ ელვისებურად გაიმარჯვეს სამთავრობო ჯარებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. "თალიბანის" საინფორმაციო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, როჰულა სალეჰი ფანჯშირში ბრძოლის დროს დაიღუპა. ცნობისთვის, რადიკალურმა დაჯგუფება თალიბანმა, რომელმაც ხელთ იგდო ძალაუფლება ავღანეთში, 7 სექტემბერს ქვეყნის ახალი ხელისუფლების შემადგენლობა დაასახელა.
დმიტრო კულება: უკრაინა კი არ არის მოუმზადებელი ევროინტეგრაციისთვის, ევროკავშირი არაა მზად უკრაინის მისაღებად
დასავლური ქვეყნები უკრაინაში რეფორმების საკითხს იყენებენ, რათა არ ისაუბრონ იმაზე, რომ თვითონ არ არიან მზად უკრაინას მისაღებად. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ფორუმ YES-Brainstorming-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორაციას უკრაინული მედია ავრცელებს. "მინდა, სწორად გამიგოთ: ჩვენ რეფორმების მომხრეები ვართ და ვატარებთ რეფორმებს. თუმცა უკვე გულწრფელად დავიღალე იმით, რომ რეფორმებზე ვართ მიჯაჭვულები, რათა არ მოუწიოთ სიმართლის აღიარება, რომ უკრაინა კი არ არის მოუმზადებელი ევროინტეგრაციისთვის, არამედ ევროკავშირი არაა მზად უკრაინის მისაღებად", - განაცხადა უკრაინის პირველმა დიპლომატმა. კულებას თქმით, უკრაინასა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს როგორც "სტრატეგიული გაურკვევლობა". "ჩვენ ვეკითხებით, რა უნდა გავაკეთოთ ევროკავშირის წევრობისთვის, მაგრამ ისინი არ გვცემენ პასუხს და მხოლოდ ამბობენ - გააგრძელეთ მუშაობა. ევროკავშირში შესვლა დამოკიდებულია არა მხოლოდ რეფორმებზე - ეს არის პოლიტიკური საკითხიც. და პოლიტიკურად, ევროკავშირი არ არის მზად ისაუბროს უკრაინის წევრობაზე. ეს არ არის დამოკიდებული რეფორმებზე", - განაცხადა დიმიტრი კულებამ. ამავე თემაზე: ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის გარეშე NATO ბევრს დაკარგავს, უკრაინის გარეშე ევროკავშირი მნიშვნელოვნად დასუსტდება
სამხრეთ აფრიკაში 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცეს
სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მარეგულირებელმა 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის პროდუქტების ორგანოს (SAPHRA) განცხადებით, გადაწყვეტილება ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით მიღებული განახლებული ინფორმაციის განხილვის შედეგად მიიღეს. სამხრეთ აფრიკაში, სადაც 60 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 12%.
ქაბულში, "თალიბანის" მხარდამჭერმა ქალებმა აქცია გამართეს
300-მდე ავღანელმა ქალმა, რომელთაც სახე და სხეული თითქმის მთლიანად დაფარული ჰქონდათ, ქაბულში "თალიბანის" მხარდამჭერი აქცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, 300-მდე ქალი ქაბულის უნივერსიტეტის ერთ-ერთ სალექციო დარბაზში შეიკრიბა. აქციის მონაწილეებიდან ზოგიერთს სახე მთლიანად ჰქონდა დაფარული ბურკით, სხვებს კი ეხურათ ნიკაბი, რომელიც ფარავს მთელ სახეს, გარდა თვალებისა. ზოგიერ მათგანს შავი ხელთათმანებიც ეცვა. მათ გენდერული სეგრეგაციის თაობაზე "თალიბანის" მკაცრ პოლიტიკას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ისინი ემხრობიან ქალებისთვის თავსაბურავის სავალდებულო ტარების გადაწყვეტილებასაც. ისლამისტების მხარდამჭერი აქცია "თალიბანის" ნებართვით ჩატარდა. შეკრებილები "თალიბანის" დროშებს აფრიალებდნენ. ორგანიზატორების თანახმად, აქციაში სტუდენტები მონაწილეობდნენ. "ისინი, ვინც არ ატარებენ ჰიჯაბს, ყველა ჩვენგანს აზიანებენ", - თქვა ერთ-ერთმა გამომსვლელმა, შაბანა ომარიმ. კიდევ ერთმა გამომსვლელმა განაცხადა, რომ თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ისტორია შეიცვალა, ქალები კი "უსაფრთხოდ იქნებიან". მათ ასევე დაიცვეს ავღანეთის ახალი მთავრობა, რომელმაც აკრძალა დემონსტრაციები, თუ იუსტიციის სამინისტროს ნებართვას არ მიიღებს. როგორც France24 წერს, ქალთა უფლებები ავღანეთში მკვეთრად შეიზღუდა "თალიბანის" 1996-2001 წლებში მართველობის დროს, მაგრამ გასულ თვეს, ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ განახორციელებენ ნაკლებად ექსტრემალურ წესს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და არაეტიკეტირებული 36 სახეობის პროდუქტი გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. ყარაჯალაში დიდი ოდენობით ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და არაეტიკეტირებული 36 სახეობის პროდუქტი (ტკბილეული, ჩაი, ყავა, თაფლი, სუნელები) გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიკვლევადობით დადგინდა, რომ შპს ,,ალიბაბას“ (ს/კ 448400169) საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტი პროდუქციის რეალიზაციას ახდენდა ქ. თბილისში, თვალჭრელიძის N2-ში („ისთ ფოინტთან”) მდებარე საცალო სასურსათო მაღაზიაში „ალიბაბა“, რომელშიც თბილისის საქალაქო სამსახურმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და ასევე ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და ეტიკეტირების წესის დარღვევით პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა. „ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები -ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ვადაგასული სურსათი დაილუქა და ბიზნესოპერატორს დაევალა მისი ამოღება/განადგურება. დამატებითი მოკვლევის მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა“, - ნათქვამია განცხადებაში. იხილეთ პროდუქციის ჩამონათვალი: 1. “ალი ბაბას“ ბროწეულის ჩაი, წონა-200 გრამი, თურქული წარმოების. ვადა: 09/07/2019-09/07/2021 - 24 ცალი; . “ალი ბაბას“ ბროწეულის ჩაი; წონა-600 გრამი. ვადა: 09/07/2019-09/07/2021 -28 ცალი 2. „ბროწეულის ჩაი“- წონა-200 გრამი; ვადა: 09/09/2019-09/09/2021 - 103 ცალი; ბროწეულის ჩაი - წონა 200 გრამი; ვადა: 03/10/2019-03/10/2021 - 93 ცალი 3. ბროწეულის ჩაი პაკეტებში - 1 კილოგრამიანი - 5 ცალი; 4. “ალი ბაბას“ მწვანე ვაშლის წვენი; თურქული წარმოების; წონა-600 გრამი; ვადა: 07/2021 - 4 ცალი 5. “ალი ბაბას“ წითელი ვაშლის წვენი; 600 გრამიანი; ვადა: 26/04/2017-26/04/2019 - 12 ცალი 6. “ალი ბაბას“ ასკილის ჩაი; წონა-600 გრამი; 7 ცალი - თარიღის გარეშე 7. “ალი ბაბას“ ვაშლის ასორტის ჩაი - წონა 600 გრამი, 17 ცალი - თარიღის გარეშე 8. “ალი ბაბას“ ვაშლის ჩაი, წონა-200 გრამი, 21 ცალი - თარიღის გარეშე ; 9. “ალი ბაბას“ დარიჩინის ჩაი; წონა-200 გრამი, 6 ცალი - თარიღის გარეშე; 10. “ალი ბაბას“ ბალის ჩაი- წონა - 200 გრამი, 2 ცალი - ვადის გარეშე 11. ვაშლის ჩაი „პაშა“ - წონა - 250 გრამი, 10 ცალი - ვადის გარეშე 12. “RIZE”- წონა - 100 გრამი, ვადა: 2018/2020 - 34 ცალი 13. ხილის ჩაის ასორტი - 400 გრამიანი სასაჩუქრე პაკეტები; ვადა: 28/03/2019-28/03/2021 - 16 პაკეტი 14. რახათ ლუქუმი „ქამაჯი თურქა“ - 3 კილოგრამიანი შეფუთვა, ვადა: 10/12/2019 – 10/12/2020 - 14 ყუთი 15. რახათ ლუქუმი - 5 კილოგრამიანი შეფუთვა, ვადა : 13/07/2019-13/07/2020 – 13 ყუთი 16. ლახათ-ლუქუმის ასორტი - სასაჩუქრე პაკეტები (400, 600 და 800 გრამიანი) - სულ 153 პაკეტი. ვადის გარეშე 17. ლახათ ლუხუმი „ალი-ბაბა“ – 5 კილოგრამიანი შეფუთვა, ვადა: 13/07/2019-13/07/2020 - 15 ყუთი; ლახათ-ლუხუმი „ალი ბაბა“ - 5 კილოგრამიანი შეფუთვა , ვადა: 26/08/2019-26/08/2020 - 75 ყუთი 18. ლახათ-ლუქუმი - 225 გრამიანი; -31 ყუთი - ვადის გარეშე 19. ლახათ-ლუხუმი „lokum Antalya”- 5 კილოგრამიანი შეფუთვა - 22 ყუთი, ვადის გარეშე 20. ნაშალი ლახათ ლუქუმი - 7 ყუთი (დაშლილი ყუთები), ვადის გარეშე 21. კაკაოს ლახათ-ლუქუმის ფილები „lokum Antalya”; ვადა: 27/07/2018-27/07/2019 - 2 ყუთი 22. „Halva” “selsebil” – 5 კილოგრამიანი შეფუთვა, ვადა: 12/12/17-12/12/19 - 6 ყუთი 23. ჰალვა “ulusoy” 350 გრამიანი– 72 ცალი, ვადის გარეშე 24.“ალი ბაბას“ თხილიანი თაფლი 220 გრამიან შუშის ქილებში - 44 ცალი (ეტიკეტირების წესის დარღვევა) 25. “fresh” ფექმეზი - 660 მლ. შუშის ქილებში - 35 ცალი, ვადის გარეშე 26. თაფლი შუშის ქილებში - 500 გრამიანი - ვადა: 04/07/2019-04/07/21 - 7 ცალი 27. თაფლი 1 კილოგრამიანი, ვადა: 04/07/2019-04/07/21 - 2 ცალი 28. თურქული წარმოების ჩურჩხელა - 10 კილოგრამიანი შეფუთვა, ვადა:14/06/2019-14/06/2020 – 7 ყუთი 29. “marin” - მაშარაფი შუშის ბოთლებში, 700 გრამიანი, 14 ცალი. 30. მწვანე ჩაი - 150 გრამი - 6 ცალი 31. ჩაი “karaden” - 100 გრამი - 17 ცალი 32 ყავა “abdulah effendi”- 100 გრამიანი, - 75 ცალი, ვადის გარეშე 33. ლიმონმჟავა პაკეტებში - 1 კილოგრამიანი - 2 ცალი; ვადის გარეშე. 34. სუნელები - 82 ცალი; ვადის გარეშე 35. ჩაი ჭიქებით - 8 ცალი, ვადის გარეშე 36. წონის ლახათ ლუქუმი ფილებით - ვადის გარეშე.
კახა კალაძე უარს ამბობს ოთხი ტელევიზიის შეთავაზებაზე, მელიასა და გახარიასთან ერთად დებატებში მონაწილეობა მიიღოს
"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე უარს ამბობს ოთხი ტელევიზიის - "მთავარი არხის", "ფორმულას", "კავკასიისა და "TV პირველის" საერთო ეთერში, ნიკა მელიასთან და გიორგი გახარიასთან დებატებში მონაწილეობის შეთავაზებაზე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. "არ ვაპირებ ამ ტელევიზიებში მისვლას და ამას აქვს თავისი ახსნა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რაც ჩემთვის გულდასაწყვეტია, რადგან არასდროს თქვენთვის არ მიკადრებია ისეთი რაღაცები, რასაც აკეთებთ ჩემს წინააღმდეგ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ ვთვლი, რომ მივიდე ასეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით, ტალახის სროლით, შეურაცხყოფით. ჩემზეც აღარ გაჩერდნენ და ჩემი ოჯახის წევრებზეც გადავიდნენ. ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტია",- განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ მზად არის თბილისის მერობის ყველა კანდიდატთან დებატებისთვის ნეიტრალურ ტელევიზიაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ოპონენტები ამბობენ, თითქოს მას ეშინია, კალაძემ უპასუხა: "კი, აი, შიშით ფეხი მიკანკალებს, თვრამეტივე თუ თექვსმეტივე დადგეს. მზად ვარ, ნეიტრალურ ტელევიზიაში, "საზოგადოებრივ მაუწყებელში" იყვნენ წარმოდგენილი". ცნობისთვის, ტელეკომპანიებმა "ფორმულამ", "მთავარმა არხმა", "ტვ პირველმა" და "კავკასიამ" 10 სექტემბერს საჯაროდ მიიწვიეს დებატებზე თბილისის მერობის სამი კანდიდატი, რომლებიც, მათი განცხადებით, ბოლო გამოკვლევების თანახმად, მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობენ. ეს კანდიდატები არიან: კახა კალაძე, ნიკა მელია და გიორგი გახარია სამივე კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, დებატები გაიმართება ოთხივე არხის ერთიან ეთერში, 28 სექტემბერს, 22:00 საათზე.
პროკურატურამ „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ შალვა მელიქიშვილს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ, ყვარელში „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე შ.მ.-ს ბრალდება ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 სექტემბერს, შ.მ.-მ, ყვარელში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში ტერორისტული აქტი განახორციელა და საქართველოს ხელისუფლებისგან თანხის მოთხოვნის მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების მუქარით, 6 მოქალაქე მძევლად აიყვანა. შენობაში მყოფი მოქალაქეები და ბანკის თანამშრომლები აიძულა დამორჩილებოდნენ მის მოთხოვნებს და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის დემონსტრირებით ბანკის შენობაში მყოფ მოქალაქეს მოსთხოვა დაერეკა საზოგადეობრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ში და ხელისუფლების ორგანოებისთვის მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაეცა. თავდამსხმელი ცდილობდა საზოგადოებაში მასობრივი პანიკის და შიშის დანერგვით ხელისუფლების ორგანოები იძულებული გაეხადა შეესრულებინა მის მიერ დაყენებული მოთხოვნები. შ.მ. მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500.000 ლარი და 500.000 აშშ დოლარის მისთვის გადაცემა და შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალების მიცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით დაიმუქრა. სამართალდამცველებმა შ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე თემაზე: „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია
თბილისის ვიცე-მერი: ჭავჭავაძის გამზირის მოდელი განხორციელდება ყველა ქუჩასა და გამზირზე, რომელიც რეაბილიტირდება
ჭავჭავაძის გამზირის მოდელი განხორციელდება ყველა ქუჩასა და გამზირზე, რომლის რეაბილიტაციაც მოხდება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ BMGDRIVE-ში განაცხადა. მისი თქმით, აქ მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ქუჩებზე იყოს ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის. „ჭავჭავაძის მოდელი, ანუ მულტიმოდალური სატრანსპორტო მოდელი განხორციელდება ყველა ქუჩასა და გამზირზე, რომლის რეაბილიტაციასაც გააკეთებს მუნიციპალიტეტი. მათ შორის ქეთევან წამებულის გამზირზეც, ბარათაშვილის ქუჩაზეც, წერეთლის გამზირზეც ეს იქნება. შარტავა-კოსტავასა, ვეკუა-ხიზანიშვილზეც ასეა. ყველა ქუჩის დიზაინი უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის ჭავჭავაძეზე. ეს გამორჩეულია იმით, რომ სამანქანედ ერთი ზოლია დატოვებული და სხვა ქუჩებზე ასეთი მდგომარეობა არ არის, თუმცა კონცეპტულურად ერთიდაიგივე მოდელია. ეს არის სწორი დიზაინი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
20 წელი 11 სექტემბრის ტერაქტებიდან
11 სექტემბრის ტერაქტებიდან 20 წელი გავიდა. 2001 წელს, დილით, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. მათგან ორი, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. 08:46 საათზე - ჩრდილოეთ კოშკზე, 09:03 საათზე კი სამხრეთ კოშკზე მოხდა დაჯახება. მესამე გატაცებული თვითმფრინავი 09:37 საათზე პენტაგონის შენობას დაეცა. ერთ-ერთმა კი მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა. საერთო ჯამში, 2 977 ადამიანი დაიღუპა... ამ წუთებში ნიუ-იორკში მიმდინარეობს ტერაქტისას დაღუპულთა ხსოვნის ცერემონია, სადაც მსხვერპლთა სახელებს კითხულობენ. ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს. ტროტუარების ნაწილზე რკინის ღობეებია განლაგებული. ღონისძიებაზე იმყოფებიან აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ასევე 41-ე, 42-ე და 44-ე პრეზიდენტები, ჯორჯ ბუში, ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა.
ჯო ბაიდენი: აშშ-ის უდიდესი ძალა ერთიანობაა
11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავთან დაკავშირებულ მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელებს ეროვნული ერთიანობის დემონსტრირებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ BBC იუწყება. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, ჯო ბაიდენი აღნიშნავს, რომ ერთიანობა აშშ-ის უდიდეს ძალად დარჩა. „ჩვენ ვისწავლეთ, რომ ერთიანობა არის ის, რაც არასოდეს უნდა დაირღვეს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ნიუ-იორკში პირველად იხსენებენ 11 სექტემბრის ტერაქტებს ავღანეთიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ. „ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ დატოვებდა ავღანეთს 11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავამდე და აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, „თალიბანმა“ შეძლოს ქვეყნის ხელში ჩაგდება. ბოევიკთა დაჯგუფებამ დედაქალაქი 10 დღეზე ნაკლებ დროში დაიკავა“, - წერს BBC. 20 წელი 11 სექტემბრის ტერაქტებიდან 11 სექტემბრის ტერაქტებიდან 20 წელი გავიდა. 2001 წელს, დილით, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. მათგან ორი, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. 08:46 საათზე - ჩრდილოეთ კოშკზე, 09:03 საათზე კი სამხრეთ კოშკზე მოხდა დაჯახება. მესამე გატაცებული თვითმფრინავი 09:37 საათზე პენტაგონის შენობას დაეცა. ერთ-ერთმა კი მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა. საერთო ჯამში, 2 977 ადამიანი დაიღუპა.