ძებნის რეზულტატი:
საქართველოში კორონავირუსი 2 262 ადამიანს დაუდასტურდა, 54 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 262 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 795 პაციენტი, 54 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 575 210 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 534 559, გარდაიცვალა 8 089 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 225 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 047 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 178 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 8 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.27% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.42%. ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 827, აჭარა - 211, იმერეთი - 335, ქვემო ქართლი - 129, შიდა ქართლი - 139, გურია - 59, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 222, კახეთი - 216, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28. მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 536, საიდანაც: 6 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 674, აჭარაში - 699, იმერეთში - 1 106. მძიმე პაციენტი: 1 501, მათ შორის, თბილისში - 634, აჭარაში - 167, იმერეთში - 357. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 365, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 33, იმერეთში - 28. 1 918 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 004 - თბილისში, 537 - აჭარაში. 24 291 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 78, ხოლო აჭარაში - 6. სულ 6 ოქტომბრიდან - 9 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 141 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 221 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 997 პირი, აჭარაში - 3 759, იმერეთში - 3 304.
ბათუმში, კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კაცი გარდაიცვალა
ბათუმში, ერთ-ერთი კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული კაცი გარდაიცვალა.- ამის შესახებ განცხადება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობი, პაციენტს კოვიდსასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით. "ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ათონის წმიდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი კოვიდვაქცინით აიცრა
ათონის წმიდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" სოციალურ ქსელში ავრცელებს. არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის თქმით, მიმდინარე თვის ბოლომდე ვატოპედის მონასტრის ყველა წევრი აიცრება. როგორც ცნობილია, 65 წლის სასულიერო პირი კორონავირუსის გართულების გამო თვენახევრის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა. "სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კომიდან გამოვედი და ველოდებოდი ექიმების ნებართვას, როგორც კი მომცეს უფლება გამეკეთებინა ვაქცინა მაშინვე ავიცერი, დიახ, ორი დღის წინ გავიკეთე ვაქცინის პირველი დოზა", - აცხადებს სასულიერო პირი.
შოტლანდიაში, ღამის კლუბებში შესასვლელად და დიდ ღონისძიებებზე დასასწრებად კოვიდპასპორტის წარდგენა სავალდებულო ხდება
პირველი ოქტომბრიდან, შოტლანდიაში ღამის კლუბებში შესასვლელად და დიდ ღონისძიებებზე დასასწრებად კოვიდპასპორტის წარდგენა სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC წერს, მოქალაქეებმა სწორედ კოვისპასპორტის საშუალებით უნდა დაამტკიცონ, რომ სრულად ვაქცინირებულები არიან. ახალი წესის თანახმად, 18 წელს გადაცილებულებს კოვიდპასპორტის წარდგენა მოუწევთ: 1. ღამის კლუბებსა და სხვა გასართობ დაწესებულებებში, ასევე დახურულ სივრცეში გამართულ ღონისძიებებზე, რომლებსაც 500 მეტი მაყურებელი ესწრება. 2. გარე სივრცეში გამართულ ღონისძიებებზე, რომლებსაც 4 000-ზე მეტი მაყურებელი ესწრება; 3. ნებისმიერ ღონისძიებაზე, რომელსაც 10 000 -ზე მეტი ადამიანი ესწრება. მათ შორის სპორტულ ღონისძიებებზე, განსაკუთრებით საფეხბურთო მატჩებზე, ასევე კონცერტებსა და მუსიკალური ფესტივალებზე. გამონაკლისს წარმოადგენენ ბავშვები და ის ადამიანები, რომლებსაც ვაქცინაციის ჩატარებაზე უარის თქმის საპატიო მიზეზი აქვთ. BBC-ის ცნობით, სრულად ვაქცინირებულებს უკვე შეუძლიათ ჩამოტვირთონ ან მიიღონ სერთიფიკატის ქაღალდის ასლი QR კოდით. ცნობისთვის, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში მსგავსი სქემის დანერგვა არ იგეგმება.
ჩვილი, რომელიც დღენაკლული დაიბადა და 550 გრამს იწონიდა, კლინიკიდან გაწერეს
ჩვილი, რომელიც დღენაკლი 25-ე კვირაზე დაიბადა და 550 გრამს იწონიდა, ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებიდან დღეს გაეწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი "ბაო" ავრცელებს. როგორც ცნობილია, კლინიკაში ბავშვს სამი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ. "ლივია ღრმად დღენაკლი 25-ე კვირაზე დაიბადა. შემდეგ იყო ძალიან რთული გზა ბევრი პრობლემით, უძილო ღამეებითა და პატარ-პატარა გამარჯვებებით, განცდებითა და ემოციებით ... დედა, რომელიც ერთი წამითაც არ დაეჭვებულა, რომ პაწაწუნა ლივია ექიმებთან ერთად აუცილებლად დაძლევდა ამ ყველაფერს და ყველას თავად აიმედებდა სამი თვის შემდეგ ყველამ ერთად სასწაული მოვახდინეთ, გავიმარჯვეთ და ლივია უკვე თავის მშობლებთან და უფროს და-ძმებთანაა. დღეს ჩვენი საყვარელი გოგონა ყველა იმ ადამიანმა გააცილა, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა მის გადარჩენაში", - ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურამ შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე რ.მ.-ს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი - დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა. "გამოძიების პროცესში ჩატარდა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. საქმის მოწმეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს. შესწავლილია შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და ამოღებულია ასევე, შემთხვევის ადგილის, გარდაცვლილის დროებითი საცხოვრებელი სახლის და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი. დანიშნულია დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზები. გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, სამართალდამცავებმა 8 სექტემბერს რ.მ. დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ამავე თემაზე: შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულთან ადვოკატი შევიდა
საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 19.4% სრულად ვაქცინირებულია
10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 433 296-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ იფნორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 879 384 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.8%. სრულად ვაქცინირებულია 553 912 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 19.4%. 9 სექტემბერს აიცრა 24 325 ადამიანი. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 2 262 ადამიანს დაუდასტურდა, 54 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ლოს-ანჯელესის საჯარო სკოლებში 12 წელს გადაცილებული მოსწავლეებისთვის კოვიდვაქცინაცია სავალებულო ხდება
ლოს-ანჯელესის გაერთიანებულმა სასკოლო ოლქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 12 წელს გადაცილებული მოსწავლეებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერ დაესრებიან საგაკვეთილო პროცესს. ახალ გადაწყვეტილებას საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. "მე ამას ვხედავ, როგორც აუცილებლობას, რომ დავიცვათ 12 წლამდე ბავშვები, რომელთა ვაქცინაცია შეუძლებელია", - განაცხადა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა. გამონაკლისი შეეხებათ მხოლოდ მათ, ვისაც ვაქცინაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის, ან რელიგიური კუთვნილების გამო არ შეუძლიათ. როგორც ცნობილია, ახალი წესი ამოქმედდება იანვარში. 12 წლის და უფროსი ასაკის მოსწავლეებმა უნდა აჩვენონ, რომ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს 21 ნოემბრამდე, ხოლო მეორე დოზა 19 დეკემბრამდე.
აზერბაიჯანში, არავაქცინირებული მასწავლებლები სკოლებში არ დაიშვებიან
აზერბაიჯანში, არავაქცინირებული მასწავლებლები სკოლებში არ დაიშვებიან. განათლების მინისტრის განცხადებით, დღეისათვის ქვეყანაში მასწავლებელთა საერთო რაოდენობის 80% აცრილია. მისი თქმით, მასწავლებლები, რომლებიც უარს იტყვიან ვაქცინის გაკეთებაზე, სამუშაოდ არ დაიშვებიან. ერთადერთი გამონაკლისი იქნება ის შემთხვევა, როდესაც არავაქცინირებული მასწავლებელი ჯანმრთელობის მიზეზების გამო წარადგენს ვაქცინის უკუჩვენების მოწმობას. ასევე სამინისტროს გადაწყვეტილებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში არ დაიშვებიან არავაქცინირებული მშობლებიც. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთდროულად არაუმეტეს 50-60 სტუდენტს შეუძლია ლექციებზე დასწრება. სტუდენტებისთვის კოვიდპასპორტის წარდგენა ითვლება კლასებში მათი დაშვების წინაპირობად. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეები სწავლას დაიწყებენ 22 სექტემბერს - ჩვეულებრივზე ერთი კვირით გვიან. უმაღლესი სკოლის მოსწავლეები, ისევე როგორც უნივერსიტეტის სტუდენტები, სასწავლო წელს იწყებენ 29 სექტემბერს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის გარეშე NATO ბევრს დაკარგავს, უკრაინის გარეშე ევროკავშირი მნიშვნელოვნად დასუსტდება
უკრაინა მზად არის, გახდეს NATO-ს წევრი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ერთ-ერთ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვჭირდებით NATO-ს. ჩვენ გვგონია, რომ უკრაინის გარეშე ევროკავშირი ძლიერი არ იქნება. მე ამაზე ღიად ვესაუბრები შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მე მჯერა, რომ უკრაინის გარეშე NATO ბევრს დაკარგავს, უკრაინის გარეშე ევროკავშირი მნიშვნელოვნად დასუსტდება", - განაცხადა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მან ნახა "აშშ-ის მტკიცე ეროვნული გვარდია", ევროპული არმიების მრავალი წარმომადგენელი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული არმია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმიაა. მისი თქმით, უკრაინა მზად არის NATO-ში გასაწევრიანებლად არმიის, სპეციალისტების, მიმდინარე რეფორმების დონის გათვალისწინებით. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, NATO-სა და ევროკავშირს რუსეთის გაძლიერება თუ სურთ, მაშინ მათ არ უნდა მიიღონ უკრაინა. მისივე თქმით, დასავლეთს თუ სურს, რომ ევროკავშირი და NATO ძლიერები დარჩნენ, ისეთი ქვეყნები, როგორიც უკრაინაა, რომელიც არის ევროპაში ტერიტორიით ყველაზე დიდი, ასევე ძლიერი მოსახლეობით, რომელმაც რამდენიმე ომი გადაიტანა, უნდა იყვნენ ამ კავშირებში.
პენიტენციური სამსახური: 31 აგვისტოს შემდეგ, გეგუთის ციხეში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში COVID19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლინდა. დაწესებულებაში, 31 აგვისტოს შემდეგ, კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფომაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე N14 დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში 14 მსჯავრდებული რჩება. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პროტოკოლით გათვალისწინებული ტესტირებისა და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სასჯელის მოხდის ადგილზე დაბრუნდებიან. "მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პატიმრების განცალკევება ინფიცირების შემთხვევების გამოვლენისთანავე ხდება. ასევე, პატიმრები PCR ტესტის საშუალებით თვეში 2-ჯერ იტესტებიან. ინფორმაციისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების 55% უკვე ვაქცინირებულია", - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 2 262 ადამიანს დაუდასტურდა, 54 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა დასრულდა
"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა დღეს დასრულდა. ამის შესახებ ნათქვამია "გაზპრომის" განცხადებაში. "გაზპრომის" დილის ოპერატიულ შეხვედრაზე, გამგეობის თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა თქვა, რომ დღეს დილით, მოსკოვის დროით 8:45 საათზე, "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენის მშენებლობა სრულად დასრულდა", - ნათქვამია განცხადებაში. "გაზპრომის" ინფორმაციით, მიმდინარე წელს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის საშუალებით 5.6 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი. Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული "გაზპრომი" გაზის მიწოდებას "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პირველი ხაზის მეშვეობით, გაზსადენის პირველი ოქტომბრიდან გეგმავს, ორივე მილსადენით კი პირველი დეკემბრისთვის. როგორც ცნობილია, 1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს. გაზსადენის ორივე ხაზის სიმძლავრე წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია. ამავე თემაზე: რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ფუნქციონირების დაწყებას აანონსებს
თაკო ჩარკვიანმა ორგანიზაცია "საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა
პარტია "კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ორგანიზაცია "საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა. მისი თქმით, ორგანიზაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დაფუძნდა. "ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე, არავითარი პარტია, ეს გამორიცხულია, რომელსაც ჰქვია "საერთო სახალხო მოძრაობა". ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა ინვესტიციებით. შექმნა დანგრეული, ჩამოშლილი, ჩაბნელებული საქართველოდან - სახელმწიფო და დააყენა ფეხზე",- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა ბრიფინგზე. როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, დღეს საქართველოში ძალიან ცუდი დრო დადგა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა აუცილებელია. "საქართველოში მშვიდობიანად უნდა დაბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი. უნდა დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა, რომელიც არასწორად ჩამოერთვა. ეს ანტიკონსტიტუციური ქმედება იყო. ის უნდა მობრუნდეს. მივცეთ მუშაობის საშუალება, ის არის ბრწყინვალე რეფორმატორი. მან ეს უკვე დაამტკიცა", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა არჩევნებისთვის დააანონსა.
Moderna კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო ერთიან ვაქცინას შექმნის
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს განცხადებით, ის ავითარებს ერთ ვაქცინას, რომელიც აერთიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელ დოზასა და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. ახალი ვაქცინა, რომელსაც კომპანია ეძახის mRNA-1073, აერთიანებს Moderna-ს ამჟამინდელ Covid-19 ვაქცინასა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც ასევე დამუშავების პროცესშია. როგორც CNBC წერს, ამ ინფორმაციის გამოცხადების შემდეგ ,Moderna-ს აქციები 5%-ზე მეტით გაიზარდა. "დღეს ვაცხადებთ, რომ რესპირატორული დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინის პროგრამის ფარგლებში პირველი ნაბიჯი გადავდგით, რომლის მიზანი ერთდოზიანი ვაქცინის შექმნაა, რომელიც აერთიანებს კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო გამაძლიერებელ დოზებს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომელიც წინ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ბაზარზე გამოვიტანოთ მაღალი ეფექტურობის ყოველწლიური გამაძლიერებელი", - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა განცხადებაში.
ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა
ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. სანქციების მოქმედების ვადა 2022 წლის 15 მარტამდე გახანგრძლივდა. არსებული შემზღუდავი ზომები ითვალისწინებს მოგზაურობის შეზღუდვებს, აქტივების გაყინვას და ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვას. სანქციები ვრცელდება 177 პირის და 48 კომპანიის წინააღმდეგ. ცნობისთვის, ევროკავშირის შეზღუდვები რუსეთის ფინანსური, ენერგეტიკული და თავდაცვითი სექტორების წინააღმდეგაა მიმართული. თავდაპირველად ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დაუწესა. 2015 წლიდან სანქციები მინსკის შეთანხმებების შესრულებაზეა მიბმული.
გაერთიანებულ სამეფოს მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულატორმა Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინების მესამე დოზა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა
გაერთიანებულმა სამეფომ Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინების მესამე დოზა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. ამასთან, გაერთიანებულ სამეფოს მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულატორი იმუნიზაციის და ვაქცინაციის კომიტეტს ახალი პროგრამის დამტკიცებისკენ მოუწოდებს. კომიტეტს უკვე დამტკიცებული აქვს მესამე დოზა დაახლოებით 500,000 კლინიკურად ძალიან დაუცველ მოზარდებსა და ბავშებში. ჯანდაცვის მდივანი საჯიდ ჯავიდი დარწმუნებულია, რომ ე.წ. გამაძლიერებელი დოზებით აცრები უახლოეს მომავალში დაიწყება. „ჩვენ წინ მივიწევთ ჩვენი გამაძლიერებელი პროგრამისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრამა დაიწყება ამ თვის ბოლოს, მაგრამ მე მაინც ველოდები საბოლოო რეკომენდაციას“, - აღნიშნა მინისტრმა. გასულ კვირას, იმუნიზაციის კომიტეტმა უარი თქვა კოვიდვაქცინის გამოყენებაზე 12-15 წლის ჯანმრთელ ბავშვებში, თუმცა გააფართოვა ასეთი აცრის პროცესი იმ ასაკის პაციენტებში, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ. გაერთიანებულ სამეფოში, 48 მილიონზე მეტი (მოსახლეობის ნახევარზე მეტი) ადამიანია ერთი დოზით აცრილი, 43 მილიონზე მეტი კი ორი დოზით.
თამარ გაბუნია: მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ს აღემატება
მასწავლებლების ვაქცინაციის დონე არ არის ცუდი, ვაქცნირებულთა რაოდენობა 50%-ს აღემატება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ერთი დოზიც აცრილი მასწავლებლების რაოდენობა აღმეატება სრულად ვაქცინირებულ მასწავლებელთა რაოდენობას. "ერთჯერ ვაქცინირებულები უფრო მეტია, ზოგიერთ რეგიონში უკეთესი მაჩვენებელია. რაც ბუნებრივია, კარგია, თუმცა სრულად საკმარისი არ არის, რადგან უმრავლესობა უნდა იყოს ვაქცინირებული, იმისთვის რომ ჩვენ ჩავთვალოთ, რომ სკოლა ან რომელიმე სხვა გარემო არის უსაფრთხო. რა თქმა უნდა, გრძელდება მასწავლებლების ორგანიზებული აცრების პროცესი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია სტუდენტებში. "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტების ვაქცინაცია. გასაკვირია, ახალგაზრდები უფრო მეტად აქტიურად იღებენ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და ალბათ, მათთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო ვაქცინაციის პროცესში ადრეული ჩართულობა, თუმცა არ არის მაღალი მაჩვენებელი. დაახლოებით 27-30%-ია", - განაცხადა თამარ გაბინიამ .
დავით ზალკალიანი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს, საბინე მახლს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცერლებს. უწყების ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო გაეროს გუნდსა და საქართველოს შორის მრავალწლიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოში მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესში, საქართველოში გაეროს გუნდის მიერ გაწეულ ძალისხმევებსა და საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობის კუთხით, გაეროს მნიშვნელოვან როლზე. "მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტის თაობაზე. ჩარჩო-დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა 2020 წლის 2 ოქტომბერს, განსაზღვრავს მომავალი 5 წლისთვის საქართველოსა და გაეროს შორის თანამშრომლობის გეგმას და მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი განვითარებისთვის, 2030 დღის წესრიგის განხორციელების მხარდაჭერას. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა დოკუმენტში წარმოდგენილ საქართველოს განვითარების ეროვნულ პრიორიტეტებზე. მათ შორის, ხაზი გაესვა, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებას, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, შექმნილი სავალალო ვითარების თაობაზე გაეროს წარმომადგენელს შეხვედრისას მიეწოდა დეტალური ინფორმაცია", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
„ედისონ რისერჩის“ კვლევით, „ქართულ ოცნებას" - 33%, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 25%, „საქართველოსთვის" - გიორგი გახარიას - 10% მისცემდა ხმას
დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?"კომპანია „ედისონ რისერჩმა“ კვლევის მონაწილეებს ეს შეკითხვა დაუსვა. პარტიულ რეიტინგებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება" 33%-ს აგროვებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 25% „საქართველოსთვის" - გიორგი გახარია - 10% „ლეიბორისტული პარტია" - 6%; „გირჩი - მეტი თავისუფლება" (ზურაბ ჯაფარიძე) - 4%; „ლელო" - 3%;„ხალხისთვის" - ანა დოლიძე - 3%; „პატრიოტთა ალიანსი" - 3%; „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" - 2%; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - გიგა ბოკერია - 2%; „გირჩი" (იაგო ხვიჩია) - 2% ;ერი - ლევან ვასაძე - 2%;„დროა" „ელენე ხოშტარია - 1% „მოქალაქეები" - ალეკო ელისაშვილი - 1%; სხვა - 2%. ვის უჭერენ მხარს ის რესპონდენტები, რომლებიც აცხადებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას". გამოკვლევის თანახმად, 2020 წლის არჩევნებში მიღებული ხმების 67%- „ქართულ ოცნებას" აქვს. სხვა პარტიების რეიტინგი კი ასეთია: 11% - „საქართველოსთვის" - გიორგი გახარია; 6% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 3% - „ლეიბორისტული პარტია"; 2% - „გირჩი - მეტი თავისუფლება" (ზურაბ ჯაფარიძე) 2% - „პატრიოტთა ალიანსი" 1% - „ლელო"; 1% - „ხალხისთვის" - ანა დოლიძე; 7% - სხვა. ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კომპანია „ედისონ რისერჩმა" საზოგადოებრივი აზრი გამოიკვლია. პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია. თვითთმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
"ქართულმა ოცნებამ" თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა
"ქართულმა ოცნებამ" პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები. კვლევის შედეგებზე პარტიის აღმასრულებელმა მდივნმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4-8 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2975 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 83,8% პროცენტმა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3 პროცენტი. კითხვაზე, „ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა: ქართული ოცნება 48,6% ნაციონალური მოძრაობა 27,1% საქართველოსთვის 5,8% გირჩი - მეტი თავისუფლება 3,4% მოქალაქეები 2,6% პატრიოტთა ალიანსი 2,4% მესამე ძალა 2,3% ლელო 2,3% ლეიბორისტული პარტია 1,2% გირჩი 1,1% ევროპული საქართველო 1,1% სხვა პარტიები 2,1% კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა: კახა კალაძე (ქართული ოცნება) 56.1% ნიკანორ მელია (ნაციონალური მოძრაობა) 28.3% გიორგი გახარია (საქართველოსთვის) 6.2% ანა დოლიძე (ხალხისთვის) 2.2% ანა ბიბილაშვილი (ლელო) 1.9% გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) 1.3% თამარ კეკენაძე (მესამე ძალა) 0.9% მიხეილ ქუმსიშვილი (ლეიბორისტული პარტია) 0.7% სხვა კანდიდატები 2.4% "ეს არის პირველი კვლევა მას შემდეგ, რაც დასრულდა ცესკოში კანდიდატების რეგისტრაცია და პარტიის სოციოლოგიურ ჯგუფს შესაძლებლობა ჰქონდა არჩევნებზე რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური სუბიექტისა თუ კანდიდატის შესახებ მიეღო სრულფასოვანი ინფორმაცია. ხედავთ, რომ კახა კალაძე ამ მონაცემებითაც არჩევნებს პირველ ტურში დამაჯერებლად იგებს", - აცხადებს მამუკა მდინარაძე. "ქართული ოცნების" კვლევის მიხედვით, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი ლიდერობს. კვლევის მონაცემებით, თბილისის საკრებულოში მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით გადანაწილდებოდა: ქართული ოცნება 32; ნაციონალური მოძრაობა 12 საქართველოსთვის 3 გირჩი - მეტი თავისუფლება 2 მოქალაქეები 1 ცნობისთვის, „ედისონ რისერჩის“ კვლევით, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით ჩატარდა, „ქართულ ოცნებას" - 33%, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 25%, „საქართველოსთვის" - გიორგი გახარიას - 10% მისცემდა ხმას