ძებნის რეზულტატი:

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს პატიმრობა შეეფარდა

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. რაფაელ მურსაკულოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ახლა აღარაფერს საქმიანობს, მანამდე კი „ქართულ ოცნებაში“ უბნის უფროსი იყო. ბრალდებულმა მოსამართლის კითხვას უპასუხა, თუ რას საქმიანობდა ის. ბრალდების მხარე რაფაელ მურსაკულოვის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი დანაშაულს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზეც უარს ამბობს. შეგახსენებთ, რომ რაფაელ მურსაკულოვს პროკურატურამ ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, შანაი ბრუკი 30 ივლისს დაიკარგა. მეგობრების მონაყოლზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომ შანაე ბრუკმა დაურეკა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ მეგობარს, რომელმაც გაიგო, როგორ ეუბნებოდა ის ვიღაცას, რომ ხელი გაეშვა. მეგობრები ვარაუდობენ, რომ უცხოელს თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა. ამის შემდეგ სატელეფონო საუბარი გაითიშა. თბილისში გაუჩინარებული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი 31 ივლისს იპოვეს. ამავე თემაზე: პროკურატურამ შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულთან ადვოკატი შევიდა

თამარ გაბუნია: 12-16 წლამდე ასაკის, თანმხლები დაავადებების მქონე მოზარდებში აცრის სარგებელი ძალიან მაღალია

12-დან 16 წლამდე ჯგუფში არიან მოზარდები, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ, ამ ჯგუფში აცრის სარგებელი ძალიან მაღალია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. კითხვაზე, იქნება თუ არა საქართველოში შესაძლებელი, რომ 12-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდები აიცრან, თამარ გაბუნიას თქმით, ამ მიმართულებით ორი ძირითადი პრინციპია გასათვალისწინებელი. „12-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორი ძირითადი პრინციპია გასათვალისწინებელი. ამ ჯგუფში არიან გარკვეული მოზარდები, რომლებსაც აქვთ თანმხლები დაავადებები, ამ ჯგუფში აცრის სარგებელი ძალიან მაღალია. შესაბამისად, მათ ვაქცინაციას ბევრი ქვეყანა უჭერს მხარს, რა თქმა უნდა, მშობლისა და მკურნალი ექიმის თანხმობით. მეორე არის, თუ რამდენად მიზანშეწონილად ჩავთვლით და ვისაუბრებთ ფართომასშტაბიან ვაქცინაციაზე ამ ასაკობრივ ჯგუფში, მაშინ, როდესაც ჯერ ჯანმოს ამასთან დაკავშირებით საბოლოო რეკომენდაციები არ გამოუცია. თუმცა, სხვა ქვეყნების გამოცდილება არსებობს. უკვე არის იმის პრეცედენტი, რომ 12-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ბავშვები, რომლებსაც გარკვეული დაავადებები ჰქონდათ, მოგვმართეს მშობლებმა და ექიმებმა და ისინი ჩვენ უკვე ავცერით. აცრამ კი კარგად ჩაიარა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამავე თემაზე: 12-15 წლის ბავშვების აცრა მშობლებს სურვილის მიხედვით დღესაც შეეძლებათ საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს დაავადების მქონე მოზარდების აცრა საქართველოში შესაძლოა, ჯანმოს რეკომენდაციამდე დაიწყოს

ოჯახი, ახლობლები და კინოს ვარსკვლავები ჟან-პოლ ბელმონდოს დაემშვიდობნენ

ოჯახი, ახლობლები და კინოს ვარსკვლავები ფრანგ მსახიობს ჟან-პოლ ბელმონდოს დაემშვიდობნენ. Reuters-ის ცნობით, დაკრძალვის ცერემონია სენ-ჟერმენ-დე პრეს ეკლესიაში გაიმართა. ვეტერანი ფრანგი კინომსახიობი 85 წლის ალენ დელონი, რომელიც ყავარჯენით გადაადგილდება, საჯაროდ იშვიათ ჩნდება. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი დღეს დაფიქსირდა, როდესაც ფრანგული კინოს გიგანტის, მისი მეგობრის ჟან-პოლ ბელმონდოს დაკრძალვაზე მივიდა. „ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩვენ ერთად დავიწყეთ ეს გზა 60 წლის წინ. განადგურებული ვარ, მეგობარი დავკარგე. ერთმანეთს 60 წლის განმავლობაში ვიცნობდით და ერთად ვმუშაობდით. ცუდი არ იქნებოდა, ორივე ერთად წავსულიყავით“, - ეს ალენ დელონის სიტყვებია ჟან-პოლ ბელმონდოზე. 9 სექტემბერს, ფრანგმა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში გაიხსენა ფრანგი ვარსკვლავის სიტყვები: „ბელმონდო ამბობდა, ცხოვრება ასეთია, ერთ დღეს ვტირით, მეორე დღეს ვიცინით, და... პირიქით.. „დღეს ჩვენ ყველანი ვტირით", - თქვა ჟურნალისტმა. პარალელურად კი ეკრანზე გადიოდა იშვიათი კადრები „ინვალიდების სახლის“ სამხედრო მუზეუმის ეზოში მიმდინარე ცერემონიიდან, რომლის მონაწილეებმაც ფრანგ მსახიობს პატივი მიაგეს, მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსები, ცნობილი სახეები და სპორტის ვარსკვლავები. ჟან-პოლ ბელმონდო უკანასკნელ გზაზე ენიო მორიკონეს კომპოზიციის, „Chi Mai“-ს ფონზე გააცილეს. ეს კომპოზიციაა გამოყენებული ფილმში „პროფესიონალი“, რომელშიც შესრულებულმა როლმა მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ფრანგული კინემატოგრაფიის ლეგენდა, ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში 8 სექტემბერს გარდაიცვალა. ჟან-პოლ ბელმონდომ პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“. 1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს - სეზარის გამარჯვებული, კაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“. 2011 წელს, კანის კინოფესტივალზე, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჟან-პოლ ბელმონდო ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა. ამავე თემაზე: საფრანგეთში ჟან-პოლ ბელმონდოს უკანასკნელ გზაზე აცილებენ

დანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა დღეიდან მოიხსნა

დანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა დღეიდან გაუქმდა. მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის მაღალი ტემპით არის განპირობებული. მასობრივ თავყრილობაზე დასწრება „ვაქცინაციის ცნობის“ გარეშეა შესაძლებელი. ბარებში, დისკოთეკებსა და ფიტნესცენტრებში შესვლა თავისუფალია. ჯანდაცვის მინისტრის მაგნუს ჰეუნიკეს თქმით, დანიამ მიაღწია „რეკორდულად მაღალი ვაქცინაციის მაჩვენებელს“. „მთავრობამ პირობა დადო, რომ არ გაახანგრძლივებს ზომებს საჭიროზე მეტ ხანს და ჩვენ ვასრულებთ ამ დაპირებას. მაგრამ ეპიდემია ჯერ არ დასრულებულა. საჭიროების შემთხვევაში, თუ პანდემია ისევ შეუქმნის საფრთხეს ჩვენს საზოგადოებას, მთავრობა სწრაფად იმოქმედებს და დააბრუნებს ზომებს" , - განაცხადა დანიის ჯანდაცვის მინისტრმა. დანიაში სრულად არის აცრილი 12 წელს გადაცილებული მოსახლეობის 83 პროცენტი. ქვეყანაში შემსვლელთათვის შეზღუდვები არ გაუქმებულა. გერმანიიდან, დანიის მოსაზღვრე რეგიონის გარდა, ჩასულებმა კორონავირუსის ტესტის შედეგი უნდა წარადგინონ. დანიის მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვის გაუქმების გადაწყვეტილება 27 აგვისტოს მიიღო. ცნობისთვის, პანდემიის დაწყების დღიდან, 6 მილიონიან ქვეყანაში 340 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი, დაახლოებით 2,5 ათასი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

პორტუგალიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟორჟე სამპაიუ გარდაიცვალა

პორტუგალიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟორჟე სამპაიუ 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. პორტუგალიის პრეზიდენტის პოსტი მას ორი ვადით, 1996 წლიდან 2006 წლამდე ეკავა. პორტუგალიელ ხალხს ყოფილი პრეზიდენტის, ჟორჟე სამპაიუს გარდაცვალების გამო უსამძიმრებს საქართველოს პრეზიდენტი. „ვუსამძიმრებ პორტუგალიელ ხალხს ყოფილი პრეზიდენტის, ჟორჟე სამპაიუს გარდაცვალების გამო. მას ევროპული ღირებულებებისა და თავისი ერის თავისუფლებისადმი ერთგულებით დაიმახსოვრებენ“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

ზაზა გაბუნია მექსიკაში, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში საქართველოს ელჩად დაინიშნა

ზაზა გაბუნია მექსიკაში, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა. ინფორმაცია Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ელჩების დანიშვნის საკითხზე უწყება განცხადების გავრცელებას გეგმავს. ზაზა გაბუნია 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე. ბოლოს ის ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა.

საფრანგეთის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს კორონავირუსის პანდემიის მართვის საქმეზე ბრალი წარუდგინეს

საფრანგეთის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრს ანიე ბუზინს ბრალი წაუყენეს. France24-ის ცნობით, საქმე ეხება Covid19-ის პანდემიის მართვის თემას. როგორც Le Monde წერს, მინისტრს ედავებიან „სხვების სიცოცხლის რისკის ქვეშ“ დაყენებას. სხვა დეტალები ჯერ არ ვრცელდება. ანიე ბუზინი არის ფრანგი ჰემატოლოგი, იმუნოლოგი და ტრანსპლანტოლოგი. საფრანგეთის სოლიდარობისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი იყო 2017 წლის 17 მაისიდან 2020 წლის 16 თებერვლამდე.

აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი არჩევნებში შეერთებული შტატების ტექნოლოგიური გიგანტის ჩარევის თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროშ დაიბარეს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ელჩმა ჯონ სალივანმა შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან. უწყებამ ისიც აღნიშნა, რომ სალივანს წარუდგინეს „უდავო მტკიცებულება“ იმის შესახებ, რომ აშშ-ის ტექნოლოგიურმა გიგანტებმა (მათ შორის Facebook-ი, Twitter-ი) დაარღვიეს რუსეთის კანონები ქვედა პალატის სახელმწიფო სათათბიროს მოახლოებული არჩევნების კონტექსტში. რუსეთმა ცოტა ხნის წინ გააძლიერა კონტროლი ინტერნეტში თავის სეგმენტზე და დაიწყო სამართლებრივი ზომები უცხოური ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ აკრძალული შინაარსის არწაშლის გამო.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომხმარებელი პასუხისმგებელია სიძულვილის შემცევლ კომენტარებზე სოციალურ ქსელში

საქმეზე - “ჟულიენ სანჩესი საფრანგეთის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სოციალურ ქსელში მომხმარებელი პასუხისმგებელია სიძულვილის შემცევლ კომენტარებზე, რომელიც მის გვერდზე სხვა მომხმარებლებმა დატოვეს. საქმე ეხება 2011 წლის ოქტომბრის მოვლენებს, როცა საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ქალაქის მერმა ჟულიენ სანჩესმა საპარლამენტო არჩევნების დროს მის პოლიტიკურ ოპონენტზე Facebook სტატუსი გამოაქვეყნა. მისი პოსტის ქვეშ კი პოლიტიკოსის მხარდამჭერებმა ქალაქის მუსლიმ მოსახლეობაზე სიძულვილის შემცველი კომენტარები დაწერეს, რის გამოც მას სასამართლოში უჩივლეს. 2013 წელს 4 000 ევროს ოდენობით ჯარიმის დაკისრების შემდეგ სანჩესმა საქმე მეორე ინსტანციის სასამართლოშიც წააგო და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა. საქმის გნახილვის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კომენტარებზე პასუხისმგებლობაც სანჩესს ეკისრებოდა, რადგან სიძულვილის შემცველი კომენტარები პოსტის ავტორს მომხდარიდან თვეების განმავლობაში არ წაუშლია და ისინი საზოგადოებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

თბილისში კორონავირუსით 20 წლის სპორტსმენი გარდაიცვალა

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კორონავირუსით 20 წლის სპორტსმენი გარდაიცვალა. განახლებული ინფორმაცია ვახო ჩარკვიანი „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელი იყო. ფეხბურთელი სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით 12 დღის წინ შეიყვანეს. მას ფილტვები ჰქონდა დაზიანებული. ვახტანგ ჩარკვიანი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 262 ადამიანს დაუდასტურდა, 54 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 19.4% სრულად ვაქცინირებულია.

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებისას დაღუპული ამერიკელი სამხედროები „მეწამული გულით“ დაჯილდოვდნენ

ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში აშშ-ის ევაკუაციის მისიის დროს დაღუპული 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე „მეწამული გულით“ (საპატიო სახელმწიფო ჯილდო აშშ-ში) დაჯილდოვება. ამის შესახებ საზღვაო ძალების განცხადებაშია ნათქვამი. ეს ჯილდო 1782 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა დააარსა. შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს ქაბული აშშ-ის საევაკუაციო მისიის ბოლო თვითმფრინავმა დატოვა, რითაც ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების 20-წლიანი მისია დასრულდა. ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის ქაოსური პროცესის დროს მოხდა ტერაქტიც, რომელსაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა სულ მცირე 200 ადამიანი. მოგვიანებით, აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული არიან "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები.

ემანუელ მაკრონი ანგელა მერკელს ელისეის სასახლეში უმასპინძლებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ელისეის სასახლეში 16 სექტემბერს გამართავენ შეხვედრას. Reuters-ის ცნობით, სხვადასხვა თემებს, მათ შორის ავღანეთის საკითხს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორისაა ექვსთვიანი როტაციის პრინციპით ფრანგული მხარის მიერ ევროკავშირის მომავალ თავმჯდომარეობა.

კვიპროსის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს ვაქცინაციისკენ მოუწოდა

კვიპროსის უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდური გადაწყვეტილების თანახმად, კვიპროსის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს მოუწოდა შეასრულონ სახელმწიფოს მოთხოვნა და ჩაიტარონ კოვიდასწინააღმდეგო ვაქცინაცია. ინფორმაციას "მსოფლიოს საეკლესიო სიახლენი" სოციალურ ქსელში ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი 15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან, რომელმაც თავის მრევლს სინოდური გადაწყვეტილების დონეზე მოუწოდა აცრისკენ! "შეგახსენებთ, კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე მღვდელმთავარი ანტივაქსერული განწყობის იყო, რის გამოც ეკლესიის მეთაურმა უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა მოიწვია სინოდის საგანგებო სხდომა, სადაც ასევე მოწვეული იყო კვიპროსის პრეზიდენტი და მეცნიერთა ჯგუფი. უნეტარეს ქრიზოსტომოსსა და ვაქცინის მოწინააღმდეგე მორფუს მიტროპლიტ ნეოფიტეს შორის სინოდის დახურულ სხდომაზე გაიმართა აპოლოგია (სიტყვისგება), სადაც მორფუს მიტროპლიტი დამარცხდა, რადგან მან თავისი კონსპირაციული და აფსურდული თეორია ვაქცინაციის წინააღმდეგ ვერ დაასაბუთა ( ის თვლიდა რომ ვაქცინა რწმენაში ნაკლულევანების გამოხატულებაა და შეიცავს ნანოტექნოლოგიურ ვირუსებს). მორფუს მიტროპლიტს და ყველა ვაქცინის მოწინააღმდეგე მღვდელმსახურს მოეწოდა, დაუყონებლივ შეწყვიტონ ანტივაქსერული პროპაგანდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება მათი წმინდა ეკლესიიდან განკანონების საკითხი. სინოდის განჩინების ერთ-ერთ მუხლზე, რომელიც მრევლის ვაქცინაციისკენ მოწოდებას ეხება, მეტი განმარტებისთვის პაფუს მიტროპლიტმა გიორგიმ დასძინა : ღმერთმა მოგვცა თავისუფალი გონება, ამ გონებამ შექმნა მეცნიერება, ამ მეცნიერებამ გამოიგონა წამალი რომელიც ღვთის ყველაზე დიდ საჩუქარს სიცოცხლეს დაიცავს და ამაზე უარის თქმა უფრო დიდი დანაშაულია! ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

CDC: არავაქცინირებულებში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 11-ჯერ მეტია

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ არავაქცინირებულებში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულებში. ინფორმაციას TheHill ავრცელებს. კვლევამ, რომელიც მოიცავს 600 000-ზე მეტ ადამიანს, ასევე დაადგინა, რომ არავაქცინირებული მოსახლეობის ჰოსპიტალში მოხვედრის მაჩვენებელი 10-ჯერ უფრო მეტია, რაც ხაზს უსვამს, რომ კოვიდვაქცინები ადამიანებს იცავს სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციისგან. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ არავაქცინირებულ ადამიანებს კორონავირუსი 4,5-ჯერ უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე სრულად ვაქცინირებულებს. "როგორც ჩანს, ვაქცინაცია მუშაობს. CDC გააკეთებს ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის მაჩვენებლების გასაზრდელად, ვაქცინებისადმი ნდობის გასაზრდელად და მოქალაქეების ინფორმირებისთვის. დასკვნა ასეთია: ჩვენ გვაქვს მეცნიერული ინსტრუმენტები, რომლებიც გვჭირდება ამ პანდემიის დასაძლევად. ვაქცინაცია მუშაობს და დაგვიცავს კორონავირუსის მძიმე გართულებებისგან. ეს დაიცავს ჩვენს ბავშვებს და მათ საშუალებას მისცემს დარჩნენ სკოლაში უსაფრთხო სწავლისთვის", - განაცხადა CDC-ის დირექტორი როშელ ვალენსკიმ.

ანტონიო გუტერეში: ავღანეთში ეკონომიკური კრიზისი ტერორისტებისთვის საჩუქარი იქნება

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოითხოვა ავღანეთში ფულადი სახსრების შეტანა, რათა თავიდან აიცილოს ეკონომიკური ვარდნა, რომელიც ავღანელი ხალხისთვის "კატასტროფულ" სიტუაციას გამოიწვევს და იქნება "საჩუქარი ტერორისტული ჯგუფებისთვის". ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისი თქმით, ამ მომენტში გაეროს არა აქვს საკმარისი თანხა. როგორც გუტერეშმა აღნიშნა, "ამ მომენტში გაეროს არ შეუძლია ხელფასების გადახდა საკუთარი თანამშრომლებისთვის" "ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი მდგომარეობა, რომელიც კატასტროფული იქნება ხალხისთვის და, ჩემი აზრით, არასტაბილურობის წყარო და ქმედება, საჩუქარი იქნება ტერორისტული ჯგუფებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედებენ", - განაცხადა გუტერეშმა. გუტერეშმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ავღანეთში მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა დებორა ლიონსმა აღნიშნა, რომ ავღანეთის მილიარდობით დოლარის საერთაშორისო აქტივების გაყინვა, "თალიბანის" ხელში ჩაგდების მიზნით, აუცილებლად გამოიწვევს "მძიმე ეკონომიკურ ვარდნას". როგორც გუტერეშმა განაცხადა, ის ესაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ კრისტალინა გეორგიევას და ჟურნალისტებს ჟურნალისტებს, რომ აუცილებელია შეთანხმდნენ, უარი თქვან აქტივების გაყინვაზე.

ისრაელის პოლიციამ მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაქცეული ექვსი პალესტინელი მსჯავრდებულიდან ოთხი დააკავა

ისრაელის მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაქცეული ექვსი პალესტინელი მსჯავრდებულიდან პოლიციამ კიდევ ორი მსჯავრდებული დააკავა, - ამის შესახებ ისრაელის პოლიციამ განაცხადა. ხელისუფლებამ ორი მსჯავრდებულის ვინაობა დაასახელა - ზაქარია ზუბეიდი და მაჰმუდ ალ-არიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ჩრდილოეთ ისრაელში, სატვირთო მანქანის ავტოფარეხში იპოვეს. ისრაელის ხელისუფლების თქმით, ზუბეიდი წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა. მედიის ინფორმაციით, დაკავებული ორი მამაკაცი პალესტინური დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" წევრია. ამჟამად, გაქცეული პატიმრებიდან თავისუფალია 2 პატიმარი. ამავე თემაზე: ისრაელის მკაცრი რეჟიმის ციხიდან 6 პალესტინელი გაიქცა

საქართველოში კორონავირუსი 2 533 ადამიანს დაუდასტურდა, 57 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 533 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 762 პაციენტი, 57 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 579 031 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 536 321, გარდაიცვალა 8 146 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 383 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 987 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 396 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.09% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.50%. ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევიდან 924 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 177, იმერეთი - 422, ქვემო ქართლი - 168, შიდა ქართლი - 150, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 243, კახეთი - 244, მცხეთა-მთიანეთი - 77, სამცხე-ჯავახეთი - 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 538, საიდანაც: 6 214 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 583, აჭარაში - 716, იმერეთში - 1 099. მძიმე პაციენტი: 1 488, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში - 165, იმერეთში - 359. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 374, მათგან თბილისში - 224, აჭარაში - 37, იმერეთში - 28. 1 780 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 964 - თბილისში, 472 - აჭარაში. 26 544 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 87 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 80, ხოლო აჭარაში - 7. სულ 6 ოქტომბრიდან - 10 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 141 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 303 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 523 პირი, აჭარაში - 3 410, იმერეთში - 3 204.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 11 სექტემბრის ტრაგედიის 20 წლისთავს Twitter-ზე გამოეხმაურა. "20 წლის წინ, მსოფლიო შეძრა 11 სექტემბრის ტრაგედიამ. 20 წლის წინ, საერთაშორისო საზოგადოება ერთად დადგა მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად, რაშიც საქართველო განაგძობს თავისი წვლილის შეტანას. ამ თანამედროვეობის ბოროტებაზე გლობალური პასუხი სოლიდარობა იყო. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ!", - წერს სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერის დილას ალქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთი გზაში ჩამოვარდა, მეორე - დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი - ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა.

საქართველოში უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადირება იგეგმება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება იგეგმება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქარდავას მეუღლე მეგის ქარდავას სახელით წერილს აქვეყნებს. ქარდავა წერილში სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და სთხოვს, მისი ინტერესები და უსაფრთხოება დაიცვან. „უკრაინის შესაბამისი ინსტანციის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩემი ექსტრადირების პროცესი დაჩქარებულია, რაც მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების აქტია და უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების, ჩვენი უკრაინელი ძმების ქოცხელისუფლების ტყვეობიდან დახსნას, ანუ წარმოადგენს არაფორმალურ გაცვლას ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება "ქართული ოცნების" მიერ ტრადიციული რუსული ღვარძლისა და ზიზღის პროპაგანდაზე დაფუძნებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის. მიუხედავად ამისა, ვუსურვებ ჩვენს ძმებს უკრაინელებს და უკრაინას საერთო მტერზე რუსეთის ბოროტების იმპერიაზე გამარჯვებას და ერთიანი ძალისხმევით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. საქართველოს და უკრაინის ძმობას ვერასდროს შეარყევს რუსული ჰიბრიდული ომის მწარმოებელი ოლიგარქ ივანიშვილის რუსული მარიონეტული რეჟიმი, რომელსაც ქვეყნის გეგმაზომიერი ნგრევის, შუღლის, დაპირისპირების თესვისა და ცრუ დაპირებების გარდა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია საქართველოს მოსახლეობისათვის, რომელსაც უკვე მერამდენედ უწევს სწორი არჩევანის გაკეთება რუსულ სამყაროსა და იმ დასავლური განვითარების მოდელს შორის, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ რეფორმების სახით შეირგო, გამოსცადა და საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაუკავშირა. სწორ არჩევანს დაცვა სჭირდება. მოგეხსენებათ, წლებია, რაც ჩემს თანამებრძოლებთან ერთად პოლიტიკურად ვიდევნები 2012-ის რუსული ჰიბრიდული კონტრ-რევოლუციის შედეგად ხელისუფლების სათავეში მოსული პუტინის ოლიგარქის ხელისუფლების მიერ ერთადერთი მოტივით: პოლიტიკური სარჩულით შეკერილი ბრალდებებით გავენეიტრალებინეთ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები, რაც გარდა იმისა, რომ ემსახურებოდა „ვარდების რევოლუციის“ შედეგად განხორციელებული სასიცოცხლო რეფორმების დისკრედიტაციასა და სასიკეთო კვალის წაშლას, მთავარ მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუციების გეგმაზომიერ ჩამოშლას - რაც სახეზეა. რუსული საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ჯერჯერობით გამართულად ფუნქციონირებს არის სახალხო დამცველი, რომელიც სახელმწიფოს მესამე ვადით მიმტაცებელმა პუტინის ოლიგარქმა ივანიშვილმა ვერ დაიმორჩილა. მივმართავ სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაიცვათ ჩემი ინტერესები და უსაფრთხოება, რათა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ მიეცეს საშუალება პოლიტიკური დევნის პროცესში ჩემს წინააღმდეგ განახორციელოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური სახის ზეწოლები პოლიტიკური მოტივით შეკერილ საქმეებში ჩემგან ცრუ ჩვენებების მოპოვების მიზნით, რისი მოსალოდნელი მცდელობების მიუხედავად, ბოლომდე დავრჩები ჩემი პრინციპებისა და სამშობლოს ერთგული. (მეგის ქარდავას აღნიშნულ განცხადებას პოსტის სახით ვდებ მისი მეუღლე)“, - წერია მეგის ქარდავას წერილში.

საქართველოს "წითელი ჯვარი" Sinopharm-ის 100 000 დოზას ჯანდაცვის სამინისტროს დღეს გადასცემს

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზას დღეს საჩუქრად ჩინეთის წითელი ჯვრისგან მიიღო. როგორც წითელი ჯვრის საზოგადოებაში აცხადებენ, მიღებულ ვაქცინებს საჩუქრად ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემენ. ,,ჩინეთის წითელ ჯვართან რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად სასიხარულო ამბავი შემიძლია გაგიზიაროთ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ Sinopharm-ის ვაქცინის 100,000 დოზა საჩუქრად მიიღო, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს გადავცემთ. ამით ჩვენი წვლილი შევიტანეთ უმნიშვნელოვანეს საქმეში და Sinopharm-ის ვაქცინის მოლოდინში მყოფი ადამიანებისთვის აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი გავხადეთ. ’’ - ამის შესახებ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ განაცხადა. ამავე თემაზე: საქართველო წითელი ჯვრისგან საჩუქრად 100 000 დოზა Sinopharm-ს მიიღებს