ძებნის რეზულტატი:
ევროპარლამენტარი: საფრანგეთთან წყალქვეშა ნავების ხელშეკრულების გაუქმებამ შესაძლოა, ევროკავშირ-ავსტრალიის სავაჭრო შეთანხმებაზე იმოქმედოს
ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის ხელმძღვანელის ბერნდ ლანგეს განცხადებით, "საფრანგეთთან წყალქვეშა ნავების ხელშეკრულების გაუქმებამ შესაძლოა, ევროკავშირ-ავსტრალიის სავაჭრო შეთანხმებაზე იმოქმედოს. როგორც ევროპარლამენტარი აცხადებს, ავსტრალიის გადაწყვეტილებამ ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების საკითხი გაართულა, რადგან მხარეებს შორის ნდობის ნაკლებობაა. "ახლა მთავარი საკითხია, რამდენად სერიოზული და რამდენად სანდოა ავსტრალია. ზოგიერთმა წევრმა შეიძლება მოითხოვოს მეტი უსაფრთხოება და მეტი გარანტიები ასეთ შეთანხმებაში, ამიტომ ვფიქრობ, დიალოგს და მოლაპარაკებას მეტი დრო დასჭირდება“,- განაცხადა ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, აშშ-მ, დიდი ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ხელი მოაწერეს ე.წ. უსაფრთხოების პაქტს, რომლის მიხედვითაც, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან. შეგახსენებთ, თავდაცვის ალიანსის შექმნაზე ავსტრალიის ნაბიჯმა და საფრანგეთთან გარიგების გაუქმებამ აღაშფოთა პარიზი, რომელმაც აშშ ზურგში დანის ჩარტყმაში დაადანაშაულა, ჩინეთმა კი სამივე ქვეყანა დაადანაშაულა ცივი ომის რიტორიკაში. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის ალიანსის მიხედვით, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს საფრანგეთს, ნიუ-იორკში შეხვედრისას, სადაც განიხილავდნენ ავსტრალიის მიერ 40 მილიარდი დოლარის წყალქვეშა ნავის შეკვეთის გაუქმებას პარიზთან, აშშ-სა და ბრიტანეთის სასარგებლოდ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქუვეითის მთავრობამ საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ინტერესი გამოთქვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ საბაჰს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ქუვეითის მხარემ საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ინტერესი გამოთქვა შეხვედრისას, საუბარი შეეხო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალს და ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ინდუსტრიების განვითარებას, ასევე ექსპორტის დივერსიფიცირებას. შეხვედრისას აღინიშნა, რომ წელს აღინიშნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი და ორმხრივი ურთიერთობა და პარტნიორობა მზარდი დინამიკით ხასიათდება, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს აუთვისებელი პოტენციალი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის პირველი სხდომის გამართვის მნიშვნელობას და გამოითქვა მზადყოფნა, უახლოეს მომავალში მისი ორგანიზებისთვის. განიხილეს თბილისში ქუვეითის საელჩოს გახსნის მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა ქუვეითის პრემიერ-მინისტრს არაბულ სახელმწიფოთა ლიგის თავმჯდომარე ქვეყნად ქუვეითის სახელმწიფოს არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარებას არაბულ სახელმწიფოთა ლიგასა და ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან. განსაკუთრებით აღინიშნა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და ქუვეითიდან ვიზიტორთა მზარდი რაოდენობა, რასაც ხელს უწყობს ქუვეითის სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის მოქმედი უვიზო რეჟიმი. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის პერსპექტივა. შეხვედრას, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროში ქუვეითის მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.
რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ დავით კაჭარავა აირჩიეს
რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ დავით კაჭარავა აირჩიეს. ვეტერან რაგბისტს კენჭისყრაზე გამგეობის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. დავით კაჭარავა ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა და მის ანგარიშზე ყველაზე მეტი – 121 სანაკრებო კეპია. „ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა. ჩემი შრომით აუცილებლად გავამართლებ ამ ნდობას და დარწმუნებული ვარ, წარმატებით წარვუძღვები ამ საქმეს. რაგბის კავშირში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, პასუხისმგებლობა რამდენჯერმეა გაზრდილი და ვალდებულნი ვართ საქმე ძალიან კარგად და გამჭვირვალედ წარვმართოთ“ , - განაცხადა დავით კაჭარავამ.
უკრაინაში NATO-ს სამხედრო სწავლების პარალელურად რუსეთმა კავკასიაში, მათ შორის ოკუპირებულ ცხინვალში, მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო
უკრაინაში NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო სწავლებების პარალელურად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ჩეჩნეთში, ყირიმსა და როსტოვის მხარეში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს. რუსული მედიის ცნობით, წვრთნებში დაახლოებით 10 ათასი რუსეთის სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. „სამხრეთ სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს წვრთნებში, დაახლოებით 800 ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკაა ჩართული, მათ შორის ტანკები, ქვეითი საბრძოლო მანქანები, საარტილერიო დანადგარები და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები. თვითმფრინავები და შვეულმფრენები. ჯარი და ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაცია", - ნათქვამია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 20 სექტემბერს, უკრაინაში, ლვოვის ოლქში უკრაინულ-ამერიკული სწავლებები Rapid Trident-2021 დაიწყო, რომელიც 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 6 ათასი სამხედრო მოსამსახურე. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. უკრაინულ-ამერიკულ წვრთნებში მონაწილეობენ 13 ქვეყნის სამხედროები, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გერმანიის, თურქეთის და პოლონეთის. გარდა ამისა, მანევრებში ჩაერთო ლიტვურ-პოლონურ-უკრაინული ბრიგადის პერსონალიც.
ცესკო: სამედიცინო დაწესებულებებში მყოფი კოვიდინფიცირებულები არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, სამედიცინო დაწესებულებებში მყოფი კოვიდინფიცირებულები 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. Covid-19-ით ინფიცირებული პირების არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, სპეციალური საარჩევნო უბნები შეიქმნება. როგორც სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საუბარია 73 ოლქში თითო-თითო სპეციალური საარჩევნო უბნის შექმნაზე. „სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზაშეწონილობის შესახებ გასულ სხდომაზე გვქონდა საკმაოდ ფართო განხილვა და დისკუსია. გამოითქვა არაერთი მოსაზრება, თუმცა საკითხი ვერ მივიღეთ, ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო. იქიდან გამომდინარე, რომ კომისიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ამომრჩევლებს მივცეთ გარკვეულ შემთხვევებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ბუნებრივია, შეთავაზებული იყო საკითხი ხელმეორედ განხილულიყო. საუბარია კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მონაწილეობაზე. ამომრჩევლები არ უნდა დავტოვოთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გარეშე. ბუნებრივია, იმისთვის, რომ სტაციონარულ დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი, უნდა შეიქმნას საარჩევნო უბნები. შესაბამისად, წარმოდგენილი არის განკარგულების პროექტი, რომელიც ეხება საარჩევნო უბნების შექმნას, 73 ოლქში იქნება თითო-თითო უბანი შესაბამისი ნუმერაციით“, – განაცხადა საკითხის წარდგენისას ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა. სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად, კომისიის წევრებმა იმსჯელეს ამ უბნებზე სპეციალური ჯგუფების შექმნის, უფლებამოსილი პარტიების მიერ სპეციალური ჯგუფების დანიშვნის, შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და სამდივნოს შექმნის პროექტთან დაკავშირებითაც. კომისიის გადაწყვეტილებით, ამ უბნებზე კომისიის წევრთა შესარჩევად კონკურსისთვის შესაბამისი განაცხადების მიღება 22-23 სექტემბერს მოხდება. პოლიტიკურ პარტიებს კი, არაუგვიანეს 24 სექტემბრამდე ექნებათ ვადა, რათა წარადგინონ ამ უბნებზე საკუთარი წარმომადგენლები. კომისიის წევრთა უმრავლესობამ ასევე მხარი დაუჭირა ამ უბნებზე საარჩევნო კომისიების წევრების სახელფასო საკითხში ცვლილებასაც. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, ვინაიდან ეს არის საარჩევნო უბნები, სადაც არსებობს განსაკუთრებული რისკი, მნიშვნელოვანია კომისიის წევრების წახალისება. სწორედ ამიტომ მოხდა ცვლილება სახელფასო საკითხში.
ბრიტანეთში რუსეთის საელჩო, "ნოვიჩოკის" საქმეზე, რუსეთის დაზვერვის თანამშრომლისთვის ბრალის წარდგენის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
ლონდონში, რუსეთის ფედერაციის საელჩო, ე.წ "ნოვიჩოკის" საქმეზე, რუსეთის დაზვერვის აგენტის დადანაშაულების ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და ბრალდებას სასაცილოს უწოდებს. "განცხადება, რომ რუსეთის მოქალაქე დენის სერგეევი კავშირშია გრუ-ს ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, არ არის ფაქტებით გამაგრებული. საელჩოში აღნიშნეს, რომ „რუსეთის მხარე კვლავაც გახსნილია პროფესიონალური თანამშრომლობისთვის პროფილური უწყებების ხაზით, თუკი დიდი ბრიტანეთი უარს იტყვის დამნაშავეთა პოლიტიკურად მოტივირებულ ‘დანიშვნებზე", - ნათქვამია დიდ ბრიტანეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოს განცხადებაში. BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანელმა სამართალდამცველებმა 2018 წელს სოლსბერიში მომხდარ ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალი რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს გუნდის კიდევ ერთ წევრს წარუდგინეს. ამ საქმეზე ბრალი უკვე წარდგენილი აქვს რუსეთის ფედერაციის ორ მოქალაქეს. მედიის ინფორმაციით, გენერალ-მაიორი დენის სერგეევი „ნოვიჩოკით“ თავდასხმის საქმის სავარაუდო ხელმძღვანელია და ის სერგეი ფედოტოვის სახელს იყენებდა. სპეცსამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით „ბიბისი“ წერს, რომ დენის სერგეევი ადგილზე მოქმედებდა, როგორც ოპერაციის ხელმძღვანელი. დენის სერგეევი და დანარჩენი ორი ეჭვმიტანილიც სავარაუდოდ რუსეთში იმყოფება. ბრიტანეთის მთავრობა ინტერპოლისგან რუსეთის მოქალაქის დაკავებას მოითხოვს. რუსეთის მოქალაქების წინააღდგე წაყენებული ბრალდებებია: მკვლელობის შეთქმულება, მკვლელობის მცდელობა, სხეულის მძიმე დაზიანება და ქიმიური იარაღის გამოყენება, ტარება. 2018 წელს სოლსბერიში ნერვული აგენტი, „ნოვიჩოკი“ ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულია სკრიპალის წინააღმდეგ გამოიყენეს. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა, კიდევ ერთი ქალი, დაუნ სტერჯესი კი მოწამვლის შედეგად რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ასევე, ბუნდესვერის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერებით იყო მოწამლული. რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამლვას სხვა საერთაშორისო ლაბორატორიებიც ადასტურებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე შტეფან ზაიბერტზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისთვის, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაზე.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ნიკა მელიამ მერობის კანდიდატებთან დებატები დატოვა
"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ „პირველი არხის" პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მიმდინარე დებატები დატოვა. მისი თქმით, პატივს სცემს ყველა პარტიის ამომრჩეველს, მაგრამ მოძალადე, კორუმპირებულ ადამიანთან ერთად ყოფნას არ აპირებს. „აქ მოვედი პირველ რიგში იმისათვის, რომ „ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს პირადად ვუთხრა, რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში. მოვედი იმისათვის, რომ ვუთხრა, რომ ეს ადამიანები არაფერს თაკილობენ, ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით. ეს ადამიანები და ეს ბატონი, რომელიც არის დღეს აქ წარმოდგენილი, უსაზღვროდ კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი და დამსაქმებელია. დღეს დმანისში ყველამ კარგად ვიცით, რა გააკეთეს", - განაცხადა ნიკა მელიამ და მან ეთერში აჩვენა დმანისში დაჭრილი ადამიანის ფოტო. მისი თქმით, ამ არჩევნებში კახა კალაძე უნდა დამარცხდეს. ნიკა მელიამ დაამატა: „ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ ძირგამომპალ ადამიანთან რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას". თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მიმდინარე დებატებიდან გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატის ნიკა მელიას პროტესტის ნიშნად წასვლა შეაფასა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ. „გულდასაწყვეტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გაიქცა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დესტრუქცია და არეულობა არის მათი პარტიის ხელწერა. ისინი ყოველთვის ცდილობენ, ყოველდღიურად, რომ გარკვეული დაძაბულობა შემოიტანონ ქვეყანაში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ნამდვილად არ მესიამოვნებოდა ისევ ის, რომ 2 ოქტომბერს, როდესაც ნიკა მელია არჩევნებს წააგებს, გაიქცეს. პირიქით, ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლარიზება და ყველა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს უნდა ეცხოვრებოდეს საქართველოში ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ეს ქვეყანა ყველასია, ეს ქალაქი ყველასია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
იოგოეთთან, ავტობანზე მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. მინივენის ტიპის მანქანა, ავტობანზე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობდა. ამ დროისთვის უცნობია რა გახდა ავარიის მიზეზი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.
ავსტრალიაში ძლიერმა მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია
ავსტრალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად მელბურნში დაზიანდა და ჩამოინგრა შენობები. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 6 მაგნიტუდას იყო და მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა ავსტრალიის ისტორიაში პირველად მოხდა ეპიცენტრი ვიქტორიის შტატში, დაბა მენსფილდთან იყო. . მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხელისუფლების განცხადებით, ამ დროისთვის მელბურნის ჩრდილოეთ ნაწილის უბნებს არ მიეწოდება ელექტროენერგია, დაზიანებული შენობებიდან კი ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. მიწისქვეშა ბიძგები ეპიცენტრიდან 800 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ადელაიდაში და 900 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ სიდნეიშიც იგრძნობოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: საქართველო მზადაა, რეგიონში სამშვიდობო ფუნქცია შეასრულოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შედგა. პრემიერ-მინისტრმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაიხსენა თურქეთში სახელმწიფო ვიზიტი და პრეზიდენტ ერდოღანს მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა და ქვეყანა მზად არის, შეასრულოს საკუთარი სამშვიდობო ფუნქცია კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით და აშშ-ის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის შედეგად, სომხეთის მოქალაქეები გათავისუფლდნენ, ხოლო აზერბაიჯანს გადაეცა რუკები დანაღმული ტერიტორიების შესახებ. აღინიშნა, რომ ეს შეთანხმება კარგი საფუძველია მეზობლებს შორის შემდგომი თანამშრომლობისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტ ერდოღანის განსაკუთრებული ძალისხმევა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოების პრიორიტეტულობაზე. გამოითქვა იმედი, რომ მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება. მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტები ეფექტური სტრატეგიული პარტნიორობის, მდგრადი განვითარებისა და საქართველოსა და თურქეთის საიმედო პარტნიორობის კარგი მაგალითია. შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო მრავალმხრივ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატს - საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი, რომლის ფარგლებშიც მხარეები სხვადასხვა სექტორის მიხედვით საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და მას მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა, ნიუ-იორკში, თურქულ სახლში, საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
ვაშინგტონში ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის შეხვედრა გაიმართა
ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონს შორის შეხვედრა გაიმართა. ჯო ბაიდენის თქმით, ის მოუთმენლად ელოდება დიდ ბრიტანეთში ვიზიტს. ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის შეხვედრა გაეროს 76-ე ასამბლეის გახსნით სესიაზე აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაიმართა. მხარეებმა კლიმატური ცვლილებების და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი აშშ-სთან ახალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს. მისი თქმით, ბრექსიტის შემდეგ აღნიშნულ სავაჭრო შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აშშ-მა რამდენიმე ბრიტანულ პროდუქციაზე შეზღუდვები მოხსნა. აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრა წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებით აშშ-სა და საფრანგეთს და ევროკავშირს შორის არსებული დავის ფონზე გაიმართა, რომელშიც ბრიტანეთმა გადამწყვეტი როლი შეასრულა. აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის დადებული წყალქვეშა ნავების შესახებ შეთანხმება, საფრანგეთის გვერდის ავლით მოხდა, რის გამოც პარიზმა ვაშინგტონიდან და კანბერადან კონსულტაციებისთვის საკუთარი ელჩები გამოიწვია. ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა განაცხადეს, რომ თავდაცვის ალიანსი მსოფლიოს მიმართ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საერთო ღირებულებების გამოხატულებაა და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით. მხარეებმა ავღანეთის საკითხიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში 20 წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი იქნება დიპლომატიური და ჰუმანიტარული ინსტრუმენტების გამოყენება. გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერების განცხადებით, „თალიბანის“ მიერ ფორმირებული მთვარობის საერთაშორისო აღიარება კოორდინირებული და დამოკიდებული უნდა იყოს მათ მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. შეგახსენებთ, თავდაცვის ალიანსის შექმნაზე ავსტრალიის ნაბიჯმა და საფრანგეთთან გარიგების გაუქმებამ აღაშფოთა პარიზი, რომელმაც აშშ ზურგში დანის ჩარტყმაში დაადანაშაულა, ჩინეთმა კი სამივე ქვეყანა დაადანაშაულა ცივი ომის რიტორიკაში. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის ალიანსის მიხედვით, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან. ასევე წაიკითხეთ: საერთაშორისო გამოხმაურება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტის გარშემო როგორც ცნობილია, 2016 წელს, ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია Naval Group-ი შეარჩია, რომელსაც ახალი წყალქვეშა ფლოტი უნდა აეშენებინა.
შსს: დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დააკავებულია ერთი პირი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, დმანისში ერთი პირი – 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.დ.-მ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს: 1976 წელს დაბადებულ მ.ო.-სა და 1983 წელს დაბადებულ შ.ს.-ს. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, დმანისის მუნიციპალიტეტში დააკავა.სოფელ განთიადში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ჩხუბში მონაწილე სხვა პირებმაც“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითა და და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული "ქართული ოცნების" დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუაშვილის შვილია. დაუშვილის განცხადებით მისი შვილი პოლიციას თვითონ ჩაბარდა. ირაკლი კობახიძე: დმანისში რაც მოხდა, გამართლება არ აქვს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს
კარლ ჰარცელი: თბილისში ჰაერის დაბინძურების 90% -ს ავტომობილები იწვევს, დღეს “ავტომობილების გარეშე მსოფლიო დღეს” აღვნიშნავთ
" მიუხედავად ბოლო დღეების მოვლენებისა, მინდა შეგახსენოთ, რომ “მსოფლიო დღეს ავტომობილების გარეშე” აღვნიშნავთ", - ამის შესხებ , საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა. ჰარცელის თქმით, ეს ყოველწლიური ღონისძიება ევროპის მრავალ ქალაქში აღინიშნება! ამ დღის დაწესების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დაგვაფიქროს პატარა თუ დიდი ქალაქების მომავალზე, იმაზე, თუ როგორ გარდავქმნათ ისინი უფრო მწვანე, მშვიდ და ჯანსაღ საცხოვრებელ ადგილებად. "საქართველოში ჰაერის დაბინძურების 70%–ს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გამონაბოლქვი იწვევს. თბილისში, ეს მონაცემი კიდევ უფრო მაღალია და მთლიანი დაბინძურების დაახლოებით 90% -ს შეადგენს. ჰაერის დაბინძურება უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე, რაც ზრდის რესპირატორული ინფექციების, დაღლილობის, გულისა და ფილტვების დაავადებათა რისკს. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ევროკავშირის მთავარი მიზანია, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ისე აქ, საქართველოში. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოში მრავალი წელია ვმუშაობთ და გვაქვს დიდი მოლოდინი, ასევე გეგმა, რომ მოხდეს დამატებითი აღჭურვილობის შეძენა და ჰაერის დაბინძურების უკეთ გაკონტროლება. ასევე, გავაგრძელებთ უფრო მდგრად სატრანსპორტო ალტერნატივებში ინვესტირებას, რომ ყველას მოგვეცეს შესაძლებლობა ვისუნთქოთ უფრო სუფთა ჰაერით და ვიცხოვროთ უფრო ჯანსაღად. იმედი მაქვს, შემოგვიერთდებით! ნება მიბოძეთ, ყველას გისურვოთ დღე ავტომობილების გარეშე!", - აღნიშნულია ევროკავშირის ელჩის განცხადებაში
ბათუმში, ქუჩების დატბორვის შედეგად, საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ობიექტები დაზიანდა
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა. ავტომობილებს ქუჩებში გადაადგილება უჭირთ. წყალმა საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ობიექტები დააზიანა. ყველაზე ძლიერი დატბორვა მოხდა ჭაობის დასახლებაში, მელიქიშვილის, გიორგი ბრწყინვალის და 26 მაისის ქუჩებზე. ამინდის პროგნოზის მიხედვით, ორი დღის განმავლობაში ძლიერი წვიმა გაგრძელდება.
ჯანმო: მსოფლიო მასშტაბით Covid-19-ით ინფიცირების კლების ტენდენცია შეინიშნება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ყველა კონტინენტზე Covid-19-ით ინფიცირების კლების ტენდენცია შეინიშნება. სტატისტიკის თანახმად, გასულ კვირას მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 3,67 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირის მონაცემებთან შედარებით ცხრა პროცენტით ნაკლებია. წინა კვირასთან შედარებით ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7%-ით შემცირდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვიც და 60 ათასი შეადგინა. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აშშ-ში, რუსეთში, ბრაზილიასა და მექსიკაში დაფიქსირდა. ჯანმოს მონაცემებით, მანამდე ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა, რომელმაც პიკს ივნისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე პერიოდში მიაღწია. კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტმა, რომელიც 185 ქვეყანაშია გავრცელებული, მეტწილად ჩაანაცვლა დანარჩენი სამი ვარიანტი („ალფა“, „ბეტა“ და „გამა“), რომლებზეც სეკვენირებული შემთხვევების 1%-ზე ნაკლები მოდის. „ამჟამად „დელტა“ ვარიანტი“ დომინანტური ვირუსია, ხოლო სეკვენირებული შემთხვევების 1%-ზე ნაკლები „ალფა“, „ბეტა“ და „გამა“ ვარიანტებზე მოდის“, - აღნიშნა მარია ვან კერკხოვემ. მისი თქმით, „დელტა“ ვარიანტი გაძლიერდა, უფრო გადამდებია და ვირუსის სხვა ვარიანტებს ანაცვლებს. 11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი.
COVID19: 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 2 024 დაინფიცირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 016 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 024 პაციენტი, 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 600 412 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 567 797, გარდაიცვალა 8 664 პაციენტი. 21 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.77 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.92%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.48%. საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და კახეთში გამოვლინდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2470 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა, აჭარა - 130, იმერეთი - 289, ქვემო ქართლი - 145, შიდა ქართლი - 103, გურია - 63, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 188, კახეთი - 301, მცხეთა-მთიანეთი - 37, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23. სულ 23 925 ინფიცირებულიდან, 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 007, აჭარაში - 568, იმერეთში - 1 028. ამ ეტაპზე 1 199 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 452, აჭარაში - 132, იმერეთში - 338. 310 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა, მათგან თბილისში - 195, აჭარაში - 15, იმერეთში - 29. 993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 - თბილისში, 281 - აჭარაში. 17 749 ბინაზე მკურნალობს.
საია-ს ცნობით, ევროპულ სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეებზე დავის პროცედურა დაიწყო
ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 20-21 ივნისის საქმეებზე პოზიციის წარმოდგენის ვადა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. საია-მ და EHRAC-მა 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული 22 პირის სახელით ევროპულ სასამართლოში საჩივრები 2021 წლის 07 აპრილს წარადგინეს, ხოლო, სასამართლომ საჩივართა თაობაზე საქართველოს მთავრობას 2021 წლის 07 ივნისს აცნობა. „არსებული პროცედურების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, გაგზავნილ საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს 2021 წლის 09 დეკემბრამდე უპასუხოს. დამატებით კი, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა საია-სა და EHRAC-ის მოთხოვნა, სახელმწიფოს, ასევე, ევალება წარმოადგინოს 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღსანიშნავია, რომ საიას ადვოკატების მიერ ეროვნულ დონეზე არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გენერალური პროკურატურა არ რთავს ნებას დაზარალებულებს, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალებს, რითაც მათ მნიშვნელოვნად ეზღუდებათ მათი პროცესუალური უფლებები. 2021 წლის 09 დეკემბრამდე წარსადგენ პოზიციაში, სახელმწიფომ საქმეებზე: თამარ ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ; და, დავით ქურდოვანიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ევროპული სასამართლოს მიერ დასმულ შემდეგ შეკითხვებს უნდა უპასუხოს: 1. მომჩივნების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დაექვემდებარნენ თუარა ისინი პოლიციის მხრიდან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს? რეზინის ტყვიების გამოყენება შეესაბამებოდა თუ არა კანონმდებლობას? შეესაბამებოდა თუ არა ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ზომები ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს? 2. ჩაატარეს თუ არა საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტიანი გამოძიება მომჩივნების მიმართ აქციის დაშლის დროს ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ისე, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-3 მუხლი? რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება? მიეცათ თუ არა მომჩივნებს შესაძლებლობა ეფექტიანი მონაწილეობა მიეღოთ გამოძიების პროცესში? 3. მომჩივანი ჟურნალისტების პოზიციის გათვალისწინებით, რომ მათ მიმართ პოლიცია იყენებდა ძალას, როდესაც ისინი ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდნენ, მოხდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციის მე-10 (1) მუხლით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა? თუ იყო ამგვარი ჩარევა, იყო თუ არა ეს კანონიერი და „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის მე-10 (2) მუხლის მიზნებისთვის? 4. მოხდა თუ არა მომჩივანი დემონსტრანტების ევროპული კონვენციის მე-11 (1) მუხლით გათვალისწინებულ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა? თუ ჩარევას ჰქონდა ადგილი, იყო თუ არა ეს გათვალისწინებული კანონით და „აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებაში“ კონვენციისმე-11 (2) მუხლის მიზნებისთვის? 5. ჰქონდათ თუ არა მომჩივნებს შესაძლებლობა, ესარგებლათ შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებით ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლებთან მიმართებით, როგორც ამას მოითხოვს ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი? სასამართლოს პროცედურის თანახმად, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დასმულ შეკითხვებზე საკუთარ პოზიციას წარადგენს, საია თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების სახელით დამატებით წარადგენს წერილობით არგუმენტაციას ევროპულ სასამართლოში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლის კლების ტენდენცია ნარჩუნდება
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინა 13 962-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 686 412 აცრა ჩატარდა. ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლის კლების ტენდენცია გრძელდება, გუშინ 15 096 ადამიანი აიცრა, რაც დღევანდელთან შედარებით 1,134-ით მეტია. ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას თამარ გაბუნია საგანგაშოდ მიიჩნევს. ჯანდაცვის მინისტრის მოადილის თქმით, სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის სტიმულირება, რომ გააქტიურდეს ქალაქების მოცვა. ვაქცინაციის ტემპის შემციების მთავარი მიზეზი პანდემიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას მიიჩნევს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე. „ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიგნალია. ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში დიდი რისკის ქვეშ დადგება ჩვენი მთავარი მიზანი. უნდა შევძლოთ მოზრდილი ადამიანების 60%-ის ვაქცინაცია. ვაქცინაციის შემცირებული ტემპის უკან არც ვაქცინების დეფიციტი და არც ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა არ დგას. ამის უკან დგას ჩვენი თანამოქალაქეების დამოკიდებულება ზოგადად, კორონავირუსის პანდემიის მიმართ. ივანე ჩხაიძე: უმჯობესია, მოსახლოების 80% აიცრას, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება ვაქცინაცია ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ სერიოზული პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას. საბედნიეროდ, არსებობს პრობლემის გადაწყვეტის გზა და ეს არის ვაქცინაცია", - აცხადებს ივანე ჩხაიძე. საქართველოში ვაქცინაცია Astrazeneca-ს ვაქცინით 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, Pfizer-ით კი 30 მარტიდან. Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისს, Sinovac-ით იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ-იორკში შეხვედრა გამართეს
ნიუ-იორკში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესის ფარგლებში შედგა. უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის ცნობით, ვლადიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვედრისას რუსეთის მიერ არაკანონიერად დაკავებული აქტივისტების, კერძოდ, ყირიმელი თათრების გათავისუფლებაში დახმარების აღმოჩენა სთხოვა. პრეზიდენტებმა ასევე, რიგი ეკონომიკური საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების მომზადებისა და ხელმოწერის დასრულების აუცილებლობას. როგორც შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, ახლო აღმოსავლეთიდან თურქეთის დახმარებით თხევადი გაზის მიწოდების საკითხი უკრაინისთვის კვლავ აქტუალურია. გარდა ამისა, ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა საზღვაო სფეროში სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თურქეთმა ყირიმში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩატარებული არჩევნები არ აღიარა.
რა შეკითხვა დაუსვა მერობის კანდიდატებს შორის დებატებისას გიორგი გახარიამ კახა კალაძეს
„შენი თანაგუნდელების და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებს: ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები, კონკრეტულად შენ, კახა კალაძე იზიარებ თუ არა?! - ამ შეკითხვით მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს საქართველოს პირველი არხის ეთერში მიმდინარე დებატებზე. კახა კალაძის განცხადებით, არავის უთქვამს, რომ გახარია ნარკომანია. „ნარკომანობასთან დაკავშირებით მე მგონი, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს ის, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება გიორგი, შენს საქციელს, პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ, მე არ მომეწონა შენი ის გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. ახლა, არ შევალ ამ შინაარსში და არ მინდა ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე პირველ რიგში, ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ. ამიტომ, არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ მანამდე კი, გიორგი გახარიამ კლახა კალაძეს ჰკითა, დაჯდება თუ არა მასთან დებატებში. „არ ვაპირებდი კითხვის დასმას, სხვანაირად იმნდოდა ეს გამომეყენებინა, მაგრამ კახასთან მაქვს ერთი კითხვა, მე თუ დამიჯდება დებატებში პირისპირ, თუ მეც უნდა გავიზარდო პოლიტიკურად?!“, - მიმართა ყოფილმა პრემიერმა მოქმედ მერს. „პოლიტიკურად, რა თქმა უნდა. კვალიფიციური პოლიტიკური პარტია უნდა გახდეთ და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გექნებათ შესაძლებლობა. ამ არჩევნებში გექნებათ იმის საშუალება, ნახოთ, თუ რამხელა მხარდაჭერა გაქვთ საზოგადოების მხრიდან, რამხელა მხარდაჭერა გაქვთ პირადად თბილისელების მხრიდან. რა თქმა უნდა, ერთი დღით ხომ არ ვართ პოლიტიკაში, ხვალ, ზეგ გვექნება იმის შესაძლებლობა“, - უპასუხა კახა კალაძემ. ამავე თემაზე: მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ნიკა მელიამ მერობის კანდიდატებთან დებატები დატოვა გიორგი გახარიამ ნარკოტესტის პასუხი გამოაქვეყნა