ძებნის რეზულტატი:
ჯანდაცვის მინისტრი: ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე
„აცრის იმ მაჩვენებლებით, რომელიც დღეს გვაქვს კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნებით", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სამინისტრო არ საუბრობს იძულებით აცრაზე, რადგან იმედი აქვთ, რომ მოქალაქეები საკმაოდ გონიერები არიან და საფრთხეებს სწორად აფასებენ. "მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის აცრა იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური აქტივობა, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი, რეანიმაციული საწოლები და არ გვქონდეს მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ გონიერები არიან. ზრუნავენ საკუთარ თავსა და ნათესავებზე და იმ საინფორმაციო არხებით, რომელიც სამინისტროს აქვს მობილიზებული, ჩვენ შევძლებთ დავარწმუნოთ მოქალაქეები, აცრაზე გადაწყვეტილება თავის სასიკეთოდ მიიღო“, - განაცხადა ტიკარაძემ. ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლის კლების ტენდენცია ნარჩუნდება
კარლ ჰარცელი ჩანაწერებზე: არ იქნებოდა ბუნებრივი, თუ ისეთი ახლო პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, ასეთი სახის აქტივობებში იქნებოდა ჩართული ჩვენ წინააღმდეგ
ევროკავშირის ელჩმა მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე კომენტარი გააკეთა. კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მან ამასთან დაკავშირებით ბრიუსელის რეაქციები მოისმინა და საკითხს სერიოზულად განიხილავენ. ელჩმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ, ეს აჩენს კითხვებს ვენის კონვენციის კონტექსტში, რომელიც დიპლომატიურ ურთიერთობებს არეგულირებს. „არ იქნებოდა ბუნებრივი, თუ ისეთი ახლო პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, ასეთი სახის აქტივობებში იქნებოდა ჩართული ჩვენს წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ელჩი ბრიუსელში სათაო ოფისში მიიწვიეს შეხვედრაზე“, - აღნიშნა ელჩმა და დაამატა, რომ საქართველოს ელჩს ევროკავშირის პოზიცია გააცნეს და შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის თაობაზე განუცხადეს. ქართული მედიის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე საქართველოში განთავსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრებს შეიცავს. ამავე თემაზე: ევროკავშირი ფარული ჩანაწერების შესახებ: ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ რას გულისხმობს დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენცია და როგორ იცავს ის დიპლომატებს
საქართველოს ელჩი, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ევროკავშირის სათავო ოფისში დაიბარეს
ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი და ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი, რომელიც ამ პოზიციაზე ივნისში დაინიშნა, ევროკავშირის სათაო ოფისში ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს. ამის შესახებ დღეს ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს თბილისში განუცხადა, როდესაც ფარული ჩანაწერების თემაზე ჰკითხეს. „არ იქნებოდა ბუნებრივი, თუ ისეთი ახლო პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, ასეთი სახის აქტივობებში იქნებოდა ჩართული ჩვენს წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ელჩი ბრიუსელში სათაო ოფისში მიიწვიეს შეხვედრაზე“, - აღნიშნა ელჩმა და დაამატა, რომ საქართველოს ელჩს ევროკავშირის პოზიცია გააცნეს და შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის თაობაზე განუცხადეს. ქართული მედიის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე საქართველოში განთავსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრებს შეიცავს.
ჯანდაცვის მინისტრი: ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდა, კლინიკებში ადგილების დეფიციტი არ გვაქვს
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკებში საწოლების დეფიციტი არ არის, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა. "თუმცა, ინფიცირების მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება, რაც ასევე არის საყურადღებო. ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რა რეკომენდაციები იქნება გაცემული ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან იმისთვის, რომ ინფექციის კლება კვლავ ინტენსიურად გაგრძელდეს. ჯერჯერობით არ გვაქვს ზუსტი გეგმა ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული, თუმცა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინტენსიური კომუნიკაციის ფარგლებში ამასთან მიმართებაში მიმდინარეობს კონსულტაციები. ასევე, სხვა ექსპერტებთან ერთად. საავადმყოფოებში არის სტაბილური მდგომარეობა. ამ ეტაპისთვის არ გვაქვს ადგილების დეფიციტი, თუმცა რა თქმა უნდა ვინარჩუნებთ იმ მობილიზაციას, რომელიც გამოცხადებული იყო ამ მდგომარეობამდე“, – განაცხადა ტიკარაძემ. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 016 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 024 პაციენტი, 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 600 412 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 567 797, გარდაიცვალა 8 664 პაციენტი.
"თალიბანმა" გაეროში საკუთარი წარმომადგენელი წარადგინა
"თალიბანმა" გაეროში საკუთარი წარმომადგენელი წარადგინა. ავღანეთის ახალმა ხელისუფლებამ გაეროს გენერალურ მდივანს ავღანეთის წარმომადგენლად, სუჰაილ შაჰინის წარდგენაზე ოფიციალურად მიმართა. მედიის ინფორმაციით, შესაბამისი კომიტეტი, "თალიბანის" მიმართვას სავარაუდოდ, მომდევნო ორშაბათს განიხილავს, ამიტომ, შესაძლებელია, "თალიბანის" ხელისუფლებამ ნიუ იორკში მიმდინარე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიმართვა ვერ გაავრცელოს. გაეროში აცხადებენ, ავღანეთის ახალი ელჩის დამტკიცებას, 9 წევრისგან შემდგარი რწმუნებათა კომიტეტის თანხმობა სჭირდება.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2021 წელს 8.5%-ით, 2022 წელს 6.5%-ით პროგნოზირებს
საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 8.5%-ით არის მოსალოდნელი სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და მომსახურების სფეროს გააქტიურების კვალდაკვალ და ასევე კორონავირუსული დაავადების შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების თანდათანობითი მოხსნის შედეგად, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში. ADB-ის მთავარი ყოველწლიური ეკონომიკური პუბლიკაციის აზიის განვითარების პროგნოზი 2021-ის განახლებული გამოცემის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს კიდევ 6.5% არის მოსალოდნელი. ანგარიშში ხაზგასმულია ეკონომიკის ძლიერი აღდგენა გასული წლის 6.2%-იანი უკუსვლის შემდეგ, რასაც 2021 წლის პირველ ნახევარში 12.7%-იანი ზრდა მოჰყვა ბიზნესებისა და ოჯახების მიმართ მთავრობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და განვითარების პარტნიორების მოცულობითი დახმარების შედეგად. „იმედისმომცემი ზრდის მაჩენებლებითა და ოპტიმისტური ბიზნეს-მოლოდინებით საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე და მომავალ წელს პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს, მაგრამ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ვაქცინაციის დაჩქარებული ტემპის მომდევნო თვეებშიც შენარჩუნებაც. ADB სრულად უჭერს მხარს საქართველოს COVID-19-ის დაძლევასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაში“ - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა. "კერძო მოხმარების ზრდამ, საკვების, სასმელის და სამრეწველო მარაგის წმინდა ექსპორტის 15%-იანმა მატებამ და სახელმწიფო საინვესტიციო ხარჯვამ, რომელმაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 8% შეადგინა, ყველაფერმა ჯამში გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე. ივნისში სახმელეთო საზღვრების გახსნამ გააჩინა უცხოური ვალუტის დაჩქარებული შემოდინების მოლოდინი. მიუხედავად ამისა, მაინც გაიზარდა ინფლაცია, რასაც მარტიდან მოყოლებული ფასების სწრაფი მატება მოჰყვა საკვებზე, ჯანდაცვაზე, ტრანსპორტსა და კომუნალურ გადასახადებზე - გაზრდილი იმპორტის ფასებისა და ზოგიერთი მიმართულებით სუბსიდირების მოხსნის ფონზე. აზიის განვითარების განახლებული პროგნოზი 2021 წელს ინფლაციის 9.5%-მდე გაზრდას და მომავალ წელს 4%-მდე შემცირებას ვარაუდობს. ეკონომიკური ზრდის მიუხედავად მაინც გაიზარდა როგორც უმუშევრობის, ასევე აბსოლუტური სიღარიბის დონე. 2021 წლის პირველ კვარტალში თითოეულმა მაჩვენებელმა 3%-ით მოიმატა და შესაბამისად 21.9% და 21.3% შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მცირედით იკლო 2020 წლის პირველი კვარტლის მშპ-ს 11.2%-იანი მაჩვენებლიდან 2021 წლის იმავე პერიოდის 10.7%-მდე, უმეტესად სპილენძის მადნისა და კონცენტრატისა და ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გაზრდილი ექსპორტის შედეგად. შესაბამისად, ADB პროგნოზირებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კიდევ უფრო შემცირებას როგორც 2021, ისე 2022 წელს. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი", - ნათქვამია ანგარიშში.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი სიერა ლეონეს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგრეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიერა ლეონეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, დევიდ ჯონ ფრანცისს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე, კოლეგებმა ვრცლად ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მათი სხვდასხვა სფეროში გაღრმავების პერსპექტივებზე. "გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ამ კუთხით აღინიშნა აქტივობების კოორდინაციისა და ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტული ინიციატივების ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სექტორში გამოცდილების გაზიარებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გზების გაძლიერებას", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.
ავსტრიის კანცლერი: ავსტრიასა და საქართველოს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ
ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცის განცხადებით, ავსტრიასა და საქართველოს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ. ამის შესახებ სებასტიან კურცი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. „დიდი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენი კარგი შეხვედრისა და ავღანეთის თემაზე მრგვალი მაგიდის პრინციპით გამართული მაღალი დონის დისკუსიებში მონაწილეობისთვის. ავსტრიასა და საქართველოს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ. ჩვენ ახალი კორონავირუსის პანდემიის დროსაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ”,- წერს სებასტიან კურცი. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის კანცლერს, სებასტიან კურცს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერი საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ავსტრიის კანცლერს, სებასტიან კურცს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ 2022 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება და მისასალმებელია, რომ ორმხრივი თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში აქტიურად ვითარდება. "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს, ასევე ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის და გაფართოებული ჩართულობისა და ინტეგრაციის შესაძლებლობების გაჩენის აუცილებლობას ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს შორის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში. პრემიერმა აღნიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გახდა სატრანზიტო ჰაბი ავღანეთიდან კოალიციური ძალების გაყვანის პროცესში და 250-ზე მეტი ფრენა მიიღო, ამასთან, საქართველომ უზრუნველყო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლების დროებითი რელოკაცია. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის, რეგიონული თანამშრომლობისა და სხვა არაერთი მიმართულებით. აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების კუთხით ხელშესახები შედეგების მისაღწევად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთობლივი ეკონომიკური კომისიის, ისევე როგორც სავაჭრო მისიების და სხვა ფორმატების გამოყენებას. შეხვედრისას აღინიშნა ავსტრიასთან წარმატებული და ეფექტური თანამშრომლობა ავსტრიის განვითარების სააგენტოს( ADA) მეშვეობით, ასევე ავსტრიის აქტიური ჩართულობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ დაძმობილების პროექტებში. საუბრისას, ასევე ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერს გაეროში საქართველოს ინიციატივებისა და საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იგი საქართველოში მიიწვია. ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერის მიერ ავღანეთის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის დიალოგში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე, რომელიც სამუშაო ლანჩის ფორმატში გაიმართა, განიხილეს ავღანელი ხალხის, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვა, როგორც ავღანეთში, ასევე რეგიონში. მაღალი დონის დიალოგში ავსტრიის, დანიის, ჩეხეთის, ფინეთის, ნორვეგიის, საბერძნეთის, ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კატარის სახელმწიფო მინისტრმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავღანეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის, ევროკომისიისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცადებაში.
ხელვაჩაურის რაიონში მეწყერმა საცხოვრებელი სახლები დაანგრია
ხელვაჩაურის რაიონში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ შვიდი საცხოვრებელი სახლი დააზიანა. სოფელ ფერიაში ერთი სახლი მთლიანად დაინგრა, სამი კი, საცხოვრებლად უვარგისია. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა მხოლოდ ერთი 33 წლის ქალი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას რეფერალურ საავადმყოფოში ფეხზე ქირურგიული ოპერაცია უტარდება. „04:00 საათზე ჩამოწვა მეწყერი, ოთახი წაიღო, ბავშვების და სხვა ოჯახის წევრების გამოყვანა მოხერხდა, ჩემი რძალი დაშავდა, ერთი წლის ბავშვი ჰყავს, გადაეფარა და კედლის ნაწილი ფეხზე დაეცა“, – ამბობს ფერიის მცხოვრები ომარი ბოლქვაძე. ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს ქირით გადაიყვანენ, გეოლოგების მიერ ვითარების შესწავლის შემდეგ კი გადაწყდება, რა ფორმით დაეხმარება მათ სახელმწიფო.
საქართველოს პრემიერმა, მოლდოვისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობა და ამ კუთხით პოლონეთის როლი განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სამუშაო სადილის ფორმატში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობასა და პოლონეთის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის როლზე ასოცირებული ტრიოს მხარდაჭერის კუთხით. „აღინიშნა, რომ სამი ქვეყანა არის გამოკვეთილი პარტნიორი აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით და მნიშვნელოვანია, მათი როლი კიდევ უფრო მკაფიოდ იყოს წარმოჩენილი აღმოსავლეთ პარტნიორობის უახლოეს სამიტზე, მათ შორის უზრუნველყოფილი იყოს დიფერენცირებული მიდგომის პრინციპი - „მეტი მეტისთვის“. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს საბოლოო მიზანია, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მნიშვნელოვანია, რომ ამბიციური გეგმა, 2024 წელს ქვეყანამ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მხარდაჭერილი იყოს ევროპელი პარტნიორების მხრიდან. შეხვედრას, საქართველოს დელეგაციიდან, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში. დავით ზალკალიანის განცხადებით, პოლონელი პარტნიორები არიან სერიოზული მხარდამჭერები ევროკავშირის შიგნით იმისთვის, რომ სამი ასოცირებული ქვეყნის როლი კიდევ უფრო მკაფიოდ იყოს წარმოჩენილი უახლოესი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის კონტექსტში. „ეს შესაძლებელია, იყოს განხილული, როგორც ერთგვარი მოსამზადებელი შეხვედრა და რა მხარდამჭერი როლი შეიძლება შეასრულოს პოლონეთმა, როგორც ევროკავშირში ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ ასოცირებული ტრიოს მხარდაჭერის კუთხით. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ სამი ქვეყანა არის გამოკვეთილი პარტნიორი აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით და ყოვლისმომცველი და დიფერენცირებული მიდგომის პრინციპი - „მეტი მეტისთვის“ იყოს უზრუნველყოფილი და ჩვენ გვქონდა ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო დისკუსია. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ საქართველოს საბოლოო მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის წევრი და ჩვენი ამბიციური გეგმა, 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, იყოს მხარდაჭერილი ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
გერმანიაში შეიარაღებულმა პირმა ტურისტების ავტობუსი გაიტაცა და მძევლები აიყვანა
შეირაღებულმა პირმა გერმანიაში ტურისტების ავტობუსი გაიტაცა და მძევლად ავტობუსის ორი მძღოლი აიყვანა.შემთხვევა ბავარიაში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავმდამსხმელი სერბეთის მოქალაქეა. ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულები. პოლიციის ცნობით, მომხდარს წინ მგზავრებს შორის დაპირისპირება უძღოდა. როგორც ცნობლია, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. მომხდარის გამო, რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო ავტომაგისტრალი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
ევროკავშირი, გაეროს პარტნიორი ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობა ციფრული ჯანდაცვის ახალ პროექტს იწყებენ
ევროკავშირმა (EU), გაეროს ოთხმა ორგანიზაციამ, კერძოდ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (MoIDPLHSA) ახალი ინიციატივა წამოიწყეს: „საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით.“ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროკავშირის და გაეროს ახალი ინიციატივის ფარგლებში, COVID-19-ის უსაფრთხოდ მართვის ხელშეწყობის მიზნით სოფლად 200 დაწესებულება აღიჭურვება ძირითადი აპარატურით, დამატებით 50 დაწესებულება - ტელემედიცინის აპარატურით, რაც ასევე უზრუნველყოფს შეუფერხებელ და ფართო წვდომას სამედიცინო სერვისებზე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის, ბავშვებისათვის რუტინული ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას. ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის მუშაკების პოტენციალის გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით, მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გადამზადების დისტანციურ კურსებში. კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში აცხადებს: „COVID-19 პანდემიასთან გამკლავებაში საქართველოს მოსახლეობის დახმარება ევროკავშირის პრიორიტეტს წარმოადგენს, პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან. ამ ინოვაციური პროექტითა და გაეროს პარტნიორებთან თანამშრომლობით იმედი გვაქვს, მივწვდებით საქართველოს უფრო მეტ მოქალაქეს. კარგი ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და იმედი გვაქვს, ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ მიზნის მიღწევაში.“ „COVID-19-მა კიდევ ერთხელ დაგვანახა რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი პირველადი ჯანდაცვის სისტემა. არსებული რესურსების სწორი დაგეგმვით შესაძლებელი გახდა პანდემიის პიკის პერიოდში ინფიცირებულთა დიდი ნაწილის ბინაზე მართვა. ტელემედიცინის სისტემების დანერგვა რეგიონების ამბულატორიებში პირველადი ჯანდაცვის სისტემას მკვეთრად გააუმჯობესებს, რაც დადებითად აისახება სოფლის მოსახლეობასა და ექიმებზე. მნიშვნელოვნად გაიზრდება სოფლის ექიმების შესაძლებლობები, ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან დიაგნოსტიკის უახლესი ტექნოლოგიებით. აღნიშნული შესაძლებელი გახდა ჩვენი ერთგული პარტნიორების დახმარებით, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულეებით გადაადგილებულთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საქმეთა მინისტრმა. „პირველადი ჯანდაცვის დონეზე COVID-19-ზე დაუყოვნებელი რეაგირების გარდა, პროექტი მყარ და მდგრად საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ციფრული ჯანდაცვისა და ტელემედიცინის განვითარებას, ხელს შეუწყობს რა შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზისა და კლინიკური გაიდლაინების ჩამოყალიბებას, პირველადი ჯანდაცვის პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო კურსების უზრუნველყოფას და ჯანდაცვის მუშაკებისა და მოსახლეობის მიერ ტელემედიცინის სერვისების გამოყენებას,“ - განაცხადა საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელმა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ. "COVID-19-ის შემთხვევების უსაფრთხოდ მართვის თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია ტელემედიცინისა და დისტანციური სამედიცინო სერვისების გამოყენება. ამავდროულად, ის უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისებზე შეუფერხებელ და ფართო წვდომას ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის პანდემიისა და პოსტკოვიდურ პერიოდში. პროექტი ხელს შეუწყობს COVID-19-ის კრიზისის უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას საქართველოს მოსახლეობასა და ჯანდაცვის სისტემაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში ერთობლივი პროექტი ხელს შეუწყობს მდგრადი და ჯანსაღი პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას ტელემედიცინის შესაძლებლობებით დაშორებულ პუნქტებში პაციენტებისათვის სერვისებზე თანაბარი წვდომის უზრუნველსაყოფად. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომ განვითარებას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, პროექტი „საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით“ მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენებას, საქართველოში ტელემედიცინის სერვისების დანერგვა/განვითარებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად. აღნიშნული დახმარება ქვეყანაში COVID-19-ზე რეაგირების მიზნებისთვის ევროკავშირისა და გაეროს მიერ გაწეული დახმარებისა და, ასევე, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის (UHC) პარტნიორობის ფარგლებში WHO-ს მიმდინარე ტექნიკური დახმარების განუყოფელი ნაწილია, პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ქვეყნის ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებისა და საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის განვითარების მხარდასაჭერად. პროექტი გაეროს ოთხი პარტნიორის (WHO, UNFPA, UNICEF, UNOPS) მიერ განხორციელდება WHO-ს ხელმძღვანელობით, რომლებიც შესაბამის სფეროებში დაგროვილი საექსპერტო ცოდნითა და მაღალი ეფექტურობით ხელს შეუწყობენ ინიციატივის საერთო მიზნის, კერძოდ, ხარისხიანი ციფრული ჯანდაცვისა და ტელემედიცინის სერვისების საშუალებით ადამიანების ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის სისტემაზე COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირების მიღწევას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის უკეთ აღდგენას პოსტკოვიდურ პერიოდში. ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმაროს. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს.
რუსეთში, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა
რუსეთის ან-26 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა, რომელშიც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში თვითმფრინავის დაკარგვას ადასტურებენ. ანტონოვის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ შექმნილი ამ ტიპის თვითმფრინავი წელს უკვე მეორედ გაუჩინარდა რუსეთის ტერიტორიაზე. შემთხვევა მოხდა კამჩატკაში, სადაც მოგვიანებით დადგინდა, რომ ან-26-ის თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. სამგზავრო თვითმფრინავი პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან დაბა პალანისკენ მიფრინავდა. თვითმფრინავში 22 მგზავრი, მათ შორის, ერთი ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. "ან-26 ხაბაროვსკიდან 40 კილომეტრის დაშორებით ტექნიკურ ფრენას ასრულებდა , მაგრამ მოულოდნელად კავშირზე გამოსვლა შეწყვიტა და რადარებიდან გაუჩინარდა“, - განუცხადა წყარომ სააგენტო „ინტერფაქსს“. იუწყებიან, რომ თვითმფრინავის მოსაძებნად გაგზავნილმა შვეულმფრენმა, ცუდი ამინდის გამო, ვერ შეძლო მისი პოვნა.
კარლ ჰარცელი: პანდემიასთან გამკლავებაში საქართველოს მოსახლეობის დახმარება ევროკავშირის პრიორიტეტია
„COVID-19 პანდემიასთან გამკლავებაში საქართველოს მოსახლეობის დახმარება ევროკავშირის პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. ჰარცელი ევროკავშირის, გაეროს პარტნიორი ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის მიერ ციფრული ჯანდაცვის ახალ პროექტის დაწყებას გამოეხმაურა. მისი თქმით, კარგი ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. „COVID-19 პანდემიასთან გამკლავებაში საქართველოს მოსახლეობის დახმარება ევროკავშირის პრიორიტეტს წარმოადგენს, პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან. ამ ინოვაციური პროექტითა და გაეროს პარტნიორებთან თანამშრომლობით იმედი გვაქვს, მივწვდებით საქართველოს უფრო მეტ მოქალაქეს. კარგი ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და იმედი გვაქვს, ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ მიზნის მიღწევაში“, - განაცხადა ჰარცელმა. საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელისა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის სილვიუ დომენტეს განცხადებით, ახალი პროექტი მყარ და მდგრად საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ციფრული ჯანდაცვისა და ტელემედიცინის განვითარებას. „პირველადი ჯანდაცვის დონეზე COVID-19-ზე დაუყოვნებელი რეაგირების გარდა, პროექტი მყარ და მდგრად საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ციფრული ჯანდაცვისა და ტელემედიცინის განვითარებას, ხელს შეუწყობს რა შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზისა და კლინიკური გაიდლაინების ჩამოყალიბებას, პირველადი ჯანდაცვის პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო კურსების უზრუნველყოფას და ჯანდაცვის მუშაკებისა და მოსახლეობის მიერ ტელემედიცინის სერვისების გამოყენებას,“ - განაცხადა სილვიუ დომენტემ. ცნობისთვის, ევროკავშირი, გაეროს პარტნიორი ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობა ციფრული ჯანდაცვის ახალ პროექტს იწყებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი თანაშემწის ავტომობილს ესროლეს
სოფელ ლისნიკის მახლობლად (კიევის ოლქი), უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი თანაშემწის, სერჰი შეფირის ავტომობილს ესროლეს. დაჭრილია მძღოლი. უკრაინული მედიის ცნობით, 10 -ზე მეტი ტყვია მოხვდა მანქანას. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ Facebook-ზე დაწერა, რომ გასროლა ავტომატური იარაღიდან მოხდა. გენერალური პროკურატურის განცხადებით, საქმეს ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მიეცა. გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის თანაშემწის ავტომობილს უცნობმა პირებმა გაუხსნეს ცეცხლი.
აცრების დღიური მაჩვენებლის შემცირების ფონზე, არის თუ არა ვაქცინების გაფუჭების რისკი - მინისტრი განმარტავს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომლის თანახმად, Pfizer-ის ვაქცინას ნოემბერში ვადა გასდის, სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად, როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რისკი იმისა, რომ Pfizer-ის ვაქცინები გაფუჭდეს, არ არსებობს. „არანაირი რისკი იმის, რომ Pfizer-ი გაფუჭდეს, არ არსებობს, Pfizer-ს ნოემბერში არ გასდის ვადა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. ამავე თემაზე: ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლის კლების ტენდენცია ნარჩუნდება ივანე ჩხაიძე ვაქცინაციის ტემპის შემცირების მიზეზს განმარტავს ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას თამარ გაბუნია საგანგაშოდ მიიჩნევს.
ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს
ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. ნამახვან ჰესი აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის, ENKA İNŞAAT-ის განცხადებაშია ნათქვამი. მისი მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფოსმაჟორული სიტუაცია გახდა. „ჩვენი კომპანია, რომელიც 90%-ს ფლობს, ENKA Renewables-ი საქართველოს აცნობებს, რომ წყვეტს ნამახვანჰესის აშენებასთან, განვითარებასთან და ფლობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას საქართველოსთან. ამის მიზეზად ასახელებს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევასა და ფორს-მაჟორს“, - ვკითხულობთ განცხადებაში. ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი: ნამახვანჰესის უსაფრთხოდ აშენებას 2 მილიარდი დოლარი სჭირდებოდა, ახლა კი 750 მილიონ დოლარად აშენებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი მისი პირველი თანაშემწის მისამართით სროლის ფაქტს გამოეხმაურა
უკრაინის პრეზიდენტმა მისი პირველი თანაშემწის, სერჰი შეფირის მისამართით სროლის ფაქტზე კომენტარი გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მისთვის უცნობია, ვინ დგას ამის უკან. „გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი, რა სახის ძალები შეიძლება იყოს ჩართული ამაში, შიდა თუ გარე. მაგრამ მე მათ ძალებად არ მივიჩნევ, რადგან სისუსტეა, ჩემი მეგობრის ავტომობილის მისამართით გასროლით ჩემთვის „მოკითხვის" გამოგზავნა“, - განაცხადა ზელენსკიმ ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენასამბლეაში მონაწილეობის მიზნით ჩავიდა. მანვე დაამატა, რომ ამაზე პასუხი იქნება ძლიერი. შეგახსენებთ, სოფელ ლისნიკის მახლობლად (კიევის ოლქი), უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი თანაშემწის, სერჰი შეფირის ავტომობილს ესროლეს. დაჭრილია მძღოლი. უკრაინული მედიის ცნობით, 10-ზე მეტი ტყვია მოხვდა მანქანას.
ჯანდაცვის მინისტრი: ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია
„ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი - მე არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააკეთა ჩემმა გუნდმა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანია „ალმასგან“ გონივრული იქნებოდა დაინტერესებულიყო თუ რამდენად სწორი ბანერით ხდებოდა ვაქცინაციის ბანერის ჩანაცვლება. „ნებისმიერ შემთხვევაში სიძულვილის ენა უნდა იყოს მიუღებელი. ვთვლი, რომ იმ საუკუნეში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ეს ნამდვილად არის კომუნიკაციის საუკუნე, ნამდვილად მიუღებელია მსგავსი ენა და ადამიანებმა უნდა შევძლოთ ერთმანეთში ადეკვატური დიალოგის გამართვა. მით უმეტეს, ამ პირობებში, როდესაც ვაქცინაცია არის არამხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს პრიორიტეტი. ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ასევე, ბატონი ამირანის და ჩემი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადება, რა თქმა უნდა, იყო ჩემთან შეთანხმებული და ჩვენ აბსოლუტურად ერთ აზრზე ვართ. არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააკეთა ჩემმა გუნდმა. თქვენ მათგანაც გაქვთ მოსმენილი კომენტარები, სატელევიზიო კომენტარიც იყო კომპანია „ალმასგან“, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ დაკვეთა და აქედან გამომდინარე, მე მეტი დეტალი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს, თუმცა რა თქმა უნდა „ალმასგან“ გაცილებით უფრო გონივრული იქნებოდა დაინტერესებულიყო იმით, თუ რამდენად სწორი ბანერებით ჩანაცვლება ხდება მათი კომპანიის მხრიდან და ეს არის უბრალოდ რეპუტაციული მსგავსი მაღალი დონის კომპანიისთვის, რომელიც ქვეყნის პრიორიტეტს ცვლის მსგავსი სიძულვილის ენის ბანერით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან. ამავე თემაზე: კომპანია „ალმა“ ვაქცინაციის ბანერებთან დაკავშირებით NCDC-ის პასუხობს NCDC კოვიდვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყვონებლივ აღდგენას ითხოვს „ალმა“ პოლიტიკურ ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს NCDC ვაქცინაციის ბანერების პოლიტიკური ბანერებით შესაძლო ჩანაცვლების ფაქტს გმობს თამარ გაბუნია: ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით