ძებნის რეზულტატი:

საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო ვალდებულების და ვენის კონვენციის პრინციპების ერთგულია

„საქართველო ყველა საერთაშორისო ვალდებულების ერთგულია“, - ამ შინაარსის კომენტარით ეხმაურება საგარეო საქმეთა სამინისტრო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის მოსაზრებებს. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული სამართლებრივი დახმარების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ ასევე მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს. საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გულისხმობს მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს ვიდრე მოვახდენთ მედიაში გავრცელებული მასალების უტყუარი ფატებად დეფინიციას. ზოგადად, საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპების. აქვე დავძენთ, რომ აღნიშნულის თაობაზე ევროკავშირში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საუბარი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მათ მიაწოდა სრული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე“, - აღნიშნავენ საგარეო უწყებაში. ამავე თემაზე: საქართველოს ელჩი, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ევროკავშირის სათავო ოფისში დაიბარეს კარლ ჰარცელი ჩანაწერებზე: არ იქნებოდა ბუნებრივი, თუ ისეთი ახლო პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, ასეთი სახის აქტივობებში რას გულისხმობს დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენცია და როგორ იცავს ის დიპლომატებს იქნებოდა ჩართული ჩვენს წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძე: კომპანია "ენკას" მხრიდან ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაუქმება, ცუდად აისახება შემდგომ ინვესტიციებზე

"Enka Renewables-ის მხრიდან ხელშეკრულების გაუქმება, სამომავლო ინვესტიციებზე ცუდად აისახება, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, ენერგეტიკის სფეროს ინვესტირების გასაგრძელებლად", - ასე შეაფასა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტის შეჩერება. მისი თქმით, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. "ეს ყველა შემთხვევაში იყო, რა თქმა უნდა, კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი რა თქმა უნდა შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით დიდი ინვესტიციები მოიზიდოს. გვაქვს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. დღეს, ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან არსებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განცხადება სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა. "რიონის ხეობის მცველების" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი კმაყოფილია კომპანია "ენკას" გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც "ნამახვანჰესის" მშენებლობა წყდება და ქვეყანასთან ხელშეკრულება უქმდება. "ხელშეკრულების შეწყვეტა არ აწყობს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ პროექტით პირადი სარგებლის მიღებაზე ფიქრობდნენ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ვარლამ გოლეთიანმა. შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდამცველების ნაწილი ეწინააღდეგებოდა. ჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით, რამდენიმე მასშტაბური საპროტესტო აქცია მოეწყო. ხელისუფლებასა და აქციის ორგანიზატორებს შორის დიალოგი კი უშედეგოდ დასრულდა. ამავე თემაზე: ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს

Freedom House-მა ინტერნეტის თავისუფლებაზე ანგარიში გამოაქვეყნა

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Freedom House-ი ინტერნეტის თავისუფლების მონაცემს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გასულ წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია ერთი ქულით გაუმჯობესდა. აქვე მითითებულია პროგრესის სტაგნაცია. ანგარიშის ავტორები გამოწვევებს შორის ასახელებენ კიბერ თავდასხმებსა და ონლაინ შევიწროებას. ინტერნეტის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგში საქართველოს 77 ქულა აქვს. კრიტერიუმიდან - „ხელმისაწვდომობაზე ხელის შეშლა“, მაქსიმალური 25 ქულიდან, საქართველოს 19 ქულა აქვს. „კონტენტის შეზღუდვაში“ კი ქვეყანა 35-დან 31 ქულა აქვს,რაც შეეხება მომხმარებლების უფლებების დარღვეას, საქართველოს 27 ქულა აქვს 40-დან. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე უკეთესი მდგომარეობა საქართველოს აქვს, უარესი - აზერბაიჯანს, რომლის ქულაც 35-ს შეადგენს.

ვარლამ გოლეთიანი "ენკას" გადაწყვეტილებაზე: რიონის ხეობაში ვრჩებით იქამდე, ვიდრე ტექნიკის გაყვანის პროცესი არ დაიწყება

"ჩვენ ჩვეულებრივ ვრჩებით რიონის ხეობაში იქამდე, ვიდრე არ დაიწყება უშუალოდ ტექნიკის გაყვანის პროცესი და ამას არ დავაკვირდებით ჩვენი თვალით", - აღნიშნული განცხადებით "რიონის ხეობის მცველების" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი, კომპანია "ენკას" მიერ ნამახვანჰესის მშენებლობის შეწყვეტის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა. გოლეთიანი აცხადებს, რომ ის მაყოფილია კომპანია "ენკას" გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც "ნამახვანჰესის" მშენებლობა წყდება და საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება უქმდება. მისივე თქმით, ელოდებიან ინფორმაციის საბოლოოდ დადასტურებას, ნამდვილად გაწყდა თუ არა ხელშეკრულება კომპანია „ენკასა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის. „სიმართლე გითხრათ, ჩვენ სხვა მოლოდინები გვაქვს ამ პროცესში, ანუ არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ველოდებოდით დაძაბვას. რა ინფორმაციაც ახლა ვრცელდება, ამის მოლოდინი ჩვენ არ გვქონდა. ჯერ საბოლოოდ ველოდებით დადასტურებას, რამდენად სიმართლეა, რადგან ოფიციალური უწყებები ამასთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებენ. არც „ენკას“ უთქვამს ჯერ თავად და არც ეკონომიკის სამინისტროს, რომ ნამდვილად გაწყდა ხელშეკრულება. ამიტომ, არ გვინდა, ისე გამოვიდეს, რომ მოვლენებს წინ გავუსწროთ. თუმცა სხვადასხვა სანდო წყაროდანაც გავრცელდა, რომ ხელისუფლებასა და „ენკას“ შორის ხელშეკრულება გაწყდა. ჩვენ ჩვეულებრივ ვრჩებით ხეობაში იქამდე, ვიდრე არ დაიწყება აქედან უშუალოდ ტექნიკის გაყვანის პროცესი და ამას არ დავაკვირდებით ჩვენი თვალით, რადგან სიტყვაზე ნდობა, რომ გადის, ჩვენ დავიშალოთ და წავიდეთ, არ იქნება სწორი და საქმისთვის მიზანშეწონილი“,- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდამცველების ნაწილი ეწინააღდეგებოდა. ჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით, რამდენიმე მასშტაბური საპროტესტო აქცია მოეწყო. ხელისუფლებასა და აქციის ორგანიზატორებს შორის დიალოგი კი უშედეგოდ დასრულდა. ირაკლი კობახიძე: კომპანია "ენკას" მხრიდან ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაუქმება, ცუდად აისახება შემდგომ ინვესტიციებზე ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი: ნამახვანჰესის უსაფრთხოდ აშენებას 2 მილიარდი დოლარი სჭირდებოდა, ახლა კი 750 მილიონ დოლარად აშენებენ ენერგეტიკის ექსპერტი: ჰესების პროექტების ექსპერტიზის ზედმეტად ლიბერალური სისტემა გვაქვს

ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩის კომენტარს დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი უწოდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ელჩ კარლ ჰარცელის კომენტარს დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილს უწოდებს. კარლ ჰარცელი ჩანაწერებზე: არ იქნებოდა ბუნებრივი, თუ ისეთი ახლო პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, ასეთი სახის აქტივობებში იქნებოდა ჩართული ჩვენს წინააღმდეგ „ის რომ, ჩვენი მეგობრები ინტერესდებიან, არის აბსოლუტურად ბუნებრივი. შეიძლება ვიღაც ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, უნდა დაინტერესებულიყვნენ და დაინტერესდნენ კიდეც. უნდა მოეფინოს ნათელი, ვინ რა ინფორმაცია გაიტანა, რა იყო ავთენტური, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს. რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის განცხადებას, არ ვარ დიპლომატი, შეიძლება ვერ ვერკვევი ამ საკითხებში, მაგრამ მე მგონი, დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაიბარეს.

გაერო ავღანეთის ჯანდაცვას 45 მლნ დოლარით დაეხმარება

გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამმართველო ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად 45 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში და გადაუდებელი დახმარების კოორდინატორმა, მარტინ გრიფიტსმა განაცხადა. მისი თქმით, მან გამოყო 45 მილიონი დოლარი გადაუდებელი თანხები ავღანეთის ჯანდაცვის სისტემის დანგრევის თავიდან ასაცილებლად. "ქვეყანაში წამლები, სამედიცინო ნივთები, საწვავი მთავრდება. ჯანდაცვის სფეროს საკვანძო მუშაკებს ხელფასს არ უხდიან", - აღნიშნულია გრიფიტსის განცხადებაში. მისი თქმით, ავღანეთის ჯანდაცვის სისტემის დანგრევას კატასტროფული შედეგები ექნება. როგორც გრიფიტსმა განაცხადა, გაეროს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საჭიროების შემთხვევაში ავღანეთის ხალხს გვერდით დაუდგეს. მისი თქმით, თანხები გადაირიცხება გაეროს ჯანდაცვისა და ბავშვთა ფონდის სააგენტოებში, რაც მათ საშუალებას მისცემს პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით შეინარჩუნონ საავადმყოფოები, Covid-19 ცენტრები და ჯანდაცვის სხვა დაწესებულებები წლის ბოლომდე.

თავდაცვის მინისტრი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღანელს და NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცობით, შეხვედრაზე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა მინისტრს NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცრის თანამდებობაზე ახლადდანიშნული პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ წარუდგინა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა NATO-საქართველოს ურთიერთობის საკითხები განიხილეს და გამოთქვეს მზაობა ალიანსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ხელშეწყობის მიზნით.

შსს-მ რამდენიმე კაფე-ბარში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემა გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე, 1989 წელს დაბადებული ლ. მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს - თბილისში მდებარე კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელ ლ.მ.-ს და ამავე კვების ობიექტის თანამშრომლებს, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და ტურისტებთან მათ მიერ შეკვეთილი პროდუქციის ნაცვლად იაფფასიანი პროდუქცია მოჰქონდათ, ასევე, მენიუში ცვლიდნენ პროდუქციის ფასებს და კლიენტებს შეკვეთის შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს ახდევინებდნენ. „მიმდინარე წლის სექტემბერში, კაფე-ბარ „სკარპაში“, ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა ჩინეთის მოქალაქე, რომელიც ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ცუდად გახდა და გონება დაკარგა. გონზე მოსვლის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშიდან სამ ეტაპად - 5000-5000 ლარის ოდენობით კაფე-ბარ „სკარპას“ ანგარიშზე გადარიცხული იყო 15000 ლარი. კომპლექსურმა გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მსგავსი თაღლითური სქემა მოქმედებდა თბილისში მდებარე კლუბ „როიალშიც“. კერძოდ, დადგინდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქე მეგობართან ერთად ბარ „როიალში“ მიიპატიჟა ამავე ბარიდან გამოსულმა ორმა გოგონამ. მამაკაცებმა ბარში ე.წ. მენიუს საშუალებით შეუკვეთეს საკვები და სასმელი. მოგვიანებით, ბარის თანამშრომლებმა მათ რეალური შეკვეთის შეუსაბამო, დიდი თანხის - 1450 ლარის გადახდა მოსთხოვეს და იძულებით გადაახდევინეს. ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმესთან დაკავშირებით, სხვა გარემოებების გამოკვეთისა და აღნიშნულ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეკონომიკის სამინისტრო: „ენკამ“ გვაცნობა, რომ ერთ თვეში გეგმავენ ხელშეკრულების მოშლას

ეკონომიკის სამინისტრო კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ ახლახანს მიმართა უწყებას და აცნობა, რომ 1 თვის ვადაში განიხილავენ ხელშეკრულების მოშლას. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ნამდვილად მიიღო კომპანია „ენკასგან“ წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ. კომპანია ერთი თვის თავზე გეგმავს ხელშეკრულების მოშლას, რაც წინასწარ გვაცნობა. მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ, მეტიც, ამისათვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს - ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით მოვიწვიეთ ნამახვანის პროექტით დაინტერესებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან. თუმცა ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ - ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი, ამიტომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით გაგრძელდეს ინვესტიციების მოზიდვა, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და რაც მთავარია, ენერგეტიკული უსაფრთხოება სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი“, - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში. ამავე თემაზე: ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს ვარლამ გოლეთიანი "ენკას" გადაწყვეტილებაზე: რიონის ხეობაში ვრჩებით იქამდე, ვიდრე ტექნიკის გაყვანის პროცესი არ დაიწყება ირაკლი კობახიძე: კომპანია "ენკას" მხრიდან ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაუქმება, ცუდად აისახება შემდგომ ინვესტიციებზე

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ლიეტუვის პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან ისაუბრა

„საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების მოწმეები ვართ“, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ადგილი აქვს აგრესიულ ქმედებებს ოკუპანტი ძალების მხრიდან. როგორიცაა ე.წ ბორდერიზაცია, გადაადგილების შეზღუდვა და არაკანონიერი დაკავებები. ყველაფერი ეს დაბრკოლებას უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას. ჩვენი მოვალეობაა აგრესორს პასუხი ვაგებინოთ“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ. შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, გაეროს 76-ე ასამბლეა იმართება. საქართველოს პრემიერ- მინისტრ ირაკლი რარიბაშვილის გამოსვლა გენერალური ასამბლეის სესიაზე 24 სექტემბერს არის ჩანიშნული.

გერმანია არავაქცინირებულებისთვის ახალ შეზღუდვებს აწესებს

გერმანიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1-ლი ნოემბრიდან, კარანტინში მყოფი არავაქცინირებული დასაქმებულები კომპენსაციას აღარ მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანის განცხადებით, უსამართლოა, გადასახადების გადამხდელებს იმ ადამიანის დახმარება სთხოვო, მათ, ვინც უარს იტყვის ვაქცინაციაზე. "რატომ უნდა გადაიხადონ სხვებმა იმაში, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა არ იყოს აცრილი. ეს არ არის ზეწოლა, ეს არის სამართლიანობა", - განაცხადა მინისტრმა. გამონაკლისი შეეხება მათ, ვინც ჯანმრთელობის გამო ვერ იკეთებს ვაქცინაციას. თუმცა მათ შესაბამისი სამედიცინო ცნობის წარმოდგენა მოუწევთ. ასევე კონპენსაციას მიიღებენ ისინი, ვისაც ვაქცინაციაზე რეკომენდაცია ჯერ არ მიუღია. ვაქცინაცია გერმანიაში სავალდებულო არ არის, მაგრამ ხელისუფლება იღებს ისეთ ზომებს, რომელიც სულ უფრო მეტ დისკომფორტს ქმნის არავაქცინირებულებისთვის. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ზე ტესტის ჩატარება, რაც აუცილებელია მაგალითად, დახურული ტიპის რესტორნებში შესასვლელად, 11 ოქტომბრიდან ფასიანი ხდება.

თენგიზ ცერცვაძე: კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, მოსახლეობა თავის თავს აპოკალიფსს უწყობს

კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის. რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ცერცვაძის თქმით, მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის ქვეყნას უწყობს საბოტაჟს. „ყველაზე აქტუალურია დღეს ვაქცინაციის საკითხი. ვაქცინაციის ტემპის ერთხანს მატების შემდეგ, როდესაც შესაძლებელი გახდა, რომ დავძლევდით პანდემიას და მეხუთე ტალღა აღარ იქნებოდა, ან იქნებოდა ძალიან რბილი, მოხდა პირიქით - ბოლო დღეებში შემცირდა ვაქცინირებულთა რიცხვი, რითაც ყველანი შეშფოთებულები ვართ. კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის. რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ეს არის ანგაჟირებული, პოლიტიზირებული ნაწილი, თუ არ ვიცი, სხვა მოტივები აქვთ, ან არის ცალკეული ექსპერტების დაუფიქრებელი გამონათქვამების შედეგი, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის ქვეყნას უწყობს საბოტაჟს. 13 ათასი ვაქცინა დღეში არის საბოტაჟი საკუთარი თავის მიმართ, საბოტაჟი, პირველ რიგში, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადაცილებული არიან 60 წელს და ასეთები მგონი ყველას ჰყავს ოჯახში - ახლობლები მშობლები, ფაქტობრივად, წირავენ მათ, როდესაც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ამავე თემაზე: ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლის კლების ტენდენცია ნარჩუნდება ივანე ჩხაიძე ვაქცინაციის ტემპის შემცირების მიზეზს განმარტავს ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას თამარ გაბუნია საგანგაშოდ მიიჩნევს.

აშშ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს Pfizer-ის ვაქცინის 500 მლნ დოზას გადასცემს

ხვალ ჯო ბაიდენი გამოაცხადებს, რომ აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის დამატებით ნახევარ მილიარდ დოზას ყიდულობს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა. აშშ Pfizer-ის ვაქცინის 500 მილიონ დოზას დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს მიაწვდის. "პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს, რომ აშშ Pfizer–ის ვაქცინის დამატებით 500 მილიონ დოზას ყიდულობს, რათა მსოფლიოს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს შესწიროს", - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. როგორც ცნობლია, აღნიშნული დოზები ამერიკის შეერთებულ შტატებში დამზადდება და გადაზიდვა იანვარში დაიწყება. ამრიგად, მსოფლიოში უკვე მოწოდებული ვაქცინების 500 მილიონ უფასო დოზასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებს ვაქცინაციისთვის სრულიად უფასოდ ჯამში 1,1 მილიარდ დოზას გადასცემს.

აშშ-ის საელჩო: ვგმობთ ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს დმანისსა და რუსთავში

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. საელჩოს განცხადებით, ეს და ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ. "ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში. მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, რომლის მიმართაც ამომრჩეველს ექნება ნდობა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეძლონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული უფლებებით სარგებლობა დაშინების, შევიწროების ან ძალადობის საფრთხეების გარეშე, აგრეთვე, შეძლონ აქტიური ნაბიჯების გადადგმა იმ პირთა პასუხისგებისთვის, ვინც არღვევს არჩევნების პირობებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეძლონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული უფლებებით სარგებლობა დაშინების, შევიწროების ან ძალადობის საფრთხეების გარეშე, აგრეთვე, შეძლონ აქტიური ნაბიჯების გადადგმა იმ პირთა პასუხისგებისთვის, ვინც არღვევს არჩევნების პირობებს. ყველა პარტიას აქვს სამოქალაქო ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს, რომელშიც მოქალაქეები შეძლებენ იმსჯელონ სხვადასხვა საკითხზე, გამოხატონ თავიანთი აზრი, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას და აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატები ძალადობისა და დაშინების საფრთხის გარეშე", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ამავე თემაზე: შსს: დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დააკავებულია ერთი პირი დმანისში, სოფელ განთიადში ხმაური და დაპირისპირებაა

ირაკლი ღარიბაშვილისა და ლატვიის პრეზიდენტის შეხვედრისას პოზიტიურად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ეგილს ლევიტსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, დადასტურდა ორმხრივი მზაობა, გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი. "აღინიშნა ლატვიის მხარდაჭერისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის კონსოლიდაციის მნიშვნელობა, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და NATO-ს მომავალ სამიტებზე სათანადოდ იყოს შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლატვიის პრეზიდენტს ვაქცინების გადმოცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობის მნიშვნელობას ერთობლივი მიზნის მიღწევაში, როგორიცაა პანდემიის დამარცხება. საუბარი შეეხო თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს ლატვიის მხარდაჭერას საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელების პროცესში. ამ კონტექსტში აღინიშნა თანამშრომლობა განვითარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს საქართველოს ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებსა დ პრაქტიკასთან დაახლოებას. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, რაც ხელს შეუწყობს პოსტპანდემიური გამოწვევების გადალახვას და ეკონომიკურ ზრდას. პოზიტიურად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა და აღინიშნა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მომდევნო სხდომის მოკლე ვადებში გამართვის მნიშვნელობა. მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, რაც კარგი საფუძველია ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. შეხვედრისას, ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ლატვიის მხარდაჭერა დაადასტურა", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსთან შეხვედრას Twitter-ში ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ ლატვიას და საქართველოს ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს და საქართველოს მთავრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისათვის ლატვიის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას აფასებს. „ძალიან კარგი საუბარი შედგა ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსთან. ჩვენ ქვეყნებს ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს. საქართველო მადლიერია გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენი პარტნიორის მიერ უზრუნველყოფილი დახმარებისთვის. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისათვის ლატვიის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ავსტრალია შობისთვის საზღვრებს გახსნის

ავსტრალიის ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების მინისტრის განცხადებით, ავსტრალია მზადაა საზღვრები საშობაოდ გახსნას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. "მე თანაგრძნობას ვუცხადებ ავსტრალიელებს, რომლებმაც წელს, შეზღუდვების გამო, საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობაზე უარი მიიღეს. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ყველამ უნდა გაიკეთოს ვაქცინა და ჩვენ უნდა ვიცავდეთ ეროვნულ გეგმას, რომლის მიხედვითაც ჩვენი საერთაშორისო საზღვარი გაიხსნება - ამ მაჩვენებლით არა უგვიანეს შობისა", - განაცხადა მინისტრმა. საზღვრების გახსნის შემდეგ ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს შეუშვებენ. ცნობისთვის, 22 სექტემბრის მონაცემებით, ავსტრალიელთა დაახლოებით 38% -მა გაიკეთა კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა.

თენგიზ ცერცვაძე: Pfizer-ი ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხო, ადამიანი Pfizer-ს გააფუჭებს?

Pfizer-ი ფუჭ­დე­ბა, ვადა გას­დის და რას შვრე­ბით, ხალ­ხო! ადა­მი­ა­ნი Pfizer-ს გა­ა­ფუ­ჭებს?! მა­შინ აჩუ­ქებს სხვას, ვი­საც ჩვენ­ზე მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს და ვინც ამას გა­მო­ი­ყე­ნებს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. ცერ­ცვა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მას არ ეს­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წი­ლის, რო­მელ­საც ყვე­ლა პი­რო­ბა აქვს შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის და არ იც­რე­ბი­ან. "ადრე, სა­ნამ ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა დაგ­ვი­ან­და და სხვა­თა შო­რის, ისიც დაგ­ვი­ან­და ამ ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო, რომ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა არ უნ­დო­დათ, პირ­და­პირ გა­მო­დი­ოდ­ნენ და ამ­ბობ­დნენ: "მე გა­ვი­კე­თებ მხო­ლოდ Pfizer-ს და ამი­ტომ სა­ხელ­მწი­ფომ და­აგ­ვი­ა­ნა შე­მო­ტა­ნა". ახლა,Pfizer-ი გვაქვს სწო­რედ ყვე­ლა­ზე მეტი. Pfizer-ი ფუჭ­დე­ბა, ვადა გა­უ­დის და რას შვრე­ბით, ხალ­ხო! ადა­მი­ა­ნი Pfizer-ს გა­ა­ფუ­ჭებს?! მა­შინ აჩუ­ქებს სხვას, ვი­საც ჩვენ­ზე მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს და ვინც ამას გა­მო­ი­ყე­ნებს. გვაქვს Sinovac-ი, Sinopharm-ი , AstraZeneca, მი­ვი­ღებთ Jhonson&Jhonson-ს. მე ვერ გა­ვი­გე, მარ­თლა სა­ბო­ტაჟს აწყობთ?! რას აკე­თებთ?!“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, Pfizer-ის სხვა­დას­ხვა პარ­ტიაა ქვე­ყა­ნა­ში, ამ ეტაპ­ზე ვა­და­გა­სუ­ლი ნამ­დვი­ლად არ არის არც ერთი, მაგ­რამ "თუ ასე იქ­ნე­ბა გა­უ­ვა“. ცნობისთვის, დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ინფორმაცია, რომლის თანახმად, Pfizer-ის ვაქცინას ნოემბერში ვადა გასდის, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, რისკი იმისა, რომ Pfizer-ის ვაქცინები გაფუჭდეს, არ არსებობს.

ეკატერინე ტიკარაძე: რეგულაციების გამკაცრების რეკომენდაცია გვექნება, ახალ შეზღუდვებზე ვმსჯელობთ

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ნამდვილად დასტაბილურდა, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება, რაც ასევე არის საყურადღებო“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჯანდაცვის სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების გამკაცრების რეკომენდაციით მიმართავს. შესაძლოა, დაწესდეს ახალი შეზღუდვებიც. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამის მიზეზი კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების „ოდნავი“ მატებაა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, უწყება მსჯელობს და ნაადრევი იქნება თქმა, რა შეზღუდვები გამკაცრდება ან დაემატება. „ჯერ არ არსებობს ის სრული პაკეტი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება, თუმცა დამატებითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობის საფუძველს გვაძლევს ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის შეჩერება და ოდნავი მატება, რაც გულისხმობს იმას, რომ შემდგომი სამი კვირისთვის შეიძლება ვივარაუდოთ ინფექციის აბსოლუტურ რიცხვში და დადებითობის მაჩვენებლის გაზრდა. იმისთვის, რომ ეს თავიდან ავიცილოთ, მნიშვნელოვანია, განხილული იყოს სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც ეფექტური იქნება და განაპირობებს ინფექციის კლებას და არა ზრდას“- თქვა ტიკარაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, ჯანდაცვის გუნდს ექნება რეკომენდაციები შეზღუდვების უფრო გამკაცრებასთან ან ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით, მინისტრი პასუხობს - „დიახ, გამკაცრებასთან დაკავშირებით აუცილებლად, ახალ რეგულაციებზე ვმსჯელობთ“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოს, რეგიონის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უმუშევრობა აქვს

სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს, რეგიონის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უმუშევრობა აქვს. IMF-მა საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ გამოწვევებზე. მიმოხილვაში საუბარია სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზეც, რასაც სავალუტო ფონდი საქართველოში კარგი მმართველობის და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შექმნის აუცილებელ წინაპირობებად მიიჩნევს. ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს შორის, სავალუტო ფონდი კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს ქვეყანაში არსებულ მაღალ უმუშევრობის დონეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ COVID-19-ის პანდემიის შედეგად, ამ მხრივ არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. "2019 წლის მეოთხე კვარტლიდან, 2021 წლის მეორე კვარტლის ჩათვლით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 62,000 ათასით შემცირდა. ამ პერიოდის განმავლობაში უმუშევარი გახდა 90,000 ადამიანი, ხოლო დაახლოებით, 27,000 სამუშაო ძალას შეუერთდა. შედეგად, საქართველოში უმუშევრობა დაახლოებით 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მან 22.1%-ს მიაღწია. საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და უმუშევრების თითქმის ნახევარი 34 წელზე უმცროსია. საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე რეგიონის მასშტაბით მხოლოდ სომხეთს ჩამორჩება",- ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში. ამავე თემაზე: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვა საქართველოს ეკონომიკის შესახებ - რა წერია დოკუმენტში

აშშ-მა და ევროკავშირმა პანდემიის დასაძლევად მსოფლიოს ვაქცინაციისა და სიცოცხლეების გადარჩენის დღისწესრიგი წარადგინეს

აშშ-მა და ევროკავშირმა პანდემიის დასაძლევად მსოფლიოს ვაქცინაციისა და სიცოცხლეების გადარჩენის დღისწესრიგი წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს. "ვაქცინაცია კორონავირუსის პანდემიაზე ყველაზე ეფექტური პასუხია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი ტექნოლოგიური ლიდერები არიან ვაქცინის მოწინავე პლატფორმებსა და კვლევებში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აგრესიულად მივყვეთ მსოფლიოს ვაქცინაციის დღისწესრიგს. აშშ-ისა და ევროკავშირის კოორდინირებული საქმიანობა ხელს შეუწყობს ვაქცინების მიწოდების გაფართოებას, უფრო კოორდინირებული და ეფექტური გზით მიწოდებასა და მიწოდების ჯაჭვებში გამოვლენილი შეზღუდვების მართვას. ეს ასევე აჩვენებს ტრანსატლანტიკური პარტნიორობის ძალას გლობალური ვაქცინაციის ხელშესაწყობად", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. როგორც განცხადებაში წერია, აშშ და ევროკავშირი თანამშრომლობას გააფართოვებენ მსოფლიოს ვაქცინაციის, სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის უკეთესი უსაფრთხოების შექმნის მიზნით. აღნიშნულ საკითხზე აშშ-ისა და ევროკავშირის დღისწესრიგი 5 კომპონენტისგან შედგება: 1. ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი ვალდებულება ვაქცინის განაწილებასთან დაკავშირებით: აშშ და ევროკავშირი გლობალურ დონეზე გაანაწილებენ დოზებს ვაქცინაციის მაჩვენებლების გასაძლიერებლად, ხოლო პრიორიტეტი COVAX-ის მექანიზმსა და დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებლების გაუმჯობესებას მიენიჭება. 2. ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი ვალდებულება ვაქცინის განაწილების მზადყოფნასთან დაკავშირებით: შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად აშშ და ევროკავშირი მხარს დაუჭერენ და კოორდინაციას გაუწევენ ვაქცინის მიწოდებას, ლოგისტიკასა და იმუნიზაციის პროგრამებს. 3. ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი პარტნიორობა ვაქცინების გლობალური მიწოდებისა და თერაპიის გასაძლიერებლად: ევროკავშირი და აშშ ახლადშექმნილ ერთობლივი წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის სამუშაო ჯგუფს გამოიყენებენ ვაქცინისა და თერაპიული საშუალებების წარმოებისა და გავრცელების მხარდასაჭერად და მიწოდების ჯაჭვის პროცესში გამოწვევების დასაძლევად. 4. ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი ინიციატივა ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების მისაღწევად: აშშ და ევროკავშირი მხარს დაუჭერენ ფინანსური შუამავლობის ფონდის (FIF) შექმნას 2021 წლის ბოლოსთვის. ევროკავშირი და აშშ ასევე მხარს დაუჭერენ გლობალური პანდემიის ზედამხედველობას, მათ შორის გლობალური პანდემიის რადარის კონცეფციის მეშვეობით. 5. ევროკავშირის, აშშ-ისა და პარტნიორების ერთობლივი საგზაო რუკა ვაქცინების რეგიონული წარმოებისთვის: ევროკავშირი და აშშ კოორდინაციას გაუწევენ ინვესტიციებს რეგიონული წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებაში დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან.