ძებნის რეზულტატი:

ჩინეთი - მეორე ქვეყანა, რომელმაც მთვარეზე დროშა აღმართა

ჩინეთი მეორე ქვეყანაა, რომელმაც მთვარეზე დროშა აღმართა. ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის ფოტოებში მთვარის ზედაპირზე აღმართული წითელი, ხუთვარსკვლავიანი დროშა ჩანს, რომელიც კოსმოსური ზონდი Chang'e-5-ის კამერამ გადაიღო. მთვარეზე დროშა პირველად, აშშ-მა, 1969 წელს, Apollo 11-ს მისიის ფარგლებში აღმართა. ჩინეთის დროშა სიგრძეში 90 სმ, ხოლო სიგანეში 2 მეტრია, მისი წონა კი დაახლოებით ერთი კილოგრამია. პროექტის ხელმძღვანელების თქმით, დროშა სპეციალურად არის შექმნილი, რათა შესაბამის პირობებს გაუძლოს.

ჯო ბაიდენმა აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიაში 279 ხმა მოიპოვა

„ასოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საჭირო რაოდენობის ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები ოფიციალურად მოაგროვა. სააგენტოს ცნობით, კალიფორნიის შტატის მდივნის ალექს პადილას მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ, ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის კიდევ 55 ხმა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად მას აშშ-ის საარჩევნო კოლეგიაში 279 ხმა აქვს. პრეზიდენტად დამტკიცებისთვის კი საარჩევნო კოლეგიის 270 ხმაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება და აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს ოფიციალურად აირჩევს. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება.

კონგრესში მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს ჰყავთ, დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას აშშ-ის ფედერალური კანონით აკრძალული ნივთიერებების ნუსხიდან ამოღებას ითვალისწინებს. პროექტს მხარი 224 კანონმდებელმა დაუჭირა, ხოლო 164 წინააღმდეგი წავიდა. პროექტის მიხედვით, მარიხუანას გაყიდვიდან ბიუჯეტში მობილიზებული თანხა ნარკომოვაჭრეთა მიერ დაზარალებულთა დასახმარებლად და იმ პირთა ნასამართლეობის გასაუქმებლად უნდა დაიხარჯოს, რომლებიც მარიხუანას შენახვისა და ვაჭრობის მუხლით დააკავეს და ძალადობაში არ არიან ბრალდებულები. კანონპროექტის ამოქმედებისთვის მას მხარი კონგრესის ზედა პალატამაც უნდა დაიჭიროს და შემდეგ მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. ამჟამად, აშშ-ის 38 შტატში მარიხუანას მოხმარება სამედიცინო მიზნით, ხოლო 15 შტატში და კოლუმბიის ოლქში რეკრეაციული მიზნით არის დაშვებული. შეგახსენებთ, რომ მანამდე გაერო-მ მარიხუანა საშიში ნარკოტიკული ნივთიერებების ნუსხიდან ამოიღო. ამასთან, გაერო-ში განაცხადეს, რომ მარიხუანას მოხმარების დაშვების გადაწყვეტილება ცალკეული სახელმწიფოების მთავრობის კომპეტენციაში დარჩება.

თურქეთში, 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ანტალიის პროვინციაში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ კანდილის ობსერვატორიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ობსერვატორიის ინფორმაციით, მიწისძვრა მიწისქვეშ 93.3 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა ანტალიაში და მის მიმდებარე პროვინციებში იგრძნობოდა. მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

თურქეთმა მაისის შემდეგ პირველი სრული კარანტინი გამოაცხადა

თუქეთი კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლის გამო მაისის შემდგომ ხელმეორედ ჩაიკეტა. ეს შეზღუდვა შაბათ-კვირას იმოქმედებს. წერს Reuters-ი. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, პარასკევს ქვეყანას 32,736 ახალი ინფიცირებული დაემატა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხი 193-თ გაიზარდა. ამ ეტაპზე თურქეთი, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა, ყოველდღიური ახალი შემთხვევების მაჩვენებლით. გარდა ამისა, ქვეყანა 25 ნოემბრამდე მხოლოდ იმ პანციენტებს ითვლიდა სტატისტიკაში, რომელებიც სიმპტომებს ავლენდნენ, ხოლო ნოემბრის ბოლოს თურქეთმა ეს მიდგომა შეცვალა და უსიმპტომო შემთხვევების აღრიცხვაც დაიწყო. მეორე კვარტალში თურქეთის ეკონომიკა 9,9%-ით შემცირდა, კორონავირუსის შეზღუდვების გამო. მესამე კვარტალში უარყოფითი მაჩვენებელი გამოსწორდა და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ეკონომიკა 6,7%-ით გაიზარდა. თურქეთში ხელახალი კარანტინი ორშაბათიდან ამოქმედდება. პრეზიდენტის განცხადებით, შეზღუდვები ფრთხილად დაწესდება, რათა ეკონომიკური ზეგავლენა მინიმალური იყოს.

ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებმა მსოფლიოს უდიდესი აისბერგის ფოტოები მოიპოვა

ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავმა მსოფლიოს უდიდესი აისბერგის ფოტოები მოიპოვა. ამის შესახებ BBC იტყობინება. კადრებზე ჩანს, რამდენიმე ბზარი და დიდი რაოდენობით ნაპრალი, ასევე რამდენიმე კადრში ჩანს წყალგამყოფ ხაზთან არსებული გვირაბიც. ბრიტანული სამეფო საჰაერო ძალები, ადგილზე სიტუაციის შესაფასებლად გაიგზავნა. საჰაერო ძალების გაგზავნამდე, სატელიტის კადრებმა აჩვენა, რომ აისბერგის კიდეები სწრაფი ტემპით დნებოდა.

ინფექციონისტის რეკომენდაციები ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებულებისთვის

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებულებისთვის აქტუალურ შეკითხვებს Facebook-ზე პასუხობს. 1. ტემპერატურის მომატება (მათ შორის მაღალ ციფრებამდე) კოვიდის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია და შეიძლება გახანგრძლივდეს დიდხანს - ზოგჯერ 2 კვირამდე და მეტხანსაც. ეს კოვიდის დროს ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ეს ის სიმპტომია, რომელიც ბინაზე მყოფ პაციენტებს განსაკუთრებით ანერვიულებთ. მაღალი სიცხე, თუ ემორჩილება სიცხის დამწევებს, ავტომატურად დაავადების მძიმე მიმდინარეობაზე არ მიუთითებს. მხოლოდ მაღალი სიცხე ანტიბიოტიკის ჩვენება არ არის! კიდევ ვიმეორებ, ეს კოვიდის (მათ შორის მსუბუქად მიმდინარე დაავადების) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია. 2. ბინაზე მყოფ პაციენტებს ასევე ძალიან აღელვებთ ხველა, რომელიც ძირითადად არის მშრალი და შემაწუხებელი. როგორც წესი, ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები დიდად ეფექტური არ არის. ხველა შეიძლება გახანგრძლივდეს სიმპტომების დაწყებიდან 15 დღემდე, იშვიათად მეტხანს. ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული სველი, ნახველიანი ხველის არსებობაზე, რაც შეიძლება ბაქტერიული გართულების სიმპტომი იყოს. 3. ბავშვებში შედარებით ხშირია სიმპტომები კუჭ-ნაწლავის მხრივ, ანუ გულისრევა და ფაღარათი. ასეთ დროს ზოგჯერ ამბობენ, რომ დაერთო „ენტეროვირუსი“ (თავისთავად, ეს ტერმინიც არასწორია), სინამდვილეში კი ეს უმეტესად კოვიდის სიმპტომებია. ფაღარათი და გულისრევა ნაკლებად ხშირია, მაგრამ მოზრდილებშიც გვხვდება. 4. ძალიან მნიშვნელოვანია ჟანგბადის სატურაციის გაზომვა. ეს არის შედარებით მარტივი საშუალება მდგომარეობის დამძიმების შესაფასებლად ბინის პირობებში. პულსოქსიმეტრები ხელმისაწვდომია სხვადასხვა საიტზე და აფთიაქებში. გამოჯანმრთელებულებს ეს მოწყობილობა არ სჭირდებათ და შესაძლებელია ვინც ვერ ყიდულობს, ვათხოვოთ, რადგან, როგორც ზემოთ ვთქვი, ბინაზე მართვისთვის ეს ზოგჯერ ერთადერთი რეალური შეფასების საშუალებაა. 5. სატურაციის გაზომვისას სასურველია თითი იყოს თბილი, რადგან ცივი კიდურები ზოგჯერ სატურაციის მცდარად დაბალ მაჩვენებელს იძლევა. 6. გართულებების რისკი მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის პაციენტებშიც არსებობს, რაც ხშირია მე-5-მე-7 დღიდან. ამიტომ თავიდან მსუბუქი მიმდინარეობა არ ნიშნავს, რომ დაავადება ბოლომდე ასე წარიმართება. ზოგჯერ ამ ვადაზე იწყება სუნთქვის გაძნელება და ყველაზე ხშირად ჰოსპიტალიზაცია სწორედ ამ პერიოდში ხდება ხოლმე საჭირო. 7. მნიშვნელოვანია, კოვიდის მქონე პაციენტებმა იცოდნენ, რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს მათი სიმპტომები საყურადღებოდ და ზოგჯერ საგანგაშოდაც კი (მაგალითად, უნდა ითვლიდნენ სუნთქვის სიხშირეს და თუ წუთში 25-ს აღემატება, საყურადღებოა, ხოლო თუ 30-ს, ეს ერთ-ერთი საგანგაშო სიმპტომია). სატურაცია უნდა იყოს 94 და მეტი. თუ 92-ს ქვემოთ ეცემა, პაციენტს სჭირდება სამედიცინო დახმარება (ძირითადად იგულისხმება ჟანგბადის მიწოდება, თუმცა არამხოლოდ). 8. პაციენტები ღელავენ, როცა ვერ იტარებენ გულმკერდის რადიოლოგიურ გამოკვლევას. ნამდვილად არ არის აუცილებელი რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია ისეთი ინტენსივობით, როგორც ამას ჩვენთან იყენებენ. ფილტვის რადიოლოგიური ცვლილებები კოვიდის მქონეთა დიდ ნაწილს ისედაც აქვს (მათ შორის შეიძლება იმათაც, ვისაც PCR უარყოფითი აქვს) და პნევმონიის არსებობა არ ნიშნავს, რომ კოვიდის მძიმე ფორმასთან გვაქვს საქმე. პაციენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ექიმების მიმართ იმიტომ, რომ პნევმონია დაუფიქსირდათ და ექიმმა არ დანიშნა ანტიბიოტიკი. ტომოგრაფიაზე პნევმონიის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ პაციენტს ანტიბიოტიკები სჭირდება, რადგან პნევმონია უმეტესად ვირუსულია და ანტიბიოტიკები არ არის მიმართული ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ. ასეთი ინტენსივობით კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენების მავნე შედეგებს, სამწუხაროდ, მომავალში მოვიმკით. არადა, პაციენტის მართვაში ამ გამოკვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც თუ ისე ხშირად აქვს. განსაკუთრებით საშიშია ხშირი გამოყენება ბავშვებში, სადაც მცირეა გართულებების რისკები და შესაბამისად, კომპიუტერული ტომოგრაფიის აუცილებლობა უკიდურესად იშვიათია.

საჩხერეში, სასწრაფოს 24 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საჩხერეში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. სამსახურის 24 თანამშრომელს ვირუსი გეგმიური ტესტირებისას გამოუვლინდა. ამ დროისთვის სასწრაფოს ოთხი ბრიგადიდან მხოლოდ ერთი მუშაობს. ინფიცირებული თანამშრომლების ნაწილი საცხოვრებელ სახლებში, ნაწილი კი, კოვიდსასტუმროებში გადაიყვანეს.

ეუთოს მინისტერიალზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღეს

ეუთოს 27-ე მინისტერიალის ფარგლებში ე.წ. ხუთეულის განცხადება მიიღეს, რომელსაც ხელს ყოფილი, მოქმედი და მომდევნო 3 წლის თავმჯდომარე ქვეყნების წარმომადგენლები აწერენ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მინისტერიალის ერთგვარ დასკვნით დოკუმენტში პირველად, მრავალი წლის შემდეგ, საუბარია საქართველოში არსებულ კონფლიქტზე, გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზგასმულია საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების სფეროში გაუარესებული მდგომარეობა და გამოხატულია მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ. ორგანიზაციის ყოფილი, მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განაგრძონ ამ ფორმატში ეუთოს წამყვანი როლის შესრულება, ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად. „ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ხაზს ვუსვამთ ჩვენს შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო. გამოვხატავთ ურყევ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი (GID), ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის მიზნით; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება უმთავრეს საერთაშორისო პლატფორმად ამ კუთხით და ეუთო მზად არის განაგრძოს ამ ფორმატის ხელმძღვანელობა, ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.

შსს-მ რეგულაციების დარღვევის 1049 ფაქტი გამოავლინა

მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1049 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 67 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 982 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 321 ადამიანს გამოუვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 301, გარდაიცვალა - 42. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 158 154 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 129 210-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1462 მოქალაქე. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 24 საათში ჩატარდა 14 396 ტესტი. ამ ეტაპზე აქტიური შემთხვევა 27 434-ს შეადგენს. მათ შორის, 6 897 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 994, აჭარაში - 1 035, იმერეთში - 1 334. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში - 493, აჭარაში - 157, იმერეთში - 245. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 420 ადამიანი, მათგან თბილისში - 187, აჭარაში - 88, იმერეთში - 48. 3 969 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282 - თბილისში, 1 942 - აჭარაში, 428 - იმერეთში. 16 568 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 282 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -346, აჭარაში - 262, ხოლო იმერეთში - 28.სულ 6 ოქტომბრიდან - 5 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 19 986 პირი.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 296 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 799 პირი, აჭარაში - 11 495, იმერეთში - 5 316.

გიორგი გახარია: NATO-სთან აქტიურ თანამშრომლობას განვაგრძობთ

„NATO-სთან აქტიურ თანამშრომლობას განვაგრძობთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია Twitter-ზე წერს. „ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ მხარდამხარ იბრძვიან, საერთაშორისო უსაფრთოების უზრუნველსაყოფად. მადლიერი ვართ ჩვენი მამაცი ჯარისკაცების, რომლებიც ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობენ“, - წერს გიორგი გახარია. ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაშიგუშინ გაემგზავრა.

ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ტარდება

ვენესუელის მოსახლეობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ირჩევს. France24 წერს, რომ არჩევნებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტები აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ნიკოლას მადურო ცდილობს, ვენესუელის კიდევ ერთი სამთავრობო უწყება ჩაიგდოს ხელში. ამ კრიტიკის საფუძვლად არჩევნების მოსალოდნელი გაყალბება იქცა. ოპოზიციურ ძალთა უმრავლესობა, რომლის სათავეში ხუან გუაიდოა, საპარლამენტო არჩევნებში არ მონაწილეობს, რადგან არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. გუაიდოს ოპოზიციური მოძრაობა არჩევნების შემდეგ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. შეკითხვა კი ასეთი იქნება: გსურთ თუ არა მადუროს მმართველობის დასასრული და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. „არც მადურო და არც გუაიდო არიან პოპულარულები ვენესუელებში, რადგან ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, ნავთობის უზარმაზარი მარაგების მიუხედავად. ბოლო წლებში, 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, რაც მსოფლიოში ყველაზე დიდი მაჩვენებელია, ომისგან განადგურებული სირიის შემდეგ“, - წერს ფრანგული მედია. შაბათს, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ განაცხადა, რომ კვირას დაგეგმილი არჩევნები გაყალბებულია. „ეს არჩევნები ემსახურება მხოლოდ მადუროს მიერ ხელისუფლების შენარჩუნებას და არაფერი აქვს საერთო ვენესუელელი ხალხის უკეთესი მომავლის შექმნასთან,” - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია, როდის და რომელი ქვეყანა დაიწყებს Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებას პირველად

Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინას დიდი ბრიტანეთის კლინიკები ხვალ მიიღებენ, მისი გამოყენება კი უკვე მეორე დღეს, 8 დეკემბრიდან დაიწყება. ინგლისში სულ 50 ასეთი კლინიკა შეირჩა. ამის შესახებ BBC-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სტივენ პოუისმა განაცხადა. ჯანდაცვის მდივნის, მეტ ჰენკოკის თქმით კი, ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის ისტორიული მომენტი დაადგა. პირველ ეტაპზე, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ექიმები, 80 წელს გადაცილებულები, მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებნი და ამავე დაწესებულების პერსონალი აიცრება. დიდ ბრიტანეთში, მომავალი კვირიდან, სავარაუდოდ, ვაქცინის 800 000 დოზა იქნება ხელმისაწვდომი. მთავრობამ 40 მლნ დოზა შეუკვეთა, რაც 20 მლნ ადამიანისთვის იქნება საკმარისი.

შსს: პირბადის ტარების წესი გასული 24 საათის განმავლობაში 982-მა ადამიანმა დაარღვია

პირბადის ტარების წესი გასული 24 საათის განმავლობაში 982-მა არ დაიცვა. მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1049 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 67 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 982 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კახი კავსაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა

მსახიობ კახი კავსაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა და თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ ხვალ, თერაპიულ ბლოკში გადაიყვანენ. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა „მაესტროს“ განუცხადა. ლალი ტურძელაძის თქმით, კახი კავსაძე მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. 28 ნოემბერს, კლინიკაში მიყვანისას მდგომარეობა კრიტიკული იყო. „კლინიკურად მასთან სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდინფექციამ და მისმა გართულებამ“, - აცხადებდა საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი.

ლინკოლნ მიტჩელი: დასავლეთის ინტერესებშია დემოკრატიის განვითარება და სტაბილურობა

ლინკოლნ მიტჩელი აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაციის არჩევას საქართველოსთვის დადებით მოვლენად მიიჩნევს. ამერიკელი ექსპერტი რუსეთის ფაქტორსაც უსვამს ხაზს, რომლის მიმართაც, მიტჩელის თქმით, ბაიდენი ხისტი პოლიტიკით გამოირჩევა. ბაიდენის ამ პოზიციას, ლინკოლნ მიტჩელის აზრით, „დემოკრატებში რუსეთის მიმართ არსებული სიბრაზეც“ ამყარებს, რომელიც აშშ-ის, 2016 წლის არჩევნებში კრემლის როლმა გამოიწვია. როგორი იქნება ბაიდენის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, არის თუ არა საქართველო ამ შემთხვევაში ამერიკისთვის დასაყრდენი რეგიონში საერთო სტრატეგიული ინტერესების განსახორციელებლად და გამოიყენებს თუ არა ბაიდენი ამ შესაძლებლობას, ამ საკითხების გარდა, Europetime ლინკოლნ მიტჩელს შიდა პოლიტიკაზეც ესაუბრა. _ხომ არ გეჩვენებათ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა იქედან გამომდინარე, რომ პროცესი გაჭიანურდა. ჩიხში არიან არა იმიტომ, რომ პროცესი შეფერხდა, არამედ იმიტომ, რომ ორივე მხარეს ძალიან მძაფრი პოზიციები აქვს და თვლის, რომ მართლები არიან. მმართველი პარტიისთვის ასე დგას საკითხი - რატომ უნდა წავიდნენ რაიმე დათმობაზე - პასუხი მარტივია - უნდა დათმონ, რადგან ეს არჩევნები არ იყო იდეალური, ასეთ შემთხვევაში კი, მოლაპარაკებებისთვის გარკვეული სივრცე ყოველთვის არსებობს. მაგრამ ყველაფერიც არ უნდა დათმონ, რადგან არჩევნები არც ისე საშინელი იყო, რასაც საერთაშორისო საზოგადოების დასკვნებიც მოწმობს, ამიტომ, მთავრობას უბრალოდ არ სჯერა შეხედულების, რომ „ოპოზიციამ მოიგო და მმართველმა პარტიამ არჩევნები მასშტაბურად, ისე გააყალბა, რომ შედეგი სულ სხვა იქნებოდა“ და არც აპირებენ ამაზე მოლაპარაკებას, მაგრამ ეს არის ოპოზიციის საჯარო ნარატივი, რაზეც უარის თქმა არ შეუძლიათ. ერთ-ერთი, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გააკეთონ, ისაა, რომ ჩაერთონ ქვეყნის მართვაში, რაც საკმაოდ რთულია, როდესაც მმართველ პარტიას ამხელა ძალაუფლება აქვს, თუმცა თუ ოპოზიცია ამას არ გააკეთებს, ან არც კი ეცდება, რომ გააკეთოს, რატომ უნდა მისცეთ ხმა მათ?! რომ შევაჯამოთ, საქმე გვაქვს ორ ძალზედ განსხვავებულ პოზიციასთან. _თუ გავითვალისწინებთ დაძაბულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას,რომელიც ქუჩის საპროტესტო გამოსვლებს ბუნებრივია შეაფერხებს, რა მექანიზმები რჩება ამ შემთხვევაში ოპოზიციას? ეს ჩემთვის მართლაც ყველაზე საინტერესო პუნქტია, ბოიკოტის გამო ოპოზიცია შესაძლოა, ჩამოშორდეს მთავრობის საქმიანობაში ჩართვას. თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება საქართველოში, ეს შეიძლება დესტაბილიზაციის საბაბიც იყოს. რა თქმა უნდა, ეპიდემიამ განსაკუთრებით ცუდი ფორმები არ მიიღო ბევრ ქვეყანაში, თუმცა არსებობს ამის პოტენციალიც. ოპოზიცია შესაძლოა, ამ სიტუციაზე ფიქრობდეს და უყურებდეს ისე, რომ - „თუ ეპიდსიტუაცია უფრო ცუდად განვითარდება და მთავრობა მის მართვას ვერ შეძლებს, შესაძლოა უფრო მომგებიან პოზიციაში აღმოვჩნდეთ, რათა შევძლოთ ხალხის მობილიზება დემონსტრაციებისთვის, როდესაც გაზაფხულიც მოვა და დათბება. არ ვამბობ, რომ ვინმეს იმედი აქვს ხალხის ინფიცირების, ან რაიმე მსგავსი მოხდება, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი როგორც საქართველოში, ისე აშშ-სა და მსოფლიოში ელოდება ვაქცინას. თუ მისი მიწოდება დაიწყება მსოფლიო მასშტაბით, საქართველოს მთავრობას აქვს შანსი, აშშ-ს თან, ან ევროპასთან მუშაობით დაიწყოს ვაქცინის მიწოდება ქვეყანაში. ეს ნაბიჯი მათ მხარდაჭერას უფრო განამტკიცებს. ამიტომ, თუ ისინი მოკლე ვადებში მოიპოვებენ ვაქცინას და ყველაფერი ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა,ამან დროებით შესაძლოა გაანელოს კიდეც საპროტესტო მუხტი. _ოპოზიცია მიიჩნევს რომ მოხდა არჩევნების გაყალბება, ხოლო, მიუხედავად მკაცრი შეფასებებისა ეუთო/ოდირის დასკვნა საბოლოო ჯამში არჩევნებს ლეგიტიმურად აფასებს, თქვენი აზრით, როგორი იყო ეს არჩევნები და შესაძლებელია თუ არა, რომ არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებით დასავლეთმა უბრალოდ რეგიონში ახალი დესტაბილიზაციის კერა აირიდა თავიდან? თქვენს კითხვაში არის რაღაც სიმართლე - დასავლეთს არ სურს დესტაბილიზაციის კერა, თუმცა დავამატებ, რომ ეს დასავლეთს არასდროს სურს. დასავლეთს ყველაზე მეტად სტაბილურობა ჭირდება და ისინი ამისთვის ხშირად იყენებენ სიტყვას - დემოკრატია, დემოკრატიის განვითარება არის მთავარი, რაშიც სტაბილურობაც იგულისხმება.ასე რომ, დიახ, შესაძლოა, ეს ამის ნაწილიც იყოს. მეორე მხრივ, ემპირიულად რომ ვთქვათ, ეს არ იყო ისეთი ცუდი არჩევნები, როგორც ამას ოპოზიცია აცხადებს. გარდა ამისა, საერთაშორისო დოკუმენტების უმრავლესობაში ნათქვამი იყო, რომ არჩევნებზე დაფიქსირდა ხარვეზები, მაგრამ მთლიანობაში, ნორმალურად ჩაიარა, მეც ნაწილობრივ ვეთანხმები მათ ამ განცხადებას, ამიტომაც, მტკიცებულებების გარეშე ვერ ვიტყვი, რომ ყარაბაღის პრობლემების გამო, ეუთომ რაღაც მხრივ დაინდო საქართველოს მთავრობა, ამის დიდად არ მჯერა. _თქვენი აზრით, როგორი იქნება ბაიდენის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, ფიქრობთ თუ არა რომ საქართველო ამ შემთხვევაში ამერიკისთვის დასაყრდენია რეგიონში საერთო სტრატეგიული ინტერესების განსახორციელებლად? გამოიყენებს თუ არა ბაიდენი ამ შესაძლებლობას. ბაიდენი ძალიან ჭკვიანია. მან დიდი დრო დაუთმო საგარეო პოლიტიკაზე ფიქრს, მასზე მუშაობას. ვიცი, ზოგიერთს უყვარს იმის თქმა, რომ „რესპუბლიკელები“ რუსეთის მიმართ მკაცრები არიან, თუმცა ბაიდენი რუსეთთან დაკავშირებით ყოველთვის ხისტი პოზიციით გამოირჩეოდა, რაც მას უბიძგებს იმისკენ, რომ უფრო პოზიტიურად იყოს განწყობილი საქართველოს მიმართ. ამასთან, „დემოკრატებში“ არსებობს გარკვეული ბრაზიც რუსეთის მიმართ 2016 წლის არჩევნებში მისი როლის გამო და ეს ფაქტი შეიძლება საქართველოსაც დაეხმაროს. მე რომ თბილისში, საგარეო საქმეთა სამინიტროში ვიყო და ვიცოდე, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჩაუდგება ამერიკას სათავეში, ბედნიერი ვიქნებოდი, რადგან ვიცი, იქ არიან ადამიანები, რომლებთანაც შეგიძლია იმუშაო. თუ მის გარემოცვას გადახედავთ, (ჯეიკ სალივანი , ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მომავალი მრჩეველი), ენტონი ბლინკენი მომავალი სახელმწიფო მდივანი), ძალიან ჭკვიანი და საიმედო ადამიანები არიან, რომლებსაც ესმით საქართველოსი და ესმით რეგიონი. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან კარგი. ასე რომ, სასიამოვნოა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება აშშ-ის სათავეში. _როგორ გესახებათ იდეა, რომ აშშ-მა შეიძლება, საქართველოში როტაციული ძალები გაზარდოს? ეს საკითხი უფრო მეტად დამოკიდებულია ამერიკის შიდა პოლიტიკაზე, ვიდრე - საგარეოზე. ვეცდები, ახლა არსებული პერსპექტივიდან გიპასუხოთ. აშშ-ში ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობს, მოვუსმინოთ ბაიდენის გამოსვლებს: რაზე საუბრობს?! კოვიდზე, ეკონომიკაზე (რომელიც კოვიდის გავლენებს უმკლავდება), რასობრივ უსამართლობებზე (რომელიც აშშ-მდე ბევრად ადრე გაჩნდა მსოფლიოში) და კლიმატის ცვლილებაზე. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრობლემები, სამი საკითხი, რა თქმა უნდა, საშინაო პრობლემის ნაწილია, ხოლო მეოთხე, კლიმატის ცვლილება, როგორიც საშინაო, ისე საგარეო პრობლემაც არის. ამ ეტაპზე, აშშ-ის „მადა“ და რესურსები, რომელიც მოისაზრებს მისი ძალების გაფართოებას მსოფლიოში, არ იქნება ქვეყნისთვის აქტუალური. ეს არ ნიშნავს, რომ არ დაიცავს თავს კრიზისის დროს, ან მის მოკავშირეებს, როცა ამის საჭიროება იქნება. ბაიდენი ოთხი წლის განმავლობაში იქნება პრეზიდენტი. პოტენციურად, შეიძლება - რვა წელიც. სამომავლოდ, ამას არ გამოვრიცხავდი, მაგრამ ამ ეტაპზე, აშშ ძალიან ფრთხილი იქნება მსგავს საკითხებთან მიმართებით. რუსეთს არ მოეწონება აშშ-ის მიერ ძალების განლაგება საქართველოში, თუმცა ესეც კი შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც ბაიდენმა გადაწყვიტოს საქართველოში როტაციული ძალების გაზრდა. არ ვიცი ეს სვლა რამდენად შეიტანს დესტაბილიზაციას რეგიონში, ბაიდენს რუსეთის არ შეეშინდება და თავს არ შეიკავებს რამის გაკეთებისგან, იმ მიზეზით,რომ პუტინი არ გააბრაზოს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოში არჩევნების შემდგომ არსებულ სიტუაციას განიხილავს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ სიტუაციას განიხილავს,- ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საბჭო შეაფასებს უახლეს საერთაშორისო მოვლენებს, მათ შორის, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებას, თურქეთთან დაკავშირებულ საკითხებს, ვენესუელის საპარლამენტო არჩევნებს და ადამიანის უფლებებს. საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 67 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 67 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 67 385 217 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 46 578 694 ადამიანი, 1 541 635 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში 19 264 888 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.

ირანის ხელისუფლება - ფახრიზადეს მკვლელობისთვის ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის მოადგილის ალი ფადავის განცხადებით, ირანელი მეცნიერი მოჰსენ ფახრიზადე სატელიტური მართვის ტყვიამფრქვევით მოკლეს, რისთვისაც ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს. ალი ფადავის თქმით, ქვეყნის დედაქალაქისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე ბირთვული პროგრამის მთავარ სპეციალისტს თან 11 მცველი ახლდა, თუმცა ტყვიამფრქვევის სისტემამ მხოლოდ მისი სახე ამოიცნო და 13 გასროლა განახორციელა. "ტყვიამფრქვევი „ნისანის“ პიკაპზე იყო დაყენებული და ფოკუსირებული მხოლოდ მოჰსენ ფახრიზადეს სახეზე ისე, რომ მის გვერდით მჯდომი მეუღლეარ დაშავებულა. მას ინტერნეტით აკონტროლებდნენ სატელიტის საშუალებით და თანამედროვე კამერას და ხელოვნურ ინტელექტს იყენებდნენ“, - აცხადებს ალი ფადავი. ირანის ხელისუფლებამ მკვლელობაში ბრალი ისრაელსა და დევნილ ოპოზიციურ ჯგუფ „ირანის სახალხო მოჯაჰედებს“ დასდო. ირანული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იარაღები ისრაელშია დამზადებული.