ძებნის რეზულტატი:

ლოიდ ოსტინი: ჩინეთი წარმოადგენს გამოწვევას და ჩვენ ვაპირებთ, ამას ყურადღებით ვადევნოთ თვალი

„ჩინეთი წარმოადგენს გამოწვევას და ჩვენ ვაპირებთ, ყურადღებით ვადევნოთ თვალი“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თბილისში ვიზიტისას. ჩინეთმა გამოსცადა რაკეტა, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღის გადაზიდვის უნარი. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით? - ამ შეკითხვით მიმართა აშშ-ის თავდაცვის მდივანს უცხოური მედიის წარმომადგენელმა. „დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, მაგრამ ამ კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ კომენტარს. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას ჩინეთში. მოწინავე შესაძლებლობების განვითარებას, იმ სისტემებს, რომლებიც მხოლოდ ზრდის დაძაბულობას რეგიონში. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩინეთი წარმოადგენს გამოწვევას და ჩვენ ვაპირებთ, ყურადღებით ვადევნოთ თვალი“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ცნობისთვის, ჩინეთი ბირთვული შესაძლებლობების რაკეტის გამოცდას უარყოფს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Financial Times-ის მიერ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.

აშშ-მ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი ფაზა ახალი ინიციატივით დაიწყო

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოში ვიზიტი თავდაცვის მინისტრთან შეხვედრით დაიწყო და სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე სტუმრობით დაასრულა. თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი სიახლე საქართველოს თავდაცვისა და შეკავების ინიციატივის გამოცხადება იყო, რომელსაც ლოიდ ოსტინის შეფასებით, ცენტრალური ადგილი ექნება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის სამხედრო თანამშრომლობაში. თავდაცვის მდივანმა ახალ ინიციატივას ქვეყნებს შორის ურთიერთობის ახალი ფაზა უწოდა. ეს ახალი ინიციატივა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას შეცვლის, რომელიც წლის ბოლოს სრულდება. ინფორმაციითვის: საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდა. პროგრამის მიხედვით, დაკომპლექტდება, აღიჭურვება და გაიწვრთნა შეიარაღებული ძალების 9 სამანევრო ბატალიონი. პროგრამის განხორციელებისთვის აშენდა NATO-ს სტანდარტების საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ვაზიანის ბაზაზე. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და საჭირო ნაბიჯებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა, როდესაც განაცხადა, რომ ინიციატივა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლას შეუწყობს ხელს. „როგორც ნახეთ საქართველო, აგრძელებს პროგრესის გზას თავდაცვის რეფორმირების სფეროში. შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ხელმძღვანელებთან დღეს. გვქონდა საშუალება, მათთან განგვეხილა ის საკითხები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. დღეს გაფორმებული მემორანდუმით აშშ ხაზს უსვამს თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, რომ დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას საკუთარი თავი, შეაკავოს აგრესია და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, თუმცა ლოიდ ოსტინმა აქვე დაამატა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია და გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დასავლეთთან მეტად მჭიდროდ დაკავშირებისათვის. „ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, დაგვეხმარება, რომ წვლილი შევიტანოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაუმჯობესებაში დამატებითი შესაძლებლობების შექმნაში, შეიარაღებული ძალების წვრთნაში, რომ საქართველოს უკეთ შეეძლოს თავდაცვა და აგრესიის შეკავება. ეს მემორანდუმი აღნიშნავს მართლაც ახალ, ამაღელვებელ ფაზას ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაში. ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ საქართველოს თავდაცვის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას თავდაცვის სექტორში. გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისთვის. ხელს შევუწყობთ ასევე საქართველოს NATO-სთან ურთიერთთავსებადობას“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით: აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მიმართ მტკიცეა. აშშ მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის განვითარების გზაზე დამოუკიდებლობის დღიდან და ველით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება. აშშ-ის საელჩომ აღნიშნა გარკვეული პრობლემები უკანასკნელ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე გამოვხატეთ რწმენა საქართველოს უნარისადმი, გააუმჯობესოს ეს მიმართულება. საქართველომ მართლაც რომ დიდი მსხვერპლი გაიღო - 32 დაღუპული, 293 დაჭრილი ავღანეთში. ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს მათ მსხვერპლს. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ სხვადასხვა მექანიზმით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს. ლოიდ ოსტინმა 3+3 ფორმატზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, რუსეთმა პატივის უნდა სცეს 2008 წლის შეთანხმებას. შეგახსენებთ, ამერიკელი თადარიგის ოთხვარსკვლავიანი გენერლის ლოიდ ჯეიმს ოსტინის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას დაეშვა. ისტორიაში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს აქამდე ორჯერ სტუმრობდა. პირველად დონალდ რამსფელდი, 41- პრეზიდენტის, ბუშის ადმინისტრაციის დროს და მეორედ - ჩაკ ჰეგელი, 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციიდან. დონალდ რამსფელდი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მათ შორის 2001 წლის დეკემბერშიც, რომლის შემდეგაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოში „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას“, რომლისთვისაც აშშ-მ 64 მლნ გამოყო.

საქართველოში კორონავირუსის 5739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 5739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2 082 ადამიანი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 555 ტესტი, მათ შორის 42 546 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 009 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 670 552-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.15%, ბოლო 14 დღის - 8.64% ხოლო 7 დღის - 9.12%. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 616 937-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 546 პირი ემსხვერპლა. 5 739 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 862 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 1 151, ქვემო ქართლი - 353, შიდა ქართლი - 389, გურია - 140, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 412, კახეთი - 912, მცხეთა-მთიანეთი - 139, სამცხე-ჯავახეთი - 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 60. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 043 საიდანაც: 5 570 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 927, აჭარაში - 519, იმერეთში - 1 303. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 257 პირი, მათ შორის, თბილისში - 415, აჭარაში - 105, იმერეთში - 438. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 270 ადამიანი, მათგან თბილისში - 139, აჭარაში - 25, იმერეთში - 28. 1 020 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 538 - თბილისში, 283 - აჭარაში. 37 453 სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 0.• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 18 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 259 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 935 ადამიანი.

ლოიდ ოსტინი: ვაჯამებ ძალიან კარგ ვიზიტს თბილისში. მოხდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერის დადასტურება

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. შესაბამისი პოსტი მან Twitter-ზე განათავსა. მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს და ჯუანშერ ბურჭულაძესგუშინდელი შეხვედრებისთვის, სადაც უსაფრთხოების საერთო პრობლემატიკა განვიხილეთ და აშშ – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერის დადასტურება მოხდა-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. „ვაჯამებ ძალიან კარგ ვიზიტს თბილისში და გუშინდელი შეხვედრებისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომლებთანაც განვიხილეთ უსაფრთხოების საერთო პრობლემატიკა და მოხდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერის დადასტურება”,- წერს ლოიდ ოსტინი.

პენტაგონი: ლოიდ ოსტინმა საქართველოში ვიზიტისას აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძესა და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილა. პენტაგონი ოსტინი ვიზიტის შემაჯამებელი განცხადებას ავრცელებს. მისი მიხედვით, შეხვედრებზე თავდაცვის მდივანმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება, კერძოდ, ის საფრთხე განიხილა, რაც საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონს რუსეთის მხრიდან ემუქრება. „თავდაცვის მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. მან ასევე დაადასტურა თავდაცვის დეპარტამენტის ერთგულება უსაფრთხოების საკითხებში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის შენარჩუნებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლაში დახმარების მიმართ. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ დიდი წვლილისთვის, რაც მან ავღანეთში უსაფრთხოების და სტაბილურობის დამყარებისთვის აშშ-ისა და NATO-ს ძალისხმევაში შეიტანა“, - აღნიშნავს პენტაგონი. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს გუშინ სტუმრობდა. ამავე თემაზე აშშ-მ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი ფაზა ახალი ინიციატივით დაიწყო

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: საქართველოს, მოლდოვის და უკრაინას პოლიტიკური ასოციაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიც არის

ლიეტუვა აღმოსავლეთის პარტნიორების, განსაკუთრებით ასოცირებული ტრიოს მკაფიო პერსპექტივებს მხარს უჭერს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო უწყების Twitter გვერდზე განთავსდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვე აზიარებს მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის მოსაზრებებს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებისთვის ევროკავშირის აღმოსავლელ პარტნიორებს სჭირდებათ ნათელი პერსპექტივა. არ უნდა მოხდეს მათი უკან დახევა, ვისაც წინსვლის სურვილი აქვს და ამისთვის მზად არის. საქართველოს, მოლდოვის და უკრაინას პოლიტიკური ასოციაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, ევროკავშირის ინტერესებშიც არის“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. ამავე თემაზე ექსკლუზივი: გაბრიელიუს ლანდსბერგისი: „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით ებრძოლონ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს

ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი: არის საშიშროება, რომ ზამთარში კვლავ საველე ჰოსპიტლების საჭიროება დადგეს

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლია გოლიაძის განცხადებით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში თავისუფალი ადგილები არ არის. მისი თქმით, საშიშროება იმისა, რომ ზამთარში კვლავ საველე ჰოსპიტლების საჭიროება დადგეს, არსებობს. მიზეზად კი ლია გოლიაძე ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელს ასახელებს. „ბოჭორიშვილის კლინიკა არის სრულად დატვირთული, პრაქტიკულად, ადგილები არ გვაქვს. დღეს ახლა გავწერ რამდენიმე პაციენტს, მივიღებ რამდენიმე პაციენტს. რეანიმაციაში ადგილი არ გვაქვს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ზამთრის პირზე ჩვენ დაგვჭირდეს ისევ საველე ჰოსპიტლების გახსნა, თუმცა ამის საშიშროება არსებობს, იმიტომ, რომ ძალიან დიდი რიცხვია“, - აცხადებს ლია გოგოლაძე „რუსთავი2-თან“. დღეს საქართველოში კორონავირუსის 5739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გუშინ კი აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი 2265 დაფიქსირდა. 16 ოქტომბერს, მხოლოდ 4 681 ადამიანი აიცრა, 15 ოქტომბერს - 6 673, 14 ოქტომბერს - 3 843. 13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა საქართველოში ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სახლების პროექტების განსავითარებლად ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სესხს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და შპს ოპტიმამ მოაწერეს ხელი. სესხი დააფინანსებს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე გათვლილ 3700 ხელმისაწვდომი და ენერგოეფექტური სახლისგან შემდგარ ორ საცხოვრებელ კომპლექსს. ეს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად კერძო სექტორზე გაცემული ADB-ის პირველი სესხია. „პროექტი მიზნად ინახავს თბილისში ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მოდერნიზებას პროექტირებაში ინკლუზიურობის, გენდერისა და უნივერსალური წვდომის სტანდარტების გათვალისწინებით“,- განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში შანტანუ ჩაკრაბორტიმ. მისივე თქმით, ეს განვითარების პროექტი წარმოადგენს დემონტრირებას, თუ როგორაა შესაძლებელი საქართველოსა და მთელ რეგიონში ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სახლების მშენებლობა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის.

სახელმწიფო დეპარტამენტი 3+3 ფორმატზე: მოვუწოდებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ერთად იმუშაონ სადავო საკითხების გადასაჭრელად

3+3 ფორმატთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-თან კომენტარი გააკეთა. „მოვუწოდებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ერთად იმუშაონ სადავო საკითხების გადასაჭრელად და გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა. მაშინ, როდესაც გარე აქტორებს შეუძლიათ, პროდუქტიული როლის შესრულებით დაუჭირონ მხარი ამგვარ ძალისხმევას, რეგიონში საკუთარი დღის წესრიგის შექმნა მათ არ უნდა სცადონ“, - აღნიშნულია ტექსტში, რომელიც Europetime-მა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის სახელით მიიღო. ამ საკითხთან დაკავშირებით, Europetime ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსნებსაც ესაუბრა და მათ კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე 3+3 ფორმატზე დაუსვეს შეკითხვა. ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონლიფქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივაზე განაცხადა, რომელსაც მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანმა და ირანმა. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი „მიესალმა ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას“. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“.

ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრისას პატიმრებზე საუბარი არ გვქონია

„სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრისას, ჩვენ პატიმრებზე, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილზე არავითარი საუბარი არ გვქონია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. „გუშინ მთავარი მოვლენა იყო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის თავდაცვის მდივნის პირველი ვიზიტი რეგიონში და მოგეხსენებათ, იგი მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა; ეს, რა თქმა უნდა, არის უპირველესად დადასტურება ჩვენს შორის არსებული უმაღლესი დონის თანამშრომლობისა და პარტნიორობისა, ამერიკის ნდობის გამოცხადება ჩვენი მთავრობის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ჯარის მიმართ. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს შორის არსებულ ძალიან წარმატებული, ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მოგეხსენებათ, თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ერთად გააფორმა ახალი მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ ეტაპზე გადაყვანას. შესაბამისად, ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი. მე მადლობა გადავუხადე თავდაცვის მდივანს და ასევე აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს გამოცხადებული ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის

„ჩვენთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის; სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს არის დადგენილი პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ, შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. მისი შეფასებით, ქვეყანაში უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა და კანონის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება. „მინდა, ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა, მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმაზე, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს, ერთ რამეს ვეტყვი ყველას - ამ სიაში, სხვათა შორის არ მინახავს, მაგრამ მითხრეს და ბევრი ქართული გვარიც აღმოვაჩინეთ, როდის გახდნენ ქართველები ევროპარლამენტარები, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მინდა, ერთი რამ გითხრათ, რომ კანონის აღსრულებას და სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში წინ ვერავინ აღუდგება, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს, ჩვენთან უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, შესაბამისად ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი. ჩვენთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის. სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს არის დადგენილი პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ, შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ევროპარლამენტარების წერილი ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. მისივე ცნობით, წერილს 72 ხელმომწერი ჰყავს. ევროპარლამენტარებთან ერთად, მათ შორის არიან ლიეტუვის სეიმის წევრები, ყოფილი პრეზიდენტები, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები.

ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი ისევ დაბალია

18 ოქტომბერს აიცრა 6 203 ადამიანი. 19 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 920 934 აცრა სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 013 507 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.7 %. სრულად ვაქცინირებულია 907 106 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.8%. გუშინ კი აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი 2265 დაფიქსირდა. 16 ოქტომბერს, მხოლოდ 4 681 ადამიანი აიცრა, 15 ოქტომბერს - 6 673, 14 ოქტომბერს - 3 843. 13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837. დღეს საქართველოში კორონავირუსის 5739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის განცხადებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, როდესაც მან სალომე სამადაშვილს მიმართა და წინა ხელისფლების „დანაშაულები შეახსენა“. ამის შემდეგ დეპუტატ შალვა შავგულიძეს მიმართა გაეხსენებინა, თუ როგორ და რა პირობებში უწევდათ ადვოკატებს მსჯავრდებულების მონახულება. ალუდა ღუდუშაურმა მამუკა ხაზარაძესაც მიმართა და წინა ხელისუფლების პერიოდში სესხების გაცემის პირობებზე ესაუბრა. „ალუდა ღუდუშაურთან დაკავშირებით სამწუხაროდ, არ მინდა, ის სიტყვები გავიმეორო, რომელიც თავში მაქვს. ეს არ არის პარლამენტი, ეს არის ადამიანთა შეკრება, რომელიც ერთი რამით არის დაკავებული - ამ ქვეყანაში დათესოს ძალადობა, შეურაცხყოფა, სიძულვილის ენა და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენონ. ესენი არ ლაპარაკობენ ხალხის საჭიროებაზე, იმაზე, თუ როგორ გამოვიდეს ეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან. შესაბამისად, ალუდა ღუდუშაურმა პასუხიც მიიღო, მაგრამ ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც პარლამენტშია, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ამ ადამიანებს ვუპასუხო, რადგან ესენი არიან მართლა უტიფრები, რომლებსაც არ აქვთ არც შუბლის ძარღვი, არიან ტიპიური მონები, რა თქმა უნდა, ყველა არა, მაგრამ ჯგუფი, არიან ტიპიური მონები ბიძინა ივანიშვილის და ასრულებენ დავალებას“, - განაცხადა ხაზარაძემ მოგვიანებით ჟურნალისტებთან.

პრემიერი: კოვიდვითარებას სრულად ვმართავთ

ჩვენ ვაქცინების არავითარი პრობლემა არ გვაქვს, 1-ელ ოქტომბერს ჩამოვიტანეთ დამატებით 1 მილიონი Sinopharm-ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია, გვაქვს Pfizer-ის ვაქცინები, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება კოვიდვითარებას სრულად მართავს. პრემიერ-მინისტრმა გაწეული საქმიანობისთვის ექიმებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მათი საქმიანობის დასაფასებლად. „ამას გარდა, მინდა მოსახლეობას ვუთხრა და დავამშვიდო, ჩვენ სიტუაციას ვმართავთ, კონტროლის ქვეშ არის. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს ექიმებს, მათ ძალიან გმირული საქმიანობა გასწიეს, ეწევიან და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მათი საქმიანობის დასაფასებლად“, - აღნიშნა პრემიერმა. ჟურნალისტების კითხვას, რამდენად ეფექტური იყო ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ ის ეფექტურია, ვინაიდან უკვე ათვისებული მილიონი ლარი მოსახლეობაში გადანაწილდა. ცნობისთვის, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი ისევ დაბალია, კორონავირუსის შემთხვევების დღიური რაოდენობა კი მკვეთრად მაღალი. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, სხვა შეკითხვებსაც უპასუხა. „ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, მე ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვესაუბროთ, მათ შორის სააკაშვილის მხარდამჭერებს, ვინაიდან ისინი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან არასწორ გზაზე და შეცდომაში არიან შეყვანილი. ამიტომ, მეტი აქტიური კომუნიკაცია და მეტი საუბარია მათთან საჭირო იმისთვის, რომ მთელი ერი გავაერთიანოთ და რეალურად გადავიდეთ საქმის კეთებაზე, სიღარიბის დაძლევაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე და ქვეყნის გაერთიანებაზე, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. აღარ მაინტერესებს აღარც მოღალატე, აღარც პატიმრები, არავინ მაინტერესებს, გარდა ჩვენი ხალხისა და ჩვენი საქმისა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, მისი თქმით, „მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი,12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და წლის ბოლოს დაახლოებით 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ“.

პარლამენტის თავმჯდომარე: ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებები, მალე ყველა კითხვას უპასუხებენ

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, მას შემდეგ, რაც გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება რაღაც ეტაპზე მივა, დეპუტატებს ექნებათ საშუალება საკანონმდებლო ორგანოში კითხვები დაუსვან შესაბამის უწყების ხელმძღვანელებს. აღნიშნული კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მამუკა ხაზარაძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტში შესაბამისი უწყების წარმომადგენლების დაბარება მოითხოვა. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საუბარი არის „კრებსებზე“, თხრობითი ფორმით არის ტექსტი წარმოდგენილი. თვითონ ახსენით ხომ?! სხვა სახელმწიფო შეიძლება გვისმენდესო, თუ ვინ შეიძლება გვისმენდეს. კანონიერად შეიძლება გვისმენდეს თუ უკანონოდ, ჩვენ აქ ვერ დავადგენთ ამას. სულ მცირე რაღაც ეტაპზე თუ მაინც არ მივიდა გამოძიება, რომლის საფუძველზეც ყველა კითხვას, რაც გვექნება, გაეცემა პასუხი აქ. გარანტიას გაძლევთ, ამის საშუალება გვექნება მალე, რომ ყველა კითხვა, რაც გაგაჩნიათ დაისვას და შესაბამისმა უწყებებმა გაგცეთ პასუხი“, – განაცხადა კუჭავამ მამუკა ხაზარაძის საპასუხოდ.

პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან განთავსებული სამხედროების რაოდენობა გააორმაგა

Reuters-ის ცნობით, პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან განთავსებული სამხედროების რაოდენობა გააორმაგა. როგორც პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, პოლონეთ-ბელარუსის საზღვასთან, სამხედროების რაოდენობა, უსაფრთხოების მიზნით გაორმაგდა და ექვსი ათას ჯარისკაცს შეადგენს. "სამხედროები სასაზღვრო ძალებთან ერთად იმორიგევებენ და ერთობლივი ძალებით გააკონტროლებენ სახელმწიფო საზღვარს, რათა არ მოხდეს ბელარუსის მხრიდან საზღვრის გადაკვეთის უკანონო მცდელობა", - აღნიშნავენ პოლონეთის თავდაცვის უწყებაში. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, პოლონელმა მესაზღვრეებმა საბუთების არმქონე მიგრანტების მხრიდან, საზღვრის ძალისმიერი შტურმით გადაკვეთის მცდელობა აღკვეთეს. გარდა ამისა, ყოველდღიურად ბელარუსის მხრიდან საზღვრის უკანონო გადმოკვეთის 500-ზე მეტი ფაქტი ფიქსირდება. პოლონეთი არალეგალური გზით გადასული მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთაში ბელარუსის მთავრობას ადანაშაულებს. მაისის თვეში ევროკავშირის მხრიდან ბელარუსზე დაკისრებული სანქციების საპასუხოდ, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი ხელს აღარ შეუშლის ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების გადასვლას. აღნიშნულის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა არალეგალური გზით გადასული მიგრანტების მიერ ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის საზღვრების გადაკვეთის ფაქტები.

ლოიდ ოსტინი: აღმოსავლეთ უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო და ის ხელს უშლის მის მოგვარებას

„ეს ომი რუსეთმა დაიწყო და რუსეთი უშლის ხელს მის მოგვარებას“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრი ტარანთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, მესამე ქვეყანას არა აქვს უფლება, ვეტო დაადოს ალიანსის წევრობას. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპული ტურნეს ფარგლებში უკრაინაში საქართველოდან გაემგზავრა. „მე აქ ვარ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და გამოვხატო ჩვენი ვალდებულება, განვავითაროთ უკრაინის შესაძლებლობები შემდგომი რუსული აგრესიის აღსაკვეთად“, - დაწერა ოსტინმა Twitter-ზე. უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, მოლაპარაკებების დროს ისაუბრეს აშშ-სა და უკრაინას შორის სამხედრო თანამშრომლობისა და შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის „საგზაო რუკაზე“. მანვე აღნიშნა, რომ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა არანაირად არ აისახება აშშ-ის, როგორც მყარი პარტნიორისადმი კიევის ნდობაზე. ორშაბათს უკრაინამ აშშ-სგან სამედიცინო ტვირთვისა და შეიარაღების ახალი პარტია მიიღო. მთლიანობაში 60 მლნ დოლარის ოდენობის ტვირთების მიწოდება ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისას შეთანხმდა.

საია: თბილისის საქალაქო სასამართლომ კახა კუჭავა გაათავისუფლა ჯარიმის გადახდისაგან და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა

„თბილისის საქალაქო სასამართლომ კახა კუჭავა გაათავისუფლა ჯარიმის გადახდისაგან და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა“, - ამასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს ინფორმაციას. „როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ,,ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადით გამოცხადდა, რაც აგიტაციას წარმოადგენს და ითვალისწინებს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. დარღვევასთან დაკავშირებით ცესკომ საიას საჩივრის საფუძველზე შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი განხილვისათვის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საკითხი და კახა კუჭავა გაათავისუფლა ჯარიმის გადახდისაგან და მას მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. საია უარყოფითად აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ამგვარი ლოიალური მიდგომა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ჩადენილ აშკარა სამართალდარღვევაზე, უარყოფითად აისახება საარჩევნო სამართალდარღვევების პრევენციაზე“, - აღნიშნულია ტექსტში. გადაწყვეტილებას თავად კახა კუჭავაც გამოეხმურა. „მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო და მიზნად არ ისახავდა წინასაარჩევნო აგიტაციას, ეს იყო კანონდარღვევა, რაც სასამართლომ დაადასტურა და სიტყვიერი გაფრთხილება მომცა. თუმცა, მართებულად მიმაჩნია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით გადავიხადო და ეს თანხა ,,სოლიდარობის ფონდს“ გადავურიცხო“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე Facebook-ზე განთავსებულ ტექსტში. „დილით, 8 საათზე, შევეცადე, ტრადიციულად, პირველი მივსულიყავი უბანზე. ნამდვილად არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე. ფაქტია, რომ ეს დარღვევა იყო. ვიცი, შესაბამისი რეაგირება იქნება და როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს“, - აცხადებდა თავად კახა კუჭავა აგიტაციის წესის დარღვევის შემდეგ. ამავე თემაზე: ცესკო: პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესი დაარღვია

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში იმყოფებოდა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდა. ხავიერ კოლომინას საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია გააცნეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა. როგორც ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა თქვა, NATO-სთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია გამყოფი ბარიერების აღმართვა, რაც ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს საერთაშორისო შეთანხმებას. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რაც მივიღე მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ჯანდაცვისა და ვაჭრობის კონტექსტში. ასევე, იმ ოჯახების შესახებ, რომლებიც ამ ადმინისტრაციული საზღვრით არიან ერთმანეთს დაშორებული“, - განაცხადა ხავიერ სოლომინამ. მისი შეფასებით, ინციდენტების პრევენციის მექანიზმი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ, რასაც NATO თვალს აქტიურად ადევნებს და მხარს უჭერს. კოლომინას თქმით, აუცილებელია სიტუაციის მოგვარებისკენ მიმართული ყველა ძალისხმევის და საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერა და ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია ჟენევის დისკუსია. ხავიერ კოლომინამ, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა, საქართველოში პირველი ორდღიანი ვიზიტი 19 ოქტომბერს დაიწყო. კოლომინა შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ესპანელმა დიპლომატმა ხავიერ კოლომინამ, რომელიც მანამდე ნატოში ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე შეცვალა კანადელი ჯეიმს აპატურაი.

ხავიერ კოლომინა: NATO-ს სურს, რომ ჰქონდეს ყოვლისმომცველი ურთიერთობა საქართველოსთან

19 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა, რომელიც საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია. მხარეებმა განიხილეს NATO-ს აქართველოს თანამშრომლობის ყველა აქტუალური საკითხი. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და აღინიშნა, რომ ასპირანტი საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო და თავსებადი პარტნიორია. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოს. კიდევ ერთხელ აღინიშნა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამასთან, ხაზი გაესვა ავღანეთიდან ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში საქართველოს მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს, რისთვისაც ხავიერ კოლომინამ ქართული მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა. ხავიერ კოლომინა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან, თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. "ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში რეგიონში პირველი ვიზიტის დროს, საქართველო მმასპინძლობს. გუშინ აზერბაიჯანში ვიყავი, ხვალ საღამოს კი სომხეთის დედაქალაქ ერევანში გავემგზავრები. მე მსურდა გამემართა შეხვედრები ამ მნიშვნელოვანი პარტნიორის უმაღლეს წარმომადგნელებთან. მოგეხსენებათ, საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს ის პარტნიორია, რომელიც უკვე სარგებლობს ჩვენს ხელთ არსებული ყველა პრაქტიკული მექანიზმით. ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს ყოვლისმომცველი ურთიერთობა საქართველოსთან. ამ კუთხით, მე ბატონ ზალკალიანსაც განვუცხადე და მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი მადლიერება იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც თქვენმა ქვეყნამ ბოლო წლების მანძილზე შეიტანა ავღანეთში, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა კონტრიბუტორმა ქვეყანამ. ასევე აღსანიშნავია საქართველოს როლი ბოლო კვირების მანძილზე ავღანეთიდან განხორციელებულ ევაკუაციის პროცესში. ნება მომეცით ხაზი გავუსვა NATO-ს როლს, როგორც 2008 წელს, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების, ისე საქართველოს, საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონტექსტში", - განაცხადა NATO-ს გენმდივნის წარმომადგენელმა.