ძებნის რეზულტატი:
ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს
პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს. ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს მანდატის შეწყვეტის თხოვნით უახლოეს დღეებში მიმართავს და შესაბამის პროცედურებს გაივლის. შეგახსენებთ, პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, დღეს კი „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნონა მამულაშვილმა გააკეთა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და აქციებს აანონსებს.
დავით ზალკალიანი: ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერისგან, უახლოეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, საქართველოს მხარდაჭერის შესახებ მყარი გარანტიები მივიღეთ
"ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, მივიღეთ მყარი გარანტიები, რომ საქართველოს პოზიციები იქნება მხარდაჭერილი, როგორც უახლოეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშას შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც გაეროს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ზალკალიანის თქმით, შეხვედრისას საუბარი იმ მოლოდინებთან იყო დაკავშირებული, რა მოლოდინებიც საქართველოს აქვს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებთან. საუბარი შეეხება ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, ასევე მოახლოებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს. მოგეხსენებათ, რომ სლოვენია ამჟამად თავმჯდომარეობს ევროკავშირს და ის იქნება თავმჯდომარე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე და ბუნებრივია, ჩვენი საუბარი იმ მოლოდინებთან იყო დაკავშირებული, რა მოლოდინებიც გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში. ძალიან პოზიტიურად ფასდება ის რეფორმები, რომელსაც საქართველო ახორციელებს. აღინიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის და ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ იყო დაფიქსირებული, რომ მიდგომა უნდა იყოს დიფერენცირებული - ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ასოცირებული ტრიო ჩამოყალიბებული, უფრო მეტს იმსახურებენ და ჩვენი მცდელობები, რაც მიმართულია ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციაზე, მოითხოვს შემხვედრ ნაბიჯს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე, რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით. ჩვენ, კიდევ ერთხელ, ამ შეხვედრაზე, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, მივიღეთ მყარი გარანტიები, რომ საქართველოს პოზიციები იქნება მხარდაჭერილი, როგორც უახლოეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში და ჩვენი 2024 წლის მიზანთან მიმართებაში, რაც არის განაცხადის გაკეთება ევროკავშირში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის ფედერალურ კანცლერს ალექსანდერ შალენბერგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის ფედერალურ კანცლერს ალექსანდერ შალენბერგს შეხვდა. მთავრობის პრესამსახურის ცნობით, პრემიერმა ავსტრიის კანცლერს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოსა და ავსტრიას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდერ შალენბერგი საქართველოში მიიწვია და განაცხადა, რომ მოხარული იქნება, მას თბილისში, ამჯერად კანცლერის რანგში უმასპინძლოს. შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ავსტრიის მნიშვნელოვან და უწყვეტ მხარდაჭერას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზის ერთგულია და განაგრძობს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტურ განხორციელებას. ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მოლოდინებზე და ამ ფორმატში პარტნიორებისადმი დიფერენცირებული მიდგომის პრინციპის - მეტი მეტისთვის გამოყენების მნიშვნელობაზე. ასევე, ხაზი გაესვა ასოცირებული ტრიოს მეტი ჩართულობის უზრუნველყოფისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის დამატებითი მექანიზმების შეთავაზების აუცილებლობას. შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს(ADA) წარმატებულ და ეფექტურ პარტნიორობას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში პოზიტიურად შეფასდა ვენაში ახლახან გამართული მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა და მრგვალი მაგიდა, რომელშიც ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ავსტრიის ფედერალური კანცლერის შეხვედრა გლაზგოში, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ 2022 წელი ორმხრივ ურთიერთობებში საიუბილეოა - საქართველო-ავსტრიის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება.
საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ და ევროკავშირი ჩვენი პარტნიორები არიან და სწორედ ამ კუთხით ვუყურებთ მათ რეკომენდაციებს
აშშ და ევროკავშირის ჩვენი პარტნიორები არიან და სწორედ ამ კუთხით ვუყურებთ მათ რეკომენდაციებს" - აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის და აშშ-ის განცხადების კომენტირებისას გააკეთა. როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, აშშ-ის განცხადებაში არის გაზიარებული ეუთო/ოდირის დასკვნა, სადაც წერია, რომ იყო კონკურენტუნარიანი არჩევნები, ყველას ჰქონდა საშუალება, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა, "განცხადებებშია აღნიშნულია კარგად ადმინისტრირებული არჩევნები, რომელმაც საშუალება მისცა ამომრჩევლებს, რომ გამჭვირვალე პირობებში, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი. რა თქმა უნდა, უნაკლო არავინ არ არის, ყველა ქვეყანას, მათ შორის, ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ დემოკრატიულ გარემოში ცხოვრების, მათაც აქვთ მსგავსი პრობლემა და ამის შესახებ მე მქონდა საუბარი პირველი ტურის დასრულების შემდეგ ეუთო/ოდირის დირექტორთან, რომელმაც სწორედ ეს აღნიშნა, ისინი გვირჩევენ ჩვენ, რომ შენიშვნები იყოს გათვალისწინებული და ვიაროთ წინ იმისთვის, რომ სრულყოფილი იყოს მთლიანად მთელი საარჩევნო გარემო უკვე მომდევნო არჩევნების დროს“, – განაცხადა ზალკალიანმა. აშშ-ის საელჩო: ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, საერთაშორისო ექსპერტების მიერ რეკომენდებული რეფორმები განახორციელონ ევროკავშირი: ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას წითლიძე სოციალურ ქსელში ადასტურებს. მისი განმარტებით, პარლამენტში ჯდომის აზრს ვერ ხედავს. ,,მე არ ვიცი ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მოგეხსენებათ ზუგდიდში ვარ. მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა, არც მქონია ისე ვიბრძოდი. „ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო. დანარჩენზე ვისაუბრებ აქციებზე“, - აცხადებს ანა წითლიძე.
პარლამენტის წევრის მანდატზე უარი ლევან ვარშალომიძემაც თქვა
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ვარშალომიძე პარლამენტს ტოვებს. ამავე ფრაქციიდან სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება გააკეთეს ანა წითლიძემ და ნონა მამულაშვილმა. „უარს ვაცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატზე, რადგან მსურს ლეგიტიმაციაგამოცლილი ხელისუფლების შეცვლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყოს!“, - აცხადებს ლევან ვარშალომიძე. პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება ასევე მიიღეს მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ.
ცესკო: ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია
ცესკო ბათილი ბიულეტენების სტატისტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ადმინისტრაციი ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათილი ბიულეტენების მონაცემები დაამუშავა როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველი ტურის, ისე მეორე ტურის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით. კომისიის მიერ განხორციელებული ანალიზის შედეგად დგინდება და იკვეთება, რომ არჩევნების მეორე ტურზეც, ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებით. „მაგალითად 70 048 ამომრჩეველი იყო მისული არჩევნებზე ქუთაისში და ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი, მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებაში არის სულ რაღაც 3.42 პროცენტი. ბათუმის შემთხვევაში, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 77 034 მოქალაქემ, ხოლო ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 2.69 პროცენტია. ასევე მნიშვნელოვანია წლევანდელი არჩევნების ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა ზოგადად გასულ წლებში ორგანიზებულ არჩევნებთან მიმართებაშიც. მაგალითად 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით ჯამში ბათილი იყო 32 191 ბიულეტენი, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა კი - 790 528. უკვე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამში დაფიქსირდა 32 718, რაც პროცენტულად არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთან (869 959) მიმართებაში 3.76%-ია. 2021 წლის არჩევნების პირველ ტურზე მხოლოდ 3.42% ფიქსირდება ბათილი ბიულეტენების (არჩევნებში მონაწილე - 1 043 994); რაც შეეხება მეორე ტურს, წინასწარი მონაცემების მიხედვით დაფიქსირდა ბათილი ბიულეტენების 2.96% (30 095 ბიულეტენი, არჩევნებში მონაწილე - 1 015 494). გასულ წლებთან მიმართებაში გაანალიზებული მონაცემების გათვალისწინებით იკვეთება, რომ 2021 წლის არჩევნების როგორც პირველ ისე მეორე ტურზე ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები ცალსახად შემცირებულია, რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებით.“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა და ანგელა მერკელმა ისაუბრეს
გლაზგოში, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ესაუბრა. ვიდეო საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა Facebook-ზე გაავრცელა. ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის (COP26) მსოფლიო ლიდერთა სამიტზე იმყოფებიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 1-2 ნოემბერს, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გლაზგოში გაიმართება.
პრემიერი: 2030 წლისთვის შემუშავებული გვაქვს განვითარების გეგმა, რომელიც იდეალურად შეესატყვისება გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების დღის წესრიგს 2030 წლისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „მაქვს პატივი, ქართველი ხალხისა და გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში ჩვენი დელეგაციის სახელით, მოგმართოთ ამ ისტორიულ შეკრებაზე. ნება მომეცით, გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო გაერთიანებული სამეფოსადმი იმ თავდადებული შრომისთვის, რომლითაც ყველანი შეგვკრიბა და ეს სამიტი რეალობად აქცია ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიიდან მომდინარე გამოწვევების ფონზე. თქვენო აღმატებულებავ, ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი საარსებო გარემო ცვალებადია. ულამაზესი მთების, მყინვარწვერებისა და მდინარეების მქონე კავკასიამ მყინვარების 40 პროცენტი უკვე დაკარგა. მხოლოდ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, დანაკარგების ტემპი აღმოსავლეთ საქართველოში მეოცე საუკუნის ბოლოს გაკეთებულ პროგნოზს გასცდა. ჩვენ სრულად ვიზიარებთ იმ განგაშს, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორის საბჭოზე წარმოდგენილ უახლეს ანგარიშშია ასახული, როგორც „კაცობრიობის საგანგებო, გარდაუვალი საფრთხე“. აღნიშნულ ანგარიშში აშკარად და მკაფიოდ არის გაცხადებული, რომ ეროვნულ დონეზე ყველა ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ერთობლიობაშიც არ არის საკმარისი ატმოსფერული სასათბურე აირების შესამცირებლად და საშიშზე დაბალ დონემდე დასაწევად და რომ მეტი ამბიცია და ძალისხმევაა საჭირო, თუ გვსურს, პარიზის შეთანხმებაში განსაზღვრული ტემპერატურის გრძელვადიანი მიზნები დაკმაყოფილდეს და გლობალური კატასტროფა თავიდან იყოს აცილებული. გამოწვევები ნათელია და მათი გადაწყვეტის გზებიც ცნობილია. ამ გამოწვევებს თვალი უნდა გავუსწოროთ და გავზარდოთ ნაკისრი ვალდებულებები, რათა მეტად ნაყოფიერი, სტაბილური და გამძლე საზოგადოებები გვყავდეს. ინვესტიციები სუფთა ენერგიაში, კლიმატზე მორგებული სოფლის მეურნეობა და მეტად ადაპტირებული შესაძლებლობები ის კონკრეტული ნაბიჯებია, რაც შეამცირებს ემისიას და ჩვენს საზოგადოებებს მოამზადებს კლიმატის ცვლილების გარდაუვალი გავლენისთვის. ჩვენ უნდა გავითავისოთ გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის ძირითადი რჩევები, რათა ჩვენი პლანეტა, დედამიწა დავიცვათ და ჩვენს საერთო დღის წესრიგად ვაქციოთ ეს მიზანი. ამ სულისკვეთებით, საქართველო 2030 წლისთვის იღებს ვალდებულებას, 1990 წლის დონესთან მიმართებით სასათბურე აირების ემისიის ნახევარზე მეტით შემცირებაზე, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტირებული შესაძლებლობის გაცნობიერების გაღრმავებაზე საერთაშორისო პარტნიორობების საშუალებით. საქართველოს მთავრობას მკაფიო და ნათელი ხედვით აქვს შემუშავებული განვითარების გეგმა 2030 წლისთვის, რომელიც იდეალურად შეესატყვისება გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების დღის წესრიგს 2030 წლისთვის. თავის მხრივ, საქართველო დასახულ მიზანს მიაღწევს განახლებადი ენერგიის სექტორში დივერსიფიკაციით, ქარისა და მზის ენერგიის წილის გაზრდით საერთო ენერგეტიკულ ბაზარზე; ქვეყნის ურბანული მობილობის ტრანსფორმაციით; დაბალ-ნახშირბადიანი მიდგომების დანერგვით მშენებლობის, მრეწველობისა და ნარჩენების მართვის სფეროებში; კლიმატზე მორგებული ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარებით; საქართველოს ტყეების მიერ ნახშირბადის დაჭერის უნარის გაზრდით. რა თქმა უნდა, აქ იმიტომ ვიმყოფებით, რომ არცერთ ჩვენგანს შეგვწევს ამ გამოწვევებთან გამკლავების უნარი ცალკეულად. მთავრობების, ინდუსტრიების, აკადემიური წრეების, დარგის პროფესიონალთა, ტექნიკურ ექსპერტთა და დაინტერესებულ წრეთა ლიდერები ნებისმიერი ქვეყნის და რეგიონის ყველა თემში ერთობლივად უნდა ვმოქმედებდეთ კლიმატის კრიზისის გადასაჭრელად და ამისათვის დაბალნახშირბადიანი და მედეგი ეკონომიკური პოზიციები უნდა ჩამოყალიბდეს. პატარა და დიდ ქალაქში თუ სოფელში დღეს ყველამ უნდა დავდოთ პირობა ჩვენი ახალგაზრდებისა და მომავალი თაობების წინაშე, რომ პლანეტა დედამიწას გავუფრთხილდებით და შევინარჩუნებთ. ეს კამათს არ ექვემდებარება და ვალდებულნი ვართ, ვიმოქმედოთ. და ბოლოს, ნება მიბოძეთ აღვნიშნო, რომ ეს სამიტი კრიტიკული მნიშვნელობისაა ჩვენი ეროვნული და რეგიონული ინტერესებისთვის. ყველა ქვეყნის თანაბარი გეოგრაფიული წარმომადგენლობა, სუვერენული თანასწორობა და ღირსება გაერთიანებული ერების ძირეული, ფუნდამენტური პრინციპებია. საქართველოს სურს, კონვენციის ფარგლებში ყველაზე ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს, როგორც მის პრეამბულაშია გაწერილი და ამგვარად მოახდინოს რეაგირება ამ უნიკალურად გლობალურ გამოწვევაზე. საქართველო მადლობას უხდის სამიტის პრეზიდენტ ქვეყანას და ყველა ჩართულ მხარეს თანაგრძნობის სულისკვეთებისა და წინსვლის სურვილისთვის, რათა სამიტის დღის წესრიგით შემოთავაზებული წინადადებები შესრულდეს, მათ შორის თანაბარი გეოგრაფიული წარმომადგენლობის საკითხის დაკმაყოფილებით. საქართველო მოუთმენლად ელის სამიტის პრეზიდენტ ქვეყანასთან და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ამ საკითხების მოსაგვარებლად თანამშრომლობის, გამჭვირვალობისა და თანასწორობის საფუძველზე. ამ ბრძოლაში არავინ უნდა გამოგვრჩეს! საქართველო მოუთმენლად ელის წინამდებარე სამიტის თამამ და მასშტაბურ შედეგებს, რაც მკვეთრად წასწევს წინ ჩვენს კოლექტიურ ამბიციას კლიმატის სფეროში და დაგვეხმარება პანდემიიდან გამოსვლაში უფრო მწვანე, უფრო ძლიერი და მეტად უსაფრთხო შედეგებით, ვიდრე ოდესმე გვქონია. მომავალ თაობას ჩვენი იმედი აქვს და ჩვენ დანაპირები უნდა შევუსრულოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გაერთიანებული სამეფო: არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლამ, ნეგატიურმა რიტორიკამ პროცესს ხელი შეუშალა
გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს პოლიტიკურ ხელძღვანელობას, აღმოფხვრას ხარვეზები და გაზარდოს ნდობა პრობლემების გადასაჭრელად. შესაბამისი განცხადება საელჩოს Twitter-ზე განთავსდა. „გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლამ, ნეგატიურმა რიტორიკამ პროცესს ხელი შეუშალა. გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს პოლიტიკურ ხელძღვანელობას, აღმოფხვრას ხარვეზები და გაზარდოს ნდობა პრობლემების გადასაჭრელად“, - აღნიშნულია ტექსტში. ცნობისთვის, ამერიკის საელჩო დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: „არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა“. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია: მწვავე უთანასწორობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი
გლაზგოში, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის დროს ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს ესაუბრა
გლაზგოში, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ესაუბრა. მცირეხნიანი მისალმების ვიდეო პრესსამსახურმა Facebook-ზე გაავრცელა. ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის (COP26) მსოფლიო ლიდერთა სამიტზე იმყოფებიან. ამავე თემაზე: გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა და ანგელა მერკელმა ისაუბრეს
ლევან ხაბეიშვილი: უმნიშვნელოვანესია უახლოეს საათებში ჩვენი მოქმედებები, გადაწყვეტილებები არამარტო მანდატთან დაკავშირებით
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ წარმოუდგენლად მიაჩნია მისი მოწოდების არგაზიარება. ამასთან, ლევან ხაბეიშვილი თანამებრძოლებს მოუწოდებს, ერთიანი პოზიცია ჰქონდეთ. „ცხადია, წარმოუდგენლად მიმაჩნია პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდება არ გავიზიარო, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ის ტყვეობაშია, საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას რისკავს და 32 დღეა შიმშილობს. ამასობაში, მინდა მოვეფერო ჩემს თანამებრძოლებს, თანაგუნდელებს პოზიცია გვქონდეს გუნდური და არა ინდივიდუალური. უმნიშვნელოვანესია უახლოეს საათებში ჩვენი მოქმედებები, გადაწყვეტილებები არამარტო მანდატთან დაკავშირებით. მთავარი მანდატი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხის სიყვარული. ჩვენი სამშობლოს გამარჯვება არის ძალიან ახლოს და ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ მთავარზე - თავისუფლება უკანონოდ დატყვევებულ მესამე პრეზიდენტს. ყველა ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, აქცია, ბრძოლა დაუკავშირდება, უსამართლობასთან არშეგუებას, მიშას თავისუფლებას“, - წერს ლევან ხაბეიშვილი. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა, ლევან ვარშალომიძემ სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განაცხადეს. მანამდე კი მიხეილ სააკაშვილმა ურჩია ყველა თანამებრძოლს, მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და დატოვონ პარლამენტი.
თენგიზ ცერცვაძე კოვიდპაციენტებში „რემდესივირის“ ეფექტიანობაზე ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კოვიდპაციენტებში "რემდესივირის" ეფექტიანობის შესახებ იუწყება. მისი თქმით, უახლესი კვლევების მონაცემებით, დამატებითი მტკიცებულებები ჩნდება, რომლის მიხედვითაც ანტივირუსული მედიკამენტი "რემდესივირი" ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში არამხოლოდ აუმჯობესებს დაავადების კლინიკურ მიმდინარეობას და ამოკლებს გამოჯანმრთელების პერიოდს, არამედ სარწმუნოდ ამცირებს სიკვდილობის რისკებს. „ამერიკელი ავტორების მიერ 40 000-ზე მეტ COVID ავადმყოფზე ჩატარებული ძალიან სერიოზული დიდი მულტიცენტრული კვლევის მიხედვით "რემდესივირი" სარწმუნოდ ამცირებდა სიკვდილობას - 24%-ით დაავადების მე-14 დღისთვის და 11%-ით - 28-ე დღისთვის. რიგი სხვა უახლესი კვლევების მიხედვით "რემდესივირი" აგრეთვე ამცირებდა სიკვდილობის ალბათობას COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში 21%-დან 61%-მდე. რიგი სერიოზული კვლევების თანახმად COVID-19-ის სამკურნალო ახალი თაობის მედიკამენტის - "იანუს კინაზას ინჰიბიტორის ბარიციტინიბის" გამოყენება "რემდესივირთან" კომბინაციაში COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ზრდიდა ეფექტიანობას და სარწმუნოდ ამცირებდა გამოჯანმრთელების დროს, ინტენსიური თერაპიის/რეანიმაციის ბლოკში მოხვედრის სიხშირეს და სიკვდილობის რისკს. საქართველოში COVID19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ "რემდესივირს" ვიყენებთ 2020 წლის დეკემბრიდან, ხოლო ა.წ. ოქტომბრიდან უკვე დავიწყეთ "ბარიციტინიბის" გამოყენება "რემდესივირთან" და/ან "სტეროიდებთან" კომბინაციაში, რაც ვფიქრობთ დიდად შეუწყობს ხელს გამოსავლების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ვაქცინაციით დაბალი მოცვის, პირბადეების ტარების დაბალი მაჩვენებლისა და ხალმხრავალი შეკრებებების სიმრავლის პირობებში ძალიან მაღალია COVID-19-ის ახალი შემთხვევების და COVID-აქტიური პაციენტების რაოდენობა", - წერს ცერცვაძე. მისი თქმით, ამ კვლევების შედეგები და საქართველოს გამოცდილებაც კიდევ ერთხელ ადასტურებს "რემდესივირის" გამოყენების მიზანშეწონილობას (ბარიციტინიბთან კომბინაციაში ან მის გარეშე) COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების სამკურნალოდ და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ იმ COVID-კლინიკებმა, რომლებიც გაუგებარი მიზეზით დღემდე არ იყენებენ "რემდესივირს". „ა.წ. 22 სექტემბერს კომპანია Gilead-მა გამოაცხადა, რომ მედიკამენტმა "რემდესივირმა" დადებითი შედეგი აჩვენა მე-3 ფაზის რანდომიზებულ ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში (კვლევა ჩატარდა 105 ლოკაციაზე) დაავადების დამძიმების რისკის მქონე COVID-19-ით არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომლებმაც COVID დამადასტურებელი ტესტი მიიღეს კვლევაში ჩართვამდე მაქსიმუმ 4 დღის განმავლობაში, "რემდესივირის" 3-დღიანმა კურსმა სტატისტიკურად სარწმუნოდ - 87% შეამცირა ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და აგრეთვე შეამცირა სიკვდილობის რისკი. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ "რემდესივირის" გამოყენება არაჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ ჯერ-ჯერობით არის საცდელი და მის პრაქტიკაში დანერგვამდე საჭიროა დამატებითი კვლევები“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
ცესკო აცხადებს, რომ ბიულეტენების გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია
ბიულეტენების გადათვლის პროცესი წარმატებით დასრულდა. გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია , - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. ნათია იოსელიანის თქმით, გადათვლის პროცესი მიმდინარეობდა გამჭირვალედ და მასზე მონიტორინგის განხორციელება შეეძლო ყველა უფლებამოსილ პირს - როგორც მედიას, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც. როგორც ცესკოს სპიკერმა აღნიშნა, გადათვლის დეტალური შედეგები ხვალ, 2 ნოემბერს გამოქვეყნდება. „ბიულეტენების გადათვლის პროცესი წარმატებით დასრულდა. გადათვლის ცენტრებში 201 საარჩევნო უბნის კომისიის მონაცემები არის ხელახლა დათვლილი. პროცესი წარიმართა გამჭირვალედ, რომლის მონიტორინგის შესაძლებლობაც ჰქონდა ყველა უფლებამოსილ პირს - როგორც მედიას, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს. დღეს ვიხილეთ, თუ რაოდენ მაღალი იყო გადათვლის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი, უფლებამოსილი პირების აქტიური ჩართულობა კი ასევე მნიშვნელოვანად უზრუნველყოფს ამ პროცესის გამჭირვალობას. საარჩევნო ადმინისტრაციას საკანონმდებლო რეფორმების ფარგლებში ჰქონდა წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინილი 5-5 უბნის მონაცემების გადათვლის ვალდებულება, თუმცა, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით საოლქო საარჩევნო კომისიებმა წილისყრით გამოავლინეს 7-7 საუბნო საარჩევნო კომისია. შესაბამისად, როგორც აღვნიშნეთ, ჯამში 201 უბნის მონაცემი გადავითვალეთ. აღნიშნული კი კიდევ უფრო ცხადყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასწარი შედეგების სიზუსტეს. საარჩევნო რეფორმის საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა, უკვე პირველი ტურის შემდეგომ გვაჩვენა, თუ როგორ შეუწყო ხელი აღნიშნულმა პროცესის გამჭირვალობას და ზოგადად, საარჩევნო პროცესის გაჯანსაღებას. წინასწარი ანალიზის საფუძველზე, ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია“ , - განაცხადა ნათია იოსელიანმა. საარჩევნო ადმინისტრაცია გადათვლის დეტალურ შედეგებს ხვალ 2 ნოემბერს წარადგენს.
პრეზიდენტმა არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ შესაძლო ხარვეზებზე ცესკოს თავმჯდომარესთან ისაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ცესკოს თქვმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ შესაძლო ხარვეზებზე, მეორე ტურის შედეგების შემთხვევითი შერჩევით გადათვლისა და ცესკოში შესული საჩივრების განხილვის მიმდინარეობაზე ისაუბრეს. 30 ოქტომბერს საქართვლოს 20 ქალაქში, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, 19 ქალაქში „ქართული ოცნების“ კანდიდატია გამარჯვებული, ერთში - „ნაციონალური მოძრაობიდან“. ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს. ცნობისთვის, ამერიკის საელჩო დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: „არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა“. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია: მწვავე უთანასწორობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი
მამუკა მდინარაძე: ორჯერ არ შევუწყვიტეთ მანდატები, ხვეწნა არავის უნდა დავუწყოთ
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საპარლამენტო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას სხვა საქმე აქვს. „ეს მათი უფლებაა, ჩვენ მათ ორჯერ არ შევუწყვიტეთ მანდატები, ვფიქრობ, ხვეწნა ნამდვილად არავის უნდა დავუწყოთ. სამი წელი გვაქვს წინ, სადაც არც არჩევნებია და არც სპეკულაციების საშუალება მიეცემათ. არ ვფიქრობ, რომ უნდა შევუზღუდოთ საკუთარი სურვილის რეალიზების შესაძლებლობა, ვისაც ამის სურვილი ექნება, ისე გადაწყდება, როგორც მათ ექნებათ სურვილი. აღარ არის საინტერესო მათი მიზნები, ეს დარჩა წარსულში. ბევრ რამეს შეეცდებიან, მაგრამ ჩვენ სხვა საქმე გვაქვს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. „ხვალიდან ვიწყებთ იმგვარ საპარლამენტო საქმიანობას, რომ მთლიანად გადავერთოთ საზოგადოების საჭიროებებზე და პოლიტიკური შეხლა-შემოხლა დავტოვოთ დღის წესრიგის მიღმა“, - დაამატა მდინარაძემ. მდინარაძემ ექსპრეზიდენტ სააკაშვილზეც ისაუბრა. მისი თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უნდა გაასაჯაროოს პერსონალური მონაცემები, რადგან, „ექსპრეზიდენტის შიმშილობასთან დაკავშირებით კონკრეტული ეჭვები არსებობს“. მდინარაძის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე პარტიის წევრებმა ერთმანეთს გამარჯვება მიულოცეს და გეგმებზე იმსჯელეს. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა, ლევან ვარშალომიძემ სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განაცხადეს. მანამდე კი მიხეილ სააკაშვილმა ურჩია ყველა თანამებრძოლს, მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და დატოვონ პარლამენტი. ლევან ხაბეიშვილი: უმნიშვნელოვანესია უახლოეს საათებში ჩვენი მოქმედებები, გადაწყვეტილებები არამარტო მანდატთან დაკავშირებით
ერდოღანი 3+3 ფორმატზე: საქართველოს გარკვეულწილად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს
31 ოქტომბერს, რომში G20 ლიდერთა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მუშაობს მშვიდობის დამყარებაზე სამხრეთ კავკასიაში და რომ მისი შემოთავაზებული ექვსმხრივი პლატფორმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ მიზნის მისაღწევად. ერდოღანის თქმით, სამხრეთ კავკასიაში „ექვსმხრივი პლატფორმის“ ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „ამ თემაზე ბატონმა ილჰამ ალიევმა უკვე გამართა მოლაპარაკებები სომხეთთან და შესთავაზა წინადადება რეგიონულ მშვიდობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს გარკვეულწილად ნეგატიური დამოკიდებულება, მაგრამ თუ ყველა აჩვენებს პოზიტიურ დამოკიდებულებას, პლატფორმა შეიძლება შეიქმნას“,- ციტირებს ერდოღანის სიტყვებს სააგენტო Anadolu. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი პლატფორმის ფორმირება დადებითად შეუწყობს ხელს ანკარა-ერევნის ურთიერთობების განვითარებას. დღესვე, TASS.- ი იუწყება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და მისმა თურქმა კოლეგამ მევლუთ ჩავუშოღლუმ შაბათს რომში G20-ის სამიტის დროს საუბრისას ყურადღება გაამახვილეს სამხრეთ კავკასიაში რეგიონული „3+3“ პლატფორმის პერსპექტივაზე. „მათ გაცვალეს მოსაზრებები 3+3 რეგიონული მექანიზმის ამოქმედების პერსპექტივებზე ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვისა და სამხრეთ კავკასიაში ორმხრივად მომგებიანი ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობის მიზნით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. ცნობისთვის, თეთრი სახლის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, ბაიდენმა სხვა საკითხებთან ერთად განიხილა დიპლომატიური ძალისხმევა სამხრეთ კავკასიაში. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონლიფქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივაზე განაცხადა, რომელსაც მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანმა და ირანმა. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ „მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას“. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატზე დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში წარუმატებლობის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში მისი მმართველი სოციალ-დემოკრატიული კავშირი (SDSM) დამარცხდა. ამის შესახებ Euronews წერს. ზაევმა სკოპიეში პარტიის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ამ შედეგზე პასუხისმგებლობას იღებს“. „მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის და სოციალ-დემოკრატიული კავშირის ლიდერის პოსტს“, - განაცხადა ზორან ზაევმა. ზაევმა აღიარა დამარცხება ყველაზე მნიშვნელოვან წერტილში, დედაქალაქის მერის რბოლაში. მოქმედი პრეზიდენტი პეტრე შილეგოვი დამარცხდა დამოუკიდებელ კონკურენტთან დანელა არსოვსკასთან, რომელიც სკოპიეს ისტორიაში პირველი ქალი მერი იქნებ და რომელსაც მხარს უჭერდა ოპოზიცია. ოპოზიციური VMRO-DPMNE მაკედონიის ერთობის დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ქრისტიან მიცკოსკიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნებზე წარმატების შემდეგ, ვადამდელი არჩევნების ჩატარების ალბათობა მაღალია, რადგან მმართველმა პარტიამ ლეგიტიმაცია დაკარგა.
პოლიციამ ვერაზე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ვ.ც., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.ც.-მ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე - ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, ვ.ც. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითმიმდინარეობს“, - აცხადებს შსს.
ნიგერიაში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულია მინიმუმ 6 ადამიანი
"ნიგერიის ქალაქ ლაგოსში 22-სართულიანი მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულია მინიმუმ 6 ადამიანი, ხოლო დაკარგულად ითვლება 100-მდე ადამიანი", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, რომ შენობის ნანგრევებში მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები არიან მოყოლილი. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები უწყვეტ მიმდინარეობს.