ძებნის რეზულტატი:
რადას დეპუტატი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება
"ძალიან არასწორია და სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება საპატიმროში და ყოველდღიურად მისი მდგომარეობა უარესდება. ამის უბრალოდ ასე დატოვება არ შეიძლება", - ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ განაცხადა. როგორც იასკომ ჟურნალისტებთან აღნიშნა, სააკაშვილს ხარისხიანი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება და არა გლდანის კლინიკაში გადაყვანა. „ძალიან არასწორია და სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება საპატიმროში და ყოველდღიურად მისი მდგომარეობა უარესდება. ამის უბრალოდ ასე დატოვება არ შეიძლება. ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, არჩევნები მოიპარეს და ეს ძალიან მტკივნეული და უსამართლოა, მაგრამ თუ ამ ბრძოლას არ გავაგრძელებთ, ნამდვილად შეიძლება დავკარგოთ მიშას სიცოცხლეც და ზოგადად, რაიმე მომავალიც კი. მე ძალიან მტკივა ამის დანახვა, ამაზე საუბარი და იმის ყურება თუ როგორ ხდება ის სულ უფრო უარესად ყოველდღიურად. მიშას ძალიან ესაჭიროება ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, ეს არ შეიძლება, რომ იყოს გლდანის კლინიკა. ასევე, რა თქმა უნდა, საჭიროა პრეზიდენტის გათავისუფლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა ლიზა ისაკომ.
NGO-ები: საარჩევნო დარღვევები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და შესაძლოა, არჩევნების შედეგებზეც
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებს ეხმიანებიან. მათი თქმით, ქვეყანას მაღალდემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მმართველი პარტიის არასაკმარისმა პოლიტიკურმა ნებამ დააკარგინა. მესამე სექტორის შეფასებით, საარჩევნო დარღვევები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, შესაძლოა, არჩევნების შედეგებზეც. "ვეხმიანებით 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მიმდინარეობას. მიუხედავად იმისა, რომ არსებული კანონმდებლობა და ბოლო პერიოდში ჩატარებული საარჩევნო რეფორმა საქართველოში მაღალი დემოკრატიული ხარისხის არჩევნების ჩატარების საშუალებას გვაძლევდა, სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის არასაკმარისმა პოლიტიკურმა ნებამ დაგვაკარგვინა ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესში ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გამოვლენილი დარღვევები ცალსახად ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, საარჩევნო პროცესისა და შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა ამ დარღვევებს შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა" - ნათქვამია მესამე სექტორის ერთობლივ განცხადებაში. NGO-ების თქმით, არჩევნებზე კვლავ დაფისქირდა ადმინისტრაციული რესურსის, საჯარო მოხელეების ბოროტად გამოყენება და მათზე ზეწოლა-მუქარა. ასევე, სამართალდამცავების მხრიდან დარღვევებზე არრეაგირება. ისევ, მართველ პარტიას ჰქონდა აშკარა ფინანსური უპირატესობა. "სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღესთან მიმართებაში კვლავაც აქტუალურია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლებების, საჯარო მოხელეების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებისა და ზეწოლა-მუქარის ფაქტებთან დაკავშირებული პრობლემები. სახეზეა, მმართველი პარტიის გამოკვეთილი ფინანსური უპირატესობა, რისი მიღწევაც, მათ შორის, სავარაუდო კორუფციული სქემების მეშვეობით ხდება შესაძლებელი. სამართალდამცავი ორგანოები ხშირ შემთხვევაში არ რეაგირებენ კონკრეტული კანონდარღვევის ფაქტებზე. უმრავლეს შემთხვევაში, მათ მიერ პროაქტიულად ინიცირებული გამოძიებები საარჩევნოდ მოტივირებულია და არჩევნების დღეს ამომრჩევლების ემოციებით მანიპულირებისკენ არის მიმართული. საარჩევნო ადმინისტრაციის ცალკეულ მოხელეთა ქმედებები საფუძვლიან კითხვებს აჩენს მათი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის თაობაზე. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტები არ არიან მიმართული პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ და ზღვარი მმართველ პარტიასა და მთავრობას შორის, ფაქტიურად, წაშლილია" , - წერენ განცხადებაში. მესამე სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს საარჩევნო პოლიტიკა შეცვალოს, ასევე, საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად და გასაერთიანებლად, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ქმედითი ნაბიჯები გადადგას. "დღეს საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა უკიდურესად დაბალია. ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის, სასამართლო მმართველი ძალის პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარება. ასეთ პირობებში სულ უფრო რთულდება, რომ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კანონისმიერი რეაგირება მოყვეს არჩევნების დროს ჩადენილ დარღვევებს და ობიექტურად განისაზღვროს საარჩევნო პროცესზე მათი გავლენის ხარისხი. მმართველმა პარტიამ პოლიტიკური კრიზისების არცერთ ეტაპზე არ გამოხატა რეალური ნება ძალაუფლების გაზიარებასთან დაკავშირებით. 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაც ამის აშკარა მაგალითია. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებები მიუთითებენ მათ საპირისპირო განწყობაზე, რომ არ დაუშვან რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტის მათი პოლიტიკური კონტროლიდან გასვლა. ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარისხი და შედეგები ამ გაცხადებული მიზნის აშკარა დადასტურებაა. სამწუხაროა, რომ დაბალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები საზოგადოებაში პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების მიზეზი შეიძლება გახდეს. ამ ვითარებაში გართულდება საზოგადოებაში ერთობის შენარჩუნება და მოვლენების განვითარება შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების მიმართულებით წავიდეს. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას შეცვალოს არსებული პოლიტიკა და საზოგადოების დაყოფის ნაცვლად, მისი გაერთიანებისაკენ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. არსებული პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა და განვითარება. სწორედ, ხელისუფლების ხელშია დღეს საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი, რომლის პერსპექტივაც არსებული პოლიტიკის პირობებში სულ უფრო ბუნდოვანი ხდება" - ნათქვამია NGO-ების განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED; ღია საზოგადოების ფონდი - OSGF; მედიის განვითარების ფონდი - MDF; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - EPRC; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR; საფარისაზოგადოება და ბანკების ოციალური სამართლიანობის ცენტრი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS; მწვანე ალტერნატივა; საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტია; დამიანის უფლებათა ცენტრიცენტრი ემპათია; საქართველოს გაეროს ასოციაცია - UNAG; თვითმმართველობის მეორე ტურს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩოც, რომელიც ეუთო/ოდირის პოზიციებს იზიარებს, რომ არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა მეორე ტურშიც, ხოლო განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. ცესკოს შემაჯამებელი მონაცემები: როგორ გადანაწილდა ხმები 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში
სომხეთმა 12 წელს გადაცილებული მოზარდების ვაქცინაცია დაუშვა
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 წლისა და უფროსი ასაკის მოზარდების აცრა დაუშვა. სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, უკვე აცრილია სულ მცირე 20 მოზარდი. ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხური ბიურო ავრცელებს. გადაწყვეტილება გასულ კვირაში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ანაიტ ავანესიანმა მიიღო, რადგან სომხეთში სულ უფრო მატულობს კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო "წამლის ევროპული სააგენტოს" უახლესი რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, 12-17 წლის მოზარდებში დასაშვებია ამერიკული წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის, Moderna-ს გამოყენება. სომხეთმა ამ ვაქცინის პირველი, 50 ათასი დოზა ოქტომბრის დასაწყისში, ლიეტუვასგან მიიღო. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, უახლოეს პერიოდში, ქვეყანა 620 000 დოზა ვაქცინას დონაციის სახით მიიღებს, როგორც თავად ვაქცინის მწარმოებელი კომპანიისგან, ისე ნორვეგიის სახელმწიფოსგან. Moderna-ს პირველი დოზით სომხეთის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის 12 წლის ქალიშვილიც აიცრა. ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა შვილის ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.
თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქე მოკლეს
თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქე მოკლეს. დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა მასაჟის ცენტრში მოხდა. ინციდენტის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. გარდაცვლილს, ასევე, დაჭრილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს. უწყებაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.
პრემიერ-მინისტრი EBRD-ს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს, ოდილ რენო-ბასოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც გლაზგოში, გაეროს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის შედეგად ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. EBRD-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, აუცილებელია კონცენტრირება განვითარების დღის წესრიგზე. „აღინიშნა, რომ EBRD-ის დახმარებამ დღემდე 4 მლრდ ევრომდე შეადგინა 250-ზე მეტ პროექტში და უმნიშვნელოვანესია, რომ პორტფელის უდიდესი წილი კერძო სექტორზე მოდის, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიმდინარე რეფორმებისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში EBRD-ის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო COVID19-ის პანდემიით შექმნილი გამოწვევები და EBRD-ის როლი, როგორც მათზე სათანადო რეაგირების კუთხით, ისე პოსტპანდემიურ ეტაპზე ეკონომიკის აღდგენის პროცესში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და EBRD-ის პრეზიდენტმა განიხილეს სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის შესაძლო კონკრეტული მიმართულებები, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მნიშვნელობა, რაც ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობისა და ინკლუზიურობის უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტია. EBRD-ის პრეზიდენტმა დაადასტურა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთგულება, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად და ხელი შეუწყოს ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის უზრუნველყოფას. ოდილ რენო-ბასომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრიორიტეტებად დაასახელა კერძო სექტორის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, მეტი ინკლუზიურობის უზრუნველყოფა ეკონომიკაში, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინფრასტრუქტურისა და ასევე სატრანსპორტო-საკომუნიკაციო საშუალებების განვითარება და აღნიშნა, რომ EBRD-ი განაგრძობს საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეხვედრის შესახებ Twitter-ზე დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციის ფარგლებში ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან. EBRD-ის დახმარებით, საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა და ასობით პროექტი განახორციელა 4 მილიარდი ევროს ოდენობის პორტფელის ფარგლებში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური გარდაქმნებისა და ევროპული მისწრაფებების გზაზე”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ქადაგიშვილი: თუ მერსა და საკრებულოს შორის თანამშრომლობა არ შედგა იქ, სადაც „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ ჰყავს, კანონით გათვალისწინებულია ხელახალი არჩევნების დანიშვნა
"თუკი მერსა და საკრებულოს შორის თანამშრომლობა არ შედგა იმ თვითმმართველობებში, სადაც საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, მაშინ კანონით გათვალისწინებულია ხელახალი არჩევნების დანიშვნა", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ცესკო-ს წინასწარი მონაცმეების გამოქვეყნების შემდეგ, არჩევნების მეორე ტურის შედეგად, ხელისუფლებამ ექვსი ქალაქის და მუნიციპალიტეტის საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა. ოპოზიციური უმრავლესობაა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ბათუმში, ზუგდიდში, მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და რუსთავში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის და "ქართული ოცნების" დეპუტატის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობებში მაჟორიტართა რაოდენობის შემცირება სწორი გადაწყვეტილება არ იყო. "რაც შეეხება იმ რამდენიმე საკრებულოს, სადაც “ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არა აქვს, აქ ჩვენ ორი გზით წავალთ: - ეს იქნება კონკრეტული თანამშრომლობა კონკრეტულ საკითხებზე მერსა და საკრებულოს შორის. თუ საბოლოო ჯამში, ასეთი თანამშრომლობა არ შედგა - არ მოხერხდა ბიუჯეტის დამტკიცება და ასე შემდეგ, მაშინ კანონით გათვალისწინებულია ხელახალი არჩევნების დანიშვნა როგორც მერის, ასევე საკრებულოს მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე თვითმმართველობაში პროცესს დავაკვირდეთ, რაც ძალიან საინტერესო იქნება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. NGO-ები: საარჩევნო დარღვევები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და შესაძლოა, არჩევნების შედეგებზეც
“შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს“ სახელი შეეცვალა
საპარლამენტო ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს“ სახელი შეეცვალა და დღეიდან მისი ოფიციალური სახელწოდება “რეფორმების ჯგუფია“. ამასთან, სახელწოდებასთან დაკავშირებით ფრაქციის წესდებაში განხორციელებული ცვლილება პარლამენტის ბიუროს უკვე ეცნობა. ცნობისთვის, 3 ივნისს, პარლამენტში ახალი ფრაქცია სახელწოდებით, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ შეიქმნა. ფრაქციაში გაერთიანდა სამი პოლიტიკური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები.
მაკრონი ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს წყალქვეშა ნავების შესახებ გარიგების გამო სიცრუეში ადანაშაულებს
საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა წყალქვეშა ნავების გარიგების გამო იცრუა. BBC-ის ცნობით, შეკითხვას, მოიტყუა თუ არა მორისონმა, ემანუელ მაკრონმა ასე უპასუხა: „არ ვფიქრობ, ვიცი“. საფრანგეთის პრეზიდენტის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ავსტრალიამ გააუქმა 37 მილიარდი დოლარის (27 მილიარდი ფუნტი) გარიგება 12 წყალქვეშა ნავის ასაშენებლად და ამის ნაცვლად მოლაპარაკება აწარმოა შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან ახალი თავდაცვის პაქტის შესახებ, რაც შეთანხმებს გაფორმებით დასრულდა. ავსტრალიის და საფრანგეთის ლიდერები ამის შემდეგ პირველად შეხვდნენ რომში, დიდი ოცეულის სამიტის დროს. ავსტრალიელმა ჟურნალისტმა ემანუელ მაკრონს ჰკითხა, ენდობოდა თუ არა ისევ სკოტ მორისონს. „მე დიდ პატივს ვცემ თქვენს ქვეყანას. უბრალოდ ვამბობ, როდესაც ჩვენ პატივს გცემთ, უნდა იყოთ მართალი და უნდა მოიქცეთ თანმიმდევრულად, ამ ღირებულების შესაბამისად", - უპასუხა მაკრონმა. თავად სკოტ მორისონი უარყოფს, რომ იცრუა. ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა პირისპირ შეხვედრა ასევე რომში გამართა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს რომში გამართული შეხვედრისას განუცხადა, რომ აშშ-მ უხერხულობა უსაფრთხოების პაქტის გამო, რომლის გამოც საფრანგეთმა მილიარდობით თანხა დაკარგა. საუბარია 2016 წელზე, როცა ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია Naval Group-ი შეარჩია, რომელსაც ავსტრალიის ახალი წყალქვეშა ფლოტი უნდა აეშენებინა. კონტრაქტის ღირებულება, რომელიც აშშ-ის, ავსტრალიის და დიდი ბრიტანეთის მიერ თავდაცვის ალიანსის გაფორმების შემდეგ ჩაიშალა, 40 მილიარდ დოლარს შეადგენდა. იმ პერიოდში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უსაფრთხოების პაქტს უწოდა „ზურგში დარტყმა“ და საფრანგეთმა დროებით გაიწვია აშშ-ისა და ავსტრალიის ელჩები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თანამებრძოლებს: მიბაძეთ მამუკა ხაზარაძეს
"ჩემი რჩევა იქნება, პარლამენტში ჩემი ყველა თანამებრძოლის და უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და წესიერი ხალხის მიმართ: მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, პარლამენტი და „ქართული ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო დატოვონ",- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალ გზავნილში წერს. ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ლელო საქართველოსთვის" ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიერ სადეპუტატო მანდატზე უარის თქმას შთამბეჭდავს უწოდებს. „ძალიან შთამბეჭდავი იყო გუშინ მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი. მთლიანად ვიზიარებ მის ამ პოზიციას და მთლიანად ვეთანხმები ნიკა მელიას გამოსვლას. ერთი სული მაქვს, როდის შემოგიერთდებით, მაგრამ ამაშიც თქვენი დახმარება მჭირდება. ვერც ერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერანაიარი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებზე და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ დროის გაწელვას ემსახურება, რათა საპროტესტო მუხტი ჩაქრეს და შიგნითაც და გარეთაც ჩვენს ქვეყანაზე ხელი ჩაიქნიონ. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, პარლამენტში ჩემი ყველა თანამებრძოლის და უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და წესიერი ხალხის მიმართ - მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო დატოვონ“,- აღნიშნულია სააკაშვილის გზავნილში. ცნობისთის, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დეპუტატის მანდატი გუშინ დატოვა.
მას შემდეგ რაც ილონ მასკმა ღარიბების დასახმარებლად 6 მილიარდის გაღება გადაწყვიტა, tesla-ს აქციების ფასი 9 მილიარდით გაიზარდა
სიღარიბის წინააღდეგ საბრძოლველად, ილონ მასკმა $6 მლრდ-ის ღირებულების Tesla-ს აქციების გაყიდვის შესახებ განაცხადა. აღნიშნული განცხადებიდან ერთ დღეში მასკის ქონება 9.3 მილიარდით გაიზარდა. Bloomberg-ის ცნობით, ილონ მასკმა აღნიშნული გადაწყვეტიება მას შემდეგ მიიღო, რაც გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა დევიდ ბისლიმ განაცხადა, რომ მხოლოდ 6 მილიარდ აშშ დოლარსაც კი 42 მილიონი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შეუძლია. twitter-ზე ბისლიმ ილონ მასკს მილიარდერთა სიის სათავეში დაბრუნება მიულოცა და მას და Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს, ასევე სხვა მილიარდერებს, მათი ქონების მცირე პროცენტის, ერთჯერადი დახმარების სახით, გაღებისკენ მოუწოდა. "როგორც ჩანს, თუკი გაერო ხარჯთაღრიცხვას საჯაროდ განათავსებს, რათა ადამიანებმა შეძლონ ნახონ სად იხარჯება ეს ფული, ამ საქმისთვის 6 მილიარდ დოლარს გავიღებ", - დაწერა მასკმა. Forbes-ს ცნობით მასკ $292.6 მლრდ აქვს. საერთაშორისო ფინანსისტების შეფასებით, მასკის ამ განცხადების და $6 მლრდ-ს გაღების შემდეგ, Tesla-ს აქციების ფასი იმდენად გაიზრდება, რომ მასკის ქონება $300 მლრდ-ს გადააჭარბებს. "შიმშილის პრობლემა მსოფლიოში პანდემიამდეც მწვავედ იდგა, მაგრამ ბოლო დროს მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა და 811 მილიონს მიაღწია", - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი კუ დონჟუ ავრცელებს.
ისრაელმა ტურისტებისთვის საზღვრები დღეს პირველად გახსნა
ისრაელში შესვლა შეეძლება ყველა ტურისტს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იქნებიან აცრილი. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ისრაელის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ქვეყნის საზღვრების გახსნით ტურიზმის ინდუსტრია გამოცოცხლდება. ცნობისთვის, ოფიციალური თელ-ავივი გაზაფხულზე გეგმავდა ტურისტებისთვის ქვეყნის საზღვრების გახსნას, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა გადაიდო ქვეყანაში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტით გამოწვეული ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო.
ტონგაზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ტონგაზე ჩქარობენ კოვიდვაქცინაციას მას შემდეგ, რაც წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფომ პარასკევს პირველი შემთხვევა დაადასტურა. ინფექცია გამოვლინდა სრულად ვაქცინირებულ ადამიანში, რომელიც (რეპატრიაციის წესით) ჩამოვიდა ახალი ზელანდიიდან. ტონგას პრემიერ-მინისტრმა პოჰივა ტუიონეტოამ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ მთავარ კუნძულ ტონგატაპუზე მცხოვრებნი მომავალ კვირას შესაძლო ჩაკეტვის საფრთხის წინაშე დგანან. ტონგა იყო ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელსაც არ დაუფიქსირებია კოვიდინფექცია. სულ 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს კუნძულზე, რომელიც მდებარეობს ახალი ზელანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ტონგას მოსახლეობის მხოლოდ მესამედია სრულად ვაქცინირებული. მაგრამ იმუნიზაციის ეროვნულმა კოორდინატორმა AFP-ს განუცხადა, რომ ათასობით ადამიანი გამოცხადდა ვაქცინაციის ცენტრებში, რათა აცრა ჩაეტარებინათ. ინფიცირებული 215 ადამიანს შორის გამოვლინდა, რომლებიც ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩიდან მიფრინავდნენ. სხვა ბორტზე შედიოდნენ ტონგას ოლიმპიური გუნდის წევრები, რომლებსაც ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ მოუწიათ დარჩენა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 246 მილიონზე მეტს ადამიანს დადასტურდა და თითქმის 5 მილიონი დაიღუპა. ვირუსი ჯერ არ გავრცელებულა წყნარი ოკეანის ზოგიერთ კუნძულოვან ქვეყანაში, როგორიცაა ტუვალუ. სხვა ქვეყნებს, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეას და თურქმენეთს ჯერ არ აქვთ გამოქვეყნებული შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ ექსპერტები თანხმდებიან, რომ ინფორმაციას მალავენ და ვირუსი შეიძლება იყოს ამ ტერიტორიებზე გავრცელებული, თუნდაც ის ოფიციალურად არ იყოს დადასტურებული.
ბადრი ჯაფარიძე: განზრახვა გვაქვს, გავაფართოოთ ფრაქცია
"განზრახვა გვაქვს, გავაფართოოთ და გავაძლიეროთ ფრაქცია და ვმუშაობთ ამაზე",- ამის შესახებ ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, პარლამენტში, ვინც რჩება აქტიური საქმიანობის გაგრძელებას აპირებენ. “პარლამენტში ვინც ვრჩებით, ვაპირებთ გავაგრძელოთ ჩვენი აქტიური საქმიანობა, რომ ყველა ის ინიციატივა, რომელიც გამომდინარეობდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან. მამუკა ხაზარაძემ როცა გადაწყვიტა დათანხმებულიყო მერის მოადგილის კანდიდატობას, მაშინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ პარალამენტს დატოვებდა, რაც გაახმაურა გუშინ და გაასაჯაროვა," - განცხადა ჯაფარიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს. მამულაშვილის განცხადებით, ქვეყანას არჩევნები და მომავალი მოპარეს. ამასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მანდატის შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს შესაბამისი პროცედურების გავლით მიმართავს. „დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს არა მხოლოდ არჩევნები და მომავალი მოპარა, არამედ ცდილობს, რომ საქართველო დააბრუნოს პრორუსულ ორბიტაზე, ინსტიტუტები გვჭირდებოდა იმისათვის, რომ გამოგვეყენებინა პლატფორმა საუბრისთვის, მაგრამ ახლა კარგავს აზრს, რადგან ქვეყანა არის მიტაცებული, ძირითადად, ერთი ადამიანის ხელში და ახლა ამ ინსტიტუტებში ყოფნა და რამის გახმოვანება არის ძალიან საეჭვო. ვფიქრობ, პარლამენტში ყოფნას აზრი ეკარგება. ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით აქამდე, ახლა ვხედავთ, რომ პარლამენტში “ქართული ოცნება” ცდილობს, გაატაროს ის ხაზი, რაც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება. ვთლი, სწორი იყო მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება და ამ მაგალითს უნდა მივბაძოთ. პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია - ეს პარლამენტი არის ცირკი, თეატრი და ამ თეატრში მონაწილეობა არის მიუღებელი", - აცხადებს ნონა მამულაშვილი.
დავით ზლკალიანი: კლიმატის სამიტზე პრემიერი გლობალური დათბობის კუთხით კავკასიაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლაში კავკასიაში საქართველოს მხრიდან დანახულ პრობლემებზე ისაუბრებს, თუ რა საფრთხეს უქმნის კავკასიას გლობალური დათბობა და ტემპერატურის ცვლილება - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველო მსოფლიოს ნაწილია და ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც საერთოა მსოფლიოსთვის და საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას, საქართველოსაც ეხება. „საქართველო მსოფლიოს ნაწილია და ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც საერთოა მსოფლიოსთვის, რაც არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან და ასევე, იმ მავნე სითბური აირების გამოყოფასთან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას, საქართველოსაც ეხება. ამიტომ, ეს გამოწვევა, როგორც მთლიანად მსოფლიოსთვის, საქართველოსთვისაც აქტუალურია და პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლაში სწორედ საქართველოს მხრიდან დანახულ ამ პრობლემებზე ისაუბრებს, იმაზე, თუ რა საფრთხეს უქმნის თუნდაც კავკასიას გლობალური დათბობა და ტემპერატურის ცვლილება. რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია და უფრო ეფექტიანი იყოს მსოფლიო თანამეგობრობის ბრძოლა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გაეროს 20-30 პროგრამის ნაწილი ვართ, რომელშიც ჩვენი ეროვნული მიზნები და ამოცანები გვაქვს და ეს ეროვნული მიზნები და ამოცანები თავსებადობაშია მოყვანილი გაეროს 20-30 წლის მდგრადი განვითარების პროგრამასთან და ვფიქრობ, რომ პრემიერი თავის გამოსვლაში სწორედ ამ კუთხით ისაუბრებს, ჩვენი მხრიდან დანახული პერსპექტივით რა ნაბიჯები უნდა გადადგას მსოფლიომ ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა. ირაკლი ღარიბაშვილი გლასგოში კლიმატის ცვლილების კონფერენციას პირველად დაესწრო. პრემიერ-მინისტრი twitter-ზე წერს, რომ ვიზიტით აღფრთოვანებულია და საზოგადოებას მოუწოდებს უფრო მწვანე გახდეს. "აღფრთოვანებული ვარ ჩემი დამწყები ვიზიტით გლასგოში კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე. ჩვენ ერთად უნდა ავმაღლდეთ იმ გამოწვევებისთვის, რის წინაშეც კლიმატის ცვლილება გვაყენებს და ჩვენ ვალდებულები ვართ, გავზარდოთ ჩვენი ჩართულობა უფრო მწვანე, პროდუქტიული და მოქნილი საზოგადოების შესაქმნელად" , - წერს ირაკლი ღარიბაშვილი twitter-ზე. დიდი ოცეულის ქვეყნები კლიმატის ცვლილებებთან გასამკლავებლად, ღარიბი ქვეყნების დახმარების მიზნით, ყოველწლიურად 100 მილიარდ დოლარს გამოყოფენ
ანტონიო გუტერეში კლიმატის ცვლილების სამიტზე: საკმარისია ნახშირბადით თავის მოკვლა. საკუთარ საფლავებს თვითონ ვითხრით
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კლიმატის ცვლილებას მისი მმართველობის განმსაზღვრელ საკითხად განიხილავს. გლაზგოში კლიმატის ცვლილების სამიტზე მის გამოსვლას BBC-მ ყველაზე მკაცრი უწოდა. „სამყარო მკვეთრი არჩევანის წინაშე დადგა - ჩვენ შევაჩერებთ მას, ან ის შეგვაჩერებს ჩვენ“, - მიმართა მან კლიმატის სამიტის მონაწილეებს გლაზგოში. მისივე თქმით, „ილუზიაა" რწმენა, რომ ქვეყნების ბოლოდროინდელი განცხადებები ნახშირბადის შემცირებისკენ ბიძგი იქნება. „აირჩიეთ ამბიცია, აირჩიეთ სოლიდარობა, აირჩიეთ ჩვენი მომავლის დაცვა და კაცობრიობის გადარჩენა“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა. მან ქვეყნების მიერ განახლებული გეგმის ყოველწლიურად და არა 5 წელიწადში წარმოდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა, როგორც ეს აქამდე ხდება. „ან ჩვენ გავაჩერებთ ან ის გაგვაჩერებს. და დროა ვთქვათ, საკმარისია. საკმარისია ნახშირბადით თავის მოკვლა. საკმარისია ბუნებას საპირფარეშოს მსგავსად ვეპყრობოდეთ. ჩვენს საკუთარ საფლავებს ვითხრით“, - აღნიშნა გუტერეშმა.
ცესკო: რამდენიმე დღეა მანიპულაციური განცხადებები კეთდება
"რამდენიმე დღეა კეთდება მანიპულაციური განცხადებები იმაზე, რომ ოპოზიციური კანდიდატების წაგების მიზეზი ბათილი ბიულეტენების ჭარბი რაოდენობა გახდა, რაც თავისი" შინაარსით უსაფუძვლო განცხადებაა და მიზნად ისახავს საზოგადოებაში არჩევნების მიმართ კითხვის ნიშნების გაჩენას", - ამის შესახებ ცესკოს ინფორმაციის დაცულობის ცენტრის სპიკერმა თორნიკე გოგისვანიძემ განაცხადა. როგორც გოგისვანიძემ აღნიშნა, მონაცემების სიზუსტეს ცხადყოფს კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში გადათვლის პროცედურებიც, რომელიც დღეს წარიმართება. „ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, როცა მაგალითად ოპოზიციურმა კანდიდატმა გამარჯვება სულ რამდენიმე ხმის უპირატესობით მოიპოვა, თუმცა ამ მაჟორიტარულ ოქმებზეც ბათილი ბიულეტენების რაოდენობა იმაზე მეტია, რამდენი ხმითაც კანდიდატმა გამარჯვება მოიპოვა. ამის ერთ-ერთი მაგალითია მარტვილის საარჩევნო ოლქი, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა 5 ხმით გაიმარჯვა. მარტვილის ერთ-ერთ უბანზე ბათილი ბიულეტენების რაოდენობაც ზუსტად 5-ია. ასევე ჩხოროწყუს მე-12 საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა 5 ხმით გაიმარჯვა, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა კი შეადგენს 6-ს. წალენჯიხის 24-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, ერთ-ერთმა კანდიდატმა 9 ხმით მოიპოვა გამარჯვება, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 47-ია. ამდენად, დაინტერესებული პირების მიერ ცალსახად იმის მტკიცება, რომ ბიულეტენების გაბათილება ოპოზიციური კანდიდატებისთვის ხმების წართმევისკენ იყო მიმართული, სიმართლეს არ შეესაბამება და არასწორია. საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად დაამუშავა სხვადასხვა ტიპის სტატისტიკა, მათ შორის ბათილი ბიულეტენების ჭრილში. ეს მონაცემები, თუნდაც ზემოაღნიშნული მაგალითებითაც რომ ვიმსჯელოთ, ცხადყოფს, რომ კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცედურები წარიმართა კანონმდებლობის ნორმების დაცვით და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს გამოცხადებული შედეგების სიზუსტეს. მონაცემების სიზუსტეს ცხადყოფს კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში გადათვლის პროცედურებიც, რომელიც დღეს წარიმართება. აღსანიშნავია ისიც, რომ ცესკოს თავმჯდომარემ ოლქებს მიმართა რეკომენდაციით არჩევნების მეორე ტურზე სავალდებულო 5-5 უბნის შედეგის ნაცვლად გადაეთვალათ 7-7. აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას შეიტანს მათ შორის იმ საკითხში, რასაც ბათილი ბიულეტენების რაოდენობა და ბათილობის მიზეზები ჰქვია”, - განაცხადა გოგისვანიძემ. ამასთან, მანვე განმარტა, რომ ბიულეტენის ბათილობის ყველა საფუძველი კანონითაა განსაზღვრული. „დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მიიჩნევა ბათილად, თუ: სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშის; სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა ერთზე მეტი ერთი და იმავე სახეობის საარჩევნო ბიულეტენი; საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე; საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერით ან/და რეგისტრატორის ბეჭდით; შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა; საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისთვის (ასეთი ბიულეტენები ცალკე პაკეტად იკვრება, მათი რაოდენობა არ მიეთითება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში და აღინიშნება მხოლოდ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში). სტატისტიკა ცხადყოფს, რომ უმრავლეს შემთხვევაში შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ როგორც პროფესიული ნიშნით, ისე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ კომისიის თითოეული წევრი, როგორც პარტიული ნიშნით დანიშნული, ისე პროფესიული ნიშნით არჩეული, დეტალურად იყო ინფორმირებული საარჩევნო უბანზე მიმდინარე პროცესების შესახებ. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს უფლება აქვთ დააფიქსირონ განსხვავებული აზრი, თუკი არ ეთანხმებიან შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს. უმრავლეს შემთხვევაში ასეთი რამ არ ფიქსირდება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირებული განსხვავებული აზრები ზოგადი, ტიპური შინაარსისაა და საერთოდ არ ეხება ბიულეტენების ბათილობას“, - აღნიშნა გოგისვანიძემ. მისივე თქმით, ცესკოს მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, რომ არჩევნების მეორე ტურის მონაცემების მიხედვით, ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები დაბალია და დიდად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან. „მაგალითად, მერის არჩევნების ნაწილში სულ მონაწილეობდა 1 015 491 ამომრჩეველი, ბათილია 30 095 ბიულეტენი, რაც 2.96% -ს შეადგენს. რადგან მედიაში ძირითადად აპელირება ხდება ქუთაისზე, ბათუმსა და ზუგდიდზე, აქვე გეტყვით ამ ქალაქების მონაცემებსაც. კერძოდ ქუთაისში 70 048 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, ბათილია 2 396 ბიულეტენი, რაც კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის მხოლოდ 3.42 %-ია. ბათუმში 77 034 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, გაბათილდა 2071 ბიულეტენი, რაც 2.69%-ია. ზუგდიდში 54 828 ამომრჩეველი მონაწილეობდა, ბათილია 1 345 ბიულეტენი, რაც 2.45 %-ია. რაც შეეხება მაჟორიტარულ ნაწილს, არჩევნების მეორე ტურში მაჟორიტარულ ნაწილში მონაწილეობდა 151 149 ამომრჩეველი, ბათილია 7 227 ბიულეტენი, რაც 4.78% -ს შეადგენს“, - განაცხადა თორნიკე გოგისვანიძემ.
ამირან გამყრელიძე: AstraZeneca-ს 17 000-მდე დოზა გამოუყენებელი დარჩა
"AstraZeneca-ს 17 000-მდე დოზას, სამწუხაროდ, ვადა გაუვიდა და გამოუყენებელი დარჩა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოსახლეობაში აღნიშნულ ვაქცინაზე მოთხოვნა ყველაზე დაბალი იყო. "გვინდოდა, "AstraZeneca" უფრო ფართო მასტაბით ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც გითხარით, მოთხოვნა ყველა დანარჩენ სამ ვაქცინასთან შედარებით დაბალი იყო. ამიტომ ის დოზები, რომელსაც სექტემბერში ვადა გაუვიდა და ასეთია დაახლოებით: 3 900 დოზა და ასევე, რომელსაც ოქტომბრის 31 გასდიოდა ვადა, ასეთი დარჩა 13 500 დოზა, ანუ სადღაც ერთად აღებული ეს გახლავთ: 17 000-მდე დოზა, სამწუხაროდ, გამოუყენებელი დარჩა", - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: მაინცდამაინც დამამშვიდებელ პროგნოზს ვერ ვიძლევით
"ქვეყანაში ძალიანაა მომატებული მობილობა, ამიტომ მაინცდამაინც დამამშვიდებელ პროგნოზს ვერ ვიძლევით", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო 2 კვირაა ეპიდსიტუაციაა მაღალ ციფრებზეა "ძალიან საგანგაშო ციფრებია, ეპიდსიტუაცია ძალიან საგანგაშო ციფრებზე ნარჩუნდება. ზოგადად, ბოლო 2 კვირაა ეპიდსიტუაციაა მაღალ ციფრებზეა. ქვეყანაში ძალიანაა მომატებული მობილობა, ამიტომ მაინცდამაინც დამამშვიდებელ პროგნოზს ვერ ვიბოლძლევით. მცირდება აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი", - განაცხადა გამყრელიძემ.
პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ჯანმო რიგ ქვეყნებში კვლევებს იწყებს
ერთი თვის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ჩამოყალიბდა უნივერსალური ჯანმრთელობისა და მზადყოფნის შეფასების ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი (Universal Health and Preparadness Review (UHPR) Technical Advisory Group), რომელშიც 21-კაცია გაერთიანებული, მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. პირველი შეხვედრა 28-29 ოქტომბერს ონლაინ გაიმართა და მას ჯანმოს გენერალური მდივანიც ესწრებოდა. ჯგუფი ამიერიდან თვეში ერთხელ შეიკრიბება. მრჩეველთა საბჭოში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად არის ზაზა წერეთელი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველიც, რომელიც კოლეგებთან ერთად უკვე შეუდგა მუშაობას. რატომ გახდა საჭირო ამ ჯგუფის შექმნა, რა არის მისი მიზანი და როგორ შეიძლება ის მომავალში შეეხოს საქართველოსაც, ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე Europetime ზაზა წერეთელს ნორვეგიაში დაუკავშირდა. ზაზა წერეთელი: პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველა ქვეყანამ დაინახა, რომ გარკვეულწილად მოუმზადებელი შეხვდნენ ამ სიტუაციას, მიუხედავად იმისა, რამდენად განვითარებული იყო ესა თუ ის ქვეყანა. ამიტომ, პირველი თვეების განმავლობაში ბევრი პრობლემა იყო და როდესაც ეს დაინახეს, 2020 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სხდომაზე გადაწყდა, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს, რათა ქვეყნები უკეთ იყვნენ მომზადებულნი ასეთი კრიტიკული სიტუაციებისთვის. ჯანმომ გადაწყვიტა, შეეფასებინა, როგორია მზაობა ქვეყნების ასეთი კრიტიკული სიტუაციებისადმი, რა შეცდომები იქნა დაშვებული, რათა გაითვალისწინონ ეს შეცდომები და ეცადონ მის გამოსწორებას. გადაწყდა, რომ შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, ეს იქნება ინდიკატორების კრებული, რომელიც თითოეულმა ქვეყანამ თავის ქვეყანაში უნდა შეკრიბოს და ამის მიხედვით შეფასდება ქვეყნის მზაობაც და გამოჩნდება, სად რა პრობლემებია. ჯანმოსთან ჩამოყალიბდა ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი, რომელმაც უნდა შეიმუშაოს ინდიკატორების ნაკრები, შემდეგ ჩაატაროს პილოტირება ქვეყნებში, გააანალიზოს მისი შედეგები და წარმოადგინოს მექანიზმები, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოიტანს მსოფლიო ასამბლეაზე. თუ ის ქვეყნების მიერ დამტკიცდება, ყველა ქვეყანამ უნდა დაიწყოს მისი გამოყენება, რათა შეაფასოს თავისი მდგომარეობა, მზაობა შემდგომი კრიტიკული სიტუაციებისთვის. პირველებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ და პორტუგალიამ გამოხატეს სურვილი, რომ საპილოტე პროგრამა დაიწყონ თავიანთ ქვეყნებში. იქნებიან სხვა ქვეყნებიც და პილოტირების დროს შეგროვდება ინფორმაცია, როგორ მართეს ამ ქვეყნებმა პანდემია და შესაბამისად, საუკეთესო მაგალითების ან შეცდომების ანალიზი მოხდება. არსებობს გარკვეული ინდიკატორები, რომლებსაც ქვეყნები ყოველწლიურად აგროვებდნენ, ასევე - საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციები, რომლებიც სწორედ მიმართული იყო კრიტიკული სიტუაციების დროს ქვეყნების მოქმედებაზე, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არ იყო, რადგან ქვეყნებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს თავისი მზაობა სიტუაციის ასეთი გამწვავებისთვის. ახლა ქვეყნები გამოცდილების საფუძველზე ფიქრობენ, გამოყონ ინდიკატორები, რომლებიც უფრო ნათლად მისცემს ამ ქვეყნებს საშუალებას, მიხვდნენ, რამდენად მზად არის მათი ჯანდაცვის სისტემა, მართვის სისტემა, კანონმდებლობა, ასევე - ფინანსურად როგორ იყვნენ მზად, რათა ვითარების გაანალიზება მოხდეს. გარდა ამისა, მოხდება სხავდასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის საგანგებო სიტუაციებში მზადყოფნის შესახებ საუკეთესო პრაქტიკისა და მიღებული გაკვეთილების შეგროვება და დოკუმენტირება. თუ ჯანმომ დაამტკიცა ეს ახალი მექანიზმი, შემდეგ ქვეყნებმა უნდა გამოხატონ თავისი მზაობა, რომ ჩაატარონ ასეთივე შეფასებები თავიანთ ტერიტორიაზე. ცხადია ასეთივე შეთავაზება ექნება საქართველოსაც და თანხმობის შემთხვევაში უკვე საქართველომაც უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ჩაატარებს ასეთ კვლევას ქვეყანაში. შესაბამისად, საქართველოს და მსოფლიოსაც ეცოდინება, როგორია მზაობა საგანგებო სიტუაციებისადმი. _რას შეუწყობს ხელს მექანიზმის ამოქმედება? _თვითონ ქვეყნებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დაინახონ, სად აქვთ პრობლემები და რა არის გასაუმჯობესებელი. ასევე, ეს ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას, რადგან პანდემიის დაწყებისას, მაგალითად, ქვეყნებმა არ იცოდნენ, ჩაეკეტათ თუ არა საზღვრები, შემოეშვათ თუ არა სხვა ქვეყნიდან თავისი მოქალაქეები, ასევე იყო უკმაყოფილება თუ გახსოვთ, რომ ჯანმომ დააგვიანა პანდემიის გამოცხადება. ასე რომ, ეს ყველანაირად შეუწყობს ხელს ქვეყნებს, გააანალიზონ თავისი მდგომარეობა და მეორე - საერთაშორისო საზოგადოებამაც შეაფასოს და გადააფასოს, როგორ შეხვდა ის კოვიდპანდემიას, რომ თუნდა რაღაც მექანიზმები დაიხვეწოს. ეს შეფასება ასევე განიხილება როგორც ეფექტური საშუალება, ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას, ახალი და განვითარებული საკითხების იდენტიფიცირებას და და მხარდაჭერის მობილიზებას საერთო გამოწვევების დასაძლევად. ეს გააძლიერებს ეროვნულ შესაძლებლობებს პანდემიისადმი მზადყოფნისათვის საერთო ანგარიშვალდებულების, თანამშრომლობისა და ურთიერთნდობის გზით. _რა კრიტერიუმით შეირჩა ქვეყნები პილოტირებისთვის? დიახ, იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ შეერჩიათ ქვეყნები. შეთანხმდნენ, რომ რთულია 100%-ით წარმატებული ქვეყანა გამოყო, რადგან რაღაც მიმართულებით ყველგან იყო პრობლემები. ამიტომ, აიღეს ის ქვეყნები, რომლებიც გამოხატავენ სურვილს და ის ქვეყნები, სადაც ყველა მაგალითის შესწავლა მნიშვნელოვანი იქნება. გერმანიამ და საფრანგეთმა გამოთქვეს სურვილი, არის კიდევ აფრიკის და აზიის რამდენიმე ქვეყანა. პორტუგალია წარმატებულია, 90% ჰყავს აცრილი, მაგრამ მას აინტერესებდა, კიდევ უფრო უკეთესად იყოს მზად მისი ჯანდაცვის სისტემა და ქვეყანა. აქ მხოლოდ ჯანდაცვის სისტემა არ არის, მიმდინარეობს ანალიზი იმაზე, თუ როგორი იყო მულტისექტორული ურთიერთობა, როგორ მონაწილეობდნენ სხვა სექტორები, მართვა და საზოგადოების ჩართულობა. ის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, ჩაატარონ საპილოტე პროგრამა, ჯანმო მიეხმარება და შემდეგ, თუ დამტკიცდება ეს ჯანმოს მიერ, ყველა ქვეყანა იქნება ვალდებული, ჩაატაროს კვლევა, რათა მსოფლიოს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჰქონდეს საშუალება, შეაფასოს არამარტო თავისი ქვეყნის ვითარება, არამედ იცოდეს, რა მდგომარეობაა მის მეზობლებთან და უფრო უკეთ დაგეგმონ, რისი გაკეთება იქნება საჭირო. _რას ელის ჯანმო მრჩეველთა ჯგუფისგან? ჯანმოს უნდოდა, ჩვენ გამოგვეყენებინა მეტ-ნაკლებად ის ინდიკატორები, რომლებსაც ქვეყნები ადრეც იყენებდნენ, მაგრამ ახლა დაიწყო მსჯელობა იმაზე, რომ ახალი ინდიკატორებიც გამოვიყენოთ, რადგან როგორც აღმოჩნდა, ქვეყნებმა კი იცოდნენ, რამდენი ექიმი ჰყავთ, რამდენი საწოლი აქვთ, მაგრამ ეს როგორც ჩანს, არ იყო საკმარისი, რომ მზად ყოფილიყვნენ სიტუაციის მკვეთრი ცვლილებისთვის. ამიტომ, მიმდინარეობს მსჯელობა კონკრეტული ინდიკატორების შემუშავებაზე, რაც ქვეყანას მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მზაობის ანალიზი მოახდინოს კრიტიკული სიტუაციის დროს და არა ის, თუ რამდენი საწოლია ჰოსპიტლებში. ამას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი იყო კრიტიკული განყოფილების საწოლების რაოდენობა და ასე შემდეგ. სწორედ ამაზე მიმდინარეობს ახლა საუბარი, რომ რაღაც ახალი მექანიზმი ჩამოყალიბდეს, რომ ინდიკატორები დაიხვეწოს და ქვეყნებსაც კონკრეტული ანალიზის საშუალება მიეცეთ, რადგან შემდგომ პანდემიას უფრო მომზადებული შეხვდნენ. _როგორ აპირებენ პანდემიის მართვის შეფასებას? როგორც აღმოჩნდა, ყველაზე პრობლემური საკითხია, როგორ მართავენ ქვეყნები სიტუაციას. გამოიკვეთა სახელმწიფოს როლი, არიან ინდივიდები, ბიზნესსექტორი, მაგრამ მთავარი როლი სახელმწიფოს ენიჭება პანდემიის მართვაში. მნიშვნელოვანია, რამდენად ეფექტური და მოქნილი იყო ეს მართვა, ხომ არ დააგვიანეს გადაწყვეტილების მიღება და თუ დააგვიანეს, რითი იყო ეს გამოწვეული. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, როგორც თქვეს, ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ეს იყო, რომ მართვა არ აღმოჩნდა ისეთი მოქნილი, რომ მაშინვე გამოევლინათ ალღო შექმნილი კრიტიკული სიტუაციის დროს. მეორე საკითხია - ადამიანის უფლებები. ამ 21-კაციან ჯგუფში, ერთი ადამიანი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტიდანაც არის, რადგან ახლა ხომ მიმდინარეობს მსჯელობა მაგალითად, უნდა იყოს თუ არა ვაქცინაცია მანდატორული და ასე შემდეგ. ასევე, შეზღუდვების დროსაც ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა, რამაც შეაფერხა გარკვეული ღონისძიებების გატარება. ამიტომ, ამ სიტუაციის შეფასებასაც აპირებენ, რათა გაანალიზდეს, როგორ უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული ისე, რომ ადამიანის უფლება არ შეილახოს, მაგრამ ყველაზე მთავარი - ჯანმრთელობის უფლება რომ იყოს დაცული. _რას ფიქრობენ ვაქცინაციის სავალდებულოობაზე, გარკვეული ჯგუფისთვის უნდა მოქმედებდეს ეს ზომა? მაგალითად სკანდიავიაში, ჩვენთან არც იყო საუბარი სავალდებულო ვაქცინაციაზე, რადგან მოსახლეობა იმდენად გათვიცნობიერებული იყო და აღქმა ჰქონდათ იმის, რომ ვაქცინაცია აუცილებელია, არავის უფიქრია, არ აცრილიყო. ამიტომ, ასეთ ქვეყანაში არანაირად არ იყო საჭირო სავალდებულოობა. თუმცა არიან ქვეყნები, სადაც მოსახლეობა „ფეხს ითრევს“, ძალიან მცირე რაოდენიბით არის აცრილი და სხვა გამოსავალი არ რჩება. მაგალითად, რიგი ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებას, გამოიყენონ „მწვანე ბარათები“, რომლის საშუალებითაც, აცრილებს აქვთ სერვისებთან წვდომა. ასეთი საშუალებით ცდილობენ, გაზარდონ ვაქცინაციის ტემპი და ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. საქართველოში ძალიან დაგვიანდა, უკვე ნოემბერი დაიწყო, ზამთარში ვირუსი უფრო ძლიერდება, რასაც გრიპიც დაემატება. ჩემი აზრით, საქართველოში პრობლემა იქნება არა ის, რომ გამოაცხადებენ, არამედ, როგორ გააკონტროლებენ, რა მექანიზმს შემოიღებენ, მაგალითად, სხვა ქვეყნებში, ექიმები, რომლებიც არ იცრებოდნენ, სხვა სამუშაოზე გადაიყვანეს, ან უფასო შვებულებაში გაუშვეს. როგორ ეტყვი სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში თანამშრომელს - თუ არ აიცრები ხელფასს არ მოგცემ. რთული საკითხია. ალბათ ამიტომაც მისაღები იქნება საქართველოში „მწვანე ბარათები“ და აცრილებს ჰქონდეთ უფრო მეტი უფლება, ვიდრე მათ, ვინც აუცრელია. _რაც შეეხება ნორვეგიას, ვიცით, რომ შეზღუდვები მოიხსნა, როგორია ეპიდვითარება ამჟამად? შემთხვევების რაოდენობამ ცოტა მოიმატა სკოლის მოსწავლეებში, ამიტომ, ნორვეგია ცდილობს, 12-დან 15 წლამდე ბავშვებში აცრები დააჩქაროს. იმისთვის, რომ სწავლა არ შეფერხდეს, ყოველკვირეულად მიმდინარეობს ტესტირება, რომ სწრაფი გამოვლენა და კარანტინში გადაყვანა მოხდეს. უბრალოდ, მოსახლეობა მაინც იცავს დისტანციას, ცდილობენ, მასობრივი თავშეყრის ადგილებს მოერიდონ. პირბადეებს არ ატარებენ, გარდა მატარებლებისა და ტრანსპორტისა, სადაც ბევრი ხალხია. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი ისეა, როგორც პანდემიამდე. მოსახლეობის 80%-მდე აცრილია და ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ნორვეგია და დანია, მოახერხეს მასობრივი ვაქცინაცია და ახლა გრიპის საწინააღმდეგო აცრებიც ტარდება. ერთადერთი - საზღვრებს მაინც აკონტროლებენ, არიან ქვეყნები, საიდანაც შესვლა, კარანტინს მოითხოვს, ხოლო მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებიდან, თუ გაქვთ კოვიდპასპორტი, შეგიძლიათ, კარანტინის გარეშე შემოხვიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარანტინი მოგიწევთ. _ოფიციალური პროტოკოლი როგორია? კოვიდსიტუაციას ვმართავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოვხსენით და დავუბრუნდით ძველებურ ცხოვრებას. ვმართავთ ისე, რომ სიტუაცია არ გაუარესდეს, ვაკონტროლებთ სიტუაციას. წლის ბოლოსთვის მთავრობა შეიკრიბება, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც შეაფასებენ, როგორი ეპიდსიტუაცია იქნება, განსაკუთრებით, ჰოსპიტლებში ავადმყოფების რაოდენობას, რომლის საფუძველზეც მიიღებენ გადაწყვეტილებას, რაიმე ზომა შეცვალონ თუ გაამკაცრონ. ყველას ეუბნებიან, რომ კოვიდი არ დასრულებულა და ჩვენ მისი მართვა მოვახერხეთ, ამიტომ გთხოთ, დაიცვათ ის წესები, რომლებიც აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ თქვენი და სხვისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ ჩააგდოთ.