ძებნის რეზულტატი:

ირაკლი კობახიძე: 2024 წლის საპარლამენტო არჩვენები ბევრად უფრო ჯანსაღ გარემოში ჩატარება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე თავის გამოსვლაში და განაცხადა, რომ 30 ოქტომბერს დასრულდა არამხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, არამედ დასრულდა ერთწლიანი ძალიან რთული პოლიტიკური პროცესიც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახლა, როდესაც არჩევნები დასრულდა, უნდა გადაერთონ იმ საკითხებზე მსჯელობაზე, რომლებიც „ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, ეს არის ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობის საკითხები, საგარეო პოლიტიკა“. „შემდეგ სამ წელიწადს ექნება საკვანძო მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას და პარლამენტარს, რომელიც არ მოქმედებს ვიწრო პარტიული ინტერესების კარნახით, ვთავაზობთ აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო დებატებში ყველა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დაამატა, რომ „მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობა გაამართლონ“. „ამ წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამაც და ჩვენც ბევრი სირთულე გამოვიარეთ, ეს იყო პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, ეს იყო 6 თვიანი ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟი, პოლიტიკური შანტაჟი და ამ ფონზე ციხიდან გაშვებული ორი დამნაშავე. ასევე პრემიერ-მინისტრის მხრიდან ღალატი ქვეყნისა და ჩვენი გუნდისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, რისი ლოგიკური გაგრძელებაც იყო მის მიერ პარტიის შექმნა და არჩევნებში მონაწილეობა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმიც და 47%-იანი მაჩვენებლით პრაქტიკულად გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩვენების შედეგი. ამ შედეგმა არა მხოლოდ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის ნდობა „ქართული ოცნებისადმი“ არამედ დაამტკიცა, რომ ექვსთვიანი საუბარი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე სრული ფარსი და სიცრუე იყო,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, „ამ არჩვენების ყველაზე პრობლემური მხარე, რასაც ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი აღნიშნავდა, პოლარიზაციის ძალზე მაღალი ხარისხი და უკიდურესად პოლარიზებული მედია გარემო იყო“. „ჩვენი ვალია, ეს ვითარება მომდევნო არჩვენებამდე თვისებრივად შევცვალოთ. მჯერა, რომ ეს იყო ბოლო პოლარიზებული არჩვენები საქართველოში და მომდევნო 2024 წლის საპარლმენტო არჩვენები ბევრად უფრო ჯანსაღ გარემოში, საარჩვენო პროგრამების გარშემო აგებული ჯანსაღი პოლიტიკური დებატების ფონზე ჩატარდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, ამერიკის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: „არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა“. ამავე განცხადებით, ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია: მწვავე უთანასწორობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი

ქაბულის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან ორი აფეთქება მოხდა

ქაბულის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან ორი აფეთქება მოხდა. ამ ეტაპზე, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთი აფეთქება 400-ადგილიანი საავადმყოფოს შესასვლელთან, ხოლო მეორე საავადმყოფოს მახლობლად მოხდა. მედიის ინფორმაციით, აფეთქებების შემდეგ ისმოდა სროლის ხმაც. ადგილზე უსაფრთხოების ძალები არიან მობილიზებული. ამასთან, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ასევე, უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები საავადმყოფოში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს უსაფრთხოების ძალების მიმართულებით.

ნინო წილოსანი: მნიშვნელოვანი ინიციატივების და რეფორმების მარათონი იწყება

„საარჩევნო მარათონი დასრულდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამარჯვებით ახლა იწყება ახალი - მნიშვნელოვანი ინიციატივების და რეფორმების მარათონი“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება, ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა, ბიუროკრატიის შემსუბუქება და მყისიერი რეაგირება კერძო სექტორის მოთხოვნილებებზე, რეგიონული განვითარება და ამ მიმართულებებით თითოეული რეგიონის ძლიერი მხარეების აღმოჩენა, შემდეგ კი წერტილოვანი პოზიტიური ჩარევების განხორციელება. როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, აუცილებელია არსებული რესურსების სათანადოდ და ეფექტურად გამოყენება. „თუ ამ წლების განმავლობაში პოლიტიკურ ბატალიებში მონაწილეობამ, რომელიც ასევე ღირსეულ მიზანს ემსახურებოდა, ჩვენი ყურადღება მცირედით შეასუსტა და ჩვენი ძალისხმევა სხვა მიმართულებით წარმართა, დღეს ჩვენ, ლეგიტიმაციის ამ სიმაღლიდან გაცილებით მეტის გაკეთება უნდა შევძლოთ“, - აღნიშნა დეპუტატმა. „მიწის რესურსი პირობითად, მაშინ, როდესაც 60 %-ზე მეტი სასოფლო სამეურნეო მიწა სახელმწიფო საკუთრებაშია, არ უნდა მოველოდეთ დიდ ძვრებს სექტორში. და პირიქით, მიწის გაკერძოებით ახალ ენერგიას შევძენთ სექტორს. ადამიანური რესურსი ყველაზე მნიშვნელოვანია რაც შეიძლება გვქონდეს, ამ რესურსს ჩვენ სრულყოფილად ვერ ვიყენებთ, რადგან პროფესიული განათლება და ვიწრო სპეციალიზაციით ადამიანების მომზადება სამუშაო ბაზრის ახალი მოთხოვნების შესაბამისად, ჯერ კიდევ გამოწვევაა. ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მათთვის, ვისი ძალიან მნიშვნელოვანი იდეების განხორციელება ამგვარი რესურსით წარმოუდგენელია. ქალების უფრო ინტენსიური ჩართულობა დასაქმების ბაზარზე და მათი ინკლუზიური მონაწილეობა მეწარმეობაში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. მისი თქმით, ეს და ყველა სხვა გამოწვევა, რაც ქვეყნის წინაშე დგას დარგობრივი მიმართულებით, სექტორთან და ადამიანებთან ინტენსიური კომუნიკაციით უნდა გადაიჭრას. „უკან უნდა მოვიტოვოთ ფუჭი ენერგიის ხარჯვა წარსულზე, რადგან უკვე მერამდენედ ჩვენმა ამომრჩეველმა უარი უთხრა ამ წარსულს. ამომრჩეველი გვაძლევს მიმართულებას და მათი არჩევანია ახალი, მშვიდი და დინამიური განვითარება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. მან ოპოზიციას მიმართა, „გამოვიდნენ დაპირისპირებიდან და ამომრჩევლისა და ქვეყნის ინტერესებისთვის თანამშრომლობისკენ მოუწოდა“.

GDI ახალი წევრების არჩევას იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე გავლენის შენარჩუნების მცდელობად აფასებს

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI მიიჩნევს, რომ 2021 წლის 31 ოქტომბერს, ქვეყანაში კრიტიკულად დაძაბული პოლიტიკური ვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნების მეორე ტურის ჩატარების შემდგომ დღეს, საქართველოს მოსამართლეთა XXX კონფერენციის გამართვა, და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრის არჩევა საჭიროების არსებობის გარეშე, წარმოდგენს სასამართლოში არსებული კლანის წარმატებულ მცდელობას, სხვა საკითხებზე მიმართული საზოგადოებრივი ინეტრესის ფონზე დააკომპლექტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მისთვის სანდო და ლოიალური მოსამართლეებით, და მომდევნო წლების განმავლობაში განარტირებულად შეინარჩუნოს გავლენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე. ორგანიზაციის განცხადებით, იმისათვის, რომ კონფერენციას საბჭოს ახალი წევრები აერჩია, უფლებამოსილება ვადამდე შეიწყვიტა საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, თამარ ონიანმა, რომელსაც უფლებამოსილება 2022 წლის 24 მარტს ეწურებოდა და თეა ლეონიძემ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზუსტად ერთი წლის წინ აირჩიეს. „ეს ინფორმაციის ცნობილი გახდა უშუალოდ მოსამართლეთა კონფერენციაზე და მიუხედავად არაერთი მცდელობისა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი გაურკვეველი მიზნით არ ასაჯაროვებდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ ტოვებდა თანამდებობას იუსტიციის საბჭოში და ვის ნაცვლად უნდა აერჩიათ მოსამართლეებს საბჭოს ახალი წევრები. ამასთან, კონფერენციაზე არცერთ მათგანს არ განუმარტავს მიზეზი, თუ რატომ მიმართეს მათ იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განცხადებით. არსებული ორ ვაკანტური თანამდებობაზე დასახელდა ზუსტად ორი კანდიდატი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი, რომლებმაც ყოველგვარი მიმართვის, პრეზენტაციისა და განცხადების გარეშე მოიპოვეს დამსწრე მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა და მიიღეს დამსწრე 266 მოსამართლის 257 და 253 ხმა. განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო წლების განმავლობაში სასამართო სისტემაში დამკვიდრებული კონკურენციისა და განსხვავებული აზრის არ არსებობის პრაქტიკა, რომელიც ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის კრიტიკულად დაბალი ხარისხზე მეტყველებს. აღნიშნული ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა როგორც თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ისე მთლიანად სასამართლო სისტემის რეპუტაცია, ავტორიტეტი და საზოგადოებრივი ნდობა. არსებული ვითარება კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს სასამართლო სისტემის ძირეული და არსებითი რეფორმის საჭიროებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 31 ოქტომბერს საქართველოს მოსამართლეთა XXX კონფერენცია გაიმართა. მოსამართლეებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩიეს - პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს. “მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩია. ვულოცავ პაატა სილაგაძეს და გიორგი გოგინაშვილს და ვუსურვებ წარმატებებს. დარწმუნებული ვარ, რომ მათი საქმიანობა საბჭოში წარმატებული და ნაყოფიერი იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის”, - განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა. კონფერენციას 266 მოსამართლე დაესწრო.

რეგიონებში გაზი 20 თეთრით ძვირდება

"არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით. ტარიფი მხოლოდ პურის მწარმოებელ კომპანიებს არ გაუძვირდებათ", - ამის შესახებ "სოკარ ჯორჯია გაზის" განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ფასის ცვლილება გამოწვეულია მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებით. "2021 წლის 1 დეკემბრიდან შპს სოკარ ჯორჯია გაზის საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,15 (ერთი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შპს სოკარ ჯორჯია გაზის მიერ შენარჩუნებული იყო ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში. ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

პირველ ნოემბერს 3 369 ადამიანი აიცრა

2 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 982 593 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 038 193 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.5 %. სრულად ვაქცინირებულია 942 397 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.0%. პირველ ნოემბერს 3 369 ადამიანი აიცრა. 31 ოქტომბერს მხოლოდ 1 402 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის მარათონი საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აცრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, როცა მანამდე დღეში თითქმის 30 000 ადამიანი იკეთებდა ვაქცინას. დღეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 1 877. მანამდე კი 17 ოქტომბერს, აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი - 2265 იყო.

ლადო კახაძე: 5000 ინფიცირებული გვყავს და აცრა რატომ შეგვიმცირდა?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას დაინტერესდა, რატომ შემცირდა კოვიდვაქცინით აცრის მაჩვენებლები. „მოვისმინე, ჩინეთში კორონავირუსით 50 ადამიანი დაავადდა. 400 ათასი ადამიანი ჩადგა რიგში ასაცრელად. რიტორიკული კითხვა მაქვს, ჩვენ - 2000, 4000 5000 და აცრა შეგვიმცირდა? ამიტომ არ მაქვს უფლება, ყურადღება მოვადუნო. თავს არ ვუმტროთ, ყველას გთხოვთ, ყველა პირობაა შექმნილი, ყველანაირი ინფრასტრუქტურული მონაცემები მხარს გიჭერთ, და როცა ეს რესუსი მილევად რეჟიმში გადავა, უცებ წამოყოფენ თავს სამტროდ გამზადებული ენები ცხელი თავებით და იტყვიან, რომ აცრები ჩავარდა. ვაქცინების რესურსი არის და აიცერით. ჩვენ გვჭირდება მილიონი აცრა. მერწმუნეთ, შესაძლებლობა არსებობს, ჩვენი ქვეყანა, გავხადოთ უსაფრთხო მასპინძელი და ჩვენი ქვეყნიდან წასული ადამიანი უსაფრთხო სტუმარი ნებისმიერ ქვეყანაში. ასევე, არ უნდა ჩაიკეტოს ეკონომიკა“, - განაცხადა ლადო კახაძემ. ცნობისთვის, 2 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 982 593 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 038 193 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.5 %. სრულად ვაქცინირებულია 942 397 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.0%. პირველ ნოემბერს 3 369 ადამიანი აიცრა. 31 ოქტომბერს მხოლოდ 1 402 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის მარათონი საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აცრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, როცა მანამდე დღეში თითქმის 30 000 ადამიანი იკეთებდა ვაქცინას. დღეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 1 877. მანამდე კი 17 ოქტომბერს, აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი - 2265 იყო.

ლევან იოსელიანი: 300 ლარიანი ხელფასი არის დასაქმებულების დაცინვა, მალე დავასახელებთ ასეთ კომპანიებს

პარტია „მოქალაქეების“ წევრმა და ვიცე სპიკერმა ლევან იოსელიანმა, პარლამენტში კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების დაბალ ანაზღაურებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თვეში 300 ლარის ოდენობის ხელფასი რის დასაქმებულების დაცინვა. როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას იოსელიანმა აღნიშნა, ამ საკითხზე პარლამენტმა მუშაობა უნდა დაიწყოს. მისი თქმით, მოქალაქეები ამ საკითხზე საკნაონდებლო ინიციატივას ამზადებენ. ახლა, როდესაც არჩევნები ჩავლილია, იმედია, ამ დარბაზში საუბარი გვექნება იმ პრობლემებზე, რაც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს; ხალხზე და ყველა იმ გაჭირვებაზე, რომელიც ხალხის ირგვლივ მთელი ამ წლების მანძილზე არის თავმოყრილი და ჩვენ ამ სივრცეს ვიყენებთ ყველაფრისთვის, გარდა იმისა, რომ ხალხზე და მათ პრობლემებზე ვილაპარაკოთ მინდა, ვისაუბროთ მომსახურეობის სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე. სიახლე არ არის, რომ ამ ადამიანების გასამრჯელო არის უკიდურესად დაბალი, დაახლოებით, 300 ლარი. კომპანიების დამოკიდებულება კი ასეთია, თუ არ უნდათ ეს გასამრჯელო, შეუძლიათ დატოვონ სამსახური. ჩაბრძანდით [დეპუტატებს] თქვენი ეზოს მაღაზიებში და ჰკითხეთ გამყიდველებს, რამდენი აქვთ ხელფასი. ასეთი ველური დამოკიდებულება ბიზნესის მხრიდან საკუთარი მოქალაქეების მიმართ, არსად არ არის. სომხეთში, აზერბაიჯანში ხელფასის მინიმალური ზღვარია დაწესებული, რომლის დაბლაც ხელფასის გადახდა არ შეიძლება. მე არ ვარ მომხრე, ვიღაცას სახელმწიფომ რაღაც მოახვიოს ძალით თავზე, მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანებს სჭირდებათ დაცვა, ასეთი დამოკიდებულების გამო არის, რომ მერე „მწვანე ბარათზე“ 100 000-ზე მეტ ადამიანს შეაქვს განაცხადი და გაქცევა უნდათ ამ ქვეყნიდან. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, მე დღეს არ ჩამოვთვლი იმ კომპანიებს, იმ ჯგუფებს, რომლებიც ასე ექცევიან საკუთარ სფეროში დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ შემდგომში აუცილებლად დავასახელებ კონსულტანტებსაც, კომპანიებსაც და მათ მეპატრონეებსაც, რადგანაც ასეთი დამოკიდებულების გამოა, ამ ქვეყანაში გაჩერება რომ არ უნდა ხალხს და რომ გარბიან სამუშაოდ. ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი ამ საკითხზე. სხვაგან თუ საათობრივად უხდიან და საათში 10 და 20 დოლარია, გასაგებია, ჩვენ არ ვართ ასეთი მდიდარი ქვეყანა, მაგრამ საათში 1,80 ლარის გადახდა, ეს არის დაცინვა, უბრალოდ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა. დეპუტატი ამბობს, რომ დღეს თავს შეიკავებს, თუმცა მომავალში აუცილებლად დაასახელებს ბიზნესებს და კომპანიებს, ვინც ასე იქცევა და დასაქმებულებს შეუსაბამო ხელფასს უხდის. „უნდა დავიწყოთ ამ საკითხზე ფიქრი. სხვაგან 10-20 დოლარს უხდიან საათში ადამიანებს. მესმის, რომ ჩვენ არ ვართ ასეთი მდიდარი ქვეყანა, რომ ამდენი გადავუხადოთ, მაგრამ 1.80 ლარი არის დაცინვა. ამასთან დაკავშირებით გვექნება კონკრეტული ინიციატივები და მოგიწოდებთ, დავიცვათ ეს ადამიანები. ესენი არიან ძალიან დაჩაგრული ადამიანები და მათი უფლებები უნდა დავიცვათ“, - აღნიშნა დეპუტატმა. მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა

ირაკლი ზარქუა: ვიდრე გიორგი ხარჩილავა იქნება წალენჯიხის მცხოვრებლების ინტერესების გამტარებელი, ჩათვალოს, მის გვერდით ვარ

„მინდა მივულოცო ჩვენს ოპოზიციას, ქალაქ წალენჯიხაში, გიორგი ხარჩილავას გამარჯვება. ვინც საქმეს გააკეთებს, ჩვენ მის გვერდით დავდგებით, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარალამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „მას უყვარს ეს რაიონი და ვიდრე ბატონი გიორგი იქნება წალენჯიხის მცხოვრებლების ინტერესების გამტარებელი, ჩათვალოს, რომ მე მის გვერდით ვარ ყველა იმ პროექტში და ყველა იმ საკითხში, რაც ჩემი რაიონის ინტერესებს დააკმაყოფილებს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ჩვენ არ ვართ ჩასაფრებული. ვინც საქმეს გააკეთებს, ვინც ჩვენი მოსახლეობის იმ არჩევნების შედეგად მოპოვებული მანდატის ღირსეულად შესრულებას დაიწყებს, ჩვენ მის გვერდით დავდგებით, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. ცნობისთვის, წალენჯიხის მერი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გიორგი ხარჩილავა გახდა.

სოზარ სუბარი: საქართველო დღეს შემდგარი სახელმწიფოა, ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტებით

„ამ არჩევნებით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რომ სტაბილურობა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და ამ ამოცანების შესრულების გარანტად სწორედ „ქართული ოცნება“ მიაჩნია“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. საოცარი განცხადებები მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხრიდან, თითქოს „არჩევნები არ არის ადამიანების ნების გამოხატულება, ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხია“. კიდევ ერთხელ აღიარეს, რომ მათი მთავარი მიზანი უახლოესი პერიოდის განმავლობაში იქნება მორიგი არეულობა და ხელისუფლებაში ძალადობით მოსვლა. მინდა მკაფიოდ განვუმარტო ყველას, ვისაც ეს არ ესმის, ან არ სურს გაიგოს, რომ არჩევნები სწორედაც რომ ხალხის ნების გამოხატულებაა, ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზაა და ამას უნდა შეეგუონ. მოუწევთ შეგუება ამასთან. ვისაც ამ ჭეშმარიტების გათავისება უჭირს, მათ ასევე მკაფიოდ განვუმარტავ, რომ საქართველო დღეს შემდგარი სახელმწიფოა, ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტებით და ყველას მოუწევს, დაემორჩილოს კანონს და ხალხის ნებას, რაც სწორედ არჩევნების გზით არის გამოხატული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 30 ოქტომბერს საქართვლოს 20 ქალაქში, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, 19 ქალაქში „ქართული ოცნების“ კანდიდატია გამარჯვებული, ერთში - „ნაციონალური მოძრაობიდან“. ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს.

ქაბულში ორ აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქაბულში, სარდარ მუჰამედ დაუდ ხანის სამხედრო საავადმყოფოსთან მომხდარ ორ აფეთქებას, სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 43 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. აფეთქებები ავღანეთის დედაქალაქში დღეს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები საავადმყოფოში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს უსაფრთხოების ძალების მიმართულებით.

თეთრი სახლის წარმომადგენელი: აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის 70% კოვიდვაქცინით სრულად არის აცრილი

პანდემიასთან ბრძოლის საკითხებში თეთრი სახლის წარმომადგენლის ჯეფრი ზიენტსის ცნობით, აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის 70% Covid ვაქცინით სრულად არის აცრილი, ხოლო 80%-ს პირველი დოზა აქვს მიღებული. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელი აღნიშნავს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ძალისხმევით, 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან სრულად იქნება რეალიზებული იმ პირობით, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) რეკომენდაციას გასცემს მათ აცრაზე. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის მთავრობამ ბავშვების ვაქცინაციისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის 50 მილიონზე მეტი დოზა შეიძინა. აშშ-ს მთავრობამ ვაქცინის დამატებითი დოზები მას შემდეგ შეიძინა, რაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა ჯგუფმა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა. თუცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აღნიშნული გადაწყვეტილების დასამტკიცებლად, მრჩეველთა ჯგუფის რეკომენდაცია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ უნდა განიხილოს და დადებითი დასკვნის შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მიიღებს.

ცესკოს თავმჯდომარე: 194 უბნის გადათვლის შემდეგ, 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა

ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, 194 უბნის გადათვლის შემდეგ, 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა, ჯამში მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა. გიორგი კალანდარიშვილმა მედიას ბიულეტენების გადათვლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სწორედ საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ კენჭისყრის დასრულებიდან ექვსი დღის ვადაში სავალდებულო წესით, უნდა გადაითვალოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5-5 საარჩევნო უბანი ყოველ საარჩევნო ოლქში. მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა ზედმიწევნით დაიცვეს კანონის ეს წესი და ორი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, უმოკლეს ვადებში გადათვალეს 360 უბანი. „საარჩევნო ადმინისტრაცია 3 აგვისტოდან, არჩევნების დანიშვნის დღიდან 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და მუშაობს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის არჩევნები მაღალი სტანდარტებით თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მიუკერძოებლად ჩატარებულიყო. მიუხედავად მცირე დროისა, ადმინისტრაციამ შეძლო და ჯერ კიდევ 2 ოქტომბრისთვის გაითვალისწინა და განახორციელა საარჩევნო რეფორმის ყველა ის სიახლე და ცვლილება, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით – ე.წ. მიშელის დოკუმენტით. ამის კარგი დასტურია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებები, როგორც არჩევნების პირველ, ისე მეორე ტურთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ სულ გადავითვალეთ 812 უბანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. უახლესი საარჩევნო ისტორიის მანძილზე, ასეთი რაოდენობის საარჩევნო ოქმების შედეგების გადათვლა პირველი და უპრეცედენტო შემთხვევაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიუხედავად ოქმების შედეგების გადათვლის დიდი რაოდენობისა, გადათვლებს საერთო ჯამში შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. კანონის ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ, რა თქმა უნდა, მეორე ტურის შემდეგაც, ასევე უმოკლეს ვადებში 201 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები, თუმცა არჩევნების შედეგზე აღნიშნულს გავლენა არ მოუხდენია", - განაცხადა კალანდარიშვილმა. მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს საარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე და ღია, ხოლო არჩევნების შედეგების მიმართ იყოს მაღალი ნდობა. "გუშინ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვემართა საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, არჩევნების მეორე ტურზე ვიდეოფიქსაციის ჩანაწერების არ არსებობის გამო 2-ზე მეტ საარჩევნო უბანზე, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩეს 2-2 უბანი და მოხდეს მათი მონაცემების გადათვლა; ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2 ან ნაკლებია, ავტომატურად გადაითვალოს ყველა მათგანი. რაც ასევე ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნდობის გამყარებას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში. წარმოგიდგენთ ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს ამ დროისთვის გადათვლილი 201 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით. მერის არჩევნების ნაწილში სულ გადაითვალეს 194 უბნის შედეგი, საიდანაც 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებს, ამ ნაწილში სულ გადაითვალეს 33 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მაჟორიტარ კანდიდატებსდააკლდათ შვიდი ხმა და მოემატათ – ხუთი ხმა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია ცესკო-ს ვებგვერდზე. დამატებით ინფორმაციას დღეს გადათვლილი საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგის შესახებ უწყება მოგვიანებით გაავრცელებს", - განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ.

მამუკა მდიარაძე: სააკაშვილი შიმშილობის 41-ე, 57-ე დღეს სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება

"41-ე დღეს ჩემი აზრით, სასაცილო მდგომარეობა იქნება, რადგან ხომ ყველას ბავშვობიდან გვესმის, რომ ადამიანი 40 დღე ძლებს", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას გამოეხმაურა. მდინარაძის თქმით, 41- ე დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი იქნება. „არანაირი პრობლემა საბედნიეროდ არ შეიქმნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება კარგი, მე ასეთი გონივრული მოლოდინი მაქვს. დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს. მას შეუძლია მისცეს მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საშუალება და შემდეგ დავრწმუნდებით ჩემი აზრით, რასთან გვაქვს საქმე - ნახევრად შიმშილობასთან, "ფეიკთან", დადგმულ რაღაცასთან. მას ხელში უჭირავს ერთი კოზირი, რომ მისი ნებართვის გარეშე დეტალებს იუსტიციის სამინისტრო ვერ გაახმოვანებს. სააკაშვილი შიმშილობის 41- ე, 57-ე დღეს ჩემი აზრით აღმოჩნდება სასაცილო მდგომარეობაში. ლოგიკა ხომ შეგვიძლია განვავითაროთ,"- განაცხადა მდინარაძემ.

„რეფორმების ჯგუფი“: ბრძოლის ველიდან გასვლის და გვერდზე გადგომის დრო არ არის

ოპოზიციური ფრაქცია „რეფორმების ჯგუფი“ სრულად იზიარებს მოთხოვნას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლნიკაში გადაყვანის შესახებ, თუმცა, ბოიკოტს და მანდატზე უარის თქმას არასწორად მიიჩნევს. ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, „ბრძოლის ველიდან გასვლის და გვერდზე გადგომის დრო არ არის“. „ველოდები საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელზეც მკაფიო პოზიცია მე ჯერ არ მომისმენია. პირველი მოსმენით მივიღეთ ეს ცვლილებები. პირობა გაქვთ დადებული, ისევ როგორც ოპოზიციას აქვს პირობა დადებული, რომ ისინიც კენჭისყრაზე ამ დარბაზში შემოვლენ. ველოდები „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ ფრაქციასაც და თითოეულ დეპუტატს, ვინც თვლის, რომ ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კოალიციური მმართველობა“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ. მისი თქმით, კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი გარანტია და არა ერთადერთი არის სრულად პროპორციული არჩევნები დაბალი ბარიერით. „გთხოვთ დროულად გააკეთოთ განცხადება ამის თაობაზე იმიტომ, რომ არავის აღარ ჯერა ამის. მინდა მკაფიოდ მოვისმინო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უახლოეს მომავალში დადგება მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ეს გვეცოდინება წინასწარ, რომ ბოიკოტში მყოფი ძალები, ძალები, რომლებიც მანდატის დატოვებაზე საუბრობენ ამდენი ხანია, ამ კენჭისყრაზე ამ დარბაზში იყვნენ. ამ ნაწილში ერთობლივად გვაქვს გასაკეთებელი და გადასადგმელი ეს ნაბიჯი, ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მომავალში მართლა ეყოლება ამ ქვეყანას კოალიციური მმართველობა“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. ფრაქცია „ლელო“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს, ვიდრე ხელისუფლება არ უზრუნველყოფს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება, უკავშირდებოდეს მის სიცოხლეს. სადეპუტატო მანდატები დატოვეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. მანამდე პარლამენტის დატოვების შესახებ მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადეს. 30 ოქტომბერს საქართვლოს 20 ქალაქში, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, 19 ქალაქში „ქართული ოცნების“ კანდიდატია გამარჯვებული, ერთში - „ნაციონალური მოძრაობიდან“. ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს.

დეპუტატი: სააკაშვილის პოზიციაა, რომ საკონტიტუციო ცვლილების კენჭისყრამდე დეპუტატებმა მანდატებზე უარი არ თქვან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ საკონტიტუციო ცვლილების კენჭისყრამდე დეპუტატებმა მანდატებზე უარის თქმისგან თავი უნდა შეიკავონ. ამის შესახებ ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილი ხედავს ძალიან დიდი რისკს, რომ თანაგუნდელებთან, შესაძლოა, კომუნიკაციის გზა მთლიანად წაერთვას. „მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა შემდეგი პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით, ის იგივენაირად ფიქრობს, რომ გუშინდელი მისი პოზიცია გახლავთ სწორი. მისმა ფრაქციამ, მე ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრობის“ ფრაქციამ , მორალურადაც და სამართლებრივადაც კარგი იქნება რომ დატოვოს პარლამენტი, მაგრამ ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორ დეტალს - ის, რომ დღეს მე მასთან ვიყავი და ახლა გამოვედი, ეს არის შესაძლებლობა მხოლოდ და მხოლოდ იმის, რომ მე მაქვს მანდატი საქართველოს პარლამენტის და დეპუტატის, ეს შესაძლებლობა მთლიანად კვედება. ის ხედავს ძალიან დიდი რისკს ამაში, როდესაც მის თანაგუნდელებთან მთლიანად ეხერგება გზა კომუნიკაციის. ასევე მეორე, საკონსტიტუციო კენჭისყრებთან დაკავშირებით - ეს არის, პირდაპირ მის სიტყვებს ვიმეორებ, ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და ჩვენ ეს ჩასატარებელი გვაქვს, გადასატანი გვაქვს ეს დღეები, აქედან გამომდინარე ის, რომ ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით და არც საპარლამენტო და არც საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას აღარ მივიღებთ, ეს ასე იქნება“,- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ. ფრაქცია „ლელო“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს, ვიდრე ხელისუფლება არ უზრუნველყოფს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება, უკავშირდებოდეს მის სიცოხლეს. სადეპუტატო მანდატები დატოვეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. მანამდე პარლამენტის დატოვების შესახებ მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადეს. ამას წინ უძღოდა ექსპრეზიდენტის მოწოდება, რომ მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და დატოვონ პარლამენტი. 30 ოქტომბერს საქართვლოს 20 ქალაქში, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, 19 ქალაქში „ქართული ოცნების“ კანდიდატია გამარჯვებული, ერთში - „ნაციონალური მოძრაობიდან“. ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს. ცნობისათვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია, ითვალისწინებს მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას და ბარიერის შემცირებას.

თამარ კორძაია: ოპოზიცია ეთიშება უბნების შერჩევითი გადათვლის პროცესს, 109 საარჩევნო უბანზე ვიდეოჩანაწერები არ არსებობს

დეპუტატის თამარ კორძაიას გაცხადებით, დღეიდან, ოპოზიციის წარმომადგენლები უბნების შემთხვევით გადათვლის პროცესს გამოეთიშებიან, რადგან ამის აზრს ვერ ხედავენ. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, თამარ კორძაიამ განაცხადა, საქართველოს მასშტაბით ჯერ კიდევ არ არის ატვირთული 300-მდე ვიდეო, მხოლოდ თბილისის მასშტაბით გამოქვეყნებული არ არის 106 უბნის ამსახველი ვიდეო კადრები.გაურკვეველი მიზეზების გამო საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 109 უბანზე ვიდეოები არ არის ჩაწერილი, ან ცუდი ხარისხით არის ჩაწერილი "ვთვლით, რომ არანაირი აზრი ამ პროცესში მონაწილეობას არ აქვს, რადგან არ ითვალისწინებენ არც ერთ მოსაზრებას, შენიშვნას, თუ საჩივარს და შესაბამისად, დღეიდან ამ პროცესში მონაწილეობას ოპოზიციის წარმომადგენლები არ მიიღებენ, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მოვუწოდებ საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ დაიწყონ გამოძიება ყველა იმ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე არ აიტვირთა. დღეს დილიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტში აღნიშნავდნენ ძალადობით, შანტაჟით და გაყალბებით მოპოვებული გამარჯვების შედეგებს, თუმცა მინდა მათ შევახსენო, რომ ჯერ პროცესები არ დასრულებულა და პროცესი მიმდინარეობს მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე. მნიშვნელოვანია, რომ უბანზე დამკვირვებლები და კომისიის წევრები აცხადებდნენ, რომ მიმდინარეობდა ჩაწერა, მაგრამ . კონტროლის ეს მექანიზმი ვერ და არ არის გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან და საზოგადოებას აქვს საფუძვლიანი ვარაუდი იმის, რომ ამ უბნებზე მდგომარეობა შეცვლილია და ხელისუფლება ამას იყენებს მანიპულაციისთვის. ამ ფონზე, როდესაც ამ მასშტაბის ვიდეოები არ არის ატვირთული მხოლოდ 20 უბნის გადათვლა, ისიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თუ კომისიების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, არ იძლევა არავითარ სურათს და არავითარი შედეგის მაჩვენებელი არ არის, გარდა იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ფასადურ პროცედურულ დემოკრატიასთან. ასევე, გადათვლის პროცესი მიმდინარეობს ტენდენციურად, ხარვეზიანად, არასრულყოფილად, რასაც ადასტურებს ის, რომ გადათვლისას ხდება მხოლოდ ბიულეტენების გადათვლა, არ ხსნიან სამაგიდო სიებს და ხელმოწერებს, რაც არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი ნაწილია. ხელმოწერები და სამაგიდო სიები რჩება არჩევნების „აქილევსის ქუსლად“, რადგან მანიპულაცია სწორედ სიებით და ხელმოწერებით ხდება. მოვუწოდებთ კომისიებს, რომ საარჩევნო სიები, სამაგიდო სიები, გასაჯაროვდეს", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც მმართველ პარტიის წარმომადგენელს წეზოლაში ადანაშაულებდა, აცხადებს, რომ პოლიციამ გამოკითხა

ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორი, იზა ჩირგაძე, რომელმაც პირველ ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, მმართველი პარტიის წარმომადგენელს ხმების გაყალბების მიზნით ზეწოლაში დაადანაშაულა, ორდღიანი დუმილის შემდეგ, დღეს მედიასთან ისევ გააკეთა კომენტარი. ის აცხადებს, რომ პოლიციამ 3 ნოემბერს გამოკითხა, მათი მხრიდან ზეწოლა, ან მუქარა არ ყოფილა. ამასთან, განმარტავს, რომ მის მიერ პირველ ნოემბერს ნათქვამი სიტყვები უკან არ მიაქვს. „ფორმულასთან“ სატელევიზიო კომენტარში იზა ჩირგაძე აღნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბებაზე საჯაროდ საუბრის შემდეგ შერაცხმყოფელ და სალანძღავ წერილებს იღებდა, რის შემდეგაც ტელეფონი გათიშა და სიტუაციას ოჯახთან ერთად გაერიდა. „წაგვიყვანეს [პოლიციაში] იმისთვის, იყო თუ არა მშვიდობა დამუქრების მხრივ. დაკითხვის დროს იკითხეს ჩვეულებრივად, ვინმემ რაიმე ზეწოლა, ან რამე საფრთხეში ხომ არ ხარო. ტელეფონი გამორთული მქონდა, ფეისბუქიც. ვიდრე გამოვრთავდი ძალიან ბევრი შეურაცხყოფა იყო, ბევრი ლანძღვა იყო. მერჩივნა, ეს ყველაფერი წყნარ ვითარებაში დამთავრებულიყო. საზოგადოებას მოვუწოდებ, ტყუილს არავინ არ ამბობს, შეეშვან ლანძღვას, ყველამ მიხედოს საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახის წევრებს. რაც იყო დავტოვოთ ისე, ყველამ ყველაფერი იცის, რა მოხდა. ზედმეტს არაფერს დავამატებ. ვაპირებ, რომ გავჩუმდე, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის ისედაც“, - ამბობს იზა ჩირგაძე. ორი დღის წინ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ მზადყოფნა გამოთქვა, დაეცვა იზა ჩირგაძის უფლებები. ადვოკატი ანა ჩაფიძე ვარაუდობდა, რომ იზა ჩირგაძ ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია. მისი ინფორმაციით, იზა ჩირგაძემ საცხოვრებელი სახლი ზეწოლის გამო დატოვა და მისი ქცევა მიანიშნებს იმაზე, რომ არ უნდა კონტაქტი. „ქუთაისის #59 საარჩევნო ოლქის #90 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ, რომელიც პროფესიული ნიშნით არჩეული იყო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, განაცხადა, რომ კენჭისყრის დღეს, 90-ე საარჩევნო უბანზე ის კომისიის რეგისტრატორი წევრი იყო, რა დროსაც შენიშნა სხვისი პირადობის მოწმობით მისული ამომრჩევლები, რომლებსაც ბიულეტენები არ გადასცა, რითაც აღკვეთა მათი არჩევნებში უკანონოდ მონაწილეობა. მისი თქმით, ამის შემდეგ მას მმართველი პარტიის წარმომადგენელი უკავშირდებოდა და იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ იყვნენ 90-ე უბნის ამომრჩევლები, ბიულეტენების გადაცემას სთხოვდნენ. იმავე დღეს, საღამოს „სამართლიან არჩევნებს“ იზა ჩირგაძისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის თხოვნით მომართა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა, ერთიანი ოპოზიციის ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, იმედა კლდიაშვილმა. ორგანიზაციის წარმომადგენელი მაშინვე დაუკავშირდა ჩირგაძეს და 2 ნოემბერს 13:30 საათზე სამართლებრივი დახმარების საჭიროების ფარგლებისა და ინფორმაციის დაზუსტების მიზნით შეუთანხმდა შეხვედრაზე, თუმცა, დღეს, დილიდან იზა ჩირგაძის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გამორთულია და მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. პირველ ნოემბერს, ღამის საათებში, იმედა კლდიაშვილმა განაცხადა, რომ იზა ჩირგაძეზე სუს-ის მიერ განხორციელდა ზეწოლა, მას აუკრძალეს კავშირი ოპოზიციის წარმომადგენლებთან. კლდიაშვილმა, პროტესტის ნიშნად, ავტომობილით ქუთაისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელი გადაკეტა. სამართალდამცავებმა ის დაუმორჩილებლობის გამო ძალის გამოყენებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ჩირგაძისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე და ზეწოლისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად გამოიძიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ გაჟღერებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და მიიღონ სათანადო და დროული ზომები იზა ჩირგაძეზე სავარაუდო ზეწოლის აღსაკვეთად“, - აღნიშნულია ISFED-ის ინფორმაციაში. ბრალდებებს სპეკულაცია უწოდეს „ქართული ოცნებაში. შსს კომენტარს არ აკეთებს. Europetime-ს უწყებაში მხოლოდ ის დაუდასტურეს, რომ იზა ჩირგაძე გამოიკითხა. შეგახსენებთ, პირველ ნოემბერს, ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე იზა ჩირგაძემ განაცხადა, რომ 30 ოქტომბერს, მეორე ტურის დღეს, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი რამდენჯერმე დაუკავშირდა და ხმის მიცემის მიზნით სიაში არარეგისტრირებული პირების გატარება სთხოვა. თუმცა ამის მიუხედავად, ჩირგაძემ, როგორც თავად ჰყვება, სიაში არარეგისტრირებული ორი ადამიანი უკან გააბრუნა, რომლებიც საარჩევნო უბანზე „სხვა პირადობით“ გამოცხადდნენ. 4 ნოემბერს, პარტია „ლელო - საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა გენერალურ პროკურატურას ქუთაისის ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის იზა ჩირგაძის საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართა. ნაცვლიშვილმა სარჩელის შეტანის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მისი როგორც საქართველოს მოქალაქის უფლება სამართლიან არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეილახა და მოითხოვს მას მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი. ცნობისთვის, ქუთაისის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ იოსებ ხახალეიშვილმა 34 295 ხმა მიიღო, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძემ - 32 703. 2 396 ბიულეტენი გაბათილდა, რაც ამომრჩეველთა 3.42%-ია.

ასოციაცია: 7-ჯერ გაზრდილი ფქვილის იმპორტის გამო, საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება შესაძლოა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს

"დაახლოებით 7-ჯერ გაზრდილი ფქვილის იმპორტის გამო, საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება შესაძლოა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს", - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ავრცელებს. როგორც ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში განმარტავებ, ფქვილის შენახვის ვადა მხოლოდ ორი თვეა, რაც მარაგების შექმნის შესაძლებლობას არ იძლევა. მარაგები კი კრიზისულ ვითარებაში ფასების კონტროლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტია. მათი თქმით, ფქვილის იმპორტზე დამოკიდებულების ზრდა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს. ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით სახელწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის გამოქვეყნებას სექტორი მიმდინარე კვირის ბოლოსთვის ელოდება. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი, საქართველო დაუბრუნდება ხორბლის იმპორტიორი ქვეყნის სტატუსს თუ სრულად გადაერთვება ფქვილის იმპორტზე. 2021 წლის იანვარიდა ოქტომბრამდე, ქვეყანამ 16 430 ტონა ფქვილის იმპორტი განახორციელა, აქედან ძირითადი მარაგი, 15 801 ტონა რუსეთიდან შემოვიდა. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 282,866 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის თვეში, საქართველოშიც, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ხორბალსა და ფქვილზე ფასებმა პიკურ ნიშნულს მიაღწია. ფასების ზრდის მიზეზი ერთი მხრივ, კორონავირუსის პანდემიის გავლენა, მეორე მხრივ კი შემცირებული მოსავლიანობაა. საშუალო წლიური მოსავალი სხვა ქვეყნებთან ერთად შემცირდა რუსეთშიც, რომელიც საქართველოსთვის მთავარი იმპორტიორია და მეტწილად, ქვეყანაში ხორბლის საფასო პოლიტიკას განსაზღვრავს.

რა საფრთხეს ქმნის გრიპის ვირუსი წელს და რას გამოიწვევს „ტვინდემია“ - ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ანალიზი

ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიურო დოქტორ რიჩარდ პიბოდთან ინტერვიუს ავრცელებს. რიჩარდ პიბოდი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფისა და COVID-19 ინციდენტებზე რეაგირების მართვის გუნდის (IMST) ზედამხედველობისა და ლაბორატორიულ კომპონენტს ხელმძღვანელობს. მისი მიზანია, დაადგინოს, თუ რა საფრთხეს ქმნის გრიპის ვირუსი წელს, რა შეიძლება, გააკეთონ ადამიანებმა, რათა ჯანმრთელობა შეინარჩუნონ და რა შედეგები შეიძლება, გამოიწვიოს გრიპის ვირუსისა და COVID19-ის შესაძლო „ტვინდემიამ“ ადამიანებზე, ხელისუფლებებსა და ჯანდაცვის სისტემებზე. - რა არის გრიპი და რატომ არის ის საყურადღებო? გრიპი „ინფლუენცას“ ვირუსებით გამოწვეული სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ცხვირის ღრუს, ხორხს და ზოგჯერ ფილტვებს. დაავადება შესაძლებელია, საშუალო სიმძიმით ან მძიმედ მიმდინარეობდეს, ხოლო ზოგ შემთხვევაში, როდესაც პაციენტებს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ, დაავადება შეიძლება, ლეტალური შედეგითაც დასრულდეს. ჩვეულებრივ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში გრიპისაგან წელიწადში დაახლოებით 70 000 ადამიანი კვდება. - რატომ არის განსაკუთრებულად საყურადღებო გრიპის ვირუსი წელს? საერთაშორისო ფრენების აღდგენასთან და ქვეყნების გახსნასთან ერთად, გასულ წელთან შედარებით, წელს ვირუსის გავრცელების მეტი შესაძლებლობა არსებობს. ვინაიდან გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 2020/2021 წლებში ძალიან დაბალი იყო, წელს ადამიანები შესაძლოა, უფრო მგრძნობიარენი იყვნენ გრიპის ვირუსის მიმართ. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ახლა, როდესაც ზამთრის თვეებში შევდივართ და სულ უფრო მეტი ადამიანი ერთმანეთს ანაცვლებს სახლში ყოფნასა და მოგზაურობას, რაც ზრდის ვირუსით დაინფიცირებისა და გავრცელების რისკს. ჩვენ ჯერ კიდევ COVID19-ის პანდემიის პირობებში ვიმყოფებით, როდესაც სწრაფად გადამდები დელტა ვარიანტი ცირკულირებს, რამაც შესაძლოა, პოტენციურად გრიპისა და COVID19-ის „ტვინდემია“ გამოიწვიოს ამ ზამთარს. გარემოში ორივე ვირუსის ერთდროულად ცირკულირებამ შესაძლოა, მძიმე შედეგები იქონიოს დაუცველ პირებზე და გაზარდოს დატვირთვა ჯანდაცვის სისტემაზე წელიწადის იმ მონაკვეთში, როდესაც საავადმყოფოები ისედაც ყველაზე დატვირთულია. - რა განსხვავებაა COVID-19-სა და გრიპის ვირუსს შორის? როგორ უნდა მივხვდე, რომელი ვირუსით ვარ დაინფიცირებული? რა უნდა გავაკეთო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში? ორივე ვირუსი სასუნთქი გზების მწვავე ინფექციურ დაავადებას წარმოადგენს და ბევრი საერთო სიმპტომი ახასიათებს, როგორიცაა, მაგალითად, ხველა, ცხელება, სუნთქვის უკმარისობა ან/და ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაკარგვა. ვინაიდან მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით რთულია დაავადებების ერთმანეთისგან განსხვავება, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინეთ თვითიზოლაცია გარშემომყოფთა დაინფიცირების რისკის შესამცირებლად, განსაკუთრებით მოწყვლადი პირების, და რაც შეიძლება სწრაფად ჩაიტარეთ ტესტი COVID-19-ზე. მართალია, ორივე ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულება, COVID19 უფრო ხშირად იწვევს გართულებებს, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობასა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ლეტალობას. ამიტომ, მნიშვნელოვანია ტესტის ჩატარება. - ვისთვის და როდის არის რეკომენდებული სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია? ჯანმო რეკომენდაციას აძლევს ხუთ რისკ-ჯგუფში შემავალ პირებს აიცრან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით გრიპის სეზონის დადგომამდე ან დადგომიდან რაც შეიძლება მოკლე პერიოდში. ჩვეულებრივ, ეს ოქტომბერ-ნოემბერია, როგორც კი ვაქცინები გახდება ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის მუშაკები. ჯანდაცვის მუშაკები მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე უფრო დაუცველი არიან გრიპის ვირუსის მიმართ, გარშემომყოფთა დაინფიცირების შანსი მათი მხრიდან, მათ შორის მძიმე დაავადების განვითარების რისკის ქვეშ მყოფი დაუცველი პაციენტების, იზრდება. ჩვენ ასევე დამოკიდებული ვართ ჯანდაცვის მუშაკებზე სამედიცინო მომსახურების გაწევის თვალსაზრისით, ამიტომ ისინი ჯანმრთელები და არა გრიპის ვირუსით დაინფიცირებულები გვჭირდება, განსაკუთრებით წლის იმ მონაკვეთში, როდესაც ჯანდაცვის სისტემა ყველაზე დიდ დატვირთვას განიცდის. 65 წელს გადაცილებული ასაკობრივი ჯგუფები. ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება, ჩვენი ორგანიზმი ნაკლებად ეფექტურია ინფექციებთან გამკლავებაში, მათ შორის გრიპის ვისრუსთანაც. ეს ნიშნავს, რომ ხანდაზმული ადამიანები სერიოზული გართულებების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, შესაძლოა მათ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეთ ან გარდაიცვალონ კიდეც დაავადებისაგან. ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, ფილტვების ან გულის დაავადებები. დასუსტებული იმუნური სისტემა ზრდის გრიპის სერიოზული გართულებების განვითარების, ჰოსპიტალიზაციისა და შესაძლო ლეტალობის რისკს. ორსულები. როგორც მონაცემები ცხადყოფს, ორსულები გრიპის მძიმე ფორმის განვითარების უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე. ვაქციანცია იცავს ორსულებს, ნაყოფსა და ჩვილს. 5 წლამდე ასაკის ბავშვები. გრიპის გამწვავების ალბათობა მცირეწლოვან ბავშვებში უფრო ხშირია, არსებობს გარშემომყოფთა დაინფიცირების ალბათობაც, მათ შორის უფროსი თაობის ოჯახის წევრების. - გრიპის ვირუსის რომელი ტიპისგან იცავს ვაქცინა? არსებობს გრიპის ვირუსის ორი ძირითადი ტიპი, A და B, რომლებიც ყოველწლიურად გრიპის სეზონურ ეპიდემიას იწვევენ (ხშირად მას გრიპის სეზონს უწოდებენ). ევროპაში ვიყენებთ როგორც ტრივალენტურ ვაქცინებს (3 ვირუსული შტამისგან დასაცავად), ასევე კვადროვალენტურ ვაქცინებს (4 ვირუსული შტამისგან დასაცავად), რომლებიც ვირუსის ორივე ტიპს მოიცავენ. - როგორ გავიგო, თუ რამდენად უსაფრთხოა და რამდენად ეფექტური იქნება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა? გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები 60 წელიწადზე მეტია არსებობს და მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანია უსაფრთხოდ აცრილი. ყოველწლიურად, წამლის ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოები ყურადღებით იკვლევენ გრიპის საწინააღმდეგო თითოეულ ვაქცინას მათ ლიცენზირებამდე, დანერგილია სისტემები იმუნიზაციის შემდეგ გვერდითი მოვლენების მონიტორინგისა და მოხსენებების გამოსაძიებლად. თუმცა, ზოგჯერ გვერდითი მოვლენებიც აღინიშნება; ეს მოვლენები იშვიათია და, ჩვეულებრივ, არ იწვევს სერიოზულ გართულებებს. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გრიპის თავიდან აცილებისა და სერიოზული გართულებების განვითარების რისკისა და ლეტალობის შემცირების საუკეთესო საშუალებაა. დაცვის ოპტიმალური დონის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველწლიურად ხდება გრიპის ვაქცინების განახლება მეცნიერების მიერ წელიწადის უფრო ადრეულ პერიოდში ცირკულირებადი ვირუსის შტამებზე დაკვირვების საფუძველზე. თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდება აღნიშნული ვაქცინები, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის თქვენს ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გავრცელებულ ვირუსის შტამებზე. ამ შემთხვევაშიც კი, ჩვენი მოლოდინით, აცრიდან ორი კვირის შემდეგ (ვაქცინის ამოქმედებას ჩვეულებრივ ეს დრო სჭირდება) 60%-ით დაცული იქნებით გრიპისაგან. - რამდენად ეფექტიანია COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გრიპის წინააღმდეგ? და პირიქით - იცავს თუ არა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა COVID19-ით ინფიცირებისგან? არა, ვირუსები განსხვავებულია და, შესაბამისად, სხვადასხვა ვაქცინას საჭიროებენ. - აძლევს თუ არა ჯანმო რეკომენდაციას COVID19-სა და გრიპზე ერთდროული ვაქცინაციის შესახებ? მართალია, მონაცემები COVID-19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების ერთდროულად გამოყენების შესახებ (ცნობილია როგორც ერთდროული ადმინისტრირება) მწირია, არსებული მონაცემების თანახმად, გვერდითი მოვლენების რაიმე მნიშვნელოვანი ზრდა არ აღინიშნება. შესაბამისად, ჯანმო თვლის, რომ ერთი და იგივე ვიზიტის დროს ორივე ვაქცინის ერთდროულად გაკეთება დასაშვებია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ გრიპით ან COVID19-ით გამოწვეული სერიოზული დაავადების რისკი ზრდასრულებში მნიშვნელოვანია. - რამდენად უსაფრთხოა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია COVID19-ით ინფიცირების შემთხვევაში? უმჯობესია, დაელოდოთ სრულ გამოჯანმრთელებას COVID19-სგან და მხოლოდ ამის შემდეგ აიცრათ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით, რათა არ მოხდეს ვაქცინისათვის რაიმე სიმპტომების შეცდომით მიკუთვნება.