ძებნის რეზულტატი:
რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური კოალიციის აქცია დაიწყო
რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური კოალიციის აქცია დაიწყო აქციაზე, ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებს, არჩევნების მეორე ტურის შემდგომ სამოქმედო გეგმას გააცნობენ. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ბრძოლა გუშინ არ დასრულებულა. "არავინ არ ვაპირებთ ამ ყველაფერთან შეგუებას. ვაპირებთ მშვიდობიან ბრძოლას. იმისთვის რომ კონკრეტული გეგმა გაგაცნოთ, გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ კონკრეტულ გეგმაზე ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი, სულში შეურაცხყოფამიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფალს, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს შერჩება. გელოდებით ყველას მეგობრობა. ბრძოლა გუშინ არა თუ არ დასრულებულა, არამედ ბრძოლა დაიწყო",- ნიკა მელია. ამ მომენტში რუსთავი #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესულია მისი პირადი ექიმი. ექსპრეზიდენტმა 29 ოქტომბერს მედიკამენტოზურ ჩარევაზე უარი განაცხადა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზება ხდება. აღნიშნული სავარაუდოდ, დღეს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილ შეკრებას უკავშირდება. თვითმმართველობის მეორე ტურში 20 თვითმმართველი თემიდან და ქალაქიდან ოპოზიციამ მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა. საარჩევნო ოლქების ნაწილში, ოპოზიციის და ხელისუფლების კანდიდატებს ხმებს შორის მინიმალური სხვაობა ფიქსირდება. სულ, პირველ და მეორე ტურში 64 მუნიციპალიტეტიდან და ქალაქიდან 63 -ში ხელისუფლებამ მოიგო.
ჯანდაცვის მინისტრი: ამ ეტაპზე დამატებითი COVID შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება
"თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „საქართველოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების კუთხით ეპიდემიური სიტუაცია საყურადღებო რჩება. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან შემთხვევების მატებას მეტად ლოკალიზებული ხასიათი ჰქონდა და უპირატესად შეეხო იმ რეგიონებს, სადაც აცრილი მოსახლეობის რაოდენობა სხვებთან შედარებით მცირეა, მათ შორის კახეთი და იმერეთი. ამ ეტაპზე შემთხვევების საშუალო დღიური მაჩვენებელი 4000-ის ფარგლებშია და სწრაფი ზრდის ტენდენციები არ იკვეთება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას დადგენილი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება. თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როგორც ჩანს, ამას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად აკეთებენ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ევროკავშირი: არჩევნების კარგი ადმინისტრირების პარალელურად, დაფიქსირდა, ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის ბრალდებები და რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი
"არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და საარჩევნო კამპანია კონკურენტული, თუმცა ჩვენმა სადამკვირვებლო მისიამ ასევე დააფიქსირა ნეგატიური რიტორიკის გამწვავება, ამომრჩევლებთა დაშინებისა და ზეწოლის შენარჩუნებული ბრალდებები და რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი, რომელმაც მმართველ პარტიას უპირატესობა მიანიჭა და საასპარეზო პირობები შეცვალა", - ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნაშია აღნიშნული. „ევროკავშირი კვლავ გამოხატავს მადლიერებას ამომრჩევლების, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების და ადგილობრივი დამკვირვებლების მიმართ მათი ძალისხმევისა და ჩართულობისთვის COVID-19 პანდემიის პირობებში. გულითადად მივესალმებით ეუთო / ოდირის და ევროპარლამენტის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას მეორე ტურის დროსაც. პირველი ტურის შემდეგ განვაცხადეთ, რომ მასთან დაკავშირებით დაფიქსირებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა საქართველოში ნორმად არ უნდა იქცეს. ვწუხვართ, რომ ეს არჩევნები ამ მიმართებაში დაკარგული შესაძლებლობა იყო. საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ძალადობრივი რიტორიკის კუთხით, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია. ამ არჩევნებამდე გაჟღერებული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ითანამშრომლებს საკრებულოებთან, თუ ისინი განსხვავებულ უმრავლესობას აირჩევენ, შეშფოთებას იწვევს, რადგან ამომრჩეველთა არჩევანის შეზღუდვასა და პლურალიზმის ლიმიტირებაზეა მიმართული. მოვუწოდებთ ყველა პარტიას, საარჩევნო პროცესში ჩართულობა განაგრძონ. საზოგადოების ნდობა მისი სამართლიანობის მიმართ მოითხოვს ინკლუზიურ, სანდო და გამჭვირვალე გადათვლის პროცესს და საჩივრებისა და აპელაციების სამართლიან განხილვას. ამ მხრივ უახლოეს დღეებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოებს ძირითადი პასუხისმგებლობა აკისრიათ. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ლიდერები ჭეშმარიტ ძალისხმევას არ დაიშურებენ ისეთი პოლიტიკური კლიმატის შესაქმნელად, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მოლოდინების გამართლებას ხელს შეუწყობს. ეს მოიცავს მნიშვნელოვანი რეფორმების მრავალგზისი ვალდებულებების შესრულებას, განსაკუთრებით სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და ასევე ჩვენი ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმებული დღის წესრიგის განხორციელების განახლებას, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის დაცვის ღირებულებებს ეფუძნება", - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში. 30 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 20 თვითმმართველი ქალაქიდან და თემიდან, წალენჯიხის გარდა, ყველა მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიგეს, ზოგიერთ ქალაქში კი ძალიან მცირე სხვაობით. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება. ჯამში პირველ და მეორე ტურში 64 მუნიციპალიტეტიდან და ქალაქიდან 63 ხელისუფლებამ მოიგო.
"ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად პარლამენტი დატოვა
"ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი დატოვა. ამის შესახებ მან რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ხაზარაძის თქმით, ქუჩაში ხალხთან ერთად აგრძელებს ბრძოლას. "ეს ხალხი არასდროს დაიჩოქებს, საქართველო იქნება თავისუფალი და თავისუფლება მოდის მხოლოდ ბრძოლაში! მივიღე გადაწყვეტილება, ეს არის მანდატი, ვტოვებ პარლამენტს, იმიტომ, რომ თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის" - განაცხადა ხაზარაძემ. რუსთაველზე შეკრებილი ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აპროტესტებენ
ცესკოს თავმჯდომარე: გამოვდივარ ინიციატივით სავალდებულო ხუთი უბნის ნაცვლად, საოლქო საარჩევნო კომისიებმა შვიდ-შვიდი საარჩევნო უბნის შედეგი გადათვალონ
"გამოვდივარ ინიციატივით სავალდებულო ხუთი უბნის ნაცვლად, საოლქო საარჩევნო კომისიებმა შვიდ-შვიდი საარჩევნო უბნის შედეგი გადათვალონ", - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. კალანდარიშვილის ცნობით, ხვალ, 1-ელ ნოემბერს, 140 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვლება. "საოლქო საარჩევნო კომისიები, კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოავლენენ ყოველ საარჩევნო ოლქში იმ უბნებს, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო რეფორმის საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა არჩევნების პირველ ტურზე აჩვენა, რომ აღნიშნულმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პროცესის გამჭვირვალობას. „შესაბამისად, მინდა საოლქო-საარჩევნო კომისიებს მივმართო მნიშვნელოვანი ინიციატივითა და რეკომენდაციით – სავალდებულო ხუთი უბნის ნაცვლად, გამოავლინონ და გადათვალონ შვიდ-შვიდი საარჩევნო უბნის შედეგი. მოვუწოდებ საოლქო საარჩევნო კომისიებს, გამჭვირვალობის მიზნით უზრუნველყონ კომისიის სხდომების და წილისყრის შესახებ შესაბამისი უფლებამოსილი პირების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ინფორმირება. ხვალვე, გადათვლის ცენტრებში 17:00 საათზე დაიწყება ბიულეტენების გადათვლა. უზრუნველყოფილი იქნება საჯაროობა და რა თქმა უნდა, პროცესის ვიდეოგადაღება. ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. მოვუწოდებ მათ, კანონის შესაბამისად განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას გადათვლის პროცესის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა. ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, გადათვლის ცენტრებში სრულად იქნება გათვალისწინებული ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი კოვიდრეგულაციები. „ჩვენ მიზანდასახული ვართ ამ პროცესში მაქსიმალურად გამოირიცხოს თუნდაც ცალკეული შემთხვევები რამაც გადათვლის მიმდინარეობას შესაძლოა ნებისმიერი სახით შეუშალოს ხელი და რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის ინციდენტის შემთხვევაში გვექნება შესაბამისი რეაგირება. გადათვლის ცენტრებში სრულად იქნება გათვალისწინებული ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი კოვიდრეგულაციები, ცენტრში შესვლისას ყველა უფლებამოსილ პირს, „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით ჩაუტარდება ტესტირება. გადათვლის შედეგად დამუშავებული მონაცემები, ასევე ბიულეტენების გადათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. აქვე აღვნიშნავ, რადგან კრწანისის საარჩევნო ოლქში კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, ხელახალი დათვლა არ განხორციელდება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მეუფე შიომ ანჩისხატის ხატთან დაკავშირებით, პრემიერს წერილით მიმართა
პატრიარქის მოსაყდრე შიო (მუჯირი) საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. 21 ოქტომბრით დათარიღებული წერილი საპატრიარქოს Facebook-ზე გავრცელდა. მეუფე შიო წერილში პრემიერს „შეახსენებს, რომ ანჩისხატის ხატის საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით, კათოლიკოს პატრიარქმა წერილობით, მიმდინარე წლის 2 აგვისტოს მიმართა მთავრობის ხელმძღვანელს. „სახატე ვიტრინა უნიკალურია იმ მხრივ, რომ მასში დამონტაჟებულია, როგორც აქტიური, ისე პასიური ფარდობითი ტენიანობის რეჟიმის სისტემები, ტენიანობის აღმწერი კომპიუტერული ფუნქციით, LED ნათურების განათება, ცნობილი ფირმა "სილატეკის" დარტყმასაწინააღმდეგო, ტყვიაგაუმტარი და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცული მინა, წინა მოძრავი კარით. ვიტრინა იკეტება, რამდენიმე საკეტით, აქვს სიგნალიზაციის ფუნქცია. ყველა კომპონენტი გათვალისწინებული და მორგებულია ხატისა და ტაძრის არსებულ მდგომარეობასთან“, - წერს პატრიარქის მოსაყდრე. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების დაცვის ნორმების შემუშავებაში ჩართული იყო გერმანული კომპანია Sehner, რომლის ხელმძღვანელებიც მზად არიან, საქართველოში ჩამოვიდნენ და ყველა კითხვას უპასუხონ. „გთხოვთ, აღნიშნული მიიღოთ ცნობად, ამასთან ერთხელ კიდევ შეგახსენებთ ხატის დაბრუნებისთვის სათანადო ნაბიჯების დროულად გადადგმის საჭიროებას", - აღნიშნულია წერილში.
მთავრობის სტრატკომი თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის საკითხს განმარტავს
მთავრობის სტრატკომში აცხადებენ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს. „დღეს რამდენიმე ონლაინპორტალმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ. ხაზგასმით ვაცხადებთ, აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიკნიუსი და სიმართლეს არ შეესაბამება. ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს. საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველკვირეულად იმართება და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდება“, - ნათქვამია განცხადებაში
ევროკავშირი: ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები
„ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ძალადობრივი რიტორიკის კუთხით, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია“, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც აკრედიტებულ ელჩებთან შეთანხმებით ვრცელდება. საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ძალადობრივი რიტორიკის კუთხით, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია. მისი მიხედვით, არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და საარჩევნო კამპანია კონკურენტული, არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ ასევე დააფიქსირა ნეგატიური რიტორიკის გამწვავება, ამომრჩევლებთა დაშინებისა და ზეწოლის შენარჩუნებული ბრალდებები და რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი, რომელმაც მმართველ პარტიას უპირატესობა მიანიჭა და საასპარეზო პირობები შეცვალა. „ევროკავშირი კვლავ გამოხატავს მადლიერებას ამომრჩევლების, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების და ადგილობრივი დამკვირვებლების მიმართ მათი ძალისხმევისა და ჩართულობისთვის COVID-19 პანდემიის პირობებში. გულითადად მივესალმებით ეუთო / ოდირის და ევროპარლამენტის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას მეორე ტურის დროსაც. პირველი ტურის შემდეგ განვაცხადეთ, რომ მასთან დაკავშირებით დაფიქსირებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა საქართველოში ნორმად არ უნდა იქცეს. ვწუხვართ, რომ ეს არჩევნები ამ მიმართებაში დაკარგული შესაძლებლობა იყო. საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ძალადობრივი რიტორიკის კუთხით, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია. ამ არჩევნებამდე გაჟღერებული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ითანამშრომლებს საკრებულოებთან, თუ ისინი განსხვავებულ უმრავლესობას აირჩევენ, შეშფოთებას იწვევს, რადგან ამომრჩეველთა არჩევანის შეზღუდვასა და პლურალიზმის ლიმიტირებაზეა მიმართული. მოვუწოდებთ ყველა პარტიას, საარჩევნო პროცესში ჩართულობა განაგრძონ. საზოგადოების ნდობა მისი სამართლიანობის მიმართ მოითხოვს ინკლუზიურ, სანდო და გამჭვირვალე გადათვლის პროცესს და საჩივრებისა და აპელაციების სამართლიან განხილვას. ამ მხრივ უახლოეს დღეებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოებს ძირითადი პასუხისმგებლობა აკისრიათ. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ლიდერები ჭეშმარიტ ძალისხმევას არ დაიშურებენ ისეთი პოლიტიკური კლიმატის შესაქმნელად, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მოლოდინების გამართლებას ხელს შეუწყობს. ეს მოიცავს მნიშვნელოვანი რეფორმების მრავალგზისი ვალდებულებების შესრულებას, განსაკუთრებით სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და ასევე ჩვენი ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმებული დღის წესრიგის განხორციელების განახლებას, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის დაცვის ღირებულებებს ეფუძნება", - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში. 30 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 20 თვითმმართველი ქალაქიდან და თემიდან, წალენჯიხის გარდა, ყველა მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიგეს, ზოგიერთ ქალაქში კი ძალიან მცირე სხვაობით. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება. ჯამში პირველ და მეორე ტურში 64 მუნიციპალიტეტიდან და ქალაქიდან 63 ხელისუფლებამ მოიგო.
ელენე ხოშტარია: აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს
„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ოპოზიციის აქცია თბილისში 7 ნოემბერს არ გაიმართება. მან მედიასთან განმარტა, რომ აქცია ნამდვილად იქნება, 6 ან 8 ნოემბერს, თუმცა 7 ნოემბერს არ უნდა იყოს. „7-ში არ იქნება მოდი, პირდაპირ გავხსნი კარტებს. ნიკამ კვირა თქვა, თუმცა ნიკას მაგივრად ვერ ვიტყვი. გადაწყვეტილია, იქნება ნამდვილად 6-ში ან 8-ში, არ გადაიწევს სხვა ციკლში. უბრალოდ 7-ში არ იქნება, იმიტომ, რომ 7-ში არ უნდა იყოს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ „ტვპირველთან“. ცნობისთვის, რუსთაველზე ოპოზიციის შეკრებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დააანონსა, რომ ოპოზიცია კვირას, 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავს. „არ მახსოვს არცერთი არჩევნები უკანასკნელ წლებში ჩატარებული და არამხოლოდ უკანასკნელ წლებში, რომლის შედეგებთანაც მიმართებით საზოგადოებაში არის ესოდენ დიდი კონსენსუსი, რომ ეს არჩევნები არა უბრალოდ გაყალბდა და არა უბრალოდ ტოტალურად გაყალბდა, არამედ ყველაფერი იკადრეს თავის ძალადობით, შანტაჟითა და მუქარით. მათ ყველაფერი იკადრეს პირველ ტურშიც, მაგრამ მათ ეს ყველაფერი არ ეყოთ, მათ ყველაფერი იკადრეს მეორე ტურში, მაგრამ შედეგს, რომელიც მათ გაიფორმეს, ამ შედეგს ჩვენ არ ვიღებთ და ვიბრძვით სამართლიანობისთვის, დიახაც, ახლა როგორც არასდროს, დღეს უფრო მეტად, ვიდრე გუშინ - გამარჯვებისთვის. ხალხის ხმა უნდა შეისმინოს ხელისუფალმა? ოლიგარქმა? მთავრობამ? - არა! ხალხის ხმა უნდა შეისმინოს მოძალადეთა ერთობამ, რომლებმაც უბრალოდ დაირქვეს „ქართული ოცნება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
„ლელოს“ ფრაქცია პარლამენტში მუშობას განაგრძობს
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტში მუშაობას განაგრძობს. ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა „ტვპირველთან“ განაცხადა. მამუკა ხაზარაძის თქმით, პარლამენტის დატოვება მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა ფრაქციის სხვა წევრები პარლამენტში რჩებიან. „მე მართლა მთელი გულით შევედი პარლამენტში, მინდოდა ჩემი გამოცდილება, რაც 30 წლის განმავლობაში დამიგროვდა, გამეზიარებინა ამ ხალხისთვის, მაგრამ არა თუ არ სჭირდება არავის, აგრესიით და მტრად განმიხილავენ, უბრალოდ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი მაქვს, ვაკრიტიკებ მათ დამფუძნებელს. ეს არ არის პარლამენტი, რაღაც დირიჟორი ჰყავთ იქ და ეტყვის აწიეთ ხელი და აწევენ, დაწიეთ ხელი და დაწევენ. ამ პარლამენტში მე არ შევსულვარ არც იმუნიტეტის გამო, არც რაღაცას რომ დავმალოდი, მით უმეტეს არც სკამის გამო, არ მჭირდება რაც შეეხება ფრაქციას, ეს არის ჩემი პიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც რა თქმა უნდა, შევუთანხმე ჩემს თანაგუნდელებს, სხვა ყველა რჩება და ყველა იმ ტრიბუნას გამოვიყენებთ, სადაც ჩვენი წარმომადგენლები არიან, რომ ყველა ფრონტზე ვიყოთ ძლიერები", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ამავე თემაზე: „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად პარლამენტი დატოვა
ოპოზიციის აქცია თბილისში 6 ნოემბერს გაიმართება
ოპოზიცია თბილისში საპროტესტო აქციას 6 ნოემბერს გამართავს. ინფორმაციას აქციის თარიღთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართულ აქციაზე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ, რომელმაც კვირას, 7 ნომებერს შეკრება დააანონსა. „გვჭირდება სულ მცირე დრო იმისთვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასდროს, მაგრამ ეს აქცია, ეს დემონსტრაცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციებისა და შეკრებებისგან ბევრი თვალსაზრისით", - განაცხადა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე. ამავე თემაზე: ელენე ხოშტარია: აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს
საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი, რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის პირდაპირი, რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოდან ესპანეთში პირდაპირი გზით მოხვედრა, ამ ეტაპზე კვირაში ერთი სიხშირით, მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაა შესაძლებელი. „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთში გამგზავრება ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ. პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით და პირიქით, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. განახლებულ რეისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე და DMO Imereti-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი დახვდნენ. ,,მოხარულები ვართ, რომ ზამთრის სანავიგაციო სეზონის დაწყებისთანავე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა. მგზავრებს ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით და პირიქით, კვირაში ერთი სიხშირით Wizz Air-ის საშუალებით შეუძლიათ ფრენა. პირველსავე დღეს ამ მიმართულებით 170 მგზავრმა ისარგებლა და იმედი გვაქვს, რომ მათი რაოდენობა მომდევნო ეტაპზე კიდევ უფრო გაიზრდება. რამდენიმე დღეში ქუთაისიდან კიდევ ორი ევროპული მიმართულება: ვენა და ბერლინი გვემატება“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ. ამასთან, პირველი რეისის 170-ვე მგზავრს ქუთაისის აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ცნობისთვის, ესპანეთში ტურისტულად გამგზავრება საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინით მხოლოდ ორჯერ აცრილ პირებს შეუძლიათ, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით). ესპანეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე, აუცილებელია სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება www.spth.gob.es/create და მიღებული QR-კოდის საზღვარზე წარდგენა.
ბრიტანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მატარებლების შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთი მატარებელი გვირაბში არსებულ ობიექტს დაეჯახა, ხოლო მეორე მატარებელს აღნიშნული მატარებელის სიგნალის გამო ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის და სატრანსპორტო პოლიციის თანამაშრომლები არიან მობილიზებული.
ჯო ბაიდენი: კლიმატის სფეროში დიდი ოცეულის სამიტის შედეგებით იმედგაცრუება რუსეთისა და ჩინეთის პოზიციებით არის გამოწვეული
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით იმედგაცრუებულია იმით, რომ „დიდი ოცეულის“ რომში გამართულ სამიტზე რუსეთმა და ჩინეთმა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის კუთხით ვალდებულება არ გამოხატეს. „იმედგაცრუება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ რუსეთსა და ჩინეთს არ განუცხადებიათ ვალდებულებები კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების კუთხით. არსებობს მიზეზი, რის გამოც ხალხი იმედგაცრუებული უნდა იყოს. მე თვითონ ვარ იმედგაცრუებული,“- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, აქვს განცდა, რომ დიდი ოცეულის სამიტზე კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის გლობალურ ქმედებებზე მისი იმედები არ რეალიზდა. ანტონიო გუტერეშის თქმით, კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად იმედები საბოლოოდ დაკარგული არ არის. გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ახლა იმედები ემყარება გლაზგოში, გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციას, რომ შენარჩუნდეს 1.5 გრადუსის ამოცანა, განხორციელდეს ხალხის და პლანეტისთვის ფინანსების, ასევე ადაპტაციის დაპირებები. ჯო ბაიდენმა იმ პროგრესზეც ისაუბრა, რასაც რომში გამართულ სამიტზე მიაღწიეს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. „მივიღეთ მთელი რიგი დებულებები ნახშირის სუბსიდიების დასასრულებლად. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმაზე ორიენტირება, თუ რას არ აკეთებს ჩინეთი, რას არ აკეთებს რუსეთი, რას არ აკეთებს საუდის არაბეთი“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. დიდი ოცეული სამიტი რომში 30-31 ოქტომბერს მიმდინარეობდა, სადაც კლიმატურ ცვლილებებთან ერთად, გლობალურ კორპორატიულ გადასახადზე, „კოვიდ-19“-ის პანდემიასა და უთანასწორობის დაძლევაზე იმსჯელეს. ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვან და ეფექტურ ქმედებებს განახორციელებენ იმისთვის, რომ გლობალური დათბობა 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეიზღუდოს, რაც, მეცნიერების განმარტებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დონეა კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.
ტოკიოში დანით შეიარაღებული კაცი მატარებელში მგზავრებს თავს დაესხა
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დანით შეიარაღებული კაცი მატარებელში მგზავრებს თავს დაესხა. ინციდენტის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. წინასწარი ინფორმაციით, 24 წლის კაცმა ვაგონში სითხე დაასხა და ცეცხლი გააჩინა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდამსხმელს „ბეტმენის“ კომიქსების და ფილმების სერიის პერსონაჟის, „ჯოკერის“ მსგავსად ეცვა.
დღეს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება
დღეს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება. საოლქო საარჩევნო კომისიები, კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 11:00 საათზე სხდომებზე წილისყრით გამოავლენენ ყოველ საარჩევნო ოლქში იმ უბნებს, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს. „გადათვლის ცენტრებში 17:00 საათზე დაიწყება ბიულეტენების გადათვლა. უზრუნველყოფილი იქნება საჯაროობა და რა თქმა უნდა, პროცესის ვიდეოგადაღება. ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. მოვუწოდებ მათ, კანონის შესაბამისად განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას გადათვლის პროცესის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას“, - განაცხადა 31 ოქტომბერს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა. რაც შეეხება ბათილ ბიულეტენებს, მისი თქმითმ, პროცენტული მაჩვენებელი დაბალია და დიდად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ასეთი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან. ცესკოს მონაცემებით, 20 მუნიციპალიტეტსა და თემში ყველგან „ქართული ოცნება“ იგებს, გარდა წალენჯიხისა. ამავე თემაზე: სად რამდენი მაჟორიტარული მანდატი მოიპოვა ოპოზიციამ
იუსტიციის მინისტრი: რამდენი ხალხიც უნდათ იმდენი, რომ გამოიყვანონ, სააკაშვილს მე-18 დაწესებულებაში ვერტმფრენითაც გადავიყვანთ
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, პატიმრის გადაყვანისას ყველა სცენარი განიხილება. ის სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ეყრდნობა და აცხადებს, რომ პასუხი იქნება „მკაცრი და ადეკვატური“. „მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ როდესაც ჩვენ პატიმრის გადაყვანას ვახორციელებთ, ყველა სცენარს წინასწარ გავდივართ. ჩვენ გვაქვს ყოველთვის სრული მზადყოფნა და თუკი ვინმე გაბედავს მსგავსი რამის გაკეთებას, ბუნებრივია, პასუხი იქნება ძალიან ადეკვატური და ძალიან მკაცრი. თუ ამას გაბედავენ, ისინი კანონის წინაშე სრული სიმკაცრით პასუხს აგებენ. რამდენი ხალხიც უნდათ იმდენი, რომ გამოიყვანონ, ამ შემთხვევაში ყველა დამნაშავე იქნება, ჩვენ მას ვერტმფრენითაც კი გადავიყვანთ და ბუნებრივია, იქ ხელს ვერაფრით შეგვიშლიან. ვერტმფრენით გადავიყვანთ მე-18 დაწესებულებაში, როგორც უკვე ვთქვი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, თითქმის ერთი თვეა, შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი.
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5 მილიონს გადაცდა
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5 მილიონს გადაცდა. მსოფლიო მასშტაბით Covid-19-ით 247.464.037 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 222.415.153 აღწევს. loomberg-ის ცნობით, მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 7 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, ყველაზე მეტი ადამიანი კი ჩინეთშია ვაქცინირებული. სრულად ვაქცინირებულია, ორი დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 67 %, აშშ-ში კი მოსახლეობის 57,8 %, ჩინეთში - 76.3 %-ზე მეტი. როგორც Bloomberg-ი იუწყება, მსოფლიოს მასშტაბით, დღეში 28.2 მილიონი ადამიანი იცრება, სხვადასხვა ვაქცინით. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის მხოლოდ 45.5 %-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5081 პირი. ამასთან, გუშინ საქართველოში 19 886 ტესტი ჩატარდა.
ავსტრალია პანდემიის დაწყების შემდეგ, საზღვრებს პირველად ხსნის
ავსტრალიამ საერთაშორისო სასაზღვრო შეზღუდვები პანდემიის შემდეგ, დღეიდან პირველად შეამსუბუქა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. შედეგად, ვაქცინირებულებს თავისუფლად მოგზაურობის საშუალება მიეცემათ. Qantas Airways-ის რეისი ლოს ანჯელესიდან სიდნეიში, ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე შესრულდა, ვაქცინირებულ მოგზაურებს უფლება მიეცათ, აეროპორტიდან კარანტინის გარეშე გასულიყვნენ. საერთაშორისო მოგზაურები ასევე ჩავიდნენ სიდნეიში სინგაპურის ავიახაზების გავლით. მოგზაურობის წესების შემსუბუქება ვაქცინაციის მაჩვენებლების ზრდამ გამოიწვია. ავსტრალიის ორ ყველაზე დასახლებულ შტატში, ახალ სამხრეთ უელსსა და ვიქტორიაში 16 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების 80%-ზე მეტი სრულად არის ვაქცინირებული. არავაქცინირებულ მოგზაურებს კვლავ ექნებათ საკარანტინო შეზღუდვები და ყველა მოგზაურს კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი დასჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ „დელტას“ გავრცელების გამო სიდნეი და მელბურნი ბოლო დრომდე ინარჩუნებდა ჩაკეტვას, ავსტრალიაში კორონავირუსის შემთხვევები გაცილებით დაბალია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, დაახლოებით, 170,500 ინფიცირებულია და 1735 გარდაცვლილი.