ძებნის რეზულტატი:
ჯო ბაიდენი: კლიმატის ცვლილებებზე ჩვენი ვალდებულება მოქმედებაა და არა სიტყვები
"კლიმატის ცვლილებებზე ჩვენი ვალდებულება მოქმედებაა და არა სიტყვები", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენი გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებითან განაცხადა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, შეერთებული შტატები შეასრულებს თავის დაპირებას და 2030 წლის ბოლომდე სათბურის გაზების გამონაბოლქვს 50 %-ით შეამცირებს. „ჩემი ადმინისტრაცია გადაჭარბებით მუშაობს იმისთვის, რომ ვაჩვენოთ -კლიმატის ცვლილებებზე ჩვენი ვალდებულება არის მოქმედება და არა სიტყვები,“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.
მსოფლიოს 100-ზე მეტი ლიდერი 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე შეთანხმდა
მსოფლიოს 100-ზე მეტი ლიდერი 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე გლაზგოში მიმდინარე კლიმატურ სამიტზე შეთანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამის დოკუმენტს დღეს მოეწერება ხელი. ამასთან, როგორც ცნობილია, დოკუმენტის ხელმომწერებს შორის იქნება ბრაზილია, სადაც ამაზონის ტროპიკული ტყის დიდი ტერიტორიები გაჩეხილია. შეთანხმება მოიცავს 19 მილიარდი დოლარის გამოყოფას. მიღწეულ შეთანხმებას ეკოლოგები და ეკოაქტივისტები მიესალმებიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ 2014 წელს დადებულ ანალოგიურ შეთანხმებას ტყის გაჩეხვის პროცესი არ შეუნელებია და მნიშვნელოვანია ამ კუთხით ვალდებულებების შესრულება. იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც ტყეების გაჩეხვის შეჩერების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, მსოფლიოს ტყის მასივის დაახლოებით 85% მოდის. მათ შორის არიან კანადა, ბრაზილია, რუსეთი და ინდონეზია.
სტამბოლი-ჰამბურგის რეისის შესრულების დროს კორონავირუსით ინფიცირებული კაცი ბორტზე გარდაიცვალა
"ავიაკომპანია „პეგასუსის“ სტამბოლი-ჰამბურგის რეისის შესრულების დროს კორონავირუსით ინფიცირებული კაცი ბორტზე გარდაიცვალა", - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 51 წლის კაცი, რომელიც რეისის შესრულების დროს გარდაიცვალა, გერმანიის მოქალაქე იყო. პოლიციის ცნობით, მამაკაცი მარტო მგზავრობდა და ფანჯარასთან იჯდა, რის გამოც პირის გარდაცვალება დანარჩენმა მგზავრებმა ვერ გაიგეს. ამასთან, ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გარდაცვლილს კორონავირუსი ჰქონდა.
საგამოძიებო სამსახური: სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, შვიდი პირი ამხილეს
"ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, შვიდი პირი ამხილეს", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2015-2016 წლებში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, მოტყუებით დაირეგისტრირეს დიდი ოდენობით, სახელმწიფოს კუთვნილი 13 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 42 301 მ2, რომლის საბაზრო ღირებულება, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, შეადგენს 755 144 ლარს. "გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“, – აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4223 პაციენტი. ცნობისთვის, გუშინ საქართველოში 48 901 ტესტი ჩატარდა.
მიხეილ სააკაშვილის ექიმი: ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ
"ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. საუბარი როგორ არ შეუძლია, ძალიან კარგად საუბრობს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტებიდან მხოლოდ იმ წამლებს იღებს, რომლებიც შიმშილობასთან დაკავშირებული არ არის. "მედიკამენტებიდან მხოლოდ იმ წამლებს იღებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული ამ შიმშილობასთან. საუბარი როგორ არ შეუძლია, ძალიან კარგად საუბრობს. რასაკვირველია, მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარისთვის. გუშინაც და დღესაც ჩაი დავლიეთ", - განაცხადა ყიფშიძემ.
სომხეთში, პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, 310 629 ადამიანი დაინფიცირდა
სომხეთში, პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, 310 629 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 272 332 პაციენტი კი COVID19-ისგან გამოჯანმრთელდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, სომხეთში კორონავირუსის 1232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ხოლო, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 61 ადამიანი ემსხვერპლა.
ვალერი გელბახიანი რუსთავის ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს
"საკითხები, რომლებიც არ არის აქტუალური, დღის წესრიგში დადგება. ჩემი აზრით, ყველა ბრალდება უსაფუძვლოა", - ამის შესახებ ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა რუსთავის #12 დაწესებულებაში მისვლის შემდეგ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას გამოეხმაურა. ამასთან, ამ ეტაპზე, გელბახიანმა ყოფილი პრეზიდენტის ნახვა ვერ შეძლო, რადგან ციხის ადმინისტრაციამ მას ახალი პისიარ ტესტის წარდგენა მოსთხოვა. "ალბათ, რაღაც საკითხი აინტერესებს, რომლებიც ჩემთან მიმართებით, ან მასთან მიმართებითაა საინტერესო. მე მგონია, რომ ის საკითხები, რომლებიც არაა აქტუალური, დადგება დღის წესრიგში. ჩემი აზრით, ყველა უსაფუძვლო ბრალდებაა", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
ფრაქცია „ლელო“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს
ფრაქცია „ლელო“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს, ვიდრე ხელისუფლება არ უზრუნველყოფს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მის სიცოხლეს. ფრაქციის სახელით განცხადება სალომე სადამაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა გააკეთეს. სადეპუტატო მანდატები ამ დროისთვის დატოვეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. მანამდე პარლამენტის დატოვების შესახებ მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადეს. 30 ოქტომბერს საქართვლოს 20 ქალაქში, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, 19 ქალაქში „ქართული ოცნების“ კანდიდატია გამარჯვებული, ერთში - „ნაციონალური მოძრაობიდან“. ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს.
ნიკა მელია: ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მანდატით თუ მანდატის გარეშე იქნება დეპუტატის თავდადება
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბათუმში აქციას აანონსებს და აცხადებს, რომ რუსთავის ციხესთან ასევე ელოდებიან მოსახლეობას საღამოს 6 საათზე, ეს პროტესტი კი გაგრძელდება „,ვიდრე პატიმრობიდან არ იხსნიან ექსპრეზიდენტ სააკაშვილს“. რაც შეეხება მანდატების დატოვებას, ნიკა მელია აცხადებს, რომ მისთვის პარლამენტი დახურულია და მნიშვნელობა არ აქვს, მისი დანარჩენი თანაგუნდელები დღეს დატოვებენ პარლამენტს, ხვალ თუ ზეგ. „ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მანდატით თუ მანდატის გარეშე იქნება დეპუტატის თავდადება სახალხო მღელვარებაში. მანდატის დატოვებაც არ არის პანაცეა“, - აღნიშნა ნიკა მელიამ და დაამატა, რომ ეს თემა უმნიშვნელოა. „ფორმალურად, მანდატი ჯერ კიდევ აქვს თუ არა ვინმეს, რა მნიშვნელობა აქვს?!“ - მიმართა მან ჟურნალისტს. თავის მხრივ, პარტიის წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, რადგან სხვადასხვა არგუმენტი განიხილება, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილების მიღების აუცილებლობა, რომელიც სრულად პროპორციულ სისტემას გულისხმობს, და ასევე ის რომ, პარლამენტარის მანდატი იძლევა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობას და ამ კომუნიკაციის არხის დატოვებას, რომელიც შეიძლება, მნიშვნელოვანია. ცნობისთვის, თუ პარლამენტს 37 დეპუტატი დატოვებს, პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მიიღებს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას საფრთხე დაემუქრება. მისი დამტკიცება 3/4-იანი კვორუმით ანუ სულ მცირე 113 ხმით ხდება. პარლამენტში ახლა 149 წევრია. ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება არჩევნების წინ შეუწყდა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ 31 წევრით არის წარმოდგენილი პარლამენტში. სადეპუტატო მანდატები ამ დროისთვის დატოვეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. მანამდე პარლამენტის დატოვების შესახებ მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთეს. „ჩემი რჩევა იქნება, პარლამენტში ჩემი ყველა თანამებრძოლის და უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და წესიერი ხალხის მიმართ: მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, პარლამენტი და „ქართული ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო დატოვონ", - ეს განცხადება კი პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.
სალომე სამადაშვილი: "ლელო" პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს
ფრაქცია "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის გარდა, ფრაქციის სხვა წევრები მანდატის დატოვებას არ აპირებენ. "ცხადია, გამოვიყენოთ ჩვენი საპარლამენტო უფლებამოსილება ამ პოლიტიკური ცვლილებების მხარდასაჭერად. შესაბამისად, თქვენ იცით მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება და დღეს ფრაქციის არც ერთი სხვა წევრი პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს. ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება მოტივირებული პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი და დანიშნულება", - განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე მიიღო.
ნორვეგია ცდილობს, 12-დან 15 წლამდე ბავშვებში აცრები დააჩქაროს
ნორვეგიაში შემთხვევების რაოდენობამ ცოტა მოიმატა სკოლის მოსწავლეებში, ამიტომ, ქვეყანა ცდილობს, 12-დან 15 წლამდე ბავშვებში აცრები დააჩქაროს. ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს. ამასთან, იმისთვის, რომ სწავლა არ შეფერხდეს, ყოველკვირეულად მიმდინარეობს ტესტირება, რომ სწრაფი გამოვლენა და კარანტინში გადაყვანა მოხდეს. „უბრალოდ, მოსახლეობა მაინც იცავს დისტანციას, ცდილობენ, მასობრივი თავშეყრის ადგილებს მოერიდონ. პირბადეებს არ ატარებენ, გარდა მატარებლებისა და ტრანსპორტისა, სადაც ბევრი ხალხია. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი ისეა, როგორც პანდემიამდე. მოსახლეობის 80%-მდე აცრილია და ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ნორვეგია და დანია, მოახერხეს მასობრივი ვაქცინაცია და ახლა გრიპის საწინააღმდეგო აცრებიც ტარდება. ერთადერთი - საზღვრებს მაინც აკონტროლებენ, არის ქვეყნები, საიდანაც შესვლა, კარანტინს მოითხოვს, ხოლო მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებიდან, თუ გაქვთ კოვიდპასპორტი, შეგიძლიათ, კარანტინის გარეშე შემოხვიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარანტინი მოგიწევთ. კოვიდსიტუაციას ვმართავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოვხსენით და დავუბრუნდით ძველებურ ცხოვრებას. ვმართავთ ისე, რომ სიტუაცია არ გაუარესდეს, ვაკონტროლებთ სიტუაციას. წლის ბოლოსთვის მთავრობა შეიკრიბება, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც შეაფასებენ, როგორი ეპიდსიტუაცია იქნება, განსაკუთრებით, ჰოსპიტლებში ავადმყოფების რაოდენობას, რომლის საფუძველზეც მიიღებენ გადაწყვეტილებას, რაიმე ზომა შეცვალონ თუ გაამკაცრონ. ყველას ეუბნებიან, რომ კოვიდი არ დასრულებულა და ჩვენ მისი მართვა მოვახერხეთ, ამიტომ გთხოთ, დაიცვათ ის წესები, რომლებიც აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ თქვენი და სხვისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ ჩააგდოთ“, - განუცხადა Europetime-ს ზაზა წერეთელმა.
შანხაის დისნეილენდში ერთ სტუმარს Covid-19 დაუდგინდა, რის გამოც 30 000 ვიზიტორი შენობაში ჩაკეტეს
"ჩინეთმა 30 000 ვიზიტორი ჩაკეტა შანხაის დისნეილენდში მას შემდეგ, რაც ერთ სტუმარს Covid-19 დაუდასტურდა", - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, კვირას შანხაის დისნეილენდში 30000-ზე მეტი ვიზიტორი პარკის კარიბჭესთან დარჩა და ადმინისტრაციამ მათ Covid-19-ის ტესტის ჩატარება მოსთხოვა. ამასთან, შანხაის დისნეილენდში ვიზიტორებს ახლა პირბადეების ტარება მოეთხოვებათ. პარკში შესვლამდე აუცილებელია ტემპერატურის კონტროლი და სოციალური დისტანციის დაცვა. დისნეილენდში სტუმრობის მსურველებმა ბილეთები ინტერნეტის საშუალებით უნდა შეიძინონ, რათა რიგებში მასობრივი თავშეყრა აიცილონ.
პრემიერ-მინისტრი: გაწეული ძალისხმევისთვის ბორის ჯონსონს და ანტონიო გუტერეშს მადლობას ვუხდი
"მადლობას ვუხდი ბორის ჯონსონს და ანტონიო გუტიერეშს გაწეული ძალისხმევისთვის, რომლის შედეგად პანდემიის გათვალისწინებით, მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერის შეკრება შედგა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, კლიმატის ცვლილებები გლობალური გამოწვევაა, რომელთან გამკლავება ერთობლივი ძალისხევის გარეშე შეუძლებელია. „მქონდა პატივი, საქართველოს სახელით მონაწილეობა მიმეღო გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში, რომელიც გლაზგოში გაიმართა. მადლობას ვუხდი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს გაწეული ძალისხმევისთვის, რომლის შედეგად, პანდემიის გათვალისწინებით, მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერის შეკრება შედგა. კლიმატის ცვლილებები გლობალური გამოწვევაა, რომელთან გამკლავება ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ვალდებული ვართ ერთად ვიმოქმედოთ", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ახლად დანიშნული მოადგილე საქართველოს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ახლად დანიშნული მოადგილე საქართველოს ეწვევა. ინფორმაცია Europetime-ს ამერიკის საელჩოში დაუდასტურეს. ცნობისთვის, სომხეთში ამერიკის საელჩოს ცნობით, ერიკა ოლსონი (DAS) სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში გაემგზავრება. ოლსონი, სახელმწიფო დეპარტამენტში, „ევროპული და ევრაზიის საქმეების“ ხელმძღვანელის, მორინ კორმაკის მოადგილეა, რომელიც კავკასიის მიმართულებით მუშაობს. მისი ვიზიტის მიზანს სწორედ რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ორმხრივი საკითხების განხილვა წარმოადგენს. „ერევანში ყოფნისას, ოლსონი მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის მისიების მეთაურთა რეგიონულ შეხვედრაში 2-4 ნოემბერს. ღონისძიებას ესწრებიან აშშ-ის ელჩი სომხეთში ლინ ტრეისი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი აზერბაიჯანში ერლ ლიცენბერგერი. მოხარული ვართ, რომ აღვადგინოთ ეს დიდი ხნის ტრადიცია და შევიკრიბოთ ჩვენს კოლეგებთან ერთად რეგიონიდან და ვაშინგტონიდან, რომ გავცვალოთ იდეები და ინფორმაცია ჩვენი პოლიტიკის უკეთესი კოორდინაციისთვის რეგიონის სამივე ქვეყნის მიმართ“, - აღნიშნავს ერევანში ამერიკის საელჩო.
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში მაქსიმუმ 10 დღეში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მივაღწევთ
"ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში გაძლევთ სიტყვას, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელიც #12-ე სასჯეღსრულებისდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო. როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, თითოეულ მედგარ, გაუტეხელ ადამიანს ახლა დიდი მნიშვნელობა და ოქროს ფასი აქვს. „დასავლეთმა აბსოლუტურად ზუსტად დააფიქსირა საარჩევნო დარღვევები და ახლა მით მეტად დაგვიჭერს მხარს, რაც მეტნი და მეტად გამოვალთ ქუჩებში. აკი, თქვა ეუთოს დამკვირვებლების ხელმძღვანელმა, ჩვენ ყველაფერი ვთქვით და ახლა დანარჩენი ქართველ ხალხზეაო. ახლა აუცილბელად შემოგვესევიან სხვადასხვა ექსპერტები და პოლიტიკანები ერთი ლოზუნგით, რომ ქუჩაში შემდგომ ბრძოლას აზრი არ აქვს, მაინც არაფერი გამოვა. ჯერ ერთი, გარეთ არიან მაგარი, უკვე ბრძოლაში გამობრძმედილი ლიდერები, როგორიც განსაკუთრებით, ნიკა მელიაა, ასევე რამდენიმე გაბედული ლიდერი, რეგიონული ლიდერები და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის, ახალგაზრდა თაობა ძალიან გონიერი და ბრძოლისუნარიანი ლიდერები. ასევე, ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში გაძლევთ სიტყვას, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე. ჩვენ ახლა გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი ერთიანობა. თითოეულ მედგარ, გაუტეხელ ადამიანს დიდი მნიშვნელობა და ოქროს ფასი აქვს. ჩვენი ძალა ახლა ერთობაშია და გამარჯვების რეცეპტი მრავალრიცხოვნობასა და დაუღალაობაშია“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
ირაკლი კობახიძე: ახლა ხელოვნური კრიზისის შექმნის რესურსი აღარ აქვთ
"ჩვენ 6-თვიანი საბოტაჟი და ხელოვნური კრიზისი გამოვიარეთ. ახლა მათ არც საბოტაჟის რესურსი აღარ აქვთ და არც ხელოვნური კრიზისის შექმნის", - ასე ეხმიანება პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას გადავიდნენ ბოიკოტის რეჟიმში. კობახიძის განცხადებით, მათი ეს გადაწყვეტილება საპარლამენტო დღის წესრიგში არსებით ცვლილებებს არ შეიტანს. „ეს იქნება მათი გადაწყვეტილება და პარლამენტი ამ შემთხვევაში მიიღებს ფორმალურ გადაწყვეტილებას. მე არ მგონია, ამან რაიმე არსებითი ცვლილებები შეიტანოს საპარლამენტო დღის წესრიგში. გავაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ პარლამენტართან, ყველა იმ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს და ფიქრობს. ჩვენ გამოვიარეთ 6- თვიანი საბოტაჟი სახელმწიფო ინსტიტუტების, ეს იყო ე.წ. ხელოვნური კრიზისი, თუმცა, ახლა მათ არც საბოტაჟის რესურსი აღარ აქვთ და არც ხელოვნური კრიზისის შექმნის. აქედან გამომდინარე, შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება", - განაცხადა კობახიძემ.
არჩილ თალაკვაძე: ანომალიაა, როცა ოპოზიციას არ უნდა, იყოს ოპოზიცია
"ანომალიაა, როცა ოპოზიციას არ უნდა, იყოს ოპოზიცია - სწორედ ამასთან გვაქვს საქმე", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტი მათი სისუსტის გამოვლინებაა. „ერთგვარი ანომალიაა, როცა ოპოზიციას არ უნდა იყოს ოპოზიცია; სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში ერთიანი პოზიცია არ არის და ის პარტიები, ვინც პარლამენტში რჩება, უფრო პასუხისმგებლიანად იქცევიან. პოლიტიკა პარლამენტიდან გასვლა და საკუთარ როლზე უარის თქმა არ არის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ირაკლი კობახიძე: არავითარი ვალდებულება არ გვაქვს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ
"არავითარი ვალდებულება არ გვაქვს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ქვეყნისთვის, რადგან დადგენილია პროპორციული სისტემა 5 პროცენტიანი ბარიერით, რომელიც ლეგიტიმურია და ამოქმედდება 2024 წლიდან. "გვაქვს დღეს დემოკრატიული კონსტიტუცია, სადაც დადგენილია პროპორციული საარჩევნო სისტემა, 5 პროცენტიანი დემოკრატიული ბარიერით, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას ბარიერის დაწევაზე, მაგრამ არაფერი რომ არ შეიცვალოს კონსტიტუციაში, ამით დემოკრატიულ განვითარებას არაფერი ზიანი არ მიადგება, შეიძლება უკეთესიც კი იყოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რადგან პროპორციული სისტემა 5 პროცენტიანი ბარიერით აბსოლუტურად ლეგიტიმური და დემოკრატიულია. არავითარი ვალდებულება არ გვაქვს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ. ამ ცვლილების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ქვეყნისთვის, რადგან დღეს დადგენილია სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 5 პროცენტიანი ბარიერით. ლეგიტიმური და სწორი სისტემაა დადგენილი, რომელიც ამოქმედდება 2024 წლიდან,"- განაცხადა კობახიძემ.
ბერნში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა
შვეიცარიის კონფედერაციის დედაქალაქ ბერნში, ფესტივალის "FERNWEH" ფარგლებში, „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცობით, შვეიცარიაში მსგავსი მასშტაბის ღონისძიება პირველია და ის ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ღვინის ფორუმს, ბერნის მერი ალეკ ფონ გრაფენრიდი დაესწრო და ქართული მეღვინეობის ისტორიას და ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოდგენილ ღვინოებს გაეცნო. „დღეს გავეცანი საქართველოს, რომელსაც აქვს ქვევრში ღვინის წარმოების 8 ათასწლიანი ტრადიცია და ისტორია, ასევე, სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილ ღვინოებს, რომელთაც აქამდე არ ვიცნობდი. მოხარული ვარ, რომ დავესწარი ამ ფორუმს. წარმატებებს ვუსურვებ ქართულ ღვინოს შვეიცარიაში“, - აღნიშნა ბერნის მერმა. „შვეიცარიაში „ქართული ღვინის ფორუმი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს, „ქართული ღვინის გალერეის“ და შვეიცარიაში „ქართული კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმის ფარგლებში, ქართული ღვინის პრეზენტაცია „ქართული ღვინის გალერეის“ (GeoHaus GmbH) დამფუძნებელმა, ზვიად არაბიძემაც წარმოადგინა. შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში, მიმდინარე წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი გალარეა გაიხსნა, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციაში საკუთარ წვლილს შეიტანს. ქართული ღვინის გალერეის გახსნის იდეა ქართველ ბიზნესმენ, ზვიად არაბიძეს ეკუთვნის. ბერნში, ღვინის პროფესიონალებსა და დაინტერესებულებს, ორი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართული კომპანიების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა დასახელების ღვინოს. ამასთან, ფორუმის ფარგლებში სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.