ძებნის რეზულტატი:

ნიკა მელია: თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ

`თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ“, - ამ გზავნილით მოუწოდა მხარდამჭერებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხვალ, 8 ნოემბერს, აქციაზე მისვლისკენ. ნიკა მელიამ ამის შესახებ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და ხელისუფლებამ ექსპრეზიდენტის სიკვდლით დასჯის განაჩენი არ გააუქმა და სურს, ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება. თუმცა ოპოზიციონერი ლიდერი „პირობას დებს, რომ ამას არ დაუშვებს“. „ქვეყნის ღირსება ვერ იქნება დაცული, თუ საქართველოს კიდევ ერთ პრეზიდენტს მოვუკლავთ. დღეს სააკაშვილი მაგალითია იმისა, რომ საქართველო დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე, დასავლეთი თუ რუსეთი“, - აღნიშნა ნიკა მელიამ. მისივე თქმით, "მესამე პრეზიდენტის გადარჩენაზე გადის არჩევანის ისტორიული ხაზი, ვირჩევთ - დასავლეთს თუ რუსეთს". ამავე თემაზე: მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი კონსილიუმის წევრებს სასწრაფოდ შეხვედრას სთხოვს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების კანონიერებას ინსპექტორის სამსახური შეისწავლის

პენიტენციური სამსახური: სიცრუეა, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განგაშია და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა

პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განგაშია და ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მასთან კლინიკა „ვივამედის“ ექიმები შევიდნენ. უწყების მიერ გავრცელებული განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. „ინფორმაციისთვის: 5 ნოემბერს ჩატარებულ კონსილიუმზე, რომლის შემადგენლობაში იყო რეანიმატოლოგი და ნევროლოგი, მათ შორის, სააკაშვილის პირადი ექიმიც, პატიმარმა დააფიქსირა ჩივილები - თვალის ტკივილი და სურდო. ამის გათვალისწინებით, გაიცა რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილთან ოფთალმოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი შესულიყო. პრევენციის მიზნით კონსილიუმმა დაგეგმა კარდიოლოგის კონსულტაციაც, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. ორივე ექიმ-სპეციალისტის თქმით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს რაიმე მწვავე პათოლოგია არ გამოვლენია. მიხეილ სააკაშვილს, მისი თანხმობის საფუძველზე, დაწესებულებაში ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა პასუხები ამ ეტაპზე არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამავე თემაზე მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი კონსილიუმის წევრებს სასწრაფოდ შეხვედრას სთხოვს

მიტოვებული ძაღლი ჩინეთში, აუქციონზე $25,000-ად გაიყიდა

მიტოვებული ძაღლი, რომელიც ჩინეთში ინტერნეტ სენსაციად იქცა, აუქციონზე $25,000ად გაიყიდა. BBC წერს, რომ შიბა ინუს ჯიშის დენ დენგი, შვიდი წლის წინ შინაური ცხოველების მომზადების ცენტრში დატოვეს და მისი პატრონი აღარ უკან დაბრუნებულა. პეკინის სასამართლომ რვა წლის ძაღლის აუქციონზე გასაყიდად გადატანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პატრონი ვერ იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრმა მფლობელს უჩივლა და თანხის გადახდა მოსთხოვა. მაგრამ მას შემდეგ, რაც სასამართლომ მფლობელთან დაკავშირება ვერ შეძლო, მან დენ დენგის აუქციონი ინტერნეტით ჩაატარა. მყიდველის ვინაობა არ გახმაურებულა.

ბათუმის პორტში 2 ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვა

ბათუმის პორტში 2 ამერიკული სამხედრო ხომალდი ხვალ შემოვა. USS Mount Whitney და USS porter-ი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლამდე, თურქეთში იმყოფებოდა. აშშ-ის საზღვაო ფლოტის ინფორმაციით, შავ ზღვაში აღნიშნული ოპერაცია ადასტურებს აშშ-სა და NATO-ს ერთგულებას რეგიონის მიმართ. მისივე განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები ერთად დგანან უსაფრთხო, სტაბილური და უსაფრთხო შავი ზღვის უზრუნველსაყოფად, ქმნიან პარტნიორობის შესაძლებლობებს ეფექტურობისა და თავსებადობის გასაუმჯობესებლად.

სხვადასხვა სფეროს 100-ზე მეტი წარმომადგენელი პრემიერსა და პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სთხოვს

ლიტერატურის, კინოს, თეატრის, მუსიკისა და ხელოვნების სხვა დარგების 100-ზე მეტი წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას სთხოვს. წერილს საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ასზე მეტი ხელოვანი აწერს ხელს. ტექსტს ასევე უერთდებიან საზღვარგარეთ მცხოვრები მწერალი ნინო ხარატიშვილი, რეჟისორი ნინო კირთაძე და მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი. "ქართველი ლიტერატორები, კინოს, თეატრის, მუსიკისა და ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენლები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლების დასაცავად ერთიანდებიან და თანხმდებიან ერთ უმთავრეს ღირებულებაზე - ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია! მნიშვნელოვანია ნებისმერ ადამიანს სახელმწიფომ აღმოუჩინოს კანონით გათვალისწინებული და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციასთან შესაბამისობაში არსებული სამედიცინო დახმარება. ჩვენ, ლიტერატურის, თეატრისა და კინოს, მუსიკისა თუ კულტურის სხვა სფეროში მომუშავე ადამიანები, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად, მოგმართავთ და მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ აღმოუჩინოთ დახმარება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და გადაიყვანოთ ის ისეთ კლინიკაში, როგორსაც გაეწია რეკომენდაცია ექიმთა კონსილიუმისა და სახალხო დამცველის მიერ. ჩვენ არ ვართ მომხრე პოლიტიკური ანგარიშსწორებისა, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ართმევს იმედს მომავალ თაობებს; ჩვენ გვსურს ამ ქვეყანაში სახელმწიფო უფრთხილდებოდეს ადამიანის სიცოცხლეს. დაუშვებელია სამართლიანობის სახელით სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ნებისმიერი ადამიანისათვის. გვჯერა, რომ მესამე პრეზიდენტის შიმშილით სიკვდილი, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ სრულდება ექიმებისა და სახალხო დამცველის მოთხოვნა - გაეწიოს პატიმარს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, გამოუსწორებელ ლაქად დააჩნდება საქართველოს უახლეს ისტორიას”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 124 ადამიანის ხელმოწერა აქვს. მათ შორის არიან: 1. ციაკო აბესაძე 2. ბექა ადამაშვილი. 3. ნიკოლოზ აგლაძე 4. მაია ალუდაური 5. რატი ამაღლობელი 6. ზაალ ანდრონიკაშვილი 7. მაია ბადრიძე 8. თამაზ ბათიაშვილი 9. ლიზა ბათიაშვილი-ლელუ 10. მედიკო ბაქრაძე 11. ლევან ბერძენიშვილი12. პაატა ბურჭულაძე 13. ლაშა ბუღაძე 14. ნატალია გაბისონია15. რეზო გეთიაშვილი16. ნათია გიორგაძე17. მარი გულბიანი18. დალილა გოგია19. ნანა გოგოლაშვილი20. ხათუნა გოგუა21. გია გოკიელი22. ბექა გოჩიაშვილი23. ნატო დავითაშვილი24. ქეთი დანელია25. ირინა დემეტრაძე26. თეონა დოლენჯაშვილი27. ლელა დუმბაძე28. ხატია ეკიზაშვილი29. ნანა ექვთიმიშვილი30. ვახო ვარაზი31. დავით ვაშაძე32. ლია ვიტეკი33. სოფო ზერაგია34. დათა თავაძე35. ხათუნა თავდგირიძე36. კოტე თაყაიშვილი37. თამარ თვარაძე38. შოთა იათაშვილი39. მედეა იმერლიშვილი40. პიტერ იანი41. გიორგი კაკაბაძე42. ირაკლი კაკაბაძე43. ნინია კაკაბაძე44. ლანა კალანდია45. კატო კალატოზიშვილი46. მაკა კასრაძე47. ნინო კასრაძე48. ზვიად კვარაცხელია49. ალექსანდრე კვატაშიძე50. ნესტან ნენე კვინიკაძე51. თამარ კვიჟინაძე52. დარეჯან კიკოლიაშვილი53. ნინო კირთაძე54. მეგი კობალაძე55. ლელა კოდალაშვილი56. მაია კუდავა57. ნუცა კუხიანიძე58. ნიკა ლაშხია59. შორენა ლებანიძე60. ეკატერინე მაზმიშვილი61. სალომე მაისაშვილი62. ლიკა მაისურაძე63. თინა მამულაშვილი64. დიანა მაღლაკელიძე65. მარიამ მაღრაძე66. გურამ მაცხონაშვილი67. ქეთი მაჭავარიანი68. თეკლა მაჭავარიანი69. თაკი მუმლაძე70. მუხრან მახარაძე71. ნათია მიქელაძე72. ტორესა მოსი73. ქეთი ნადიბაიძე74. ელენე ნავერიანი75. დავით ნათიძე76. გაგა ნახუცრიშვილი77. ქეთი ნიჟარაძე78. გივი (ბესო) ოდიშარია79. ლელა ოჩიაური80. ზურა პაპიაშვილი81. სოფო ჟვანია82. ნიკოლოზ რაჭველი83. ლელა სამნიაშვილი84. ბესო სოლომონაშვილი85. ირაკლი სოლომონაშვილი86. ილიკო სუხიშვილი87. ნინო სუხიშვილი88. თამარ ტატიშვილი89. ეკატერინე ტოგონიძე90. ანა ურუშაძე91. გიორგი უშიკიშვილი92. ნინო ფურცხვანიძე93. თამრი ფხაკაძე94. დავით ქაშიაშვილი95. ივა ქიმერიძე96. არჩილ ქიქოძე97. გია ქობულაშვილი98. კოტე ყუბანეიშვილი99. ნინო შაბურიშვილი100. თაკო შავგულიძე101. ქეთა შათირიშვილი102. პაატა შამუგია103. პაპუნა შარიქაძე104. გაგა შიშინაშვილი105. თამუნა შენგელია106. გიო შველიძე107. ნიკა ჩერქეზიშვილი108. ბელა ჩეკურიშვილი109. ნინო ჩიჩუა110. პაატა ციკოლია111. დათი ცინცაძე112. ლელა ცუცქირიძე113. ხათუნა ცხადაძე 114. იაკო ჭილაია115. ირინე ჭოღოშვილი116. ანა ხაზარაძე 117. ბასა ხარაზი118. თეო ხატიაშვილი119. ნინო ხარატიშვილი120. ბექა ხაჩიძე 121. სოსო ხვედელიძე122. დავით ხმალაძე123. გვანცა ჯობავა124. თეონა ჯორბენაძე.

COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 250 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 250 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. მათივე ცნობით, COVID19-ს დღემდე მსოფლიოში 4.99 5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 227 მილიონს უახლოვდება. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID19-ით ყველაზე მეტი - 47.3 მილიონი ადამიანი აშშ-ი დაინფიცირდა.

იაპონიაში, გასული დღის განმავლობაში, COVID19-ით არავინ გარდაცვლილა

"იაპონიაში, გასული დღის განმავლობაში, COVID19-ით არავინ გარდაცვლილა, რაც პირველად მოხდა 2020 წლის 2 აგვისტოს შემდეგ", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში COVID19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. ბოლო მინაცემებით, იაპონიაში მოსახლეობის 70 %-ზე მეტია ვაქცინირებული. ამასთან,ზამთარში ინფიცირების შემთხვევების შესაძლო მატების პრევენციის მიზნით მთავრობა, მომავალი თვიდან, მოსახლეობის „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს.

„ლელო“ ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს

„ლელო“ ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს. ამის შესახებ განცხადებას „ლელო“ ავრცელებს. "ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე ყოველდღიურად მძიმდება. გახლეჩილ საზოგადოებაში ემოციები უკიდურესად მძაფრდება და სიტუაცია უკვე ფეთქებადსაშიშია. პროცესი აშკარად მიექანება ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ. ამ ვითარებაში, რაც არ უნდა ღრმა იყოს პოლიტიკური და პერსონალური დაპირისპირება, ქართველი ერისა და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გამოვძებნოთ რესურსი გონივრული შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად. „ლელო“ ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს, დაუყოვნებლივ დავიწყოთ დიალოგი სიტუაციის დეესკალაციის კონკრეტული გზების გამოსაძებნად. ყოველმა დაკარგულმა წუთმა შესაძლოა დრამატულად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს ბედი. „ლელო“ მზადაა დაუყოვნებლივ ჩაერთოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში", - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან რკინის ღობე აღმართეს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ისევ რკინის ღობე აღმართეს. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან რკინის ღობის აღმართვა სავარაუდოდ, დღეს ოპოზიციის დაგეგმილ აქციას უკავშირდება. ცნობისთვის, ოპოზიცია აქციას დღეს თავისუფლების მოედანზე გამართავს.

აშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის დღეიდან საზღვრებს ხსნის

აშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის დღეიდან საზღვრებს ხელახლა ხსნის. ახალი წესების თანახმად, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს თვითმფრინავში ასვლამდე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და გამგზავრებამდე სამი დღის განმავლობაში აღებული ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა ევალებათ. მათ კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. აშშ-ში შესვლის შეზღუდვა ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დააწესა. ცნობისთვის, ევროკავშირმა ბლოკის ტერიტორიაზე აშშ-დან ჩასული ვიზიტორების მიღება ივნისში, გაერთიანებულმა სამეფომ კი - ივლისში განაახლა.

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს უდიდესი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს აღვნიშნავთ

"დღეს უდიდესი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს აღვნიშნავთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, ილიას მთელი ცხოვრება, მისი ყოველი ნაბიჯი და წამოწყება საქართველოს გაძლიერებისკენ, მისი საზოგადოების განვითარებისკენ იყო მიმართული. „ისტორიაში იშვიათია შემთხვევა, როდესაც ერთმა ადამიანმა წარმოუდგენელი მასშტაბის პირადი ძალისხმევით შეძლო ქვეყნის მომავლის განსაზღვრა. ილიას შემოქმედებამ ქართველ ხალხში მიძინებული ეროვნული თვითშეგნება და სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოაღვიძა. მისმა მრავალმხრივმა საზოგადო მოღვაწეობამ კი განვითარების ის გზა დასახა, რომელსაც დღესაც მივყვებით, და რომელიც კვლავაც დიდხანს იქნება ჩვენი უმთავრესი ორიენტირი.გულითადად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს და წმინდა ილია მართლის გზით - სამშობლოს მსახურებისა და სიმართლის გზით სიარულს გისურვებთ ყველას“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი კობახიძე: ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ

"ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ რაიმე მცდელობა ექნებათ, რომ დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ",- ასე ეხმაურება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლებისთვის მიცემულ ულტიმატუმს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილი „ფეიკი“ აღმოჩნდა. „ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ რაიმე მცდელობა ექნებათ, რომ დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა. ქვეყანას სჭირდება მშვიდობა. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი. თუ ვინმეს ექნება მცდელობა დესტრუქციული ნაბიჯი გადადგას, მიიღებენ უმკაცრეს პასუხს კანონის შესაბამისად“, - აღნიშნავს კობახიძე.

COVID19-ით ინფიცირების 2191 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 74 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 477 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 204 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 273 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 191 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 755 046-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.41%. ბოლო 24 საათში COVID19-ისგან გამოჯანმრთელდა 4 348 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 693 129-მდე. ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 509 ადამიანი ემსხვერპლა. "დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა - 89, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 146, შიდა ქართლი - 81, გურია - 58, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 140, კახეთი - 162, მცხეთა-მთიანეთი - 64, სამცხე-ჯავახეთი - 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 382 საიდანაც: 6 916 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 677, აჭარაში - 587, იმერეთში - 1 475. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 678 პირი, მათ შორის, თბილისში - 638, აჭარაში - 129, იმერეთში - 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული 355 ადამიანი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 38, იმერეთში - 30. 1 302 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 835 - თბილისში, 262 - აჭარაში. 43 164 პაციენტი სახლში მკურალობს. საკარანტინე სივრცეებშია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 45, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 7 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 352 ადამიანი.

ბათუმის პორტში 2 ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვიდა

„ბლუ რიჯის” კლასის სამეთაურო და მართვის ხომალდი „მაუნთ უიტნი (LCC 20)” და „არლი ბურკის” კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი „პორტერი” 2021 წლის 8 ნოემბერს ბათუმში დაგეგმილი საპორტო ვიზიტის ფარგლებში შემოვიდა. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. მისივე ცნობით, ვიზიტი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ურთიერთობას NATO-ს მოკავშირეებსა და შავი ზღვის რეგიონის ძალზედ მნიშვნელოვან პარტნიორ საქართველოს შორის. საქართველო მტკიცე და ერთგული პარტნიორია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით. „მივესალმებით აშშ-ის საზღვაო ხომალდ „მაუნთ უიტნისა" და „პორტერს"! ხუთი წლის შემდეგ მეექვსე ფლოტის ფლაგმანი, „მაუნთ უიტნი" საქართველოში დაბრუნდა. ამ ხომალდისთვის საქართველოს პორტები უცხო არ არის, ვინაიდან „მაუნტ უიტნი" ქვეყანას ხუთჯერ ეწვია, მათ შორის, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით“, - აღნიშნულია საელჩოს ტექსტში. წინა პერიოდში, 2021 წლის თებერვალში აშშ-ის ხომალდმა, „დონალდ ქუქმა (DDG 75)” განახორციელა ვიზიტი ბათუმის პორტში. 2021 წლის მაისში „ლეჯენდ” კლასის სანაპირო დაცვის ხომალდი „ჰამილტონი (WMSL-753)” ბათუმში საქართველოს სანაპირო დაცვასთან ურთიერთთავსებადობის წვრთნების დასრულების შემდგომაც შეჩერდა. „საქართველო შავ ზღვაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და NATO-ს ღირებული პარტნიორია” – განაცხადა NATO-ს დამრტყმელი და დამხმარე ძალების (STRIKFORNATO) სარდლის მოადგილემ, ზურგის ადმირალმა ჯეიმს მორლიმ. „ჩვენ მოუთმენლად ველით NATO-სა და ჩვენ ქართველ კოლეგებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ბათუმში“, - აღნიშნა ჯეიმს მორლიმ. ამერიკის საელჩოს განცხადებით, აშშ-ის მეექვსე ფლოტისა და NATO-ს დამრტყმელი და დამხმარე ძალების პირადი შემადგენლობა „მაუნთ უიტნიზე” იმყოფება და ერთიან გუნდად მოქმედებს, სარდლობებს შორის თავსებადობა და მათი ყოფნა ამ რეგიონში კი, წარმოაჩენს აშშ-NATO-ს ერთგულებას შავი ზღვის რეგიონისადმი და მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართ ამ რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად. ბათუმში ყოფნისას ქვეყნის მდიდარი ისტორიის გაცნობითა და ადგილობრივ ხალხთან ურთიერთობით გემების ეკიპაჟები ქართულ კულტურასა და ტრადიციებს შეიცნობენ, - იტყობინება ამერიკის საელჩო „ჩემთვის ეს პირველი ხომალდი და საზღვაო ფლოტში პირველი დისლოცირებაა. ძალიან ამაღელვებელია, რომ საქართველოს ვსტუმრობ“. ყოველთვის მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა და მისი კულტურისა და სამზარეულოს გაცნობა“, - განაცხადა „მაუნთ უიტნის” მეზღვაურმა, მეორე კლასის კრიპტოლოგიურმა ტექნიკოსმა, მელისა მიტჩელმა. ბათუმში შემოსვლამდე „მაუნთ უიტნიმ” და „პორტერმა” ევროპისა და აფრიკის აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ მართულ ოპერაცია „ქასლ ფორჯში” მონაწილეობით ერთობლივი ოპერაციების ძალა წარმოაჩინეს. „ქასლ ფორჯი” შავ ზღვაში დინამიკური, პარტნიორობაზე კონცენტრირებული წვრთნების შესაძლებლობას უზრუნველყოფს და კრიზისულ პერიოდში მოქნილი და დამაიმედებელი ძალების ყოლით გაერთიანებული ძალების რეაგირების ერთობლივ უნარს წარმოაჩენს. გარდა ამისა, ბულგარეთისა და თურქეთის საზღვაო ძალების გემებთან ერთად ორივე გემმა მონაწილეობა მიიღო გემის ორმხრივი მანევრირების წვრთნებში, კომუნიკაციის შემოწმებასა და სიმულაციურ სავარჯიშოებში და საქართველოს სანაპირო დაცვის თანხლებით შემოვიდა ბათუმში. ეს მანევრირება, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად შესრულდა, ხაზს უსვამს ყველა მონაწილე ქვეყნის პროფესიონალიზმსა და მარჯვე ნაოსნობას. აშშ-ის საზღვაო ძალები, ჩვენ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის ერთგულია. აშშ-ის ხომალდი „მაუნთ უიტნი” ბაზირებულია გაეტაში, იტალიაში და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების მხარდასაჭერად ევროპასა და აფრიკაში ოპერირებს მეექვსე ფლოტის გაერთიენებული ეკიპაჟით, რომელიც შედგება მეზღვაურებისა და საზღვაო გადაადგილების სარდლობის სამოქალაქო წევრებისგან. NATO-ს საზღვაო დამრტყმელი და დამხმარე ძალები (STRIKFORNATO), რომლის სათავო ოფისიც ოეირასში, პორტუგალიაშია განთავსებული წარმოადგენს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ევროპული სარდლობის მთავარ, სწრაფად დისლოცირებად და მოქნილ საზღვაო ძალების შტაბს, რომელსაც შეუძლია სრული სპექტრის ერთობლივი საზღვაო ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება, უმთავრესად აშშ-ის საზღვაო და ამფიბიური ძალების გაერთიანებით, ალიანსის მიერ შეკავებისა და კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად. მეექვსე ფლოტი, რომელიც ბაზირებულია ნეაპოლში, იტალიაში ახორციელებს სრული სპექტრის ერთობლივ და საზღვაო ოპერაციებს, ხშირად მოკავშირე და უწყებათშორის პარტნიორებთან ერთად აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და ევროპასა და აზიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად“, - აცხადებს ამერიკის საელჩო.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრებს დღეს მართავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონი საქართველოს სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში 4 ნოემბერს ეწვია. ე ერიკა ოლსონმა პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან იმავე დღეს გამართა. დღეს ის პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდება. სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე დაესწრება კულტურულ ღონისძიებას და გაეცნობა საელჩოს მიერ მხარდაჭერილ პროექტს, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს ავითარებს. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის ახლად დანიშნული მოადგილის ვიზიტი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ორმხრივი საკითხების განსახილველად შედგება.

პრემიერი: თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატების გამართვა, მზად ვართ, კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ

პრემიერ-მინისტრმა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას დღეს განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის. „ჩვენ ახლა გვაქვს სამწლიანი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას, რომ ეს კარგად გავაცნობიეროთ. დადგა დრო საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის ინტერესები და არა ვიწროპარტიული ინტერესები. ამიტომ, თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატების გამართვა, ამისთვის ადგილი არის პარლამენტი და ჩვენ, მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა მზად ვართ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. „კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და მარცხდები არჩევნებში, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ, ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: იმდენივეს გავაკეთებ წალენჯიხისთვის, რამდენსაც - სხვა, დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის

„წარმატება მინდა ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ მთელი ცენტრალური მთავრობა მზად ვიქნებით, ვითანამშრომლოთ მასთან, კონსტრუქციულ რეჟიმში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ის, როგორც პრემიერ-მინისტრი, იმდენივეს გააკეთებს წალენჯიხისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. „ასევე მინდა ვთქვა, რომ მე, როგორც პრემიერ-მინისტრს მექნება ძალიან მჭიდრო, აქტიური მუშაობა არჩეულ მერებთან. მე მინდა მათ მივულოცო არჩევნებში გამარჯვება. ეს იყო ჩვენი ხალხის არჩევანი, ხალხის ნება იქნა გამოხატული და ამ არჩევანს და ხალხის ნებას ყველა უნდა დაემორჩილოს. მე ასევე წარმატება მინდა ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ მთელი ცენტრალური მთავრობა მზად ვიქნებით, ვითანამშრომლოთ მასთან, კონსტრუქციულ რეჟიმში. რა თქმა უნდა, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ მე მინდა დავაზუსტო დღეს, რომ ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და ახლა საჭიროა საქმეზე კონცენტრირება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. პრემიერმა 29 ოქტომბერს განაცხადა: „მეორე ტურზე კიდევ ერთ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, რა ურჩევნია ჩვენს მოსახლეობას, რომ აი, ამ მუნიციპალიტეტებში იყოს ჩვენი კანდიდატი, ჩვენი მერი და იყოს სრული სინერგია, განვითარება, მშვიდობა, სტაბილურობა და მხოლოდ საქმე თუ რომელიმე მუნიციპალიტეტში, ღმერთმა არ ქნას, გაიმარჯვოს „ნაცმოძრაობის“ წევრმა და შევიდეს ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია და საბოტაჟი. ამ კითხვაზე, მე მჯერა, ჩვენი ბრძენი ხალხი გადაწყვეტს და ძალიან სწორ არჩევანს გააკეთებს“.

პრემიერი: დღეიდან, მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება

ირაკლი ღარიბაშივლმა ჩატარებულ არჩევნებს ისტორიული უწოდა, შედეგებს კი იყო ისტორიული გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან მინისტრებს საქმეზე ორიენტირებისკენ მოუწოდა. „მინდა, რომ კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის და მინდა ვუთხრა მათ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი ეს ნდობა გავამართლოთ. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად საპატიო საქმე, მაგრამ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და დღეიდან, მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება. მინდა, მინისტრებს საჯაროდ განვუცხადო, რომ დღეიდან, მხოლოდ საქმეზე უნდა ვისაუბროთ, მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და ის დაპირება, პროექტები, ინიციატივები, რაზეც საუბარი გვქონდა არჩევნების დროს, კამპანიის დროს, მხოლოდ ამ პროგრესზე უნდა გვქონდეს საუბარი მოსახლეობასთან. 24 საათიან რეჟიმში, აბსოლუტურად მოტივირებულები, განახლებული, გაათმაგებული ენერგიით უნდა შევუდგეთ საქმეს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს ძალიან ბევრი გამოწვევა და ძალიან ბევრი პრობლემაა. ეს არის სამუშაო ადგილების სიმცირე, სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია, ოკუპაცია, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენ მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და უნდა ვიმუშაოთ 24 საათიან რეჟიმში ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ვარაუდით, წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 2022 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 65 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ გადასცდება 5 500 აშშ დოლარს ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კორექტირებული ბიუჯეტი, გადამუშავებული ვერსია, თუმცა ნოემბერში, ჩვენ კიდევ ინტენსიურად ვიმუშავებთ სამინისტროებთან, უწყებებთან და თვის ბოლოს საბოლოო ვერსიას წარვადგენთ პარლამენტში, მანამდე გვაქვს ეს პერიოდი, რომ პარლამენტთან და დეპუტატებთან ვითანამშრომლოთ აქტიურად და საბოლოო ვერსიაზე შევჯერდეთ. 9 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11,3% შეადგინა, გადაიხედა რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და ჩვენი ვარაუდით, წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ზრდიდან გამომდინარე, გაიზარდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზიც და ბიუჯეტის პირველ ვერსიაში პროგნოზირებული 58,4 მლრდ ლარის ნაცვლად, გადამუშავებულ ვერსიაში პროგნოზირებულია 58,7 მლრდ ლარის ოდენობით. რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს შეადგენს 6%-ს. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2022 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 65 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ გადასცდება 5 500 აშშ დოლარს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიხეილ სააკაშვილთან სავარაუდოდ, ექიმთა კონსილიუმი შევა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, დღეს, სავარაუდოდ, ექიმთა კონსილიუმი შევა. სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, უპირველესი საზრუნავია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. „უპირველესი საზრუნავია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული ქმედებების დამსახურებით უკვე მის სასიცოცხლო მაჩვენებლებს ექმნება საფრთხე. შესაძლებლია, ყოველ წუთში დადგეს მძიმე მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ფატალურადაც კი დასრულდეს. ჩვენ მას გავესაუბრებით იმაზე, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ მისი სიცოცხლე დაცული იყოს. ასევე, დღის წესრიგში დგას ექიმთა კონსილიუმის ვიზიტი ციხეში, რათა ადგილზე შეაფასონ სიტუაცია და იმსჯელონ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმ ღონისძიებებზე, რომელიც გასატარებელია, რათა პრეზიდენტი უბრალოდ ფიზიკურად გადარჩეს", - განაცხადა ადვოკატმა.