ძებნის რეზულტატი:

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 21:34 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი სოფელ მამიშლართან იყო. სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.

უკრაინა ქართულ მხარეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გლდანის G18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანით. უწყება მოუწოდებს ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ყველა საჭირო საშუალება სათანადო სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად. მისივე ცნობით, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა გაეგზავნა. უწყების განცხადებით, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის შემდგომი დარჩენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებით რისკებსა და დაძაბულობას ქმნის. საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკრაინის საელჩო საქართველოში აგრძელებენ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარების სპეციალურ კონტროლს. მანამდე, 6 ნოემბერს, უმაღლესი რადას დეპუტატებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართეს, რომელსაც ხელს აწერს 89 დეპუტატი 3 პარტიიდან - ხალხის მსახური (Слуга народа), ხმა (Голос) და მამული (Батьківщина). ისინი მიხეილ სააკაშვილისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და უკრაინაში მის დაბრუნებას ითხვდნენ.

ლიზა იასკო: რომ გადარჩეს სააკაშვილი, უკრაინის ტერიტორიაზე უნდა გადაიყვანონ

მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს, ამიტომ აუცილებელია მისი გადაყვანა უკრაინის ტერიტორიაზე - ამის შესახებ ,უკრაინის რადას დეპუტატმა განაცხადა. ლიზა იასკო ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გადაუგზავნა საპროტესტო ნოტა საქართველოს ხელისუფლებას. ,ტვ პირველთან" ინტერვიუში ის აცხადებს, რომ გლდანის ციხეში გადაყვანა არის უკრაინის მოქალაქის უფლებების დარღვევა, ასევე, გლდანის ციხეში ის თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს. „უკრაინის სახალხო დამცველმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა საქართველოს ელჩი. მსურს, რომ საქართველოს ხელსუფლებამ მოისმინოს ის მოთხოვნები, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქესთან დაკავშირებით გაგვაჩნია. იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადავარჩინოთ, ის უნდა იყოს გადაყვანილი უკრაინაში. ამ მოთხოვნის მთავარი საფუძველი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უზრუნველყოფა. უკრაინა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სააკაშვილს შეუძლია, მიიღოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება. იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს, ის უნდა გადაიყვანონ უკრაინაში“, - განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ.

ადვოკატი ბექა ბასილაია გლდანის ციხესთან მომხდარს წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობად აფასებს

ადვოკატი ბექა ბასილაია ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანას გლდანის ციხის საავადმყოფოში, ეს არ იყო ჰოსპიტალიზაცია, ეს იყო კრიმინალური სპეცოპერაცია. მისივე თქმით, სააკაშვილი აღარ არის უსაფრთხო გარემოში და მის მიმართ უკვე განხორციელდა ფსიქოლოგიური ტერორი. „ეს რაც აქ ხდება, არის წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა - პატიმრების ხელით ხელისუფლება ახდენს რევანშს მიხეილ სააკაშვილზე. ახდენს ფსიქოლოგიურ ტერორს და ეს არის დაუყოვნებელი საფუძველი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი აქედან იქნას გადაყვანილი“, - განაცხადა გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბექა ბასილაიამ. მედიასთან საუბრისას ადვოკატმა აღნიშნა, რომ ცდულობს მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებული პრეზიდენტი ნახოს ციხეში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, იძულებით გადაიყვანეს. ბექა ბასილაიამ უპასუხა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა და აღნიშნა, რომ „ეს არის ხელისუფლების დღევანდელი დანაშაულებრივი ქმედების გადაფარვის მცდელობა“.

ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და ამას დათანხმდა

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას შეატყობინეს, რომ კონსილიუმის დასკვნის საფუძველზე მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და როდესაც გლდანის ციხეს მიუახლოვდა, უარი განაცხადა ადგილზე შესვლაზე. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ძალის გამოყენებით შეიყვანეს დაწესებულებაში. ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, შესაბამისად, ის ამ გადაწყვეტილებას საკუთარი ნებით დათანხმდა. ლომჯარიამ გლდანის #18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ვიზუალურად დაზიანებების კვალი არ აქვს, თუმცა, ის ექიმებს არ გაუსინჯავთ, რადგან ამაზე უარი თქვა. „მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ის უნდა გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში. მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და შესაბამისად, ის აღნიშნულს საკუთარი ნებით დათანხმდა. ჩვენ #12 დაწესებულებაშიც ვიყავით და იქ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც აცნობენ პატიმარ სააკაშვილს, რომ გადაჰყავთ #18 დაწესებულებაში არაა, თუმცა, ის ამბობს, რომ ზეპირად მან იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში. მას შემდეგ, რაც ის გლდანის ციხის ტერიტორიაზე შემოიყვანეს, მან თქვა, რომ არ სურდა გადმოსვლა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანიდან. მისი თქმით, ის #18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. უარი განაცხადა, რომ ექიმს დაზიანებებთან დაკავშირებით გაესინჯა. ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ ეტყობა სხეულზე დაზიანებები. ვიზუალურად არ ეტყობა დაზიანებები, რაც შემეძლო დამენახა. დაზიანებებზე არ საუბრობს და არც ვიზუალურად ეტყობა, თუმცა, სჯობს, ექიმმა დაათვალიეროს. მისი განცხადებით, იცოდა, რომ გადადიოდა სამოქალაქო კლინიკაში, დაემშვიდობა ექიმებს, ეს დაადასტურეს ექიმებმაც“, - განაცხადა ლომჯარიამ. ამ კომენტარის პარალელურად, იუსტისიის სამინისტრომ ტექსტი გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასაჯაროვებენ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს“, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ“.

ომბუდსმენი: პატიმრების შეძახილები გარეთ ნამდვილად ისმის, როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ესმოდა პალატაშიც

ომბუდსმენი ადასტურებს, რომ პატიმრების შეძახილები ნამდვილად არის გლდანის ციხეში და ის გარეთ ნამდვილად ისმის. ნინო ლომჯარიას თქმით, როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, შეძახილები ასევე, ესმოდა პალატაშიც: „თუმცა, როცა იქ ვიყავი, ტელევიზორიც იყო ჩართული და არ მესმოდა, მაგრამ ნამდვილად, შესვლის და გამოსვლის დროსაც, ეს ხმაური დავაფიქსირე“, - განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ. ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი კონტაქტურია. „კატეს აპარატი ჯერჯერობით დგას დერეფანში და აცხადებენ, რომ ეს დამონტაჟდება. ის მთელი დღის განმავლობაში უარს აცხადებდა სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების მიღებაზე, ის კონტაქტურია“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

რადას დეპუტატები პრემიერს და პრეზიდენტს: მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გაეწიოს სააკაშვილს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართეს. დოკუმენტს ხელს აწერს 89 პარლამენტარი, მათ შორის არიან ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია და მისი კოლეგები ფრაქციაში - ელიზავეტა იასკო, ელიზავეტა ბოგუტსკაია, ევგენია კრავჩუკი, ნიკიტა პოტურაევი, ელენა შულიაკი, მიხეილ რადუცკი, სიაში არიან ფრაქცია „გოლოსის“ ხელმძღვანელი იაროსლავ ჟელეზნიაკი და ამ პარტიის რამდენიმე სახალხო დეპუტატი, ასევე „ბატკივშჩინას" წარმომადგენლები. რადას დეპუტატები პრემიერს და პრეზიდენტს მოუწოდებენ, სასწრაფოდ გაეწიოს სააკაშვილს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, უზრუნველყოფილი იყოს შეუფერხებელი საადვოკატო დაცვა და რაც შეიძლება მალე მოხდეს უკრაინაში მისი დაბრუნება. „ჩვენმა ორმა ერმა იცის თავისუფლების მაღალი ფასი და დაუფიქრებლად მზად არიან მის დასაცავად, სიცოცხლის ფასად. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის პრინციპები მტკიცედ არის ფესვგადგმული ჩვენს ცხოვრებაში. ამის გაცნობიერებით, ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და პატიმრობის ირგვლივ შექმნილი ვითარებით“, - განაცხადეს დეპუტატებმა. „ჩვენ შეშფოთებული ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებით. ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მის სიცოცხლეს ნამდვილად საფრთხე ემუქრებოდა. აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია უმაღლესი კლასის სამოქალაქო კერძო საავადმყოფოში. აღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების სათანადოდ დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ: სასწრაფოდ გაეწიოს მიხეილ სააკაშვილს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, რაც უზრუნველყოფს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო საკონსულო-სამართლებრივი და შეუფერხებელი სამართლებრივი საადვოკატო დაცვა და რაც შეიძლება მალე მოხდეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება“, - აღნიშნულია მიმართვაში.

დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ერიკა ოლსონთან, რომელიც საქართველოში სამხრეთ კავკასიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა შეხვედრისას აშშ-საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების ფართო სპექტრი, ასევე, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. დავით ზალკალიანი მიესალმა ერიკა ოლსონის პირველ ვიზიტს საქართველოში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის რანგში და მას შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრისას საგანგებო ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. ერიკა ოლსონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობის მნიშვნელობას. მინისტრმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნდობის აღდგენისა და მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ინიციატივების შესახებ ერიკა ოლსონს ინფორმაცია მიაწოდა. ხაზი გაესვა ამ პროცესში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა რეგიონული და საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. მხარეებმა გამოხატეს მზაობა განაგრძონ მუშაობა აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გასაძლიერებლად სტრატეგიული პარტნიორობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.

მიხელ სააკაშვილი: აქ მომიყვანეს მოტყუებით. გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში

გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ექსპრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა წერილი გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ადგილზე მოტყუებით მიიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე მიუთითებს. "მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი. გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან, პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე. ხოლო ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს ხელმძღვანელმა მუშაკმა, გამომიცხადა, "აჰა, ჩიტო, ჩაგიგდეთ ხელში" და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა უარი მითხრეს თქმაზე. შემდეგ, გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა. მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და, რა თქმა უნდა, გავუწიე წინააღმდეგობა, ისევე როგორც პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი იმიტომ რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე. ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობის და შეურაცხყოფის შემდეგ აღელვებით. ყველა იქცეოდა როგორც ნამდვილი კრიმინალები. ჩემს საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილები და ხმა. ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს. სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ. შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს. აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით. მინდა არ მივცეთ არანაირი პროვოკაციის შესაძლებლობა. მე ვალდებული ვიყავი გამეწია ფიზიკური წინააღმდეგობა ძალადობისთვის, მაგრამ მე აქ მარტო ვიყავი. ხოლო თქვენ გარეთ ხართ უამრავი და შესაბამისად, ვერავინ დაგამარცხებთ. მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე პროტესტის პირობებში. კიდევ ერთხელ, არ წამოვეგოთ მათ პროვოკაციებს. ჩვენი ერთიანობით, მშვიდობიანობით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ბანდიტებს ჩაუვარდა ხელში და დაღუპვის პირასაა. მინდა ხელახლა ვთხოვო ემიგრაციას, ახლა არის მომენტი, აჩუქოთ საქართველოს თუნდაც ერთი ან რამდენიმე დღე და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს ყველა თქვენგანის. არ შეგვეშინდეს ამათი. ჩვენ ბევრად მეტნი ვართ და რაც მთავარია, მართალი ვართ და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი სამშობლო გვაქვს გადასარჩენი. P.S. - მიმართვა ნიკა მელიას - ვიზიარებ და სრულიად მხარს ვუჭერ, ნიკა, შენს გადაწყვეტილებას გლდანის ციხესთან წამოსვლაზე უარის შესახებ. აქ მზადდებოდა და ახლაც მზადდება პროვოკაცია, რაც მიზნად ისახავს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ჩაშლას. ყოჩაღ ამისთვის!მიხეილ სააკაშვილი", - წერს ექსპრეზიდენტი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ოპოზიციას ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი ოპოზიციას ხვდება. შეხვედრა აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ერიკა ოლსონთან ისაუბრებენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ერიკა ოლსონი ვიზიტის პირველ დღეს შეხვდა პრემიერს. გუშინ კი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკებები.

ბოლო 24 საათში, 6 021 კოვიდინფიცირებულია, 75 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 6 021 ადამიანი დაინფიცირდა, 75 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 3 792 ადამიანი. დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 033 ტესტი, მათ შორის 38 545 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 488 PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.57%, ბოლო 14 დღის - 9.78%, ხოლო 7 დღის - 10.46%. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 761 067-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 696 921-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 584 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 253 შემთხვევა, აჭარა - 203, იმერეთი - 1 160, ქვემო ქართლი - 357, შიდა ქართლი - 511, გურია - 133, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 442, კახეთი - 539, მცხეთა-მთიანეთი - 197, სამცხე-ჯავახეთი - 137, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 536, საიდანაც: 6 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 664, აჭარაში - 575, იმერეთში - 1 429. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 699, მათ შორის, თბილისში - 663, აჭარაში - 124, იმერეთში - 516. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 359, მათგან თბილისში - 203, აჭარაში - 39, იმერეთში - 30. 1 300 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 823 - თბილისში, 278 - აჭარაში. 45 428 სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 53, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 8 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 287 ადამიანი.

სახალხო დამცველი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვს

სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში. სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც 8 ნოემბერს, ნინო ლომჯარიამ პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. „შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა სახალხო დამცველს განუცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია N18 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, ვინაიდან N12 დაწესებულებაში შეატყობინეს, რომ კონსილიუმის გადაწყვეტილებით მულტიფუნქციურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაყავდათ, რასაც ის დათანხმდა. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები N12 დაწესებულებაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში ეტაპირების შესახებ ინფორმირების ან მისი თანხმობის თაობაზე რაიმე დოკუმენტი ვერ მოიძიეს. სახალხო დამცველთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რომ ის, მისი უარის მიუხედავად, ძალის გამოყენების შეასახლეს N18 დაწესებულებაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გარემოს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს და რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის ღირსების უფლებას. კერძოდ, N8 დაწესებულებიდან პატიმართა მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისმის ისმოდა შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები, რაც სააკაშვილის საკანშიც ისმის და ცალსახად ფსიქოლოგიურ ზეწოლას წარმოადგენს. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისას შეურაცხყოფის ხმები დააფიქსირეს სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა. მაღალი ალბათობით, მსგავსი ვითარება გაგრძელდება და ანალოგიურ ვერბალურ აგრესიას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები თუ სხვა ვიზიტორებიც დაექვემდებარებიან. სახალხო დამცველმა თავის განცხადებებში არაერთხელ აღნიშნა, რომ პატიმრის N12 დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში გადაყვანა გამოიწვევდა N8 და N18 დაწესებულებების დეზორგანიზაციას, ვერბალური აგრესიის, ხმაურისა და შეურაცხყოფის მნიშვნელოვანი საფრთხის გამო. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა N18 დაწესებულებაში პატიმართა შეყვანის შესახებ დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ამ დაწესებულებაში 2021 წლის 18 იანვრის შემდეგ დღემდე N12 პენიტენციური დაწესებულების არცერთი სხვა პატიმარი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არ შეუყვანიათ. 2021 წლის 18 იანვრამდე ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია ღამის საათებში სპეციალურ არქივზე ხელმისაწვდომობის შეუძლებლობის გამო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას, ამასთან, არ იღებს სათანადო მედიკამენტებს, შიმშილობის პროცედურებისთვის აუცილებელ მინერალებსა და ვიტამინებს, უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე. სახალხო დამცველის აპარატმა შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ წინა ვიზიტის შემდეგ, N18 დაწესებულებაში შეტანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. თუმცა, აპარატი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის შესახლების დღეს მიიტანეს და მისი დამონტაჟება უახლოეს პერიოდში იგეგმება. ამასთან, მიუხედავად კონსილიუმის მოთხოვნისა, დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და კვლავ არ არის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი. ამრიგად, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში.

გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა

ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ. გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან დაიწყო, სადაც 1976-დან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. 1984-დან 1992 წლამდე იყო საქართველოს კულტურულ ურთერთობათა ვიცე-პრეზიდენტი. 1980-იანი წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში. ჩარკვიანი ამერიკელ მთხრობელსა და მეზღაპრე ლორელი კულის, მისი თბილისში, 1989 წლის ნოემბერში ვიზიტისას ქართული ზღაპრების შეგროვებაში დაეხმარა. მოგვიანებით, 1990-იანი წლების დასაწყისში ქართველ მსახიობთა ჯგუფთან ერთად იმოგზაურა ატლანტაში, სადაც ამერიკაში მცხოვრებ ქართველებისთვის მოეწყო ტრადიციული, ქართული ღონისძიება – თბილისობა. 1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო. 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო. დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა. გელა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2011) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2013). გელა ჩარკვიანის ინტერესის სფეროთა მრავალრიცხოვნობის მიუხედავად, მას მუსიკა ყველაზე მეტად იტაცებდა. მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა 2001 წელს, ხოლო ჩარკვიანის ადრეული ნამუშევრები - 2006 წელს. ჩარკვიანმა შექსპირის „მეფე ლირი” თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა. ამ პიესის მიხედვით თბილისში, რუსთაველის თეატრში 1980-იანებსა და 1990-იანებში სპექტაკლები დაიდგა.

სახელმწიფო დეპარტამენტი: ერიკა ოლსონი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვიზიტისას რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხებს განიხილავს

Europetime-თან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ახლად დანიშნული მოადგილის რეგიონულ ტურნეზე კომენტარი გააკეთა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ერიკა ოლსონი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ახლად დანიშნული მოადგილე გაემგზავრა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, რათა განიხილოს რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხები. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ვიზიტის დროს ერიკა ოლსონი ორმხრივ საკითხებსაც განიხილავს. ამასთან, დღეს, ნედ პრაისმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მისი მიხედვით, აშშ მხარეებს მოუწოდებს ყველა დარჩენილი დაკავებულის გათავისუფლების, დაკარგულთა სრული აღწერის, დევნილთა დაბრუნების, კონფლიქტის რაიონების განაღმვისა და დაზარალებულებთან საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზციების წვდომის დაშვებისკენ. აშშ ასევე ითხოვს ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სავარაუდო დარღვევების გამოძიებასაც. „ჩვენ მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, გააგრძელონ და გააძლიერონ ჩართულობა, მათ შორის, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, რათა მოძებნონ ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ან შედეგად გამოწვეული ყველა გადაუჭრელი საკითხისთვის, - აღნიშნულია განცხადებაში. ნედ პრაისის თქმით, შეერთებული შტატები უსაფრთხო, სტაბილური, აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონის და მშვიდობიანი მომავლის ხელშეწყობის ერთგული რჩება. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკა ოლსონი ამჟამად რეგიონში იმყოფება სამივე ქვეყანასთან ორმხრივი საკითხების განსახილველად და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობების განსასაზღვრად“, - აღნიშნავს ნედ პრაისი.

ლოიდ ოსტინი: საქართველოს „თავდაცვისა და საფრთხის შეკავების უნარის გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის ვემზადებით

მთავრობის ადმინისტრაცია აშშ-ის თავდაცვის მდივნის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილი წერილის შესახებ იტყობინება. პენტაგონიდან მიღებულ წერილში, ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და „საქართველოს თავდაცვისა და საფრთხის შეკავების უნარის გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. „თქვენს ქვეყანაში ჩემი ჩამოსვლით დასტურდება შეერთებული შტატების მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩემი ვიზიტი მიზნად ისახავდა ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასმას, რადგან სწორედ ეს გვეხმარებოდა რეგიონსა და მთელ მსოფლიოში ჩვენი საერთო ინტერესების დაცვასა და წინსვლაში. მადლობელი ვარ ამ პარტნიორობისადმი საქართველოს განუხრელი ერთგულებისთვის; ვიზიტის დროს მქონდა პატივი, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის სახელით, მადლიერება გადმომეცა აშშ-ის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ ავღანეთში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის. რადგან „საქართველოს თავდაცვისა და საფრთხის შეკავების უნარის გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის ვემზადებით უსაფრთხოების სფეროში, ვიმედოვნებ, თქვენი მხარდაჭერა არ მოაკლდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ინსტიტუციური რეფორმებისა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის ძალისხმევის“ განხორციელებისას. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი ჩართულობით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიძლება არსებით ბერკეტად იყოს გამოყენებული აღნიშნული ინიციატივის მიზნების რეალიზებისას, რომელზეც დაშენდება საქართველოს ტერიტორიების დაცვის შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საქართველოში ჩემი ვიზიტის წარმატების უზრუნველყოფისა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია ლოიდ ოსტინის წერილში.

საქართველოს პრეზიდენტი პირველი სახელმწიფო ვიზიტით კვიპროსის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალაქ ნიქოზიაში შეხვედრებს გამართავს კვიპროსის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან. პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადისის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით, რის შემდეგაც პრეზიდენტები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ასევე, კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, ანიტა დემეტრიოუსსა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავარეპისკოპოსს, მის უწმინდესობა ქრიზოსტომოს II-ს.

ბელარუსის საზღვართან მიგრანტთა მზარდი ნაკადის გამო, პოლონეთმა ადგილზე დამატებითი ჯარები განალაგა

პოლონეთი შიშობს, რომ ბელარუსიდან ასობით მიგრანტის მსვლელობას შეიარაღებული ესკალაცია მოჰყვება. BBC-ის ცნობით, ადგილზე დამატებითი ჯარები განალაგეს მას შემდეგ, რაც სასოწარკვეთილი ხალხი მავთულხლართების ღობის გაჭრას ცდილობდა. პოლონეთი, ევროკავშირი და NATO აცხადებენ, რომ პრობლემის ორკესტრირებას ბალარუსი ახდენს, რასაც თავად ეს ქვეყანა უარყოფს. პოლონეთი აცხადებს, რომ კეტავს მთავარ სასაზღვრო პუნქტს კუზნიცაში. ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებში პოლონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში ბოლო თვეების განმავლობაში იმატა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც ბელარუსიდან უკანონოდ შესვლას ცდილობენ. ბევრი მათგანი ჩავიდა ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან. მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ 4000-მდე მიგრანტი შეიკრიბა პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვართან და რომ რაღაც მომენტში ისინი მოელოდნენ „ესკალაციას, რომელიც შეიარაღებული ხასიათის იქნებოდა". ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, კუზნიცას მახლობლად შეკრებილ მიგრანტთაგან ბევრს თან ახლდნენ შეიარაღებული პირები ძაღლებთან ერთად. პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტანისლავ ზარინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიგრანტები ბელარუსის შეიარაღებული ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშ არიან. „ბელარუსს სურს, გამოიწვიოს დიდი ინციდენტი, სასურველია გასროლით და მსხვერპლით“, - განაცხადა მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პიოტრ ვავრზიკმა. ღამით საზღვარზე ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა და რამდენიმე მიგრანტი დაიღუპა. აქტივისტები აცხადებენ, რომ მიგრანტებს, რომელთა შორის ბევრი ახალგაზრდა კაცი, ასევე ქალები და ბავშვები არიან, „იყენებდნენ როგორც პაიკებს“ ბელარუსსა და მის მეზობლებს შორის პოლიტიკურ თამაშში. ევროკავშირი ამტკიცებს, რომ ბელარუსის ავტორიტარული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ბლოკის სანქციებზე შურისძიების მიზნით მიგრანტების შემოდინების პროვოცირებას ახდენს. ევროკავშირმა სანქციები დააწესა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ ჩაახშო მასობრივი საპროტესტო აქციები გასული წლის საყოველთაოდ დისკრედიტირებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და დისიდენტი ჟურნალისტის დაკავების შემდეგ Ryanair-ის რეისზე, რომელიც იძულებით დაეშვა მინსკში. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი განიხილავს სანქციების გაფართოებას, რომელიც შესაძლოა, მოიცავდეს „მესამე ქვეყნის ავიაკომპანიებს“, რომლებიც მონაწილეობენ მიგრანტების ბელარუსში გადაფრენის პროცესში. ლუკაშენკომ არაერთხელ გააფრთხილა მისი მთავრობა, რომ აღარ შეაჩერებს ხალხის ჯგუფს და ადანაშაულებს მესაზღვრეებს ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში მიგრანტების მიმართ ძალადობაში. სამშაბათს გერმანიამ მოუწოდა ევროკავშირს, „მიიღოს ზომები“, რათა დაეხმაროს პოლონეთს საზღვრების დაცვაში, ხოლო NATO-ს სამხედრო ალიანსმა განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლება მიგრანტებს პოლიტიკურ თამაშში იყენებს. ლიეტუვამ ასევე გადაიყვანა ჯარები ბელარუსის საზღვარზე, რათა მიგრანტების შესაძლო ნაკადისთვის მოემზადოს. იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა ლუკაშენკოს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს [მისი] კამპანია ორკესტრირებისა და იძულებითი მიგრანტების უკანონო ნაკადის შესახებ“. პოლონეთი, რომელსაც მიგრანტებისა და ლტოლვილების განდევნის გამო აკრიტიკებდნენ, ბოლო დროს ჩამოსულ ადამიანთა დიდ რაოდენობას მავთულხლართების ღობის აშენებით უპასუხა. BBC ესაუბრა ბარვა ნუსრედინ აჰმედს, ერთი ერაყელი მიგრანტის ძმას, რომელიც საზღვარზე იმყოფებოდა მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. ისინი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გასულ თვეს ჩავიდნენ. აჰმედის თქმით, საზღვარზე ჩარჩენილი ხალხი იტანჯებოდა შიმშილის გამო. მანვე აღნიშნა, რომ ორშაბათს სასაზღვრო პუნქტში გადასვლა სოციალურ მედიაში თავად მიგრანტების მიერ იყო დაგეგმილი, მაგრამ ვარაუდობს, რომ ბელარუსი მათ ამის შესახებ უბიძგებს. „ხალხმა იცის, რომ მათ იყენებს [ბატონი ლუკაშენკო], მაგრამ მათ მომავალი არ აქვთ“, - თქვა აჰმედმა. დაძაბულობა ორშაბათს გაძლიერდა, როდესაც სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოები აჩვენეს. მასალაში ჩანს ადამიანების ჯგუფი, მათ შორის ქალები და ბავშვები, რომლებიც მიდიოდნენ ბელარუსში, პოლონეთის საზღვრისკენ.~ ბელორუსის სასაზღვრო დაცვის სააგენტომ ადრე განუცხადა სახელმწიფო მედიას, რომ 2000-ზე მეტი „ლტოლვილი“ პოლონეთისმიერ აღმართული ბარიერების წინ შეიკრიბა. ისინი მიემართებოდნენ ევროკავშირისკე, რომელსაც დაცვის უზრუნველყოფას სთხოვენ. მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

იმუნიზაციის საბჭომ 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციას მხარი დაუჭირა

იმუნიზაციის საბჭომ 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მშობლის გადაწყვეტილებითა და თანხმობით, რაც არასრულწლოვნების შემთხვევაში, აუცილებელი მოთხოვნაა სამედიცინო ჩარევისას, ამ ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებს, შეუძლიათ, მიმართონ ამცრელ ცენტრებს და გაიკეთონ Pfizer-ის ვაქცინა. აქამდე, 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკის, მხოლოდ მაღალი რისკის მქონე ბავშვების აცრა იყო შესაძლებელი. ამასთან, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა18 წლის და ამ ასაკს გადაცილებულებს შეეძლებათ”. პირს, რომელიც აცრილია Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინით, „ბუსტერ“ დოზისთვის შეუძლია გამოიყენოს Sinopharm-ის და Sinovac-ის ან Pfizer-ის ვაქცინა. Astrazeneca-თი ვაქცინირებულებს კი, 6 თვის შემდეგ „ბუსტერ“ დოზის გაკეთება Pfizer-ის ვაქცინით შეუძლიათ. რაც შეეხებათ Pfizer-ის დოზით ვაქცინირებულებს, მათთვის კვლავ Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებაა რეკომენდებული. 60 წელს გადაცილებულები, რომლებიც აცრილები არიან Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინით, „ბუსტერ“ დოზის გაკეთება მეორე აცრიდან, 3-დან 6 თვემდე ინტერვალში შეეძლებათ. ბუსტერ დოზის გაკეთება ხვალიდან უკვე შესაძლებელია. იმუნიზაციის საბჭოს სხდომას საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

იმუნიზაციის საბჭომ „ბუსტერ“ დოზის გამოყენებას მხარი დაუჭირა

იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლიდან შეეძლებათ. პირს, რომელიც აცრილია Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინით, „ბუსტერ“ დოზისთვის შეუძლია გამოიყენოს Sinopharm-ის და Sinovac-ის ან Pfizer-ის ვაქცინა. Astrazeneca-თი ვაქცინირებულებს კი, 6 თვის შემდეგ „ბუსტერ“ დოზის გაკეთება Pfizer-ის ვაქცინით შეუძლიათ. რაც შეეხებათ Pfizer-ის დოზით ვაქცინირებულებს, მათთვის კვლავ Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებაა რეკომენდებული. 60 წელს გადაცილებულები, რომლებიც აცრილები არიან Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინით, „ბუსტერ“ დოზის გაკეთება მეორე აცრიდან, 3-დან 6 თვემდე ინტერვალში შეეძლებათ. ბუსტერ დოზის გაკეთება ხვალიდან უკვე შესაძლებელია. იმუნიზაციის საბჭოს სხდომას საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სასმახური გამოკითხავს გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფ მიხეილ სააკაშვილს, შემდეგ კი მას სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება. „სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინების, ასევე, სოციალურ ქსელში და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, 2021 წლის 9 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია მ. სააკაშვილის ადვოკატთან მ. სააკაშვილის გამოკითხვის მიზნით. ამ უკანასკნელის გამოკითხვის შემდგომ, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მ. სააკაშვილთან დაიგეგმება საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 2021 წლის 08 ნოემბერს, მ. სააკაშვილის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების, მათ შორის, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვის მიზნით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას. ამასთან, სამსახური სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ითანამშრომლებს მ. სააკაშვილთან და მის ადვოკატებთან, გამოძიების პროცესში მათი ჩართულობისა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მათი სრულყოფილი ინფორმირების მიზნით“, - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.