ძებნის რეზულტატი:

ექიმი: ელენე ხოშტარიას გონების დაკარგვის ერთი ეპიზოდი ჰქონდა, სასურველია, სტაციონარში გადავიდეს

"გონების დაკარგვის ერთი ეპიზოდი ჰქონდა, სასურველია, სტაციონარში გადავიდეს", - ამის შესახებ სასწრაფო დახმარების ექიმმა ჟურნალისტებთან ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ხოშტარიამ მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა. "ეტყობა წნევის ვარდნის ეპიზოდი ჰქონდა, ჩვენ რომ გავსინჯეთ 120/70-ზე იყო, გლუკომეტრით გავზომეთ, სატურაცია, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა, ჰოსპიტალიზაციაზეც. გონების დაკარგვის ეპიზოდი ჰქონდა, სანამ მოვიდოდით, რადგან ჰქონდა ასეთი ეპიზოდი, სასურველია გადავიდეს სტაციონარში,"- განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმმა.

„მწვანე პასპორტი“ მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჯერჯერობით საჭირო არ იქნება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სასურსათო მაღაზიებში და ისეთ სერვისებში, სადაც არის აუცილებელი „ბაზისური საციცოცხლო მოთხოვნა“ „მწვანე პასპორტი“ ჯერ არ ამოქმედდება - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რომ საშვის გამოყენების დროს, წესების კონტროლი და წესების აღსრულება მნიშვნელოვანია. „მწვანე საშვის მექანიზმის ამოქმედება იგეგმება ისეთ დაწესებულებებში, რომლებიც მეტად ემსახურება გართობისა და სოციალური აქტივობის მიზნებს და არა ბაზისურ საჭიროებებს. კონტროლი და აღსრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი აზრს კარგავს. ამდენად, შრომის ინსპექტირების სამსახური და ყველა ის ბიზნესი, რომლიც ჩართული იქნება პირველ ეტაპზე ამ პროცესში, პირველ დეკემბრამდე გაივლიან ყველა შესაძლო მექანიზმს, რომ აღსრულება იყოს სათანადო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, აქტიურად ჩაერთოს თავად მწვანე საშვის გამომყენებელი, საუბარი მაქვს ბიზნესობიექტებზე, სადაც მოხდება „მწვანე საშვის“ გამოყენება, რომ არ დაუშვან გადაცდომა და ტენდენციური დამოკიდებულება მომხმარებლებთან მიმართებით. ამდენად, აქ აქცენტია მომხმარებლებსა და უსაფრთო სერვისგარემოს შექმნაზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამავე თემაზე: სად გაიცემა „მწვანე საშვი“ რას გულისხმობს „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია, რომელიც პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება

სამინისტრო: იანვარ-სექტემბრის ეკონომიკურმა ზრდამ 11,3% შეადგინა

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, იანვარ-სექტემბრის ეკონომიკურმა ზრდამ 11,3% შეადგინა აპრილში დაფიქსირდა უპრეცედენტო, 44.8 %-იანი ზრდა; მაისში - 25.8 %; ივნისში - 18.7%; ივლისში - 9.9%; აგვისტოში - 10.3%.გადაიხედა რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და 2021 წელს საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება. გაიზარდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზიც და ბიუჯეტის პირველ ვერსიაში პროგნოზირებული 58,4 მლრდ ლარის ნაცვლად, გადამუშავებულ ვერსიაში პროგნოზირებულია 58,7 მლრდ ლარის ოდენობით. ამავე თემაზე: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ვარაუდით, წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

ექიმი: კონსილიუმის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ კონსილიუმის გადაწყვეტილებით, სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში. ყიფშიძის თქმით, ექიმებმა გადაწყვეტილება ანალიზის პასუხების ნახვის შემდეგ მიიღეს. "კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავადმყოფი გადაყვანილი იქნეს გადაუდებლად მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, გლდანი არ წერია, მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში. მონაცემები ზოგი კარგი იყო, ზოგი ცუდი, მდგომარეობა უფრო ცუდია გუშინდელთან შედარებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ავადმყოფი არ გვინახავს. ჩვენ გვითხრეს, რომ მიხეილ სააკაშილს კონსილიუმთან შეხვედრა არ უნდა. მე იმიტომ ვერ შევხვდი, რომ მითხრეს, ბევრი მნახველიაო".- ამბობს ექიმი.

მედიის ცნობით, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ვერტმფრენი დაჯდა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ვერტმფრენი დაჯდა. პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ადვოკატი და მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებენ, რომ მათ ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონიათ პატიმრის გადაყვანის შესახებ. ჯერჯერობით, ოფიციალურად უცნობია, უკავშირდება თუ არა ვერტმფრენის მობილიზება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას. ადვოკატი მომხდარს გატაცებად აფასებს. იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურში კომენტარები არ გაკეთებულა.

გიული ალასანიას ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გადაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდით, ექსპრეზიდენტი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს. როგორც გიული ალასანია ყვება, ის შვილთან ვიზიტისთვის იყო მისული და ინფორმაცია შემთხვევით გაიგო. "გაიყვანეს, როგორც ჩანს. ინფორმაცია არ მაქვს. მაქვს ინფორმაცია, რომ არ არის, აღარ არის, ინფორმაცია მაქვს ის, რომ შეიკრიბა კონსილიუმი, რომლებმაც დაწერეს შესაბამისი დასკვნა, რომ უნდა გადაყვანილი იყოს მრავალფუნქციურ საავადმყოფოში და არ ვიცი, არ წამიკითხავს ეს დოკუმენტი, მაგრამ ამასობაში ყველაფრის იგნორირებით თვალწინ აგვართვეს და სადღაც წაგვართვეს, გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და მერე გადაიფრინა ვერტმფრენმა", - განაცხადა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილი გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. „ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, - აცხადებს პენიტენციური სამსახური. მანამდე, პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ კონსილიუმის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. ამავე თემაზე: მედიის ცნობით, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ვერტმფრენი დაჯდა გიული ალასანიას ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გადაიყვანეს

ადვოკატი: განგვიმარტეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ ხდება

"გვქონდა კომუნიკაცია პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტთან და მათ განგვიმარტეს, რომ არ ხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა", - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. როგორც საძაგლიშვილი ამბობს, მათთვის ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის. „ჩვენ მოთხოვნილიც გვქონდა და ბუნებრივია, ადამიანის გადაყვანა ჰოსპიტალში უნდა მოხდეს ისე, რომ ოჯახის წევრებს, ადვოკატებს და პირად ექიმს ჰქონდეთ აღნიშნულზე ინფორმაცია, მაგრამ ჩვენთვის არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტთან და მათ განგვიმარტეს, რომ არ ხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. ეს მოხდა რამდენიმე წუთის წინ. თუმცა, ცხადია, ჩვენც ვადევნებთ თვალს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ძალიან უხეში დარღვევაა უფლებების, როდესაც მოშიმშილე პრეზიდენტი გადაყავთ ისე, რომ არ გვატყობინებენ, სად მოხდეს მისი გადაყვანა. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის ისეთ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, სადაც დაკმაყოფილებული იქნებოდა კონსილიუმის მიერ დადგენილი პირობები“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. ამასთან, გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მალხაზ ურთმელიძის განცხადებით, მის კლინიკაში მზად არიან ნებისმიერი პაციენტი მიიღონ, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობაზე ესაუბრნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციის და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მათ შორის არიან ისინი, ვისაც საკუთარი დამკვირვებლები ჰყავდათ საქართველოში არჩევნებზე. შეხვედრის მთავარი თემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო, თუმცა შეკრების მონაწილეებმა განაცხადეს, რომ არჩევნების გარდა, საუბარი საქართველოს ექსპრეზიდენტის საკითხსაც ეხებოდა. „ყველა იმ პრობლემურ საკითხზე იყო საუბარი, რაც ქვეყანაში ხდება - დაწყებული პოლიტიკური კრიზისით და ასევე, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა. ძირითადად მათ ჩვენგან მოისმინეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სხვადასხვა მიმართულებით," - აცხადებს "ეკონომიკური კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე. ამავე თემაზე რა საკითხები განიხილა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრაზე

პენიტენციური სამსახური გლდანის ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანას მდგომარეობის გაუარესების პრევენციით და მომატებული საფრთხეებით ხსნის

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, „ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“ გადაიყვანეს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, - აცხადებს პენიტენციური სამსახური. ცნობისთვის, მანამდე, პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ კონსილიუმის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. ამავე თემაზე: მედიის ცნობით, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ვერტმფრენი დაჯდა გიული ალასანიას ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გადაიყვანეს ადვოკატი: განგვიმარტეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ ხდება

რა ვითარებაა გლდანის ციხესთან

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, წყლის ჭავლის მანქანა, ასევე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ავტომობილი შეიყვანეს. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ადგილზე სატვირთო მანქანით სავარაუდოდ, სამედიცინო ინვენტარიც მიიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატზე. გარდა ამისა, ციხის ტერიტორიაზე ხდება დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზებაც. პენიტენციური სამსახური გლდანის ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანას მდგომარეობის გაუარესების პრევენციით და მომატებული საფრთხეებით ხსნის

მოშიმშილე ელენე ხოშტარიას დღეს სასწრაფო დახმარება მეორედ დასჭირდა

მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან დღეს სასწრაფო დახმარების სამსახური მეორედ იყო. ექიმმმა პირველადი მონახულების დროს თქვა, რომ „დროას“ ლიდერს გონების დაკარგვის ერთი ეპიზოდი ჰქონდა და სასურველია, სტაციონარში გადავიდეს. მისივე თქმით, ხოშტარიამ მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა. უკვე დღეს საღამოს, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კლინიკაში გადაყვანაზე მოშიმშილემ უარი თქვა. მას სისუსტე და თავბრუსხვევა აქვს. ელენე ხოშტარიას მოთხოვნა უცვლელია, გადაიყვანონ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მრავალპროფილურ, სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში. როგორც ცნობილია, ექსპრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამავე თემაზე ექიმი: ელენე ხოშტარიას გონების დაკარგვის ერთი ეპიზოდი ჰქონდა, სასურველია, სტაციონარში გადავიდეს

სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჯეი დუდას ესაუბრა. პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარისას განიხილეს საქართველო - პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და პოლონეთის მხარდაჭერის საკითხები. „იმის გათვალისწინებით, რომ პოლონეთი მომავალ წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტს საკუთარი ინიციატივა გააცნო, რომელიც ეუთოს მხარდაჭერით, თბილისში, ქალი ლიდერების მონაწილეობით კონფლიქტის გადაჭრის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას ითვალისწინებს. ანდჟეი დუდა საკითხით დაინტერესდა და განაცხადა, რომ ის ეუთოს ფარგლებში, პოლონეთის საქმიანობის პრიორიტეტებში ჯდება“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონსილიუმის დასკვნა სააკაშვილზე: იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში

კონსილიუმის დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში. დასკვნის შინაარს რადიო თავისუფლება ავრცელებს. „პაციენტი იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში. საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება ჩაუტარდეს შესაბამისი: კარდიო ვასკულური, ნევროლოგიური, სამკურნალო და დიაგნოსტიკური რადიოლოგიური (მრტ. კტ. კათეტერიზაციის ლაბორატორია), ჰემატოლოგიური, ენდოკრინული, ნუტრიციული თერაპია“, - წერია დასკვნაში, რომელიც 5 ექიმის შემადგენლობით დღეს გამართულ კონსილიუმს ეკუთვნის. 5 ექიმიდან 2 კონსილიუმში დისტანციურად, სატელეფონო ჩართვის ფორმატით მონაწილეობდნენ. კონსილიუმის შემაჯამებელ ოქმში ნათქვამია, რომ ექიმებს პაციენტი 8 ნოემბერს ფიზიკურად და პირადად არ უნახავთ და მათი მსჯელობა ეყრდნობა პირადი ექიმის მოხსენებას. „მკურნალი ექიმის გადმოცემით პაციენტის ზოგადი მდგომარეობა საგრძნობლად გართულდა, იმატა საერთო სისუტემ, მეტად შენელებულია კონტაქტისას“, - წერია კონსილიუმის ოქმში. აქვე აღნიშნულია, რომ მოშიმშილე მსჯავრდებული უარს აცხადებს ყოველგვარი წამლისა და საკვები დანამატის მიღებაზე. „უარს აცხადებს ნუტრიზონის [საკვები დანამატი] მიღებაზე, არ ღებულობს დანშნულ ელექტროლიტებს და ვიტამინებს. კლება საწყისი წონიდან მიახლოებით 10%", - წერენ ექიმები. დასკვნას ხელს აწერენ: ნევროლოგი - ალექსანდრე ცისკარიძე;კრიტიკული მედიცინის ექიმი - გიორგი გოცაძე;პირადი ექიმი - ნიკოლოზ ყიფშიძე;ენდოკრინოლოგი - ელენე გიორგაძე (ფიზიკურად არ ესწრებოდა);ჰემატოლოგი - ნინო შარაშენიძე (ფიზიკურად არ ესწრებოდა).

გიული ალასანია: ჩემი თხოვნაა, ზუსტად ვიცოდე, სად არის ჩემი შვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია არ გამოვრიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში არ იყოს. გიული ალასანია ითხოვს, რომ მესამე პრეზიდენტთან მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეუშვან. „ჩემი თხოვნაა, ზუსტად ვიცოდე, სად იმყოფება ჩემი შვილი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, ვინაიდან, ღამე უკვე ჩემი შვილიშვილი უნდა გაფრენილიყო, სპეციალურად ჩამოვიდა, რომ ენახა მამამისი. და უცებ ვიგებთ, რომ გავიდა ორი ბრონირებული მანქანა ტერიტორიიდან... ისედაც გამიჩნდა ეჭვი, ვფიქრობდი, რომ არ იყო გამორიცხული და გაცხადდებოდა, რომ მართლაც მიჰყავდათ კერძო კლინიკაში და უცებ აღმოჩნდებოდა გლდანში.... ცოტა ხანში, უკვე ამოძრავდა ხალხი, გაირკვა, რომ ფაქტობრივად, ჩემი შვილი აღარ იყო ტერიტორიაზე... სად დაიკარგა პატიმარი, - აცხადებს გიული ალასანია. ამავე თემაზე კონსილიუმის დასკვნა სააკაშვილზე: იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში

აქციის მონაწილეები ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად მთავრობის ადმინსტრაციისკენ მიემართებიან

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინსტრაციისკენ მიემართებიან. მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მიმართა პროტესტის მონაწილეებს და მოუწოდა, რომ ერთად წასულიყვნენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. მანვე დაანონსა, რომ ხვალიდან აქცია სხვადასხვა წერტილში გაიშლება, მათ შორის იუსტიციის სამინისტროსთან. დღეს კი აქცია არ დაიშლება და პროტესტი მუდმივად იქნება, ვიდრე „არ გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი, „არ დააბრუნებენ მოპარულ არჩევნებს, და არ გაიმართება ახალი არჩევნები“. ნიკა მელიას თქმით, გლდანის ციხესთან აქცია არ გაიმართება. „მე, როგორც თქვენი მეგობარი გეუბნებით, რომ ეს აღიქმება პროვოკაციად. იქ, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს და ამ ყველაფრისთვის ძალიან მძიმე ფასს გადაიხდიან. იქ, სადაც კრიმინალები ჰყავთ, ძალიან მძიმე დამნაშავეები ჰყავთ, „კანონიერი ქურდები“ ჰყავთ, იქ შეიყვანეს ახლა მიხეილ სააკაშვილი. იქ ახლა აქციის გამართვა არის ბროლის ოცნება „ქართული ოცნების“, რომ ბუნტის ინსცენირება მოახდინონ იქ და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს და მერე რუსეთის ფედერაციის დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩვენ შემოგვაწმინდონ ტანზე. ამიტომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფეხი აქედან არცერთმა ჩვენგანმა არ მოვიცვალოთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ. მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც პროტესტის მონაწილეები მიემართებიან, პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა. პენიტენციური სამსახური გლდანის ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანას მდგომარეობის გაუარესების პრევენციით და მომატებული საფრთხეებით ხსნის

იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

იუსტიციის მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მე-18 დაწესებულებაში ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო შესახლებული მე-18 დაწესებულებაში, მან მიაყენა როგორც ფიზიკური, ასევ სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს. ესენი არიან ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე. ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს და ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენს საამაყო თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ამ ქვეყნის სამსახურში არიან და თვეების განმავლობაში საკუთარ ოჯახის წევრებსაც ვერ ნახულობენ, ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში. მისი ინფორმაციით, ამ საკითხს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის. რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა და შესაბამისად, გაიზარდა რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო. „ბუნებრივია, იქმნებოდა მსგავსი ტიპის რისკი და შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკის მინიმალიზაციისა და პრევენციის გამო მიღებული იყო ეს გადაწყვეტილება. მიხეილ სააკაშვილი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და მასზე შესაბამისად იზრუნებს სამედიცინო პერსონალი. მისი მეთვალყურეობა იქნება უფრო უკეთესი და მჭიდრო, ვიდრე მე-12 დაწესებულებაში. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს გადაწყდა მისი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ყველამ ერთობლივად ვიხილეთ სუს-ის ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თუკი მოხდებოდა პატიმრის სხვა დაწესებულებაში გადაყვანა, ამ შემთხვევაში გამოჩნდებოდა ჯგუფი, რომელიც შეეცდებოდა გზების ჩახერგვასა და ხელის შეშლას“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ნიკა მელია: 40 დღის ნაშიმშილარმა ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ციხის ზედამხედველს?

იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ უპასუხა. „რატომ უნდა დავუჯერო რატი ბრეგაძეს რაიმე საერთოდ?! მეორე - 40 დღის ნაშიმშილარმა ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ციხის ზედამხედველს? მაპატიეთ, ასე მალულად, ველურად იპარავენ პატიმარს ციხიდან, თავდაცვის მიზნით რომც მიეყენებინა შეურაცხყოფა, ვინმეს უნდა გაუკვირდეს?! ადამიანი მოიტაცეს“, - განაცხადა ნიკა მელიამ მედიასთან და დაამატა, რომ „ამდენი ადამიანი ღელავს და იმის ღირსი არ იყო საზოგადოება, რომ წინასწარ განცხადება გაეკეთებინათ?“. ამავე თემაზე: იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა აქციის მონაწილეები ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად მთავრობის ადმინსტრაციისკენ მიემართებიან

ადვოკატი ბექა ბასილაია სააკაშვილის გადაყვანაზე: ეს არ იყო ჰოსპიტალიზაცია. ეს იყო კრიმინალური სპეცოპერაცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, იძულებით გადაიყვანეს. ბექა ბასილაიამ უპასუხა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა და აღნიშნა, რომ „ეს არის ხელისუფლების დღევანდელი დანაშაულებრივი ქმედების გადაფარვის მცდელობა“. ადვოკატის თქმით, ეს არ იყო ჰოსპიტალიზაცია. ეს იყო კრიმინალური სპეცოპერაცია. მისივე თქმით, სააკაშვილი აღარ არის უსაფრთხო გარემოში და მის მიმართ უკვე განხორციელდა ფსიქოლოგიური ტერორი. „რაც შეეხება ფიზიკურ უსაფრთხოებას, ვის წარმოუდგენია და სჯერა, როცა წაქეზებული პატიმრები იქცევიან ასე, ხვალ და ზეგ იქ რა მოხდება? იქ მოხდება უბედურება, თუ ქართველი ხალხი ხმას არ ამოიღებს. ისინი გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის თავს ძალიან დიდი უბედურების დატეხას“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ. მისივე განცხადებით, სავარაუდოდ, იძულებით გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი გლდანში. „სააკაშვილს გაცხადებული ჰქონდა, რომ არ გადავიდოდა მე-18 დაწესებულებაში. ამ დაწესებულებაში მის გადაყვანას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მიხეილ სააკაშვილი მოექცეს ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ, რაც ყოველ წამს გვესმის იქ მყოფ ადამიანებს. რაც შეეხება ბრეგაძის განცხადებას, ეს არის ხელისუფლების დღევანდელი დანაშაულებრივი ქმედების გადაფარვის მცდელობა. მათ უნდათ მთავარიდან გამოგონილ ფაქტებზე გადაიტანონ ხალხის ყურადღება. მათ მიერ მოწყობილ პროვოკაციებთან დაკავშირებით სურთ მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობაზე საუბარი. ეს არის უკიდურესი ცინიზმი. სამწუხაროდ, აღარ არსებობს იურიდიული მექანიზმები, აქ უკვე ქართველმა ხალხმა უნდა თქვას თავისი გადამწყვეტი სიტყვა. სასამართლო სისტემა არ არსებობს, ეს მომართულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შურისძიებისთვის - შურისძიებისთვის იმიტომ, რომ მან დაასრულა კორუფცია, დაასრულა ორგანიზებული კრიმინალი, შურისძიებისთვის იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ის ებრძოდა ოკუპანტ რუსეთს. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამ ქმედებების დამკვეთი არის პუტინი და ივანიშვილია ამაზე პასუხისმგებელი. რატი ბრეგაძისნაირი კაცუნები მხოლოდ შემსრულებლები არიან. პირველს მას უნდა მოეთხოვოს პასუხი“, - განაცხადა ბასილაიამ „მთავარ არხთან“. ადვოკატი გლდანის ციხესთან მივიდა, თუმცა ჯერ უცნობია, მოახერხებს თუ არა ის ადგილზე შესვლას.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რუსთავიდან გლდანში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

სახალხო დამცველის წარმომადგენლის, მიხეილ ღოღაძის ინფორმაციით, რომელიც მან ექსპრეზიდენტისგან მოისმინა, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. ამის შესახებ ღოღაძემ მედიასთან განაცხადა. მისივე ცნობით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რუსთავიდან გლდანში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. „მას წინააღმდეგობის გაწევაზე არაფერი განუცხადებია. მას არ უნდოდა მე-18 დაწესებულებაში გადმოსვლა. ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს მე-12 დაწესებულებიდან. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ტრანსპორტირება მოხდა მანქანით. გადმოიყვანეს სასწრაფოს მანქანით“, - განაცხადა მიხეილ ღოღაძემ. სახალხოს დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურის მონტაჟი მე-18 დაწესებულებაში ამ წუთებში მიმდინარეობს.