ძებნის რეზულტატი:

საქართველოში ვიზიტით NATO-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის ახალი მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი იმყოფებოდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით NATO-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) ახალი მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, განსაკუთრებით, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ფუნქციონირებისა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმების გაცნობას. "გენერალ-მაიორ ნორბერტ ვაგნერს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) მასპინძლობდა. ვიზიტის ფარგლებში ნატოელმა გენერალმა შეხვედრები გამართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესა და ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან. თავდაცვის ძალებისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა JFTC -ის მეთაურს ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრებზე საუბრის ძირითად თემებს საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შესაძლებლობების განვითარება და ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, ასევე, 2022 წელს საქართველოში დაგეგმილი ნატოს-საქართველოს ერთობლივი სწავლების ორგანიზება წარმოადგენდა. საქართველოში სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაური ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) ეწვია. გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 21“-ის“ მიმდინარეობასაც გაეცნო და ვაზიანში სწავლების საველე კომპონენტი მოინახულა. JTEC-მა პოლონეთში მდებარე ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრთან (JFTC) მჭიდროდ თანამშრომლობა 2017 წლიდან მენტორული პროგრამის საფუძველზე დაიწყო. მენტორული ურთიერთობები JTEC-ის ნატო-საქართველოს 2019 წლის სწავლების წარმმართველი (ODE) ფუნქციის შესასრულებლად მომზადებას ისახავდა მიზნად. 2020 წელს JTEC-სა და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტი ხელს უწყობს JTEC–ის, როგორც NATO-სთან აფილირებული ერთ-ერთი სრულფასოვანი საწვრთნელი ცენტრის განვითარებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა

ქართველი რეჟისორი და ოპერატორი ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა. 79 წლის ერმალო მაღრაძე კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებების გამო ინტენსიური თერაპიირ განყოფილებაში მკურნალობდა. ერმალო მაღრაძე 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, სცენარისტის სპეციალობით. 1992 წელს დააარსა კინოფირმა „ერმალოფილმი“. 2000 წლიდან მოღვაწეობდა ზესტაფონში. გადაღებულია რამდენიმე ფილმში და არის საკუთარი ფილმების ავტორიც. ერმალო მაღრაძის ფილმები: „შვეციის პრინცი იმერეთიდან“, „გზააბნეულნი“, „აპოკალიპსი არ იქნება“, „თეა“ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მიიღო

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ექსპრეზიდენ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მიიღო. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა Twitter-ზე დაწერა. „მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლაზე უარი მითხრეს. ვწუხვარ საქართველოს მთავრობის მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილი ნების ნაკლებობის გამო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე საქართველოს მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი“, - წერს ანა ფოტიგა. ანა ფოტიგამ, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოვიდა, გლდანის სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში შესვლა 12 ნოემბერს ვერ მოახერხა და ამ დრომდე ელოდებოდა იუსტიციის სამინისტროს ნებართვას. 12 ნოემბერს, ანა ფოტიგა სახალხო დამცველსაც შეხვდა. მასთან ერთად, ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ასევე შეხვდნენ ლიეტუვის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას, ლიეტუვას სეიმის წევრს, საქართველოსთან პარლამენტთაშორისი ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელს რაიმუნდას ლოპატას და ხელმძღვანელის მოადგილეს ვილია თარგამაძეს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, შეხვედრებზე ისაუბრეს თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებასა და მის გავლენაზე ქვეყნის დემოკრატული წინსვლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე. ასევე განიხილეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობის პირობები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა და უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები. ნინო ლომჯარიამ სტუმრებს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა და მონიტორინგების შედეგად მიღებული ინფორმაცია გააცნო. ამავე თემაზე სოზარ სუბარი: ევროპარლამენტარი არ არის არაფრის ინდულგენცია ქვეყანაში ელენე ხოშტარია: თუ ანა ფოტიგა ვერ შეძლებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლას, ეს ძალიან დიდი სკანდალი იქნება

ერთადერთი პერსტექტივა ევროპასთან სიახლოვეა - საქართველოს პრეზიდენტის გზავნილები პარიზის მშვიდობის ფორუმიდან

,,საერთაშორისო თანამშრომლობის შენარჩუნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ , - ამ სახელწოდების, პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე, რომელიც ონლაინ გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროპული საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი მარკ ლეონარდი მონაწილეობდნენ. მოდერატორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჟან-მარი გენო იყო. მან საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე შეკითხვით მიმართა. ერთ-ერთი ასეთი შეკითხვა კი ეხებოდა იმას, რას ელოდება საქართველო აშშ-სგან. _როგორც ჩანს, აშშ უფრო მეტად ორიენტრებულია აზიაზე და მოსალოდნელია, რომ ევროპელებმა უფრო დიდი როლი შეასრულონ. ჩემი კითხვა ძალიან მარტივია: რა მოლოდინი გაქვთ ამ კუთხით? რას ელით ევროპელებისგან დღეს, ამ ცვალებად სიტუაციაში? მიმართა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა სალომე ზურაბიშვილს. კითხვა ჩვენთვის, საქართველოსთვის ძალიან აქტუალურია - თუ რას ველოდებით შეერთებული შტატებისგან. ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელმაც გამოიწვია იმ ეპოქის დასასრული, რომელშიც ყველასათვის გარკვეული წესები მოქმედებდა. 2008 წლის ომმა საქართველო გამოიყვანა საერთაშორისო ნორმებიდან. „ძლიერის სამართალმა“, საზღვრების შეცვლამ და საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ ტერიტორიაზე ოკუპაციის დამყარებამ (ამ ყველაფერმა) კითხვის ქვეშ დააყენა ყველა ის ნორმა, რომლითაც ვცხოვრობდით და 2008 წლიდან მოყოლებული ვხედავთ, რომ შეერთებულმა შტატებმა უფრო სიტყვიერი რეაგირება მოახდინა, მოქმედება კი, ევროპის მხრიდან იყო, პრეზიდენტ სარკოზის მხრიდან, რომელმაც მისი დე ფაქტო ჩარევით შეაჩერა კონფლიქტი. ვერ შემოატრიალა კონფლიქტის შედეგები - ოკუპაცია, მაგრამ კონფლიქტი ლოკალურად შეაჩერა. ეს თარიღი, 2008 წელი, ძალიან მნიშვნელოვანია, მას ჰქონდა გაგრძელება სირიაში, შემდეგ 2014 წელს უკრაინაში, და ეს არის დასაწყისი იმ საერთაშორისო თანამეგობრობისა, რომელიც არ რეაგირებს საერთაშორისო სამართლებრივ დარღვევებზე. მოგვიანებით ვნახავთ, რომ განიარაღების წესები არ იყო დაცული და ჩვენ ვართ მსოფლიოში, სადაც აღარ ვიცით რა თამაშის წესები მოქმედებს. ამავდროულად, (და ეს პასუხობს თქვენს შეკითხვას), შეერთებული შტატები იყურება აზიისკენ, აღმოსავლეთისკენ და ირიბად ეუბნება ევროპას: - თქვენ უნდა იმოქმედოთ მსოფლიოს ამ ნაწილში, ეს თქვენი კონტინენტია, თქვენ უნდა მოაგვაროთ იქ კონფლიქტები. თუ ცოტა უკან დავბრუნდებით, ჟან მარის ჩემსავით ახსოვს ბალკანეთის კრიზისი, სადაც ევროპელებმა დაანებეს ამერიკელებს და NATO-ს არამხოლოდ კონფლიქტის სამხედრო ნაწილის მოგვარება, არამედ დიპლომატიური მხარეც, ძირითადად, ამერიკელების მიერ, ელჩ ჰოლბრუკის მიერ იყო წარმართული. დღესდღეობით, ასე სულ უფრო ნაკლებად ხდება. არ ვიტყვი, რომ საერთოდ აღარ ხდება, მაგრამ უფრო იშვიათად. ჩემი და საქართველოს მზერა უფრო ევროპისკენ და NATO-სკენაა მიმართული, რომელიც წარმოადგენს ალიანსს ევროპასა და შტატებს შორის. ავღანეთის მოვლენებს, სადაც ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციის მიხედვით, ყველაზე დიდი შემადგენლობით ვიყავით წარმოდგენილი, ვიცით, რომ დიდი გავლენა აქვს ჩვენს რეგიონზეც, ჩვენი რეგიონი კი, ევროკავშირის ზონას ეკუთვნის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილამა. _თქვენ გყავთ ეს დიდი მეზობელი - რუსეთი. რუსეთთან ურთიერთობის მთელი საკითხი ის საკითხია, რომელიც ევროპას აწუხებს, რადგან ჩვენ გვსურს ერთდროულად დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და ამასთანავე, ავაშენოთ თანამშრომლობითი სამყარო. ამიტომ, ყველას გვაინტერესებს, რა არის რუსეთთან, თქვენი და ევროპის დიდ მეზობელთან, ურთიერთობის თქვენეული ხედვა? საქართველოს პრეზიდენტი: როგორც ევროპა, ასევე ჩვენ, დღეს იმ რუსეთის წინაშე ვდგავართ, რომელიც არ იცავს თამაშის ძველ წესებს, იმ წესებს, რომლების შემუშავებაშიც თავად მონაწილეობდა ჰელსინკის პერიოდში. ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების წესები, განიარღება, და ჩვენ ვართ რუსეთის პირისპირ, რომელიც მტკიცედ დგას მის ხელთ არსებული ყველა იარაღით. ვხედავთ ვაგნერის ძალებს აფრიკაში, ცენტრალურ აფრიკამდე, ვხედავთ ახლახან ბელარუსში გამოყენებულ მიგრანტების იარაღს, რომელიც აღარ არის უბრალო მიგრაციის კრიზისი, ეს ევროპის ქვეყნების დესტაბილიზაციის მიზნით მიგრანტების იარაღად გამოყენებაა, საერთაშორისო წესრიგი, ევროპასა და რუსეთს შორის აღარ არსებობს, ეს არის დესტაბილიზაციისათვის ღია ტერიტორია, ჩვენი ჩათვლით და ეს ახალი რუსეთი ევროპის გამოწვევაა და მთავარი შეკითხვა, რომელსაც ჩვენ ჩვენს თავს ვუსვამთ არის: - კმაყოფილდება თუ არა ევროპა სანქციების პოლიტიკით, რაც ნამდვილად პასუხია, მაგრამ არასაკმარისი პასუხი (და ჩვენ ამას ვხედავთ) იმისათვის, რომ გავლენა მოვადინოთ, შევცვალოთ, დავაფიქროთ, ან უკან დავხიოთ რუსეთი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პოლიტიკა უნდა იყოს უფრო გლობალური, ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ 2008 წელს საქართველო ოყო რუსეთის საცდელი ტერიტორია, რომელმაც ისევ შეიარაღება დაიწყო. დღეს კავკასია ევროკავშირის პოლიტიკისათვის სატესტო ტერიტორიაა, თუ რა შეუძლია მოიმოქმედოს მან ამ მეზობელ რეგიონთან და რუსეთთან მიმართებით. წელს ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისაკენ მიმართული სრულიად ახალი ჩართულობა. პრეზიდენტი შარლ მიშელი, 6 თვის განმავლობაში, სამჯერ ჩამოვიდა საქართველოში და პირდაპირ ჩაერია ქვეყნის სტაბილიზაციაში, მისი კრიზისიდან გამოყვანის გზით. ასევე, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია, რადგან ომი მოხდა, დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ევროკავშირის მხრიდან არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიაციის სურვილი, რაც აუცილებელია, რადგან ეს კონფლიქტი არ შეიძლება, გადაწყვიტოს მხოლოდ თურქეთმა, რუსეთმა, ან სხვა ხელისუფლებებმა. რა უნდა გაკეთდეს კავკასიაში? რუსეთთან დაპირისპირება არ არის სწორი და ევროპული გზა, ამისთვის ევროპას არც სამხედრო ძალაუფლება აქვს და არც სურვილი, მაგრამ მან უნდა აჩვენოს, რომ არის მნიშვნელოვანი აქტორი, და რომ არ დათმობს მის ადგილს. დღეს ბევრი დისკუსიაა ამ რეგიონში სხვადასხვა ფორმატის, დიდი ინფრანსტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც ევროპას შავ ზღვასთან, კასპიის ზღვასთან და აზიასთან აკავშირებს. ეს რეგიონი არ შეიძლება გახდეს ვინმესთვის ექსკლუზიური - არც რუსეთის, არც თურქეთისა და არც ირანისთვის. დღეს კარგად ვხედავთ, რომ ეს ქვეყნები აქტიურები არიან, აქვთ დამსახურება და ინტერესი, რომ იყვნენ ამ რეგიონში, არცერთ ამ ქვეყანას არ აქვს ეკონიმიური საშუალება, რომ განახორციელოს ის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც ყველა საუბრობს. ევროპა ერთადერთია, ვისაც ეს ძალაუფლება გააჩნია. ეკონომიური ძალაუფლების გარდა, მას უნდა ჰქონდეს ხედვა, თუ რისი განხორციელება სურს, რეგიონის დასტაბილურების ხედვა და იმის აღქმა, თუ რაში მდგომარეობს მისი ძალა დღესდღეობით. ეს ძალა შეიძლება მდგომარეობდეს დიდი პოლიტიკური პროექტის განხორციელებაში. დიდი პოლიტიკური პროექტი, რომელმაც კარგად იმუშავა, იყო გაფართოების პროექტი. დღეს არ ვიცით ეს პროექტი დასრულდა, თუ კითხვის ქვეშ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ის აღარ გამოხატავს იგივე პოლიტიკურ ნებას, უნდა მოხდეს მისი გადახედვა, ან გამყარება სხვა სასწრაფო პროექტებით იმ დრომდე, სანამ ევროკავშირს გაფართოების საკითხზე ისევ საერთო ხედვა ექნება. იმისათვის რომ, აქ იყოს წარმოდგენილი, ისევე როგორც უკრაინაში, ევროპამ უნდა დაიბრუნოს რწმენა თავის თავში, რაც ძალიან რთულია, როდესაც იგი მრავალი გამოწვევის წინაშეა. ეს გამოწვევები, როგორიცაა ტერორიზმი, კიბერ შეტევები, ნარკოტიკები, მიგრანტები მის ტერიტორიაზეა. მიგრანტები, როგორც იარაღი და მიგრანტები, როგორც კრიზისი, რომელიც ასუსტებს ევროპულ საზოგადოებებს. ამასთან, ჩვენ გვჭირდება და ველოდებით ევროპას, რომელსაც შეუძლია, თავიდან აღმოაჩინოს მისი ღირებულებები, არის ასევე, პრობლემა ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის; აღარ ვიცით ვაშინგტონის კონსენსუსი ნამდვილად არსებობს თუ არა. მაგრამ საკუთარი ღირებულებებით ამაყი ევროპა ისევ უნდა გახდეს ამ ღირებულებების მატარებელი. ამერიკულმა ლიბერალიზმმა გარკვეულწილად ევროპაში შიდა კრიზისები, იდენტობის კრიზისები გამოიწვია. ევროპელ ერებს არ აქვთ იგივე ხედვა იმისა, თუ რა არის ევროპული იდენტობა და ისტორია. რუსეთი სარგებლობს ამ დაპირისპირებით და სრულიად არალეგიტიმურად წარმოგვიდგება კლასიკური ევროპული ღირებულებების დამცველად. სწორედ აქ უნდა დაბრუნდეს ევროპა ცენტრში თავისი ღირებულებებით - თავისუფლება, სოლიდარობა, ინდივიდუალურობა და ჰუმანურობა, რაც განსხვავდება შეერთებული შტატების დღევანდელი ,, სოციალური კორექტურისაგან“, რომელიც უცხოა სხვადასხვა ევროპული კულტურისთვის. მეზობელი ქვეყნები, რომლებისთვისაც სტაბილურობა ევროპის მიერ საკუთარი თავის რწნენაზეა დამოკიდებულია, მისგან დიდი ქმედებების განხორციელებას ელიან. _შემდეგი კითხვა ეხება საქართველოს დილემას - გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სხვადასხვა მოცემულობის საჭირო ბალანსს. როგორ შეიძლება საუკეთესოდ მივუდგეთ ამ საკითხს ამერიკის, ევროპისა, რუსეთის დიპლომატიურ მოქმედებების გათვალისწინებით. ამ კონფიგურაციაში, როგორ უნდა ითამაშოს საქართველომ თავისი ხელი თავისი სუვერენიტეტის, უშიშროებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად? საქართველოს პრეზიდენტი: ვფიქრობ, 2008 წლის ომის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ არავინ ჩაერევა ომში საქართველოს დასაცავად. მიუხედავად ძალთა უთანასწორობისა, ომის დროს და ომის შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს მთავარი გამარჯვება მისი ევროპული ორიენტაციის შენარჩუნებაა. თუ რუსეთის მიზანი ამ ტერიტორიების ოკუპაციით და საქართველოში სამხედრო შემოჭრით საქართველოსთვის მისი სტრატეგიული არჩევნების გაკეთებაში ხელის შეშლა იყო, ეს შედეგი მან ვერ მიიღო. როგორც აღვნიშნე, ერთადერთი პერსტექტივა ევროპასთან სიახლოვეა; უფრო ანგაჟირებულ ევროპასთან, ევროპასთან, რომელიც აცნობიერებს, რომ დღეს რუსეთი იყენებს ყველა საშუალებას, მათ შორის ნეგატიურ ძალებს. ხვალინდელ მსოფლიოში ევროკავშირს სხვა შესაძლებლობები და ძალაუფლების სხვა ბერკეტები აქვს, ისეთი როგორიცაა ტექნოლოგიური ინოვაციები, ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა, ადამიანური რესურსები დამყარებული წარმოების ინიციატივებზე, თავისუფლებებზე, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მომავალში დადგება გათანაბრების დრო, რადგან მხოლოდ სუფთა ძალა არ არის საკმარისი, საჭიროა მოლაპარაკება. დღემდე ევროპამ დიალოგს მიანიჭა უპირატესობა და ხშირად ეს არის სუსტის დიალოგი ძლიერთან. საჭიროა, ზუსტად ვიცოდეთ რა გვინდა ამ დიალოგისგან, საჭიროა დიალოგიდან ნამდვილ მოლაპარაკებებზე გადასვლა წითელი ხაზების, ინტერესების, სიძლიერეების და სისუსტეების გათვალისწინებით. ამ მძიმე, მაგრამ გათანაბრებულ და სამართლიან მოლაპარაკებებში ჩვენ ვართ ევროპასთან, არასდროს ევროპის გარეშე.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ასი ათასი მოწამის ხსენების დღე პანდემიის გამო მასშტაბურად არ აღინიშნება

13 ნოემბერი, ასი ათასი მოწამის ხსენების დღე, წელს პანდემიის გამო მასშტაბურად არ აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „13 ნოემბერს, დილით 10:00 საათზე ტარდება ორი წირვა 100 000 მოწამის და წმ. აბო თბილელის სახელობის ტაძრებში, ხოლო 13:00 საათზე გადახდილი იქნება პარაკლისი მეტეხის ხიდზე. წმინდა 100 000 მოწამის მეოხებით ღმერთმა მშვიდობა მომადლოს ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიული ალასანია პატრიარქს შეხვდა

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. როგორც ალასანია აღნიშნავს, მან იცის, რომ პატრიარქისთვის სულერთი არ არის სააკაშვილის მდგომარეობა. “მე ვიცი, რომ მისთვის არაა სულერთი ჩემი შვილის მდგომარეობა. ვიცი, რომ ჩემს შვილს ყოველთვის აქვს უწმინდესის იმედი. ვისაუბრეთ, ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა ეს შეხვედრა. პატრიარქი, სამღვდელოებასთან ერთად იყო, რომლებიც, ალბათ, ზრუნავენ მასზე, ვილაპარაკეთ საერთოდ, ზოგადად, რომ საქართველოში როგორი ტრადიცია იყო, რომ სიცოცხლე ძალიან ფასობდა. ჩვენ სამართალში სიკვდილით დასჯის მუხლი არ არსებობდა, არ იყო ჩვენთან. ასეთი თემები, ჯანმრთელობა ვუსურვე და წამოვედი. არაფერი განსაკუთრებული", - აღნიშნავს გიული ალასანია „ფორმულასთან“ საუბარში. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრას არ ესწრებოდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. ამასთან, საპატრიარქოში ამ ეტაპზე, შეხვედრის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

ჯო ბაიდენი: ჩვენი შეშფოთება რუსეთსა და ბელარუსს გავაცანით

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბელარუსში შექმნილი სიტუაციის გამო შეშფოთება გამოთქვა. როგორც ცნობილია, ბელარუსს პოლიტიკური მიზნებისთვის მიგრანტების გამოყენებაში ადანაშაულებენ, რომლებიც პოლონეთსა და ლიეტუვაში მისი ტერიტორიის გავლით გადასვლას ცდილობენ. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ღრმად შემაშფოთებელია. ჩვენ გავაცანით ჩვენი შეშფოთება რუსეთს, ბელარუსს“, - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ის თეთრ სახლს ტოვებდა. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემაა“, - დაამატა აშშ-ის პრეზიდენტმა. ბაიდენის ეს განცხადება ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის შეფასებას მოჰყვა. კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ეს საკითხი პარიზში ვიზიტისას, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან განიხილა. „ბელარუსი „ძალიან შემაშფოთებელი საქმიანობით არის დაკავებული. ეს საკითხი განვიხილეთ პრეზიდენტ მაკრონთან. მსოფლიო ლიდერები თვალყურს ადევნებენ იქ მიმდინარე მოვლენებს", - განაცხადა ჰარისმა შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, 10 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ვაშინგტონში, ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსი „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ დაადანაშაულა. ცნობისთვის, მიგრანტები, ძირითადად ერაყიდან და ავღანეთიდან, ყინვის პირობებში აფარებენ თავს ბელარუსს, და ევროკავშირის სახელმწიფოების, პოლონეთისა და ლიეტუვას შორის საზღვარს, რომლებიც უარს ამბობენ მათ მიღებაზე. ზოგიერთი უკვე გარდაიცვალა და ვითარების კიდევ უფრო გართულების შიში არსებობს. რაც შეეხება ბელარუსის პოზიციას, ის უარყოფს კრიზისის გაღვივებას, მაგრამ განაცხადა, რომ ვერ დაეხმარება ევროპას ამ საკითხის გადაჭრაში, თუ ევროკავშირი არ მოხსნის სანქციებს. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც ლუკაშენკომ მასობრივი საპროტესტო აქციები გასული წლის საყოველთაოდ დისკრედიტირებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩაახშო. ევროკავშირის მხრიდან სანქციების გაფართოების შემთხვევაში კი, რუსეთის ახლო მოკავშირე, პრეზიდენტი ლუკაშენკო ევროკავშირს ევროპაში გაზის ტრანზიტის გადაკეტვით ემუქრება. ბელარუსს რუსეთი მხარს უჭერს. 10 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა Ту-22М3-ის კლასის ბომბდამშენებმა საჰაერო პატრულირება ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დაიწყეს. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დმიტრი პოლიანსკი, აცხადებს, რომ ბომბდამშენების გაგზავნა, პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის ევროპულ მონაკვეთზე დამატებითი სამხედრო რესურსის თავმოყრაზე პასუხია. თავის მხრივ, ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ფრენები ერთობლივი საწვრთნელი მისიების ფარგლებში რეგულარულად განხორციელდება. როგორიც NATO-ს პოზიცია, ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ 12 ნოემბერს მიიღო განცხადება, რომელშიც გმობს ხელოვნურად შექმნილ კრიზისს და მის, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის წინააღმდეგ. NATO-ს მოკავშირეები მოუწოდებენ ბელარუსს, შეწყვიტოს ეს ქმედებები, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაიცვას საერთაშორისო სამართალი. ამასთან, Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, NATO-ს ოფიციალური პირი მიგრანტთა ხელოვნურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ბელარუსს აკისრებს. NATO-ს შეფასებით, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება უკანონო, მიუღებელი და არაჰუმანურია. „NATO-ს ელჩებმა ამ კვირაში განიხილეს პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე არსებული ვითარება. NATO-ს მოკავშირეები პოლონეთის მიმართ სრულ სოლიდარობას გამოხატავენ. ალიანსი ასევე დგას სხვა მოკავშირეების გვერდით, რომლებზეც გავლენა მოახდინა ბელარუსის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციამ. ბელარუსს ეკისრება პასუხისმგებლობა კრიზისზე და ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების, როგორც „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება არაჰუმანური, უკანონო და მიუღებელია. NATO სიტუაციის ახლოდან მონიტორინგს განაგრძობს. გენერალური მდივანი ამ საკითხზე მჭიდრო კავშირშია მოკავშირე მთავრობებთან. NATO მზადაა, შემდგომი დახმარება გაუწიოს ჩვენს მოკავშირეებს და განამტკიცოს თავდაცვა და უსაფრთხოება რეგიონში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა.

პორტუგალიაში დამსაქმებლებს არასამუშაო საათებში თანამშრომლებისთვის დარეკვა და მესიჯის გაგზავნა აეკრძალათ

პორტუგალიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც დამსაქმებლებს არასამუშაო საათებში თანამშრომლებისთვის დარეკვას და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნას უკრძალავს. ახალი რეგულაციების მიხედვით, დამსაქმებელი კანონის დარღვევისთვის, შესაძლოა, დაჯარიმდეს. ცვლილებები შრომის კოდექსში არ გავრცელდება კომპანიებზე, რომლებშიც 10-ზე ნაკლები ადამიანია დასაქმებული. კომპანია ასევე ვალდებულია შეღავათი გაუწიოს იმ თანამშრომლებს, რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი და სახლიდან მუშაობენ. ბავშვიან თანამშრომლებს უფლება ექნებათ იმუშაონ სახლში განუსაზღვრელი ვადით დამსაქმებლისგან წინასწარი თანხმობის მოთხოვნის გარეშე, სანამ მათი შვილი რვა წლის არ გახდება. კომპანიებს ასევე შესაძლოა მოუწიოთ, წვლილი შეიტანონ დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების ელექტროენერგიისა და ინტერნეტის ხარჯების დაფარვაში. პარლამენტში წარმოდგენილი პაკეტის ზოგიერთი ელემენტი არ იქნა დამტკიცებული პორტუგალიის პარლამენტის მიერ, მათ შორის „გათიშვის უფლება“, რომელიც საშუალებას აძლევს პერსონალს გამორთოს ყველა სამუშაო მოწყობილობა არასამუშაო საათების დროს. პორტუგალიის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა, ანა მენდეს გოდინიომ გასულ კვირას ლისაბონში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი შრომითი წესები ბევრ უცხოელს მიიზიდავს. „ჩვენ ვთვლით, რომ პორტუგალია მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ“- ამბობს ანა მენდეს გოდინო. პორტუგალიას უკვე აქვს დროებითი რეზიდენტის ვიზის სისტემა, რომელიც შექმნილია სპეციალურად მეწარმეებისა და შტატგარეშე, დისტანციურად მომუშავე ადამიანების მოსაზიდად. პორტუგალიურ კუნძულ მადეირაზე არსებობს "ციფრული მომთაბარე სოფელი", უფასო wifi-ით და საოფისე მაგიდით. პორტუგალიის გარდა, კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანამ შემოიღო ეგრეთ წოდებული "ციფრული მომთაბარე ვიზები", სტანდარტული ტურისტული ნებართვების საპირისპიროდ, მათ შორის არიან ბარბადოსი და ხორვატია.

ეკონომიკის მინისტრი: მომზადებული გვაქვს საკმაოდ წონადი პორტფელი ინვესტორებისთვის

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღეისთვის საქართველოს მთავრობას ინვესტორებისთვის საკმაოდ წონადი პორტფელი აქვს მომზადებული. ამის შესახებ ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან ის მიმართულებები დაასახელა, სადაც კონკრეტული პროექტების განხორციელება და ინვესტორების მოზიდვა იგეგმება. „მომზადებული გვაქვს საკმაოდ წონადი პორტფელი, რომელიც ინვესტორებს უნდა შევთავაზოთ, ეს ეხება სხვადასხვა ლოგისტიკურ პროექტს, მათ შორის საპორტო ინდუსტრიის, A კლასის ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას, ასევე საერთაშორისო აეროპორტებში კარგო-ტერმინალების განვითარებას. პარალელურად ძალიან დიდი პროექტებია ინდუსტრიის სხვადასხვა დარგში დაწყებული მანქანათმშენებლობით, დასრულებული IT ინდუსტრიით, რომელიც ინვესტორებისთვისაა შესათავაზებელი და ვიხილავთ, როგორ გავხადოთ ჩვენი საინვესტიციო გარემო უფრო მიმზიდველი“, - განაცხადა ნათია თურნავამ. სააგენტო „აწარმო საქართველოშის“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კი შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა „აწარმოე საქართველოს“ მექანიზმების დახვეწაზე. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო უცხოურ ინვესტიციებს და კომპანიებს, რომელთა მოზიდვა ხორციელდება. მიმდინარეობაში მზაობის სხვადასხვა ეტაპზე 21 ასეთი პროექტია. არის პროექტები, რომელიც ბოლო ეტაპზეა გადასული. ასევე ვისაუბრეთ იმაზე როგორ დავხვეწოთ „აწარმოე საქართველოს“ საინვესტიციო მექანიზმები და კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ, რათა სხვადასხვა სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა უმოკლეს ვადებში მოხდეს“, - განმარტა მან.

რა საკითხებზე ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს ქალი ლიდერების მონაწილეობით, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო. ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ლიდერებისათვის, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით, ელისეის სასახლეში გამართულ მიღებაში. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტს შესაძლებლობა ჰქონდა, ესაუბრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან კამალა ჰარისთან, რომელსაც რეგიონში მიმდინარე პროცესები და საკუთარი ინიციატივა გააცნო, თბილისში ქალი ლიდერების მონაწილეობით კონფლიქტის გადაჭრის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ. პრეზიდენტი ქვეყანასა და რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ასევე ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისსა და ისლანდიის პრეზიდენტს გუდნი იოჰანესონს. საქართველოს პრეზიდენტმა იუნესკოს 75 წლისთავისადმი მოძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და იუნესკოს კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესების ინიციატივით მიმართა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით კავკასიური ენების გადარჩენას ისახავს მიზნად. ცნობისთვის, საფრანგეთში, საქართველოს პრეზიდენტმა, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, პარიზის მშვიდობის ფორუმსა და იუნესკოს 75 წლისთავისადმი მოძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე, რომელიც „მშვიდობიანი მომავლისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის შენარჩუნებას“ ეხებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანზე და აღნიშნული არჩევანის განხორციელებაში საქართველოს პარტნიორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და როლზე.

ცესკოში მიმდინარე სხდომაზე, ოპოზიცია შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითხოვს

ოპოზიცია ოლქებში, სადაც თვითმმართველობის მეორე ტური გაიმართა, შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითხოვს ცესკოში სხდომა, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები და მერობის კანდიდატები ესწრებიან, კამათის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარეს უხსნიან, თუ რატომ არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. "იზო ჩირგაძე კინაღამ გაიტაცეს, სანამ ჩემს შტაბში მოაღწევდა. საზოგადოებას აინტერესებს, თუ დაინტერესდით იმ ადამიანის ბედით, ვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვები აშანტაჟებდნენ", - განაცხადა სხდომის მიმდინარეობისას ხატია დეკანოიძემ. ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ბიულეტენების გადათვლის შესახებ განაცხადა, რომ 194 უბნის გადათვლის შემდეგ, 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა, ჯამში მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ კენჭისყრის დასრულებიდან ექვსი დღის ვადაში სავალდებულო წესით, უნდა გადაითვალოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5-5 საარჩევნო უბანი ყოველ საარჩევნო ოლქში.

კორონავირუსით გარდაცვლილებს შორის, 98,96% აუცრელი იყო

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სტატისტიკის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილებს შორის, 98,96% აუცრელი იყო. ასევე ვიდინფიცირებულთა შორის 95.92% არ იყო აცრილი. ჰოსპიტალიზირებულებს შორის კი 94.4% არ იყო ვაქცინირებული. 13 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 041 209 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 071 513 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 37.7 %. სრულად ვაქცინირებულია 964 580 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.8%. 12 ნოემბერს 7 800 ადამიანი აიცრა. 11 ნოემბერს - 7 103 ადამიანი. ბოლო 24 საათში, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4565 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 78 პაციენტი.

მიხეილ სარჯველაძე ანა ფოტიგაზე: ის რომ ევროპარლამენტარია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა შეხვედრა ჩახსნა

"ის რომ ევროპარლამენტარია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა შეხვედრა ჩახსნა", - ასე განმარტა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ანა ფოტიგასთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე მიღებული უარი. მისი თქმით, სააკაშვილის მნახველთა მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და ბევრი ფაქტორია, რატომაც შეიძლება უარი ერთვათ ევროპარლამენტარისთვის. დეპუტატი გამორიცხავს, რომ მიზეზი შეიძლება იყოს რამე ფაქტის დამალვა. "სააკაშვილის მხარის სასარგებლოდ პოლიტიკურად სრულიად მიკერძოებული ადამიანებიც კი უპრობლემოდ, დაუბრკოლებად ახერხებენ შეხვედრებს მარტივი გზით. არ შეიძლება მიზეზად განვხილო და ეჭვად მქონდეს, რომ შეიძლება ვარაუდობდნენ, რომ ვინმეს რამე დაუმალონ და არ აჩვენონ“, - განაცხადა სარჯველაძემ. კითხვაზე, თუ რა კონკრეტული მიზეზით ეთქვა ანა ფოტიგას სააკშვილის მონახულებასთან დაკავშირებით უარი, სარჯველაძე პასუხობს, რომ ეს „იუსტიციის სამინისტროს უნდა კითხონ და კონკრეტულ ახსნას მიაწვდიან“. „მე ვვარაუდობ, ის, რომ ევროპარლამენტარია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა შეხვედრა ჩახსნა და მხოლოდ ევროპარლამენტარი შეუშვა, ან ევროპარლამენტარობა ვინმეზე უპირატეს უფლებას განაპირობებს შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, ეს აიხსნა და ეს ლოგიკურია. მე რომ ვვარაუდობდე, რომ იქ არ შეშვების მიზეზი იყო ვინმესთვის რამე დაემალათ, ამ შემთხვევაში, ეს იქნებოდა მართლაც შემაშფოთებელი, მაგრამ სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ ვხედავ საკითხს ასე“, - განაცხადა სარჯველაძემ. საგანგებო ვიზიტით ჩამოსული ევროპარლამენტარი წუხს ხელისუფლების ამგვარ გადაწყვეტილებაზე და მათ აკისრებს პასუხისმგებლობას სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

იუსტიციის მინისტრი ანა ფოტიგას პასუხობს

იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე არ დაიშვება. რატი ბრეგაძის განმარტებით, „პენიტენციური სამსახურის ვალდებულების გათვალისწინებით, სააკაშვილთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები“. იუსტიციის მინისტრი ევროპარლამენტარს მის წერილში ნახსენებ ტერმინზე - „პოლიტიკური პატიმარი“ მიუთითებს და ანა ფოტიგას განმარტებას სთხოვს. „2021 წლის 9 ნოემბრით დათარიღებულ წერილთან დაკავშირებით, რომლითაც თქვენ ითხოვეთ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მონახულება მე-18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში, გაცნობებთ შემდეგს: მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების დღიდან მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ყველა უფლებით, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ყველა მსჯავრდებული/ბრალდებული. მათ შორის, მასთან განხორციელდა 201 ვიზიტი, რაც მეტყველებს საქართველოს ხელისუფლების გამჭვირვალობაზე. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად აკონტროლებს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალი, მისი პირადი ექიმი და მისი სამედიცინო საჭიროებების რეგულარული შეფასების მიზნით შეკრებილი ექიმების ჯგუფი (კონსილიუმი). მიხეილ სააკაშვილის მიერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიწოდებული მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილის მიღებაზე უარის გამო, 2021 წლის 8 ნოემბერს ის გადაიყვანეს მე-18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში - მისი ჯანმრთელობისთვის რისკების მინიმიზაციისა და შესაძლო გართულებების პრევენციის მიზნით. 2021 წლის 10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი შეიტანა, რომლითაც ითხოვდა სასამართლოს მიერ მთავრობისთვის დროებითი ღონისძიების დაკისრებას - მომჩივნის მე-18 პენიტენციური სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანას. იმავე დღეს სასამართლომ გადაწყვიტა: ა) მომჩივანს დაჟინებით მოუწოდოს შიმშილობის შეწყვეტისკენ; ბ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ზოგადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისთვის შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში სათანადო სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ამდენად, შესაბამისი მასალებისა და მტკიცებულებების განხილვის შემდეგ, სასამართლომ ჩათვალა, რომ მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაწესებულების სტანდარტები დამაკმაყოფილებელია, რითაც გამოირიცხა სხვა საავადმყოფოში მისი გადაყვანის მოთხოვნის საჭიროება. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც კვლავ უარს ამბობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, ასევე, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის ვალდებულების გათვალისწინებით, მასთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები. თქვენს წერილში ახსენებთ წარსულში თქვენს ვიზიტებს „პოლიტიკური პატიმრების“ მოსანახულებლად. მადლობელნი ვიქნებით, თუ განმარტავთ, რას გულისხმობთ ამ ტერმინში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თუ სხვა რომელიმე ავტორიტეტულ ინსტიტუტს ასეთად არ მიუჩნევია არცერთი პატიმარი საქართველოში“, - ნათქვამია რატი ბრეგაძის წერილში. შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მიიღო.

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ

"ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და გათავისუფლებაა. აქციის გამო პარლამენტის შენობის მიმდებარედ რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ამასთან, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცესკომ "ნაციონალური მოძრაობის" საჩივრები არ დააკმაყოფილა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" საჩივრები არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ კომისიამ გადაწყვეტილება სხდომაზე მიიღო. პარტიას ცესკოში დღეს განსახილველად 11 საჩივარი ჰქონდა წარდგენილი, თუმცა, არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილებულა. როგორც სხდომაზე განმარტეს, პარტიის საჩივრები მათ შორის, მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო არ დაკმაყოფილდა. "ვფიქრობ, საჩივრებში მოყვანილი გარემოებები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს",- განაცხადა სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა. ცენტრალურმა კომისიამ ამავე სხდომაზე 2021 წლის არჩევნების მეორე ტურის შედეგებიც შეაჯამა.

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის მიმართ შეურაცხმყოფელი წარწერებისა და პოსტერების განთავსებისგან. ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული. „როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეტაპირებისას, მის მიმართ შესაძლო სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითა. მოგვიანებით, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია ამ ქმედების შესაძლო განმახორციელებელი პირის შესახებ, რომელიც, მათივე ცნობით, პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. შედეგად, იდენტიფიცირებული პირის მიმართ შეურაცხმყოფელი და მადისკრედიტირებელი წარწერები და პოსტერები გავრცელდა როგორც ღია საჯარო სივრცეში, აგრეთვე, მის საცხოვრებელ კორპუსში. საგულისხმოა, რომ მოცემული ეტაპისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიუღებლად მიიჩნევს გამოძიების დასრულებამდე, მოხელის პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ასეთ მასობრივ და უხეშ ჩარევას, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობა დადასტურებული არ არის. ამასთან, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გამოხატვის ადრესატის ოჯახში მცხოვრები არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის დაცვის საჭიროებას და მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის მიმართ შეურაცხმყოფელი წარწერებისა და პოსტერების განთავსებისგან, რაც, შესაძლოა, ახალისებდეს, მათ შორის, ბავშვის მიმართ ძალადობას, ბულინგს თუ სხვაგვარ ქმედებას“,- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი: საქართველოში ევროკავშირის ყოფნის საჭიროებას ვერ ვხედავ

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ილვესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ევროკავშირის ყოფნის საჭიროებას ვეღარ ხედავს. ილვესი სვამს კითხვას, თუ რატომ უნდა დახარჯოს მისმა, ან სხვა ქვეყნებმა ფული საქართველოში საელჩოების დაკომპლექტებაში. "მაგრამ მე ვერ ვხედავ ევროკავშირის ყოფნის დიდ საჭიროებას ქვეყანაში, რომელიც ადრე იყო მნიშნველოვანი ევროპული გამონაკლისი აზიურ დესპოტიზმებს შორის. როცა ირჩევენ "სტანის" გზას, რატომ უნდა დახარჯოს ჩემმა ქვეყანამ, ან სხვა ქვეყნებმა ფული იქ საელჩოების დაკომპლექტებაში?" , - წერს ტოომას ილვესი Twitter-ზე.

რასა იუკნევიეჩიენე: ანა ფოტიგასთვის მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარის თქმა საქართველოს ხელისუფლების საზიზღარი ქმედებაა

ევროპარლამენტრი რასა იუკნევიეჩიენე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და ლიეტუვის პარლამენტის დელეგაციისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარის თქმას „საზიზღარ ქმედებად“ აფასებს. „ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და ლიეტუვის პარლამენტის დელეგაციისთვის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ვიზიტის შესაძლებლობაზე უარის თქმა, არის საქართველოს ხელისუფლების საზიზღარი ქმედება. ქართულ ოცნებას არ სურს დეესკალაცია“ - წერს ევროპარლამენტარი.

ანა ფოტიგა: შექმნილ სიტუაციას საერთაშორისო საზოგადოება შეაფასებს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა იუსტიციის მინისტრის წერილზე საუბრისას აცხადებს, რომ საპასუხო განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს. ევროპარლამენტარმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი წუხილი, რომ ციხეში, ექსპრეზიდენტის მონახულება ვერ შეძლო. ამის შესახებვ ანა ფოტიგამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანამდე ის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ კახა კუჭავას და გადაწყვეტილების მიმღებებს თავისი გზავნილები მიეწოდა. „მე ვაპირებ, ვუპასუხო იუსტიციის მინისტრის წერილს, მას შემდეგ, რაც დეტალურად გავიაზრებ. ბევრი არგუმენტია მოყვანილი ამ წერილში, რომლის გააზრებაც მჭირდება. ჩემი კოლეგები ასევე დაინტერესებულები არიან ამ საკითხით, მე ძალიან მჭიდრო კონტაქტი მქონდა ევროკავშირის ელჩთან, ის არის უმაღლესი დონის დიპლომატი და ჩვენ ძალზედ კარგი ურთიერთობები გვაქვს. ასევე მქონდა კონტაქტი პოლონეთის ხელისუფლებასთან, საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და გვყავს იმედი გვაქვს, დახმარებიც აღმოჩენას შევძლებთ საქართველოსთვის“, - განაცხადა ანა ფოტიგამ. მისივე განცხადებით, შექმნი სიტუაციას საერთაშორისო საზოგადოება შეაფასებს. ანა ფოტიგას განმარტებით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ევროპარლამენტისთვის მნიშვნელოვანი იქნება როგორც მის მიერ, ასევე ლიეტუველი ევროპარლამენტარების მიერ გაზიარებული ინფორმაცია. „უარი მივიღე იუსტიციის სამინისტროსგან, ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, რადგან ჩემს თავს გამოცდილ ადამიანად ვთვლიდი და კარგად ვიცი, რომ მაღალი რანგის პატიმრის შემთხვევაში ბევრი შეფასება ისმის. ახლობლები ემოციურობით გამოირჩევიან, მეორე მხარეს კი, რომელიც პასუხისმგებელია პატიმრობაზე, აქვს ინტერესი, ცალმხრივად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას. საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენ, ევროპარლამენტში შევაფასებთ ამ სიტუაციას და ნამდვილად, ჩემს მიერ გაზიარებულ ინფორმაციას და ასევე, ლიეტუველი პარლამენტარების ინფორმაციას (მათ ასევე უარი ეთქვათ სააკაშვილის მონახულებაზე) განსაკუთრებული ღირებულება ექნება. ამ ძალიან დელიკატურ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა, ზუსტი ინფორმაცია გავცეთ. ჩემი საქმე არ არის რომელიმე მხარეს დგომა, მე ვთვლი, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობა საკმაოდ მძიმე იყო, რადგან საქართველოში მიმდინარეობდა გარდამავალი პროცესი. მახსოვს, ჩემი ერთ-ერთი პირველი განცხადება, რომელიც ევროპარლამენტში გავაკეთე, სწორედ საქართველოსთან დაკავშირებით იყო, იმიტომ, რომ შემძრა ქართველი ხალხის ნებამ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. ეს იყო საქართველოს მოსახლეობის სურვილი, შეეცვალათ საკუთარი ქვეყანა. მისმა პრეზიდენტობამ და ბევრმა ცვლილებამ საქართველო მაღალ დონეზე დააყენა საერთაშორისო სცენაზე, როგორც საინვესტიციო, ისე საერთაშორისო მოთამაშეების თვალსაზრისით“, - განაცხადა პოლონელმა პოლიტიკოსმა. კითხვაზე, რას ეტყოდა მიხეილ სააკაშვილს, ევროპარლამენტარმა ასე უპასუხა: „გაძლიერდით, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“. ამავე თემაზე: იუსტიციის მინისტრი ანა ფოტიგას პასუხობს