ძებნის რეზულტატი:

გიორგი მარგველაშვილმა მიმართა „რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შეურაცხყოფის ამსახველ კადრებზე იცინიან“

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგვლეშვილმა Twitter-ის საკუთარი გვერდიდან მიმართა „რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფის ამსახველ კადრებზე იცინიან“. „დიახ, ეს გააკეთეს ქართველებმა, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით! დანარჩენ საქართველოს კი აერთიანებს „ოპრიჩნინას“ მიმართ ზიზღი, რომელიც ამდენად უცხოა ჩვენი ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ერისთვის“, - წერს ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ მონაცემთა გასაჯაროებისას დაცული უნდა იყოს ადამიანის პატივი და ღირსება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ კადრებზე მიუთითებს, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანისა და მისი საკანში განთავსების ფაქტი.

სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, თბილისში აქცია რამდენიმე ადგილზე იმართება

სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, თბილისში აქცია რამდენიმე ადგილზე: დიდუბისა და 300 არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან იმართება. ამასთან, იუსტიციის სამინისტროსთან მხარეებს შორის დაპირისპირება იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა სამართალდამცავებმა მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცეს. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის გოგა მემანიშვილის განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები შენობაში იმიტომ არ შეუშვეს, რომ ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას და შენობაში ძალის გამოყენებით შესვლას ცდილობდნენ.

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს, ბორის ყურუას 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბორის ყურუა სხვა აქტივისტებთან ერთად, 10 ნოემბერს, სუს-თან გამართულ აქციაზე დააკავეს. "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ყურუა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ჩართვას ელოდებოდა და მას არაფერი დაუშავებია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სამართალდამცველებმა ოპოზიციის აქციიდან 20-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. 10 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით ჯამში ოპოზიციის 46 აქტივისტი დააკავა. თბილისში საპროტესტო აქცია ერთდროულად ე.წ მოდულის შენობასთან, იუსტიციის სამინისტროთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან იმართებოდა.

ელენე ხოშტარია: ევროპარლამენტარების ვიზიტი მნიშვნელოვანი ჟესტია. ანა ფოტიგამ თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი იცის

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები წამოუდგენლად ითელება, ანა ფოტიგას მასთან ვერშესვლა კი ძალიან დიდი სკანდალი იქნება. ოპოზიციონერი ლიდერის შეფასებით, მსგავსი კრიზისის დროს ანა ფოტიგას ვიზიტი მნიშვნელოვანია. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატიის ასეთი დიდი დარტყმის, კრიზისის ასეთი სიმწვავის დროს ჩვენი პარტნიორების, ევროპარლამენტარების ვიზიტი არის მნიშვნელოვანი ჟესტი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ანა ფოტიგა არის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის, რა არის ტოტალიტარული, დიქტატორული, ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც თავად იბრძოდა თავის დროზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მან იცის რა არის რადიკალური, მწვავე ბრძოლის ფორმები, იცის, რა არის პოლიტიკური დევნა, ბელარუსის, პუტინის რეჟიმი და იცის, რა არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი. მსგავსი ადამიანების აქტიური ჩართულობა ჩვენი დემოკრატიის მხარდასაჭერად არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ამ მომენტამდე არ ვიცი, ის შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილთან შესვლას, ვხედავთ, რომ სააკაშვილის უფლებები წამოუდგენლად ითელება. მისი იქ ვერშესვლა იქნება ძალიან დიდი სკანდალი და კიდევ ერთი დიდი დარტყმა. მნიშვნელოვანია, რომ ანა ფოტიგაც და ჩვენი ქვეყნის მეგობრებიც ხედავენ, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ, პოლიტიკოსები, მოქალაქეები, აქტივისტები არ ვეგუებით და ვიბრძვით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ ამავე თემაზე: ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პარლამენტში, მოშიმშილე ელენე ხოშტარიას ხვდება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს მიმართეს

საქართველოში მოქმედმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს განცხადებით მიმართა. განცხადების თანახმად, მიხეილ საააკაშვილისადმი მოპყრობა სერიოზულ კითხვებს აჩენს სხვა პატიმრების მიმართ მოპყრობასა და მათი უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისითაც. „საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენი მანდატით განსაზღვრული შესაძლებლობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ად ჰოკ ვიზიტისა და პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით. უკანასკნელ ხანებში, საქართველოში მოქმედი უფლებადაცვითი ორგანიზაციები ყოველდღიურად ვხდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის თვითმხილველები. აღნიშნული, პირველ რიგში, გამოიხატება მისი, როგორც მოშიმშილე პატიმრის და პაციენტის უფლებების უხეშ დარღვევაში, რაც შესაძლოა შეფასდეს, როგორც პატიმრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. 2021 წლის 01 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეს და გადაიყვანეს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც წარმოადგენს საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების განთავსების სპეციალურ დაწესებულებას. მ.სააკაშვილი, პროტესტის ნიშნად, დაკავების დღიდან შიმშილობს, რადგან მიიჩნევს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია. მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის გაუარესებისა და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის რისკების გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოიწვია ექიმთა კონსილიუმი, რომლის დასკვნის მნიშვნელოვანი მომენტები მედია საშუალებებით გახდა ცნობილი. “რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პაციენტი იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში. საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება ჩაუტარდეს შესაბამისი: კარდიო ვასკულური, ნევროლოგიური, სამკურნალო და დიაგნოსტიკური რადიოლოგიური (მრტ. კტ. კათეტერიზაციის ლაბორატორია), ჰემატოლოგიური, ენდოკრინული, ნუტრიციული თერაპია". ზემოაღნიშნულ რეკომენდაციას მოყვა მაღალი თანამდებობის პირების მათ შორის, პრემიერ მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მას მხოლოდ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანდენ. აქვე აღვნიშნავთ, რომ პატიმრის სხვა, მათ შორის, სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი არ წარმოადგენს საქართველოს პრემიერ მინისტრის კომპეტენციის სფეროს. საქართველოს სახალხო დამცველმა ორჯერ - 2021 წლის 24 ოქტომბერს და 4 ნოემბერს შეამოწმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი და დაასკვნა, რომ “დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სამწუხაროდ, სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 3 ნოემბრისა და 28 ოქტომბრის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.” 9 ნოემბერს აღნიშნული საჯაროდ დაადასტურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ “რა თქმა უნდა, [N18 სამკურნალო დაწესებულება] არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და ბუნებრივია, შესაძლოა, დამატებით დახმარება დასჭირდეთ.“ გარდა სამედიცინო თვალსაზრისით მიზანშეუწონლობისა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება მესამე პრეზიდენტის ფიზიკური უსაფრთხოებისა და მისი ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის თვალსაზრისითაც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს - N18 დაწესებულება მდებარეობს N8 დაწესებულების ტერიტორიაზე, რომელში გათავსებული პატიმრების დიდი ნაწილი კრიმინალური სუბკულტურის მიმდევარია, ხოლო მ. სააკაშვილის მმართველობა ასოცირდება კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლასთან, რაც თავისთავად მაქსიმალურად ზრდის მასზე ფიზიკური ზემოქმედების რისკს სხვა პატიმრების მხრიდან. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, 2021 წლის 8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით, მოშიმშილე პატიმრის მიმართ მოპყრობისა და პაციენტის ინფორმირებული თანხმობის პრინციპების სრული იგნორირებით იქნა გადაყვანილი N18 დაწესებულებაში. აღსანიშნავია, რომ მ. სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა კატეგორიული უარი ამ დაწესებულებაში მკურნალობაზე. მ. სააკაშვილის N18 დაწესებულებაში გადაყვანის მეორე დღესვე სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ “N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, - რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში.” პრეზიდენტ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას მკაცრი განცხადებით გამოეხმაურნენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებიც - Amnesty International-მა მომხდარი ღირსების შელახვად, პირადი ცხოვრების ხელყოფად და სათანადო სამედიცინო დახმარების გაუწევლობად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ შერჩევით მართმსაჯულებას არამედ პოლიტიკურ შურისძიებას ჰგავს და IRCT-იმ კი დაგმო პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა და საქართველოს ხელისუფლებას მ.სააკაშვილის საბაზისო ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდა. გარდა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელთა მხრიდან ძალის გამოყენებისა, მ. სააკაშვილი, N18 დაწესებულებაში შესახლებისას ასევე გახდა სხვა პატიმრების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის ობიექტიც, რისი ამსახველი კადრებიც ასევე გასაჯაროვდა. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ პატიმრების მხრიდან სიტყვიერ აგრესიას განგრძობადი და პერმანენტული ხასიათი აქვს და იგი მიმართულია არა მხოლოდ პატიმარ სააკაშვილის, არამედ ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც მის მოსანახულებლად შედის დაწესებულებაში, მათ შორის, სახალხო დამცველის მიმართაც. ის გარემოება, რომ პენიტენციური სამსახურს არც კი უცდია პატიმრების მხრიდან აგრესიის აღკვეთა, გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, ეს მოვლენები მართული ხასიათის იყოს. 2021 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა პრეზიდენტის სამკურნალო დაწესებულებაში ძალმომრეობით შეყვანის კადრების ნაწილი, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, უწყებაში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო “იმ პირობებში, როცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ამ დრომდე არ დაუდასტურებია ასეთი ჩანაწერების არსებობის ფაქტი და შესაბამისად, არ მომხდარა სასამართლო განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნული კადრების გასაჯაროება (რომელიც მათ შორის, წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას), საფრთხეს უქმნის ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას.” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოუწოდა შესაბამის უწყებებს, შეწყვიტონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება, პატივი სცენ ადამიანის პატივს, ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველიც, რომლის შეფასებით, “იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებით პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია.” 2021 წლის 10 ნოემბერს გამოქვეყნდა ძალადობისა და წამების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტთა ჯგუფის განცხადება საქართველოს მე–3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში წამების ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ “მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებებში ყოფნისას დაექვემდებარა სხვადასხვა სახის ღირსების შემლახავ მოპყრობას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხოლო მე – 18 – ე დაწესებულებაში გადაყვანისას დაექვემდებარა როგორც ფსიქოლოგიურ წამებას, ასევე ფიზიკურ წამებას და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენციის მცდელობას, რამაც პაციენტს უარი ათქმევინა სამედიცინო მომსახურებაზე, რაც რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს და საჭიროებს დაუყოვნებელ ზომებს, პაციენტის სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის სახით. ამავდროულად, ზეწოლის ფაქტების ინტენსიობისა და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, რაც შიმშილობის ხანგრძლივობასა და სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმაში აისახება, და მიზნად ისახავს პოლიტიკურ შურისძიებას, მიხეილ სააკაშვილის დისკრიმინაციასა და საზოგადოების დეზინფორმირებას, მივიჩნევთ, რომ კანონდარღვევები და ძალადობის გამოყენებული მეთოდები, ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის წამება.” პატიმარ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ნაწილია მაღალი თანამდებობის პირების და საჯარო უწყებების არაერთი განცხადება, რომლებიც პირდაპირ იყო მიმართული მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობის დამძიმებისა და მისი პროვოცირებისკენ, უარი ეთქვა სამედიცინო პერსონალის მიერ რეკომენდებული, სასიცოცხლოდ საჭირო ნივთიერებების მიღებაზე და სრულ შიმშილობაზე გადასულიყო. ასეთი განცხადებების მაგალითია პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება პატიმრის თვითმკვლელობის უფლებაზე, მისივე განცხადება იმის თაობაზე, რომ “როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს”, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „ეს კაცი ჭამს და სვამს, 3 ლიტრი ლიმონათი უნდა და სვამს”. აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ, პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა უარი თქვა ნებისმიერ სამედიცინო დახმარებაზე. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 06 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ასევე გაავრცელა მ. სააკაშვილის მიერ, N12 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით, სპეციალური საკვები დანამატების მიღების კადრები, რომლებიც მოშიმშილის მიერ შიმშილობის შეწყვეტის მტკიცებულებად წარმოადგინა. ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ პატიმარ სააკაშვილის მიმართ მსგავსი მოპყრობა, მაშინ, როდესაც საზოგადოების სრული ყურადღება მიპყრობილია მისი ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ, სერიოზულ კითხვებს აჩენს სხვა პატიმრების მიმართ მოპყრობასა და მათი უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისითაც. ვფიქრობთ, საერთაშორისო ავტორიტეტული მონიტორინგის ორგანოს მიერ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ამჟამად არსებული მდგომარეობის, მათ შორის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ მოპყრობის შეფასება მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით“, - ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციებია: დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი IDSD; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” GDI; ცენტრი “ემპათია”; “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” RIVG; საზოგადოება და ბანკები; ციხის საერთაშორისო რეფორმა PRI; კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიტიკის ცენტრი; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო TI; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI; „უფლებები საქართველო” Rights Georgia; საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS; მმართველობის მონიტორინგის ცენტრი GMC; მედიის განვითარების ფონდი MDF; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED; ღია საზოგადოების ფონდი OSGF; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი EPRC; ადამიანის უფლებათა ცენტრი HRC; საფარი.

კარლ ჰარცელი კახეთში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს ეცნობა

11-12 ნოემბერს, კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ეწვია კახეთს, რეგიონისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად. მან მოინახულა ყვარელში, თელავსა და პანკისის ხეობაში ევროკავშირის დახმარებით განხორციელებული პროექტები და შეხვდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ადამიანებს. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ვიზიტი ეხებოდა ენერგოეფექტურობას, ბიზნესის მხარდაჭერას და ახალგაზრდების ჩართულობას. ევროკავშირის ელჩის ვიზიტი, 11 ნოემბერს, სასტუმრო ყვარლის ტბის მონახულებით დაიწყო. ამ სასტუმროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ენერგოეფექტურობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ევროპული სტანდარტების შესაბამისად EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის დახმარებით ჩაუტარდა. რეზორტი ყვარლის ბუნებრივ ლანდშაფტზეა განლაგებული და 300 ჰა-ზე მეტ ფართობს იკავებს. ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით, ის სრულ შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს რეგულაციებთან და ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან. ვიზიტი ყვარლის ევროკლუბში გაგრძელდა, სადაც ელჩმა ჰარცელმა კლუბის დაარსების ორი წლის აღსანიშნავი ღონისძიება გახსნა. „ყვარლის ევროკლუბი - ილიას გზით ევროპაში“ 2019 წლის ნოემბერში ევროკავშირის ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ინიციატივის ფარგლებში დაარსდა. მისი მთავარი მიზანია ყვარლის ახალგაზრდებში განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. გასული ორი წლის განმავლობაში ყვარლის ევროკლუბის ბენეფიციარების რაოდენობამ 1200-ს მიაღწია, 100-ზე მეტ ღონისძიებაში ჩართულობით, როგორიცაა კინო კლუბები, ინგლისური ენის გაკვეთილები და სხვა. იმავე დღეს ელჩმა ჰარცელმა მოინახულა კიდევ ორი კომპანია, რომელთაც EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის მხარდაჭერით ისარგებლეს. ღვინის ქარხანას და დისტილერიას ასკანელი ძმები, საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გააქვს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში: ლიეტვაში, ესტონეთში, გერმანიასა და პოლონეთში. ევროკავშირის და EBRD-ის დახმარებით კომპანიამ განახორციელა ინვესტიცია უახლეს საწარმოო დანადგარებსა და აღჭურვილობაში, გააუმჯობესა სურსათის უვნებლობის მართვა, ენერგოეფექტურობა, ნარჩენების მართვა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. პირველი დღე თელავის სასტუმროში ჰოლიდეი ინნ დასრულდა. EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის დამხარებით, სასტუმრო განახლდა და აღიჭურვა ენერგოეფექტური სისტემებით, აგრეთვე დააკმაყოფილა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტანდარტები. მნიშვნელოვანი ოდენობის სესხის გარდა, ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში, კომპანიამ საერთაშორისო ექსპერტებისგან უსასყიდლო მიიღო ტექნიკური დახმარება, რითაც სასტუმროს ბიზნესპრაქტიკა და ენერგოეფექტურობა გააუმჯობესა. ვიზიტის მეორე დღეს, დილით, ელჩი ჰარცელი ესტუმრა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს და ოფიციალურად გახსნა ადგილობრივი საბავშვო ბაღი, რომელსაც სარემონტო და თბოიზოლაციის სამუშაოები ევროკავშირის დახმარებით, მერების შეთანხმების სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში ჩაუტარდა. პროექტს ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველო ახორციელებს. ვენახის ნარჩენებისგან შექმნილი ბიომასის ენერგიის ტექნოლოგიით, საბავშვო ბაღი ზამთარში სრულად გათბება და ამავე დროს, ელექტროენერგიის მოხმარების ხარჯების 60%-საც დაზოგავს. საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიება ენერგოეფექტურობის საკითხებზე ევროკავშირის მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის „მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯით“ ფარგლებში გაიმართა. შემდეგ, ელჩი ჰარცელი ესტუმრა თელავის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრს, დაესწრო სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერების ტრენინგს და შეხვდა ადგილობრივ ახალგაზრდებს. ცენტრი შეიქმნა ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან თანამშრომლობით. პროექტის დახმარებით გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის ახალგაზრდები ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღებით საკუთარი პოტენციალის გაზრდას შეძლებენ. დღემდე, საქართველოში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის 6 ცენტრი შეიქმნა, მათ შორის თელავში, და უკვე 1,000-ზე მეტ სამუშაოს მაძიებელს დაეხმარა. ვიზიტი პანკისის ხეობაში გაგრძელდა, სადაც ევროკავშირის ელჩმა გახსნა პანკისის პედაგოგებისათვის მედიაწიგნიერების სემინარი, რომელიც კომუნიკაციის კომისიის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა. აუდიტორიის ნაწილი პანკისელი პედაგოგები იყვნენ, რომლებიც რამდენიმე წლის წინ სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ. სემინარი ფართო სასწავლო პროგრამის ნაწილია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს მასწავლებლებს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში და ასწავლონ სტუდენტებს როგორ წაიკითხონ და შეაფასონ მედია. ბოლოს, ევროკავშირის ელჩი შეხვდა პანკისის ქალთა საბჭოს და ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში შექმნილ ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG). ქალთა საბჭო აერთიანებს ხეობაში მცხოვრებ პატივცემულ 15 ქალს, რომლებიც ადგილობრივ ქალებს დავების მოგვარებაში ეხმარებიან, კერძოდ, უზრუნველყოფენ იურიდიულ და სოციალურ დახმარებას და მუშაობენ ქალთა უფლებების საკითხებზე. გასული სამი წლის განმავლობაში, ახმეტის LAG-ი პანკისის თემს ადგილობრივი განვითარების სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებაში დაეხმარა, მათ შორის პირდაპირი მხარდაჭერა გაუწია ქალთა საბჭოსაც.

საქართველოსა და თურქეთის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორი „ვალეს“ ტერიტორიაზე საქართველო-თურქეთის რესპუბლიკების სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა. შსს-ს ცნობით, სწავლებაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ახალციხის სამმართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 25-ე ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფები მონაწილეობდნენ. ერთობლივი წვრთნების მიზანი იყო ორი ქვეყნის სასაზღვრო ქვედანაყოფებს შორის სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში კოორდინირებული მოქმედებების გაუმჯობესება. სწავლების ფარგლებში, მესაზღვრეებმა სასაზღვრო ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციული ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობები დახვეწეს. წვრთნების სცენარი 2 ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: არალეგალური მიგრანტების დაკავება და სახელმწიფო საზღვარზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის აღკვეთა. სწავლების შემაჯამებელი ღონისძიება სექტორი „ვალეს“ ტერიტორიაზე გაიმართა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ემზარ აბრამიშვილმა ჩატარებული წვრთნები შეაფასა და მონაწილეებს წარმატებული ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა. სტუმრებსა და სწავლების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა თურქეთის შეიარაღებული ძალების 25-ე ბრიგადის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ბერათ აჯარმა. ღონისძიების დასასრულს, წვრთნებში მონაწილე მესაზღვრეებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ერთობლივი წვრთნები თურქეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის 2021 წლის გეგმის ფარგლებში ჩატარდა. მსგავსი ტიპის სწავლებები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის რეგულარულად, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.

რუსეთმა ბელარუსის თავზე პატრულირებისთვის ატომური ბომბდამშენები გაგზავნა

რუსეთი მხარს უჭერს ბელარუსს იმ ფონზე, როდესაც ათასობით მიგრანტი ცდილობს, ევროკავშირში შესვლას. 10 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა Ту-22М3-ის კლასის ბომბდამშენებმა საჰაერო პატრულირება ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დაიწყეს. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დმიტრი პოლიანსკი, აცხადებს, რომ ბომბდამშენების გაგზავნა, პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის ევროპულ მონაკვეთზე დამატებითი სამხედრო რესურსის თავმოყრაზე პასუხია. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პატრულირება აუცილებელია, როგორც პასუხი მიგრანტების კრიზისზე. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ფრენები ერთობლივი საწვრთნელი მისიების ფარგლებში რეგულარულად განხორციელდება. „ჩვენ მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ სიტუაცია საზღვარზე. დაე, იყვირონ, იყვირონ. დიახ, ეს არის ბომბდამშენები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული იარაღის ტარება. მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. უნდა ვნახოთ, რას აკეთებენ ისინი იქ, საზღვრებს მიღმა“, - განაცხადა ლუკაშენკომ. ასევე წაიკითხეთ: ლუკაშენკო ევროკავშირს ემუქრება ბელარუსის საზღვართან მიგრანტების მსვლელობის გამო, პოლონეთმა ადგილზე დამატებითი ჯარები განალაგა პოლონეთმა განაცხადა, რომ სულ მცირე შვიდი მიგრანტი დაიღუპა ერთთვიანი კრიზისის დროს. პოლონეთის მთავრობის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ის მიგრანტებს არაადამიანურად ექცევა და არ აძლევს მათ უფლებას, მოითხოვონ საერთაშორისო დონეზე უსაფრთხოება. თუმცა მთავრობამ განაცხადა, რომ მიგრანტების საქმე ბელარუსის პასუხისმგებლობაა, რადგან ისინი ლეგალურად იმყოფებოდნენ მის ტერიტორიაზე და ჰუმანიტარული დახმარების შეთავაზებაზე უარი თქვა. რუსეთმა ევროკავშირი საზღვარზე არსებულ კრიზისსა და ბელარუსის „დახრჩობის“ მცდელობაში დაადანაშაულა. მან ასევე განაცხადა, რომ მიუღებელია ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. კრემლმა აღნიშნა, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის განცხადება, რომ მოსკოვს აქვს როლი ამ კრიზისის შექმნაში, უპასუხისმგებლოა და რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უთხრა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, რომ ევროკავშირმა კრიზისი უშუალოდ მინსკთან უნდა განიხილოს. ცნობისთვის, პოლონეთი, ევროკავშირი და NATO აცხადებენ, რომ პრობლემის ორკესტრირებას ბალარუსი ახდენს, რასაც თავად ეს ქვეყანა უარყოფს. ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებში პოლონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში ბოლო თვეების განმავლობაში იმატა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც ბელარუსიდან უკანონოდ შესვლას ცდილობენ. ბევრი მათგანი ჩავიდა ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან. პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტანისლავ ზარინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიგრანტები ბელარუსის შეიარაღებული ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშ არიან. ევროკავშირი ამტკიცებს, რომ ბელარუსის ავტორიტარული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ბლოკის სანქციებზე შურისძიების მიზნით მიგრანტების შემოდინების პროვოცირებას ახდენს. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დმიტრი პოლიანსკი, აცხადებს, რომ ბომბდამშენების გაგზავნა, პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის ევროპულ მონაკვეთზე დამატებითი სამხედრო რესურსის თავმოყრაზე პასუხია. მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით

მეტროსადგურ „დიდუბეში“ მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროსადგურ „დიდუბეში“ მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა. მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ჯერჯერობით უცნობია მგზავრის მდგომარეობა. დგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები.

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი ვერ იქნება საქართველოს სიმბოლო, ისევე როგორც ჰიტლერი ვერ იქნება გერმანიის სიმბოლო

მიხეილ სააკაშვილის კადრები ვინმეს უხერხულობას უქმნის თუ არა?„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამ შეკითხვას მისივე ბრიფინგზე დღეს უპასუხა. მამუკა მდინარაძე ორმაგი სტანდარტს უწოდებს, „როდესაც მიხეილ სააკაშვილის პატივისცემას „გვაიძულებენ“, პარალელურად, მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მონას ეძახიან“. „უხერხულობას კი არა, უფრო მეტს გვიქმნის ის კადრები, როდესაც ის თვითონ ფორთხავს, აქ არავინ აფრთხილებდა, მიჰყავდათ, თვითონ როდესაც ფორთხავს აგვისტოს ომის დროს, შეშინებული და დამფრთხალი გარბის სადღაც, მოჩვენებები რომ ჰქონდა და ფორთხავდა, მაშინ უხერხულობა კი არ შემექმნა, შემრცხვა. ორმაგი სტანდარტია, როცა მიხეილ სააკაშვილის პატივისცემას გვაიძულებენ, პარალელურად კი თვითონ მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მონას ეძახიან. ამ ორმაგ სტანდარტს ცოტა გასწორება სჭირდება. ახლა მოგვიწოდებენ, რომ დიდი პატივისცემითა და მორიდებით ვისაუბროთ სააკაშვილზე, როგორც სიმბოლოზე. მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება საქართველოს სიმბოლო, ისევე როგორც ჰიტლერი ვერ იქნება გერმანიის სიმბოლო, ან მუსოლინი - იტალიის სიმბოლო [უტრირებული]. წარმოუდგენელია, რომ მიხეილ სააკაშვილი, თავისი დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნით, იყოს საქართველოს სიმბოლო. ეს არის ორმაგი სტანდარტი. როდესაც მიხეილ სააკაშვილის პატივისცემას გვაიძულებენ, პარალელურად, მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მონას ეძახიან. ამ ორმაგ სტანდარტს ცოტა გასწორება სჭირდება“, - განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ მონაცემთა გასაჯაროებისას დაცული უნდა იყოს ადამიანის პატივი და ღირსება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ კადრებზე მიუთითებს, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანისა და მისი საკანში განთავსების ფაქტი.

დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები დასავლეთის მხრიდან უფრო სერიოზულ პასუხს იმსახურებს

ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ძალადობის გამო, საქართველოს ხელისუფლების აშკარა სიხარული, დასავლეთის მხრიდან უფრო სერიოზულ პასუხს იმსახურებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ონლაინ გამოცემა The Bulwark-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს და აღნიშნავს, რომ დროა, აშშ-მ და ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სიხისტე გამოიჩინონ. „გუშინ საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო ხელისუფლების არაადამიანური, ღირსების შემლახავი და სასტიკი მოპყრობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ნება მომეცით გავიმეორო: საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა მტკიცებულება, რომ მან დაარღვია ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადამიანის უფლებები. კრამერის აზრით, „როგორც სასტიკ მოპყრობაზე, ასევე აბსურდულ პიარ კამპანიაზე პასუხისმგებელი პირები დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ“. ის კვლავ იმეორებს, რომ უნდა დაწესდეს სანქციები კონკრეტული პირების მიმართ. სანქციების სიის სათავეში კი მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბიშვილი და ბიძინა ივანიშვილი უნდა იყვნენ. „გუშინ გამოქვეყნებული კადრები აჩვენებს, რომ სააკაშვილს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მას შემდეგ რაც ის ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაუშვას სააკაშვილს მკურნალობა რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საავადმყოფოში და შემდეგ უნდა დააბრუნოს უკრაინაში, სადაც ის ცხოვრობდა, თუნდაც დროებით, დაძაბულობის შესამცირებლად. სააკაშვილი არ არის წმინდანი და სერიოზული შეცდომები დაუშვა 2007-2008 წლებში, მაგრამ მან ასევე ხელი შეუწყო საქართველოს გარდაქმნას პერსპექტიულ, დასავლეთზე ორიენტირებულ, ახალგაზრდა დემოკრატიად - და ამიტომაც გამოირჩეოდა ის რეგიონის სხვა ქვეყნებისგან“, - წერს დევიდ კრამერი. მისივე აზრით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას დემოკრატიის ვირტუალურ სამიტში მონაწილეობის მოწვევა უნდა გაუუქმოს. ამის ნაცვლად, მან უნდა მოიწვიოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები

NATO: ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება არაჰუმანურია. კრიზისზე  პასუხისმგებლობა ბელარუსს ეკისრება

Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, NATO-ს ოფიციალური პირი მიგრანტთა ხელოვნურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ბელარუსს აკისრებს. NATO-ს შეფასებით, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება უკანონო, მიუღებელი და არაჰუმანურია. „NATO-ს ელჩებმა ამ კვირაში განიხილეს პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე არსებული ვითარება. NATO-ს მოკავშირეები პოლონეთის მიმართ სრულ სოლიდარობას გამოხატავენ. ალიანსი ასევე დგას სხვა მოკავშირეების გვერდით, რომლებზეც გავლენა მოახდინა ბელარუსის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციამ. ბელარუსს ეკისრება პასუხისმგებლობა კრიზისზე და ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების, როგორც „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება არაჰუმანური, უკანონო და მიუღებელია. NATO სიტუაციის ახლოდან მონიტორინგს განაგრძობს. გენერალური მდივანი ამ საკითხზე მჭიდრო კავშირშია მოკავშირე მთავრობებთან. NATO მზადაა, შემდგომი დახმარება გაუწიოს ჩვენს მოკავშირეებს და განამტკიცოს თავდაცვა და უსაფრთხოება რეგიონში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა. ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ 12 ნოემბერს მიიღო განცხადება, რომელშიც გმობს ხელოვნურად შექმნილ კრიზისს და მის, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის წინააღმდეგ. NATO-ს მოკავშირეები მოუწოდებენ ბელარუსს, შეწყვიტოს ეს ქმედებები, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაიცვას საერთაშორისო სამართალი. შეგახსენებთ, 10 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა Ту-22М3-ის კლასის ბომბდამშენებმა საჰაერო პატრულირება ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დაიწყეს. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ფრენები ერთობლივი საწვრთნელი მისიების ფარგლებში რეგულარულად განხორციელდება. ბელარუსის საზღვართან მიგრანტების მზარდი ნაკადის გამო, პოლონეთმა ადგილზე დამატებითი ჯარები განალაგა. პოლონეთი, ევროკავშირი და NATO აცხადებენ, რომ პრობლემის ორკესტრირებას ბალარუსი ახდენს. ევროკავშირის შეფასებით, ბელარუსის ავტორიტარული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ბლოკის სანქციებზე შურისძიების მიზნით მიგრანტების შემოდინების პროვოცირებას ახდენს.

მეტროსადგურ „დიდუბეში", ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი ცოცხალი ამოიყვანეს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროპოლიტენიოს მუშაობა სრულად აღდგა. კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მეტროსადგურ „დიდუბეში" ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი ცოცალი ამოიყვანეს და კლინიკაში გადაიყვანეს. თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მეტროს მუშაობა რამდენიმე საათის განმავლობაში იყო შეზღუდული. ამავე თემაზე: მეტროსადგურ „დიდუბეში“ მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა

ლიეტუვის სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

ლიეტუვაში, სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ლიეტუვის მოქალაქეს მინდაუგას ტუნიკაიტსს, რომელმაც ბრალი აღიარა, 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ბალტიის ახალგაზრდული ასოციაციის, „იუვენიუსის,“ დირექტორ ალექსეი გრეიციუსს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. კლაიპედას რაიონულმა სასამართლომ განაცხადა, რომ მინდაუგას ტუნიკაიტსი და ალექსეიუს გრეიციუსი ერთმანეთს არ იცნობდნენ, თუმცა ერთიდაიგივე აგენტისგან იღებდნენ ინსტრუქციას. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა ლიეტუვის სიდიდით მესამე ქალაქ კლაიპედას პორტში. სასამართლომ დაადგინა, რომ ლიეტუვის მოქალაქე თითქმის ექვსი წლის განმავლობაში აკვირდებოდა, იღებდა ობიექტებს, აგროვებდა ინფორმაციას ონლაინ ან სხვა ადამიანების მეშვეობით და აწვდიდა ინფორმაციას FSB-ს ოფიცერს. სასამართლოს თანახმად, გრეიციუსი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში აწყობდა ღონისძიებებს, რომლებსაც ნაწილობრივ აფინანსებდა რუსული დაზვერვის ოფიცერი, იღებდა ღონისძიებებს და იქ დამსწრე ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ გრეისიუსმა უარყო ჯაშუშობის ბრალდება, სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები მისი ბრალეულობის დასადასტურებლად.

ექიმი: მიხეილ სააკაშვილს მაღალი წნევა ჰქონდა, ყოველდღე გახდება უარესად და უარესად

"მიხეილ სააკაშვილს მაღალი წნევა ჰქონდა, ყოველდღე გახდება უარესად და უარესად", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განცხადა. როგორც მან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებულ ვითარებაში კარგ შედეგს არ უნდა ველოდოთ. „პრეზიდენტს ჰქონდა პრობლემა წნევასთან დაკავშირებით, ამ საღამოს დარეგულირდა და არაუშავს. ასე მკურნალობა შეუძლებელია. ყოველ დღე იქნება უარესად და უარესად, თუ ასე გაგრძელდა. მაღალი წნევა ჰქონდა დღეს, ამჟამად დავასტაბილურეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ არ ექნება ეს პრობლემა ისევ. წნევა ჰქონდა დღეს და გუშინაც“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

15 ნოემბერს ჯო ბაიდენი სი ძინპინთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ორშაბათს, 15 ნოემბერს ვირტუალურ შეხვედრას გამართავს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters- ი თეთრი სახლის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება. „ქვეყნების ლიდერები განიხილავენ მხარეთა შორის არსებული კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის გზებზე, ასევე ერთობლივი მუშაობის გზებზე, სადაც მათი ინტერესები თანხვედრაშია“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ. ფსაკის თქმით, ბაიდენი გამოიყენებს ამ შეხვედრას იმაზე ხაზგასასმელად, რომ მიესალმება ჩინეთთან არსებულ მკაცრ კონკურენციას, მაგრამ არ სურს კონფლიქტი.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4565 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 78 პაციენტი

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4565 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 78 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2285 ადამიანი. გუშინ საქართველოში 56 018 ტესტი ჩატარდა.

სალომე ზურაბიშვილმა იუნესკო-ს კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესების ინიციატივით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო იუნესკო-ს 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმში, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები შეიკრიბნენ და მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების მიმართულებით, ორგანიზაციის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს. „75 წელი გავიდა იუნესკო-ს დაფუძნებიდან, მას შემდეგ რაც ყველაფერი გაკეთდა, რომ ჩვენ დავახლოვებოდით და დაგვეცვა კაცობრიობის ყველა მემკვიდრეობა, რათა მშვიდობიან სამყაროში შეგვძლებოდა საკუთარი თავი მიგვეძღვნა იმ ყველაფრისთვის, რაც კაცობრიობის სიმდიდრეს ქმნის. ჩვენ კვლავ ახალი და უფრო და უფრო ძლიერი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენი ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობა, აგრესიის ობიექტად რჩება, აგრესიისა, რომლის მიზანიც ერთნის ისტორიის, მეორენის იდენტობისა და ყველას კულტურის წაშლაა. განათლებაზე წვდომა, ის სიკეთე, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იყოს გაზიარებული, არათანაბრად გადანაწილებულ უფლებად რჩება, იმ უფლებად, რომელიც დღესაც კი მრავალი ქალისა და ბავშვისათვის აკრძალულია. დღეს ჩვენი პლანეტის სხვადასხვა ადგილზე არსებული კონფლიქტები, რომელთა გადაჭრაც გვსურს, არა მხოლოდ მონუმენტებს, არამედ კულტურას, ისტორიას და, რა თქმა უნდა, სოლიდარობას ანადგურებს. ავღანეთი, სირია, ეს ყველაზე აქტუალური ორი შემთხვევა რომ ვახსენოთ, მტკივნეული მაგალითებია იმ რეალობისა, რომლებიც არსებობას არ წყვეტენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ​სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო თავად არის ამ გამოწვევის წინაშე. „აფხაზეთში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთში, მრავალი შუასაუკუნეების ეკლესია, კათედრალი და მონასტერი განადგურების პირასაა და დამახინჯების წინაშე დგას. ეს მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, წაშალოს საქართველოს კვალი ჩვენი ტერიტორიებიდან. ახლა ქართულ ენასა და ქართულ ენაზე განათლებაზე წვდომა აკრძალულია. არცერთი სკოლა აღარ ასწავლის ენას, ქართულენოვანი კლასები დაიხურა. დღეს საფრთხის ქვეშაა თავად აფხაზური ენა, კულტურულ უფლებებთან ერთად რეპრესირებულია ადამიანის უფლებები. ყველა შემთხვევაში, ძალადობა ანადგურებს ინდივიდს, მის იდენტობას და საზოგადოებას. მნიშვნელოვანია, რომ იუნესკო-მ პასუხი გასცეს თანამედროვე დროის ამ გამოწვევებს, გარკვეულწილად თანამედროვე ხელსაწყოებითაც. შესაძლებელია იმაზე ფიქრი, რომ გაციფრულებას შეუძლია ხელი შეუწყოს იმის კონსერვაციას, რის გაქრობასაც ზოგიერთები ლამობენ, იმ მონუმენტების კონსერვაციას, რომლის გაქრობასაც აგრესორები ცდილობენ. მსურს, ყურადღება შევაჩერო სხვა ძირითად გამოწვევაზე, რომელიც დღეს ჩვენი და ყველა საზოგადოების სიმსივნეა. ეს არის სიძულვილის ენა, რომელიც თავს ესხმის განათლებასა და ინტელექტს და გვიკრძალავს ერთმანეთის გაგებას. ეს არის ის, რაც ჩვენ გვყოფს და პოლარიზებას ახდენს – ეს სიძულვილის ენაა, რომელსაც თან ახლავს ცრუ, ფეიკინფორმაცია და რომელსაც სოციალური ქსელები ასე ხალისიანად ავრცელებენ. მას სურს დაყოფით, ფრაგმენტაციით და პოლარიზებით გაანადგუროს ის, რაც კაცობრიობის საერთო საფუძველია, სწორედ ის, რის კონსოლიდაციას და დაცვასაც ეს ორგანიზაცია ახდენს. დოკუმენტი, რომელიც იუნესკო-მ ახლახან მიიღო, რათა გაუმკლავდეს სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის მოზღვავებას, პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც მხარი უნდა დავუჭიროთ და გავაზიაროთ ყველამ ჩვენს ქვეყანებში. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა სიძულვილის ენაზე გავიმარჯვოთ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა შევინარჩუნოთ ენები, რომლებიც ერთმანეთის გაგებაში გვეხმარებიან და რომლებიც თავად გაქრობის ობიექტები არიან. დასასრულს, მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო კავკასიურ ენათა ოჯახზე, რომელიც ყველაზე პატარა ლინგვისტური ოჯახია ევრაზიის კონტინენტზე, თუმცა ათეულ ენას მოიცავს. აფხაზური ენა ერთ-ერთია იმ მრავალ ენათა შორის, რომლებიც კავკასიას უძველესი დროიდან წარმოაჩენდნენ და რომელსაც არაბები ენების მთას უწოდებდნენ. კავკასიური ოჯახის ენები, ყველა, ქართული ენის გარდა, გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია. მსურს თქვენ და ამ ორგანიზაციას, მოგმართოთ ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მოპყრობასა და მის ჩართულობას, რათა დაწესდეს კავკასიური ენების საერთაშორისო დღე. ჩვენ ეს ენები უნდა გადავარჩინოთ, ისევე, როგორც უნდა ავკრძალოთ სიძულვილის ენა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: შეშფოთებული ვართ უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების გადაადგილებით

"აშშ-ის ხელისუფლება შეშფოთებულია უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების გადაადგილებით, მაგრამ არ აქვს ინფორმაცია კრემლის შესაძლო განზრახვების თაობაზე", – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ყატარელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ მნიშვნელოვნად შეშფოთებული ვართ იმ არარეგულარული გადაადგილებით, რომელსაც უკრაინის საზღვართან ვაკვირდებით. რუსეთის განზრახვაზე ვერ ვისაუბრებ – ეს ჩვენ არ ვიცით, თუმცა ვიცით, რომ წარსულში რუსული ჯარები პროვოკაციებს ახორციელებდნენ უკრაინის საზღვარზე და შემდეგ ისინი შეიჭრნენ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ბლინკენმა.

სოზარ სუბარი: ევროპარლამენტარი არ არის არაფრის ინდულგენცია ქვეყანაში

„აღშფოთებული ვარ მისი განცხადებით და პირადად მე მიმაჩნია, რომ არ შეიძლება, ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია ქვეყნის მეგობრობაზე, ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. კეთილ ინებოს, ჯერ შეისწავლოს და მერე ილაპარაკოს“, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და ლიეტუველი დეპუტატების არშეშვებასთან დაკავშირებით განაცხადა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრს ჟურნალისტმა ჰკითხა ევროპარლამენტარისა და ლიტველი დეპუტატების გლდანის დაწესებულებაში არშეშვების შესახებ, რაზეც სოზარ სუბარმა ასე უპასუხა: „200-მდე ვიზიტორი ჰყავდა სააკაშვილს და ნამდვილად არ არის ციხე სასტუმრო, რაღაც წესები უნდა დავიცვათ. რაც შეეხებათ ევროპარლამენტარებს, მართლა არ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩამოდიოდნენ, მიდიოდნენ ვანო მერაბიშვილთან, უგულავასთანაც. ჩვეულებრივად ნახულობდნენ… მაგრამ რითი იხელმძღვანელა იუსტიციის სამინისტრომ მართლა არ ვიცი, ამაზე კონსულტაციები მართლა არ გვქონია…“, – განაცხადა სოზარ სუბარმა. სოზარ სუბარმა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მოუწოდა, ჯერ საქმის მასალები შეისწავლოს და განცხადებები მერე გააკეთოს. მისივე თქმით, „ევროპარლამენტარი არ არის არაფრის ინდულგენცია ქვეყანაში“. „ჩემი აზრით, როდესაც ადამიანი [ანა ფოტიგა] ამბობს, რომ სამართლიანი სასამართლო არ იყო, ჯერ აიღოს საქმის მასალები, გაეცნოს განაჩენსაც, მასალებსაც, ჩვენებებსაც, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასაც, რომელ საქმეზეც ერთ-ერთი განაჩენი დადგა – გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეს ვგულისხმობ, და მერე გააკეთოს განცხადებები. საქართველო არის სახელმწიფო და ჩვენ გვაქვს ჩვენი გარკვეული ღირსება და მართლა არ შეიძლება, ასე გავთელოთ ეს ღირსება ყოველი ფეხის ნაბიჯზე იმიტომ, რომ ვიღაცას ასე სურს და ევროპარლამენტარი არ არის არაფრის ინდულგენცია ქვეყანაში“, – განაცხადა სუბარმა "რუსთავი2-ის" ეთერში. ანა ფოტიგამ, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოვიდა, გლდანის სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში შესვლა ჯერ ვერ მოახერხა. ევროპარლამენტარმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ ორშაბათამდე რჩება ქვეყანაში და იუსტიციის სამინისტროს ნებართვას ელოდება. ამასთან, 12 ნოემბერს, ანა ფოტიგა სახალხო დამცველს შეხვდა. მასთან ერთად, ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ასევე შეხვდნენ ლიეტუვის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას, ლიეტუვას სეიმის წევრს, საქართველოსთან პარლამენტთაშორისი ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელს რაიმუნდას ლოპატას და ხელმძღვანელის მოადგილეს ვილია თარგამაძეს.