ძებნის რეზულტატი:
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 520 ადამიანი აიცრა
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 520 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 იანვარის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 520 230 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 291 383 ადამიანი - 18 წელს ზევით ასაკის მოსახლეობის 44.9%, სრულად ვაქცინირებულია 1 152 662 ადამიანი - 18 წელს ზევით ასაკის მოსახლეობის 40.1%, „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს 74 813 ადამიანს. ცნობისთვის, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3590 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი.
კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: არაერთი უზუსტობაა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამერიკის საელჩოს განცხადებაში არაერთი უზუსტობაა და ამის მიზეზი შეიძლება იყოს თანამშრომლების მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაცია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთლიანობაში ეს განცხადება არასამართლიანია, არის ფაქტობრივი უზუსტობები და ტექნიკური შეცდომები, რაც სამწუხაროა და ის უნდა უკავშირდებოდეს ადამიანურ შეცდომებს. მისი თქმით, არასწორია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა, ის არ გაუქმებულა და სინამდვილეში მოხდა გაყოფა. „ძალიან ხშირად ვიღებთ ხოლმე რჩევებს და ვითვალისწინებთ და სამწუხაროდ, არის ხოლმე გამონაკლისი, როდესაც ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს ამის მორიგი მაგალითია. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ვიცით, რომ არის არასწორი ინფორმაცია...თუმცა საზოგადოებისთვის ეს არ არის ახსნა და არც განმარტება. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოვახდინოთ“, - აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ამავე თემაზე: ამერიკის საელჩო: მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა ამერიკის საელჩო: მმართველმა პარტიამ ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას ზიანი მიაყენა და სასამართლოს მიმართ ნდობა შეასუსტა
დაკავებულია კრემლის ინსაიდერი, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის არჩევნებში ჩარევაზე ფლობდეს ინფორმაციას
მედიის ინფორმაციით, დაკავებულია კრემლის ინსაიდერი, რომელსაც შესაძლოა, აშშ-ის არჩევნებში ჩარევაზე ფლობდეს ინფორმაციას. Bloomber-ის ცნობით, ვლადისლავ კლუშინის ექსტრადირება შვეიცარიიდან აშშ-ში 18 დეკემბერს მოხდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, კლუშინი ხელმძღვანელობდა საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიას, რომელიც რუსეთის მთავრობის უმაღლეს წრეებთან მუშაობს. სულ რაღაც 18 თვით ადრე კლუშინმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისგან საპატიო მედალიც მიიღო. რუსეთის დაზვერვის საკითხებში გარკვეული რამდენიმე ადამიანის აზრით, კიბერუსაფრთხოებაზე კლუშინის მუშაობა და კრემლთან კავშირები შეიძლება აშშ-ის ოფიციალური პირებისთვის სასარგებლო წყარო აღმოჩნდეს და მას შეუძლია ამერიკელებს მიაწოდოს უახლოესი ინფორმაცია 2016 წლის არჩევნებზე მანიპულაციის შესახებ.
ირაკლი კობახიძე წინააღმდეგი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წინააღმდეგი არაა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კომისიის შექმნა შესაძლოა, კარგიც იყოს. „შეიძლება პირადად მე ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ ვყოფილიყავი. როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ასეთი კომისია შეიქნება, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე განცხადებით, დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამაზე გუნდში იმსჯელებენ. „ჩემი პირადი პოზიციაა, რომ შეიძლება ეს ცუდიც არ იყოს და შესაძლოა, ამ ხმების შევსებაზე ვიფიქროთ. ეს კომისია მარტივად დაადგენს არასათანადო მოპყრობის არარსებობას. ამისთვის დრო არის თებერვლამდე, თებერვალში გაიხსნება სესია. მანამდე გვექნება მსჯელობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში პარლამენტში შევლენ, კობახიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს მათი განცხადებები არ აინტერესებს. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა 3 დეკკემბერს, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.
თამარ გაბუნიამ განმარტა, რატომ დაფიქსირდა დღეს კორონავირუსის 3590 ახალი შემთხვევა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რატომ დაფიქსირდა დღეს კორონავირუსის 3590 ახალი შემთხვევა. თამარ გაბუნიას თქმით, ახალი წლის დღეებში, სხვა პერიოდთან შედარებით ნაკლები კოვიდტესტი ჩატარდა. შესაბამისად, დაგროვდა შემთხვევების რაოდენობა, რაც გამოუვლენელი დარჩა და დღეს 3000-ზე მეტი ინფიცირებული გვყავს. „თუმცა საშუალო მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში არის - 2000, რაც წინა კვირებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ მაინც საყურადღებოა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მოსალოდნელია „ომიკრონის“ შემთხვევების მატება. დღეს სულ დადასტურებულია 148 შემთხვევა, თუმცა სხვა ქვეყნების გამოცდილება მიუთითებს, რომ „ომიკრონის“ გავრცელების შესძლებლობები და სისწრაფე უფრო მაღალია, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში იყო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკურად მძიმე მიმდინარეობა „ომიკრონს“ არ ახასიათებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გააქტიურდეს ვაქცინაციის ტემპი და დავიცვათ რეკომენდაციები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი შტამის წინააღმდეგ განსაკუთრებით იცავს „ბუსტერ“ დოზა. „მობილიზებულია კლინიკური სექტორი, დღეისთვის დატვირთვა არ არის მაღალი, საწოლების 50 პროცენტი თავისუფალია, აქედან გამომდინარე, თუ საჭირო გახდება დამატებითი ნაკადის მართვა, ამის შესაძლებლობა არსებობს. ყოველდღიურად იმართება შეხვედრები ხელმძღვანელობასთან, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახალი მედიკამენტების დანერგვასა და იმ რესურსების მობილიზებაზე, რომ დიდი ნაკადები ვმართოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ, რომლის კომენტარიც ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3590 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი.
პეტრე მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავარაუდოდ, ორმხრივად იმოძრავებს
პეტრე მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სპეციალურად განკუთვნილ ზოლებში სავარაუდოდ, ორმხრივად იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, რეაბილიტაციის პროექტისთვის, რომელიც 2022 წელსაა დაგეგმილი, თბილისის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. რეაბილიტაცია შეეხება ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის კუთხემდე მონაკვეთს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე მიმავალი ავტობუსი კოსტავას ქუჩასა და ვარაზის ხევს აღარ გაივლის და მელიქიშვილის გამზირზე იმოძრავებს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, რომელიც ასევე მედიაში გავრცელდა, სამუშაო ოთხი თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ამჟამად, მელიქიშვილის გამზირი ყველა სახის ტრანსპორტისთვის ცალმხრივია და გზის მარჯვენა მხარეს გამოყოფილია ავტობუსის ზოლი.
ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილის ინიციატივას, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მხარს არ უჭერს
პარტია „საქართველოსთვის“ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მხარს არ უჭერს. ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებისა და ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის მზად არის, გააუქმოს და გაანადგუროს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა" მზადაა, ვიწრო პარტიული ინტერესი ერთი ადამიანის ინტერესი სახელმწიფოს ინტერესში გაცვალოს. „ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს ასულდგმულებენ. ამ პირობებში საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორი არ არის და ჩვენი გუნდი მხარს არ დაუჭერს", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ კი კომისიის შექმნის საკითხის მხარდაჭერის სანაცვლოდ, პირობას აყენებს. იაგო ხვიჩიამ მედიასთან განაცადა, რომ ასეთი კომისიის შექმნა არ აინტერესებთ და არ მიაჩნიათ, რომ ეს ის საკითხია, რაზეც პარლამენტის საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შევიდნენ და მუშაობა დაიწყონ. „ხელს არ შევუშლით კომისიას იმ შემთხვევაში, თუ საჯაროდ დადებენ პირობას და იტყვიან, რომ როცა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენ დაგვჭირდება, მხარს დაგვიჭერენ და მეორე - საკუთარი ტელეარხებით შეწყვეტენ იმის ტირაჟირებას, რომ „ქოცების“ მეგობრები და მათთან შეკრული ვართ. ეს არის ჩვენი ორი პირობა, რათა „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ საქმეში მხარი დავუჭიროთ. ჩვენ ეს კომისია არ გვაინტერესებს, მაგრამ გვაინტერესებს კოლეგებთან ნორმალური ურთიერთობა", - განაცხადა იაგი ხვიჩიამ ჟურნალისტებთან. რაც შეეხება „ლელო საქართველოსთვის" პოზიციას, ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივას მხარს უჭერენ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ „ლელო“ უერთდება ამ მოთხოვნას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და საზოგადოება იყოს კარგად ინფორმირებული. „მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია არცერთ ასეთ საკითხზე კითხვები არ უნდა იყოს, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ყოფილ პრეზიდენტს და მის მიმართ არაადამიანურ, თუ წამების მოპყრობას. ცხადია, ამის თაობაზე უნდა გაკეთდეს ძალიან მკაფიო შეფასება საქართველოს პარლამენტის მხრიდან ან კომისიის სახით. ამიტომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევა. ჩვენ ამ ძალისხმევას შევუერთდებით. ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენს სახელმწიფოზე ფიქრისას არცერთ საერთაშორისო პარტნიორს კითხვები არ ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპყრობა სახელმწიფო თავის ყოფილ მეთაურს. ამიტომ, როგორც საზოგადოების, ისე საგარეო პარტნიორების ინფორმირების მიზნით პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას. ჩვენ ამ და სხვა მიმართულებით ყოველთვის მოვითხოვდით გამჭვირვალობას და ნებისმიერ მსგავს ძალისხმევას შევუერთდებით", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ „ინტერპრესნიუსთან“. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წინააღმდეგი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ კომისიის შექმნა შესაძლოა, კარგიც იყოს. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
კობა გვენეტაძე ინფლაციაზე განცხადებას ავრცელებს და „რიცხვების წვალებაზე“ მიუთითებს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე „რეკორდულ ინფლაციასთან“ დაკავშირებით განმარტებას Facebook-ზე ავრცელებს. „ეს პოსტი არ არის მაღალი ინფლაციის ნეგატიურ გავლენაზე, რის შესახებაც ეროვნულ ბანკსაც არაერთხელ უსაუბრია. ისიც ვთქვით, რომ დეკემბერში წლიური ინფლაციის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდებოდა და ამის მიზეზებსა და გავლენის შესარბილებლად ეროვნული ბანკის ღონისძიებებზეც არაერთხელ ვისაუბრე. პოსტი ე.წ. „რიცხვების წვალებას“, არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ეხება: თითქოს 2021 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია ბოლო 26 წლის რეკორდულ ნიშნულზეა. ინფლაციის სტატისტიკის ასე წარმოდგენა, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომა ან რაც გაცილებით უარესი - მოსახლეობის შეცდომაში შეგნებულად შეყვანის მცდელობაა. წლიური ინფლაციის განსაზღვრება არის მიმდინარე წლის რომელიმე თვეში ფასების დონის პროცენტული ცვლილება წინა წლის იმავე თვის ფასების დონესთან შედარებით. მარტივად რომ ვთქვათ, წლიური ინფლაცია გვიჩვენებს, თუ რამდენად გაიზარდა ფასების საერთო დონე ბოლო ერთი წლის მანძილზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელ თვეში ვითვლით მას. ცნება „ზუსტად ერთი წლის წინ“ არსებობს როგორც დეკემბერში, ისე მარტში ან ივლისში. ელემენტარული და საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ წლიურ ინფლაციას ეკონომისტები უყურებენ ყოველთვე და არამხოლოდ დეკემბერში. მიზეზი მარტივია: მოსახლეობა სამომხმარებლო კალათაში შემავალ პროდუქტებს მხოლოდ დეკემბერში არ მოიხმარს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსახლეობისთვის მაღალი წლიური ინფლაცია ტვირთია, როგორც დეკემბერში, ისე მაისსა ან ივლისში. კერძოდ, 2006 წლის ივლისში, ისევე როგორც 2011 წლის მაისში წლიური ინფლაცია იმაზე მაღალი იყო, ვიდრე 2021 წლის დეკემბერში (იხილეთ დიაგრამა). ასევე არასწორია იმის თქმა, რომ დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, წლიური ინფლაციის მატებამ მოლოდინებს გადააჭარბა. ეროვნული ბანკი ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულიდან უსვამდა ხაზს იმ მარტივ არითმეტიკულ ეფექტს, რაც კომუნალური გადასახადების სუბსიდიას და მის შემდგომ გაუქმებას მოჰყვებოდა. შარშან მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის არაერთ რელიზში აღგვინიშნავს, რომ 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაცია მაღალი იქნებოდა და შემდეგ დაიწყებდა შემცირებას. და არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს ინფლაცია, პანდემიასთან ერთად, გლობალური გამოწვევაა”, - წერს კობა გვენეტაძე. საქსტატი: 2021 წელს წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა
გიორგი ვოლსკის კორონავირუსი დაუდასტურდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერს კორონავირუსი დაუდასტუდა. აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა მსუბუქია და არცერთი სიმპტომი არ უვლინდება. „აბსოლუტურად არანაირი სიმპტომი არ მაქვს. 31 დეკემბერს ჩემს შვილს სიცხემ აუწია და გადავწყვიტეთ, გავტესტილიყავით, რის შემდეგაც დამიდასტურდა ვირუსი“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი „იმედთან“. პარლამენტის ვიცე-სპიკერი AstraZeneca-ს ვაქცინით არის აცრილი.
პრემიერი: 44 წელია, საქართველოს თავისუფლებისა და სულიერების აღორძინების გზაზე ბრძენი და შორსმჭვრეტელი წინამძღოლი მიგვიძღვება
პრემიერი ღარიბაშვილი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშილი საპატრიარქოში იმყოფებოდა. „დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს ჩვენს სულიერ წინამძღოლს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. 44 წელია, საქართველოს თავისუფლებისა და სულიერების აღორძინების გზაზე ბრძენი და შორსმჭვრეტელი წინამძღოლი მიგვიძღვება. უდიდესია მისი პირადი წვლილი იმაში, რომ ჩვენი ხალხი ყველა განსაცდელიდან გაძლიერებული გამოდიოდა, და რომ უკეთესი მომავლის რწმენა კვლავაც გვაერთიანებს ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე მისი მოღვაწეობა, თანადგომისა და ზნეობის მაგალითები სანიმუშოა ყველასათვის. ამიტომაცაა, რომ მას უდიდეს პატივს სცემენ არამხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, საერთაშორისო საზოგადოება. დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მის უწმინდესობას საქართველოსა და მისი ხალხის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის Facebook პოსტში. 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 44-ე წლისთავი აღინიშნა. პატრიარქი 4 იანვარს 89 წლის გახდა.
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ჩატარდა გზის გაწმენდის ინტენსიური სამუშაო.
უკრაინის კულტურის მინისტრი Netflix-ს უკრაინელების დამახინჯებულად წარმოჩენაში ადანაშაულებს
უკრაინის მთავრობამ Netflix-ს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მიუთითებს, რომ სერიალში „ემილი პარიზში“ კიევის პერსონაჟი უარყოფითად არის წარმოჩენილი. სერიალში უკრაინელი პეტრას როლს დარია პანჩენკო ასრულებს. უკრაინის კულტურის მინისტრმა ოლექსანდრ ტკაჩენკომ Telegram-ზე განაცხადა, რომ უკრაინელი ქალის კარიკატურული სურათი მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. „ასე ხედავენ უცხოეთში უკრაინელებს?“, - ინტერესდება მინისტრი. „ემილი პარიზში“ მსოფლიოში Netflix-ის ათ ყველაზე პოპულარულ სერიალს შორის არის. Netflix-მა ნონა გაფრინდაშვილს უპასუხა ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სასამართლოში უჩივლა
ადვოკატი მიხეილ სააკაშვილთან დახურულ შეხვედრას ითხოვს
ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი მიხეილ სააკაშვილთან კვლავ დახურულ შეხვედრას ითხოვს და რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს მიმართავს. „კიდევ არაერთხელ მინდა საჯაროდ მოვუწოდე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ზურაბ მოდებაძეს, რომ მოგვცეს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან პირადი კომუნიკაციის. ისეთი კომუნიკაციის, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ მოისმინოს რაზე ვსაუბრობთ. ადვოკატს აქვს უფლება ჰქონდეს დახურული კომუნიკაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფთან. ჩვენ შემთხვევაში სპეციალურად ბარიერი ამოგვიშენეს შეხვედრების ოთახში და მიზეზად კოვიდპანდემია დაასახელეს. ეს ბარიერი არის ბადისგან დამზადებული და როგორ წარმოგიდგენიათ ბადემ შეაკავოს კოვიდი. ეს ბარიერი სპეციალურად შეიმუშავეს, რომ არ გვქონდეს ნორმალური კომუნიკაცია, რაც ცალსახად არის კანონდარღვევა და ამაზე პასუხისმგებლობა ზურაბ მოდებაძეს ეკისრება", - განაცხადა საძაგლიშვილმა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში 28 დეკემბერს დასრულდა და სააკაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელებმა რუსთავის 12-ე დაწესებულებაში გადაყვანეს.
ლისის ტბის მიმდებარედ გაზსადენი დაზიანდა
"სამშენებლო კომპანიამ ჩვენთან შეუთანხმებლად, ლისის ტბის მიმდებარედ დაწყებული მიწისქვეშა სამუშაოს დროს, გაზსადენი დააზიანა", - ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. "Მაქსიმალურად სწრაფად ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას, რაც ჩვენგან დამოუკოდბლად წარმოიშვა. გაზმომარაგება აღდგება 22:00 საათამდე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოში 6 იანვრამდე ჰაერის ტემპერატურა დაეცემა
საქართველოში 6 იანვრამდე ჰაერის ტემპერატურა დაეცემა. სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელია ინტენსიური თოვა დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ მთიან და მაღალმთიან რაიონში. ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა მინუს 5-დან მინუს 8 გრადუსამდე დაეცეს. ამასთან, ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი სამცხე ჯავახეთში, ბაკურიანსა და ახალქალაქში, სადაც ჰაერის ტემპერატურა მინუს 10-დან მინუს 12 გრადუსს მიაღწევს, ხოლო გუდაური-კობის მიმართულბით მინუს 15-დან მინუს 17 გრადუსამდე ყინვა იქნება. ჰაერის ტემპერატურა მთელი საქართველოს მასშტაბით ექვსი იანვრიდან მოიმატებს.
აშშ-ის სასამართლომ პენტაგონს აუკრძალა იმ სამხედრო მოსამსახურეების დასჯა, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე
ფედერალურმა სასამართლომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს აუკრძალა, იმ პერსონალის დასჯა, რომლებმაც უარი თქვეს კოვიდვაქცინაციაზე. აშშ-ის ოლქის მოსამართლე რიდ ო'კონორმა, 35 სპეცრაზმის პერსონალის სახელით შეტანილი სარჩელის საპასუხოდ, გამოსცა წინასწარი განკარგულება, რომელიც კრძალავს საზღვაო ძალების და თავდაცვის დეპარტამენტის პერსონალისთვის სასჯელის აღსრულებას. „საზღვაო ძალების წევრები, ამ შემთხვევაში, ცდილობენ ისარგებლონ იმ თავისუფლებებით, რომლის დაცვასაც მათ ამდენი დრო შესწირეს. COVID19-ის პანდემია მთავრობას არ აძლევს უფლებას, ამ თავისუფლებების გაუქმების შესახებ”, - წერს მოსამართლე 26-გვერდიან გადაწყვეტილებაში. ცნობისთვის, ჯარისკაცებს ვაქცინაზე უარის თქმის გამო რამდენიმე დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ. ამავე თემაზე: ვაქცინაციაზე უარის გამო, აშშ-ის საჰაერო ძალებიდან 27 ადამიანი გაათავისუფლეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირანში ავიაკატასტროფისას დაღუპული მგზავრების ოჯახებს $107 მილიონი უნდა გადაუხადონ
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირანში ავიაკატასტროფისას დაღუპული მგზავრების ოჯახებს $107 მილიონი უნდა გადაუხადონ. ადვოკატის თქმით, სხვადასხვა ოჯახის წევრებმა დაკარგეს მეუღლეები, და-ძმები, შვილები, ძმისშვილები და დისშვილები, შესაბამისად, შეიტანეს სამოქალაქო სარჩელი ირანისა და სხვა ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რადგან თვლიან, რომ პასუხისმგებელნი არიან მომხდარზე. ადვოკატის თქმით, მისი გუნდი შეეცდება, ირანის აქტივების ჩამორთმევას კანადაში და მის ფარგლებს გარეთ. მისივე თქმით, ირანს აქვს ნავთობის ტანკერები სხვა ქვეყნებში და მისი გუნდი შეეცდება, გააჩეროს ყველაფერი, რაც შეუძლია, რათა ეს თანხები დაღუპულთა ოჯახებს გადაუხადონ. 2021 წლის შუა რიცხვებში, სასამართლო ექსპერტიზის სპეციალურმა კანადურმა ჯგუფმა მოამზადა დასკვნა, რომელშიც ირანი უკრაინულ სამგზავრო თვითმფრინავთან დაკავშირებით არაკომპეტენტურობასა და დაუფიქრებლობაში დაადანაშაულეს. ირანმა გააკრიტიკა ანგარიში და მას პოლიტიზებული უწოდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინული ავიაკომპანია Ukraine International Airlines-ის ბოინგი თეირანის იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ 2020 წლის 8 იანვარს დილით ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ისინი ყველა დაიღუპნენ.
სააკაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გამოკითხავს
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი 5 იანვარს გამოკითხავს. ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალ „სახელმწიფო ინსპექტორს წარმომადგენელს გორის სამხედრო ჰოსპიტალში წამების ფაქტთან დაკავშირებით ელოდება“. რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შედარებით კარგად არის. „შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც გორში ბოლო ვიზიტისას მე იქ დამხვდა. პრობლემები არსად არ წასულა, მაგრამ უკეთესად გამოიყურება ვიზუალური თვალსაზრისით",- განცხადა ეკა ხერხეულიძემ. „2 რიცხვში ჰოლანდიელ ექიმს ბილეთი ჰქონდა აღებული და ის თბილისიდან ელოდება დასტურს, რომ მას შესაძლებლობას მისცემდნენ სააკაშვილს შეხვედროდა, რაც არ მოხდა. ამ დრომდე პასუხი არ ვიცით. მასთან პირადი ექიმიც ვერ შედის. ეს კიდე უფრო დაამძიმებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. უცხოელი ექიმი პასუხს ელოდება, შედგებოდა თუ არა სააკაშვილთან შეხვედრა. განმარტება უნდა გააკეთონ, რატომ არ უშვებენ ამ ადამინს", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან. მან სააკაშვილის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს და აღნიშნა, რომ კომისია უნდა შეიქმნას და მიხეილ სააკაშვილი აპირებს, ჩვენება მისცეს საპარლამენტო კომისიას. ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ პარლამენტში ბოიკოტზე უარს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში იტყვიან. ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილის ინიციატივას, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მხარს არ უჭერს ირაკლი კობახიძე წინააღმდეგი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას
აშშ-ში კორონავირუსის მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ კორონავირუსის დღიური მილიონზე მეტი შემთხვევის შესახებ იტყობინება. მედიის ცნობით, ეს მაჩვენებელი დიდწილად „ომიკრონის“ გავრცელებით არის გამოწვეული. ეს შტამი აშშ-ში უკვე დომინანტურია. ორშაბათს გამოვლენილი ინფიცირებულთა რაოდენონა თითქმის ორჯერ აღემატება 4 წინ აღრიცხულ მაჩვენებელს, დაახლოებით 590,000 შემთხვევას. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. „ომიკრონის“ გავრცელების გამო, რიგმა ქვეყნებმა გაიდლაინები განაახლეს. შეცვლის თუ არა რეკომენდაციებს საქართველო
მიხეილ სარჯველაძის თქმით, აშშ-ის საელჩოს შეფასება სწორი და არგუმენტირებული არ არის
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით აშშ-ის საელჩოს შეფასება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონებთან დაკავშირებით სწორი და არგუმენტირებული არაა. „ასეთ ხისტ შეფასებებს ნამდვილად არ ვეთანხმები. არ მგონია, რომ ეს არის სწორი და არგუმენტირებული. მიუხედავად შეუთანხმებლობისა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები და ზოგადად, ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც საქართველოს შემდგომი განვითარებისა და პროგრესისთვის მთავარი ორიენტირია, საწინააღმდეგოში დავარწმუნოთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ამავე თემაზე: ამერიკის საელჩო: მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა