ძებნის რეზულტატი:
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხის განსახილველად ვირტუალურ ფორმატში შეიკრიბებიან
NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 7 იანვარს შეხვედრას ვირტუალურ ფორმატში გამართავენ. მინისტრები განიხილავენ რუსეთის სამხედრო გაძლიერებას უკრაინასა და მის ირგვლივ, ასევე ევროპის უსაფრთხოების საკითხებს. ალიანსის ცნობით, შეხვედრას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. NATO შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო გაძლიერებით უკრაინის საზღვრის გასწვრივ, დასავლური სამხედრო ალიანსი თვეების განმავლობაში ცდილობდა, NATO -რუსეთის საბჭოს შეხვედრის ორგანიზებას. ცნობისთვის, შეერთებული შტატების და რუსეთის წარმომადგენლების ორმხრივი მოლაპარაკებები 10 იანვარს არის დაგეგმილი. 10 იანვრის შეხვედრა გაიმართება სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმერ პუტინმა გასული წლის ივნისში ჟენევის სამიტზე წამოიწყეს. „აშშ მოუთმენლად ელის რუსეთთან ურთიერთობას. როდესაც ჩვენ დავსხდებით სალაპარაკოდ, რუსეთს შეუძლია თავისი შეშფოთება მოლაპარაკების მაგიდასთან დააფიქსიროს და ჩვენც ჩვენი მხრივ, გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით. AFP 28 დეკემბერს წერდა, რომ მოსკოვისა და NATO-ს წარმომადგენლები სავარაუდოდ 12 იანვარს შეხვდებიან, ხოლო რუსეთი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), რომელშიც შედის შეერთებული შტატები, 13 იანვარს გამართავენ მოლაპარაკებებს. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
აშშ-ში ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის ახალი მერის ინაუგურაცია ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება
აშშ-ის ფლორიდის შტატის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის ახალი მერის ინაუგურაცია ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება. იტყობინება ABC News-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით. 54 წლის კენ უელჩს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სენტ-პეტერსბერგის მერიაში უნდა დაედო ფიცი, თუმცა ცერემონია გაუქმდა დაავადება კონტროლისა და პრევენციის ცენტრების საკარანტინო მითითებების გამო. უელჩმა განაცხადა, რომ სახლიდან იმუშავებს იზოლაციის პერიოდის ამოწურვამდე. მერიაში მუშაობას კი მომავალი ორშაბათიდან შეუდგება.
სემეკ-ში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის და წყლის გადასახადის დარიცხვებთან დაკავშირებით მოქალაქეთა მიმართვებს სწავლობენ
სემეკ-ში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის და წყლის გადასახადის დარიცხვებთან დაკავშირებით მოქალაქეთა მიმართვებს სწავლობენ. „ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) მომართა არაერთმა მოქალაქემ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ დარიცხვებთან დაკავშირებით. კომისია მოქალაქეთა ყველა მიმართვას სწავლობს ინდივიდუალურად და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედებს კანონის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, სემეკის გადაწყვეტილებას წარმოადგენს ქ. თბილისში მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემის ამოქმედება, რამაც გამოიწვია ე.წ. გარდამავალ პერიოდში (2021 წლის დეკემბერი, 2022 წლის 3,4 იანვარი) 2 ქვითრის მიღება. სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, დარიცხვებთან დაკავშირებით პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში მომართონ კომისიას შესაბამისი განცხადებით, რათა სემეკის მიერ მოხდეს ყველა საკითხის შესწავლა. განცხადების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით: mail@gnerc.org“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამავე თემაზე: რატომ მიიღეს „თელმიკოს“ და GWP-ს აბონენტებმა ორი ქვითარი
ციციშვილის კლინიკაში COVID19-ით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა
ციციშვილის კლინიკაში COVID19-ით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ დაუდასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილი ერთი თვის იყო და რეანიმაციაში მკურნალობდა. ამასთან, შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა.
სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. „გილოცავთ დაბადების დღეს ქართული საზოგადოების სახელით. მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობა თქვენი ლოცვით ინარჩუნებს რწმენას, სამშობლოს სიყვარულსა და მორალის პრინციპებს. დღეს, როცა პანდემია მძვინვარებს და ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობასა და ლოცვას. მრავალფეროვანი ქართული საზოგადოების სახელით გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დღეს 89 წელი შეუსრულდა.
ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს. ხერხეულიძემ მედიას რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, რომ „სააკაშვილი პოლიტიკურად კარგ ფორმაშია“. „მის ჯანმრთელობაზე როცა ვსაუბრობთ, ეს წამებით არის გამოწვეული. პოლიტიკურად ის კარგ ფორმაშია. ამ ეტაპზე, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. ამ საკითხებით არის მოცული, იმ საკითხებით მთლიანად, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. მას საგანგაშოდ მიაჩნია სოციალური ფონი, რომელიც ახლა არსებობს ქვეყანაში", - აცხადებს ეკა ხერხეულიძე. სააკაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გამოკითხავს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სააგენტო გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს
ანაკლიის პორტის პროექტზე ახალი ტენდერის მოსამზადებლად საჭირო ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევების განახლებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ, 2021 წლის 31 დეკემბერს გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, რომლის ღირებულება ერთი მილიონი ლარია, სამუშაოს შესრულების ვადა არის 2022 წელი. გამარტივებული შესყიდვის შესახებ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სსიპ - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ძირითადი მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განსახორციელებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლება, შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შემუშავება, შერჩევის პროცესის წარმართვა და სხვა. „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი არის სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი, როგორც საქართველოს მთავრობისათვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისა და ტრანსპორტისა და ლოგისტიკურ და დაკავშირებულ სფეროებში მოღვაწე სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციების ზრდა-განვითარებისათვის, შესაბამისად აღნიშნული პროექტის სრულყოფილი და წარმატებული განხორციელება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა“, - წერია ტექსტში მედიის ცნობით.
აუდიტი: დასახული მიზნების მიუღწევლობის მოტივით ა(ა)იპ-ები გაუქმდა. მათ დაფინანსებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61,592.8 ათასი ლარია გადახდილი
ხშირია შემთხვევები, როდესაც ა(ა)იპ-ის დაფუძნების იდეამ არ გაამართლა და საჭირო გახდა მისი ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია ან ორგანიზაცია აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა მისი საქმიანობის შედეგები არაეფექტიანია. მთლიანობაში, 2014-2019 წლებში დასახული მიზნების მიუღწევლობის მოტივით 169 იურიდიული პირის ლიკვიდაცია განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მათ დაფინანსებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61,592.8 ათასი ლარია გადახდილი, შესაბამისად, ეს თანხები შესაძლებელია შეფასდეს როგორც - არაეფექტიანი ხარჯი, ამის შესახებ აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომელიც სამსახურის ვებგვერდზე 31 დეკემბრით არის დათარიღებული. „მუნიციპალიტეტების ფუნქცია-მოვალეობები მსგავსია, რაც ა(ა)იპ-ების ერთსა და იმავე სფეროში შექმნას უნდა იწვევდეს, თუმცა თვითმმართველობების პოლიტიკა არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან იურიდიული პირების საქმიანობის სფეროების შერჩევის კუთხით. მაგალითად, სამ მუნიციპალიტეტში ცალკე ა(ა)იპ ფუნქციონირებს, რომელიც გარე განათების ქსელის ექსპლოატაციას ახორციელებს, 38-ში კი გარე განათების ქსელს ისეთი ა(ა)იპ-ები ემსახურება, რომლებიც პარალელურად სხვა მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას უწევენ მომსახურებას. დანარჩენ 23 შემთხვევაში თვითმმართველობა მომსახურებას ყიდულობს სახელმწიფო შესყიდვის გზით ან დაფუძნებული აქვს შპს; ხუთ მუნიციპალიტეტში გამწვანებული ტერიტორიების, პარკებისა და სკვერების მოვლა-პატრონობისთვის ცალკე ა(ა)იპ არის დაფუძნებული, მაშინ როდესაც სხვა თვითმმართველობებში გამწვანების მოვლა-პატრონობა რომელიმე კომპლექსური ა(ა)იპ-ის ფუნქცია არის ან ხდება მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გზით შეძენა; 20 მუნიციპალიტეტში 28,287.3 ათასი ლარია დახარჯული ისეთი ა(ა)იპ-ების ფუნქციონირებაზე, რომელთა საქმიანობის სფეროც მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტებში გვხვდება და სხვაგან ანალოგიური ფუნქციების ორგანიზაციები არ არის შექმნილი და სხვ. ხშირად ერთსა და იმავე მუნიციპალიტეტში გვხდება საერთო პროფილის რამდენიმე ა(ა)იპ. მსგავსი სურათი განსაკუთრებით დამახასიათებელია კულტურის, განათლების, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროებისთვის. ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსგავს ფუნქციებს ასრულებენ, ცალ-ცალკეა განსაზღვრული ადმინისტრაციული პერსონალი (დირექტორი, დირექტორის მოადგილეები და ა.შ.). ა(ა)იპ-ების დაყოფა სათანადო დასაბუთების გარეშე ფინანსური რესურსების არაეფექტიან ხარჯვას იწვევს. მუნიციპალიტეტებს არ აქვთ შემუშავებული თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა მიაღწიონ კონკრეტულ სფეროში დასახულ მიზანს. ამდენად, ა(ა)იპ-ების დაფუძნება და მათზე დაფინანსების გაცემა ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისად გაანალიზებული. სათანადოდ არ იგეგმება, თუ რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს და რა თანმიმდევრობით, როგორი უნდა იყოს მიმდინარე ამოცანები კონკრეტულ სფეროში საბოლოო მიზნის მისაღწევად. შედეგად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ა(ა)იპ-ის დაფუძნების იდეამ არ გაამართლა და საჭირო გახდა მისი ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია ან ორგანიზაცია აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა მისი საქმიანობის შედეგები არაეფექტიანია. მთლიანობაში, 2014-2019 წლებში დასახული მიზნების მიუღწევლობის მოტივით 169 იურიდიული პირის ლიკვიდაცია განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მათ დაფინანსებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61,592.8 ათასი ლარია გადახდილი, შესაბამისად, აღნიშნული თანხები შესაძლებელია შეფასდეს როგორც - არაეფექტიანი ხარჯი. მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვა არ ეფუძნება სათანადო გათვლებს. მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობები ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ახორციელებენ ა(ა)იპ-ების ლიკვიდაცია/გაერთიანებას, 2014-2019 წლებში ადმინისტრაციული პერსონალი − 25%-ით, ხოლო ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურება − 71%-ით არის გაზრდილი. მერიებიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იყო 40,074 კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლისთვის 17,932 დასაქმებულით გაიზარდა და 58,006 კაცი შეადგინა. რაც შეეხება თბილისს, 2015 წლიდან 2019 წლამდე დასაქმებულთა რაოდენობა 2,876-დან − 3,395-მდე გაიზარდა. შედარებისთვის: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 2014 წლიდან 2019 წლამდე დასაქმებულთა რაოდენობა 40.9 ათასი კაცით გაიზარდა, ხოლო ა(ა)იპ-ებში იმავე პერიოდში ზრდამ ჯამში 18.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის 45%-ია. აღსანიშნავია, რომ სულ სახელმწიფო სექტორში 2019 წლის მონაცემების მიხედვით დასაქმებული არის 299,700 ადამიანი, შესაბამისად, მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში მომუშავეთა რაოდენობა მთლიანად სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა 20.5%-ს შეადგენს. თვითმმართველობებს ორგანიზაციების საშტატო რიცხოვნობის დამტკიცების დროს არ აქვთ გაკეთებული სათანადო გათვლები, სადაც დასაბუთებული იქნებოდა თითოეული დაქირავებულის საჭიროება. შედეგად, ა(ა)იპ-ებში არ აქვთ მოსამსახურეთა თანამდებობის შესაბამისი სამუშაო აღწერილობები, სადაც განსაზღვრული იქნება თითოეული დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობები. ამასთანავე, ზოგიერთი დასაქმებულის შესასრულებელი სამუშაოები გაურკვეველია, ასევე ხშირია ფუნქციების დუბლირების შემთხვევები. ორგანიზაციების სათანადო ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი საოფისე ფართით უზრუნველყოფა, რათა დასაქმებულებმა სათანადო პირობებში შეძლონ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა) იპი-ების შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შემოწმებისას გამოვლინდა, რომ 14 ა(ა)იპ-ში ადმინისტრაციაში დასაქმებულ ერთ ადამიანზე მოდის 1-5 კვ.მ-მდე საოფისე ფართი. საკმარისი საოფისე ფართის არარსებობა რეალურად შეუძლებელს ხდის ერთდროულად ყველა ადმინისტრაციული პერსონალის სამსახურში ყოფნას და სამუშაო პროცესის სათანადოდ წარმართვას. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტებში ორგანიზაციები იქმნება იმ პირობებში, როდესაც თვითმმართველობა ა(ა)იპ-ებს ვერ უზრუნველყოფს მისი ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო საკმარისი მატერიალური რესურსებით. მუნიციპალიტეტებში 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფუნქციონირებს 67 ა(ა)იპ, რომელთაც არ გააჩნიათ საქმიანობისთვის აუცილებელი ინვენტარი (კომპიუტერული ტექნიკა, საოფისე ავეჯი და სხვა სახის ინვენტარი). 2014-2019 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45,062.9 ათასი ლარი გახარჯულია ისეთი ორგანიზაციების დაფინანსებაზე, რომლებსაც საჭირო მატერიალური რესურსები არ ჰქონდათ და შესაბამისად, ვერ შეძლებდნენ დასახული მიზნების მიღწევას“, - წერის დასკვნაში.
CDC-მ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მეორე დოზასა და „ბუსტერ“ დოზას შორის ინტერვალის შემცირების რეკომენდაცია გასცა
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა Pfizer-BioNTech-ის COVID-19 ვაქცინის მეორე დოზასა და გამაძლიერებელს შორის ინტერვალის ექვსიდან ხუთ თვემდე შემცირების რეკომენდაცია გასცა. ეს ნაბიჯი მოჰყვა აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომ შემცირდეს გამაძლიერებელი დოზის ინტერვალი და დაუშვას Pfizer-BioNTech ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. CDC ასევე რეკომენდაციას უწევს, რომ 5-დან 11 წლამდე ასაკის იმუნოკომპრომეტირებულ ბავშვებს უფლება ჰქონდეთ, ვაქცინის დამატებითი დოზა მეორე ინექციიდან 28 დღის შემდეგ გაიკეთონ. ამავე თემაზე: FDA-მ 12-15 წლის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაამტკიცა
ისრაელის პრემიერის თქმით, კოვიდვაქცინის მეოთხე დოზა ანტისხეულების დონეს ხუთჯერ ზრდის
კოვიდვაქცინის მეოთხე დოზა ანტისხეულების დონეს ხუთჯერ ზრდის. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ეს ნიშნავს დაცვის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ინფექციის, ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე სიმპტომების წინააღმდეგ. „მეოთხე დოზის კამპანიის დაწყებიდან ერთი კვირა გავიდა. მეოთხე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ, ვაქცინირებულებში ანტისხეულების რაოდენობა ხუთჯერ იზრდება“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა. ისრაელის მთავრობამ 60 წელს გადაცილებულებისა და სამედიცინო პერსონალისთვის კოვიდვაქცინის მეოთხე დოზა დაამტკიცა. ისრაელის მთავრობის მეთაურის თქმით, ავადობის მიმდინარე ტალღის განმავლობაში, ახალი ინფექციების რაოდენობამ დღიურად შესაძლოა, 50 000-ს მიაღწიოს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩაიტარონ აცრები, ატარონ ნიღბები და მიიღონ ზომები რისკის ქვეშ მყოფთა დასაცავად. ამავე თემაზე: ისრაელში კოვიდვაქცინის მეოთხე დოზა ოფიციალურად უკვე დაშვებულია
ჯანმო „ომიკრონთან“ დაკავშირებით, დამატებით მტკიცებულებებს ფლობს
უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ვარიანტი „ომიკრონი“ გავლენას ახდენს ზედა სასუნთქ გზებზე და იწვევს უფრო მსუბუქ სიმპტომებს, ვიდრე წინა ვარიანტები. ამის შესახებ Reuters-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „ჩვენ ვეცნობით უფრო და უფრო მეტ კვლევას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ „ომიკრონი“ აინფიცირებს ზედა სასუნთ გზებს ნაწილს“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა აბდი მაჰამუდმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე. მაჰამუდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ომიკრონს“ მაღალი გადაცემის უნარი ნიშნავს და ბევრ ქვეყანაში დომინანტი რამდენიმე კვირაში გახდება, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნებს, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რჩება არავაქცინირებული. კითხვაზე, საჭიროა თუ არა „ომიკრონისთვის“ სპეციფიკური ვაქცინა, მაჰამუდმა აღნიშნა, რომ ჯერ ადრეა ამის თქმა, მაგრამ დაამატა, რომ გადაწყვეტილება საჭიროებს გლობალურ კოორდინაციას და ეს მხოლოდ კომერციული სექტორის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ამავე თემაზე: „ომიკრონის“ გავრცელების გამო, რიგმა ქვეყნებმა გაიდლაინები განაახლეს. შეცვლის თუ არა რეკომენდაციებს საქართველო
უკრაინაში ვიზიტის წინ ჯოზეფ ბორელი NATO-ს გენმდივანს ესაუბრა
უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უკრაინაში ვიზიტის წინ ტელეფონით ესაუბრა. საუბრის თემა იყო რუსეთის სამხედრო გაძლიერება უკრაინის საზღვარზე და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულების ორი პროექტი, რომლებიც რუსეთმა შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს წარუდგინა. ევროკავშირის ცნობით, უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ დაძაბულობის დეესკალაციისა და მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულების აუცილებლობას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას მძიმე შედეგები ექნება. მათ ასევე განიხილეს 12 იანვრის NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის მომზადების საკითხი. ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპაში უსაფრთხოების შესახებ ნებისმიერი დისკუსია უნდა ეფუძნებოდეს ეუთოს და გაეროს ვალდებულებებს. უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი და NATO-ს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო კონტაქტზე დარჩებიან. მოსკოვისა და NATO-ს წარმომადგენლები12 იანვარს შეხვდებიან, ხოლო რუსეთი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), რომელშიც შედის შეერთებული შტატები, 13 იანვარს გამართავენ მოლაპარაკებებს. ამავე თემაზე: ბორელი უკრაინას ეწვევა NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხის განსახილველად ვირტუალურ ფორმატში შეიკრიბებიან
ყაზახეთში საწვავის ფასის გაძვირებას აპროტესტებენ
ყაზახეთში მესამე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება. გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. მანგისტაუს რეგიონში შეკრებილი დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მიმდინარე წლის დასაწყისში, ერთი ლიტრი თხევადი გაზის (რომელსაც საწვავად გამოიყენებენ) ფასი 28 ამერიკული ცენტის ეკვივალენტურ თანხას გაუტოლდა, 2021 წელს კი, მისი ფასი 12-დან 14 ცენტამდე იყო. აქცია ჩატარდა სხვა რეგიონებსა და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. პოლიციამ საპროტესტო გამოსვლების დროს 20-ზე მეტი მონაწილე დააკავა. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გამოაცხადა, რომ სამთავრობო კომისიამ აქტაუში მუშაობა დაიწყო პრობლემის გადასაწყვეტად.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა
ინტენსიური თოვის გამო, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე: ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ43-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ28-კმ125 (ყუმისთავი-მელე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ88-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ18-კმ108 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ39–კმ158 (ქსანი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავრცელებს.
ყაზახეთში მთავრობა გადადგა
ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაინიშნა. მთავრობის წევრები ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ. თავდაპირველად დემონსტრაცციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ცნობისთვის, ყაზახეთში მოქალაქეები 3 დღე საწვავის ფასის გაძვირებას აპროტესტებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.
ჯო ბაიდენი: „ომიკრონი“ ძალიან გადამდები ვარიანტია
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ომიკრონის“ გამო, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გაგრძელდება. „ომიკრონი“ ძალიან გადამდები ვარიანტია, მაგრამ ბევრად განსხვავებულია, ვიდრე წინა ვარიანტები. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თავი. აიცერით. მიიღეთ გამაძლიერებელი დოზა. ატარეთ პირბადე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ამასთან, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ს აქვს საკმარისი რაოდენობის გამაძლიერებელი დოზები აქვს, რათა მთელი ქვეყანა აცრას. ცნობისთვის, COVID19-ის „ომიკრონ“ ვარიანტი მსოფლიოს 110 ქვეყანაში გამოვლინდა.
დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის 218 724 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 218 724 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 48 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის 13 641 520 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 148 941 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა „ომიკრონი“ შტამის გავრცელებას უკავშირდება. ცნობისთვის, 25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3436 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 377 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 696 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 681 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.51%, ბოლო 14 დღის - 5.87% ხოლო 7 დღის - 6.84%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 805 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 906 708. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 041 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარა - 360, იმერეთი - 407, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 205, გურია - 123, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 164, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -67, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 24 834 საიდანაც: 4 353 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 027, აჭარაში - 510, იმერეთში - 751. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 115 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 544, აჭარაში - 120, იმერეთში - 283. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პაციენტი, მათგან თბილისში - 151, აჭარაში - 33, იმერეთში - 28. 921 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 607 - თბილისში, 204 - აჭარაში. 19 560 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 5. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 4 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 832 ადამიანი.
საქართველოში „ომიკრონის“ 159 შემთხვევაა დადასტურებული
საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 159 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „4 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 159 შემთხვევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3436 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი.
საფრანგეთის პრეზიდენტი: აუცრელ ადამიანებს ცხოვრება ძალიან გაურთულდებათ
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ძალიან გაურთულებს ცხოვრებას იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ სურთ. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მაკრონმა აღნიშნა, რომ ძალით ვინმეს აცრას არ აპირებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ შესაბამის სტიმულს გაუჩენს აუცრელ ადამიანებს. „მე არ გავუშვებ მათ ციხეში, ამიტომ უნდა ვუთხრათ, რომ 15 იანვრიდან ვერ წავლენ რესტორანში, ვერ დალევენ ყავას, ვერ წავლენ თეატრსა თუ კინოში“, - განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 271 686 ახალი შემთხვევა დადასტურდა.