ძებნის რეზულტატი:

თამარ გაბუნია: ახალი ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემა მზადაა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალი ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემა მზად არის, თუმცა ამავე დროს მთავარ იარაღად კვლავ ვაქცინაცია და ბუსტერ დოზის გამოყენება რჩება. „არის ახალი გამოწვევები ბუნებრივია კოვიდის მართვის პროცესში, მსოფლიო დღეს უმკლავდება ომიკრონის ახალ ტალღას. კლინკებთან ვისაუბრეთ მათი მზაობის თაობაზე, იმასთან დაკავშირებით თუ რა გამოწვევებს ხედავენ. დღეს საბედნიეროდ კლინიკების დატვირთვა არ არის მაღალი, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარი არის დატვირთული. მზაობა კვლავაც რჩება მაქსიმალური, პერსონალი მზად არის, ახალი პროტოკოლი მოქმედია, მედიკამენტების მარაგი კლინიკებს აქვთ და ვფიქრობ, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდებიან იმ გამოწვევებს, რაც შესაძლებელია ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს. ასევე ვისაუბრეთ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალში. მოგეხსენებათ, რომ დაწყებულია წახალისების სქემა 50 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვისაც, ვაქცინაციის შემდგომ, პირველივე დოზის მიღებისთანავე მოქალაქე იღებს 200 ლარიან წახალისებას“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, დღეს საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3436 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 191 ადამიანი აიცრა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 191 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 იანვარის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 528 030 აცრა. ამასთან, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 292 888 ადამიანი - 18 წელს ზევით ასაკის მოსახლეობის 45.0%. სრულად ვაქცინირებულია 1 156 606 ადამიანი - 18 წელს ზევით ასაკის მოსახლეობის 40.3%. „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს 77 125 ადამიანს. ცნობისთვის, დღეს საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3436 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი. ამასთან, საქართველოში „ომიკრონის“ 159 შემთხვევაა დადასტურებული .

ეროვნული ბანკი: 2022 წლიდან 1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა

2022 წლიდან 1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან საგადამხდელო საშუალებად აღარ გამოიყენება მხოლოდ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტები, რომლებზეც მითითებულია გამოშვების წელი. 2002 წლიდან დღემდე გამოშვებული ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტი კი გადახდის კანონიერი საშუალებაა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, შეუფერხებლად მიიღოს და განახორციელოს ანგარიშსწორება ამ ბანკნოტებით. ამასთან, 1995-99 წლების გამოშვების ბანკნოტების გადაცვლა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრშია შესაძლებელი“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ისრაელში, COVID19-ის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში COVID19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ისრაელში კორონავირუსის 11 978 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ისრაელში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა „ომიკრონი“ შტამის გავრცელებას უკავშირდება. ცნობისთვის, 25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს.

პანდემიის გამო, „ალილო“ განსხვავებული სახით ჩატარდება

პანდემიის გამო, „ალილო“ კვლავ განსხვავებული სახით ჩატარდება. ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ავტომანქანებით მსვლელობა 7 იანვარს, 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. საპატრიარქოს ცნობით, მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით დასრულდება. ამასთან, მსვლელობა ავტომანქანებით დაიწყება 7 იანვარს, 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რომელიც დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში, 16:00 საათზე ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით.

მედიის ცნობით, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, საოლქო ადმინისტრაციაში დემონსტრანტები შეიჭრნენ

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, საოლქო ადმინისტრაციაში დემონსტრანტები შეიჭრნენ. როგორც „რადიო თავისუფლების“ ყაზახეთის ბიურო იტყობინება, შენობას ცეცხლი უკიდია. მედიასაშუალების ცნობით, ათასობით დემონსრანტი, რომელთა ნაწილს რეზინის ხელკეტები, ჯოხები და ფარები აქვს, რესპუბლიკის მოედანზე პოლიციის კორდონი გაარღვიეს და საოლქო ადმინისტრაციის შენობის შტურმი დაიწყო. ძალოვანებმა მათ წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ყაზახეთის ქალაქ ალმათის ცენტრში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელები დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებენ. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაინიშნა. მთავრობის წევრები ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ. თავდაპირველად დემონსტრაცციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამავე თემაზე: ყაზახეთში მთავრობა გადადგა ყაზახეთში საწვავის ფასის გაძვირებას აპროტესტებენ

ჯანმო: „ომიკრონის“ შემთხვევების ზრდამ შესაძლოა, უფრო საშიში ვარიანტის გაჩენის რისკი გაზარდოს

"რაც უფრო მეტად ვრცელდება „ომიკრონი“, მით უფრო მეტად ხდება მისი გამრავლება, რაც ახალი ვარიანტის წარმოშობის ალბათობას ზრდის", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ოფიცერმა, კეტრინ სმოლვუდმა განაცხადა, რომ ინფიცირების მზარდ მაჩვენებლებს საპირისპირო ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. „რაც უფრო მეტად ვრცელდება „ომიკრონი“, მით უფრო მეტად ხდება მისი გამრავლება, რაც ახალი ვარიანტის წარმოშობის ალბათობას ზრდის. ამჟამად „ომიკრონი“ მომაკვდინებელია. მას შეუძლია სიკვდილი გამოიწვიოს. შესაძლოა, „დელტაზე“ ოდნავ ნაკლებად, თუმცა ვის შეუძლია თქვას, როგორი იქნება შემდეგი ვარიანტი?“ - აღნიშნა კეტრინ სმოლვუდმა. ცნობისთვის, 25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. „ომიკრონის“ გავრცელების გამო, რიგმა ქვეყნებმა გაიდლაინები განაახლეს. შეცვლის თუ არა რეკომენდაციებს საქართველო

საქართველო ახალი კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტის „მოლნუპირავირის“ შესყიდვას გეგმავს

საქართველო ახალი კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტის „მოლნუპირავირის“ შესყიდვას გეგმავს, მუშაობა მიმდინარეობს Pfizer-ის მიერ დამზადებული და უკვე ავტორიზებულ მედიკამენტის მიღებაზეც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, კლინიკურმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა „მოლნუპირავირის“ გარკვეული რაოდენობის შესყიდვას. „ბოლო პერიოდში, ძალიან აქტიური დისკუსია და მოლოდინია ახალ, უკვე, კონკრეტულად კოვიდის საწინააღმდეგო ანტივირუსულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. მათ შორის, ერთია Merck-ის მიერ წარმოებული „მოლნუპირავირი“, რომელიც უკვე გამოიყენება რამდენიმე ქვეყანაში. მან მიიღო ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს ავტორიზაცია. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. კლინიკურმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა მედიკამენტის გარკვეული რაოდენობის შესყიდვას და ვფიქრობთ, რომ როგორც კი შესყიდვის პროცედურა დასრულდება, ის ხელმისაწვდომი იქნება ქვეყანაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში. გარდა ამისა, შესაძლებელია, ქვეყანამ Pfizer-ის მიერ დამზადებული და უკვე ავტორიზებულ მედიკამენტიც მიიღოს. „დეკემბრის ბოლოს, FDA-მ მასაც მიანიჭა ავტორიზაცია. ამ მედიკამენტების არსებობა ძალიან იმედისმომცემია. მათი გამოყენება ნაჩვენებია მკურნალობის ადრეულ ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გამოხატული მძიმე სიმპტომები. ესაა აბების სახით მისაღები მედიკამენტი. მისი მიღება ადვილია პაციენტებისთვის. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო შეამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას და კლინიკური გამოსავლების გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგვცემს. მანამდე, დღევანდელ პირობებში, საქართველოში არის ის მედიკამენტები, რომლებიც აღიარებულია ევროპისა და აშშ-ის მარეგულირებლების მიერ, კონკრეტულად, კოვიდის შემთხვევაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, Pfizer-ის წარმოებული წამალი, რომელიც Paxlovid-ის სახელით არის ცნობილი, აერთიანებს ახალ ანტივირუსულ პრეპარატს - ნირმატრელვირი და უფრო ძველს - რიტონავირს. Pfizer-მა გამოაქვეყნა განახლებული შედეგები, რომლებმაც აჩვენეს, რომ მკურნალობა ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს, თუ პრეპატარით მაღალი რისკის მქონე მოზრდილები პირველი სიმპტომებიდან რამდენიმე დღეში იმკურნალებენ. სიმპტომებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში, ეფექტიანობა 88%-ს შეადგენს. რაც შეეხება მეორე პრეპარატს, „მოლნუპირავირი“ ემორის უნივერსიტეტში, ატლანტაში, ინოვაციური კომპანიის, Drug Innovation Ventures at Emory (Drive)-ის მიერ, Merck-თან პარტნიოორობით შეიქმნა. აბები მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების საფრთხეს დაახლოებით 50%-ით ამცირებს და მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს არ იწვევს. ამ პრეპარატით მკურნალობის კურსი 5-დღიანია. კაფსულის სახით, ეს არის პირველი, პერორალური წამალი, რომელიც კოვიდინფექციას ებრძვის. ასევე წაიკითხეთ: როდის იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი Pfizer-ის ანტივირუსული აბები FDA-მ კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ დაამტკიცა COVID19-ის სამკურნალო პრეპარატი, რომლის დამტკიცება კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციას შეამცირებს როდის მიიღებს საქართველო COVID19-ის სამკურნალო ორ უახლეს წამალს საქართველო კორონავირუსის სამკურნალოდ გერმანიის და აშშ-ის მიერ მოწოდებული პრეპარატების გამოყენებას იწყებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ეწვევა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთთან დიალოგი მნიშვნელოვანია. ამის შესახებ განცხადება ანალენა ბერბოკმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე გააკეთა, სადაც ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდება. „რუსეთთან დაკავშირებით ევროპელებსა და აშშ-ის მთავრობას საერთო გზავნილი აქვთ. რუსეთის ქმედებებს უკრაინაში მოჰყვება საფასური და ამ სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ დიალოგშია. ჩვენ გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ, როდესაც სხვადასხვა დონეზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გარდაუვალია“, - ამბობს ანალენა ბერბოკი. ცნობისთვის, 10 იანვარს ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართება, 12 იანვარს კი, NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა შედგება. მანამდე, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხის განსახილველად ვირტუალურ ფორმატში 7 იანვარს შეიკრიბებიან. ამავე თემაზე: NATO: მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისკენ

დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე ისევ შეზღუდვებია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარდა ამისა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ88 (წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ43-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხე უმნიშვნელოა, რის გამოც მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თოვისა და ლიპყინულის გამო, ამავე საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი”. უწყების ცნობით, ინფორმაცია მყისიერად მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად.ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალას. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას“, - აცხადებს სუს-ი. რადიო თავისუფლების ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი მეექვსედ დააკავეს. მან ცხინვალის ციხეში ერთი წელი თითქმის სრულად მოიხადა და გასული წლის 17 ივნისს გაათავისუფლეს.

ციციშვილის კლინიკაში, COVID19-ით ოთხი თვის ჩვილი გარდაიცვალა

COVID19-ით ოთხი თვის ჩვილი გარდაიცვალა. შემთხვევა ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მოხდა. ცნობილია რომ ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძე ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილს გულის თანდაყოლილი მანკი ჰქონდა. „4 თვის ჩვილი ჩვენთან 31 დეკემბერს, უკიდურეს მდგომარეობაში შემოვიდა. მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას ჰქონდა კომბინირებული თანდაყოლილი მანკი. იყო დაბადებული დღენაკლული, ძალიან დაბალი წონით. დაბადების შემდეგ ეს ბავშვი სულ მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში", - განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ. ცნობისთვის, ციციშვილის კლინიკაში COVID19-ით ინფიცირებული ჩვილი გუშინაც გარდაიცვალა

ჩეხეთის მოქალაქეს უკრაინაში სეპარატისტების მხარეს ბრძოლებში მონაწილეობისთვის 21- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პრაღის საქალაქო სასამართლომ 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჩეხეთის კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელიც უკრაინაში, დონბასში, სეპარატისტების მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. გამოძიების ცნობით, სუკუპი უკრაინაში, ბრძოლებში, სეპარატისტების მხარეს 2014 წელს ჩაერთო და სატანკო ბატალიონის მეთაურობას მიაღწია, მონაწილეობდა ბრძოლებში, რომელთა დროსაც, საბრალდებო დოკუმენტების თანახმად, ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. პროკურორის მტკიცებით, სუკუპი 2018 წლის მაისამდე იყო ჩართული ბრძოლებში. თავად ბრალდებული, რომელიც სავარაუდოდ, დონბასში იმყოფება, სასამართლოს არ ესწრებოდა. ცნობისთვის, სექტემბერში პრაღის სასამართლომ არაერთხელ ნასამართლევ ირჟი ურბანეკს, დონბასში ტერორისტულ გაერთიანებაში მონაწილეობის გამო 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ანალოგიური სასჯელი მიესაჯა 27 წლის ლუკაშ ნოვაჩეკს, რომელიც გამოძიების ცნობით, პრორუსულ სეპარატისტულ რაზმებთან ერთად უკრაინის აღმოსავლეთში იბრძოდა.

ბაღდადის აეროპორტთან მდებარე სამხედრო ბაზას, სადაც აშშ-ის სამხედროები არიან განთავსებულნი, რაკეტები ესროლეს

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზას, სადაც აშშ-ის სამხედროები არიან განთავსებულნი, რაკეტები ესროლეს. მსხვერპლი არ არის. გავრცელებული ცნობებით, ოთხი რაკეტა დიპლომატიური მხარდაჭერის ცენტრის და ბაღდადის აეროპორტის მახლობლად ჩავარდა. მათივე ცნობით, 4 იანვარს, კოალიციურმა ძალებმა სირიის ჩრდილო-დასავლეთში სამიზნეებზე, რომლებიც აშშ-ის ბაზისთვის საფრთხედ მოიაზრება, იერიში მიიტანეს. შეგახსენებთ, 2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა. 2 წლის შემდეგ, ირანის პრეზიდენტი შურისძიებით დაიმუქრა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონემენტის შეძენა დღეიდან შესაძლებელია

"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონემენტის შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი", - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ვიქტორ წილოსანმა აღნიშნა, რომ აბონიმენტების შეძენა დღეიდან მეტროს სალაროებში შეიძლება, ხვალიდან კი „საქართველოს ბანკის“ ექსპერს ფილიალებშიც. „ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, ყველა დარწმუნდა, რომ მათთვის, ვინც ძირითადი მომხმარებელია, ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლების 90%, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ძვირდება, ან რჩება უფასო მათთვის, ვინც შეღავათით სარგებლობს. დანარჩენ 10%-ში მოიაზრებიან ტურისტები და სხვა ის მოქალაქეები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იშვიათად იყენებენ. შესაბამისად, მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძვირდება, მცდარია. ამის დამადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანო ისიც, რომ თუ ტარიფი გაიზრდებოდა, ამ შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანიების შემოსავლები უნდა გაზრდილიყო, თუმცა მოსახლეობაზე სატრანსპორტო დანახარჯს არ ვზრდით“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა. ცნობისთვის, კახა კალაძემ 22 დეკემბერს განაცხადა, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობის საფასური გაორმაგდება და 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი იქნება .

BBC: ევროპის ტატუ არტისტები ევროკავშირის ახალ რეგულაციას ბიზნესის ნაწილობრივ აკრძალვად განიხილავენ

ტატუ არტისტები ამბობენ, რომ ევროკავშირის ახალმა რეგულაციამ ათასობით ქიმიკატზე, რომელიც საღებავების მელნებში გამოიყენება, შეიძლება მათ ინდუსტრიას ზიანი მიაყენოს. BBC-ს ცნობით, შეზღუდვები, რომლებიც ძალაში 4 იანვარს შევიდა, ეხება ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კიბო ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. ეს შეზღუდვა ძირითადად გავლენას მოახდენს ფერად მელანზე. სპეციალისტები ამბობენ, რომ შემცვლელი მელანი არ არის მარტივად ხელმისაწვდომი და შესაძლოა არ ჰქონდეს ისეთი შედეგი, რაც მომხმარებელს სურს. „პანდემიით გამოწვეული სირთულეების შემდეგ, ბევრი ბიზნესი ამტკიცებს, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი დრო ადაპტაციისთვის. ზოგი ახალ აკრძალვას მისი ბიზნენის ნაწილობრივ აკრძალვად განიხილავს“, - წერს BBC. ქიმიკატების შესახებ ევროკავშირის განახლებულ რეგულაციებზე 2020 წელს ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა. აკრძალვა ეხება 4000 ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის იზოპროპანოლ ალკოჰოლს, ტატუს მელნის საერთო ინგრედიენტს, თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შემცვლელები უკვე ხელმისაწვდომია. ახალი კანონმდებლობის ავტორები ამბობენ, რომ მელანი შეიძლება იყოს სახიფათო, გამოიწვიოს კანის ალერგია და სხვა უფრო სერიოზული გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე. გერმანელმა დერმატოლოგმა ვოლფგანგ ბაუმლერმა განაცხადა, რომ მან და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს 3400 ადამიანი 2010 წელს და დაადგინეს, რომ ორი მესამედი უჩიოდა რეაქციას ტატუირებისთანავე, 6% კი რამდენიმე კვირის განმავლობაში აფიქსირებდა პრობლემებს. ტატუების ინდუსტრია ამტკიცებს, რომ არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომელიც კიბოსთან კავშირზე მიუთითებს. დამატებითი შეზღუდვები ერთი წლის შემდეგ დაწესდება. ევროკავშირმა საშეღავათო პერიოდი ორი ფერისთვის (ლურჯი და მწვანე) შემოიღო, რათა მათ ალტერნატიული საშუალებები მოიძიონ.

პირველი თებერვლიდან თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ

პირველი თებერვლიდან დედაქალაქში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა. მისივე თქმით, განმარტებით, პირველი თებერვლიდან, ანუ სამგზავრო აბონემენტების ამოქმედების დღიდან თბილისში მხოლოდ ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ. „როდესაც ბარათები გააქტიურდება, ანუ პირველი თებერვლიდან, დედაქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს. დღეისთვის ათასივე მიკროავტობუსი ჩამოსულია, 450 უკვე ქსელშია, დანარჩენი 550-ის მომზადება მიმდინარეობს ქსელში გასასვლელად - უნდა დამონტაჟდეს გადახდის აპარატები, მთვლელები. პირველ თებერვლამდე ყველა მიკროავტობუსი ქსელში იქნება“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა. ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონემენტის შეძენა დღეიდან შესაძლებელია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი სააკაშვილის გამოკითხვას აწარმოებს

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსაკითხად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი ვასილ კაკაშვილი მივიდა. როგორც კაკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გამოკითხვა ასევე შეეხება სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის პროცედურას. ,,ადვოკატებმა მომართეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს ეხება მათ შორის გადმოყვანის პროცედურას. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით უნდა მოხდეს მისი გამოკითხვა. გაგზავნილია შესაბამისი წერილები კამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა. ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა 28 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში დასრულდა და ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გამოკითხავს

ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

მედია ჩრდილოეთ კორეის მიერ სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ იუწყება. რაკეტა ზღვაში ჩავარდა კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის, რაც სეულმა და ტოკიომ დაგმეს. ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური და ბირთვული იარაღის გამოცდაზე გაეროს მხრიდან აკრძალვა მოქმედებს. ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ თავდაცვას გააძლიერებს და გასულ წელს არაერთი რეკეტა გამოსცადა. საახალწლო გამოსვლის შემდეგ, ეს პირველი ასეთი გამოცდაა.პირველად, ფაქტი იაპონიის სანაპირო დაცვამ 5 იანვარს, დილით დაადასტურა. „სამხრეთ კორეისა და აშშ-ის დაზვერვა მჭიდროდ აანალიზებენ ფაქტებს“, - ნათქვამია სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის (JCS) განცხადებაში. იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ნობუო კიშიმ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ბალისტიკურმა რაკეტამ დაახლოებით 500 კმ (310 მილი) იფრინა.

BBC-ის ცნობით, ყაზახეთში ინტერნეტი გაითიშა

ყაზახეთის უდიდეს ქალაქ, ალმათიში ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეები მერის შენობაში შეიჭრნენ. BBC-ის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. 4 იანვარს, პრეზიდენტმა გადააყენა მთავრობა და განაცხადა, რომ საწვავის დაბალი ფასები კვლავ დაბრუნდება. BBC წერს, რომ საპროტესტო აქციები იშვიათია ნავთობით მდიდარ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომელსაც მკაცრად აკონტროლებს მთავრობა. ალმათიში პოლიციამ რამდენიმე ათასი მომიტინგის წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზიდა სხვა საშუალებები გამოიყენა, თუმცა მერიის შენობაში შეჭრა ვერ აღკვეთა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ შენობიდან კვამლი ამოდიოდა, ასევე ისმოდა სროლის ხმა. ქალაქის პოლიციის უფროსმა, კანატ ტაიმერდენოვმა თქვა, რომ „ექსტრემისტები და რადიკალები“ თავს დაესხნენ 500 მშვიდობიან მოქალაქეს და დაარბიეს ასობით ბიზნესი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვა ქალაქებში ოფიციალური შენობების მახლობლად ხალხმრავლობაა და როგორც ჩანს, ინტერნეტ სერვისები გამორთულია ქვეყნის მასშტაბით. ამავე თემაზე: მედიის ცნობით, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, საოლქო ადმინისტრაციაში დემონსტრანტები შეიჭრნენ