ძებნის რეზულტატი:
გერმანიაში პირველი ვაქცინა მოხუცთა პანსიონატში მცხოვრებ 101 წლის ქალს გაუკეთეს
გერმანიაში,COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველად საქსონიაში, მოხუცთა სახლში მცხოვრებ 101 წლის ქალს გაუკეთეს. მედიის ცნობით, Biontech/Pfizer-ის ვაქცინა ასევე გაუკეთეს მოხუცებულთა სახლის სხვა ბინადრებს და მედპერსონალსაც. Biontech/Pfizer-ის ვაქცინა, რომელიც გერმანიაში დღეს შიტანეს, 16 ფედერალურ რეგიონში გადანაწილდება.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სლოვაკეთშიც დაიწყო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სლოვაკეთშიც დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ი წერს. პანდემიასთან დაკავშირებით. მთავრობის მიერ შექმნილი კომისიის წევრი იყო პირველი, რომელსაც Pfizer/BionTech-ის ვაქცინა გაუკეთეს. ვაქცინაცია ასევე დღეს დაიწყეს უნგრეთმა და გერმანიამ.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1097 ადამიანს დაუდასტურდა, 3208 გამოჯანმრთელდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 208. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 401 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 221 605-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 208 , ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 203 547-მდე. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 484 შემთხვევა, აჭარა - 81, იმერეთი - 185, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 63, გურია - 26 სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 61, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 655, საიდანაც, 5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 613, აჭარაში - 541, იმერეთში - 1 108. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 009 , მათ შორის, თბილისში - 505, აჭარაში - 106, იმერეთში - 214. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 441 კოვიდინფიცირებული, მათგან თბილისში - 200, აჭარაში - 84, იმერეთში - 67. 1 393 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 523 - თბილისში, 620 - აჭარაში, 100 - იმერეთში. 8 585 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 420 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 187, აჭარაში - 135, ხოლო იმერეთში - 13. სულ 6 ოქტომბრიდან - 26 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 974 . ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 896 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 713, აჭარაში - 3 451, იმერეთში - 4 858.
ბოლო 24 საათში 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 377 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 3 208 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
კარლ ჰარცელი: ნათელია, რომ ეს მოლაპარაკებები ძალიან რთულად მიმდინარეობს
დემოკრატია არაა ტესტი, დემოკრატია განვითარების პროცესია. ეს არჩევნები ერთ-ერთი ნაბიჯია ამ პროცესში. ჩემი აზრით, 31 ოქტომბრის არჩევნებში ბევრი დადებითი რამ მოხდა და ამ მხრივ, 8 მარტის შეთანხმებამაც თავისი როლი ითამაშა. საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, მეტი პარტია ვნახეთ, მეტი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა გაჩნდა, მეტი საარჩევნო პროგრამა მოვისმინეთ. დისკუსია სწორედ იმაზე უნდა იყოს, თუ რა მიმართულებით უნდა დავიდეს ქვეყანა, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, „იმედს“ განუცხადა. „2018 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, როდესაც საქართველოში ახალი ჩამოსული ვიყავი, ამ არჩევნებში ნაკლები აგრესია და სიძულვილის გამოხატვა იყო. უნდა აღვნიშნო, რომ პანდემიის მიუხედავად, ამდენმა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ამავდროულად, იყო დოკუმენტურად დადასტურებული ხარვეზები ეუთო/ოდირის ანგარიშში, იყო პრობლემები საჩივრებთან დაკავშირებით, უკვე არჩევნების შემდეგაც. ეს ყველაფერი გადაიზარდა სიტუაციაში, რომელშიც დღეს ვართ. ისევ ვსხედვართ მოლაპარაკების მაგიდასთან, იმართება პოლიტიკური დიალოგი და ვცდილობთ, ვიპოვოთ გამოსავალი. ვფიქრობ, ნათელია, რომ ეს მოლაპარაკებები ძალიან რთულად მიმდინარეობს, რადგან ვეხებით ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა არჩევნები, დემოკრატია, ის, თუ რა გზით უნდა წავიდეთ წინ. მე სულაც არ ველოდი, რომ მოლაპარაკებები ადვილი იქნებოდა. ვფიქრობ, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობები, თუკი კარი ან თუნდაც ფანჯარა, მისაღები გამოსავლის საპოვნელად, ღიაა, მე, როგორც ერთ-ერთი ფასილიტატორი, აუცილებლად დავეხმარები ამ პროცესს, თუმცა, დრო გადის“, - აღნიშნა დიპლომატმა.
აშშ-ში, ნეშვილის ცენტრში აფეთქება სავარაუდოდ თვითმკვლელმა მოაწყო
აშშ-ში, ქალაქ ნეშვილის ცენტრში აფქეთქება შობას, სავარაუდოდ თვითმკვლელმა მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მედია სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრნდობით ავრცელებს. ჯერჯერობით არ არის დადგენილი დანაშაულის მოტივი და მისი ჩამდენი. პოლიციამ სავარაუდო კავშირში მყოფთა სახლში ჩხრეკაც ჩაატარა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ძლიერი აფეთქების ადგილას ადამიანის ნეშტი იპოვეს. აშშ-ში, ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, ავტომობილის აფეთქების ადგილზე ადამიანის ნეშტი გუშინ იპოვეს.
ირანში, ალბორზის ქედზე სულ მცირე 10 მთამსვლელი დაიღუპა
ირანში, თეირანის სამხრეთით მდებარე მთებში სულ მცირე 10 მთამსვლელი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის პოლიტიკური აქტივისტი, აკადემიკოსი, ექიმი და ინსტრუქტორი არიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მაშველებმა 14 ალპინისტი გადაარჩინეს, თუმცა 7 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სამძებრო ოპერაცია ღამით შეჩერდა და ვარაუდობენ, რომ დღეს განახლდება. ალბორზის ქედი მთამსვლელებსა და მოთხილამურეებში პოპულარობით სარგებლობს. ტრაგედიას ზვავს და ქარბუქს უკავშირებენ.
საბჭოთა ჯაშუში, ორმაგი აგენტი, ჯორჯ ბლეიკი გარდაიცვალა
რუსული მედიის ცნობით, ჯორჯ ბლეიკი, MI6- ის ყოფილი ოფიცერი და ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაშუში, ორმაგი აგენტი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. საბჭოთა ჯაშუში 9 წლის განმავლობაში ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურიდან საბჭო კავშირს სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიდა. 1960 წელს ბლეიკი დააპატიმრეს ლონდონში, მაგრამ 1966 წელს პატიმრობას თავი დააღწია და რუსეთში გაიქცა. მისი გარდაცვალება, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) პრეს ბიუროს ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა დაადასტურა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით ბლეიკი „განსაკუთრებული გამბედაობის პროფესიონალი“ იყო. ჯორჯ ბლეიკის მიერ გადაცემულმა ინფორმაციამ გამოიწვია ბრიტანეთის, MI6-ის 40 აგენტის გამოაშკარავება.
საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი ვაქცინაციას დღეს დაიწყებენ
სლოვაკეთმა და უნგრეთმა კოლეგებს დაასწრეს და ვაქცინაცია ესპანეთსა და საფრანგეთზე ერთი დღით ადრე დაიწყეს. გერმანიამაც გადაწყვიტა ვაქცინაცია, ოფიციალურ თარიღამდე ერთი დღით ადრე დაეწყო და შაბათს მოხუცთა თავშესაფრის რამდენიმე ბენეფიციარი აცრა. უნგრეთმა Pfizer-BioNTech- ით ვაქცინაცია დედაქალაქიდანვე დაიწყო. სლოვაკეთში, პირველმა ვაქცინა ინფექციონისტმა და მთავრობის პანდემიის კომისიის წევრმა მიიღო, შემდეგ კი მისი კოლეგები აიცრნენ. საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, პორტუგალია და ესპანეთი კვირას დაიწყებენ მასობრივ ვაქცინაციას, პრეპარატს ქვეყანაში ჯანდაცვის მუშაკები მიიღებენ. ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს გერმანიასა და სლოვაკეთში.
ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა
87 წლის ასაკში ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა. ჯულიეტა ვაშაყმაძემ 1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით, აგრეთვე თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს. 1961-1962 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, სადაც რამდენიმე როლი განასახიერა. გადაღებულია კინოფილმებში: „ყვავილი თოვლზე“, „თოჯინები იცინიან“, „პაპა გიგია“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“ და ტელეფილმში „მზე ჭიქაში“. 1958 წლიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიის დიქტორი გახდა, შემდგომში კომენტატორი, პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო-პოლიტიკური, ლიტერატურული, სამეცნიერო, საბავშვო, თეატრალური თუ ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი მიძღვნილ გადაცემათა წამყვანი, ტელეგადაცემების ავტორი („რედაქციაში წერილი მოვიდა“, „ცარიელ დარბაზში“, „სპექტაკლის შემდეგ“, „სტუდია-5“, „ჩვენი მისამართია“ და სხვ.). მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი. 2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა.
ნეთანიაჰუმ მაროკოს მეფე ისრაელში მიიწვია
ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნათანიაჰუს თქმით, მაროკოს დელეგაცია ისრაელში ჩავა, რათა ორივე მხარემ, ახლად დალაგებულ ურთიერთობებზე მოლაპარაკებები განაგრძონ. ნეთანიაჰუმ მოჰამედ VI- ს ესაუბრა, მან მაროკოს მეფე ქვეყანაში მიიწვია. პრემიერის თქმით, ისინი შეთანხმდნენ, რომ მაროკოს დელეგაცია თელ-ავივში ჩავა, რათა მოლაპარაკებები ბოლომდე მიიყვანონ. Reuters-ის სააგენტო ეცადა, მაროკოს მთავრობის სპიკერთან დაკავშირებას, თუმცა მათი თქმით, კომენტარის გაკეთება ვერ მოხერხდა. დიპლომატიურმა წყარომ, რომელიც ანონიმურობას მოითხოვს, განაცხადა, რომ დელეგაციის შეხვედრის დრო და შემადგენლობა ჯერ არ არის განსაზღვრული. . პალესტინისგან განსხვავებით, მაროკო არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინისა და სუდანის მაგალითზე,ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების გეგმავს. პალესტინა აღნიშნულ ინიციატივას ღალატად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ისრაელი პირველ რიგში ვალდებულია, მათი ტერიტორიული მოთხოვნები დააკმაყოფილოს, ვიდრე სხვა არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზირებას ეცდება.
იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა ჯანდაცვის მუშაკებს გაუკეთეს
იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer and BioNTech-ის ვაქცინა რომის ჰოსპიტალში ჯანდაცვის სამ მუშაკს გაუკეთეს. 29 წლის კლაუდია ალივერმინმა მედიას განუცხადა, რომ აცრის პროცესმა კარგად ჩაიარა და ეს ისტორიული დღეა. „ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია“, - აღნიშნა მედდამ. იტალიაში ვაქცინას პირველ რიგში ჯანდაცვის მუშაკებს და მოხუცებს უკეთებენ. ევროპაში მასობრივი ვაქცინაცია უკვე დაიწყო.
არქეოლოგებმა პომპეიში ანტიკური ხანის კვების ობიექტის დახლი აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებულ ქალაქ პომპეიში ანტიკურ კვების ობიექტის დახლს მიაკვლიეს. ასევე ნაპოვნია უნიკალური ტერაკოტას ჭურჭელი, სადაც მეცნიერებმა სხვასხვა საჭმლის კვალიც იპოვეს. ადგილზე, სადაც გათხრები ჩატარდა, დაახლოებით 2000 წლის წინ ე.წ. თერმოპოლიუმი მდებარეობდა, რაც დღევანდელი მნიშვნელობით კვების ობიექტს ნიშნავს. დახლის წინა მხარე ცხოველებისა და ფრინველების გამოსახულებებითაა მოხატული. ვარაუდობენ, რომ მათ შორის ზოგიერთს ინგრედიენტებად იყენებდნენ. „ეს არაჩვეულებრივი აღმოჩენაა. პირველი შემთხვევაა, როცა მთელ თერმოპოლიუმს ვთხრით”, – აცხადებს პომპეის არქეოლოგიური პარკის დირექტორი მასიმო ოსანა. გათხრების შედეგად აღმოჩენილ კონტეინერებში ღორისა და ძროხის ხორცის, ასევე, თევზისა და ლოკოკინის კვალს მიაგნეს. ასევე, კერამიკული ქილები და ღვინის ჭურჭელიც არის ნაპოვნი.
ბრიტანეთმა 1000-ზე მეტი სამხედრო გაგზავნა დოვერის პორტში ჩარჩენილი მძღოლებისთვის კოვიდტესტის ჩასატარებლად
1,000 ბრიტანელი ჯარისკაცი, საშობაო დღეებს ბრიტანეთის საპორტო ქალაქ დოვერში გაატარებს, რათა სატვირთო მანქანების მძღოლებს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარონ. პორტში, ჯარისკაცების დამატებითი რაოდენობის ჩასვლამდე უკვე იყო 300 სამხედრო, რომლებიც აღნიშნული დავალებისთვის თავდაცვის სამინისტრომ სპეციალურად გაგზავნა. სამხედრო მოსამსახურეების ჩარევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბრიტანეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი შტამის გამო ქვეყანასთან მიმოსვლა რამდენიმე ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ გააუქმა. მათ შორის საფრანგეთმაც, რომელსაც გაერთიანებული სამეფო სწორედ დოვერის პორტით უკავშირდება. საფრანგეთის მთავრობამ რამდენიმე დღეში გააუქმა გადაწყვეტილება და სატვირთოს მძღოლებს ქვეყანაში შესვლის ნებართვა მისცა, თუ მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდებოდათ.
კვიპროსის სასწავლო ფრენის დროს ბრიტანული სამხედრო დრონი ჩამოვარდა
დიდი ბრიტანეთის, სამხედრო ტიპის დრონი, რომელსაც ამჟავამად ქვეყანა სუეცის არხის მონიტორინგისთვის იყენებს, კვიპროსში სასწავლო ფრენების დროს ჩამოვარდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. კრიტიკოსების თქმით, უპილოტო თვითმფრინავს არ ჰქონდა უნარი ცუდ ამინდში მუშაობის და მათი თქმით, ის 2014 წლიდან, 2018 წლამდე თითქმის ხუთჯერ ჩამოვარდა. სამხედრო უპილოტო ხომალდების პროგრამაში ბრიტანეთის მთავრობამ დაახლოებით 1 მილიარდი ფუნტი დახარჯა, თუმცა დრონი, ისევე როგორც სამხედრო პროგრამა მრავალი კრიტიკის სამიზნე აღმოჩნდა. დანიშნულება შეცვლილ დრონს, უკვე სასაზღვრო კონტროლისთვის იყენებენ, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია „Drone Wars Uk”-ის (დრონების ომი; დიდი ბრიტანეთი) დამაარსებლის ქრის კოულის თქმით, სულ მალე მთავრობამ სამხედრო დრონებს საშინაო პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენებს.
ბოსტონელი ექიმი, რომელსაც ვაქცინის შემდეგ ალერგია განუვითარდა, საავადმყოფოდან გაწერეს
ექიმი ჰოსეინ სადაზეჰის თქმით, მას Moderna-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მძიმე ალერგიული შეტევა განუვითარდა. ინფორმაციას NY Times-ი ავრცელებს. ალერგიული რეაქცია Moderna-ს პრეპარატზე არის პირველი შემთხვევა, რომელიც ამერიკული წარმოების ვაქცინამ გამოიწვია. ამ დრომდე ფედერალური საგამოძიებო სააგენტოები, ანაფელაქსიური შოკის ექვს შემთხვევას იძიებენ, აქედან ხუთი Pfizer-BioNTech –ის პრეპარატს უკავშირდება. სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებმა განიხილეს ალერგიული რეაქციები, რომლებიც ეხებოდა Pfizer–ის ზოგიერთ შემთხვევას, მაგრამ არ დაუდგენიათ, ვაქცინის ნივთიერებამ გამოიწვია თუ არა ალერგიული რეაქციები. ბრიტანეთში რამდენიმე ჯანდაცვის მუშაკმა ანაფილაქსია განიცადა ამ თვის დასაწყისში Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ. Moderna-სთან დაკავშირებულ ალერგიულ შეტევაზე ასევე დაიწყო გამოძიება. ექიმი ჰოსეინ სადაზეჰის თქმით, ის ამჩნევდა, რომ ალერგია უვითარდებოდა პრეპარატზე და მას ნებართვა მისცეს გამოეყენებინა საკუთარი „Epipen“-ი (ალერგიის საწინააღმდეგო ინექცია გადაუდებელ სიტუაციისთვის). ექიმი მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გასინჯეს, გამოკვლევები ჩაუტარეს და მალევე გაწერეს, ის თავს კარგად გრძნობს. აშშ-ში ვაქცინაცია თითქმის ორი კვირაა რაც მიმდინარეობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს. მანამდე შეკრებილებს სიტყვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა. ასევე, ღონისძიებაზე ლაივ რეჟიმში ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი. ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ 20 779 შეადგინა. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7288 ხმა). „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა. მან Facebook გვერდზე დაწერა, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ სამართალდამცველს ბრალი წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული სამართალდამცველის მიმართ ბრალის წაყენების თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ვ.ზ. -ს ბრალდება განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით წარუდგინა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ, ბრალდებული ვ.ზ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში. თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში პოლიციელია ბრალდებული.
აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი 63 წლის კაცია
პოლიციამ გამოიძია აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე ბანაკის აფეთქების ფაქტი, რომლის შედეგად, შობა დღეს ნეშვილში სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სამართალდამცავების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ადამიანის ნეშტის დნმ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ის 63 წლის ენტონი ქუინ უორნერს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი ნეშვილის მკვიდრი იყო და ერთ-ერთი კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში მუშაობდა. ცნობისთვის, ტენესის შტატში, ქალაქ ნეშვილის ცენტრში, 25 დეკემბერს, ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე ფურგონის ტიპის ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და ათობით შენობა დაზიანდა. მაშინ სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ აფეთქება წინასწარგანზრახული იყო.
დღეიდან იაპონიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესვლა ეკრძალებათ
დღეიდან იაპონია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, Covid-19-ის ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებით, ქვეყანაში შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მას შემდეგ აეკრძალათ, რაც ქვეყანაში დაფიქსირდა Covid-19 ახალი შტამის რამდენიმე შემთხვევა. გავრცელებული იმფრომაციით, აკრძალვა იაპონიის მოქალაქეებსა და ქვეყანაში ცხოვრების უფლების მქონე პირებს არ ეხებათ, თუმცა მათთვის 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა იქნება აუცილებელი. შეზღუდვა ძალაში მომავალი წლის იანვრის ბოლომდე დარჩება. იაპონიაში Covid-19-ის ახალი შტამი ბრიტანეთიდან ჩასულ ორ მოქალქეს დაუდასტურდა.