ძებნის რეზულტატი:
მექსიკა, კოსტა რიკა და ჩილე მასობრივ ვაქცინაციას იწყებენ
მექსიკელი მედდა პირველია, ვინც ლათინურ ამერიკაში კორონავირისის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. წერს BBC. პანდემიამ მექსიკას საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა, ქვეყანა სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა, ამის პარალელურად ქვეყანაში, შეძენილი 34 მილიონი დოზიდან სამი ათასი დოზა უკვე ჩავიდა. ჩილეში 600,000-მდე კორონავირუსის შემთხვევაა დაფიქსირებული და ქვეყანაში 16 ათასზე მეტი ლეტალური შემთხვევა აღირიცხა. ქვეყნის პრეზიდენტი ვაქცინაციის დაწყებას აფასებს, როგორც „იმედის მომცემ და განსაკუთრებულ მომენტს“ და მოსახლეობას ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს. კოსტა რიკა ასევე მძიმე ეპიდსიტუაციას ებრძვის და ქვეყანა ასევე ემზადება Pfizer/Biotechnic-ის პრეპარატის გამოყენებისთვის. ლათინური ამერიკის სამმა ქვეყანამ ვაქცინაცია 24 დეკემბერს დაიწყო და პრეპარატის დამატებით დოზებს უახლოეს მომავალში მიიღებენ.
COVID19: 1 881 ახალი შემთხვევა, 37 გარდაცვლილი
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 515, გარდაიცვალა 37. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 655 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 747 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 908 PCR ტესტით. საერთო რაოდენობა შეადგენს 218 724-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 515, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 196 220-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 313 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 863 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 259, ქვემო ქართლი - 168, შიდა ქართლი - 145, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 112, კახეთი - 108, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11. ამ ეტაპზე 20 165 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც, 5 969 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 687, აჭარაში - 584, იმერეთში - 1 196. ამ ეტაპზე 1 068 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში - 522, აჭარაში - 121, იმერეთში - 239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 414, მათგან თბილისში - 187, აჭარაში - 64, იმერეთში - 74. 1 542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 603 - თბილისში, 668 - აჭარაში, 112 - იმერეთში. 12 654 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 396 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 183, აჭარაში - 116, ხოლო იმერეთში - 13. სულ 6 ოქტომბრიდან - 24 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 905 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 693 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 708 პირი, აჭარაში - 4 006, იმერეთში - 4 887“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
„სამართლიანი არჩევნები“ აღმასრულებელმა დირექტორმა დატოვა
ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს. ამის შესახებ ISFED-ის ბორდის წევრმა თამარ სართანიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. „უბრალოდ ის ინფორმაცია შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ელენე აღარ არის დირექტორი და დანარჩენზე ხვალ ჩანიშნულ ბრიფინგზე ვისაუბრებთ. ელენესთან ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია და ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვქონდა ნამდვილად“, - განაცხადა თამარ სართანიამ. „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ განმარტაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.
ბრიტანეთის დედოფალი შობას ოჯახთან ერთად არ შეხვდება
გაერთიანებულ სამეფოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დედოფალი საშობაო საღამოს ოჯახისგან მოშორებით შეხვდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახი ერთად არ შეხვდება შობას, ბრიტანეთის დედოფალი არ უღალატებს ტრადიციას და ჩვეულებისამებრ მოსახლეობას მიმართავს სიტყვით. როგორც ბრიტანული მედია წერს, დედოფალი სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოში შექმნილ სიტუაციაზეც ისაუბრებს. 94 წლის ელისაბედ II და 99 წლის პრინცი ფილიპი პანდემიის განმავლობაში, უინძორის სასახლეში იმყოფებიან. სამეფო ოჯახი საშობაო მსახურებას ყველა წესის დაცვით დაესწრება.
საქართველოში ქრისტიანების ნაწილმა შობა შეზღუდვების პირობებში აღნიშნა
ქრისტიანებს, რომლებიც შობას 25 დეკემბერს ზეიმობენ, შობის ღამის აღნიშვნა შეზღუდვების პირობებში მოუწიათ. საქართველოს კათოლიკურ ტაძრებში საშობაო მესა „კომენდანტის საათის“ დაწყებამდე, საღამოს 9 საათამდე შესრულდა. კათოლიკე ეკლესიამ არ გაიზიარა მთავრობის გადაწყვეტილება, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების ნებართვის მისაღებად წირვაზე დასწრების მსურველთა პირადი მონაცემები გადაეცა შესაბამისი სამსახურებისთვის. „განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა?!“, - განაცხადა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ საშვების მისაღებად მიმართვისკენ მოუწოდა იმ კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ქრისტეშობა ტრადიციული ღამისთევის გარეშე აღნიშნა ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ღამის ღვთისმსახურებაში მხოლოდ სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა
აჭარის ახალარჩეულმა უმაღლესმა საბჭომ 14 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. მთავრობის უცვლელ შემადგენლობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს. მთავრობის შემადგელობას მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" თოტხმეტმა დეპუტატმა. მთავრობის დამტკიცების წინააღმდეგი იყო ოპოზიციური ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ უმაღლეს საბჭოში შესული ერთადერთი დეპუტატი, ირაკლი ჩავლეიშვილი. აჭარის მთავრობის წევრები არიან: ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე. სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე. განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე. აჭარის უმაღლეს საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს საბჭოში წარმოდგენილ სუბიექტებთან კონსულტაციის შედეგად. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსულტაცია 22 დეკემბერს გამართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან და 23 დეკემბერს გამოსცა განკარგულება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის წარდგენის შესახებ. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 მანდატიდან 14 „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და 7 ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“. ეს ბლოკი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და მის შედეგებს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციური ბლოკიდან არჩეული 7 დეპუტატიდან 6-მა უმაღლეს საბჭოს მიმართა უფლებამოსილების შესაწყვეტად. საბჭოში საქმიანობა გადაწყვიტა ბლოკის საარჩევნო სიის წევრმა, ყოფილმა რესპუბლიკელმა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
25 დეკემბერი ილია მეორის აღსაყდრების დღეა
25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. დღეს საქართველოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 43 წელი შეუსრულა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.მას სახელად ილია მეორე ეწოდა. პანდემიის გამო, დღეს, საქართველოს საპატრიარქოში რაიმე ღონისძიება არ იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „მისი უწმინდესობა წირვას საპატრიარქოს ტაძარში დაესწრება, მღვდელმთავრებს კი სთხოვს, ილოცონ თავის ეპარქიაში. ვისაც აქვს სურვილი, ჩვენს მწყემსმთავარს მიულოცოს პატრიარქობის 43-ე წელი, საქართველოს, საქართველოს ეკლესიის და მის უწმინდესობის კეთილდღეობისათვის პარასკევს, 25 დეკემბერს, დამატებით წაიკითხეთ 90-ე ფსალმუნი და „მოწყალებისა კარი განგვიღე. ასევე, კარგი იქნება, თუ რაიმე სიკეთეს გაუკეთებთ თუნდაც ერთ გაჭირვებულ ადამიანს; სიტყვით ნუგეშინისცემაც მადლად ჩაგეთვლებათ. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს", - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის სასახლესთან აქცია მიმდინარეობს
პრეზიდენტის რეზიდენციასთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პრეზიდენტის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთებას აპროტესტებენ. ამავდროულად, პასუხს სთხოვენ ზურაბიშვილს იმ პოზიციისა და ინიციატივის გამოც, რომელიც მან „კავკასიური პლატფორმის“ შექმნის შესახებ გააჟღერა. შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს Twitter-ით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ 2021 წელი იქნება „ჩვენი გაცოცხლების წელი“ და საქართველო „კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორე ხარისხოვანი“.
მაიკლ ჯექსონის რანჩო Neverland-ი 22 მილიონ დოლარად გაიყიდა
გარდაცვლილი პოპმუსიკოსი, მაიკლ ჯექსონის რანჩო მილიარდელმა, რონ ბერკლიმ 22 მილიონ დოლარად იყიდა. კალიფორნიაში, ლოს ოილივოსშ,მილიარდელმა ჯექსონის რანჩო,საწყის ფასზე ოთხჯერ იაფად იყიდა. მყიდველების ნაკლებობის გამო, პოპმუსიკოსი რანჩოს ღირებულება საგრძნობლად გაუფასურდა. Thriller– ის მომღერალმა 'ნევერლენდი" მისი პოპულარობის პერიოდში 1987 წელს იყიდა. ჯექსონმა თავდაპირველად $ 19.5 მილიონი გადაიხადა Neverland- ში, რომელსაც მან გამოგონილი კუნძულის სახელი დაარქვა, სადაც ბავშვები არასდროს იზრდებიან ჯ.მ. ბარის, პიტერ პენის სიუჟეტის მიხედვით.
პოლიციამ თბილისში, 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, საკარანტინო წესების დარღვევისთვის 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. " ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე: 1982 წელს დაბადებული ბ.ჯ. და 1985 წელს დაბადებული ა.კ. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. ბ.ჯ. კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 15 დეკემბრიდან იმყოფება, ხოლო ა.კ. – 20 დეკემბრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქეებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი.სამართალდამცველებმა კოვიდინფიცირებული ა.კ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი ვარკეთილის დასახლებაში ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდაღრიცხვაზე მყოფ ბ.ჯ.-ს, ის თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ქვეითად გადაადგილებისას დაჯარიმდა.პოლიციამ ორივე კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის 2000-2000 ლარით. დაჯარიმების შემდეგ, ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს" - ნათქვამია განცხადებაში
თბილისის მერია მუსიკოსების საახალწლო კონცერტში ჩასართავად 400 000 ლარს მიიღებს
თბილისის მერია საახალწლო კონცერტის გასამართად 400 000 ლარს მიიღებს. - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავას თქმით, ეს თანხა კულტურის მოღვაწეებისა და მუსიკოსების ჰონორარებს მოხმარდება და მათ პანდემიის დროს შემოსავლის მიღებაში დაეხმარება, რადგან პანდემიამდე, ისინი ყოველთვის ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო ღონისძიებებში, თუმცა არსებული შეზღუდვების გამო, მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობას. „მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც დღეს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ეს ეხება ჩვენი კულტურის მოღვაწეებს, მუსიკოსებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვეულებრივ დროს, პანდემიამდე, ისინი ყოველთვის ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო, საკონცერტო ღონისძიებებში, რომლებიც იმართებოდა, როგორც სხვადასხვა სასტუმროში, ასევე სხვადასხვა რესტორანში მთელი საქართველოს მასშტაბით. დღესდღეობით, ჩვენი კულტურის მოღვაწეები, მუსიკოსები, მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობას, ვინაიდან, არსებული შეზღუდვების გამო, იცით, რომ არ იფუნქციონირებენ რესტორნები, ჩვენ, ასევე, მკაცრად ავუკრძალეთ სასტუმროებსაც საახალწლო, საკონცერტო ღონისძიებების გამართვა, ეს არის აკრძალული. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მერიას გამოეყოფა 400 000 ლარი, იმისთვის, რომ მან, თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებში ჩართოს რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, მუსიკოსი, ვინც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას არიან მოკლებულები. იცით, რომ ქალაქ თბილისის მერია გეგმავს სხვადასხვა საახალწლო, საკონცერტო პროგრამას, რა თქმა უნდა, უსაფრთხო რეჟიმში, მაყურებლის გარეშე, რომელიც გადაიცემა ტელევიზიით და ვფიქრობთ, რომ ძალიან სწორი, კარგი და დროული გადაწყვეტილებაა, რომელიც გაუხარდება ძალიან ბევრ კულტურის მოღვაწეს ამ რთულ ვითარებაში და ამ შეზღუდვებში, ვინც, რა თქმა უნდა, დაზარალდა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
აშშ ბრიტანეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხს მოსთხოვს
შეერთებული შტატების მთავრობა მოითხოვს, რომ გაერთიანებული სამეფოდან ჩამოსულმა ყველა მგზავრმა კორონავირუსზე ჩატარებული ტესტზე უარყოფითი პასუხი წარადგინოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში, ახალი კორონავირუსის ვარიანტის გავრცელებას მოჰყვა, რის გამოც ბევრი ქვეყანა იძულებული გახდა, ბრიტანეთთან საზღვარი ჩაეკეტა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადებაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფოდან ჩამოსული ავიაკომპანიის ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტზე უარტოფითი შედეგი, რათა ქვეყანაში შემოსვლის უფლება მიეცეთ. მათი თქმით, მგზავრებმა წერილობითი დოკუმენტი უნდა იქნონიონ თან, სადაც PCR ან ანტიგენის ტესტირების პასუხები იქნება მოცემული. აშშ-მა და ევროპამ, ბრიტანეთში ფრენების დიდი რაოდენობა უკვე შეზღუდეს. რა ვიცით კორონავირუსის ახალი ტიპის შესახებ, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა.
პაატა იმნაძე: დღეში 22000 ტესტის ჩატარება შეგვიძლია, მაგრამ სამწუხაროდ, მომართვიანობა 14000-მდე ჩამოვიდა
"ჩვენ ქვეყანას თავისუფლად შეუძლია 20-22000 ტესტირება დღეში, სამწუხაროდ 14000-მდე ჩამოვიდა", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გამოკვლევებზე მიმართვიანობა მცირდება. ვთხოვ ყველას, ვისაც სიმპტომები ექნება, შესაბამის ცენტრებს აუცილებლად მიმართონ. ჩვენ ქვეყანას თავისუფლად შეუძლია 20-22000 ტესტირება დღეში, სამწუხაროდ 14000-მდე ჩამოვიდა. თავდაპირველად ადამიანები აქტიურად მიდიოდნენ, ახლა ეტყობა, რომ ნაკლებად მიდიან. ძალიან ვთხოვ, ვისაც მცირე სიმპტომები მაინც ექნება, აუცილებლად მივიდნენ და ჩაიტარონ ტესტი“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. როგორც იმნაძემ აღნიშნა, იგეგმება საეჭვო შემთხვევების გამოკვლევა და აღმოჩენის შემთხვევაში კორონავირუსის ახალი შტამის სეკვენირება. „ჩვენ ვაკეთებთ ვირუსების სეკვენირებას. მსოფლიოს პირველ 20 ქვეყანაში ვიყავით, ვინც სეკვენსი გააკეთა და ატვირთა მსოფლიო ბაზაში. ლუგარის ცენტრში ეს მუშაობა გრძელდება. ახლა უნდა გადავარჩიოთ ის საეჭვო შემთხვევები, რომელიც შესაძლოა, იყოს ახალი შტამი და მათი სეკვენირება უნდა მოხდეს. ამას გავაკეთებთ, მაგრამ არავითარი დიდი განსხვავება ახალ შტამსა და ძველ შტამს შორის, მაშინ როდესაც ჩვენ 2-3 კვირის წინ რეკორდი მოვხსენით და ვიყავით პირველები გავრცელებით, არ არის. აქედან გამომდინარე, არ მგონია ახალმა შტამმა რაიმე შეცვალოს გარდა იმისა, რომ უნდა დავიცვათ პირბადე და დისტანცია. 70%-მდეა მისული ყველა საერთაშორისო შეფასებით ჩვეთან პირბადის ტარება, თუ ამას ავწევთ და 95-ს მივაღწევთ, არავითარი შეზღუდვა აღარ დაგვჭირდება, ახალი შტამისგანაც დაგვიცავს და ძველისგანაც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
თამარ გაბუნია: საქართველოს დღესვე შეუძლია სამი ძირითადი ვაქცინით განახორციელოს ვაქცინაცია
„პირველი მოთხოვნა საქართველოს დღესვე შეუძლია მიიღოს და განახორციელოს ვაქცინაცია იმ სამი ძირითადი ვაცქინით"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბიუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. „პირველი მოთხოვნა საქართველოს დღესვე შეუძლია მიიღოს და განახორციელოს ვაქცინაცია იმ სამი ძირითადი ვაცქინითრომელიც დღეს არის დაწინაურებული და რომელიც არის რეალური - საუბარია Astrazeneca-ზე, რომელსაც სჭირდება 2-დან 8 გრადუსამდე და ეს ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ როგორც COVAX-ის პლატფორმის, ასევე უფრო ადრე ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკების გზით და უკვე იკვეთება კონკრეტული წინადადებები ამასთან დაკავშირებით. ასევე არის Pfizer-ის ოფცია, რომელიც მინუს 70%-ს საჭიროებს ვაქცინაციისთვის და რამდენიმე მაცივარი უკვე არის ქვეყანაში. იგივე შეიძლება ვთქვა Moderna-ზე, რომელსაც მინუს ოცი გრადუსი სჭირდება და ამის ტექნიკური შესაძლებლობაც არსებობს - ქვეყანას დიდი გამოცდილება აქვს იმუნიზაციის წარმოების, ტექნიკურად ამის უზრუნველყოფის ორგანიზება პრობლემა არ იქნება. ვფიქრობ, მარტი რეალური დროა, რომელიც ვაქცინაციის დასაწყებად გვაქვს განსაზღვრული, თუმცა მაინც ვდილობთ, რომ უფრო ადრეც, თუ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, ვაქცინაციის დასაწყისი უფრო ადრეც იყოს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. გაბუანიას თქმით, COVAX-ის პლატფორმის საშუალებით ვაქცინაციისთვის 16 მლნ დოლარია განსაზღვრული. „ამ თანხის ნაწილი უკვე გადახდილია და ნაწილი უნდა გადავიხადოთ მას შემდეგ, როდესაც ვაქცინა შემოვა და ეტაპობრივად მოხდება ამ ვაქცინის მოწოდება. ერთ ადამიანს ორი დოზის აცრა სჭირდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მძიმე ავადმყოფის, დათა ვანიშვილის ქალიშვილს საოკუპაციო რეჟიმი 88 წლის მოხუცის მონახულების უფლებას არ აძლევს
სოფელ ხურვალეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გავლებული მავთულხლართების მიღმა მცხოვრები 88 წლის დათა ვანიშვილი ფილტვების ანთებას ებრძვის, მოხუცს დაავადება მძიმე ფორმებში აქვს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კი ქართველ ექიმებთან მკურნალობის შესაძლებლობას არ აძლევს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, ავადმყოფის მონახულებას მის ქალიშვილსაც უკრძალავენ. დათა ვანიშვილს კორონავირუსზე ტესტირების შედეგად კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა. Europetime-ს დათა ვანიშვილის მეუღლემ, ვალია ვანიშვილმა განუცხადა, რომ დღეს მისი ქმრის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. „ახლა არაუშავს ჭამა დაიწყო, ფეხზე დადგა. ცხინვალის მიერ კონტროლირებად სოფელ ორჭოსანიდან გადმოდის ექიმი, ნემსებს უკეთებს. ქართველებს არ უშვებენ. ჩემი შვილი ერთი ზეღდულეთშია გათხოვილი, ცხინვალის მიერ კონტროლირებად სოფელში, მასაც არ უშვებენ სახლში. სამი დღის წინ, პოლიციამ მოიყვანა, პროდუქტები მომაწოდა შორიდან.როდესაც ჩემმა შვილიშვილმა, მალხაზ ვანიშვილმა პაპას ავადმყოფობაზე გაიგო, ცოლთან ერთად გადმოვიდა მავთულხლართს მიღმა და რუსებმა დაიჭირეს. ჩაერია საქართველოს მთავრობა და ახლა აქ არის ჩემი შვილიშვილი, ჩემს გვერდით“, - აღნიშნავს მავთულხლართს მიღმა დარჩენილი ვალია ვანიშვილი. Europetime-თან საუბრისას ის ამბობს, რომ ყველაზე მეტად სამედიცინო მომსახურება და საკვები პროდუქტები სჭირდებათ. „იქნებ, კარტოფილი და საჭმელი მოგვაწოდოს ვინმემ. ცოტა ხნის წინ კი მოგვაწოდეს, ქართველებმა, ჟურნალისტებიც იყვნენ იქ. ამ ზაფხულს გავიკეთე თვალის ოპერაცია ერთ თვალზე ტკივილი დამეწყო, მაგრამ ვერ გადავალ, ქართულ საავდმყოფოში, რუსები დამიჭერენ. ბევრი ვიტირე, ჯერ ჩემი ქმრის ავადმყოფობაზე, მერე შვილიშვილის დაჭერაზე და თვალი ამტკივდა. ჩემი შვილიშვილიც ვეღარ დაბრუნდება ხურვალეთში, დაიჭერენ, ხუთ წელს მაინც მიუსჯიან“, - აღნიშნავს ვალია ვანიშვილი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დათა ვანიშვილის ავადმყოფობის დადგენისთანავე, რეგულარულ კონტაქტზე არიან მისი ოჯახის წევრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. „რეგულარულ კონტაქტზე ვართ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე ბატონი დათა ვანიშვილის ოჯახის წევრებთან. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩვენს ხელთ არსებული არაფორმალური კომუნიკაციის არხები. ამ ეტაპისთვის თქვენთვის ცნობილია, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კრძალავს თავისუფალ გადაადგილებას, მათ შორის ისეთი მძიმე პაციენტებისთვის, როგორიც ამ ეტაპზე არის ბატონი დათა ვანიშვილი. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, არსებული შესაძლებლობებიდან და რეალური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ვმოქმედებთ, მათ შორის ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა. ვანიშვილების ოჯახს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მავთულხლართებთან ას მეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოებას უკრძალავენ და დაკავებით ემუქრებიან. მავთულხლართის გავლებამდე ვანიშვილების სახლი და სამეურნეო მიწები სოფელ ხურვალეთის ნაწილი იყო. საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩენის შემდეგ, ვანიშვილებმა სამეურნეო მიწებიც დაკარგეს, რომელიც ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა. რუსი სამხედროები საკუთარ ნაკვეთში გასვლის უფლებას არ აძლევდნენ, რის გამოც მიწების დამუშავება ვეღარ შეძლეს და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა 27 დეკემბრის 17:00 საათიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადავა. შემზღუდველი ზომები ძალაში 2021 წლის 09 იანვრამდე დარჩება. დაიხურება: რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კერძო პანსიონატები და ტურისტულიობიექტები. „აკრძალულია, საცხოვრებელი სახლიდან ერთ კილომეტრზე შორ მანძილზე გადაადგილება. შეკრების ადგილებში, ადამიანთა დასაშვები რაოდენობა დახურულ სივრცეში შეადგენს ათს, ხოლო ღია სივრცეში ოცს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50%-ით შეიზღუდება. ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილება შეიზღუდება. შესაძლებელი იქნება შინ მოტანის სერვისით სარგებლობა. საჯარო დაწესებულებები, რომლებიც არ ემსახურებიან მოქალაქეთა მიღებას, შეწყვეტენ მუშაობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბენ ჰოჯესი: ანაკლიის და მსგავსი პროექტების გარეშე საქართველო, მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ნაწილად მოიაზრება, რომელიც რუსეთისა და ირანის გავლენის ქვეშ იმყოფება
ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მიერ საჯარო ეროვნული დებატების გამართვის აუცილებლობაზე მიუთითებს ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი. ჰოჯესის ხედვით, ეს მიდგომა უნდა მოიცავდეს საზოგადოების მდგრადობის განმტკიცებას, რომელსაც დაუპირისპირებს კრემლის გავლენას და მის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიებს, ისევე როგორც კორუფციულ გავლენებს. „საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთის ინტერესის საგანს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში დომინირება“, - აღნიშნავს ჰოჯესი. ყველა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რაც მოხდა რუსეთის უშუალო თუ ირიბი ჩარევით - კონფლიქტები, კიბერდანაშაულები, არჩევნებში ჩარევა თუ ჰიბრიდულ ომებში მისი როლი - დადგა თუ არა დრო, რომ დასავლეთმა შეიმუშავოს უფრო ერთიანი პოლიტიკა და მიდგომა? ამის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი გადის თუ არა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და საქართველოზეც და შეიძლება თუ არა ეს კონკრეტული ბერკეტი საქართველო და უკრაინისთვის MAP-ის მიღებაც იყოს, ამ და სხვა საკითხებზე Europetime ბენ ჰოჯესს ესაუბრა. _ბატონო გენერალო, რომ შევაჯამოთ წელიწადი, რომელიც დასასრულს უახლოვდება, თქვენი აზრით, ამ გამოწვევებით, კრიზისებით სავსე წელიწადმა რა შეცვალა და რისი აუცილებლობა დაგვანახა იგივე ნატოსა და ევროკავშირის პოლიტიკის კუთხით? აღნიშნულმა კრიზისებმა უფრო გაზარდა კონსოლიდირებული და კოორდინირებული პოლიტიკის მოთხოვნილება, ალიანსების გაფართოების პერსპექტივები (ნატო, ევროკავშირი) თუ პირიქით, უფრო მოზომილი და ფრთხილი პოლიტიკის ტენდენცია წარმოქმნა? ვფიქრობ, დროა საქართველო იყოს ნატოს წევრი! თუმცა, მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვიტილება ნამდვილად სურს თუ არა ეს. ასევე ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა გამართოს საჯარო ეროვნული დებატები ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით და წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის ერთიანი მიდგომა, რომელიც მოიცავს საზოგადოების მდგრადობის განმტკიცებას და რომელსაც დაუპირისპირებს კრემლის გავლენას და მის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიებს, ისევე როგორც კორუფციულ გავლენებს. ამავე დროს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოხატოს მდგრადი სტრატეგიული ინტერესი საქართველოს მიმართ, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიისა და უფრო დიდი შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რათა კრემლმა დაინახოს რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის თქვენი ქვეყანა და რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს მეგობრებს, ისევე როგორც ჩვენს ინტერესებს. _ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ რუსეთი მხოლოდ ძალას უწევს ანგარიშს და ზოგადადაც ,,რუსეთი არ გავაღიზიანოთ’’ დევიზით შთაგონებული პოლიტიკა არაერთხელ დავრწმუნდით, რომ მცდარია. თქვენი აზრით, ყველა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რაც მოხდა რუსეთის უშუალო თუ ირიბი ჩარევით - კონფლიქტები, კიბერდანაშაულები, არჩევნებში ჩარევა თუ ჰიბრიდულ ომებში მისი როლი - დადგა თუ არა დრო, რომ დასავლეთმა შეიმუშავოს უფრო ერთიანი პოლიტიკა და მიდგომა? ამის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი გადის თუ არა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და საქართველოზეც და შეიძლება თუ არა ეს კონკრეტული ბერკეტი საქართველო და უკრაინისთვის MAP-ის მიღებაც იყოს? საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთის ინტერესის საგანს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში დომინირება საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. რა სარგებელი მოუტანა საქართველოს მისმა მცდელობამ, ითანამშრომლოს მოსკოვთან ბოლო 30 წლის განმავლობაში? რა მოიგო ქართველმა ახალგაზრდობამ იმით, რაც მოსკოვმა შესთავაზა საქართველოს დახმარების სახით? ერთადერთი, რასაც ვხედავ არის ის, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ და რომ რუსული ჯარები ასევე იმყოფებიან მთიან ყარაბაღში/აზერბაიჯანში, ისევე როგორც სომხეთის ბაზებზე. მიჩნდება განცდა, რომ საქართველოს მთავრობას სურს, კვლავ კრემლის ზეგავლენის ქვეშ დარჩეს. სხვა მხრივ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ მისცეს რუს ე.წ. „მშვიდობისმყოფელებს“ სომხეთში მოსახვედრად საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება. რაც შეეხებაე.წ. „კასპიის პლატფორმას“, რომელსაც საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს - ჩემთვის ეს კიდევ ერთი გაუგებარი ნაბიჯია, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, და კრემლს, ირანთან ერთად, რეგიონში კიდევ უფრო მეტი ზეგავლენის ბერკეტებს სთავაზობს. რა სიკეთე შეუძლია მოუტანოს ყოველივე ამან საქართველოს? ამავე დროს, ეს ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან მდგრადი, სტრატეგიული ინტერესის დემონსტრირების წარუმატებლობასაც - გამოდის, ჩვენ მნიშვნელოვანი მოვლენების მიღმა აღმოვჩნდით. _საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ არასოდეს ყოფილა საქართველო-ამერიკას შორის თანამშრომლობა ისეთ მაღალ ნიშნულზე,როგორც ახლაა. თუ ეს ასეა, თქვენი აზრით,იქნება თუ არა საკმარისი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თხოვნა ამერიკისადმი რომ გაზარდოს როტაციული ძალები საქართველოში და გააძლიეროს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა თუნდაც პარტნიურულ-საწვრთნელ ფორმატში? ჩვენი საელჩო თბილისში საკმაოდ დიდ სამუშაოს ასრულებს, აგრძელებს რა გამორჩეული ამერიკელი დიპლომატების ტრადიციას, რომლებსაც საქართველოში უმუშავიათ. თუმცა, ჩემი აზრით, აშშ-ის მთავრობამ და კონგრესმა ვერ შეძლეს მდგრადი ინტერესის და ინვესტიციის ისეთ დონეზე დემონსტრირება, რაც დაეხმარებოდა საქართველოს კრემლის ზეგავლენისთვის უფრო მეტი წინააღმდეგობა გაეწია. ვიმედოვნებ, ამ მხრივ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება როგორც ჩვენი, ასევე საქართველოს მთავრობის მხრიდანაც. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-სა და საქართველოს მთავრობებმა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები კერძო ინვესტიციების შესაძლებლობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამისთვის კი აუცილებელია დამოკიდებულების შეცვლა როგორც საქართველოს მთავრობაში, ასევე პარლამენტში. _საქართველოში პორტების განვითარება-გაფართოება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. რეგიონში მიმდინარე პროცესებმა თვალნათლივ დაგვანახა ანაკლიის პროექტის და უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობა, რომელიც როგორც უსაფრთხოების, ასევე განვითარების გარანტიცაა. თქვენი აზრით, საკმარისი იქნება თუ არა საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნება აღნიშნული პროექტის კვლავ დღის წესრიგში დასაბრუნებლად? რა საკვირველია, არა! საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია, თუმცა დღემდე რეალურად არაფერი გაკეთებულა ამ კუთხით და მეც არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად არის დაინტერესებული ამ პროექტით. ჩემი აზრით, ეს იქნებოდა უდავოდ ღირებული აქტივი საქართველოსთვის, რაც მისცემდა მას შესაძლებლობას საბოლოოდ გამხდარიყო პორტალი ევრაზიასა და ევროპას შორის. ამგვარად, საქართველო გახდებოდა ევროპის ნაწილი და ლოგისტიკის ცენტრი, რომელშიც ევროპაც და ამერიკაც მნიშვნელოვან ინვესტიციებს ჩადებდნენ. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც კრემლი და კრემლის მომხრეები ეწინააღმდეგებიან ამ პროექტს. ანაკლიის და მსგავსი საერთაშორისო პროექტების გარეშე საქართველო, სამწუხაროდ, მოიაზრება მხოლოდ როგორც სამხრეთ კავკასიის ნაწილი, რომელიც რუსეთის, თურქეთისა და ირანის გავლენის ქვეშ იმყოფება, და არა როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული გავლენის მქონე ევროპული ქვეყანა. ერთადერთი, ვინც რეალურად სარგებელს იღებს ამ სიტუაციიდან, რა თქმა უნდა, არის კრემლი და არა ქართველი ახალგაზრდობა.
ბენ ჰოჯესი: საქართველომ ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით საჯარო ეროვნული დებატები უნდა გამართოს
საქართველომ უნდა გამართოს საჯარო ეროვნული დებატები ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ინტერვიუში. _ვფიქრობ, დროა საქართველო იყოს ნატოს წევრი! თუმცა, მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვიტილება ნამდვილად სურს თუ არა ეს. ასევე ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა გამართოს საჯარო ეროვნული დებატები ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით და წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის ერთიანი მიდგომა, რომელიც მოიცავს საზოგადოების მდგრადობის განმტკიცებას და რომელსაც დაუპირისპირებს კრემლის გავლენას და მის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიებს, ისევე როგორც კორუფციულ გავლენებს. ამავე დროს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოხატოს მდგრადი სტრატეგიული ინტერესი საქართველოს მიმართ, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიისა და უფრო დიდი შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რათა კრემლმა დაინახოს რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის თქვენი ქვეყანა და რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს მეგობრებს, ისევე როგორც ჩვენს ინტერესებს“, - აღნიშნავს ბენ ჰოჯესი.
ირლანდიის მთავრობა Pfizer-BioNTech -ის ვაქცინას ამტკიცებს
ირლანდიის მთავრობამ Pfizer-BioNTech Covid-19 ვაქცინა დაამტკიცა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინაცია 30 დეკემბერს დაიწყება. ქვეყანა შობის შემდგომ კორონავირუსის მკაცრ შეზღუდვებზე გადადის, რესტორნები და ბარები დაიკეტება, ისინი მხოლოდ მიტანაზე იმუშავებენ, ხოლო სხვა ბიზნესები, მათ შორის სალონები, კინოთეატრები და მუზეუმები დროებით არ იმუშავებენ. Pfizer-BioNTech Covid-19 ვაქცინის ავტორიზაცია ქვეყანაში იმ დროს ხდება, როდესაც კორონავირუსების შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება.
ელენე ხოშტარია: პარლამენტმა ხელფასი ჩამირიცხა... წამებში მიიღეს უკან
პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერია, რომ მას პარლამენტის წევრობის ხელფასი ჩაერიცხა, მაგრამ თანხა უკან გადარიცხა. "პარლამენტმა არ ვიმჩნევთ რომ არ ხართო და ჩარიცხეს ხელფასი, რა მაგარი მოიფიქრეს:-) წამებში მიიღეს უკან" - წერს ელენე ხოშტარია. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წევრების უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად, 31 ოქტომბრის არჩევნებზე მოპოვენულ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა და პარლამენტში არ შევიდა.