ძებნის რეზულტატი:
თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დაკავებულია
პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. „მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ", - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ელისაბედ მეორის საშობა მიმართვა: შენ არ ხარ მარტო
დედოფალი ელისაბედ მეორე თავის საშობა მიმართვაში ცდილობს დაარწმუნოს ისინი, ვინც შობას მეგობრებისა და ოჯახის წევრების გაერეშე ხვდებიან, რომ მარტო არ არიან. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დედოფლის თქმით, ის, რაც საშობაოდ ყველას სურს უბრალოდ ჩახუტება და ხელის ჩაჭიდებაა, მაგრამ ყველაზე ბნელ ღამეებშიც არის განთიადის იმედი. ”რა თქმა უნდა, ბევრისთვის, წელიწადის ეს დრო მწუხარებით იქნება სავსე - ზოგი წუხს იმისთვის, რომ საყვარელი ადაიანები დაკარგა. ზოგი წუხს, რომ უსაფრხოების მიზნით, მოშორებულები არიან მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ყველას საშობაოდ რაც სურს, არის უბრალოდ ჩახუტება ან ხელის ჩაჭიდება. თუ თქვენ მათ შორის ხართ, იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ."- აღნიშნა დედოფალმა. 94 წლის დედოფალი საშობაო სიტყვაში პანდემიის საკითხსაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად გაჭირვებისა, "პანდემიამ დაგვაახლოვა".
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ნიკა მელიამ გაიმარჯვა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში წინასწარი შედეგებით ნიკა მელიამ გაიმარჯვა. - აღნიშნაულთან დაკავშირებით ინფორმაცია პარტიამ საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ 20 779 შეადგინა. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7288 ხმა). ამასთან, განცხადება გაავრცელა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელშიც ნათქვამია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც არის უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც ორ ათეულ ათასზე მეტი ადამიანი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს ირჩევს. "ასეთი მაღალი აქტივობა ამ პროცესისა და ზოგადად, მონაწილეობითი, გამჭვირვალე და ფართო ჩართულობით მმართველობისადმი ნდობასა და მხარდაჭერას ადასტურებს. სასიხარულოა, რომ ორივე კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, ანალოგიური დემოკრატიული მექანიზმების განვითარებასა და გაძლიერებას აპირებს. ამავე დროს, სპეციალური ჯგუფი (რომელშიც შედიან ორივე კანდიდატის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები და გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით) უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს კენჭისყრაში მონაწილე ფეისბუკ პროფილების (გვერდების) მონიტორინგს, რათა ყალბი გვერდებისა და ე.წ. „ბოტების“ მონაწილეობა გამოირიცხოს. ამავე დროს, დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, მოგვაწოდოს ინფორმაცია სავარაუდო ყალბ პროფილებთან/გვერდებთან დაკავშირებით ან 26 დეკემბერს, 12 სთ-დან, მობრძანდეთ ენმ-ის ცენტრალურ ოფისში (მის. კახეთის გზატკეცილი 45ა) და ჩაერთოთ ხმის მიმცემთა სიის გადამოწმების ღია პროცესში", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა " ავრცელებს. როგორც ცნობილია, კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და 25 დეკემბერს, 21:00 საათამდე გაგრძელდა. პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილი იყო ორი კანდიდატი - ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა. როგორც მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.
თბილისში გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს
ცოტა ხნის წინ თბილისში, ბაზრობა "თერგის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო. აქცია გარემოვაჭრეებმა გამართეს. როგორც ცნობილია, მოვაჭრეები მერიისგან მუშაობის უფლებას ითხოვდნენ. მათი მტკიცებით, დაწესებული შესზღუდვების გამო მათი მდგომარეობა ყოველდრიურად მძიმდება და, თუ ამ დღეებში მათ მერია დახლების გახსნის უფლებას არ მისცემს, მათი ოჯახები ახალ წელს მშივრები შეხვდებია. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მოვაჭრეებმა პროდუქტი გამოიტანეს გასაყიდად, მაგრამ მერიის წარმომადგენლებმა მუშაობიც უფლება არ მისცეს და მოუწოდეს მოვაჭრეებს დაშლილიყვნენ. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, თუ მათ მუშაობის უფლება არ მიეცემათ, პერმანენტულ აქციებს გამართავენ და გზის გადაკეტვით იმუქრებიან
ისრაელის პრემიერ-მინისტრი: ისრაელი, შესაძლოა, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც პანდემიას დაძლევს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განაცხადებით, ისრაელი, შესაძლოა, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც პანდემიას დაძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael ავრცელებს. „მინდა გითხრათ, რომ ერთი მხრივ, ვაქცინაციის გასაოცარი კამპანიის და მეორე მხრივ, ლოკდაუნის კომბინაცია საშუალებას გვაძლევს, კორონავირუსის პანდემია დავძლიოთ და ჩვენ, სავარაუდოდ, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გავხდებით, რომელიც პანდემიას დაძლევს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. როგორც ცნობილია, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ისრაელში 27 დეკემბრიდან ლოკდაუნი ამოქმედდება. გამკაცრებული რეგულაციების თანახმად, მოქალაქეებს გადაადგილება სახლიდან ერთი კილომეტრის რადიუსში შეეძლებათ, თუ საქმე კორონავირუსზე ტესტის ჩაბარებას ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებას არ ეხება.
ქუთაისში მოვაჭრეებმა აქცია გამართეს, ისინი ბაზრის გახსნას მოითხოვენ
ქუთაისში შპს "იმერეთის" ბაზრობის მოვაჭრეები მესამე დღეა ბაზრობის შესასვლელთან არიან თავმოყრილნი, მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი ბაზრობის რამდენიმე დღით გახსნას მოითხოვენ. მოვაჭრეების თქმით, ბაზრობაზე დისტანციისა და ყველა რეგულაციის დაცვაა შესაძლებელი, ამიტომ მთავრობამ მათთვის გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო. აქციის მონაწილეების თქმით, საახალწლოდ ისინი ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ასეულობით ადამიანი იძულებულია ქუჩაში გამოვიდეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ რამდენიმე ათასი ლარის სეზონური პროდუქცია რჩებათ გაუყიდავი, რაც მათ კიდევ უფრო დააზარალებს. მოვაჭრეები ფართომაშტაბიან საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაეროს სამშვიდობოები მოკლეს
გაეროს სამი სამშვიდობო დაიღუპა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (CAR), როცა მთავრობასა და აჯანყებულ ძალებს შორის დაძაბულობა დაიწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც გაეროში განაცხადეს, დაუდგენელმა მებრძოლებმა ორი შეტევა განახორციელეს. დაშავდა კიდევ ორი სამშვიდობო. გაეროს სამშვიდობო ძალები განლაგებულები იყვნენ ცენტრალური აფრიკის ტერიტორიაზე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ ძალადობის ჩასახშობად. ცენტრალური აფრიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ფაუსტინ არქანე ტუადერამ მისი წინამორბედი, ფრანსუა ბოზიზე ამბოხებულ ჯგუფებთან ერთად გადატრიალების წამოწყებაში დაადანაშაულა.
რომის პაპი: ვაქცინა უნდა მივიდეს პლანეტის ყველა წერტილში
რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო მიმართვისას მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, უზრუნველყონ რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე შეუფერხებელი წვდომა ყველას ჰქონდეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. პაპის თქმით, ჯანმრთელობა საერთაშორისო საკითხია და ის დაუშვებლად მიიჩნევს „ვაქცინის ნაციონალიზაციას". მეტიც, რომის პაპი იზიარებს გაეროში გამოთქმულ შიშებს, რომ პანდემიური ვითარება გაუარესდება, თუ ღარიბი ქვეყნები ვაქცინებს ბოლოს მიიღებენ. რომის პაპმა ქადაგებაში პანდემია Covid-19-ზე ისაუბრა და დიდ სახელმწიფოებსა და კომპანიებს მოუწოდა, რომ ვაქცინის გაზიარება პატარა და შედარებით დაუცველი ქვეყნებისთვის და მოსახლეობებისთვის მოხდეს. „ისტორიის ამ მომენტში, როცა მსოფლიო ეკოლოგიური და ეკონომიკურ კრიზისშია და კოვიდ19-ის პანდემიის გამო სოციალური დისტანცირების წესები მოქმედებს, უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ძმების და დების აღიარება. მე ყველა სახელმწიფოს მეთაურებს, კომპანიებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ვევედრები, რომ ხელი შეუწყონ თანამშრომლობას და არა კონკურენციას. იპოვონ გამოსავალი ყველასთვის და ვაქცინები განაწილდეს მთელ მსოფლიოში. ვაქცინა უნდა მივიდეს პლანეტის ყველა წერტილში, განსაკუთრებით მათთან - ვინც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და გაჭირვებულია"- ნათქვამია რომის პაპის საშობა ეპისტოლეში.
საქართველოს საელჩო თურქეთიში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, შეიცვალა ქვეყანაში უცხოეთიდან შემოსვლის რიგი წესები და პირობები. კერძოდ, 2020 წლის 28 დეკემბრიდან საჰაერო გზით, ხოლო 2020 წლის 30 დეკემბრიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას, უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა. ის პირები, რომლებიც ვერ წარმოადგენენ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის ამსახველ ცნობას, დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას, მათ მიერ საზღვრის კვეთისას მითითებულ მისამართზე (სახლი, სასტუმრო და სხვ), ხოლო ის პირები, რომლებსაც არ ექნებათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, გადავლენ ჯანდაცვის რეგიონალური სამსახურების მიერ გამოყოფილ საკარანტინო სივრცეებში. თვითიზოლაციის/კარანტინის ვადა დასრულებულად ჩაითვლება იზოლაციიდან მე-7 დღეს, PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. იმ მოქალაქეებს, რომელთაც თვითიზოლაციიდან მე-7 დღეს, PCR ტესტის შედეგად დაუდასტურდებათ ვირუსი, ჩაუტარდებათ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ COVID-19 პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი მკურნალობა. ეს რეგულაცია იმოქმედებს 2021 წლის 1 მარტამდე. ახალი რეგულაციების შესახებ, საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
ჯანმოს ხელმძღვანელი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ქვეყანამ კოვიდვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს
ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი გახარიასთან საუბრისას მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ქვეყანამ კოვიდვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის ძირითადი თემები იყო გლობალურად პანდემიის კუთხით არსებული ვითარება, ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს მთავრობის ეფექტური ძალისხმევა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა საქართველოში ვაქცინაციის დროულად დაწყების თვალსაზრისით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს როგორც ვირუსის გავრცელების პრევენციის პირველ ეტაპზე, ისე მეორე ტალღის პირობებში ინფექციის გავრცელებისა და ინფიცირებულთა მართვის თვალსაზრისით. ყურადღება დაეთმო ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებას, კლინიკური სასტუმროების როლს და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობას მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესში. ასევე აღინიშნა ინტენსიური ტესტირების პროგრამის მნიშვნელობა ინფიცირებულთა დროული იდენტიფიცირების, იზოლაციისა და ინფექციის გავრცელების შეჩერების პროცესში. საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის დაწყებას მსოფლიოში და პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის საქმიანობას, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს როგორც საქართველოში ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით. კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჯანმო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის ვიზიტი საქართველოში, რომელიც გასულ კვირას შედგა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო პარტნიორობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, როგორც СOVID-19-ის მართვის ნაწილში, ისე ჯანდაცვის სფეროში სამომავლო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“დააფუძნა
დღეს, 26 დეკემბერს ყრილობა გაიმართა, სადაც ზურაბ ჯაფარიძემ ახალი „გირჩი - მეტი თავისუფლება“დააფუძნა. პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები იქნებიან ცოტნე კობერიძე, ნიკა მოსიაშვილი, მარიტა რატიანი, ნინო საჯაია, ანა ჩიქოვანი, ბორის ყურუა, სანდრო თარხან-მოურავი და მირიან ბეჟიტაშვილი. ყრილობაზე ასევე განაცხადეს, რომ პარტიის დროშა და ლოგო იგივე რჩება, თუმცა, განმასხვავებელი ნიშანი იქნება წერტილი, რომელიც მათ ბოლოშია გამოსახული. ჯაფარიძის განცხადებით, ახალი გირჩის მთავარი განსხვავება მის ღიაობასა და გახსნილობაში იქნება. მისი თქმით, ეს პლატფორმა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს საკუთარი იდეები წინ წამოსწონ. "მთავარი განსხვავება იქნება, რომ მე მინდა ახალი გირჩი იყოს მართლა გახსნილი, ღია პლატფორმა ამ ახლაგაზრდებისთვის. ჩემი თავი, როგორც ცნობადობის მქონე ადამიანის, როგორც გირჩის ბრენდი, როგორც გირჩის ტელევიზია, ამ ადამიანებმა გამოიყენონ საკუთარი იდეების წინ წამოსაწევად და მათ შორის, სცადონ საკუთარი თავი ქართულ პოლიტიკაში", — განაცხადა ჯაფარიძემ. თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. „ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას“, - დაწერა ჯაფარიძემ.
მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა
მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა ექიმი სავარაუდოდ თრომბით გარდაიცვალა. „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელმა განაცხადა, რომ 23 წლის ექიმს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ კლინიკაში მეორე მორიგეობა ჰქონდა. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, ექიმი გარდაცვლილი საავადმყოფოს საპირფარეშოში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბრიტანეთმა ევროკავშირთან Brexit-ის შემდგომი სავაჭრო გარიგების ტექსტი გამოაქვეყნა
ბრიტანეთმა ევროკავშირთან Brexit-ის შემდგომი სავაჭრო ხელშეკრულების ტექსტი გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც ცნობილია, ტექსტი მოიცავს 1,246 გვერდიან სავაჭრო დოკუმენტს, აგრეთვე ბირთვული ენერგიის შესახებ შეთანხმებებზე საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას, სამოქალაქო ბირთვული ენერგიის შესახებ ინფორმაციას და მთელ რიგ ერთობლივი დეკლარაციების სერიას. ტექსტში ასევე მოცემულია მრავალი დეტალური დანართი, მათ შორის თევზით, ღვინით ვაჭრობის, მედიკამენტების, ქიმიკატების წარმოშობისა და უსაფრთხოების შესახებ. გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას ორი დღის წინ, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მიაღწიეს. დიდ ბრიტანეთსა და ევრობლოკს შორის "ბრექსითის" თაობაზე შეთანხმება 31 დეკემბრამდე უნდა მომხდარიყო, ვინაიდან ეს არის თარიღი, როდესაც ბრიტანეთი ასრულებს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს და შესაბამისად, ამ თარიღის შემდეგ ის აღარ იქნება ევროკავშირის სავაჭრო კანონებზე დამოკიდებული.
გოჩა ლორთქიფანიძე: რუსეთის თანხმობა, ევროსაბჭოს შუამავლობით განიხილოს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე დაკისრებული თანხის გადახდის საკითხი, ფრთხილი წინსვლის იმედს გვაძლევს
რუსეთის თანხმობა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შუამავლობით განიხილოს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე დაკისრებული თანხის გადახდის საკითხი, ძალიან ფრთხილი წინსვლის იმედს გვაძლევს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ლორთქიფანიძის განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს ამ ვალდებულების შესრულებას მუდმივად ახსენებდა. „ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი მუდმივად ახსენებდა ვალდებულების შესახებ რუსეთის ფედერაციას, რათა გადაეხადა 10 მილიონი ევრო, მინიმუმ 1 500-ზე მეტი მსხვერპლისათვის და ამ მიმართულებით არის წინსვლა. რუსეთის ფედერაცია დათანხმდა, რომ განიხილოს მოდალობები, რომლის მიხედვით, ამ საკითხის გადაჭრა მოხდება ევროპის საბჭოს შუამავლობით. ეს ძალიან ფრთხილი წინსვლის იმედებს გვაძლევს იმ თვალსაზრისით, რომ გადახდის ნაცვლად, ჩვენ ვიწყებთ განხილვას მოდალობების მიხედვით, როგორ უნდა მოხდეს ეს”, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. შეგახსენებთ, საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 31 იანვარს მიიღო. კერძოდ, სასამართლომ რუსეთი 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციისას, მათი უფლებების დარღვევაში დამნაშავედ ცნო და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ესპანეთსა და შვედეთში Covid-19-ის ახალი შტამის შემთხვევები დაფიქსირდა
ესპანეთსა და შვედეთში Covid-19-ის ახალი შტამის შემთხვევები დაფიქსირდა. ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირების ოთხი შემთხვევა გამოვლინდა. - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გავრცელებული ინფრომაციით, ერთ-ერთი დაინფიცირებული ესპანეთში ბრიტანეთიდან ჩავიდა, დანარჩენი სამი დაინფიცირებული კი მისი ოჯახის წევრები არიან. ოთხივე პირი სიმპტომების გამოვლინების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს, კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა შვედეთშიც. შვედეთის ჯანდაცვის სააგენტოს განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი დაუფიქსირდა მოგზაურს, რომელიც დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა ბიფორსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოგზაური იზოლირებული იყო და მისგან გადადების სხვა შემთხვევა არ გამოვლენილა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. თითოეული შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოგზაურობას უკავშირდება.
მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. მეუფე იაკობს კვლევები ამ ეტაპზეც უტარდება. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 421 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 119 კოიდინფიცირებული. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 220 508-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 200 339-მდე.
მექსიკის მთავრობა ვარაუდობს, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად მაღალია, ვიდრე ამას სტატისტიკა აჩვენებს
მექსიკაში კორონავირუსის 9,679 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. ამავე მონაცემებით, 665 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ჯამში 1,372,243 შემთხვევა აღირიცხა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 121,837-ს შეადგენს. მთავრობა აცხადებს, რომ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა სავარაუდოდ მკვეთრად მაღალია, ვიდრე ამას დადასტურებული შემთხვევების სტატისტიკა აჩვენებს.
იაპონია კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას შეზღუდავს
იაპონია კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შეზღუდავს. წერს Reuters-ი. გადაწყვეტილება, რომელიც 28 დეკემბრიდან შევა ძალაში, იანვრის ბოლომდე იმოქმედებს და ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირებას უკავშირდება. კორონავირუსის ახალი სახეობა დიდ ბრიტანეთში 14 დეკემბერს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. რიგმა კომპანიებმა უკვე განაცხადეს, რომ ახალი ვაქცინები ახალი შტამის წინააღმდეგაც ეფექტური იქნება.
ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატის მიღებაზე: თუ ოპოზიცია ამ ნაბიჯზე წავიდა, შეიძლება, პარლამენტში შესვლაზე ვიფიქრო
„ვაპირებთ, გავაგრძელოთ „გირჩის“ კეთება ისევე, როგორც ამას „გირჩი“ აკეთებდა. ვაპირებთ, რომ ისევე ვიყოთ განსხვავებული ყველა სხვა პარტიისგან, ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის - პოლიტიკური ბრძოლის ხერხებით, - განაცხადა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ. „ჩვენი ელექტორატი, მეტწილად, იქნება „გირჩის“ მხარდამჭერები, ის ხალხი, ვინც ამ არჩევნებზე მხარი დაგვიჭირა. ჩვენი მიზანია, უფრო მეტად გავიზარდოთ. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ, მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა მოხდეს შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. შეთანხმების მიზანი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანაში განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი. თუ ეს იქნება გასაგები საღი აზრის დონეზე, შეთანხმება მოხდა და პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ოპოზიცია წავიდა ამ ნაბიჯზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, ვიფიქრო პარლამენტში შესვლაზე. სხვა შემთხვევაში, გამორიცხულია“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“დააფუძნა.
მონტენეგროს პრეზიდენტი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს
მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კორონავირუსზე ჩატარებულმა ყველა ტესტმა ნეგატიური პასუხი აჩვენა. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი სტაბილურია და პრეზიდენტი შეზღუდვების გარეშე განარძობს უფლებამოსილების შესრულებას.