ძებნის რეზულტატი:
Reuters: კრემლმა ვატიკანს შუამავლობაზე უარი უთხრა
Reuters-ის ცნობით, კრემლი მიესალმება ვატიკანის შეთავაზებას, უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების პლატფორმის უზრუნველყოფაზე, , მაგრამ რუსეთში აცხადებენ, რომ კიევის პოზიციის გამო ეს შეუძლებელია. რომის პაპი კიევსა და მოსკოვს შუამავლობას სთავაზობს: მშვიდობა იარაღით ვერ მიიღწევა „რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამგვარ პოლიტიკურ ნებას, მაგრამ დე ფაქტო და დე იურე სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც ახლა შეიქმნა უკრაინაში, ასეთი პლატფორმა ვერ იქნება მოთხოვნადი“, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. დაახლოებით 10 დღის წინ, რომის პაპმა ფრანცისკემ, განაცხადა, რომ ვატიკანი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის ფუნქცია შეასრულოს, რათა ომი დასრულდეს.
Reuters: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით საქარველოში გამოქცეული რუსები, დაბრუნებას არ ჩქარობენ
სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით საქარველოში გამოქცეული რუსები, დაბრუნებას არ ჩქარობენ, - ამის შესახებ Reuters წერს. შოიგუმ პუტინს, მობილიზაციის დასრულების შესახებ აცნობა გამოცემის ცნობით, ერთი თვის შემდეგაც კი, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის ომში მონაწილეობისთვის მობილიზაციის პროცესი დაასრულა, კაცები, რომლებიც სამხედრო სამსახურისგან თავის ასარიდებლად მეზობელ საქართველოში გაიქცნენ, ამბობენ, რომ სახლში დაბრუნებას არ ჩქარობენ. რუსეთმა მობილიზაცია 21 სექტემბერს ბრძოლის ველზე წარუმატებლობის შემდეგ გამოაცხადა - პუტინის გადაწყვეტილებამ ასობით ათასი ჯარში გაწვეული კაცი აიძულა, რომ საქართველოში, სომხეთსა და ყაზახეთში ჩასულიყვნენ. ვოლოდიმირ ზელენსკი: საეჭვოა, რომ რუსეთმა მობილიზაცია დაასრულა „საქართველოს მთავრობის სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს საქართველოში 110 000-ზე მეტი რუსი შემოვიდა. ეს იყო შემოდინება, რამაც გამოიწვია როგორც ეკონომიკური ბუმი, ასევე უკმაყოფილება ქვეყანაში, სადაც ანტირუსული გრძნობები მძვინვარებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ერთი თვის წინ მობილიზაციის დასრულების შესახებ გამოაცხადეს, ბევრი ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სახლებში მალე დაბრუნდნენ", - წერს Reuters. 28 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციია დასრულდა. შოიგუს თქმით, 300 000 მობილიზებულიდან საწვრთნელ ზონებში რჩება 218 000, კონფლიქტის ზონაში გაიგზავნა 82000 სამხედრო, რომელთაგან 41000 დანაყოფებშია განაწილებული. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
ბაქომ ერევანს 13 სომეხი სამხედროს ცხედარი გადასცა
ბაქომ ერევანს, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის რეგიონში დაპირისპირებისას დაღუპული 13 სომეხი სამხედროს ცხედარი გადასცა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და დაკარგული მოქალაქეების სახელმწიფო კომისიაში განაცხადეს. „სამძებრო სამუშაოების დროს აღმოჩენილი 13 სამხედრო მოსამსახურის ნეშტი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით სომხურ მხარეს გადაასვენეს“, - ნათქვამია ანგარიშში. სახელმწიფო კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაცემამდე ცხედრები, აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლების მონაწილეობით გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ.
Eni: 2025 წლისთვის, იტალია რუსულ გაზს სრულად ჩაანაცვლებს
2025 წლისთვის იტალიაში რუსული გაზი სრულად ჩანაცვლდება. ამის შესახებ მედია ენერგოკომპანია Eni-ს აღმასრულებელ დირექტორზე კლაუდიო დესკალციზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, 2023 წელს რუსული გაზის წილი იტალიის ბაზარზე 6-7% იქნება. ამჟამად რუსული გაზი 50%-ით ჩანაცვლდა. დესკალციმ აღნიშნა, რომ იტალიის ხელისუფლებამ გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროების ძებნა თებერვალში დაიწყო, მიმართა აფრიკის ქვეყნებს, ახლო და შორეულ აღმოსავლეთს და შეერთებულ შტატებს. „ჩვენ უკვე მოვახერხეთ 21-23 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის - 50%-ის ჩანაცვლება, 2025 წელს კი 100%-ით ჩანაცვლდება“, - განაცხადა Eni-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
თურქეთში ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინეს
თურქეთის ქალაქ ადანაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. ადანაში ჩუკუროვის რაიონში აღმოჩენილი ნავთობის მარაგი 8-10 მილიონ ბარელს შეადგენს. ინფორმაციის თანახმად, დარგის განვითარებით მიღებული ეკონომიკური სარგებელი 800 მლნ აშშ დოლარად არის შეფასებული. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვება დაახლოებით 350-400 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს. მედიის ცნობით, საბადოზე 10 ჭაბურღილი გაიბურღება, დღიური წარმოება კი ათას ბარელს მიაღწევს.
ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლის მონაცემის გაჟონვისთვის, Meta $277 მილიონით დაჯარიმდა
Bloomberg-ის ცნობით, ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ, რომელიც ევროკავშირის კონფიდენციალურობის მთავარი დამკვირვებელია, აშშ-ს მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანია Meta, ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის გაჟონვისთვის $277 მილიონით დააჯარიმა. მედიის ცნობით, გამოძიება ეხებოდა ჰაკერულ ვებსაიტზე პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნებას Facbook-ის 533 მილიონი მომხმარებლის შესახებ მათი ტელეფონის ნომრებისა და ელექტრონული ფოსტის მისამართების ჩათვლით. კომპანიის განცხადებით, პრობლემა აღმოაჩინეს და ჯერ კიდევ 2019 წელს აღმოფხვრეს. ჯარიმის გამოცხადების შემდეგ, Meta-მ განაცხადა, რომ ადამიანების მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა ამ ბიზნესის ფუნქციონირებისთვის ფუნდამენტურია და კომპანია სრულად თანამშრომლობს მარეგულირებლებთან.
დმიტრო კულებას თქმით, ენერგოკრიზისის დასაძლევად უკრაინას ტრანსფორმატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება
ენერგოკრიზისის დასაძლევად ქვეყანას სჭირდება ტრანსფორმატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში, ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „იმისთვის, რომ აღვადგინოთ ენერგოსისტემა, ჩვენ გვჭირდება ორი რამ: ტრანსფორმატორები, ეს არის ენერგოსისტემის ყველაზე დიდი ნაწილი და გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, რათა ჩამოვაგდოთ მტრის რაკეტები, რომლებითაც ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ხორციელდება“, – განაცხადა კულებამ. მისივე თქმით, რუსული რაკეტებისგან თავდაცვის სისტემების გარეშე ენერგეტიკული კრიზისი გაგრძელდება, რადგან აღდგენილ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას კვლავ სარაკეტო დარტყმებით გაანადგურებენ. „ეს წრე უნდა გავარღვიოთ. გვჭირდება ორი ელემენტი – სათადარიგო ნაწილები ენერგეტიკული სისტემისთვის და რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მის დასაცავად“, – აღნიშნა კულებამ.
შალვა პაპუაშვილი გერმანიას ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ვიზიტით ეწვევა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე ბუნდესთაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასს და ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდება. შეხვედრები გაიმართება ბუნდესთაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბეკერთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რენატა ალტთან. პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ბუნდესთაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან, ფრაქცია CDU-ს წევრებთან, მომხსენებლებთან ნატო-ს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით, ფრაქცია SPD-ს საგარეო პოლიტიკურ სპიკერთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან. შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებ საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბუნდესთაგში ქართულ-გერმანული ფორუმის წევრებთან. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.
აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს
შეერთებული შტატები დღეს აპირებს, უკრაინის ელექტროგადამცემი შესაძლებლობების აღსადგენად, დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადოს. „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამშაბათს გამოაცხადებს ახალ დახმარებას, რათა დაეხმაროს უკრაინის ელექტროგადამცემი შესაძლებლობების აღდგენას რუსული თავდასხმების ფონზე, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ენერგეტიკული ქსელის გათიშვას“, - იუწყება Reuters სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. როგორც აღინიშნა, განცხადება გაკეთდება ბუქარესტში ახალი ენერგეტიკული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის დროს, რომელიც მოიცავს G7 და სხვა ქვეყნებს.
უკრაინის ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ვინიცის ოლქის ქალაქ ლადიჟინშ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივ თბოელექტროსადგურზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. განცხადება ვინიცის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ბორზოვმა გააკეთა. გადაწყვეტილება ორშაბათს, 28 ნოემბერს, ტექნოლოგიური და გარემოს დაცვისა და საგანგებო სიტუაციების ვინიცის რეგიონულმა კომისიამ მიიღო. რუსეთის თავდასხმამ ლედიჟინის თბომომარაგების ქსელში ავარია გამოიწვია, რის შედეგადაც 18000 მცხოვრები გათბობის გარეშე დარჩა. „სასწრაფოდ საჭიროა სამოქალაქო დაცვის ძალებისა და საშუალებების, სამხედრო სარდლობის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოების კოორდინაცია. საგანგებო შტაბი უკვე მუშაობს“, -აღნიშნა უკრაინის ოფიციალურმა პირმა.
რომის პაპმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრესორია - უკრაინული მედია
რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში ომზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან რუსეთის აგრესიაზე მიანიშნა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „როცა უკრაინაზე ვსაუბრობ, მე ვლაპარაკობ წამებულ ერზე, წამებულ ხალხზე. თუ არის წამებული ხალხი, არსებობს ვიღაც, ვინც აწამებს მათ. როდესაც ვსაუბრობ უკრაინაზე, ვსაუბრობ სისასტიკეზე, რადგან მაქვს ბევრი ინფორმაცია დამპყრობელი ჯარების სისასტიკეს შესახებ.საერთოდ, ყველაზე სასტიკები ალბათ ისინი არიან, ვინც რუსეთიდან არიან, მაგრამ არ მიეკუთვნებიან რუსულ ტრადიციას, მაგალითად, ჩეჩნები, ბურიატები და ა.შ.რა თქმა უნდა, ის, ვინც თავს ესხმის, ეს რუსეთის სახელმწიფოა. ეს სავსებით ცხადია. ხანდახან, ვცდილობ, არ დავკონკრეტდე და ზოგადად, დავგმო, თუმცა კარგად არის ცნობილი, ვის ვგმობ. არ არის აუცილებელი სახელის და გვარის მითითება“, - განაცხადა პონტიფიკოსმა უკრაინული მედიის ცნობით. „რატომ არ ვასახელებ პუტინს? იმიტომ, რომ ეს არ არის საჭირო, ეს უკვე ცნობილია. თუმცა ზოგჯერ ადამიანებს დეტალები აინტერესებთ. ყველამ იცის ჩემი პოზიცია, პუტინთან დაკავშირებით, მისი სახელის ხსენების გარეშეც", - განაცხადა რომის პაპმა.
რიში სუნაკი: დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების „ოქროს ხანა“ დასრულდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების „ოქროს ხანა“ დასრულდა. მისი თქმით, დიდ ბრიტანეთს ახლა ესაჭიროება, რომ ოცნების ასრულებაზე ფიქრები, კონკურენტების მიმართ „მტკიცე პრაგმატიზმით“ ჩაანაცვლოს. რიში სუნაკი ჩინეთში BBC-ის ჟურნალისტის დაკავების საკითხსაც შეეხო. „ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩინეთი სისტემურ გამოწვევას უქმნის ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს, გამოწვევა, რომელიც უფრო მწვავე ხდება, როდესაც ის უფრო დიდი ავტორიტარიზმისკენ მიიწევს“, - აღნიშნა სუნაკმა. მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფოსა და ჩინეთის ურთიერთობების ოქროს ეპოქა დასრულებულია, გულუბრყვილო იდეასთან ერთად, რომ მეტი ვაჭრობა დასავლეთთან გამოიწვევს ჩინეთის პოლიტიკურ რეფორმას. „ოქროს ხანა“ დასრულდა, ისევე, როგორც „მიამიტური იდეა“, რომ დასავლეთთან ვაჭრობის ზრდა ჩინეთის პოლიტიკურ რეფორმას გამოიწვევდა. არ შეიძლება ჩინეთის გლობალური მნიშვნელობის უგულებელყოფა ისეთ საკითხებში, როგორიცაა გლობალური ეკონომიკური სტაბილურობა და კლიმატური ცვლილებები", - განაცხადა სუნაკმა. ამასთან, რიში სუნაკის თქმით, დიდი ბრიტანეთი იმუშავებს თავის მოკავშირეებთან, მათ შორის აშშ-სთან, კანადასთან, ავსტრალიასთან და იაპონიასთან ამ მწვავე კონკურენციის სამართავად.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოველი „ამხანაგებისგან“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა არასოდეს იქნება ნგრევის ადგილი. უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოველი „ამხანაგებისგან“. მისი თქმით, მიმდინარე კვირაში რუსეთის არმიამ ხერსონის რაიონის 30 დასახლებულ პუნქტის წინააღმდეგ 258-ჯერ გაისროლა. „ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ხერსონი და რეგიონის მთელი რიგი დასახლებები. სულ რაღაც ერთ კვირაში მტერმა 258-ჯერ გაისროლა ხერსონის რაიონის 30 დასახლებული პუნქტში. რუსეთის ჯარმა ასევე დააზიანა სატუმბი სადგური, რომელიც მიკოლაივის წყალმომარაგებას უზრუნველყოფდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ოკუპანტების მიერ დანგრეული ყველა ობიექტი, ყველა სახლი, ყველა საწარმო. მათ არაფერი ძალუძთ, გარდა ნგრევისა. ეს არის ის, რასაც ისინი ტოვებენ. და, რასაც ახლა აკეთებენ უკრაინის წინააღმდეგ, არის შურისძიების მცდელობა. შურისძიება იმ ფაქტის გამო, რომ უკრაინელებმა არაერთხელ დაიცვესთავი მათგან. უკრაინა არასოდეს იქნება ნგრევის ადგილი. უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს ამ მოსკოველი „ამხანაგებისგან“", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა, მტრის თავდასხმა 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმები ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 10 დასახლებაში მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. "უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმები ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 10 დასახლებაში მოიგერიეს. უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, 3 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლამდე, პირებს მანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმება მოუწევთ
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო იქნება. შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებითაა (N598) გათვალისწინებული და ის 2023 წლის, პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. კერძოდ, აღნიშნული მოთხოვნა გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად. შეგახსენებთ, რომ „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა.
ქართველმა მოფარიკავემ გერმანიაში, ევროპის თასის გათამაშებაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების წევრმა, ალექსანდრა კუვაევამ გერმანიის ქალაქ ეისლინგენში მიმდინარე კადეტთა ევროპის თასის გათამაშებაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. როგორც ცნობილია, მოფარიკავემ ჯგუფურ ეტაპზე 5 შეხვედრა მოიგო. ამასთან, ფინალურ შეხვედრაში კუვაევა ამერიკელ მოფარიკავე ჯენა შომანს შეხვდა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
წალენჯიხის მერი: ავტომანქანა პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო დამიწვეს
წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ განაცხადა, რომ 12 ოქტომბერს ავტომანქანა პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო დაუწვეს. "შესწავლისას დადგინდა, რომ ავტომანქანაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის კერა მდებარეობს ავტომანქანიდან 3,5 მეტრ მანძილზე, საავტომობილო გზის შუა ნაწილში, ასფალტის ზედაპირზე, საიდანაც შემდეგ ცეცხლი გავრცელდა ავტომანქანის მიმართულებით და გამოიწვია აალება ავტომანქანის წინა მარცხენა საბურავთან, წინა ფრთასთან, ძრავის განყოფილების სახურავთან", - განაცხადა წალენჯიხის მერმა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ექსპერტიზის დასკვნის ამონარიდში წერია. შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბერს წალენჯიხის მერის სახლთან მდგარ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო - "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ან განადგურება ისჯება სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.
პოდოლიაკმა რუსი სამხედრო დამნაშავეების სპეციალური ტრიბუნალისთვის ადგილი განსაზღვრა
იალტა - ქალაქი ყირიმში, სამხრეთ უკრაინაში, რომელიც იმ დროისთვის გათავისუფლდება, შესანიშნავი ადგილი იქნება რუსი სამხედრო დამნაშავეების სპეციალური ტრიბუნალისთვის. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. „რაც დაიწყო ყირიმში, იქვე უნდა დასრულდეს. სხვა გზა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ვაიძულოთ კლეპტომანიები პატივი სცენ საერთაშორისო კანონს“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. მანამდე მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ექვს თვეში ეწვევა იალტის სანაპიროს, თავისუფალ ყირიმზე სასაუბროდ. უფრო ადრე უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ყირიმი შესაძლოა, მომავალ ზაფხულზე ადრე, შესაძლოა, გაზაფხულის ბოლოს გათავისუფლდეს.
სენატორი რობ პორტმანი: ჩვენ უნდა წავახალისოთ მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, განსაკუთრებით კი, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის პორტებში
Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, სენატორმა რობ პორტმანმა, საქართველოში პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. რობ პორტმანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, წახალისდეს უფრო მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიცია, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის პორტებში. სენატორი იმედოვნებს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შესაძლებელია. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ განახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტი, განსაკუთრებით პორტის პროექტი, რომელიც უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აცხადებდა სენატორი რობ პორტმანი Europetime-თან კომენტარში. ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ცნობისათვის, რობ პორტმანი ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში. რობ პორტმანი არის სავაჭრო შეთანხმებების ინიციატორი სხვადასხვა ქვეყანასთან. შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას. კელი დეგნანის თქმით, ეს პროქტი მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირებისთვის შავ ზღვაზე. „საწყისი პროექტი, რომელიც არსებობდა, უნდა დასრულებულიყო წლევანდელ წელს, თუმცა ეს არ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ანაკლიის პორტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის როლზე, როდესაც შესაძლებელი გახდება ცენტრალური აზიიდან ევროპაში სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მეშვეობით. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს და მოვუწოდებდით მისი განხორციელებისკენ. მე როგორც ვიცი, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე კვალიფიციური საპორტო ოპერატორი არსებობს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული პროექტით და მთავრობა შემდგომი წლის დასაწყისში გამოაცხადებს ტენდერს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, არამხოლოდ მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს ისე, რაც მოემსახურება ქვეყნის საუკეთესო ინტერესს“, - განუცხადა ელჩმა მედიას 28 ნოემბერს. ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტზე ინტერესთა გამოხატვა ამ ახალი წესით გამოცხადდება
რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც 2017 წელს ოფიციალურად გაიხსნა და დღემდე სატესტო რეჟიმშია, დამატებით ინვესტიციებს საჭიროებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გაფართოების მიზნით, დამატებითი ინვესტიციის სახით, აზერბაიჯანი $100 მილიონს გაიღებს. „დღეს მსოფლიოში შეიქმნა ახალი გეოპოლიტიკური ვითარება და საჭიროა აზერბაიჯანის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდა“, - განაცხადა ალიევმა. მანამდე, საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათზე“ გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე“ სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, კი ამ პროექტის პარტნიორები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს სრულად ვერ იყენებენ. რა სატრანზიტო შესაძლებლობები აქვს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, როდის დასრულდება სატესტო რეჟიმი და რა მოლოდინები აქვთ ბაქოს, თბილისსა და ანკარას Europetime-თან საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამართული ფუნქციონირება დღეს, ყველაზე მეტად აზერბაიჯანის ინტერესშია. „ილჰამ ალიევმა ბოლო წლებში, ინფრასტრუქტურაში, თითქმის $3 მილიარდის ინვესტირება მოახდინა. ამ პროექტებიდან მნიშვნელოვანია „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა, ყულევის ნავსადგური ... მაგალითად, ყულევი 20%-იანი დატვირთვით მუშაობს, ანალოგიური დატვრთვით ფუნქციონირებს „ბაქო-თბილისი-ყარსი“, - ამბობს ცაგარეიშვილი. მისი თქმით, აზერბაიჯანს ახალ რეალობაში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შეიქმნა, შორს მიმავალი მიზნები აქვს და ცდილობს, ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობა უზრუნველყოს. „ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანის რკინიგზის კაპიტალური რემონტი ჩაატარა. ამ პროექტზე EBRD-ის თანხა დაიხარჯა. ასევე განახორციელა პორტისა და ლოგისტიკური ცენტრების მოდერნიზება. ალიევს სურს განხორციელებული ინვესტიციების შედეგად, ფინანსური მოგება მიიღოს. აზერბაიჯანი ცდილობს „ბაქო-თბილსი-ყარსის“ რკინიგზის საქართველოს ნაწილის დასასრულებლად ჩადოს ინვესტიციები, რათა თავისი ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად გამოიყენოს, რადგან საქართველოს მხარეს თუ „ვიწრო ყელი“ შეიქმნა და ტვირთნაკადი ვერ გაატარა, ამ შემთხვევაში მისი ინფრასტრუქტურის უკუგება დაბალი იქნება“, - ამბობს ცაგარეიშვილი. მისივე თქმით, ალიევის განცხადება, ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე $100 მილიონის ინვესტირების შესახებ, ტვირთნაკადის გაზრდას ემსახურება. „შესაძლოა, ეს $100 მილიონი საჭიროა იმისთვის, რომ ყარსის რკინიგზა ამოუწურავია თავის ხელოვნური ნაგებობებით. ბუნებრივია დამატებით ინვესტირებას მოითხოვს, რადგან თოვლისა და ნამქერის შემთხვევაში 5 თვის განმავლობაში ეს ხაზი გაჩერებულია. ბაქო დაინტერესებულია, რომ ამ მიმართულებით დამატებითი ტვირთები წამოვიდეს“. რაც შეეხება „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის მიერ გატარებულ ტვირთნაკადს, აზერბაიჯანის რკინიგზის სააქციო საზოგადოების თავმჯდომარე როვშან რუსტამოვის განცხადებით, სარკინიგზო ხაზით, მიმდინარე წელს დაახლოებით 540 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2021 წელთან შედარებით 26,1%-ით მეტია. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 428 ათასი ტონა იყო. „850 კილომეტრიანი გზა უზარმაზარ შესაძლებლობებს ხსნის. მათ შორის ევროპულ სივრცეზე წვდომის ჩათვლით დღეს ქმნის უზარმაზარ პოტენციალს დასავლეთის მარშრუტზე“, - განაცხადა როვშან რუსტამოვმა. საქართველოს რკინიგზის დირექტორი დავით ფერაძე BM,ge-სთან აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა წელს 0.8-0.9 მილიონ ტონას, სატესტო რეჟიმიდან გამოსვლის პირველივე წელს 5-6 მილიონ ტონა ტვირთებს გაატარებს. „ბოლო 4-5 წელია რაც სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს ამ მონაკვეთის ექსპლუატაცია. დღესდღეობით ამ ხაზზე ვატარებთ მხოლოდ საკონტეინერო გზავნილებს და მშრალ ტვირთებს. უკვე ავედით დაახლოებით 0.8-0.9 მილიონ ტონაზე და გაშვებისთანავე ველოდებით 5-6 მილიონი ტონის ნაკადს. ამ პროექტს ახორციელებს აზერბაიჯანული მხარე და აზერბაიჯანული კომპანია და როგორც გვაქვს ინფორმაცია, წლის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული ეს პროექტი,”- განაცხადა დავით ფერაძემ. Europetime-თან საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ დღეს „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის პოტენციალი სრულად არაა ათვისებული და ტვირთნაკადის მოცულობა, შესაძლებლობებთან შედარებით დაბალია. „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2017 წელს გაიხსნა და თითქმის 5 წელია სატესტო რეჟიმშია. აქ არის კითხვა - სახელმწიფო ზედამხედველობა რაში გამოიხატება? სატესტო რეჟიმი ნიშნავს, რომ რკინიგზა თავისი გამტარუნარიანობით ვერ ფუნქციონირებს, ვერ ითვისებს ან შეზღუდულად ითვისებს ტვირთების იმ ნაკადს, რომლის გატარებაც მოსალოდნელია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარეს რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობა მალე დასრულდეს და ურიკების შემცვლელი სადგური ექსპლუატაციაში შევიდეს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი. მისივე თქმით, დღეს „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზით ძირითადად ყაზახური საკონტეინერო ტვირთები მოძრაობს, რომელიც თურქეთის მიმართულებით გადაიზიდება. „საკონტეინერო ტვირთი კარგია, ძვირადღირებულია, მაგრამ უმნიშვნელოა გადაზიდვებში. დღეს 10-15% -ით არის დატვირთული ეს რკინიგზა. სატესტო რეჟიმის გაწელვა უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. მხოლოდ აზერბაიჯანული და ყაზახური ტვირთები ამ რკინიგზის მომგებიანობას ვერ უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია ნაყარი, მშრალი და ქიმიური ტვირთების მოზიდვა რაც მოგებას ზრდის. ყაზახეთი კი ძირითადად საკონტეინერო ტვირთებზეა ორიენტირებული“, - აღნიშნავს ცაგარეიშვილი. აქტაუს მინისტერიალი და მოლოდინები ყაზახეთში, აქტაუში 25 ნოემბერს მინისტერიალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მთავარი თემა ტრანსკასპიური დერეფნის გამტარუნარიანობა იყო, რომლის ერთ-ერთ ნაწილს „რკინის აბრეშუმის გზა“ „ბაქო-თბილსი-ყარსის“ რკინიგზა შეადგენს. „მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც შეეხება შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით განსაზღვრულ კონკრეტულ აქტივობებს, კერძოდ, საუბარია დერეფნის ვიწრო ყელისა და საცობის ეფექტის აღმოფხვრის სამოქმედო გეგმაზე 2022 – 2027 წლებისათვის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის მხარეებმა, თავის მხრივ, დააფიქსირეს მზადყოფნა, ერთობლივად მიიღონ ზომები შუა დერეფნის ეფექტურობის და მიმზიდველობის გაზრდისათვის“. ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი, ამბობს, რომ აქტაუს მინისტერიალი შუა დერეფნის პოტენციალის გაზრდისა და გააქტიურების მიზნით, საკმაოდ მნიშვნელოვანია. „აქტაუში, ოთხი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების შეხვედრაზე სწორი აქცენტები გაკეთდა. მათ განაცხადეს, რომ შუა დერეფნის გასააქტიურებლად იქ უნდა ჩაიდოს თანხა, რა მიმართულებითაც ყველას უჭირს. შემდეგი თემა იქნება სატრანსპორტო დერეფნის მართვის საკითხი. აქ საკვანძოა ინვესტიციები, მართვა და ტარიფების ერთობლივად დადგენა. ევროპაში ამ საკითხების შეთანხმების საფუძველზე, დერეფნები უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს. აქტაუს შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის შემთხვევაშიც ეს მომენტიც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა. „რკინის აბრეშუმის გზა“ იგივე „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთზე, ხოლო 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, და საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).