ძებნის რეზულტატი:

რეგულაციების დარღვევის 765 ფაქტი გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 765 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 134 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 631 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.

Pfizer-ი წელს, ვაქცინის გაყიდვებიდან $15 მილიარდის მიღებას ელოდება

Pfizer-ი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს, კორონავირუსის ვაქცინის გაყიდვებიდან შემოსავლების სახით, $15 მილიარდის მიღებას ელოდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2021 წლის ბოლომდე, ორი მილიარდი დოზა ვაქცინის წარმოება აქვთ გეგმაში. კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ალბერტ ბურლას თქმით, ისინი არაერთ ინიციატივაზე მუშაობენ, რათა წარმოება გაზარდონ. ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის განცხადებით, გასული წლის მეოთხე კვარტალში ვაქცინის გაყიდვებით 154 მილიონი დოლარი მიიღეს. 31 იანვრის მდგომარეობით, Pfizer-მა მსოფლიოს უკვე 65 მილიონი დოზა ვაქცინა, ხოლო აშშ-ს 200 მილიონი დოზა მიაწოდა. მაისის ბოლომდე აშშ-ს დამატებით 200 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიაწოდოს.

7 თებერვლიდან, Busline-ზე მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება

7 თებერვლიდან, Bus line-ზე მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება იკრძალება. ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. „თქვენ იცით, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული იყო, ჩვენ დაშვებული გვქონდა ავტობუსის ზოლში მოძრაობა. 7 თებერვლიდან ეს შეზღუდვა ამოქმედდება და კვირას სატრანპორტო საშუალება, რომელიც გადავა ავტობუსის ზოლში, დაჯარიმდება ადმინისტრაციული სახდელით ისეთივე წესით, როგორც ხდებოდა აქამდე“, – განაცხადა ხმალაძემ. როგორც ცნობილია, ავტობუსებში , მიკროავტობუსებსა და მეტროსადგურებში მკაცრად გაკონტროლდება პირბადის ტარების წესი.

ბრიტანეთმა ჩინეთის სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიას ლიცენზია გაუუქმა

ბრიტანეთის მარეგულირებელმა ჩინურ CGTN-ის მაუწყებლობის ლიცენზია გააუქმა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მარეგულირებლის გადაწყვეტილებას თან სდევდა გამოძიების დასკვნა, რომლის მიხედვით, Star China Limited-ი ლიცენზიას უნებართვოდ ფლობს. მარეგულირებლის თქმით, ჩინურმა კომპანიამ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან დამოუკიდებლად მუშაობს. Ofcom-ის (ბრიტანული მარეგულირებელი) თანახმად, ჩინეთის სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიას არ ჰქონდა სარედაქციო პასუხიმსგებლობა არხის ოპერირებისთვის და დასძენენ, რომ ჩინური კომპანია მეტწილად ახალი ამბების არხის დისტრიბუტორია და არა პროვაიდერი. ბრიტანეთის კანონდებლობის თანახმად, სამაუწყებლო კომპანიას აქვს უფლება სახელმწიფოს დაფინასებით იმუშაოს, თუმცა აკრძალულია პოლიტიკურ პარტიების მხრიდან კომპანიის კონტროლი.

კანადის ხელისუფლებამ „რუსული იმპერიული მოძრაობა“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

კანადის ხელისუფლებამ „რუსული იმპერიული მოძრაობა“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი, უილიამ ბლერი ავრცელებს. "ძალადობრივ ექსტრემიზმს კანადაში ადგილი არ აქვს. დღეს ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ დამატებით 13 ჯგუფმა დააკმაყოფილა კანადაში ტერორისტულ სუბიექტებად აღიარების პირობა. მათ შორის არის ოთხი ჯგუფი, რომელთა ძალადობრივი ექსტრემიზმი გამოწვეულია საძულველი იდეოლოგიებით", - განაცხადა უილიამ ბლერმა. კანადამ ტერორისტულ ორგანიზაციად, გარდა „რუსული იმპერიული მოძრაობისა“, აღიარა სხვა 13 ორგანიზაციაც, რომელთა შორის არიან რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციები, ასევე ამერიკის ულტრამემარჯვენე „ამაყი ბიჭები“.

8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი 21:00 საათამდე იმუშავებს

8 თებერვლიდან თბილისში ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21:00 საათამდე მოემსახურება. - ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მგზავრებისთვის პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება . შაბათ-კვირას კი ტრანსპორტი არ იმუშავებს. მისი თქმით, თანამშრომლებს, რომლებიც 21:00 საათზე დაასრულებენ სამუშაო საათს, მათ შინ დაბრუნებას და ტრანსპორტირებას მერია უზრუნველყოფს. „საკოორდინაციო საბჭოს გდაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან ფუქნციონირებას დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი. სამუშაო განრიგი იქნება საღამოს კომენდანტის საათის დაწყებამდე, ანუ 21:00 საათამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეჩერდება შაბათ-კვირას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება. კონტროლი მოხდება ზუსტად ისე, როგორც აქამდე ხდებოდა. პირბადის გარეშე არ დაიშვება ადამიანი ტრანსპორტში, მეტროს შესასვლელები გაკონტროლდება და ავტობუსის შემთხვევაში, არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა ან თუ ვინმე ტრანპოსრტში მოიხსნის პირბადეს. კონტროლი იქნება საკმაოდ მკაცრი. ფეხზე დგომასთან დაკავშირებით რეკომენდაცია არ გვაქვს გაცემული. ჩემი აზრით, პირველ რიგში, დავაკვირდებით როგორი იქნება დატვირთვა და იქედან გამომდინარე ალბათ იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებენ გადაწყვეტილებას. 21:00 საათამდე იმუშავებს ტრანსპორტი და 21:00 საათის შემდეგ ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი პერსონალის საცხოვრებელ სახლებში განაწილებას“, – განაცხადა ხმალაძემ.

პრეზიდენტი: ვიმედოვნებ, ევროკავშირის კიბოს დაძლევის გეგმა, საქართველოსთვის ღია იქნება

კიბო არ უნდა იყოს მომაკვდინებელი მხოლოდ იმიტომ, რომ იბადები ნაკლებად პრივილელგირებულ საზოგადოებაში”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ ონლაინფორუმზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, ევროპის მთელ რეგიონთან გააერთიანოს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევა. "სამწუხაროდ, კიბოთი დაავადებულ ქართველ ბავშვებს, ჯერ კიდევ უწევთ საზღვარგარეთ მკურნალობის გზების ძიება. მე ასევე ვიმედოვნებ, და არამარტო ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის კიბოს დაძლევის გეგმა, რომლის წარდგენა ხდება დღეს ევროკომისიის მიერ - ღია იქნება ასოცირებული პარტნიორებისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ კიბოს ამ გეგმის ნაწილი და საქართველო მზადაა ევროპის მთელს რეგიონთან გააერთიანოს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევა”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ევროპულ ფორუმზე. პრეზიდენტის განცხადებით, მაშინ როცა, ჩვენ ვგლოვობთ Covid19-ით გარდაცვლილებს, ჩვენ მხედველობაში ისიც უნდა ვიქონიოთ, რომ კიბო ჯერ კიდევ სიკვდილიანობის მეორე წამყვანი მიზეზია მსოფლიოში”, „კიბო უნივერსალური ტვირთია და Covid19-ის პანდემიამ ფართომასშტაბიანი გავლენა იქონია კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე. ჩვენ ასევე აღვნიშნავთ, რომ ევროპის ქვეყნებში არაერთგვაროვანი შესაძლებლობები გვქონდა კიბოს სერვისებთან მიმართებაში და პანდემიამ ეს უთანასწორობა კიდევ უფრო გააღრმავა. როდესაც ვსაუბრობ თანაბარ ხელმისაწვდომობაზე, ბავშვთა კიბო ჯერ კიდევ სერიოზული, დასაფიქრებელი საკითხია ჩვენს ქვეყანაში, ზოგიერთ პატარა ასაკის ქართველ პაციენტს ჯერ კიდევ უწევს, რომ საზღვარგარეთ ეძებოს კიბოს მკურნალობის გზები, რაც არამარტო ძვირადღირებულია, არამედ ემოციურად მძიმეა მათთვის და მათი ოჯახებისთვის. სწორედ ამიტომ, მე განვსაზღვრე ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის გზები ჩემს ერთ-ერთ, მაღალი რანგის პრიორიტეტად და გადავწყვიტე, რომ მოვახდინო ბავშვებისთვის კიბოს დიაგნოსტიკის და მკურნალობის ყოვლისმომცველი შესაძლებლობების შექმნის ადვოკატირება აქ, საქართველოში. კიბო არ უნდა იყოს მომაკვდინებელი მხოლოდ იმიტომ, რომ იბადები ნაკლებად პრივილელგირებულ საზოგადოებაში”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდეტმა ევროპულ ფორუმზე. სალომე ზურაბიშვილმა კიბოს პრევენციის კუთხით საქართველოში გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2013 წლიდან, საქართველომ ჯანმრთელობა პოლიტიკურ პრიორიტეტად გამოაცხადა და შეუერთდა გლობალურ ძალისხმევას ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით. მისი თქმით, კიბოს პანევროპული ინიციატივა შეიძლება უდავოდ მძლავრი ინსტრუმენტი იყოს მეტი თანასწორობის მისაღწევად სრულიად ევროპის მასშტაბით. „მე ვთვლი, რომ პოლიტიკური ლიდერშიფი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია კიბოსთან წინააღმდეგ ბრძოლაში და მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე შეხედულება, თუ როგორ ვუპასუხოთ ამ საერთო გამოწვევას:პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი მიდგომა, მთავრობის და საზოგადოების სრული ჩართულობით. ჩვენ გვჭირდება სისტემური პოლიტიკა - პრევენციიდან პალიაციამდე. და ამისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის უნიკალური გადაჭრის გზები ნამდვილად ერთ-ერთი მიმართულებაა. 4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა.

კანადამ ულტრამემარჯვენე ჯგუფი Proud Boys-ი ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა

კანადამ ულტრამემარჯვენე და ნეონაცისტური დაჯგუფება - Proud Boys-ი ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში დაამატა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. საჯარო უსაფრთხოების მინისტრის, ბილ ბლეირის თქმით, ისინი დაჯდგუფებას 2018 წლიდან აკვირდებიან. „ესკალაციის ნიშნებს ვხედავთ, ძირითადად ძალადობის მიმართულებით, ჩვენ დაჯგუფებას 2018 წლიდან ვაკვირდებით. კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ რამდენიმე ულტრამემარჯვენე ჯგუფში, მათ შორის Proud Boys-ს მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებები გახშირდა“, - აღნიშნავს ბლერი. რამდენიმე კანადელი აქტივისტივს თანახმად, Proud Boys-ის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში დამატება, ზოგადად ტერორიზმის ცნებას უფრო გააფართოებს, რაც მათი თქმით, გამოხვეტის თავისუფლებასა და თავისუფალ პროტესტს საფრთხეს შეუქმნის. Proud Boys-ი 2016 წელს შეიქმნა, მათ წევრებს ხშირად აკრიტიკებენ ძალადობის წახალისებისთვის, თუმცა ულტრამემარჯვენე ჯგუფის თქმით, ისინი ძალადობას მხოლოდ თავის დასაცავად იყენენებ. მათი ლიდერის, ჰენრი ტარიოს შესახებ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის წარსულში FBI-ის ინფორმატორი იყო, ტარიო აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურეს. კანადის ტერისტულ ორგანიზაციათა სიაში 13 დაჯგუფებაა, მათ შორის ისლამური სახელმწიფოცაა.

ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომურის განცხადება და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პასუხი

„თუ დღეს მას /მაკო გომურს/ მკურნალობა სჭირდება, ესეც ასევე სრულად იქნება დაფარული სახელმწიფოს მიერ", - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია მაკო გომურის განცხადებას, სადაც აღნიშნავს რომ მას თვალის პროთეზი გაუტყდა და უწევს პირველი პროთეზის გამოყენება, რომლის ტარება მტკივნეული და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურში სრული მზაობა და მობილიზაციაა იმისთვის, რათა მაკო გომურმა მისთვის საჭირო ყველა სერვისი და დახმარება მიიღოს. „ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის აქამდე მნიშვნელოვანი იყო მაკო გომურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის სერვისი, რომელიც მან მიიღო უცხოეთში და საქართველოში, სრულად დაფინანსდა სამინისტროს სახსრებით. თუ დღეს მას მკურნალობა სჭირდება, ესეც ასევე სრულად იქნება დაფარული სახელმწიფოს მიერ. საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი იქნება აუცილებლად მასთან კომუნიკაციაში, ისევე როგორც ამ კომუნიკაციისთვის მზად არის მინისტრი, მზად ვარ მე და ასევე ყველა ის თანამშრომელი, ვინც შესაძლოა ჩაერთოს მისი ჯანმრთელობის მოგვარების საკითხში. აქამდე რა კომუნიკაციის ხარვეზებზეა საუბარი, ამას უწყება შეისწავლის, მაგრამ ამ მომენტისთვის არანაირ შეფერხებას ჩვენ არ მოველით და ის, რომ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მხარეს არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვის როგორც ფინანსურად, ასევე სხვა კუთხით, ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ძალაშია და ბოლომდე მივიყვანთ. მე ვიცი, რომ არის სრული მზაობა და მობილიზაცია როგორც ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე, საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურში, რომ ეს საკითხი ამოიწუროს ბოლომდე და ნებისმიერი სერვისი, დახმარება, რაც სჭირდება მაკოს, მიიღოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულმა მაკო გომურმა სოციალურ ქსელში 3 თებერვალს დაწერა, რომ 3 კვირის წინ გაუტყდა თვალის პროთეზი და უწევს პირველი პროთეზის გამოყენება, რომლის ტარება მტკივნეული და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ის აღნიშნავს, რომ ბუნდოვანია უცხოეთში მისი მკურნალობის გაგრძელების საკითხიც.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთვის ვაქცინის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე მიუთითებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის ვაქცინის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე ისაუბრა. გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ლიეტუვურ რადიოსთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაქცინაცია გეოპოლიტიკურ გამოწვევას წარმოადგენს და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობას. აღნიშნული კომენტარი ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღმოსავლეთ უკრაინაში მოსახლეობის რუსული ვაქცინით აცრების დაწყებასთან დაკავშირებით გააკეთა. გაბრიელიუს ლანდსბერგის განმარტებით, ჯერჯერობით, თავად ევროპას არ გადაულახავს ვაქცინაციასთან დაკავშირებული სიძნელეები. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ევროპა ვაქცინების საჭირო რაოდენობას მიიღებს, მნიშვნელოვანია, ევროპამ იზრუნოს სხვა სახელმწიფოების დახმარებაზე.

კახა კალაძე: თუ ვინმე პირბადის გარეშე მგზავრობას შეეცდება ავტობუსი არ დაიძვრება და მონიტორინგი პოლიციას გამოიძახებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა რეგულაციის გათვალისიწნებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად აღსადგენად, მერიის ყველა შესაბამისი უწყება მზადყოფნაშია. მისივე თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება, ძალინ მკაცრად გაკონტროლდება და საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის თანამშრომლები პოლიციასაც გამოიძახებენ. „რაც შეეხება რეგულაციებს, დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ამაზე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვისარგებლოთ პირბადეებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსსა და მიკროავტობუსში. კონტროლი იქნება ძალიან მკაცრი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის დროს, თუ ადამიანი შეეცდება, პირბადის გარეშე იმგზავროს ავტობუსით, ავტობუსი არ დაიძვრება და არ გადაადგილდება, გამოძახებული იქნება საპატრულო პოლიცია“, – განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება. თბილისში ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს კომენდანტიის საათის ამოქმედებამდე, 21:00 საათამდე მოემსახურება. შაბათ-კვირას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს. სავალდებულოა პირბადის გამოყენება.

რუსეთსა და აშშ-ის შორის ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულება 5 წლით გახანგრძლივდა

რუსეთმა და აშშ-მა ბირთვული იარაღის კონტროლის გახანგრძლივებას ხელი მოაწერეს.ინფორმაციას CNBC ავრცელებს. ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენის თქმით, ახალი ხელშეკრულების 5 წლით გახანგძლივება ამერიკის შეერთებულ შტატებს და მსოფლიოს უფრო უსაფრთხოდ აქცევს". აშშ-ის პირველი დიპლომატის თქმით, ხელშეკრულების განახლებით, შტატებმა აჩვენა, რომ მას სურს შეიარაღების უფრო ეფექტური კონტროლის მიღწევა. ხელშეკრულების განახლების შესახებ ინფორმაცია ბაიდენისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა. თეთრი სახლის სპიკერის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს ბაიდენმა პუტინს განიარაღების ხელშეკრულების(New START) ვადების გადაწევა შესთავაზა. მოგვიანებით კი რუსეთის დუმამაც დაუჭირა მხარი გახანგრძლივებას. ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, რომ START-ის ხელშეკრულება 2026 წლის 5 თებერვლამდე იმოქმედებს.

მიანმარში Facebook-ი დაბლოკეს

მიანმარში სამხედროებმა Facebook-ი დაბლოკეს. ინფორმაციას AP News-ის ავრცელებს. სოციალური ქსელში გავრცელებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოწოდებებისთვის, მიანმარის სამხედრო ძალებმა გადაწყვიტეს Facebook-ის დაბლოკვა. ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება რამდენიმე დღის წინ მოხდა. სამხედრო ტელევიზიის ცნობით, გადატრიალებისას სამხედრო ძალებმა ქვეყნის მაღალჩინოსნები, "ნოემბრის არჩევნების გაყალბებისთვის" დააკავეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დაგმო მიანმარის სამხედრო გადატრიალება და მიანმარის ლიდერისა და ნობელის პრემიის ლაურეატის აუნ სან სუ ჩის დაკავება. ბაიდენმა აღნიშნულ ქმედებას ქვეყნის დემოკრატიულ გარდაქმნაზე და კანონის უზენაესობაზე პირდაპირი თავდასხმა უწოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები: კომენდანტის საათის ეს ფორმა, კონსტიტუციას ეწინააღდეგება

"კომენდანტის საათის ამ ფორმით არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და შეზღუდვათა შემსუბუქების ფონზე, საქართველოს მთავრობაზე დელეგირებული უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების კიდევ უფრო ნათელ მაგალითს წარმოადგენს", - ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 2021 წლის 4 თებერვალს მთავრობამ განაცხადა, რომ 8 და 15 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება. თუმცა, ის ისევ არ შეხებია კომენდანტის საათს, რომელიც ხელისუფლების გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა. "არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ იმის თაობაზე, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა იმ ფორმით, როგორც ის დღეს მოქმედებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, კომენდანტის საათი დაწესებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით[1] მაშინ, როდესაც, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს კანონის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ. მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის საქართველოს მთავრობაზე დელეგირება დასაშვებია, თუკი შეზღუდვის წინაპირობებს, მასშტაბსა და შინაარსს კანონი განსაზღვრავს, ხოლო მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ აკონკრეტებს იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება. მართალია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი იძლევა მთავრობის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის ფორმალურ საკანონმდებლო საფუძველს, თუმცა, ის იმდენად ზოგადი და განუსაზღვრელია, რომ მასში ფაქტობრივად მთავრობაზე ნებისმიერი უფლებამოსილების დელეგირება შეიძლება იქნეს ამოკითხული. აღნიშნული კი თავისთავად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ზემოხსენებულ დელეგირების წესს. მოქმედი კომენდანტის საათი არათანაზომიერად ზღუდავს პირთა მიმოსვლის თავისუფლებას, აჩენს საფუძვლიან ეჭვს მიზნის მიღწევის გამოსადეგობასთან დაკავშირებით და არ წარმოადგენს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოხსნას კომენდანტის საათი და შეწყვიტოს COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ადამიანის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა და არაკონსტიტუციური ღონისძიებების გამოყენება", - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერს: საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI Georgia), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), თანასწორობის მოძრაობა, ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG).

როგორ გამოიყურება სპეციალური დაკავების ცენტრი რუსეთში, სადაც ნავალნის მხარდასაჭერ აქციებზე დაკავებულები მოათავსეს

როგორ გამოიყურება სპეციალური დაკავების ცენტრი რუსეთში, სადაც ნავალნის მხარდასაჭერ აქციებზე დაკავებულები მოათავსეს რუსულ მედიასივრცეში ნავალნის მხარდამჭერთა კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, რა პირობებში არიან დაკავებულები.

ბათუმის ეპარქიის გიმნაზია-პანსიონში 25  ბავშვს და 7 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის ეპარქიის გიმნაზია-პანსიონში 25 ბავშვს და 7 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც Europetime-ს აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, პანსიონატში ტესტირება რეგულარულად ტარდება და მოსწავლეებს და პედაგოგებს ვირუსი სხვადასხვა დღეს ჩატარებული ტესტირებისას გამოუვლინდათ და არა ერთ დღეს. "პანსიონის თანამშრომელთა და აღსაზრდელთა მორიგი ტესტირების დროს გამოვლინდა შემდეგი: რამდენიმე ბენეფიციარს გამოეხატა რესპირატორული სიმპტომები და სწრაფი ტესტირებით განესაზღვრათ დადებითი შედეგი, რის შემდგომაც ყველა მათგანი მყისიერად გადაყვანილი იქნენ კოვიდ-სასტუმროში. განხორციელდა მთელი კონტიგენტის გამოკვლევა და ყველა საეჭვო შემთხვევაში ხდებოდა განმეორებითი ტესტირება, რის შედეგადაც გამოვლინდა დამატებით შემთხვევები. დღეის მდგომარეობით ჯამურად ფიქსირდება 32 შემთხვევა, მათგან 7 მოზრდილი და 25 ბავშვი. აქედან 30 არის კოვიდ-სასტუმროში, 1 სტაციონარში,1 ოჯახში. პანსიონში ჰიგიენური ნორმები დაცულია. შედარებით მაღალი რისკის მქონე კონტაქტები იზოლირებილი არიან. პედიატრების მეთვალყურეობით მიმდინარეობს უწყვეტი ზედამხედველობა; ბავშვებს და თანამშრომლებს ყოველდღიურ რეჟიმში უგრძელდებათ თერმოსკრინინგი და გამოკვლევა/გამოკითხვა სიმტომების გამოვლენის თაობაზე. პანსიონატში სასწავლო პროცესი ისედაც შეჩერებული იყო. ეს ბავშვი იქ ცხოვრებენ. ეს არის საპატრიარქოს პანსიონატი. სამინისტრომ პასუხისმგებლობა აიღო კოვიდკონტროლის კუთხით და მუდმივ ტესტირებას ატარებდა. ბოლო პერიოდში გამოვლინდა ინფიცირების რამდენმე შემთხვევა“, - განუცხადეს Europetime-ს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. კოვიდინფიცირების შემთხვევები დაფქისირდა ასევე ბათუმის ორ სკოლაში. Covid-19 აღმოაჩნდა კერძო სკოლა ''ევრო 2000-ის'' პედაგოგს და ბათუმის მე-8 სკოლის მოსწავლეს. კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

პატრიარქი: მთელი საქართველო გლოვობს თემურ წიკლაურის გარდაცვალებას

"მთელი საქართველო გლოვობს ბატონ თემურ წიკლაურის გარდაცვალებას; იშვიათია ადამიანი, რომ ასე უყვარდეს საზოგადოებას, როგორც არა მარტო მომღერალი, არამედ, როგორც პიროვნებაც", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარის წერილშია აღნიშნული. "ყველა ლოცულობდა მისი გადარჩენისთვის, მაგრამ იგი, ღვთის განგებულებით, ცათა სიმაღლეების გზას შეუდგა. პირველად მას მეუღლესთან ერთად დიდი ხნის წინ შევხვდი. შვილის გარდაცვალების გამო უდიდესი ტკივილით დამძიმებული ოჯახი ნუგეშს ეძებდა და ღვთისსათნო საქმის აღსრულება სურდათ. თემურს ტაძრის აგება უნდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ქონდა, თუმცა ღმერთმა სხვა საშუალება გამოუჩინა: მეგობრების ფინანსური დახმარებით და ქართველ-ებრაელთა თანადგომით იერუსალიმში შეიძინა კერძო დიდი სახლი, სადაც უკვე ათწლეულებია ჩვენი კულტურის ცენტრი ფუნქციონირებს და საქართველოდან ჩასულ პილიგრიმებს მასპინძლობს. ეს ძალიან დიდი ეროვნული და საღვთო საქმეა. შემდეგ მან სტიქაროსნობაც დაიწყო და მას უკვე ხშირად ხედავდნენ ტაძარში ღვთისმსახურთა შორის. სიყვარულის გაცემისთვის უშურველი, წრფელი, მეგობრობისათვის მოწოდებული, თავის ხმასავით ძლიერი და, ამავე დროს, ლმობიერი, სარწმუნოებისათვის გულმხურვალე, - ასეთად დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ბატონი თემურის უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც იგი უკვე გახდა. მთავარია, ახლა ჩვენ შევძლოთ მასთან ლოცვითი ურთიერთობა და მისი სულისთვის ზრუნვა", - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

გერმანიის საელჩო: COVAX-ით მსოფლიოში პირველი კოვიდვაქცინები უნდა დაიგზავნოს, მათ შორის, საქართველოშიც

"COVAX-ის მეშვეობით მსოფლიოში პირველი კოვიდვაქცინები უნდა დაიგზავნოს, მათ შორის, საქართველოშიც. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მსოფლიოში პანდემიის დასამარცხებლად" - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. „თებერვლის განმავლობაში საერთაშორისო პლატფორმა „კოვაქსის“ მეშვეობით მსოფლიოში პირველი კოვიდვაქცინები უნდა დაიგზავნოს, მათ შორის, საქართველოშიც. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მსოფლიოში პანდემიის დასამარცხებლად. გერმანია და ევროკავშირი ეხმარებიან „კოვაქსს“ მისი დაარსების დღიდან და ისინი მის ყველაზე დიდ დონორებს მიეკუთვნებიან. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას“, – ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით ირანელ დიპლომატს ბელგიაში 20 წელი მიუსაჯეს

ბელგიის სასამართლომ ასადოლა ასადი ტერაქტის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას Detusche Welle ავრცელებს. გამოძიების თანახმად, დიპლომატს 2018 წელს ემიგრაციაში მყოფი ირანული ოპოზიციური ჯგუფის, “ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭოს” შეკრების აფეთქება სურდა. ასადოლამ ბელგიელ წყვილს ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცა, რომელიც მათ შეკრებაზე უნდა შეეტანათ. პოლიციამ ასადის სამი თანამზრახველი დააკავა, რომელბიც ბელგიის მოქალაქეები არიან.

ბერიკები - გოგა ჩანადირი სპეციალურად Europetime-სთვის

საუკუნეებ გამოვლილი ბერიკაობა კახეთშიღა შემორჩა, კონკრეტულად კი გომბორის უღელტეხილზე. ბერიკაობის წეს-ჩვეულებებიდან ბოლო დროს მხოლოდ კოსტუმები შემორჩა. ახლანდელი ბერიკები ძირითადად ფულს გზებზე აგროვებენ და ეს სწორედ გომბორზე ხდება.კოვიდშეზღუდვების გამო, მანქანების ნაკადმა რომ იკლო, ბერიკებმა წაღვერი-ბაკყრიანის გზაზე გადაინაცვლეს. მართალია, მათ უმეტესად ხურდას სწირავენ, მაგრამ ზოგჯერ თითო ბერიკა 100 ლარსაც შოულობს. თუ ვინმემ დიდი თანხა გაიღო, მას დოლის დაკვრითაც დააჯილდოებენ. ბერიკაობა თავდაპირველად საკულტუ-რელიგიური ხასიათის იყო და ნაყოფიერება-შვილიერებას უკავშირდებოდა. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ თეატრალური ხასიათი შეიძინა და ქართული თეატრის წინამორბედადაც კი ითვლება. თავად კლასიკური თეატრის ისტორია კი საქართველოში გიორგი ერისთავის მიერ 1850 წელს პროფესიული დასის ჩამოყალიბებისა და მისივე პიესის „გაყრის" თბილისში დადგმიდან იწყება. სახალხო ბერიკაობაში მხოლოდ კაცები მონაწილეობდნენ. ქალები და მოზარდები ცალკე წარმოდგენას მართავდნენ. ბერიკები საქართველოს ისტორიას გადმოსცემდნენ. მხოლოდ მათ შეეძლოთ, გავლენიანი პირების გაშარჟება. მეფე კი ხელშეუხებელი იყო. ბერიკები თბილისში მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ, მაგრამ ვინაიდან დედაქალაქში კლასიკური თეატრი უკვე განვითარებული იყო, მათ შორის - ოპერა და ბალეტი, ფეხი ვერ მოიკიდეს. დღევანდელი ბერიკები ძირითადად ყვარლის სოფლებიდან არიან და შემორჩენილ ტრადიციას არც ამ წელს უღალატეს.