ძებნის რეზულტატი:
სახელმწიფო დეპარტამენტი: ლავროვთან სატელეფონო საუბრისას ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის საკითხიც განიხილა. ამ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. დიპლომატებმა ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ისაუბრეს. საუბარი ჩინეთის მხირადნ მზარდ საფრთხესაც შეეხო. „ენტონი ბლინკენმა რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის წანააღმდეგ სამხედრო აგრესიაზეც გაამახვილა ყურადღება, ასევე ოპოზიციონერი ნავალნის დაკავებაზე, Solar Winds-ის კიბერთავდასხმასა და რუსეთის აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევაზე ისაუბრა", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. დიპლომატებს შორის სატელეფონო საუბარს წინ ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის საუბარი უძღვოდა.
ჯო ბაიდენი: დასრულდა დღეები, როცა აშშ რუსეთის აგრესიულ ქედებებზე თვალს ხუჭავდა
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, რუსეთის ქმედებებს წინ მკაცრად აღუდგება. ამის შესახებ მან სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხად, სადაც საგარეო პოლიტიკურ ხედვებზე ისაუბა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ მან რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ დასრულდა დღეები, როდესაც აშშ რუსეთის აგრესიულ ქედებებზე თვალს ხუჭავდა. ამ კონტექსტში კი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევა, ხაკერული კიბერშეტევები ახსენა. „ჩვენ უყოყმანოდ ვაიძულებთ რუსეთს, გადაიხადოს და დავიცვათ ჩვენი ხალხის სასიცოცხლო ინტერესები. ჩვენ მეტად ეფექტურები ვიქნებით რუსეთთან მიმართებაში, როდესაც კოალიციაში პარტნიორ თანამოაზრეებთან ერთად ვიმუშავებთ“, = განაცხადა ბაიდენმა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს მავნე ქმედებებისთვის პასუხს აგებინებს
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს მავნე ქმედებებისთვის პასუხს აგებინებს. ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის კურსი აშშ-ს საშუალებას მისცემს, რუსეთს უფრო ეფექტურად დაუპირისპირდეს. „შევძლებთ, რუსეთს უფრო ეფექტურად გავუწიოთ წინააღმდეგობა. უკეთ მომზადებული ვიქნებით იმისთვის, რომ ისეთ საფრთხეებს გავუმკლავდეთ, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, პანდემია და ბირთვული იარაღის გავრცელება“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა. ეს მავნე ქმედებები მოიცავს ამერიკულ დემოკრატიაში ჩარევას, ევროპაში ქიმიური იარაღით ხალხის მოწამლვას, კიბერშეტევებსა და ბევრ სხვა რამეს“, - აღნიშნა სალივანმა.
ტრამპმა ამერიკის კინომსახიობთა გილდია დატოვა
დონალდ ტრამპმა ამერიკის კინომსახიობთა გილდია დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ტრამპმა გილდიის დატოვების შესახებ გილდიის პრეზიდენტს, მსახიონ გაბრიელ კარტერის წერილი მისწერა. „ამ წერილს გწერთ გილდიის ე.წ. დისციპლინარული კომიტეტის მოსმენასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემთვის წევრობის ჩამორთმევას ეხებოდა. ვის რაში ადარდებს? მეტად აღარ მსურს რაიმე მაკავშირებდეს ამ ორგანიზაციასთან. ამ წერილით გატყობინებთ, რომ დაუყოვნებლივ ვტოვებ გილდიის რიგებს. მე არ ვიცნობ თქვენს შემოქმედებას, მაგრამ ვამაყობ ჩემი მუშაობით ისეთ ფილმებში, როგორიცაა "მარტო სახლში 2", "ზოოლანდერი" და "უოლ სტრიტი", - წერს ტრამპი გარდა ფილმებისა, აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე სატელევიზიო შოუც დაასახელა.
ლეხ ვალენსამ ნავალნი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა
პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელმა ლეხ ვალენსამ ამავე პრემიაზე რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი წარადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას, პოლონურ გამოცემა Gazeta Wyborcza-ზე დაყრდნობით, Deutsche welle ავრცელებს. ნობელის კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ვალესამ, რომელმაც მშვიდობის პრემია 1983 წელს მიიღო, აღნიშნა, რომ ნავალნი დიდი გამბედაობით გამოირჩეოდა და მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაღება უწევდა კორუფციის გამოსავლენად, პოლიტიკური შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის უფლების დასაცავად და რუსეთში მზარდი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. ”ბატონი ნავალნი დღეს ებრძვის ტოტალიტარიზმს დემოკრატიის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და კანონის უზენაესობის იდეალებისთვის, ისევე როგორც მე ვიბრძოდი კომუნისტურ პოლონეთში რამდენიმე ათეული წლის წინ”, - თქვა ვალესამ. ცნობისთვის, რუს ოპოზიციონერს ალექსი ნავალნის რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 538 ადამიანს დაუდასტურდა, 498 გამოჯანმრთელდა, 18 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახენ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 16808, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 9163, PCR ტესტით - 7645. ვირუსის გავრცელებიდან დრემდე, საქართველოში კორონავირუსის 261,018 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 252,246, გარდაიცვალა 3,258 პაციენტი. მძიმე პაციენტი: 538, მათ შორის, თბილისში - 236, აჭარაში - 45, იმერეთში - 134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 146, მათგან თბილისში - 103, აჭარაში- 6, იმერეთში - 16. 538 ახალი შემთხვევიდან 227 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 25, იმერეთი - 83, ქვემო ქართლი - 35, შიდა ქართლი - 44, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 60, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 274 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 182 - თბილისში, 81 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 927 კოვიდინფიცირებული ბინაზე მკრნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 199, ხოლო აჭარაში - 174. სულ 6 ოქტომბრიდან - 4 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 531 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 14 734 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 014 პირი, აჭარაში - 789, იმერეთში - 1 502
ირანის მოქალაქე საქართველოში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე-1987 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს. - ინფორმაციას შინაგან საქმეტა სამინისტრო ავრცელებს. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.დ. გეგმავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ საქართველოში შემოტანას. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დადგინდა დანაშაულის სისრულეში მოყვანის სავარაუდო მარშუტი. თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მისაბმელიანი ავტომანქანის ჩხრეკისას, მ.დ.-ს კუთვნილი ტვირთის- მარილის ტომრების შემოწმებისას სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით- 1171 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ.დ. ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან 195 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა განახორციელა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - ნათქვამია განცხადებაში.
ნიკა მელია, გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო, პროკურატურაში დაიბარეს
აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ მასზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკისრებული - ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა , რამაც პრაქტიკულად გამორიცხა მის მიმართ კანონმდებლობით დაკისრებული, სამართლებრივად სათანადო ქცევის უზრუნველმყოფი გარანტიების არსებობა. შესაბამისად, პროკურატურის შუამდგომლობით მოთხოვნილ იქნა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.თბილისის საქალაქო სასამართლოს იმავე განჩინებით, ნიკანორ მელიას გირაოს გაზრდილი ოდენობის - 40 000 ლარის - გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გირაოს თანხის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ ბრალდებულს, მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს შეუძლია გირაოს უზრუნველსაყოფად შეიტანოს როგორც ფულადი თანხა, ასევე - ამ თანხის ექვივალენტური უძრავი ქონება. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც საკმარისია გირაოს უზრუნველსაყოფად, ასევე მის მიერვე 2020 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, დეკემბერში გააჩნდა საკმარისი თანხა გირაოს უზრუნველსაყოფად, ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიების პირობა არ შეასრულა და გირაოს თანხა - 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, არ გადაიხადა, ასევე არ უზრუნველყო გირაო თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნიკანორ მელიასთან გაფორმდება ოქმი, რომლის მიხედვითაც მას გირაოს თანხის გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთკვირიანი ვადა. ასევე განემარტება, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას ექვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე" - ნათქვამია პროკურატურის განცხადება.
მეტროსადგური "გოცირიძე" მგზავრებს სამი თვის განმავლობაში ვერ მოემსახურება
მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 თებერვლიდან, სადგური სამი თვის განმავლობაში, მგზავრებს ვერ მოემსახურება. თბილისის მერიის განცხადებით, მეტროს მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ამ სადგურზე არ გაჩერდებიან. შეგახსენებთ, რომ 8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს.
6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად აღარ გაიხსნება
6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად აღარ გაიხსნება. ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. „გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არის წინ გადადგმული ნაბიჯი იმ უფსკრულის ამოსავსებად, რომელიც მთავრობასა და ბიზნესს შორის გაჩნდა. ჩვენ დაანონსებული გვქონდა თვითნებურად გახსნა შაბათს, ეს იყო ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შაბათს ეს აქცია არ ჩატარდება, შაბათ-კვირას სარესტორნო სფერო ადგილზე მიტანის სერვისით გააგრძელებს ფუნქციონირებას. ეს არის ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ გადმოდგა და ჩვენი მხრიდან, ამას ვაფასებთ. 15-დან გახსნა არ ნიშნავს, რომ ეს შვებაა ბიზნესისთვის, რადგან რესტორნების დიდი უმრავლესობისთვის ამ ამინდში ეს ბენეფიტი არ არის. თუმცა ვაფასებთ გადაწყვეტილებას ტრანსპორტის, და სკოლების ნაწილში და ამის გათვალისწინებით ვთლით, რომ ეს ჩვენთვისაც გაკეთებული საქმეა, თუნდაც თანამშრომლების ტრანსპორტირების ნაწილში. თუ 15 თებერვლის შემდეგ, ისევ ამ მდგომარეობაში ვიქნებით და ასეთი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვექნა, ეს დაუმორჩილებლობა რამდენიმე კვირით გადაიწევს. მანამდე არ მივდივართ, არც თხოვნით და არც მოლაპარაკებით. თუ ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ მისცა შესაძლებლობა და არ გახსნეს, ეს შაბათი უბრალოდ გადაიწევს. დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მივიღებთ გადაწყვეტილებას. ულტიმატუმის ენის საუბარი ჩემი სტილი არ არის. ჩვენ უნდა შევქმნათ გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა და არა დაძაბულობა“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. დაანონსებული „აქციის“ შემდეგ, გუშინ პრემიერმა ბიზნესი გააფრთხილა. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ორგანიზაციები დაწესებული შეზღუდვების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, გარდა უმკაცრესი რეაგირებისა, ვეღარ მიიღებდნენ მონაწილეობას სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას. 15 თებერვლიდან, კვების ობიექტები შაბათ-კვირის გარდა, ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ.
თურქეთმა შავი ზღვის რეგიონში საზღვაო რაკეტა გამოსცადა
4 თებერვალს, თურქეთმა შავი ზღვის რეგიონში პირველი ადგილობრივი წარმოების საზღვაო რაკეტა Atmaca გამოსცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას Hurriyetdailynews- ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, Roketsan-ის მიერ შექმნილ შორი მანძილის სახომალდე სარაკეტო სისტემაზე საცდელი ქმედებები სინოპის პროვინციაში ტარდებოდა. Atmaca მაღალი სიზუსტის, შორი მანძილის ხმელეთი-ხმელეთი ტიპის რაკეტაა. „ჩვენი შიდა პროდუქტი Atmaca მტრებს შეაშინებს,“ - აღნიშნა თურქეთის საზღვაო ძალების სარდალმა ადმირალმა ადნან ოზბალმა სინოპის გუბერნატორთან, ეროლ კარასმეროღლუსთან ერთად საცდელი ხანძრების დაკვირვების შემდეგ.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იტყობინება. ზაზა გახელაძეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებიან. 317-ე მუხლი - სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს. ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.
ამერიკის საელჩო: ამერიკის საზღვაო ხომალდის დაბრუნება საქართველოში, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მზადყოფნას ადასტურებს
"აშშ-ის საელჩო სიამოვნებით მიესალმება ამერიკის საზღვაო ხომალდ დონალდ კუკის დაბრუნებას საქართველოში", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. „აშშ-ის საელჩო სიამოვნებით მიესალმება ამერიკის საზღვაო ხომალდ დონალდ კუკის დაბრუნებას საქართველოში. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს მტკიცე თანამშრომლობას და COVID-19-ის გამოწვევების მიუხედავად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მზადყოფნას", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ შემოვიდა.
სერგეი ლავროვთან შეხვედრისას, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ საქართველოს საკითხიც განიხილა
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ენ ლინდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს 3 თებერვალს შეხვდა და კავკასიის რეგიონში კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს საკითხზეც ესაუბრა. ეს ტექსტი ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ენ ლინდას თქმით, შვედეთის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნისთვის, პრიორიტეტი კონფლიქტის მოგვარებაა. ლავროვთან შეხვედრაზე საუბარი საქართველოს გარდა შეეხო: ყარაბაღში, მოლდოვაში, უკრაინასა და ბელარუსში მიმდინარე კრიზისებისა და სამხედრო კონფლიქტების განხილვას. ამ რეგიონებში ეუთოს მისიის გაგრძელების აუცილებლობაზე შევთანხმდით", - აცხადებს ეუთოს თავმჯდომარე. მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის დროს, მოქმედმა თავმჯდომარემ და რუსეთის საგარეო საქმეთმა მინისტრმა, ეუთოს წევრ ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტების უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. თავმჯდომარებ რუსეთის დემონსტრაციებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეუთოს წევრი ქვეყნა ვალდებულია, ადამიანთა უფლებები და გამოხატვის თავისუფლება დაიცვას. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ასევე შეხვდა რუსეთში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს და რუსეთში მიმდინარე ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის პრობლემები განიხილა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაში დატოვება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე
„განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაში დატოვება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, ეს უკანონო გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული გეგმების რეალურ გამოხატულებას საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი კვლავაც აგრძელებს დეკლარაციულ განცხადებებს დიალოგისა და თანამშრომლობის სურვილის შესახებ. „განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაში დატოვება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციას და სწორედ რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დააკისრა პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების გამო. მსგავსი უკანონო ქმედებები, რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიის კუთხით გააქტიურებული ნაბიჯების ფონზე, კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ქმნის სიტუაციის ესკალაციის საფრთხეს და გამიზნულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში გაწეულ ძალისხმევას კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას და ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად. საქართველო აამოქმედებს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიურ და სამართლებრივი ბერკეტს და საკითხს უმაღლეს დონეზე დასვამს ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანების უკანონო გატაცებები და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში შელახვის ფაქტები. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა საქართველოს მოქალაქე დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს“, - აღნიშნულია განცხადებაში. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
სუს-ი: ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება
„ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას", - ასე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილებას. „ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზაზა გახელაძის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა და მისი უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე. ზაზა გახელაძის მიმართ, საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რასაც საოკუპაციო ძალები მიზანმიმართულად ამკვიდრებენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს", - ნათქვამია განცხადებაში. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
ენტონი ფაუჩი: Covid19-ის ვაქცინის ორივე დოზა კოვიდგადატანილებმაც უნდა გაიკეთონ
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუსის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის თქმით, ადამიანებმა, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს იმუნიზაციის სრული პროცედურა მაინც უნდა ჩაიტარონ და ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთონ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „იმ ადამიანებმა, ვინც კორონავირუსი გადაიტანეს მაინც უნდა დაიცვან FDA-ის (აშშ-ის მარეგულირებელი) რეგულაციები და ვირუსის საწინააღმდეგო ორივე დოზა უნდა გაიკეთონ", - აღნიშნავს ფაუჩი. ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუსის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ იმუნიზაცია უსაფრთხოა. „თუ გადაიტანეთ კორონავირუსი, აცრა მაინც საჭიროა, რადგან რეინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია", - აცხადებს ფაუჩი. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კვლევის წინასწარი შედეგები, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პირება რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ვაქცინის ერთი დოზითაც ჰქონდა ანტისხეულების მაღალი კონცენტრაცია, იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც ორივე დოზა გაიკეთა. კვლევის წინასაწრი შედეგები ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული და დანამდვილებით უცნობია, რამდენად ეფექტურია მხოლოდ ერთი დოზის გაკეთება, იმ ადამიანებისთვის, ვინც Covid-19 უკვე გადაიტანა.
ავღანეთში თალიბანის თავდასხმებს 16 სამხედრო ემსხვერპლა
თალიბანის თავდასხმის შედეგად ავღანეთში ქვეყნის უშიშროების ძალების 16 წევრი დაიღუპა. თავდასხმა პროვინციის ერთ-ერთ რაიონში განლაგებული უშიშროების დირექტორატის ძალების საგუშაგოზე მოხდა. თალიბანს ამ თავდასხმის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია.
პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, რომელიც მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ, აშშ-ის ვიზის გაკეთებას ჰპირდებოდა
პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, რომლებიც მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ, აშშ-ის ვიზის გაკეთებას ჰპირდებოდნენ. ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა. „პოლიციამ ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ორი პირი - ანალოგიურ ფაქტზე წარსულში რამდენჯერმე მხილებული 1992 წელს დაბადებული ზ.ჩ. და წარსულში თაღლითობის ბრალდებით ნასამართლევი 1967 წელს დაბადებული ნ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეებს სხვადასხვა თანხის გადახდის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზის გაკეთებას პირდებოდნენ. ართმევდნენ ფულს მოქალაქეებს და შემდგომ წყვეტდნენ მათთან კავშირს. ზჩ და ნ.ჯ. მთლიანობაში დაახლოებით 145 000 ლარის ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს", - ნათქვამია განცხადებაში.