ძებნის რეზულტატი:

ნიკა მელია: არ გადავიხდი,  ვერ დამიჭერთ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ" - ასე გამოეხმაურა ნიკა მელია საქართველოს პროკურატურის განცხადებას. მელიას ნაცვლად პროკურატურაში მისი ადვოკატი მივა. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია, გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო, პროკურატურაში დაიბარეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციაა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციაა. აქციას სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. აქციის მონაწილეები ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ბანერები, წარწერით "თავისუფლება ზაზა გახელაძეს" . ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

„აშშ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს გვერდიდან ვერ უყურებს“: ჯო ბაიდენის მთავარი გზავნილები

სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენმა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნებსა და მიმართულებებზე ისაუბრა. ბაიდენის მნიშვნელოვანი გზავნილები თბილისის დროით, გვიან ღამით უცხოური მედიასაშუალებების პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. „ამერიკა დაბრუნდა. დიპლომატია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში დაბრუნდა“, - ამ სიტყვებით დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტის მიმართვა. Europetime ჯო ბაიდენის მთავარ გზავნილებს გთავაზობთ: _აშშ უნდა დაუპირისპირდეს რუსეთის მცდელობებს, რომლებიც აშშ-ის დემოკრატის დასუსტებისკენაა მიმამართული _ამერიკა ვერ დაუშვებს, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს გვერდიდან უყუროს. სწორედ ამიტომ მოვედი სახელმწიფო დეპარტამენტში. _ამერიკამ უნდა გააცნობიეროს ჩინეთის მხრიდან ავტორიტარიზმის მზარდი საფრთხე და დაუპირისპირდეს რუსეთის მცდელობებს, რომლებიც აშშ-ის დემოკრატის დასუსტებისკენაა მიმამართული. ვიდრე აშშ ჩინეთს ზეთისხილის ტოტს შესთავაზებს, ჩინეთის მიერ ადამინის უფლებებს დარღვევას და გლობალურად დომინირების მცდელობას, შეერთებული შტატები დაუპირისპირდება. ჩინეთის ეკონომიკურ თავდასხმებს უნდა დავძლიოთ. _პუტინს საკმაოდ მკაფიოდ ავუხსენი, რომ ამერიკა აღარ აპირებს რუსეთის აგრესიასთან და საშინაო პოლიტიკაში ჩარევასთან შეგუებას. აშშ მოითხოვს ნავალნის უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. _ამავდროულად, ჩემი წინამორბედისგან განსხვავებით, მკაფიოდ განვუმარტე პრეზიდენტ პუტინს, რომ რუსეთი აღარ დახუჭავს თვალს რუსულ აგრესიაზე. არჩევნებში ჩარევა, კიბერთავდასხმები, საკუთარი მოქალაქეების მოწამვლა დასრულდა. ჩვენ აღარ დავაყოვნებთ და ჩვენს ინტერესებსა და ხალხს ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავთ. ჩვენ უფრო ეფექტიანი ვიქნებით რუსეთთან ურთიერთობისას, როდესაც თანამოაზრეებთან ერთად კოორდინირებულად ვიმუშავებთ“. _საუდის არაბეთსა და იემენს შორის ხუთი წელია, კონფლიქტია. ომმა ჰუმანიტარული და სტრატეგიული კატასტროფა მოიტანა. ბლინკენმა ტინ ლენდერკინგი, იემენის კონფლიქტის სპეციალურ დესპანად დანიშნა. ამავდროულად საუდის არაბეთს საკუთარი სუვენიტეტის დაცვაში დავეხმარებით, ირანის საფრთხეებისგან. _აშშ გერმანიიდან ჯარს ამ ეტაპზე არ გამოიყვანს. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა დაწვრილებით უნდა გამოიძიოს ეს გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედებს. _აშშ უფრო მეტი ემიგრანტის მიღებას აპირებს. ტრამპის ადმინისტრაციამ ემიგრანტები პრობლემად წარმოაჩინა. აშშ ფისკალური წლის ბოლომდე 125,000 დევნილს შეიფარებს. _ამერიკა უნდა იყოს პირველი, ვინც ეგზისტენციულ საფრთხეებს დაუპირისპირდება. პანდემიის პირობებში, აუცილებელია გლობალური თანამშრომლობა. _აშშ-მ ჯანმოსთან ურიერთობა აღდგინა. ამგვარად გლობალურ მზაობას კიდევ უფრო გავზრდით. კიდევ იქნება პანდემია, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. _აშშ-სთვის კიბერუსაფრთხოებას განსაკუთრებული ადგილი ექნება. ქვეყანას ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი კიბერ და განვითარებადი ტექნოლოგიების საკითხებში პირველად ეყოლება.

დავით ზალკალიანი საერთაშორისო თანამეგობრობას: მიიღეთ ქმედითი ზომები ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რომ მიიღონ ქმედითი ზომები ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად. საქართველოს ვიცე-პრემიერი ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებაზე სოციალურ ქსელში წერს. „ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით“, - წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე და აღნიშნავს, რომ ეს პროვოკაცია ნათლად ასახავს რუსეთის დესტრუქციულ გეგმებს, რომელიც საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნას ისახავს მიზნად. ამავე თემაზე: ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. საგარეო საქმეთა სამინისტრო: განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაში დატოვება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე.

ეკონომიკის სამინისტრო: ENKA-სთვის, რომელიც „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტს ახორციელებს, რიონის მთელი ხეობა საკუთრებაში არ გადაგვიცია

"ENKA-სთვის, რომელიც „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტს ახორციელებს, რიონის მთელი ხეობა საკუთრებაში არ გადაგვიცია", - ამის შესახენ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება დაძაბულობის შექმნას. როგორც სამინისტროში განმარტავენ, კომპანიას საკუთრებაში ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა მხოლოდ ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც უშუალოდ შენდება და განთავსდება ჰიდროსადგურის ნაგებობები. „გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კომპანია „ენკას,“ რომელიც „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტს ახორციელებს, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა რიონის მთელი ხეობა. ხაზგასმით განვმარტავთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება დაძაბულობის შექმნას - კომპანიას საკუთრებაში ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა მხოლოდ ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც უშუალოდ შენდება და განთავსდება ჰიდროსადგურის ნაგებობები, რაც ქვეყანაში ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკაა - როდესაც ინვესტორი ახორციელებს ინვესტიციას, მითუმეტეს, განსაკუთრებით დიდ ინვესტიციას (საუბარია 800 მილიონ დოლარზე), ცხადია, მიწა მას უნდა ჰქონდეს ან საკუთრებაში, ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით. დამატებით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება, ჰესების მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულებასთან ერთად, მოიცავს ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის, ნამოხვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობას კომპანიის ხარჯებით და შემდგომში მის უსასყიდლოდ გადაცემას სახელმწიფოსთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას არ აქვს უფლება, მისთვის გადაცემული კონკრეტული მიწები გამოიყენოს სხვა მიზნებისათვის ან გაასხვისოს მესამე პირებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ შემოვიდა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ (USS Donald Cook - DDG-75) შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. ბათუმის პორტში ხომალდს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. "ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება. ხომალდის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შეხვედრები დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართება. Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი „დონალდ კუკი“ აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში სხვადასხვა მისიაში მონაწილეობს და ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას", - ნათქვამია განცხადებაში. დონალდ კუკი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ხვალ, 6 თებერვალს, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი სწავლების დასრულების შემდგომ დატოვებს. ბოლო წლების განმავლობაში „დონალდ კუკი“ ბათუმის პორტში რამდენჯერმე იმყოფებოდა.

წინასწარი კვლევით, AstraZeneca-ს პრეპარატი კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტურია

AstraZeneca-ს პრეპარატი კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტურია. ინფორმაციას NY Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამოვკლევის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა, რომლის თანახმად ბრიტანული პრეპარატი კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ 74.6%-თ ეფექტურია. კვლევის წინასწარი შედეგებით, მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი ხუთივე პრეპარატი ასევე ეფქტურია ახალი შტამის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ მუტაციას შეუძლია პრეპარატების ეფექტურობა საკმაოდ დაწიოს, რის გამოც ქვეყნებს რაც შეიძლება სწრაფი იმუნიზაცია სჭირდებათ. ოქსფორდის მეცნიერები ვაქცინის ცდებში მონაწილე მოხალისეების ცხვირის ნაცხს რამდენიმე თვის განმავლობაში ამოწმებდნენ, რათა პრეპარატის ეფექტურობაში დარწმუნებულიყვნენ. AstraZeneca-ს ვაქცინა მსოფლიოს 50 ქვეყანაშია დაშვებული, თუმცა არა აშშ-ში, სადაც ამერიკული მარეგულირებელი საცდელი ფაზის დეტალებს ელის. NY Times-ის ცნობით, FDA 30,000-მდე მოხალისე ამერიკელზე ჩატარებული პრეპარატის გამოცდის პასუხებს თვის ბოლოსკენ მიიღებს. ბრიტანულ კომპანიას იმედი აქვს, რომ პრეპარატის უსაფრთხოებაში FDA-ის დასარწმუნებლად ყველა საჭირო მონაცემს წარადგენს. ბრიტანულ ვაქცინას ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან მიწოდების პრობლემა შეექმნა. ამავდროულად, ევროკავშირის რამდენიმ წევრი ქვეყანა ხანდაზმული მოქალაქეებისთვის ბრიტანული ვაქცინის გეკეთებას არ აპირებს.

აშშ-ის საელჩო ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის გახანგრძლივებაზე: რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს

"რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე და მის მახლობლად მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს", -ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის საელჩო ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილებას. "აშშ-ის საელჩო თბილისში გმობს საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას თორმეტი წლითა და ექვსი თვით, მას შემდეგ, რაც დაახლოებით შვიდი თვის წინ, რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ის დაჭრეს და დააკავეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბატონი გახელაძის დაჭრისა და დაკავების რუსეთის მიერ განხორციელებული საშიში ქმედებები არ მოხდებოდა, რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებები რომ შეესრულებინა, რაც მისი ძალების კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანას ითვალისწინებს. დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე და მის მახლობლად მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს, ადამიანის უფლებებს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს, ასევე, არ აძლევს მათ საშუალებას გამოიყენონ საკუთარი უფლებები და შესაძლებლობები, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - გაიყვანოს ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომა. ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ბატონ გახელაძესა და მის ოჯახს, ასევე, ყველა ოჯახს, რომელსაც რუსეთის მჩაგვრელი ოკუპაციის გაძლება უწევს" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

ანალიტიკოსი: ბლინკენის მიერ საქართველოს ხსენება ძალზედ დამაიმედებელია და იმედია, ლოგიკურ განვითარებას ჰპოვებს

"აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება საქართველოს შესახებ, ძალიან დამაიმედებელია, რადგან აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს, არც რუსეთთან თანამშრომლობის ორმხრივ ფორმატში და არც საჯარო გამოსვლებში, საქართველოს თემატიკა არ გაჟღერებულა" ამის შესახებ Europetime-ს საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ანალიტიკოსმა, გიორგი ბადრიძემ განუცხადა. "აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან ბლინკენის საუბრის კომუნიკე, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს და უკრაინის მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესია განიხილა, როგორც პრობლემური საკითხი. ანუ პირველივე კვირებში ეს პრობლემა და საქართველოს საკითხი დგება აშშ-ს და რუსეთის ორმხრივ დღის წესრიგში, როდესაც კეთდება განცხადება, საჯაროდ, ამ თემაზე ძალიან დამაიმედებელია და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ლოგიკურ განვითარებას მიიღებს", - აღნიშნავს გიორგი ბადრიძე. 4 თებერვალს, აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა რუსეთის აგრესიაზე თვალს აღარ დახუჭავს. "ამავდროულად, ჩემი წინამორბედისგან განსხვავებით, მკაფიოდ განვუმარტე პრეზიდენტ პუტინს, რომ აშშ აღარ დახუჭავს თვალს რუსულ აგრესიაზე. არჩევნებში ჩარევა, კიბერთავდასხმები, საკუთარი მოქალაქეების მოწამვლა დასრულდა. ჩვენ აღარ დავაყოვნებთ და ჩვენს ინტერესებსა და ხალხს ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავთ. ჩვენ უფრო ეფექტიანი ვიქნებით რუსეთთან ურთიერთობისას, როდესაც თანამოაზრეებთან ერთად კოორდინირებულად ვიმუშავებთ", - განცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ახალ აქცენტებს, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების ახალ დღის წესრიგს და საქართველოს მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის გაზრდით გამოწვეულ სამომავლო შედეგებს Europetime-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ვრცლად მიმოიხილავს. დიპლომატის და ანალიტიკოს-მკვლევარის, გიორგი ბადრიძის განმარტებით, ბაიდენის ადმინისტრაციის წინაშე ძალიან რთული ამოცანები დგას. რა კონკრეტული შედეგები შეიძლება მოუტანოს საქართველოს აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდამ "როდესაც ამერიკა ნაკლებ ყურადღებას გაქცევს. ვიდრე სხვა მნიშვნელოვან პარტნიორს, ნიშნავს იმას რომ რუსეთის მსგავს ქვეყნებს, უჩნდებათ შესაძლებლობა უფრო აგრესიულად და თამამად გადადგას გარკვეული ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მნიშვნელოვნად დააზიანებს. ჩვენს რეგიონში დაწყებულია გარკვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომელთა გამოყენებასაც რუსეთის ცდილობს, კერძოდ, ახალი სატრანსპორტო დერეფნების შექმნას, საქართველოს გვერდის ავლით, ისე რომ მოხდეს საქართველოს იზოლაცია. ვგულისხმობ დერეფანს, რომლითაც რუსეთი აზერბაიჯანის გავლით შეძლებს დაუკავშირდეს თურქეთს, რკინიგზით. და პირიქით. პირველი იდეა ის იყო, რომ სომხეთ აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დასრულების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სატრანსპორტო კავშირები, რომლებიც აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას, კავშირებს ნახიჩევანთან და ამგვარად. თურქეთი და აზერბაიჯანი შეძლებენ ერთმანეთთან დაკავშირებას. თურქეთს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან პირდაპირი კავშირის პრობლემა აქამდეც არც ჰქონიათ. ახლახან დასრულდა ბაქო-თბილის-ყარსის მშენებლობა. ეს ახალი მარშრუტი რუსეთისთვის უფრო არის საინტერესო. არ მინდა უფრო მეტი დეტალი გავაჟღერო. რეალურად რუსეთის ინტერესია აზერბაიჯანთან ერთად შეასრულოს კასპიის ზღვისა და შავი ზღვის ქვეყნების დამაკავშირებელი როლი და საქართველოს მაქსიმალური იზოლირება მოხდეს, იმისთვის, რომ ამით საქართველოს დაუკარგოს საერთაშორისო ფუნქცია, რომლის გამოც მას, როგორც საერთაშორისო ერთეულს, უფრო მაღალი ფასი აქვს, სხვა ქვეყნების თვალში" - განმარტავს ანალიტიკოსი. აშშ-ის როლი კავკასიაში რუსეთის გავლენების შესასუსტებლად და შესაძლო პასუხი რუსეთის აღნიშნულ სტრატეგიაზე "90-იან წლებში ის საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტები, რომლებმაც აზერბაიჯანს და ნაწილობრივ საქართველოსაც აუმაღლა სუვერენიტეტის დონე, აშშ-ის ინიციატივა იყო. სწორედ ამ პროექტებმა მისცა აზერბაიჯანს შესაძლებლობა, რომ გაემყარებინა თავისი სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც ახლა დაიბრუნა დაკარგული ტერიტორია. რომ არ ყოფილიყო კლინტონის ადმინისტრაცია, ეს პროექტი ვერ შედგებოდა. ან შედგებოდა ბევრად უფრო გვიან, ან სხვანაირად. ფაქტია, რომ 90-იან წლებში ამ პროექტების განხორციელებას ხელი შეუწყო ამერიკის მსოფლიო ლიდერობამ. აშშ-ის ადმინისტრაციას სერიოზული მუშაობა მოუწია უამრავი კომპანიის დასარწმუნებლად, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ინვესტირება, ნამდვილად ღირდა. ამერიკა უნდა დაბრუნდეს, როგორც რეგიონის უსაფრთხოების გარანტი. მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ მას შეუძლია დიდი პოლიტიკური ფასის გარეშე ავნოს საქართველოს ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ეს ნაბიჯები არის ძალიან დამაიმედებელი და ამას განვითარება მოჰყვება. განვითარებაში ვგულისხმობ, რომ გაძლიერდეს ამერიკის მიერ საქართველოს ინტერესების ლობირება. მათ შორის NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, რადგან მუდმივად იქნებიან ევროპის ქვეყნებში ისეთები, რომლებიც შეეცდებიან წინააღმდეგობა გაუწიონ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესს. ამერიკის აქტიური ლობირების გარეშე, საქართველო ვერ მოხვდება ნატო-ში. ამერიკის აქტიური პოზიციის გარეშე საქართველოს ნატოში გაწევრიანება გამორიცხულია. ჩვენ სხვა ქვეყნებზეც უნდა ვიმუშაოთ და ამას ადეკვატურად და ეფექტურად ვერ ვაკეთებთ. გერმანიასთან და საფრანგეთთან უამრავი სამუშაოა. სულ მცირე, დამაიმედებელია ამერიკის პირველივე ნაბიჯებს შორის, საქართველოს საკითხის დაყენება, რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში" - განუცხადა Europetime-ს გიორგი ბადრიძემ. . აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ამოცანები: ობამას და ტრამპის პოლიტიკის რეზულტატის შემდეგ, ბაიდენის სტრატეგია "ამ ეტაპზე როგორი იქნება ახალი ადმინისტრაციის ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ საკმაოდ დამაიმედებელი განცხადებებით, რომელიც კეთდებოდა საარჩევნო პერიოდში, ბაიდენის და ენტონი ბლინკენის მიერ. ამ განცხადებებში რეგულარულად იყო საუბარი იმაზე, რომ ამერიკა უნდა დაუბრუნდეს მსოფლიო ლიდერის პოზიციას, რომელიც ბოლო პერიოდში აშშ-ს დაკარგული ჰქონდა. მეორე რაც შეგვიძლია გავითვალისწინოთ მომავალი საგარეო პოლიტიკის ფორმირებისთვის, ეს არის ის გამოცდილება, რომელიც ბაიდენის გუნდის გარკვეულმა ნაწილმა მიიღო ობამას ადმინისტრაციაში მუშაობისას. ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა არანაირი განსაკუთრებული წარმატებით არ გამოირჩეოდა, განსაკუთრებით პირველი ვადა, როდესაც ნამდვილი შეცდომა იყო დაშვებული. მართალია განპირობებული იყო საუკეთესო სურვილებით მაგრამ რეალურად შეცდომა იყო რუსეთისთვის გადატვირთვის პოლიტიკის შეთავაზება, რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიიდან სულ რამდენიმე თვეში. შედეგად ნახეთ, რომ რუსეთმა ის გადატვირთვა, კეთილი ნების გამოხატულება, აღიქვა როგორც აშშ-ს სისუსტე და შესაძლებლობად. შემდგომ ჩვენ უკვე ვიხილეთ რუსეთის ახალი აგრესია უკრაინასთან. ბაიდენი ობამას გადატვირთვის პოლიტიკის მომხრეთა შორის არასდროს ყოფილა. აღნიშნული პოლიტიკა ობამას სხვა გუნდის წევრებმა შეიმუშავეს. ბაიდენი ამ გადატვირთვის იდეოლოგებს შორის არ ყოფილა. მას საკმარისი გამოცდილება ჰქონდა სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს, მრავალი წლის გამავლობაში. ამ გამოცდილების საფუძველზე ილუზია არ ექნებოდა რომ კეთილი ნების პასუხად რუსეთი კონსტრუქციულად იმოქმედებდა", - აღნიშნავს ანალიტიკოსი. ბაიდენის მემკვიდრეობა სასტარტო პოზიციაზე "ბაიდენის ადმინისტრაციის წინაშე, ძალიან რთული ამოცანა დგას. რადგან გარდა იმ ზარალისა, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო რეპუტაციას მიადგა ტრამპის პოლიტიკის გამო, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. არსებობდა ობიექტური ახალი რეალობები, რომლებიც ართულებდა შეერთებული შტატების ლიდერობას. ერთია რომ ობამას ჰქონდა ლიდერობაზე უარის თქმის ტენდენცია, მისი პირადი მსოფლმხედველობიდან გამომდინარეობდა. ის დემოკრატიული სამყაროს ლიდერობას ერთგვარ მატერიალიზმის გამოხატულებად მიიჩნევდა, რაშიც ბაიდენი ყოველთვის განსხვავებული აზრის იყო. ამან შეერთებულ შტატებსაც საკმაოდ ნეგატიური შედეგები მოუტანა და ობამას მეორე ვადის დროს დამოკიდებულება შეიცვალა. ტრამპმა პირდაპირ იზოლაციონიზმისკენ წაიყვანა შეერთებული შტატები. არც ამერიკა უპირველეს ყოვლისა ლოზუნგს მოუტანია ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის რაიმე დადებითი შედეგი, რაიმე სასიკეთო. ახლა ბაიდენის წინაშე არის უამრავი პრობლემა, მაგრამ ყველაზე მთავარი მათ შორის ,არის საშინაო პრობლემები, მათ შორის პანდემიით გამოწვეული პრობლემები. მეორეს მხრივ ტრამპის მიერ გაღრმავებული შიდა დაპირისპირება. თუ შეძლებს ბაიდენი ერთის მხრივ ეკონომიკის გაჯანსაღებას, პანდემიის შედეგების გადალახვას. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შიდა ერთიანობის აღდგენა. მაშინ უფრო რეალისტური გახდება ის გიგანტური ამბიცია, რომელიც გამოცხადებული იყო იმ განცხადებაში, რომელიც ბაიდენმა თქვა, რომ "ამერიკა ბრუნდება" იგულისხმება, ბრუნდება, როგორც დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერი", - აღნიშნავს ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე Europetime-სთან საუბრისას.

BBC: რუსეთმა ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობისთვის ევროპელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა

რუსეთმა ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობისთვის ევროპელ დიპლომატებს ქვეყანა დაატოვებინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. საუბარია გერმანელ, შვედ და პოლონელ დიპლომატებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის დიპლომატებმა „უკანონო აქციაში მიიღეს მონაწილეობა“, რომელიც ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გაიმართა. რუსეთმა განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთოხების საკითხებში უმაღლესი მრჩეველის, ჟოზეპ ბორელის ვიზიტის პარალელურად გაავრცელა. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა უარყო, რომ მათმა დიპლომატმა მიიღო რაიმე დემონსტრაციაში მონაწილეობა.

ექიმი, რომელიც ნავალნის მკურნალობდა, გარდაიცვალა

ექიმი, რომელმაც ნავალნის მოწამვლის შემდეგ პირველადი დახმარება აღმოუჩინა, დღეს გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივ საავადმყოფოზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს. საავადმყოფოს ცნობით, 55 წლის ანდრეი მაქსიმიშინი, უფროსი ექიმის მოადგილე "უეცრად" გარდაიცვალა. გამოცემასთან კომენტარიში საავადმყოფოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო. რუსი ოპოზიციონერი, 20 აგვისტოს ომსკის საავამყოფოში რუსული მომწამლავი ნივთიერების "Novichok"-ის ზემოქმედების გამო გადაიყვანეს. ნავალნის შტაბის უფროსის, ლეონიდ ვოლკოვის თქმით, მაქსიმიშინი ერთადერთი იყო, რომელიც ნავალნის სამედიცინო მდგომარეობის შესახებ ყველაზე მეტ ინფორმაციას ფლობდა. "სერგეი მაქსიმიშინი იყო პასუხისმგებელი მის მკურნალობაზე. ის აღნიშნავს, რომ სწორედ მაქსიმიშინს ჰქონდა ყველაზე მეტი ინფორმაცია, ნავალნის მდგომარეობაზე, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ის უბრალოდ მოიშორეს". ვოლკოვი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯანდაცვის სიტემის დაფინანსება საკმაოდ მწირია და რომ არც ისე იშვიათია მის ასაკში ექიმის გარდაცვალება. "არ მგონია გამოძიება დაიწყოს",- განაცხადა ლეონიდ ვოლკოვმა.

საქართველოს საზღვართან რამდენიმე კილომეტრში სამი მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან 79 კილომეტრში, სომხეთში რამდენიმეწუთიანი ინტერვალით, სამი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს მოსახლეობამაც იგრძნო. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ცნობით, პირველი მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდას შეადგენდა. შემდეგ, 3,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. მესამე კი - 4,2. .

ბაიდენის ადმინისტრაციამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ახალი გეგმა შეიმუშავა

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის გაუმჯობესების საჭიროებაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებზეც მისი ადმინისტრაცია იმუშავებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით,160 მილიარდი დოლარი კორონავირუსის ეროვნულ სტრატეგიაში ჩაიდება, რომელიც მოიაზრებს უფრო მეტი დახმარების გამოყოფას: წარმოების, მიწოდებისა და იმუნიზაციის ცენტრებისთვის, რაც ხალხისთვის ვაქცინის მისაწოდებლადაა საჭირო". „ჩვენი უმთავრესი მიზანია ხალხის იმუნიზაცია", - აცხადებს ჯო ბაიდენი. გეგმის ფარგლებში აშშ მოსახლეობას დამატებით 1,400 დოლარით დაეხმარება. ჯო ბაიდენის თქმით, დახმარების ახალი გეგმა შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს, გაზრდის ეკონომიკას და უფრო მეტს გააკეთებს, რათა აშშ უფრო ეფექტური გახდეს". ბაიდენის თქმით, თუ მისი ადმინისტრაცია ახლავე არ იმოქმედებს, „2025 წლამდე ვერ მიაღწევს უმუშევრობის იმ მაჩვენებელს, რომელიც პანდემიამდე ჰქონდა სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა უმუშევრობის მაჩვენებელზეც ისაუბრა. „მილიონობით ამერიკელია უმუშევარი, ბევრი მათგანი 6 თვეა, რაც სამსახურის გარეშე დარჩა“, - დასძენს ჯო ბაიდენი.

ნიუ-იორკში, იანკის სტადიონი ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთდა

ნიუ-იორკის მერმა მოსახლეობას იანკის სტადიონის ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთების შესახებ სიტყვით გამოსვლისას ამცნო. „განსაკუთრებული დღეა, ბრონქსის მცხოვრებნი ახლა დაცულები იქნებიან. ეს ნამდვილად ისტორიული დღეა, დღეიდან ამ სტადიონიდან შევძლებთ მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენას, - აცხადებს ნიუ-იორკის მერი, ბილ დე ბლაზიო. მისივე თქმით, ამ ეტაპზე იმუნიზაციის ახალი ცენტრი მხოლოდ საღამოს 8 საათამდე იმუშავებს, თუმცა ძალიან მალე სტადიონი სრული დატვირთვით, მთელი დღის განმავლობაში შეძლებს ფუნქციონირებას. ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, ვაქცინაციის ცენტრში, დღეში 15,000 დოზა ვაქცინის გაკეთებაა შესაძლებელი.

ევროპარლამენტარები წულუკიანის განცხადებას არაეთიკურს და სამწუხაროს უწოდებენ

ევროპარლამენტარები წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურნენ. ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა, არჩილ თალაკვაძეს წერილი მისწერა, რომელშიც თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გამხელისთვის შეშფოთება გამოხატეს. წერილის ავტორები ვიოლა ფონ კრამონი, სვენმიქსერი, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, მიხაელ გალერი და პეტრას ოსტრავიჩიუსი არიან. „სამწუხარო და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება ირღვევა თქვენი დაწესებულების კედლებში", - აღნიშნულია წერილში. ევროპარლამენტარები წერენ, რომ ასევე სამწუხაროა, როდესაც კარლ ჰარცელს, ობიექტური შეფასებისთვის მოუწია დამატებითი ახსნა-განმარტების გაკეთება. „ელჩი ჰარცელი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არ ზოგავდა ძალისხმევას რათა საქართველოს ჰქონოდა მოქმედი, პლურალისტური და დემოკრატიული პარლამენტი, არ გამოხატავს მხოლოდ მის პირად აზრს, არამედ გამოხატავს ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც წესით თვენი ქვეყანაც ისწრაფის“, - ნათქვამია წერილში. წერილის ბოლოს, ევროპარლამენტარები გამოთქვამენ იმედს, რომ მალე იხილავენ გამჭვირვალე და პლურალისტულ პარლამენტს. 2 თებერვალს, თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას ნომერი პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რაც კარლ ჰარცელმა არაეთიკურად მიიჩნია.

ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. განცხადება, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა Twitter-ის პირად გვერდზე გაავრცელა. „დღეს საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა თორმეტი წლით და ექვსი თვით გააგრძელა. ევროკავშირი მოითხოვს გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. 2020 წლის 11 ივლისს მისი უკანონო დაკავების შემდეგ, ევროკავშირი მის მყისიერ გათავისუფლებას დაჟინებით მოითხოვს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით და ერგნეთის ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. ამ კონტექსტში, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ასევე ახსენებს მისი პასუხისმგებლობის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაგრძობს ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების მოგვარებას, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში“, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

დიპლომატების გაძევების შემდეგ, რუსეთის ელჩი გერმანიის საგარეო უწყებაში დაიბარეს

რუსეთის მიერ დიპლომატების გაძევებას გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი გამოეხმაურება. ინფორმაციას Der Tagesspiegel-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გერმანიის საგარეო უწყებაში რუსეთი ელჩი დაიბარეს. მერკელის თქმით, ეს ნაბიჯი რუსეთის მთავრობის მხრიდან, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ დარღვევებს ადამიანთა უფლებების თვალსაზრისით, რაც რუსეთში ხდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაეიკო მაასი ამბობს, რომ ევროპელი დიპლომატების გაძევებას გერმანია უპასუხოდ არ დატოვებს.

ზაზა გახელაძის ოჯახმა დღეს საღამოს აღაიანში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა

ცხინვალში დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახმა დღეს საღამოს აღაიანში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.პროტესტი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა. გახელაძის ოჯახი ხელისუფლებისგან დაკავებულის გასათავისუფლებლად უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას მოითხოვს. ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე. დღეს, 5 თებერვალს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს ორივე წაყენებულ ბრალდებაში - „სამართალდამცველზე თავდასხმასა“ და „საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“. დღესვე აქცია იყო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ამავე თემაზე: ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. საგარეო საქმეთა სამინისტრო: განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაში დატოვება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე

ჟოზეპ ბორელი: მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის შესახებ განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. ინფორმაციას EuroNews-ი ავრცელებს. „ჩვენი ურთიერთობა ამჟამად უკიდურესად დაძაბულია, ხოლო ნავალნისთან დაკავშირებულ ვითარებაზე აღვნიშნავ, რომ სრული და გამჭვირვალე გამოძიება საშუალებას მოგვცემს, გავიგოთ, რა მოხდა სინამდვილეში", - განაცხადა ბორელმა. ბორელი ვიზიტის დროს დაგეგმილ შეხვედრებზე, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე გაამახვილებს ყურადღებას. „ადამიანთა უფლებების დარღვევა კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემაა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის", - აცხადებს ჟოზეპ ბორელი. „სანქციები ჯერჯერობით არაა მოსალოდნელი ევროკავშირის მხრიდან", - ამბობს ბორელი. მისი თქმით ევროპის ლიდერები შესაძლოა მომავალში მოსკოვში ჩავიდნენ. ჟოზეპ ბორელის ვიზიტს წინ უსწრებდა ნავალნის მხარდასაჭერი აქციები, რომელიც მთელი რუსეთის მასშტაბით მიმდინარეობდა. აქციების დროს ასობით დემონსტრანტი დააკავეს.

მაშველები გოდერძის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილი მგზავრების გამოყვანას ცდილობენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უკვე შვიდი საათია დიდთოვლობის გამო, გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანას ცდილობენ. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები კიდევ 5 ავტომობილს და მის მგზავრებს ეხმარებიან გზის გაგრძელებაში. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრზე მყოფი ავტომობილები ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას. ადგილზე მისული სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ საბუქსირე საშუალებით დახმარება გაეწია 8 ავტომობილს, რომლებმაც უკვე გააგრძელეს სვლა. 2 ავტომობილის მგზავრები სამაშველო ჯგუფმა უახლოეს სასტუმროში გადაიყვანა.