ძებნის რეზულტატი:

სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო,  რამდენიმე დღეში, ვაკის პარკი სრულად ჩაიკეტება

"რამდენიმე დღეში, სამუშაოდან გამომდინარე, მოგვიწევს პარკის სრულად ჩაკეტვა იმის გამო, რომ საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იწყება", - ამის შესახებ ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება. „დაწყებულია ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების განახლება და მოწესრიგება. ამ მიმართულებით ბევრი ნაბჯი იქნა გადადგმული და კარგი პროექტები განხორციელდა. ვაკის პარკი არის სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მის განახლებასთან დაკავშირებით. ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელიც ამ პარკს აქვს თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან გამომდინარე, ყველაფერი იქნება შენარჩუნებული, იქნება მოწესრიგებული და თითოეულ დეტალს გავუფრთხილდებით იმისთვის, რომ ეს სიმდიდრე, რაც ამ პარკს გააჩნია, მაქსიმალურად იყოს შენარჩნებული. მინდა მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეში, სამუშაოებიდან გამომდინარე, მოგვიწევს პარკის სრულად ჩაკეტვა იმის გამო, რომ საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იწყება. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, არის მათი ჩართულობა და ბევრი საინტერესო იდეაც ჰქონდათ, რომელიც ამ პროექტში იქნა გათვალისწინებული. სამუშაოები წლის ბოლოსთვის მთლიანად უნდა იყოს დასრულებული და დარწმუნებული ვარ, რეაბილიტაციის შემდეგ კიდევ ერთი მაგარი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება ქალაქში, რომლითაც შეეძლება როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს სარგებლობა, ასევე ჩამოსულ სტუმრებსაც“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს

ჯეფ ბეზოსი კომპანია Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას Nbcnews-ი ავრცელებს. თანამდებობის დატოვების შესახებ მან კომპანიის თანამშრომლებისადმი მიწერილ წერილში განაცხადა. ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ ის გადადგება Amazon- ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან და დატოვებს კომპანიის სათავეებს, რომელიც 27 წლის წინ დააარსა. კომპანიის განცხადებით, ბეზოსი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Amazon-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი Amazon-ის ვებმომსახურების ხელმძღვანელი, ენდი ჯესი გახდება. თანამშრომლებისადმი წერილში ჯეფ ბეზოსი აღნიშნავს, რომ მას უფრო მეტი დრო და ენერგია ექნება თავის სხვა პროექტებზე ფოკუსირებისთვის, როგორებიცაა „დედამიწის ფონდი“, კოსმოსური კომპანია „ბლუ ორიჯინი“ და „ვაშინგტონ პოსტი“. 2020 წლის თებერვალში ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად 10 მილიარდ დოლარს გამოყოფს და ქმნის ეკოლოგიურ ფონდს, სახელწოდებით „ბეზოსის დედამიწის ფონდი“.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 688 ადამიანს დაუდასტურდა,788 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 13. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მისივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 792 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 579 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 213 PCR ტესტით. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 259 897-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 251 077-მდე. გარდაცვლილთა რაოდენობა არის 3 221. 688 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 295, აჭარა - 23, იმერეთი - 126, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 45, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 69, კახეთი - 50, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. აქტიური შემთხვევა: 5 573, საიდანაც: 2 384 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 158, აჭარაში - 179, იმერეთში - 467. მძიმე პაციენტი: 559 , მათ შორის, თბილისში - 253, აჭარაში - 45, იმერეთში - 131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა: 153, მათგან თბილისში - 110, აჭარაში- 6, იმერეთში - 14. 292 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული, მათ შორის 200 - თბილისში, 81 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 897 - ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებშიიმყოფება 487 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 200, ხოლო აჭარაში - 126. სულ 6 ოქტომბრიდან - 2 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 375 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 348 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 419 პირი, აჭარაში - 734, იმერეთში - 1 538

კელი დეგნანი საგარეო უწყებაში იმყოფებოდა

2 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს აშშ-საქართველოს ურთიერთობის ორმხრივი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების სრული სპექტრი, საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შესაბამისი სამუშაო შეხვედრების გამართვის საკითხს, ასევე ახლო მომავალში აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ორმხრივი შეხვედრების და კომუნიკაციის დღის წესრიგს. კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მზაობა აქტიურად იმუშაოს ქართულ მხარესთან სტრატეგიული პარტნიორობის მიზნების განსახორციელებლად. ელჩ დეგნანთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის წერილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ანტონი ბლინკენის სახელზე, სადაც საუბარია სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებთან დაკავშირებულ ხედვებზე. სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების პარალელურად შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და უსაფრთხოების არსებულ გარემოს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობას საერთო ინტერესების მატარებელ საკითხებთან დაკავშირებით.

ნათია თურნავა: რესტორნების დაუმორჩილებლობას მკაცრი რეაქცია მოჰყვება

"კანონის წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი, ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია", ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა სარესტორნო ბიზნეს, რომელიც შეზღუდვების მიუხედავად გახსნას აპირებს. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. "გასაგებია, რომ იმის გამო რომ რესტორნები არა აჭარაში, არამედ დანარჩენ საქართველოში ჯერჯერობით ვერ იხსნება, აქედან გამომდინარე მათ აქვთ უკმაყოფილება. მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, კანონის წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი, ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია. ჩემი თხოვნა იქნება და ჩემი იმედიც არის, რომ ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენს შორის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მათთან დაკავშირებით გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრამა. ცნობისთვის, გუშინ, სარესტორნო ბიზნესმა პროტესტის განსხვავებული ფორმა დააანონსა. 200-მდე რესტორანი, 6 თებერვალს მუშაობის განახლებას გეგმავს.

პირბადის ტარების წესი გასულ 24 საათში 500-ზე მეტმა ადამიანმა დაარღვია

ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 680 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი განცხადებით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 110 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლისშესაბამისად 570 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. "შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თამარ გაბუნია: მოსწავლეებს სისტემური ტესტირების შესახებ ჯერჯერობით არც მეცნიერული მონაცემები არსებობს და არც შესაბამისი რესურსები გვაქვს

"ყოველდღე რომ ყველანი გავიტესტოთ, კარგი იქნებოდა, მაგრამ უნდა მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება იმის მიხედვით, თუ ვინ არის უფრო მაღალი რისკის ჯგუფში", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, სწავლის განახლების შემდეგ სკოლების დახურვის შემთხვევები არ ყოფილა, ყველა სკოლამ წარმატებით დაიწყო და აგრძელებს ფუნქციონირებას. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მოსწავლეებს სისტემური ტესტირების შესახებ ჯერჯერობით არც მეცნიერული მონაცემები არსებობს და არც შესაბამისი რესურსები აქვს ქვეყანას. „მოსწავლეების ძალიან მცირე რაოდენობამ მიიღო გადაწყვეტილება, გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში. რაც შეეხება პედაგოგებისა და სკოლის პერსონალის ტესტირებას, რა თქმა უნდა, რესურსი აქაც არის შეზღუდული. ყოველდღე რომ ყველანი გავიტესტოთ, კარგი იქნებოდა, მაგრამ უნდა მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება იმის მიხედვით, თუ ვინ არის უფრო მაღალი რისკის ჯგუფში. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ დასაქმებულების ტესტირებაზე, 20%-იანი მაჩვენებელი გვაძლევს გარკვეულ მონაცემებს. რაც შეეხება მოსწავლეებს, ასეთი ტიპის სისტემური ტესტირების შესახებ ჯერჯერობით არც მეცნიერული მონაცემები არსებობს და არც შესაბამისი რესურსები გვაქვს“, - განაცხადა გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ 1-ლი თერბერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისის, ქუთაისის და რუსთავისა, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

ამირან გამყრელიძე: პანდემიის შეჩერების ერთადერთი გზა მოსახლეობის ვაქცინაციაა

"თუ გვინდა დავამარცხოთ და შევარჩიოთ პანდემია, ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე“, - ამის შეახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ბოლო 2 კვირაა პოზიტიური ტენდენცია გამოჩნდა, გლობალურად ყოველდღიური ახალი შემთხვევები იკლებს. თუ ბოლო თვეებში ეს მაჩვენებელი 800 ათასს აჭარბებდა, ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ინფიცირების 400-500 ათასი შემთხვევა ფიქსირდება. მან ასევე ვაქცინაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. „101 მილიონი ადამიანია უკვე აცრილი და ამ 101 მილიონი აცრიდან არცერთი სიკვდილი არ არის, როდესაც 104 მილიონი ინფიცირებულიდან 2, 260 000 სამწუხაროდ გარდაიცვალა. 2,1-2,2 არის გარდაცვალების პროცენტი. აქედან, მთავარი გზავნილი, რომ თუ გვინდა დავამარცხოთ და შევარჩიოთ პანდემია, ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ. გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, მოსახლეობას გაუჩნდა ილუზია, რომ ვირუსი დავამარცხეთ. როდესაც ერთგვარი შიშის ელემენტი არსებობდა, დეკემბერ-იანვარში პირბადის ტარების 72%-ზე ავედით. "მთლიანად ქვეყანაში და განსაკუთრებით დიდ ქალაქებში პოზიტიური დინამიკა გვაქვს, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი გზავნილი კვლავ იქნება პირბადის ტარება. როგორც კი დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება, ხალხს გაუჩნდა ილუზია, რომ ვირუსი უკვე დავამარცხეთ. როდესაც ერთგვარი შიშის ელემენტი არსებობდა, დეკემბერ-იანვარში პირბადის ტარების 72%-ზე ავედით. ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა. უმორჩილესად გთხოვთ, პირბადე დიდხანს დაგვჭირდება, აუცილებლად ვატაროთ პირბადე შინ და გარეთ", - განაცხადა გამყრელიძემ. ბრიფინგზე გამყრელიძემ აღნიშნა, რომ თებერვლის მეორე ნახევარში დაიწყება მოსახელობის ვაქცინაცია, მარტში შემოვა ვაქცინის შედარებით უფრო დიდი პარტიები და ვაქცინაცია აქტიურ ფაზაში გადავა. თუმცა, მისი თქმით, პირბადე მაინც რჩება დაავადების გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ მძლავრ იარაღად. ამირან გამყრელიძემ ასევე განმარტა, სავარაუდოდ როდის დაუბრუნდება საზოგადოება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. "როდესაც აიცრება მოსახლეობის 60-70% და ჩამოყალიბდება საზოგადოებრივი იმუნიტეტი, მაშინ შესაძლებელია იყოს საუბარი, რომ ჩვენ ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ირბადის ხმარება და შესაბამისად სხვა შეზღუდვების მოხსნა, რასაც ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს ვუწოდებთ, ამას ერთი წელი ან წელიწად-ნახევარი დასჭირდება. მხოლოდ საქართველოს კი არა, მთელ მსოფლიოს, რომ დაამარცხოს პანდემია და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს" - განაცხადა გამყრელიძემ.

აშშ-ის ელჩი: ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მათ მოლაპარაკებებისთვის სივრცე დატოვეს

"ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის", - განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. ამერიკის ელჩი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. „სწრაფად უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა, რადგან მნიშვნელოვანია. ყველა პარტიის ლიდერს უნდა სიტუაცია განიმუხტოს და ყველაზე მთავარი გამოწვევაა მთელი ქვეყნისთვის. ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის. ღია ვართ ჩვენ იმისთვის, რომ თუ ვინმეს სურვილი აქვს დაგველაპარაკოს. ველოდებით კოლაბორაცია გაგრძელდეს, როგორც მთავრობასთან, ასევე მედიასთან და ყველასთან მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქაღტველოს პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. კელი დეგნანი საგარეო უწყებაში იმყოფებოდა

ქვეყნებს, საიდანაც მოქალაქე საქართველოში შემოსვლას PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეძლებს, თურქეთი  დაემატება

"უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სრულყოფილი ვაქცინაციის მოწმობა აქვს თავის ქვეყნის მიერ გაცემული, საქართველოში დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეძლებს შემოსვლას". ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა. თურნავას განცხადებით, ქვეყნების ჩამონათვალს საიდანაც მოქალაქე PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოსვლას შეძლებს საქართველოში, თურქეთი რესპუბლიკაც დაემატება. "ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც PCR ტესტით შემოდის მოქალაქე, ემატება თურქეთის რესპუბლიკა, ჩვენი დიდი მეზობელი და აქედანაც ველოდებით ვიზიტორებს უფრო გამარტივებული წესებით, PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და მესამე დღეს უკვე ქვეყანაში PCR ტესტის ჩატარებით. ეს არის დამაიმედებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურიზმისთვის, იმიტომ რომ წყარო იყო ტურისტების ჩვენი მეზობელი ქვეყანა და ასევე საკმაოდ ბევრი ვიზიტორი გვსტუმრობს თურქეთიდან," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განმარტებით ქვეყნების სია თითოეულში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მუდმივად იცვლება. 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გაუქმდა. რომელი ქვეყნების მოქალაქეები შემოვლენ საქართველოში PCR-ტესტის საფუძველზე რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1-ლი თებერვლიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეებისთვის საქართველოში უპირობოდ შემოვლენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც კოვიდვაქცინა ექნებათ გაკეთებული

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლა ექიმებისადმი მადლობის გადახდით დაიწყო. აგრეთვე, მან მადლობა გადაუხადა სტრატეგიულ პარტნიორებს, ამერიკის შეეთებულ შტატებს, ევროკავშირს, საერთშორისო ორგანიზაციებსა და საფინანსო ინსტიტუტებს. პლენარულ სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ჯო ბაიდენმა იმიგრაციის საკითხზე რამდენიმე განკარგულებას მოაწერა ხელი

ჯო ბაიდენმა იმიგრაციის საკითხებზე 3 აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ახალი განკარგულება ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლას ისახავს მიზნად. ძველი განკარგულების მიხედვით, თუ მშობლებს მცირეწლოვანის მაიდენტიფიცირებელი საბუთი არ გააჩნდათ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას ბავშვებ ოჯახისგან აშორებდნენ და თავშესაფარში აჩერებდნენ. პრეზიდენტის ახალი განკარგულებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოიძიებს ბავშვების ოჯახს და ხელს შეუწყობს ოჯახის გაერთიანებას. დღეის მდგომარეობით, 600-700 არალეგალი ბავშვი კვლავ ოჯახის გარეშეა. ბაიდენის მეორე და მესამე ბრძანებები, ითვალისწინებს ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვას, რამაც შეზღუდა თავშესაფრის გაცემა, შეანელა ლეგალური იმიგრაცია შეერთებულ შტატებში და უცხო ქვეყნების დაფინანსება შეაჩერა.

მარინა კალიურანდი: იმედი მაქვს,  „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მრავალპარტიულ პარლამენტში მუშაობით უთანხმოებას დაძლევენ

"იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მრავალპარტიულ პარლამენტში მუშაობით უთანხმოების დაძლევას შეძლებენ", - შესაბამისი განცხადება ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა Twitter-ზე გაავრცელა. „საქართველოს პარლამენტმა გაზაფხულის სესია გამართა. იმედი მაქვს, იმის ნაცვლად, რომ ყველა ხიდი გადაწვან, „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მრავალფეროვან, მრავალპარტიულ პარლამენტში ერთად მუშაობით უთანხმოებების დაძლევას შეძლებენ“, - წერს კალიურანდი.

Bloomberg-ი: მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 104 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 104 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. სტატისტიკას Bloomberg-ი ავრცელებს. Bloomberg-ი საკუთარ ონლაინსტატისტიკის გვერდს ყოველდღიურ რეჟიმში ანახლებს. ყველაზე ბევრი დოზა აშშ-ში გაკეთდა, 33 მილიონ მოსახლეზე მეტი უკვე აიცრა. იმუნიზაციის მაჩვენებლით მეორე ადგილზე ჩინეთია, სადაც 24 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა აცრა, ხოლო მესამეზე ევროკავშირია, სადაც 13 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია. პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინა ისრაელში გაიკეთეს. 100 მოსახლეზე საშუალოდ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 55-მა ადამიანმა გაიკეთა. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც საშუალოდ 100 კაცზე 33 აცრილია. მსოფლიოში დღეში საშუალოდ 4.2 მილიონამდე ადამიანი იცრება.

კარლ ჰარცელი: ოპოზიციისთვის მანდატების შენარჩუნება პარლამენტის მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შენარჩუნება პარლამენტის მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო. ევროკავშირის ელჩის თქმით, პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება დიალოგის გაგრძელების წინაპირობაა. როგორც ჰარცელმა განაცხადა, ჯერ კიდევ არსებობს სირთულეები, სადაც არცერთი მხარე არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯს. „გუშინდელი გადაწყვეტილება აუცილებლად არ გულისხმობს შეთანხმების მისაღწევად შანსების გაზრდას. ჯერ კიდევ ველოდებით ამ ჯადოსნურ სივრცეს, სადაც ყველა მხარე შეთანხმებას შეძლებს. როგორც ვიცით, ოპოზიციის უმრავლესობა გუშინდელი გადაწყვეტილის მოუხედავად ბოიკოტს ინარჩუნებს. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ვაწყდებით სირთულეებს, სადაც არცერთი მხარე არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც დამარწმუნებდა, რომ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა, რაზეც ჩვენ, როგორც ფასილიტატორები ვმუშაობთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მრავალკვირიანი ჩიხში შესული პოზიციების შემდეგ, ასევე ჩვენც დავფიქრდით, რამდენად სასარგებლო იქნება სამომავლოდ დიალოგის ფორმატი“, - განაცხადა ჰარცელმა. გუშინ, პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

საქსტატი: იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1% შეადგინა

2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.8 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. სტატსისტკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის იანვარში, გასულიწლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშეწლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 5.7 პროცენტით განისაზღვრა. "ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (6.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (4.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4.3პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.0 პროცენტი), თევზეული (1.1 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რაც 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.3 პროცენტი) დაელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (2.1 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.06 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.6 პროცენტი), თევზეული (10.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (9.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.9 პროცენტი), პურიდა პურპროდუქტები (7.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები დანატურალური წვენები (5.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-3.2 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.7 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14.0 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.8 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.61 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (26.7 პროცენტი), მინის ჭურჭელი,მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (12.5 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (12.2 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი და რემონტი (9.7 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (9.6 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (7.1 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.45 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასებიგაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9.1 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 20.5 პროცენტიანი კლება, რაც -1.77 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-33.8პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-28.9 პროცენტი)." - ნათვამია სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

EBRD-ის პრეზიდენტი: მზადად ვართ შავი ზღვის როლის გაძლიერების კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისათვის

EBRD-ის ახალარჩეულ პრეზიდენტთან ოდილ ღენო-ბასოსთან, სალომე ზურაბიშვილმა ონლაინფორმატში შეხვედრა გამართა. ევროპის რეკონსტრუქტციისა და განვითარების ბანკის ახალმა პრეზიდენტმა საქართველოსთან შავი ზღვის მხრით თანამშრომლობისთვის მზაობა გამოხატა. ოდის ბასომ, შავი ზღვის როლის გაძლიერების კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა და ასევე აღნიშნა, რომ EBRD მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს მწვანე ენერგიისა და ენერგოეფექტურობის რეფორმების დანერგვაში. რეკონსტრუქტციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტს პანდემიის დროს მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საქართველოში მცირე ბიზნესების დახმარების მიმართულებით გაკეთდა.

მექსიკამ კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაამტკიცა

მექსიკამ კორონავირუსის წინააღმდეგ საგანგებო მოხმარებისთვის რუსული წარმოების ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაამტკიცა. ამის შესახენ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ვაქცინის დამტკიცებასთან დაკავშირებით მექსიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უგო ლოპეს-გატელმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ”მექსიკამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება Sputnik V ვაქცინის მისაღებად და ჩვენ ველოდებით 400,000 დოზას თებერვალში, 1 მილიონს მარტში, 6 მილიონს აპრილში, ხოლო დანარჩენს მაისში”, - თქვა მინისტრის მადგილემ. გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნით ადრე, ჟურნალმა The Lancet-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით რუსული ვაქცინა სიმპტომური „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ 91,6 პროცენტით ეფექტიანია.

ევროკავშირის ელჩი წულუკიანის მიერ გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებას არაეთიკურად მიიჩნევს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულოო სესიის პირველ სხდომაზე მომხდარ ინციდენტს აფასებს და აცხადებს, რომ თეა წულუკიანის მხრიდან ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროება, არა ეთიკურად მიაჩნია. აღნიშნული კომენტარი ევროკავშირის ელჩმა, ინციდენტთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა. „სიფრთხილით მოვეკიდები, მაგრამ ამავე დროს ღია პასუხს გაგცემთ. გეტყვით, რომ როდესაც ეს ვნახე გუშინ, ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო. როგორც ყველამ ვიცით, კონფიდენციალურობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და მე ეს არაეთიკურად მივიჩნიე. რაც შეეხება იმას, რაც ჩემს შეფასებას სცდება, ეგ ჩემი განსასჯელი არ არის. რამდენადაც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის ამას მონაცემთა დაცვის კუთხით. ვნახოთ, როგორი იქნება მათი შეხედულებები ამ საკითხზე“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. 2 თებერვლას იუსტიციის ყოფილმა მიისტრმა, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, ტელეკომპანია "მთავარის" ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას ნომერი პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. „ბატონო ალეკო, თქვენ აქ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი გვაჩვენეთ, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს ჩემი ნომერი არაა, ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ ხოლმე, გაყალბდა თუ არა არჩევნები, შემდეგ ამაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? - განაცხადა წულუკიანმა. პარლამენტის სხდომაზე "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ამომრჩეველს საკუთარი ტელეფონის ნომერი შეახსენა. "მოქალაქეებისთვის ვიმეორებ ჩემი ტელეფონის ნომერს 593 58 40 52. ჯოჯოხეთია ყოველდღე ასეულობით ზარის პასუხი, ზოგი მლანძღავს, ზოგი პრობლემებს მიზიარებს, მაგრამ ეს არის პასუხისმგებლობა და სწორი პოლიტიკა ჩემი აზრით, დანარჩენს ვნახავთ, იმედს დავიტოვებ, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ დანარჩენ ოპოზიციასაც ვიხილავთ ამ დარბაზში" - თქვა ალეკო ელისაშვილმა. მოგვიანებით, თეა წულუკიანის განცხადებას ნიკა გვარამიამ უპასუხა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს და დეპუტატს მადლობა გადაუხადა მისი ტელეფონის საჯაროდ გამოცხადებისთვის. გვარამიას თქმით, მას შემდეგ რაც მისი ნომერი გასაჯაროვდა მის ტელეფონზე ბევრი პოზიტიური ზარი შევიდა. მოქალაქეები მადლობას უხდიდნენ მისი აქტივობებისთვის და პოზიციისთვის.

დღეიდან საუდის არაბეთი ოც ქვეყანასთან მიმოსვლას აჩერებს

საუდის არაბეთი, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ოც ქვეყანასთან მიმოსვლს აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას, საუდის არაბეთის პრესის სააგენტოზე (SPA)დაყრდნობით, CNN-ი ავრცელებს. ახალი რეგულაცია დღეიდან შედის ძალაში და იმოქმედებს იმ მგზავრებზე, რომლებიც ჩამოდიან შემდეგი ქვყნებიდან: არაბთა გაერთიანებული საემიროები, ეგვიპტე, ლიბანი და თურქეთი, ასევე აშშ, შვედეთი, ბრაზილია, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, არგენტინა, იტალია, ირლანდია, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი , ინდონეზია, პაკისტანი და იაპონია. შეზღუდვა არ იმოქმედებს დიპლომატებზე, საუდის არაბეთის მოქალაქეებზე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და მათ ოჯახებზე. იტყობინება SPA შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. შეზღუდვა ასევე შეეხება ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში შესვლამდე, ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩამოთვლილი 20 ქვეყნიდან რომელიმეში.