ძებნის რეზულტატი:
ადამ კინზინგერი: მე მტკიცედ ვდგავარ ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში
"მე მტკიცედ ვდგავარ ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერმა აშშ-ის კონგრესში „საქართველოს მხარდასაჭერი აქტის“ წარადგენისას. ”უკვე 12 წელზე მეტი გავიდა, რაც რუსული ჯარები შეიჭრნენ და მოახდინეს საქართველოს მიწების ოკუპაცია. თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის პირობებშიც კი, საქართველო დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიის განვითარებისა და თავისი ხალხის დამოუკიდებლობისთვის. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელახლა წარვადგენთ ამ კანონპროექტს. მე, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მტკიცედ ვდგავარ ჩვენი ქართველ მეგობრების გვერდში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, კონგრესმენ კონოლის, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსადმი თავდადებისთვის", - განაცხადა კინზიგერმა. აშშ-ის კონგრესში ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლიმ „საქართველოს მხარდასაჭერი აქტი“ წარადგინეს .
ჯერი კონოლი: კონგრესში წარდგენილი „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ადასტურებს, რომ საქართველო დიდი ხანია, ნატოს ასპირანტი ქვეყანაა
"აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებას და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში", განაცხადა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ აშშ-ის კონგრესში „საქართველოს მხარდასაჭერი აქტის“ წარადგენისას. მისი თქმით, კონგრესში წარდგენილი „საქართველოს მხარდასაჭერი აქტი“ ადასტურებს იმას, რომ საქართველო დიდი ხანია ნატოს ასპირანტი ქვეყანაა. „მეამაყება, რომ კვლავ წარვადგენ საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელიც განამტკიცებს აშშ-საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილში. ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებას და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში. როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მოხარული ვარ, რომ მოცემული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო დიდი ხანია ნატოს ასპირანტი ქვეყანაა", - განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ. აშშ-ის კონგრესში ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლიმ „საქართველოს მხარდასაჭერი აქტი“ წარადგინეს. ადამ კინზინგერი: მე მტკიცედ ვდგავარ ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში
სუს-ი: უკანონო დაკავებების ყველაზე მაღალი რაოდენობა 2011 წელს დაფიქსირდა, დააკავეს 140 ადამიანი
"უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპაციის სხვა თანმდევი შედეგები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის სრულ პასუხისმგებლობას", - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებებისა და ზოგადად ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მცდარია ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო მალავს უკანონო დაკავებების ფაქტებს ან პირთა ვინაობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკანონოდ დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გავრცელება მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. „გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებაში გავრცელებულ არაერთგვაროვან, ხშირ შემთხვევაში მცდარ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებებისა და ზოგადად ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. ამავდროულად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცალსახად აფიქსირებს, რომ მიესალმება მედიის ინტერესს და მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს, რომელიც მიმართულია უკანონო დაკავებებისა და ოკუპაციის წინააღმდეგ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპაციის სხვა თანმდევი შედეგები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის სრულ პასუხისმგებლობას. „გახშირებული“ უკანონო დაკავებები მსურს საზოგადოებას შევახსენო, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ფიქსირდება. 2008 წლის შემდეგ, ყოველწლიურად, საოკუპაციო ძალა აკავებს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს, აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული არ ყოფილა არცერთი წელი მრავალრიცხოვანი უკანონო დაკავებების გარეშე. მაგალითად, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 2009 წელს დააკავეს 80-მდე პირი, 2010 წელს უკანონოდ დააკავეს ასევე 80-მდე ადამიანი, 2011 წელს აღნიშნულმა მიაღწია 140-ს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკანონო დაკავებების სტატისტიკაში, 2012 წელს 110-მდე პირი იქნა უკანონოდ დაკავებული. 2019 და 2020 წლებში უკანონოდ დაკავებულთა რაოდენობამ 86 და 64 შეადგინა. ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ნათლად მიუთითებს, რომ საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებს ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმის დამყარების დღიდან და მისი გამომწვევი მიზეზი არის არა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული უცვლელი პოლიტიკა, არამედ უშუალოდ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგად დამდგარი ოკუპაცია. შესაბამისად, ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია. თავისთავად, მცდარია ე.წ. გახშირებული უკანონო დაკავებების დაკავშირება სახელმწიფოს მიერ ოკუპაციის მიმართულებით წარმოებულ, როგორც ზოგად, ისე უსაფრთხოების პოლიტიკასთან. გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ სახელმწიფოს მიერ უკანონო დაკავებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ვალდებულებასთან დაკავშირებით. ვრცელდება მცდარი მოსაზრება, თითქოს სახელმწიფო მალავს უკანონო დაკავებების ფაქტებს ან პირთა ვინაობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უკანონოდ დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ვრცელდება მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. თითოეული პირის უკანონო დაკავების ფაქტი ფასდება ინდივიდუალურად, რა დროსაც სახელმწიფო უფლებას იტოვებს განსაზღვროს ფაქტის გახმაურების შესაბამისი დრო, რადგან საკმაოდ ხშირად, გავრცელებული ინფორმაცია, შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს მისი გათავისუფლების პროცესისთვის. მსგავსი შემთხვევა არაერთხელ დაფიქსირებულა. რაც შეეხება უკანონოდ დაკავებულ პირთა სტატისტიკას აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნარატივი სახელმწიფოს მიერ უკანონო დაკავებების დამალვის შესახებ თვისობრივად მცდარია და შეცდომაში შეჰყავს, როგორც მედია, ისე საზოგადოება. პირთა გათავისუფლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები საჭიროებას ვხედავთ გამოვეხმაუროთ უკანონოდ დაკავებული პირის დახსნის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებისა და მისი საჯაროობის შესახებ გავრცელებულ არაერთგვაროვან ინფორმაციას. უკანონო დაკავებებს სახელმწიფო უპირისპირდება მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით. ცენტრალური ხელისუფლების ხელთაა, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ინსტრუმენტები. ფორმალური ინსტრუმენტებია: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები. უკანონო დაკავების მომენტიდან სახელმწიფო ააქტიურებს ფორმალურ ინსტრუმენტებს და აღნიშნულის შესახებ უმრავლეს შემთხვევაში ინფორმაციას უზიარებს საზოგადოებას. თუმცა, ბოლო პერიოდში ცალკეული პირების მიერ მიზანმიმართულად ხდება ფორმალური ინსტრუმენტების მიმართ ნიჰილიზმისა და უიმედობის განცდის დანერგვა. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ცხელი ხაზის, IPRM-ის, ჟენევის დისკუსიებისა და სხვა ფორმალური ინსტრუმენტების მიმართ, ნეგატიური და ნიჰილისტური განწყობების წახალისება წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის ინტერესს. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში იდება უდიდესი ძალისხმევა IPRM-ისა და ცხელი ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ცხელი ხაზის გააქტიურებას წარმოაჩენს რუტინულ, არაფრისმომცემ პროცედურად, ჯდება საოკუპაციო რეჟიმის ნარატივში და როგორც მინიმუმ, მიუთითებს პირის ან პირთა ჯგუფის საკითხში გაუთვითცნობიერებულობაზე. რაც შეეხება გათავისუფლების პროცესის შესახებ სახელმწიფოს მიერ დეტალური ინფორმაციის გაზიარებას. მოგეხსენებათ, რომ ოკუპაცია წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევას. განხორციელებული სამუშაო შეიცავს სპეციფიკურ, ზოგ შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციას, შესაბამისად, ცალსახაა, რომ გასაჯაროება არ წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას და აღნიშნული ხდება დოზირებულად, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, ნარატივი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო არ მუშაობს უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების მიმართულებით, რადგან ამის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული არ არის, მცდარია. საზოგადოების პროტესტი ლეგიტიმურია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იზიარებს აღნიშნულ პროტესტს. თუმცა, პროტესტის დროს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული საზოგადოებრივი და სახელმწიფო უსაფრთხოების ცალკეული მნიშვნელოვანი საკითხები. ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ხალხმრავალი საპროტესტო შეკრების გამართვამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემო. მეტიც, აღნიშნულ პროცესში, შესაძლოა, პირდაპირი საფრთხე დაემუქროს ადგილზე წარმოდგენილ სამოქალაქო პირებსა და პოლიციას. უკანონო დაკავების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი საპროტესტო აქცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის და საოკუპაციო ხაზზე წარმოდგენილი საპოლიციო დანაყოფების ფუნქციონირებას, სრულად ჯდება საოკუპაციო რეჟიმის მიზნებსა და ამოცანებში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების საკითხების, განსაკუთრებით კი უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიზირება კრიტიკულად აზიანებს პროცესებს და მიუთითებს აღნიშნულის განმახორციელებელთა არაპროფესიონალიზმზე. კონკრეტული უკანონო დაკავების განხილვისას დისკუსიაში პოლიტიკური ნარატივის შემოტანა ქმნის ბუნდოვანებას და შეუძლებელს ხდის საკითხის თანმიმდევრულ განხილვას. უკანონო დაკავებების პოლიტიზირება და აღნიშნულის შედეგად პოლიტიკური დესტაბილიზაციის შექმნა საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კიდევ ერთხელ უცხადებს თანადგომას უკანონოდ დაკავებულთა ოჯახებს და ცალსახად აფიქსირებს, რომ წარსულში უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირი გათავისუფლდა. გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრობაში ამჟამად მყოფი პირებიც. განცხადების დასასრულს, მინდა გაგიზიაროთ საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების მიმართულებით არსებული პოზიტიური ცვლილების შესახებ. თითქმის ერთწლიანი შეზღუდვის შემდეგ ცალკეული რეგულაციების გამოყენებით, აღდგა გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით. აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებას. აღნიშნული ფაქტი, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, შესაძლებლობას მისცემს კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით გადმოვიდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოინახულონ საკუთარი ოჯახის წევრები და ნათესავები და ისარგებლონ ცალკეული სიკეთეებით რასაც სახელმწიფო მათ სთავაზობთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სასულიერო პირების ნაწილი თვლის, რომ ვაქცინაციას ზიარების უფლებასთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს, ზოგიერთისთვის კი ვაქცინაცია ნებაყოფლობითია
ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო. ვაქცინაცია არ არის საღვთისმეტყველო საკითხი, - განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა საპატრიარქოსთან, სადაც დღეს წმინდა სინოდის სხდომა იმართება. „ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო. ვაქცინაცია არ არის საღვთისმეტყველო საკითხი. ვფიქრობთ, ჩვენ ასე გადავწყვეტთ, რომ ვინც ვაქცინაციას გაიკეთებს და ვინც არ გაიკეთებს, ზიარების უფლებას ჩვენ არც ერთს არ ჩამოვართმევთ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვაქცინაცია საღვთისმეტყველო საკითხი არ არის. ამიტომ, საღვთისმეტყველო არ არის, ვინმეს დავაძალოთ ვაქცინაცია და კატეგორიულად ვუთხრათ, რომ თუ არ გაიკეთებ, პურს ვერ იყიდი, უცხოეთში ვერ გაემგზავრები, ეს არასწორია. თუმცა ამას ჩვენ არ ვწყვეტთ საქართველოში. ეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესია“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. მეუფე დოსითეოსი ბოგვერაძე კი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ასე დარჩება, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ჩემი, როგორც ერთი ადამიანის აზრია, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ასე დარჩება. ალბათ სინოდის წევრებიც ასე ფიქრობენ, რადგან ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომელიც თავად ჯანონმომაც მიიღო - ამის შესახებ სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს მეუფე დოსითეოს ბოგვერაძემ განუცხადა. შეკითხვაზე, ხომ არ განიხილავენ სხდომაზე დავით გარეჯის საკითხს, მეუფე პასუხობს, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ არის. მან ასევე არ იცის, აირჩევენ თუ არა ეპისკოპოსებს დღეს. „სამწუხაროდ, არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, უკეთესია დაელოდოთ სინოდის გადაწყვეტილებებს, რა მოხდება. მერე უფრო ნათელი გახდება. მართლა არ მაქვს წინასწარ რაიმე ინფორმაცია“, - განაცხადა მეუფემ. სინოდი ვაქცინაციის საკითხს განიხილავს.
აშშ მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერებს სანქციებს დაუწესებს
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერებს სანქციები დაუწესდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. აშშ-ს მთავრობამ სანქციების დაწესების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მინამარში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები შეეხებათ როგორც სამხედრო ძალების ლიდერებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს და მათთან დაკავშირებულ ბიზნესებს. ამავდროულად, სამხედრო ხუნტას შეეზღუდება აშშ-ში არსებულ სამთავრობო ფონდებზე, დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარზე წვდომა. "მიანმარელმა ხალხმა ხმა აიმაღლა და მსოფლიო ამას ხედავს. პროტესტის ზრდასთან ერთად ძალადობის გამოყენება მათ წინააღმდეგ, ვინც საკუთარ დემოკრატიულ უფლებებს იყენებს, მიუღებელია და ჩვენ ამას მუდმივად აღვნიშნავთ. ჩვენს გავამკაცრებთ კონტროლს ექსპორტზეც, გავყინავთ აშშ-ში არსებულ ყველა ანგარიშს, რომლიდანაც მიანმარის მთავრობას შეუძლია სარგებლობა, თუმცა, ამავდროულად მივაწვდით დამხმარებას სამედიცინო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და სხვა სფეროების წარმომადგენლებს, რაც პირდაპირ მიანმარელ ხალხს დაეხმარება". - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენის სამხედრო ხუნტას მოუწოდებს გაათავისუფლონ დაკავებული ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უფრო მკაცრი ზომების მიღებით იმუქრება.
ტყიბულში მეშახტეების ნაწილი პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდის
ტყიბულში მეშახტეების ნაწილი პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდის. ისინი იანვრის თვის სახელფასო ანაზღაურების განახევრებას აპროტესტებენ. 10 თებერვალს, ძიძიგურის შახტის მე-17 უბნის მეშახტეთა ნაწილი ცვლის დასრულების შემდეგ შახტში ჩაიკეტა. მეშახტეთა ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენლის, მინდელის სახელობის შახტის ცვლის უფროსის, ხვიჩა გაბუნიას თქმით, მე-17 უბანში ქვანახშირის მოპოვების თვიური გეგმა ვერ შესრულდა, რის გამოც შახტში დასაქმებულებს იანვრის თვის ხელფასი გაუნახევრდათ. ხვიჩა გაბუნიას განცხადებითვე, ხელშეკრულების მიხედვით, თუ ნახშირის მოპოვების თვიური გეგმა ვერ შესრულდება, მეშახტის დღიური ხელფასი 45 ლარითაა განსაზღვრული. მეშახტეები თვეში 20 დღე მუშაობენ, ხელფასს აკლდება საშემოსავლო გადასახადი და იანვრის თვის ხელფასი 720 ლარამდე უწევთ, რაც გეგმის შესრულების დროს თითქმის ორმაგია. „ეს ხელშეკრულება არის კაბალური, რადგან ნახშირის მოპოვების გეგმის შეუსრულებლობა მხოლოდ მეშახტეებზე არ არის დამოკიდებული. ახლა გამოსავალი ადმინისტრაციასა და უბნის ხელმძღვანელსა და მუშებს შორის მოლაპარაკებაშია. დღეს მე -17 უბანმა ვერ შეასრულა გეგმა, მომდევნო თვეში შეიძლება ჩემს უბანს უთხრან, რომ გეგმა ვერ შესრულდა. ამიტომ აუცილებელია გარკვევა და მოლაპარაკება, რაც მარტივი არ იქნება“- ამბობს მეშახტე ხვიჩა გაბუნია. მეშახტეთა პროტესტს ადასტურებენ შახტის ადმინისტრაციაში და განმარტავენ, რომ მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ის არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკების არასასურველ შედეგით დასრულების შემთხვევაში პროტესტს სხვა მეშახტეებიც შეუერთდნენ.
აჭარის პოლიციაში საკადრო ცვლილებაა
ავთანდილ გალდავა, კონსტანტინე ანანიაშვილის ნაცვლად, აჭარის პოლიციის უფროსად დაინიშნა. ის ამ დრომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ცნობისთვის, გალდავა გასული წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" თავდამსხმელთან მომლაპარაკებლის ფუნქციას ითავსებდა. მოლაპარაკების შემდეგ თავდამსხმელმა მძევლების დიდი ნაწილი გაუშვა და გალდავასთან და რამდენიმე პირთან ერთად დატოვა ბანკის ტერიტორია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშაველბაულ, ბანკის მძარცველს კი ამ დრომდე ეძებენ.
ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი დღეიდან გაიხსნა
„ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, დღეიდან გაიხსნა ე.წ. გადასასვლელი ენგურის ხიდზე“ - ამის შესახებ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გალდავამ აღნიშნა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსველთათვის საკარანტინე ვადა შეიცვალა. მისი თქმით, პირველ თებერვლამდე განისაზღვრებოდა 12 დღის ვადით, ამიერიდან კი ოკუპირებული რეგიონებიდან გადმომსვლელთათვის შექმნილი იქნება შესაბამისი პირობები, სადაც ისინი ხუთ დღეს დაყოფენ საკარანტინო სივრცეში და PCR ტესტის შედეგად, უარყოფითი პასიხოს შემდეგ მათ ექნებათ შესაძლებლობა, 5 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, საკარანტინო სივრცე დატოვონ. „ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, დღეიდან გაიხსნა ე.წ. გადასასვლელი ენგურის ხიდზე. რაც საშუალებას მისცემს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას, თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს, გადმოვიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ცალსახად მისასალმებელია ყოველი მსგავსი განვითარება და ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ. საქართველოს ხელისუფლება, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ და ხაზს ვუსვამთ, ყველა ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმისა და ბერკეტის გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და შაუმდგომლობით მაქსიმალურ ძალისმევას ვახოროციელებთ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჩვენი მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება. რასაკვირველია, მხედველობაშია მისაღები და გასათვალისწინებელია კოვიდპანდემნიით შექმნილი გარემოება. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლება დაბალანსებული და პრაგმატული მიდგომით ახორციელებს კოვიდპანდემიის მართავს, ისევე როგორც გარკვეული შეზღუდვების დაწესებასთან თუ შემსუბუქებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. სწორედ ამავე პრინციპით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსველთათვის საკარანტინე ვადა. როგორც მოგეხსენებათ, პირველ თებერვლამდე განისაზღვრებოდა 12 დღის ვადით, ამიერიდან კი ოკუპირებული რეგიონებიდან გადმომსვლელთათვის შექმნილი იქნება შესაბამისი პირობები, სადაც ისინი ხუთ დღეს დაყოფენ საკარანტინო სივრცეში და PCR ტესტის შედეგად, უარყოფითი პასიხოს შემდეგ მათ ექნებათ შესაძლებლობა, 5 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, საკარანტინო სივრცე დატოვონ. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ადგილზე, ენგურის ხიდზე, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არის შექმნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, განთავსებულნი არიან ზოგადი პროფილის სამედიცინო პერსონალი და სატრანსპორტო საშუალებები, რაც გადმოსულ მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, რომ შეფასებულ იქნას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად მოხდეს მათი ტრანსპორტირება შესაბამის დაწესებულებებში“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
შპრიცების პრობლემის გამო, იაპონია Pfizer-ის ვაქცინის მილიონობით დოზას ვერ იყენებს
სპეციალური შპრიცების სიმცირის გამო, მილიონობით ადამიანი იაპონიაში ვერ გაიკეთებს Pfizer-ის ვაქცინას, როგორც ეს დაგეგმილი იყო, რამაც შეიძლება იმუნიზაციის პროგრამა ჩაშალოს. ამის შესახებ The Guardian-ი იტყობინება. გამოცემის ცნობით, იაპონიამ Pfizer-ის ვაქცინის 144 მილიონი დოზა შეისყიდა, რაც 72 მილიონი ადამიანისთვის არის საკმარისი. თითოეულმა ვაქცინაცია სამკვირიანი ინტერვალით უნდა ჩაიტაროს. თუმცა, არსებული შპრიცების გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატის ნაწილი ორგანიზმში ვერ მოხვდება და დაიღვრება. პრობლემის გადასაჭრელად კი ქვეყანას სტანდარტული შპრიცების მარაგის შეძენა მოუწევს. გარდა ამისა, იაპონიის მთავრობა სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებლებს სპეციალური შპრიცების წარმოების გაზრდისკენ მოუწოდებს. „ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ იაპონია არ დგას. აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებშიც ასევე განაცხადეს, რომ მსოფლიოში სპეციფიური შპრიცების დეფიციტია. ქვეყანაში 65 წლის და ამ ასაკს გადაცილებულების ვაქცინაცია, წესით, აპრილამდე უნდა მოესწროს, ამ ასაკობრივ კატეგორიაში კი დაახლოებით 36 მილიონია. შემდეგ ეტაპზე, ივლისამდე, იგეგმება დარჩენილი მოსახლეობის აცრა. მთლიანობაში, იაპონიამ ვაქცინის პრეპარატის 157 მილიონი ადამიანისთვის საკმარისი დოზა უნდა შეისყიდოს“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელებისთვის საკარანტინო ვადა შემცირდა
"აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელთათვის საკარანტინო ვადა 12 დღიდან 5 დღემდე შემცირდა", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა. „ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელთათვის საკარანტინო ვადა მნიშვნელოვნად შემცირდა. როგორც მოგეხსენებათ, 1-ელ თებერვლამდე ეს ვადა 12 დღით განისაზღვრებოდა. ამიერიდან, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმომსვლელთათვის შეიქმნება პირობები, სადაც ისინი საკარანტინო სივრცეში 5 დღეს დაყოფენ და PCR ტესტირების შემდეგ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მათ ექნებათ შესაძლებლობა, 5-დღიანი საკარანტინო ვადის ამოწურვის შემდეგ, დატოვონ საკარანტინო სივრცე. ამასთან აღსანიშნავია, რომ ენგურის ხიდთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. განთავსებული არიან ზოგადი პროფილის მედპერსონალი და სატრანსპორტო საშუალებები, რაც შესაძლებლობას მისცემს გადმოსულ მოქალაქეებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდეს და შესაბამისად, გადაიყვანონ დაწესებულებებში“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი დღეიდან გაიხსნა.
ბრიტანეთის ელჩი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა: შეძრწუნებული ვარ ნანახით
ბრიტანეთის ელჩი საოკუპაციო ხაზთან სტუმრობის შემდეგ აცხადებს, რომ „შეძრწუნებულია ნანახით და იმ გავლენით, რომელიც ამ კონფლიქტს აქვს“. „ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას და მუშაობს კონფლიქტით დაყოფილი საზოგადოების შერიგებისათვის პირობების შესაქმნელად“, - წერს Twitter-ზე ბრიტანელი დიპლომატი.
Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიშის სამუდამო აკრძალვა დაადასტურა
Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიშის სამუდამო აკრძალვა დაადასტურა. ამის შესახებ სოციალური ქსელის ფინანსურმა დირექტორმა ნედ სიგალმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას Theguardian-ი ავრცელებს. ნედ სიგალის ეს პასუხი მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვას, შეიძლება თუ არა დონალდ ტრამპს გაუჩნდეს პლატფორმაზე დაბრუნების შესაძლებლობა. გავრცელებული ინფორმაციით, Twitter შეინარჩუნებს სამუდამო აკრძალვას დონალდ ტრამპის ანგარიშზე იმ შემთხვევაშიც კი თუ ის ისევ შეეცდება იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე ან გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ნედ სიგალის განცხადებით, Twitter-ის წესების მიმართ, რაც ძალადობისაკენ მოწოდების აკრძალვას შეეხება, თანაბარია ყველა, მიმომხილველებიდან დაწყებული, სახელმწიფო მოხელეებით დამთავრებული.
მეთიუ ბრაიზა: იმედი მაქვს, აშშ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას გამოხატავს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებისადმი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა იმედოვნებს, რომ აშშ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას გამოხატავს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებისადმი. ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-ს განუცხადა. მისი შეფასებით, ბაიდენის ადმინისტრაციას გარკეული დრო სჭირდება ორგანიზებისთვის, რათა ახლად დანიშნულმა პირებმა პოზიციები დაიკავონ და ამის შემდეგ დაიწყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. „იმედი მაქვს, სამხრეთ კავკასიას უფრო მეტად სტრატეგიული დატვირთვა ექნება, ხოლო აშშ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისადმი. ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციას გარკეული დრო სჭირდება ორგანიზებისთვის, რათა ახლად დანიშნულმა პირებმა პოზიციები დაიკავონ და ამის შემდეგ დაიწყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. ამავე თემაზე: მეთიუ ბრაიზა: ტრამპი მიიჩნევდა, რომ პუტინი არ იყო პასუხისმგებელი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებზეც ბაიდენმა მიანიშნა რუსეთის პრეზიდენტს
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე-მაშველი კიბიდან ჩამოვარდა და დაიღუპა
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე-მაშველი დაიღუპა, - აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. „სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა თორნიკე კიპაროიძე. მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს ოჯახს და იზიარებს მათ მწუხარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
კორონავირუსზე სინოდის წევრთა ტესტირების პასუხი ცნობილია
კორონავირუსზე ტესტირების შედეგად Covid19 სინოდის არც ერთ წევრს არ დაუდასტურდა - ამის შესახებ Europetime-ს პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა. ტესტირება სასულიერო პირებს წმინდა სინოდის სხდომამდე ჩაუტარდათ. პატრიაქრის ექიმის ცნობით, შორენა თეთრუაშვილის ინფიცირების შემდეგ, კორონავირუსი არც ერთ სასულიერო პირს არ დადასტურებია. „რეგიონებში იყო გარკვეული შემთხვევები, მაგრამ საპატრიარქოსთან კონტაქტში მყოფ სასულიერო პირებიდან, ვირუსი არავის დადასტურებია. დღეს ტესტირება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს ჩაუტარდათ და არც ერთი მათგანის პასუხი არ იყო დადებითი", - აღნიშნა Europetime-თან საუბრისას პატრიარქის ექიმმა. დღეს წმინდა სინოდის სხდომა იმართება. სინოდის წევრები ეპარქიების ახალი მიტროპოლიტების დანიშვნის გარდა, ვაქცინაციის ნებართვის საკითხსაც განიხილავენ. ამავე თემაზე: სასულიერო პირების ნაწილი თვლის, რომ ვაქცინაციას ზიარების უფლებასთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს, ზოგიერთისთვის კი ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.
პოლიციამ 14 წლის არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დააკავა
პოლიციამ 14 წლის არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული, 23 წლის კაცი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშუალი 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლ გობლი: მჯერა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად მტკიცედ იმოქმედებს, რომ მოსკოვმა პასუხი აგოს
„საქართველომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ გაამართლოს დასავლეთის კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა პოლ გობლმა Europetime-ს განუცხადა. ბეიკერის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანს სჯერა, რომ ჯო ბაიდენი რუსეთის მიმართ უფრო ხისტი იქნება. „მე მჯერა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად მტკიცედ იმოქმედებს, რომ მოსკოვმა პასუხი აგოს. ეს არის ის, რისგანაც ყველა მიიღებს სარგელებს, პუტინის გარდა და საქართველომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ გაამართლოს დასავლეთის კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა“, - აღნიშნავს პოლ გობლი. ამავე თემაზე: პოლ გობლი: ბაიდენის ადმინისტრაცია მის წინამორბედთან შედარებით, აშშ-სა და საქართველოსთვის დიდ წინსვლას ნიშნავს.
რუსეთმა “რადიო თავისუფლება” უცხოეთის აგენტთა კანონით 150 000 დოლარით დააჯარიმა
რუსეთის ფედერაციამ აშშ-ის მიერ დაარსებული რუსულენოვანი “რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპა” დაახლოები 150 000 დოლარით დააჯარიმა, მიზეზი კი რუსეთის “უცხოეთის აგენტის” კანონთან წინააღმდეგობაში ყოფნა დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. “რადიო თავისუფალი ევროპა” რუსეთის ფედერაციამ უცხოეთის აგენტად 2017 წელს გამოაცხადა. 2021 წლის 10 თებერვალს, რუსეთის კომუნიკაციების დამცველმა ორგანიზაციამ აღნიშნა, "რადიო თავისუფლებას" იმის გამო აჯარიმებენ 11 მილიონი რუბლით (150 000 დოლარი), რომ მაუწყებლობა საკუთარი თავის იდენტიფიკაციას, როგორც “უცხოეთის აგენტს”, არ ახდენდა. როგორც რადიო მაუწყებლობის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ, დაჯარიმების ფაქტს უსამართლობად და სახელმწიფოს მიერ ზეწოლად აფასებენ.
30 წლის შემდეგ პირველად, ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსზეა წარდგენილი
თითქმის 30 წლის შემდეგ პირველად, ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსზეა წარდგენილი. კინოფესტივალის მთავარ სექციაში ალექსანდრე კობერიძის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ წარადგინეს, რომელიც საქართველო-გერმანიის ერთობლივი კინოპროდუქციაა. როგორც Europetime-სთვის გახდა ცნობილი, რეჟისორი იზოლაციაშია, რადგან საქართველოში ახლახან დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ქართული ფილმი, დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ წელს კანის ფესტივალის მთავარ კონკურსში, ბერლინალეს ერთ-ერთ სექციაში კი სალომე ჯაშის „მოთვინიერება“ მოხვდა. ბოლოს ბერლინალეს მთავარ კონკურსზე, 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმ „უძნართა მზე“ იყო წარდგენილი, რომელმაც საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი“ მოიპოვა. ალექსანდრე კობერიძის ფილმში "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?". მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე. პანდემიის გამო, ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჩვეული ფორმატით არ გაიმართება. 1-5 მარტს მოეწყობა ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა Industry Event, ხოლო 9-20 ივნისს ზაფხულის გამოშვების (Summer Special) ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფესტივალის მიერ შერჩეული ფილმები.
ტყიბულის შახტების ადმინისტრაციისთვის შახტში გამოკეტილი მეშახტეების მოთხოვნები უცნობია
ტყიბულის შახტების ადმინისტრაციისთვის შახტში გამოკეტილი მეშახტეების მოთხოვნები უცნობია. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სოცკი აცხადებს, ადმინისტრაციას მეშახტეთა გაფიცვის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ და მათთვის უცნობია მოთხოვნებიც, რომლებსაც მეშახტეები აყენებენ. მიხეილ სოცკის თქმით, მეშახტეებს ხელშეკრულების გათვალისწინებთ დაერიცხათ ხელფასი იმის მიხედვით, როგორც მოიპოვეს ქვანახშირი: „ზოგმა 70 %-ით შეასრულა გეგმა, ზოგმა 110 %-ით და ხელფასიც შესაბამისად მიიღეს , როგორც ეს კონტრაქტითაა გათვალისწინებული“, - განაცხადა მიხეილ სოცკიმ. ტყიბულის შახტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა ასევე მეშახტეთა ნაწილის განცხადებაზე, რომ შახტში პროტესტის ნიშნად გამოკეტილ მეშახტეებს ადმინისტრაცია საკვების მიწოდებაში ხელს უშლის და მეშახტეებს მხოლოდ წყალი მიეწოდებათ. სოცკის განცხადებით, მაღაროში საკვების მიღების პირობები არ არის და წესდებითაა აკრძალული, მაგრამ არასწორია ინფორმაცია, რომ შახტის ადმინისტრაცია ხელს უშლის შახტში საკვების ჩატანას. შეგახსენებთ, რომ ტყიბულში მეშახტეების ნაწილი პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდის. ისინი იანვრის თვის სახელფასო ანაზღაურების განახევრებას აპროტესტებენ. 10 თებერვალს, ძიძიგურის შახტის მე-17 უბნის მეშახტეთა ნაწილი ცვლის დასრულების შემდეგ შახტში ჩაიკეტა.