ძებნის რეზულტატი:
ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუა დააკავეს
აჭარის პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და მუქარის ბრალდებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუა დააკავა, ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 1945 წელს დაბადებული ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა. ოჯახური ნიშნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მუქარის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“ - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. .
პროკურატურამ გარდაცვლილი 14 წლის გოგოს უფლებამონაცვლედ მისი და ცნო
2020 წლის 14 თებერვალს, პროკურატურამ, გარდაცვლილის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, გარდაცვლილი მოზარდის და ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ავრცელებს. გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დის ინტერესებს სწორედ ამ ორგანიზაციის იურისტები დაიცავენ.
ცნობილია, რამდენი საშტატო ერთეული გადადის განათლების სამინისტროდან კულტურის სამინისტროში
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები 2-წლიანი გაერთიანების შემდეგ კვლავ იყოფიან. დღეს პარლამენტში სწორედ ეს სტრუქტურული ცვლილებები განიხილეს. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივნმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა, კულტურისა და სპორტის სამინისტროებში დღეს მოქმედი უწყებიდან 329 შტატი გადავა. ამ 329 შტატიდან კი, დღეს 60 ვაკანტურია. “თუ არ ვცდები ახალ სამინისტროში გადადის 329 თანამშრომელი. წელს შტატების გაზრდა არ მოხდება, მაგრამ უკვე 2022 წლის ბიუჯეტში თუ იქნება შტატების ზრდა ანალიზიდან გამომდინარე საჭირო და თუ დავინახეთ, რომ სამინისტროში ის შტატები არ არის საკმარისი, რომელიც დამტკიცებულია, ბუნებრივია, ამას უკვე დაემატება შტატები, სახელფასო ფონდიც გაიზრდება. ამასთან, დღესდღეობით, 329 შტატიდან არის 60 ვაკანტური, რომლებიც ფიზიკურად დასაქმებული არ გვყავს და შესაბამისად, ამ 60 ვაკანტური პოზიციის გამოყენებაც მოხდება საჭიროების შემთხვევაში,” - აცხადებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ბექა დოჭვირს მიმართა კითხვით, თუ რა გახდა სამინისტროების გაყოფის მიზეზი, "რამ არ იმუშავა?" როგორც დოჭვირმა უპასუხა, გაერთიანებული სამინისტროს მართვამ აჩვენა, რომ თითოეული ყოფილი სამინისტროს მართვა სხვადასხვა გამოცდილების მქონე მენეჯმენტს საჭიროებდა, ხოლო მათი გაერთიანებით სტრუქტურის ადმინისტრირება საკმაოდ რთული გახდა. “გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ამხელა სფეროების მართვა, თანაც სფეროების, რომლებიც მენეჯმენტში განსხვავებულ გამოცდილებებს საჭიროებენ, გვაჩვენა, რომ ასეთი ადმინისტრირება არის საკმაოდ რთული. ანუ იმისთვის, რომ ყველა სფეროს სათანადო ყურადღება დაეთმოს, არის საკმაოდ რთული. ეს ხდება იმისთვის, რომ პანდემიაში არსებული გამოწვევების ფონზე კულტურის და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს მეტი მხარდაჭერა და ყურადღება ჰქონდეთ,” - აცხადებს დოჭვირი. ცნობისთვის, ბოლო დროს მედიაში ვრცელედება ინფორმაცია, რომ განცალკევებული კულტურის და სპორტის მინისტრად თეა წულუკიანი განიხილება.
ვიცე-მერი: ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა მიუღებელია „სასტუმრო ბუდაპეშტის“ მესაკუთრეს, მიწის გაცვლას ვთავაზობთ
თბილისში, ვაკის პარკში დღეს სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა განახლდა, რომლის აშენებას საზოგადოება უკვე წლებია აპროტესტებს. სასტუმროს მშენებლობა სასამართლო განხილვების გამო შეჩერებული იყო. თბილისის მერიამ კომპანიას მშენებლობის ნებართვა ჩამოართვა, რაც კომპანიამ გაასაჩივრა და 2019 წლის 16 იანვარს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ინვესტორმა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა დაიბრუნა. თბილისის ვიცი-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, “სასტუმრო ბუდაპეშტის“ საკითხის გადაჭრის ოპტიმალური გზაა, მესაკუთრემ მიიღოს მუნიციპალიტეტის შეთავაზება, მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით. დღეს თბილისის მერიაში ვიცე-მერსა და „სასტუმრო ბუდაპეშტის“ მესაკუთრეს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, თბილისის მერიისთვის ვაკის პარკში რესტორნის აშენებაც მიუღებელია, თუ ის სასტუმროს პარამეტრებით უნდა აშენდეს. „ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი იყო შეთანხმება იმაზე, რომ რაც დღეს გააკეთეს, ვგულისხმობ ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანას, უკანონოა და ასეთი რამ არ შეიძლება განმეორდეს. მეორე ის, რომ ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა ადგილმონაცვლეობის შეთავაზება მათი უფლებების დაცვის, მათი კომერციული ინტერესების შენარჩუნების მიზნით. ამისთვის მუნიციპალიტეტმა ძალიან ბევრი იმუშავა, შევარჩიეთ მიწის ნაკვეთები და შევთავაზეთ. დღევანდელ შეხვედრაზე რაც მათ გააჟღერეს, იყო ის, რომ ააშენებენ რესტორანს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რესტორნის აშენებას, თუ ის სასტუმროს პარამეტრებით უნდა აშენდეს. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ორი წლის წინ, როდესაც ჩვენ მათთან მოლაპარაკება დავიწყეთ, საუბარი იყო რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენაზე, რომელიც ათეული წლები იდგა ვაკის პარკში და არა სასტუმროს პარამეტრებით რაღაც უზარმაზარი ნაგებობის განთავსებაზე. ჩვენთვის ნაგებობის ფუნქციას დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია რა ინტენსივობის მშენებლობაზეა საუბარი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მივედით იქამდე, რომ ერთადერთი სწორი ვარიანტია მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა, მათივე პოზიციებიდან გამომდინარე. დღეს ჩვენ შეხვედრაზე აბსოლუტურად ვერაფერზე შევთანხმდით, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ დასხდებიან პარტნიორები და დაილაპარაკებენ“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა. ვიცე-მერი იმედოვნებს, რომ ინვესტორი საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მიიღებს და ადგილმონაცვლეობას დათანხმდება. „ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ დაგვერწმუნებინა ინვესტორები, რომ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების თვალსაზრისით, არის ის, რომ მოხდეს მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა. ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: იმის მიზეზი, რომ ისინი არ თანხმდებიან ადგილმონაცვლეობას არის ის, რომ აქ სასტუმროს აშენების იმედი აქვთ. ადრე თუ გვიან, მივალთ იქამდე, რომ ისინი დარწმუნდებიან, რომ ვერც ისეთი ქმედებით, როგორსაც დღეს დილით მიმართეს და ვერც ვერანაირად ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ. საბოლოო ჯამში მივალთ ადგილმონაცვლეობასთან“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. 2013 წელს "სასტუმრო ბუდაპეშტის" მესაკუთრეს ვაკის პარკში სასტუმროს აშენების ნებართვა თბილისის იმჟამინდელმა მერმა გიგი უგულავამ მისცა. მძაფრი საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, ახლანდელმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმროს აშენების უფლებას არ მისცემენ.
ბრიტანეთის საკარინტინე სასტუმროებმა ქვეყანაში დაბრუნებული პირველი მოქალაქეები მიიღეს
გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე, რომელიც „მაღალი რისკის“ ქვეყნიდან ბრუნდება, ვალდებულია საკარანტინო სასტუმროში დარჩეს. მოქალაქეები, რომლებმაც მაღალი რისკის ქვეყნებში ბოლო ათი დღის განმავლობაში იმოგზაურეს, ვალდებულნი არიან, საკარტინო სასტუმროებში ნომრები წინასწარ დაჯავშნონ. ასეთ სასტუმროში 10 დღით დარჩენისთვის მათ 1,750 ფუნტის გადახდა მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ კარანტინის გავლა ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქისთვის ტესტის უარყოფითი შედეგის მიუხედავად მაინც სავალდებულოა.
გიორგი გახარიამ და ბრიტანელმა მინისტრმა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე ისაუბრეს
გაერთიანებული სამეფოს ევროპის სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში მინისტრი ვენდი მორტონი საქართველოს პერმიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „პანდემიის მართვა და სამომავალო გეგმები. ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. განვიხილეთ საქართველოს პოსტ-პანდემიური და უფრო მდგრადი, მწვანე და ძლიერი ეკონომიკური განვითარება”,- განაცხადა ვენდი მორტონმა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე შავი ზღვის ფართო რეგიონის კონტექსტში და ამ კუთხით გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ასევე აღინიშნა გლობალური პანდემიიდან მომდინარე გამოწვევები. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა ევროპის სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად, კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრი დაათვალიერა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიქმნა.
ბრიტანელი მინისტრი საქართველოში ვიზიტზე Twitter-ზე წერს
გაერთიანებული სამეფოს ევროპის სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში მინისტრი ვენდი მორტონი საქართველოს ვიზიტს სოციალურ ქსელში ქართულად გამოეხმაურა. „ჩვენი ქვეყნები არიან ახლო მოკავშირეები არიან და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერდება", - წერს მინისტრი.
საქართველოში ვაქცინაციის დაწყების სავარაუდო პერიოდი დასახელდა
საქართველოში ვაქცინაციის დაწყების სავარაუდო პერიოდად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თებერვლის ბოლო დაასახელა. მინისტრის მოადგილის თქმით, ვაქცინაციის პროგრამისთვის მზადება გრძელდება, შეირჩა სამედიცინო დაწესებულებები და მიმდინარეობს პერსონალის ტრენინგი. 1 400 000 ვაქცინის დოზაა დაახლოებით, რაც ჩვენ COVAX-იდან გვეკუთვნის, დანარჩენი 2 მილიონ ნახევარი უნდა მოვიძიოთ სხვა მექანიზმებით და ეს მექანიზმი იქნება ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკება და პირდაპირი მოლაპარაკება მწარმოებელთან, განაცხადა თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვფიქრობთ, თებერვლის ბოლოსთვის უკვე გვექნება საშუალება, რომ ვაქცინაციის პროგრამა დავიწყოთ. სოლიდარული და თანაბარი პრინციპიდან გამომდინარე, შეიქმნა COVAX-ის პალტფორმა. ამის პარალელურად კიდევ არის ორი მექანიზმი, რაც გვინდა, რომ გამოვიყენოთ. ერთი არის ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა, იმგვარად, რომ ის შესყიდული ჭარბი დოზა, რომელიც ამ ეტაპზე შეიძლება არ იყოს მათთვის აუცილებელი, გადმოგვცენ. შესაძლოა, ეს მოხდეს შესყიდვის ან დონაციის სახით. ასევე, ყოველთვის ძალაში რჩება ბილატერალური მოლაპარაკება, რადგან პირველი კვარტალი არის ყველაზე რთული ყველასთვის, შემდეგ კი წარმოების მოცულობები გაიზრდება და უფრო მოგვიანებით, მესამე მეოთხე კვარტლისთვის უკვე შესაძლებელია, მეტი შანსი გაჩნდეს, რათა ჩვენ პირდაპირაც მოვიპოვოთ დოზები მწარმოებლებისგან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რას გულისხმობს საარჩევნო კოდექსის პირველადი ვერსია
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საარჩევნო ბარიერი რეგიონებსა და დედაქალაქში განსხვავებული იქნება. ცვლილებების პირვანდელი ვერსიით, რეგიონებში 3% იქნება, ხოლო თბილისში - 2.5 პროცენტი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4 პროცენტია. ახალ საარჩევნო რეფორმაზე პარლამენტში დღეს მსჯელობდნენ. _საარჩევნო კოდექსის პირველადი ვერსის თანახმად: თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 10 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 40 წევრი - პროპორციული წესით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 2.5 პროცენტისა. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 40-ზე და იყოფა იმ პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 2.5 პროცენტისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა. თუ პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 40-ზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 2.5 პროცენტისა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა განისაზღვრება: 1. თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 20 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 10 წევრისაგან. 2. თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა) საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 20 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 5 წევრისაგან.
სერგეი გავრილოვი ნიკა მელიას საქმეზე: მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ ამბოხი აღარ იყოს
რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას შესახებ საუბრისას ამბობს, რომ „საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა“. გავრილოვი „ტვ პირველთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიცია საქართველოს იმიჯის შელახვას ცდილობს. „მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციისა და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია, მაქსიმალურად გაართულონ საქართველოს ურთიერთობა, ეკონომიკურ, კულტურულ და სულიერ საკითხებში მის შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან. ის სიცრუე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე, 100%-იანი სიცრუის, ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი, სტუმართმოყვარე და მეგობრული ქვეყნის, მეზობლების თვალში“, - აცხადებს რუსი დეპუტატი. ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს, თუმცა ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 ათასი ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის პირველ ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. რის გამოც მისი გირაო 40 ათას ლარამდე გაიზარდა. გირაოს თანხა, 40 000 ლარი, მელიას 2020 წლის 24 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა. თუმცა მელიამ გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა. გირაოს გადახდის საბოლოო ვადა 12 თებერვალს ამოეწურა და საქართველოს პროკურატურამ იმავე დღეს საქართველოს პარლამენტს მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად. 20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.
60 საათი კვირაში - რას შეცვლის სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა?
„დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო საათის აღრიცხვის ვალდებულების შესახებ, საკანონდებლო ცვლილება წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა თუ საათობრივი მინიმალური ხელფასი არ დადგინდა, ეს კანონი საკმარისად ეფექტური ვერ იქნება", - ამის შესახებ Europetime-ს ორგანიზაცია „გილდიის“ დამფუძნებელმა და შრომის უფლებების მკვლევარმა გიგა ბექაურმა განუცხადა, ახალ საკანონდებლო ცვლილებათან დაკავშირებით. პირველი მარტიდან, საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება. „ტაბელის ცხრილის“ შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად ექნებათ, თანაც კომპანიებმა ამ სიების არქივი 1 წლის ვადით უნდა შეინახონ. „ტაბელის ცხრილის" შესახებ საკანონდებლო ცვლილება, ჯანმრთელობის დაცვის და შრომის მინისტრის ბრძანებულებით განისაზღვრა და საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. „დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაო დღეს წერილობით ან/და ელექტრონულად აღრიცხოს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დრო და სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. დასაქმებული უფლებამოსილია, დამსაქმებლისგან მოითხოვოს მის მიერ ნამუშევარი საათების აღრიცხვის დოკუმენტების გაცნობა", - ნათქვამია დოკუმენტში. შრომის უფლებების მკვლევრის განმარტებით, კვლევების შედეგად გამოვლინდა ფაქტები, როცა ადამიანები მუშაობენ კვირაში 60-70 საათს და იმდენ ანაზღაურებას იღებენ, რაც წესით მხოლოდ 40-50 საათის მუშაობაში უნდა აეღოთ. „კვლევებმა აჩვენა, რომ მსგავსი შემთხვევები ყველაზე ხშირი იყო მომსახურების სექტორში. ამას მოპარულ ხელფასს ეძახიან. სწორედ ამიტომ, მინიმალური ხელფასის განსაზღვრის საჭიროება დგება. რადგან, მიუხედავად სამუშაო საათების აღრიცხვის ვალდებულებისა, შესაძლოა, დამსაქმებელმა მიმართოს მანიპულაციას. მაგალითად, სრულ განაკვეთზე დასაქმებულს დაბალი ხელფასი ჩაუწერონ და ზეგანაკვეთური სამუშაოს ხელფასით მიიყვანონ იმ ტარიფამდე, რის მიცემასაც აპირებდნენ. აქამდეც ხშირი იყო ასეთი შემთხვევები და ახლა უფრო გახშირდება. დღემდე ზეგანაკვეთური შრომის აღრიცხვის ვალდებულება არ არსებობდა. ახლა, როცა კანონით ეს ვალდებულება გაჩნდა, დამსაქმებლები უფრო ხშირად გამოიყენებენ ამ სქემას. შეეცდებიან, მაქსიმალურად დაწიონ ძირითადი სამუშაო საათების ხელფასი და თავი დააზღვიონ, რომ ზეგანაკვეთურ შრომაში მეტი არ გადაუხადონ დასაქმებულს. ამიტომ, ეს უნდა დარეგულირდეს, საათობრივი მინიმალური ხელფასის დადგენით. ზეგანაკვეთური სამუშაო საათების აღრიცხვის სისტემის ეფექტურობა, მინიმალურ ხელფასის განსაზღვრასთან ბმაშია", - აღნიშნა Europetime-სთან საუბრისას შრომის უფლებების მკვლევარმა. მისივე განცხადებით, წესით, შრომის კოდექსში სამუშაო საათების აღრიცხვის ვალდებულება და მინიმალური ხელფასი თანმიმდევრულად უნდა განხორციელებულიყო. „ჩვენ სწორედ ამიტომ ვითხოვდით წინა კანონპროექტში მინიმალური ხელფასის განსაზღვრას. მინიმალური ხელფასის საათობრივად განსაზღვრა ამ საკითხს დაარეგულირებდა. თუმცა ცალსახად ვამბობ, რომ ეს ცვლილებაც წინგადადგმული ნაბიჯია და კარგის მეტი არაფერი მეთქმის. ეს ცვლილება დაკავშირებულია შრომის რეფორმის ახალ ტალღასთან, ზეგანაკვეთური შრომის და სამუშაო საათების ზუსტ ათვლაზე. ამით, დამსაქმებლის მხრიდან ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების აღსრულების მექანიზმი გაძლიერდა. შრომის კოდექსში აქამდე კი ეწერა ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურება, თუმცა საათების ათვლა არ ხდებოდა. ამ საკითხზე სასამართლოში რამდენიმე საქმე შევიდა. თუმცა იქ მოხდა აღრიცხვა და დაანგარიშება, რადგან შრომის კონტრაქტში ეწერა 56 სამუშაო საათი, როცა კანონით გათვალისწინებულია 40 საათი. სწორედ ის 16 საათი დაანგარიშდა და დასაქმებულმა იმის მიხედვით მიიღო კომპენსაცია, სასამართლოს გადაწყვეტილებით. ისე, რომ კომპანიებს ყოველკვირეულად, ყოველთვიურად ეწარმოებინათ სამუშაო საათების აღრიცხვა, ასეთი რამ აქამდე არ ხდებოდა. ამიტომ აღნიშნული ცვლილება რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია. ადმინისტრირების თვალსაზრისით არ იქნება რთული პროცესი. თავიდან ბიზნესასოციაციის მხრიდან იყო პროტესტი, როგორ წარმოგიდგენიათ ამის აღრიცხვაო. თუმცა რეალურად, მეტ-ნაკლებად, ისედაც აღირიცხებოდა სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგან არსებობს ბარათებით შესვლა-გამოსვლის პრინციპი. უბრალოდ ახლა დამსაქმებლებს ვალდებულება აქვთ, აღრიცხვის გარდა, მონაცემები ერთი წელი შეინახონ და საჭიროების შემთხვევაში შრომის ინსპექტორს და სასამართლოს წარუდგინონ. ეს ჩანაწერი შრომის კანონმდებლობას უკეთ აღსრულების შესაძლებლობას აძლევს. კანონში, ზეგანაკვეთურ სამუშაოზე ჩანაწერი, აქამდე მხოლოდ ზედაპირული იყო", - განმარტავს შრომის უფლებების მკვლევარი და კულტურისა და მედიის სფეროში დასაქმებულთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, "გილდიას" დამფუძნებელი გიგა ბექაური. მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა
ჯანმომ AstraZeneca-ს ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ AstraZeneca-ს ვაქცინებს, რომლებიც სამხრეთ კორეაში AstraZeneca-SKBio -ს მიერ და ინდოეთში The Serum Institue-ის მიერ იწარმოება, საგანგებო სიტუაციებში გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა. ინფორმაცის ორგანიზაცია საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ჯანმოს ცნობით, მწარმოებლებმა საკმარისი მონაცემები გაასაჯაროვეს იმისთვის, რომ მათ საგანგებო გამოყენების ავტორიზაციის უფლება მიეცეთ. ორგანიზაციის ცნობით, ვაქცინები შედარებით იაფი იქნება და შენახვის პირობებიც მისაღებია იმისთვის, რომ მათი გამოყენება განვითარებად ქვეყნებშიც შეძლონ. პრეპარატის გამოყენება ჯანმომ ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის დაუშვა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უენდი მორტონი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვია
კადრები, მინისტრის პირველი მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის და უენდი მორტონის კომენტარები: მორტონის თარგმანი: დღეს ვიმყოფები აქ, ადმინისტრაციულ ე.წ სასაზღვრო ხაზზე, რომელიც 2008 წლიდან ყოფს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონისგან, იმისათვის, რომ ჩემი თვალით მენახა ის რეალობა, თუ რას წარმოადგენს აქ აღმართული მავთულხლართები და რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამ 12 წლიან კონფლიქტს ძალიან დიდი ადამიანური საზღაური მოჰყვა. ამან გამოიწვია ოჯახების დაყოფა. ადამიანებს მოუწიათ რუსეთის თვითნებური მმართველობის ქვეშ გაღვიძება, თავის მიწებსა და სალოცავებთან წვდომის გარეშე. გაერთიანებული სამეფო კვლავ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტეროტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ეფექტურ კონტროლს და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ მოქმედებს იმ ქვეყნებში, რომელთაც ის საფრთხედ აღიქვამს.
საქართველოს შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ან ლინდე ეწვევა. საგარეო უწყების ცნობით, ხვალ ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს ხვალ შეხვდება. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ან ლინდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს 3 თებერვალს შეხვდა და კავკასიის რეგიონში კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს საკითხზეც ესაუბრა. ლავროვთან შეხვედრაზე საუბარი საქართველოს გარდა შეეხო: ყარაბაღში, მოლდოვაში, უკრაინასა და ბელარუსში მიმდინარე კრიზისებისა და სამხედრო კონფლიქტების განხილვას. ამ რეგიონებში ეუთოს მისიის გაგრძელების აუცილებლობაზე შევთანხმდით", - აცხადებს ეუთოს თავმჯდომარე. მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის დროს, მოქმედმა თავმჯდომარემ და რუსეთის საგარეო საქმეთმა მინისტრმა, ეუთოს წევრ ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტების უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. თავმჯდომარებ რუსეთის დემონსტრაციებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეუთოს წევრი ქვეყნა ვალდებულია, ადამიანთა უფლებები და გამოხატვის თავისუფლება დაიცვას. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ასევე შეხვდა რუსეთში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს და რუსეთში მიმდინარე ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის პრობლემები განიხილა.
ხულოში, სოფელ კალოთაში სკოლის შენობა დაიწვა
ხულოში, სოფელ კალოთაში სკოლის ხის შენობა დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხის შენობაზე ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა და მეზობელ სახლებზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება გაჩნდა, თუმცა საფრთხე მოხსნილია. ადგილზე რჩება სამი სახანძრო ჯგუფი. ცეცხლი საღამოს საათებში სავარაუდოდ ელექტროსადენებიდან გაჩნდა. შენობა მთლიანად დაიწვა.
სტოლტენბერგი NATO-ს წევრ ქვეყნებს თავდაცვის დაფინანსების გაფართოებას შესთავაზებს
17-18 თებერვალს, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეკავებისა და თავდაცვის დაფინანსების გაფართოებას განიხილავენ. NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვიდეოკონფერენციაზე ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შეკავებისა და თავდაცვის კუთხით ძირითადი საქმიანობის დაფინანსების გაფართოების განხილვას შესთავაზებს. „ეს საშუალებას მოგვცემს, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ჩვენი ძალებისა და საბრძოლო ჯგუფების განლაგება უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ NATO-ს თავდაცვის მინისტრები ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის მომზადებას დაიწყებენ. „თავდაცვის მინისტრებს შევთავაზებ, ჩემი ინიციატივის, „NATO-2030“-ის განხილვა დაიწყონ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
საქართველოს ეუთოს თავმჯდომარე ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე ეწვია. ენ ლინდემ ვიზიტის წინ Twitter-ზე დაწერა, რომ კვლავ დაადასტურებს ეუთოს მტკიცე მხარდაჭერას კონლიქტების მოგვარების და ინსტიტუტების განმტკიცების მიმართ. ენ ლინდე აღნიშნავს, რომ ორივე სფეროში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ ქალებს და სამოქალაქო საზოგადოებას. "კიდევ ერთხელ დავადასტურებ ეუთოს მხარდაჭერას კონფლიქტების მოგვარებისა და ინსტიტუციების გაძლიერების საქმეში - ორივე სფეროში, ქალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ", - წერს ენ ლინდე. ვიზიტის ფარგლებში, შვედი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. პირველი აუდიენცია კი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შედგება. შეხვედრისას შვედეთთან, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის პირველი დიპლომატი ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს.
მსოფლიოს ათზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს
მსოფლიოს ათზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით, TheGuardian-ი ავრცელებს. კორონავირუსის ახალი შტამი B1525 სახელით არის ცნობილი. ღნიშნული მუტაცია ფიქსირდება სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში აღმოჩენილ ვირუსისი სახეობებში. ახალი შტამი, ბრიტანეთში დაფიქსირებული 32 შემთხვევის გარდა, კიდევ ათამდე ქვეყანაშია გავრცელებული. მათ შორის, დანიაში – 35, ნიგერიაში – 12, აშშ-სა და საფრანგეთში 7-7. ასევე ხუთზე ნაკლებია განაში, ავსტრალიაში, კანადაში, იორდანიასა და ესპანეთში. ვირუსების მუტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა, მკვლევრებს ის აშფოთებთ, რომ ახალი სახეობა შესაძლოა, ანტისხეულების მიმართ უფრო მდგრადი იყოს. კორონავირუსის ახალი ვარიანტი ჰგავს რამდენიმე თვის წინ, დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილ სახეობას B117-ს.
კარლ ჰარცელი: მჯერა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული პროცესები წარმატებით განხორციელდება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირის დაფინანსებით COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. მხარეებმა ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა პროცესი წარმატებით განხორციელდება. „შეხვედრაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. განვიხილეთ ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობა. ჩვენ საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადავეცით, რათა სამედიცინო პერსონალმა უსაფრთხოდ იმუშავოს. მჯერა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული პროცესები წარმატებით განხორციელდება“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ვაქცინის შესყიდვის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს COVAX პლატფორმასთან. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან დამატებითი დოზების მობილიზების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „პრიორიტეტული საკითხი კვლავ ვაქცინაციაა. ევროკავშირის ელჩი ყველა იმ საკითხით დაინტერესდა, რომელიც დღესდღეობით ქვეყანაში მიმდინარეობს. კარლ ჰარცელმა გამოხატა მზაობა, რომ ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში. ევროკავშირის ელჩს ყველა დეტალთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცი მივაწოდეთ“,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 740 ადამიანს დაუდასტურდა, 496 გამოჯანმრთელდა, 14 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 266 462 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 259 228, გარდაიცვალა 3 377 პაციენტი. 740 ახალი შემთხვევიდან 328 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 32, იმერეთი - 138, ქვემო ქართლი - 25, შიდა ქართლი - 69, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი კარანტინის რეჟიმშია 242, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 1 848. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 230 მოქალაქე.