ძებნის რეზულტატი:

აზერბაიჯანმა აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები გამოიძახა

აზერბაიჯანმა აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები გამოიძახა. ბაქოს ამ ნაბიჯის მიზეზი „უკანონო ფინასური ოპერაციების გაპროტესტებაა.“ როგორც ცნობილი გახდა, დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა Abzas Media-ის თანამშრომლებს 21 ნოემბერს კონტრაბანდის ბრალდებით ოთხთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ბაქოს ოფისებში 40,000 ევრო (44,000 აშშ დოლარი) აღმოაჩინეს. სამიდან ორმა უარყო ბრალდება, მესამე კი დუმილის უფლებას იყენებს. სამშაბათს, 28 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუთითა, რომ დიპლომატები ჩააყენეს საქმის კურსში იმის თაობაზე, რომ მათმა საელჩოებმა და "ამ ქვეყნებში რეგისტრირებულმა ორგანიზაციებმა" Abzas Media-ის ფინანსური მხარდაჭერით უკანონო ქმედებები ჩაიდინეს. აზერბაიჯანის ურთიერთობა დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანასთან სექტემბრის შემდეგ გაუარესდა, როდესაც ბაქომ სრულად დაიბრუნა სეპარატისტული რეგიონი მთიანი ყარაბაღი, რამაც ტერიტორიიდან ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის თითქმის სრული გასახლება გამოიწვია. ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა აზერბაიჯანი გააკრიტიკეს. სომხეთს კი, ჰუმანიტარული დახმარება შესთავაეს. 28 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ-ის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს.  

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ტრამპის ხელახალი არჩევა კატასტროფა იქნება ევროპისთვის

დონალდ ტრამპი თუ მომავალ წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს იქნება „კატასტროფა“ ევროპისთვის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ბორის პისტორიუსმა ეს განცხადება ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე პანელის დისკუსიის დროს გააკეთა. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დემოკრატმა მოიგეს არჩევნები, ევროპაში გამოწვევები გაგრძელდება, რადგან ვაშინგტონის ფოკუსირება უფრო მეტი იქნება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე. ასეთ შემთხვევაში კი, პისტორიუსის შეფასებით, ევროპაში აშშ-ის იმავე დონეზე ჩართულობა გაჭირდება. პისტორიუსმა განმარტა, რომ ალიანსში შემავალ ევროპულ ქვეყნებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ევროპის უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ. ტრამპი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს 2017 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა, არაერთხელ აკრიტიკებდა ამერიკის ევროპელ მოკავშირეებს NATO-ს ფინანსური და სამხედრო ტვირთის არგაზიარების გამო და იმუქრებოდა კიდეც აშშ-ის ჯარების ევროპიდან გაყვანით.  

1994 წელს გატაცებული ნახატი ხელოვნების მუზეუმს უცნობმა პირმა დაუბრუნა

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ჟან სიმეონ შარდენისათვის (1699-1779) მიკუთვნებული ნატურმორტი გადასცა.   1994 წლის 27 ივლისს მოცემული ნატურმორტი ხელოვნების მუზეუმიდან ლუკას კრანახის „მაჭანკალთან“ და იაკობ ვან რუისდალის „ჩანჩქერთან“ ერთად მუზეუმზე თავდასხმის შედეგად გაიტაცეს. მოგვიანებით სამიდან ორი ნამუშევარი - ლუკას კრანახის „მაჭანკალი“ და იაკობ ვან რუისდალის „ჩანჩქერი“ - მუზეუმს დაუბრუნდა, ხოლო ჟან შარდენის სავარაუდო ავტორობით შესრულებული ნამუშევარი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში, სამინისტროში ნახატი მიიტანა პირმა, რომელმაც ფართო საზოგადოების წინაშე მისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.   სურათს ჩაუტარდა კვლევა ხელოვნების მუზეუმში ახლადშექმნილ ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში. ჩატარებული ტექნოლოგიური კვლევა უტყუარად ადასტურებს, რომ კვლევის ობიექტი წარმოადგენს 1994 წელს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან გატაცებულ ფერწერულ ნამუშევარს. ნამუშევრის ავთენტურობა დარღვეული არ არის. მოცემული სურათი მუზეუმისათვის კუთვნილი რიგით 132-ე ექსპონატია, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან დღემდე ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა.

კარპენტერი ეუთოს მინისტერიალში ლავროვის მონაწილეობაზე: სისასტიკე ნორმად ვერ იქცევა, რუსეთთან ინტერაქციას არ ვგეგმავთ

ეუთოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ჩრდილოეთ მაკედონიაში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალზე აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობას შორის ინტერაქცია არ იქნება. „მსურს, ყურადღება გავამახვილო ეუთოში რუსეთის მონაწილეობაზე. ჩვენ არ გვაქვს დაგეგმილი რაიმე ინტერაქცია/ურთიერთკავშირი რუსეთთან. ჩვენ ასევე არ დავუშვებთ იმას, რომ ჩვეულ საქმიანოას დავუბრუნდეთ ამ აგრესიის ფონზე, რომელმაც გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე უდიდესი სახმელეთო ომი. და ბოლოს, არ შეიძლება და არც მოხდება სისასტიკის ნორმად ქცევა. ბევრი რამ გაკეთდა რუსეთის სისასტიკის გამოსავლენად და მე ველი, რომ სწორედ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაგმობა იქნება მინისტრთა საბჭოს თემაც. მდივანს ექნება შესაძლებლობა, ხაზი გაუსვას რამდენიმე საკვანძო გზავნილს. მდივანი, რა თქმა უნდა, განიხილავს აშშ-ის მტკიცე ვალდებულებას უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ. შეერთებული შტატები მუშაობს ჩვენს გლობალურ კოალიციასთან, რომელშიც 50-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორია, რომელთა უმეტესობა ეუთოს მონაწილე ან პარტნიორი სახელმწიფოა, რათა დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას თავი რუსული აგრესიისა და ევროპის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის თავხედური მცდელობებისგან. შეერთებულმა შტატებმა თითქმის 75 მილიარდი დოლარი გამოუყო უკრაინას 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ. ჩვენ ასევე ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ეუთოს ფარგლებში უკრაინის მხარდასაჭერად,“ - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნები და უკრაინა უცხადებენ. ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ, კარპენტერმა აღნიშნა, რომ თითოეული მონაწილე სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რა დონეზე აირჩევს ღონისძიებაზე დასწრებას. „მდივანი ბლინკენი დაესწრება მინისტერიალს, როგორც ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი. ვფიქრობთ, მიზანშეწონილია, მადლობა გადავუხადოთ ჩრდილოეთ მაკედონიას ლიდერობისთვის, ამ ორგანიზაციაში ხელმძღვანელობისთვის წელს, რომელიც უდავოდ ძალიან რთული წელი იყო. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვგეგმავთ, ძალიან პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთის აგრესიულ ომზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შეუერთდება ამ საშინელი აქტის დაგმობას,“ - აღნიშნა კარპენტერმა. შეგახსენებთ, რომ ბულგარეთმა სკოპიეში გასამართ ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად სერგეი ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გავლის უფლება მისცა.  

კარპენტერი USAID-ის მიმართ პრეტენზიებზე: ჩვენ მტკიცედ ვიცავთ სამოქალაქო საზოგადოებას და მის უფლებას

აშშ-ის ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა უპასუხა შეკითხვას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიმართ არსებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც აღნიშნა, რომ ეუთო მტკიცედ იცავს სამოქალაქო საზოგადოებას და მის უფლებას, გამოთქვას და გამოხატოს თავისი აზრი. მან ხაზი გაუსვა, რომ ეუთოს მონაწილე ყველა სახელმწიფოში არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მაგალითად ასევე მოიყვანა რუსეთი და ბელორუსი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდი პრობლემები ექმნებათ, აქედან გამომდინარე კარპენტერმა მათი მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „თავდასხმები ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ეუთოს რეგიონის მასშტაბით - რა თქმა უნდა, რუსეთიდან მოდის, მაგრამ ეს ასევე აისახება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, საქართველო, აზერბაიჯანი, განსაკუთრებით USAID-ის მიმართ. როგორია თქვენი რეაქცია ამ საკითხზე? - მიმართეს კარპენტერს ონლაინ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ მტკიცედ ვიცავთ სამოქალაქო საზოგადოებას და მის უფლებას, გამოთქვას და გამოხატოს თავისი აზრი, მიუხედავად, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნებისა. ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფოში არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, უკვე ზედიზედ ორი წელია, ვატარებთ ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ კონფერენციას. ეს არის ვარშავის კონფერენცია, რომელიც ყოველ შემოდგომაზე იმართება. წელს, დაახლოებით 1,500 სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი მოვიწვიეთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას მიეცეს უფლება, გააგრძელოს მუშაობა ყველგან ეუთოს რეგიონში და რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ასევე იყოს ძლიერი ხმა სამოქალაქო საზოგადოებისა და მათი ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდასაჭერად,“ - განაცხადა კარპენტერმა. ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი, ჰიქმეთ ჰაჯიევი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს აკრიტიკებს. ალიევის ადმინისტრაციის კრიტიკა მოჰყვა სამანტა პაუერის განცხადებას, როდესაც აშშ-ის მიერ მთიანი-ყარაბაღიდან დევნილებისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციამ 100 ათასი ადამიანი ყარაბაღიდან სომხეთში დევნილად აქცია. ჰაჯიევმა აღნიშნა, რომ USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარ არის. რაც შეეხება საქართველოს, ამერიკული მხარის მხრიდან USAID-ის საქმიანობაზე არაერთი განმარტება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა. ელჩი მაქიი USAID-ის მიმართ პრეტენზიაზე: ყალბია და დეზინფორმაციაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივ კამპანიას აანონსებს - ექსკლუზივი

რა საკითხებს განიხილავს სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი თბილისში ვიზიტისას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, რისი გამოვლინებაცაა მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე. არმენ გრიგორიანმა საქართველოს მიულოცა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მიღება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. „შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის მზად იქნება, ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობას. მხარეებმა, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილეს „შუა დერეფნის“ მზარდ მნიშვნელობასა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის შესაძლებლობებზე. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. „სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში 28 ნოემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში უშიშროების საბჭოს მდივანი სამუშაო შეხვედრებს გამართავს,“ - იუწყება გრიგორიანის ოფისი.  

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში განვითარების არეალების გასაფართოებლად მუშაობს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ADB გეგმავს გაზარდოს საქართველოს განვითარების დახმარება უფრო დივერსიფიცირებული მიდგომებით.  „ADB ამაყობს რომ, დახმარებას უწევს საქართველოს მნიშვნელოვანი პროექტებისა და სტრატეგიული რეფორმების განხორციელებაში, რომელიც გააღრმავებს კაპიტალის ბაზრებს, გარდაქმნის სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ საწარმოებს, გაზრდის ადამიანურ კაპიტალს, და გააუმჯობესებს კლიმატის მიმართ მდგრადობას,” განაცხადა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ასაკავამ.  საქართველოს 2007 წელს ADB-ში გაწევრიანების შემდეგ, ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა მთავრობის ამბიციური პროგრამები წყლისა და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მათ შორის საუკუნის პროექტები, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და ჩრდილოეთ-სამხრეთის საგზაო დერეფანი.  ADB-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს პროექტები საქართველოს ეხმარება, მაქსიმალურად გამოიყენოს სტრატეგიული მდებარეობა და ჩამოყალიბდეს ტრანსპორტისა და ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად. პრეზიდენტმა ასაკავამ აღნიშნა საქართველოს აქტიური როლი რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (კარეკი) პროგრამის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ქვეყნებისა და განვითარების პარტნიორების თანამშრომლობას მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.  „რადგან ბანკი საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ფაზაში შედის, ADB მუშაობს განვითარების არეალების გასაფართოებლად. ეს მოიცავს ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობას. ასევე ბანკი მთავრობასთან ინოვაციური ენერგიის სააკუმულატორო ინოვაციურ პროექტზე მუშაობს. როგორც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკი, ADB ასევე მზადაა, საქართველოს  დაეხმაროს მწვანე და ინტეგრირებულ ეკონომიკაზე გადასვლასა და საზოგადოების უფრო მედეგ და ინკლუზიურ განვითარებაში. ეს თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 2030 ხედვასთან, კლიმატის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან. პრეზიდენტი ასაკავა ასევე შეხვდება ვიცე-პრემიერს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, ფინანსთა მინისტრსა და საქართველოს წარმომადგენელს ADB-ს მმართველთა საბჭოში ლაშა ხუციშვილს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს, და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს.  საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აზიის განვითარების ბანკთან არსებულ თანამშრომლობაზე,  განსაკუთრებით  ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აფასებს ბანკის ამჟამინდელ პორტფელს, რომელიც შედგება 18 ინვესტიციისგან და მოიცავს 1,9 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო ADB-ს ჯამური პორტფელი  4.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.    მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, ფისკალური და საბიუჯეტო პარამეტრები. აღინიშნა,  რომ მნიშვნელოვანია იმ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება, რაც ქვეყანამ აჩვენა 2023 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კერძო სექტორის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური წინსვლისთვის და ამ პროცესში აზიის განვითარების ბანკის როლი გადამწყვეტია.  შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ „საქართველოს მთავრობა ინვესტირებას ახორციელებს რეფორმებში, რაც ხელს უწყობს როგორც ბიზნესის გამარტივებას, ისე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ეს კი მხარს უჭერს ქვეყნის − სატრანზიტო, ლოჯისტიკის, ტურიზმისა და ბიზნესჰაბის − პოტენციალის გამოვლენას.“ ხვალ ADB-ს პრეზიდენტი ლევან დავითაშვილთან და ცენტრალური და დასავლეთ აზიის ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლებთან ერთად კარეკის 22-ე მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობა, რომელიც თბილისში პირველად ტარდება. თბილისი  ასევე უმასპინძლებს ADB-ს წლიურ შეხვედრას 2024 წლის მაისში. ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების ჯამური ოდენობა 4.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.  ADB-ს მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.   

სანდუმ პრორუს პოლიტიკოსს რუსეთის არმიის დახმარების გამო მოქალაქეობა ჩამოართვა

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოქალაქეობა ჩამოართვა პრორუსული რეგიონების პარტიისა და რუსეთის ფედერაციაში მოლდოვის დიასპორების კონგრესის ხელმძღვანელს, ალექსანდრე კალინინს. ამის შესახებ RBC-Ukraine-ი მოლდოვის პრეზიდენტის განკარგულებაზე დაყრდნობით იტყობინება. პრორუსი პოლიტიკოსისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი იყო მოქალაქეობის შესახებ კანონის ქვეპუნქტი, რომელიც უცხო სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევას ეხებოდა. კალინინი მოლდოვის რეგიონების პარტიის ხელმძღვანელი 2016 წელს გახდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, კალინინი რუსეთის აგრესიას მხარს ღიად უჭერდა.  სანქციები კალინინის წინააღმდეგ მანამდე ევროკავშირმა კალინინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მას ბრალი ედებოდა საზოგადოებრივი წესრიგის დესტაბილიზაციასა და მოლდოვაში ხელისუფლების დამხობის მცდელობაში. ასევე, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ის კანადის სანქციების სიაში შეიყვანეს. მისი საქმიანობის ფონზე, სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთი მთელი ძალით ცდილობს მოლდოვაში პრორუსული ხელისუფლების შექმნას, რათა გამოიყენოს ქვეყნის ტერიტორია უკრაინის წინააღმდეგ ომში, ისევე როგორც კრემლი უკვე იყენებს ბელორუსის ტერიტორიას.  

გადამწყვეტი დრო სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის - მაიკლ კარპენტერის ხედვა

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. რა ადგილს იკავებს ამ მოლაპარაკებებში მთიანი ყარაბაღის საკითხი  - ეს თემა განიხილა აშშ-ის ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა. კარპენტერმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება სურს, რაც სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის ინტერესებშია. „ჩვენ, შეერთებული შტატებში, მუდმივად ვამბობდით, რომ გვსურს, ვიხილოთ ურთიერთობების ნორმალიზაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ მხარი დავუჭირეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასული წლის განმავლობაში არაერთ მოლაპარაკებას. მდივანი ბლინკენი პირადად იყო ჩართული ამ ძალისხმევაში სამშვიდობო შეთანხმების მცდელობაში, რომელიც გზას გაუხსნის ურთიერთობების ნორმალიზაციას, ღია კომუნიკაციებს და ვაჭრობას მთელ რეგიონში, რაც, ჩვენი აზრით, სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის ინტერესებშია. ჩვენ გავაგრძელებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეხვედრების მხარდაჭერას. საბოლოო ჯამში, მხარეებზეა დამოკიდებული, ისარგებლონ ამ კარგი შუამავლობის შეთავაზებებით, რათა მხარი დაუჭირონ ძალისხმევას ნორმალიზაციის შესახებ შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ ჩვენ ამას გავაგრძელებთ. რაც შეეხება ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და მდგრადი რეინტეგრაციის საერთაშორისო პრინციპს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც დავუჭერთ მხარს,“ - აღნიშნა კარპენტერმა. 28 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ-ის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს. შეგახსენებთ, ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ბაქოს პროტესტი მოჰყვა ბლინკენის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიანის მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ნორმალურად ვერ იქნება ვერაფერი აზერბაიჯანთან, 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ვიდრე არ დაინახავენ პროგრესს სამშვიდობო გზაზე." „ჩვენ გავაუქმეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, დავგმეთ [ბაქოს] ქმედებები“, აღნიშნა ო'ბრაიანმა. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი: საქართველოს მთავრობამ გამბედაობა გამოიჩინა, ანტირუსულ ისტერიას არ აჰყვა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის განცხადებით, "საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა, არ დაემორჩილა ანტირუსულ ისტერიას." „აპლოდისმენტები. როგორიც არ უნდა იყოს სირთულეები მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობაში, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გამოიჩინა გამბედაობა, არ დამორჩილებოდა ანტირუსულ ისტერიას და ეხელმძღვანელა პირველ რიგში ეროვნულ ინტერესებზე და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოზიციით. ამ პრიორიტეტებით, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდება და ზედიზედ ორი წელია, ორნიშნა ზრდას აჩვენებს. სხვათა შორის, რუს ტურისტებს კარგი შემოსავალი მოაქვთ ქვეყნისთვის," - ნათქვამია განცხადებაში. ამავე განცხადებაში გაკრიტიკებულია ევროკავშირი.

სომხეთს რუსეთში შეტანილ პროდუქციაში “პესტიციდების აღმოჩენა“ უცნაურად მიაჩნია

სომხეთსა და რუსეთს შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე, ერევანი აცხადებს, რომ მისთვის უცნაურია, რომ სომხეთიდან რუსეთში ექსპორტირებული საქონელი უკან გაბრუნდა. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა ჟურნალისტებთან საუბარში, ზემო ლარსის საგუშაგოზე წარმოქმნილ პრობლემებსა და როსსელხოზნადზორის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა. კითხვას, შეიძლება თუ არა ამაში იყოს პოლიტიკური კონტექსტი, მინისტრმა უპასუხა, რომ ამაზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს აკრძალვები უცნაურია. „ჩვენ ავიღეთ როსსელხოზნადზორის მიერ გამოქვეყნებული მასალები და ვსწავლობთ მათ იმის გასაგებად, თუ რამდენად არ შეესაბამება ჩვენი ბიზნესმენების მიერ წარმოებული პროდუქცია იმ სტანდარტებს, რომლებსაც რუსეთი იყენებს,“ - განაცხადა კერობიანმა. ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული მეთვალყურეობის [როსსელხოზნადზორი] რუსეთის ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ სომხეთიდან რუსეთში გასაყიდად გატანილი მცენარეები, ბოსტნეული და ხილი “პესტიციდებითაა გაჯერებული” და სომეხ კოლეგებს სთხოვენ,” დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები კანონდარღვევის აღსაკვეთად.” თავის მხრივ, კერობიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა დაიწყო მოქმედება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) ფარგლებში. „ჩვენ მოვიწვიეთ სასწრაფო შეხვედრა, რომელიც გაიმართება უახლოეს ორ დღეში,“ - განაცხადა კერობიანმა. სომხეთის მთავრობის აპარატის უფროსს, არაიიკ ჰარუთუნიანს მიაჩნია, რომ ზემო ლარსის გამშვები პუნქტის დახურვა არ იმოქმედებს სომხეთზე, თუ ყველა სომეხი იყიდის ექსკლუზიურად სომხურ პროდუქტს.  

ძლიერი, დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობისთვის - NATO-უკრაინის საბჭო

NATO-უკრაინის საბჭო (NUC) დღეს პირველად შეიკრიბა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რათა ერთობლივად იმოქმედონ NATO-უკრაინის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით. მოკავშირეები აპირებენ, გააძლიერონ უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რადგან ის აგრძელებს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას ვიდრე, ეს საიჭირო იქნება. ძლიერი, დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ზონის სტაბილურობისთვის. ამის შესახებ ნათქვამია 29 ნოემბერს ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ მიღებულ განცხადებაში. „მინისტრებმა მიმოიხილეს ვილნიუსის სამიტზე შეთანხმებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაფართოებული პაკეტის განხორციელება. მინისტრებმა მხარი დაუჭირეს NUC-ის ქვესტრუქტურას და ამბიციურ სამუშაო პროგრამას 2024 წლისთვის. ამ კონტექსტში, NATO და უკრაინა უკვე მუშაობენ და იღებენ გადაწყვეტილებებს ერთად, თანაბარი სახით, საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის თავსებადობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ინოვაციების, კიბერთავდაცვისა და მედეგობის მიმართულებით. ჩვენ კიდევ უფრო განვავითარებთ ამ სამუშაო მიმართულებებს. NATO აგრძელებს უკრაინისთვის სასწრაფოდ საჭირო არალეტალური დახმარების გაწევას. ჩვენ ერთად ვცვლით დახმარების ყოვლისმომცველ პაკეტს მრავალწლიან პროგრამად, რომელიც დაეხმარება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის აღდგენას და გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის შეკავებისა და თავდაცვის მხარდასაჭერად. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ვამუშავებთ საგზაო რუკას უკრაინის NATO-სთან სრულ თავსებადობაზე გადასვლისთვის. ჩვენ ასევე ვამუშავებთ ახალ პროექტებს ჰუმანიტარული განაღმვის მიმართულებით, ასევე, დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების სამედიცინო რეაბილიტაციასთან დაკავშირებით,“ წერია განცხადებაში. მისივე თანახმად, უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება, გააგრძელოს დემოკრატიული და უსაფრთხოების სექტორის რეფორმები. „მოკავშირეებმა უკრაინას პრიორიტეტული რეფორმების რეკომენდაციები წარუდგინეს.NATO-უკრაინის საბჭო მიესალმება უკრაინის მიერ 2024 წლის ადაპტირებული წლიური ეროვნული პროგრამის პრეზენტაციას და მოუთმენლად ელის მის განხორციელებას. NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები რეგულარულად შეაფასებენ პროგრესს ადაპტირებული წლიური ეროვნული პროგრამის მეშვეობით. ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას ამ რეფორმების განხორციელებაში NATO-ში მომავალი წევრობის გზაზე,“ აღნიშნულია განცხადებაში.  

ბლინკენი: NATO-ში ყველა მხარს უჭერს უკრაინისთვის ძლიერ და ხანგრძლივ დახმარებას

NATO-ში ყველა მხარს უჭერს უკრაინისთვის ძლიერ და ხანგრძლივ დახმარებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 29 ნოემბრის შეხვედრაზე NATO-ს წევრები უკრაინისთვის გრძელვადიან დახმარებას განიხილავდნენ. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მოკავშირეები უკრაინას ახლა დახმარებას უწევენ არა მხოლოდ იმისთვის, რომ მან თავდაცვის გაგრძელება შეძლოს, არამედ თავისი სამხედრო შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივითაც, რათა კიევს შეეძლოს ახალი აგრესიის შეკავება და მისგან თავის დაცვა. „მინდა გითხრათ: როდესაც მაგიდასთან ყველა ჩვენს კოლეგას ვუსმენდი, ყველამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ძლიერ და ხანგრძლივ დახმარებას. ზოგიერთი სვამდა კითხვას, უნდა გააგრძელონ თუ არა აშშ-მა და NATO-ს სხვა მოკავშირეებმა უკრაინის მომავალშიც მხარდაჭერა. დღეს ნატოში პასუხი ძალიან მკაფიო და ურყევია: უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ და დავუჭერთ. იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომი მისი სტრატეგიული მარცხი გახდეს, ახლა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც იმ მომენტში, როდესაც კრემლმა ეს ომი დაიწყო. ფსონები ყველასთვის გასაგებია. მკაფიო სიგნალი უნდა გავაგზავნოთ, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია საზღვრების ძალით შეცვლა. ეს ყოველი მოკავშირის ინტერესებშია და ბევრი ქვეყნის ინტერესებშია, რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.  

ევროპის საბჭო საქართველოს ევროპულ გზისა და მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია — მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი

ევროპის საბჭო საქართველოს ევროპულ გზისა და მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტროს მოადგილე, ლაშა დარსალიასთან შეხვედრისას განაცხადა. ბურიჩმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ურყევ ერთგულებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროპის საბჭოს ცნობით, „ორგანიზაცია გააგრძელებს მოწოდებას საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წვდომისათვის მომავალი კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადებისთვის.“ უახლესი კონსოლიდირებული ანგარიში, რომელიც 2023 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, 15 ნოემბერს გამოქვეყნდა.  

USAID-ის ხელშეწყობით, კაკლის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

კახეთის რეგიონის სოფელ ჩუმლაყში კაკლის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს გახსნას დაესწრო. USAID-ის მიერ თანადაფინანსებული ახალი საწარმო ყოველწლიურად, 40 ადგილობრივი ფერმერისგან მიღებულ 600 ტონამდე კაკალს გადაამუშავებს.  „USAID-ის ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ფერმერებსა და აგრობიზნესებს დაეხმარება, გაიტანონ პროდუქცია ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ. ეს საწარმო იმის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ თანამშრომლობს USAID საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის კეთილდღეობას და დაეხმაროს ფერმერებს, აგრობიზნესებსა და მოსახლეობას ისარგებლონ იმ პრიორიტეტებით, რაც ევროპიასთან დაახლოებას მოაქვს,“ - ნათქვამია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმციაში. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში  

NATO-უკრაინის საბჭოზე დამტკიცდა წლიური პროგრამა, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისთვის უკრაინის მომზადებას ისახავს მიზნად

უკრაინა-NATO-ს საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა წლიური პროგრამა, რომელიც ალიანსში წევრობისთვის უკრაინის მომზადებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს ჩვენ დავამტკიცეთ მომავალი წლის ამბიციური სამუშაო პროგრამა. ის მოიცავს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ინოვაციებს და თავსებადობას,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის თქმით, მიმდინარეობს NATO-ს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის ტრანსფორმაცია დახმარების მრავალწლიან პროგრამად, რათა დაეხმარონ „უკრაინას საბჭოთა პერიოდიდან NATO-ს აღჭურვილობასა და სტანდარტებზე გადასვლაში. სტოლტენბერგმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ NATO მხარს უჭერს უკრაინას წევრობის გზაზე. როგორც ცნობილია, საბჭოს პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 29 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა.  

აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 27 კმ-ში მიწისძვრა მოხდა

დღეს, 29 ნოემბერს, 15:49 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 27 კმ-ში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4,7 მაგნიტუდას შეადგენდა.  

ვოლკერი NATO-ში უკრაინის გაწევრიანების დაჩქარებას ითხოვს

უკრაინის NATO-ში სწრაფი გაწევრიანება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დაარწმუნებს, რომ უკრაინაში ომი უაზრობა იყო. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-ში კურტ ვოლკერი აცხადებს. „დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს დღევანდელი პოლიტიკა უნებლიედ მიანიშნებს პუტინს, გააგრძელოს საომარი მოქმედებები. ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინა გახდება წევრი გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ჩვენ ვერ შევიყვანთ მას NATO-ში, ვიდრე ეს ომი გაგრძელდება. ეს პუტინს ომის გაგრძელებისკენ ახალისებს. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ჩვენ გავაგზავნოთ ზუსტად საპირისპირო გზავნილი, რომ უკრაინა რაც შეიძლება მალე გახდება NATO-ს წევრი. ამრიგად, ამ ომის გაგრძელება პუტინისთვის უაზრო იქნება, ხოლო რუსეთისთვის დამანგრეველი,“ - აღნიშნავს ვოლკერი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი განზრახვის პრაქტიკული განხორციელება არ არის ისეთი რთული, როგორც სჯეროდა. მისთვის ეჭვგარეშეა, არსებობს შეშფოთება, რომ უკრაინის წევრობამ შეიძლება, გამოიწვიოს ესკალაცია, ბირთვული იარაღის რისკი ან NATO-სა და რუსეთის ძალებს შორის პირდაპირი დაპირისპირება. ეს შეშფოთება გასათვალისწინებელია, მაგრამ როგორც ვოლკერმა განმარტა, მათი მოგვარება შესაძლებელია. „ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ, განსაკუთრებით, NATO-უკრაინის საბჭოს ფორმატში, რას ნიშნავს მე-5 მუხლი უკრაინისთვის და რა ნაბიჯებს გადადგამს ალიანსი უკრაინის დასაცავად ამ მუხლის მიხედვით. მე-5 მუხლი არ შეიცავს კონკრეტულ ვალდებულებას ჯარების განლაგების შესახებ. საუბარია კოლექტიურ პასუხზე. ასეთი კოლექტიური პასუხი ახლაც გვაქვს, რადგან NATO უკვე უზრუნველყოფს უკრაინას წვრთნით, აღჭურვილობითა და დაზვერვით,“ - განმარტა ვოლკერმა. ამავე დროს, ვოლკერმა აღნიშნა, რომ NATO-ს შეუძლია, მეტი დახმარება გაუწიოს უკრაინას. კერძოდ, ეს ეხება ნაღმებისგან გათავისუფლების შესაძლებლობებს, მათ შორის, საზღვაო ნაღმების, რაც გახსნის მარშრუტებს შავ ზღვაში. „NATO-ს ასევე შეუძლია, უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის საჰაერო თავდაცვაში. შესაბამისი აღჭურვილობის უზრუნველყოფა კარგი დასაწყისია და ახლა ყველაფერი უკეთესადაა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ალიანსს შეუძლია, მეტი გააკეთოს უკრაინის საჰაერო თავდაცვაში უშუალო დახმარებით. უკრაინა დასავლეთით NATO-ს ქვეყნებს ესაზღვრება, რაც საშუალებას იძლევა, გამოიყენოს შესაძლებლობები დიდი დასახლებების ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების საჰაერო თავდაცვისთვის,“ - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა NATO-ში.  

ჯეიმს ო’ბრაიენი: ფაშინიანს არ სურს, რომ სომხეთი მთლიანად იყოს დამოკიდებული რუსეთზე ისე, როგორც ამას წინა ლიდერები ცდილობდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი სომხეთის პრემიერს გამბედაობისთვის აქებს. ო’ბრაიენის შეფასებით, ნიკოლ ფაშინიანმა მკაფიო გზა აირჩია დასავლეთთან ურთიერთობების გახსნის მიმართულებით.„მე ვიტყოდი, რომ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა გამბედაობა გამოიჩინა. მან მკაფიოდ აჩვენა, რომ სურს, სომხეთმა წინ წაიწიოს დასავლეთთან ურთიერთობების გახსნის მიმართულებით, მას არ სურს, რომ სომხეთი მთლიანად იყოს დამოკიდებული რუსეთზე. ისე, როგორც ამას წინა ლიდერები ცდილობდნენ. მან გაატარა მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც უნდა იყოს ძალიან გამამხნევებელი სომხეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ისინი ცდილობენ, გააგრძელონ ისეთი სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც მათ ჰქონდათ გასული ან ორი წლის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ასევე გამბედაობა გამოიჩინა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რაც საშუალებას მისცემს სომხეთს, ფოკუსირება მოახდინოს თავის ეკონომიკურ განვითარებაზე, ააშენოს თავისი უსაფრთხოების ურთიერთობები და გააფართოოს ვაჭრობა ცენტრალური აზიიდან თურქეთამდე. ეს ყველაფერი არის ის, რისი ნახვაც ძალიან გვინდა. ასე რომ, ნებისმიერი პაკეტი, რომელიც მხარს უჭერს სომხეთს, მისასალმებელია; თუ რა გზას აირჩევს ევროკავშირ, მისი საქმე იქნება. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და სომხეთის მთავრობასთან, რათა დავინახოთ, რომ სომხეთის მოსახლეობას შეუძლია, ისარგებლოს იმ რეფორმების პოლიტიკით, რომელიც ფაშინიანის მთავრობამ განახორციელა,“ აღნიშნა ო’ბრაიენმა 27 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რითაც უპასუხა შეკითხვას, „როგორ შეაფასებდა სომხეთის მხარდაჭერის პერსპექტივებს ევროპის სამშვიდობო მექანიზმის მეშვეობით, რომელიც ბოლო დროს გამოაცხადა ევროკავშირმა.“ ცნობილია, რომ ჯეიმს აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზებიაჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ვმუშაობთ ფაშინიანის ხედვის მხარდასაჭერად აყვავებული და დემოკრატიული მომავლის შესახებ,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ხსენებულ სატელეფონო საუბარს აღწერს. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა

თურქეთიდან რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი იზრდება — როგორია აშშ-ის პოზიცია

როგორ აფასებს აშშ  იმ ფაქტს, რომ თურქეთიდან რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი იზრდება. ეს საკითხი განიხილა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა 27 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რასაც წინ უძღოდა გამოცემა Financial Times-ის სტატია, რომ 2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში თურქეთმა 45 კატეგორიის საქონლის ექსპორტი განახორციელა რუსეთსა და 5 ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომლის საერთო ღირებულებაც 158 მილიონი დოლარია. ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს სამჯერ აჭარბებს. სტატიის თანახმად, თურქეთიდან რუსეთში ექსპორტის ზრდამ, ხელი შეუშალა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მცდელობას, შეეზღუდა რუსეთის შესაძლებლობა სამხედრო გაძლიერების თვალსაზრისით და გაზარდა დაძაბულობა თურქეთსა და NATO-ს სხვა წევრ ქვეყნებს შორის. „შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და G7-ის პარტნიორებმა ნათლად განაცხადეს, რომ არ გვინდა, ჩვენი რომელიმე ძირითადი პარტნიორი ქვეყანა გახდეს ადგილი, სადაც ჩვენ მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა მოხდება. თურქეთმა გაატარა რიგი რეფორმები, რამაც გაართულა გარკვეული ნივთების ტრანზიტი თურქეთში, განსაკუთრებით, შეერთებული შტატებიდან, მაგრამ ცხადია, გასაკეთებელი ყოველთვის მეტია. შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რამდენიმე პირსა და ინსტიტუტს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ვაჭრობაში; ზოგიერთი მათგანი რუსეთის მოქალაქეა, რომლებმაც შექმნეს კომპანიები და ცდილობდნენ ბრძოლის ველზე ელექტრონიკის და სხვა პროდუქციის თურქეთის გავლით რუსეთში გადატანას. ჩვენ ვნახეთ გარკვეული პროგრესი ამ მხრივ, მაგრამ ეს არის სამუშაო, რომელიც არ დასრულებულა. რუსები ყოველთვის ცდილობენ მეტის იმპორტს და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რუსეთისთვის კარის დახურვა გავაგრძელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ უფრო მეტ ისე მოვლენას, როგორიც მაგალითად, ამ შაბათ-კვირას მოხდა, ვგულისხმობს, ძალიან დიდ თავდასხმას კიევზე,  და ვიცით, რომ პროდუქციის ის სახეობები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ თავდასხმებს, იმპორტირებულია. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს, რაც შეიძლება მალე,“ - აღნიშნა ბლინკენის თანაშემწემ. თურქეთიდან რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი იზრდება. სტატიას ამის შესახებ Financial Times-ი აქვეყნებს. 2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში თურქეთმა 45 კატეგორიის საქონლის ექსპორტი განახორციელა რუსეთსა და 5 ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომლის საერთო ღირებულებაც 158 მილიონი დოლარია. ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს სამჯერ აჭარბებს. სტატიის თანახმად, თურქეთიდან რუსეთში ექსპორტის ზრდამ, ხელი შეუშალა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მცდელობას, შეეზღუდა რუსეთის შესაძლებლობა სამხედრო გაძლიერების თვალსაზრისით და გაზარდა დაძაბულობა თურქეთსა და NATO-ს სხვა წევრ ქვეყნებს შორის. თურქეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის შეჩერება ვაშინგტონის პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ, აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ბრაიან ნელსონი მიმდინარე კვირას სტამბულსა და ანკარას ეწვევა, სადაც რუსეთის სარგებლის მომტან სავაჭრო და ფინანსურ საქმიანობას გაიხილავს.