ძებნის რეზულტატი:

ქართული მხარე განმარტავს, რატომ ესწრება ეუთოს მინისტერიალს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „ეუთოს მინისტერიალი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა. საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას განსაკუთრებული როლი აქვს, შესაბამისად, ჩვენი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია.“ დარჩიაშვილს კითხვა დაუსვეს ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობაზე და ოპონენტების კრიტიკაზე, რატომ არ არის ბოიკოტის რეჟიმში საქართველო ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის მსგავსად. „ზოგადად, ეუთოს მინისტერიალი არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობა. საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას განსაკუთრებული როლი აქვს, შესაბამისად, ჩვენი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია. ასევე არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე და აქ სწორედ ამ პლატფორმის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსაყენებლად ვიმყოფებით. აქ არიან ორგანიზაციის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ეს არის პლატფორმა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ გამოწვევებზე სასაუბროდ, რომელიც ქვეყანას აქვს. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მოტივაციაა, ჩვენი პარტნიორების მეტი მობილიზება მოვახდინოთ და ვისაუბროთ გამოწვევებზე, რომლებიც არის რეგიონში და რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას,“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. „იმ პირობებში, როდესაც ომიდან 2 წელი იყო გასული, მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე ასტანის სამიტში მონაწილეობას იღებდნენ, სადაც ასევე მონაწილეობდა არა მხოლოდ ლავროვი, არამედ ვლადიმერ პუტინი - ასე, რომ ახლა საუბარი ერთ დარბაზში და სივრცეში ყოფნა ოკუპანტთან არ შეიძლება არის აბსოლუტური ფარისევლობა,“ - განაცხადა თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საუბრისას. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „როდესაც კონკრეტულ ღონისძიებას ესწრებიან ბლინკენი, ბორელი, სხვა ევროპელი ლიდერები, იქ აბსოლუტურად ლოგიკურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა.“ „მინდა, სხვა ქვეყნებს ვურჩიო ოთხჯერ ნაკლები ღვინო გაყიდონ რუსეთში, ვიდრე ყიდიან და მერე ისაუბრონ რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობა არ მონაწილეობაზე. ორმაგი სტანდარტია კონკრეტული ქვეყნების, რომლებიც ღვინის წარმოებით არ არიან დაკავებულნი და ჩვენზე ოთხჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთში, ეს ხომ არის ორმაგი სტანდარტი. როდესაც ბლინკენი და ბორელი მონაწილეობენ ღონისძიებაში, იქ ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს წარმოდგენილი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ბორელი: ეუთოს მინისტერიალზე ლავროვი კვლავ მოისმენს, რატომ არის მოსკოვი იზოლირებული ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინის შემდეგ პოლონეთიც უცხადებს. ევროკავშირის პოზიცია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას კარგ შესაძლებლობად განიხილავს, რათა რუსეთს კიდევ ერთხელ მოასმენინონ, რატომ აღმოჩნდა იზოლაციაში. ბორელმა განმარტა, რომ ესმის "ზოგიერთი მონაწილე სახელმწიფოს უხერხულობა" ჩრდილოეთ მაკედონიის არჩევანის გამო, დაუშვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვი მინისტერიალზე. „თუმცა ეს გადაწყვეტილება შეესაბამება ჩვენს საერთო მიზნებს, რომ შევინარჩუნოთ მულტილატერალიზმი,“ განმარტა ბორელმა. გარდა ამისა, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „კიდევ ერთხელ უნდა მოისმინოს“ დანარჩენი მონაწილეებისგან, თუ რატომ არის მოსკოვი იზოლირებული უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. „და შემდეგ ის შეძლებს, დაბრუნდეს კრემლში და მოახსენოს კრემლის ოსტატს, რომ ევროკავშირი და ეუთო ერთიანი რჩებიან. ეს (შეხვედრა) მაინც სასარგებლო იქნება ამ თვალსაზრისით. “ - აღნიშნა ბორელმა. აშშ-ის პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა აღნიშნა, რომ თითოეული მონაწილე სახელმწიფოს გადასაწყვეტია, თუ რა დონეზე აირჩევს დასწრებას. „ჩვენ ვგეგმავთ, ძალიან პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთის აგრესიულ ომზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შეუერთდება ამ საშინელი აქტის დაგმობას,“ - აღნიშნა კარპენტერმა. საერთაშორისო მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონია ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა. ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს ორდღიანი მინისტერიალი დღეს დაიწყო. მინისტერიალის ფარგლებში 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპისა და მეზობელი რეგიონების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. მათ შორისაა უკრაინის ომი და მიგრაციის საკითხები.

პრეზიდენტი "საელჩოების ირგვლივ მოკალათებული" ხალხის არჩევნებში მონაწილეობას საკმარისად არ მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა გაიზარდოს საზღვარგარეთ მყოფი იმ თანამემამულეების რაოდენობა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ. ამის შესახებ მანდ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნებში პოლიტიკური მონაწილეობის საკითხების შესახებ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემდგომ გეგმას შეეხებოდა. პრეზიდენტის თქმით, ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის შიში აქვთ არალეგალ ქართველებს, თუმცა, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამაზეც შეიძლება მოლაპარაკება პარტნიორებთან, რომ მათ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა ისე, რომ ადგილი პოლიციისგან საფრთხე არ იგრძნონ. „დიასპორა და არჩევნები ჩემი თემაა, სულ მაწუხებდა ეს იმიტომ, რომ იქ ვხედავდი სხვადასხვა არჩევნების დროს თუ რამდენად არასერიოზული ასახვაა შედეგებზე იმისა თუ რა განწყობაა ემიგრაციაში. არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ მაინც, მე რომ წავაგე არჩევნები პარიზში ცოტა მაინც უცნაური უნდა იყოს. მილიონი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს დღეს საზღვრების გარეთ, მათ შორის, ძალიან ბევრი არალეგალია და არაფერი არ კეთდება, არც ერთი ხელისუფლება აქამდე არ დაინტერესდა იმით, რომ არჩევნებში მონაწილე ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა გაიზარდოს. პატარა ჯგუფის, რომელიც საელჩოს ირგვლივ არის კარგად მოკალათებული, მონაწილეობა არჩევნებში ითვლებოდა როგორც სრულიად საკმარისი და ყველა ხელისუფლება ფიქრობდა: „რატომ ავიტკივოთ თავი და დავიწყოთ რაღაც კამპანია საზღვარგარეთ, რომელიც ბევრად უფრო რთული იქნება.“ ერთი რამ არის აქაც ძალიან ნიშანდობლივი, რომ ის ადამიანები, რომლებიც გარეთ ცხოვრობენ და დამოუკიდებლად მუშაობენ, მოღვაწეობენ, მათზე პოლიტიკური გავლენების მოპოვება ბევრად უფრო რთულია. ამათ ვერ იჭერ შენი ხელფასით, გავლენით, შვილებით, მეუღლით და ა.შ. ასე რომ ეს არის ბევრად უფრო თავისუფალი, ცოცხალი ნაწილი ჩვენი ამომრჩევლებისა და მათი მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს დისკუსია ახლა უნდა დაიწყოს და ვარ მოხარული, რომ იწყება სხვადასხვა წრეში და ეს ნიშნავს, რომ თემა არის აქტუალური. ბევრი სხვადასხვა საშუალება არსებობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან, რომ ბევრად მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. მთავარი არის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ის ადგილები, სადაც არჩევნებში შეგიძლია, მონაწილეობა მიიღო. არ შეიძლება, რომ იყოს მხოლოდ ერთი ცენტრი საელჩოში, უნდა გაიხსნას სხვადასხვა საარჩევნო უბანი მით უმეტეს დიდ ქვეყნებში, სადაც რთულია ჩვენი მოქალაქეებისთვის მონაწილეობა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, რამდენიმე ქვეყანა უკვე მზად არის ამ პროცესში საქართველოსთვის დახმარების გასაწევად. „ვიცი, რომ ჩვენი რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა მზად არის, რომ ამაში დაგვეხმაროს იმისთვის რომ გაიხსნას უსაფრთხო ასეთი უბნები ამ ქვეყნებში. მეორე საკითხია, რომ არალეგალებს ყოველთვის ეშინიათ, რომ მისვლა საელჩოსთან ან საარჩევნო უბანთან იქნება აღნიშნული ადგილობრივი პოლიციის მიერ და მათ რაღაცა საფრთხე შეექმნებათ. ეს საკითხი ასევე გადაწყვეტილია ბევრ ქვეყანას შორის. მე, მაგალითად, საფრანგეთის გამოცდილებიდან ვიცი, რომ ალჟირელები მონაწილეობენ ძალიან დიდი რაოდენობით, იმდენად, რომ ალჟირელის არჩევნები წყდება საფრანგეთიდან და რიგები არის მათ საელჩოებთან და საარჩევნო უბნებთან, მაგრამ იქ არანაირი პოლიციის ჩარევა არ არსებობს. ამაზე ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენი პარტნიორებისგან წინასწარ შეთანხმებები და გარანტიები, რომ ეს არ მოხდება და ჩვენ წინასწარ უნდა მოვამზადოთ ჩვენი მოსახლეობა, რომ ამაში არ არის საფრთხე,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

პაპუაშვილი: რუსეთისთვის სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა

„რუსეთისთვის სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა, ეს იცის ყველამ - საქართველოს მოქალაქეებმა, უცხოელმა პარტნიორებმა. ასე რომ, ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს, მნიშვნელობა არ აქვს,“ - ამ კომენტარით გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო „გასაოცრად ადეკვატურად იქცევა“ სანქციებთან მიმართებით. მედიის კითხვას, რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლებისთვის, როდესაც მას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და პროპაგანდისტები აქებენ, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ მმართველი ძალისთვის განმსაზღვრელი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების აზრია. „მთავარი არის, რომ ჩვენ გვაქებდნენ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ სწორედ ამ შექებას და მხარდაჭერას ვგრძნობთ საქართველოს მოქალაქეებისგან, ვინაიდან მათი ინტერესებით ვმოქმედებთ და ის, რაც ჭეშმარიტებაა, ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს რა მნიშვნელობა აქვს?! რუსეთის რომელიმე წარმომადგენელმა დღეს რომ თქვას, მზე აღმოსავლეთიდან ამოდისო, ჩვენ ვთქვათ რომ არაა?! შევეწინააღმდეგოთ?! ის, რაც არის ჭეშმარიტება, რომ სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა, ეს იცის ყველამ - საქართველოს მოქალაქეებმა, უცხოელმა პარტნიორებმა, ასე რომ, ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ეს არის ჭეშმარიტება და ამას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობა. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხისგან მივიღოთ კომპლიმენტები და ქართველი ხალხი გავახაროთ. სხვა ვინ რას ამბობს, ეს ჩვენთვის რელევანტური არ არის. ამიტომ რეაქცია არ გვაქვს ხოლმე, როდესაც უსამართლოდ გვაკრიტიკებენ, ვინც არ უნდა იყოს, რეაქცია არ გვაქვს, თუკი ჩვენი არაკეთილმოსურნე გვაქებს. ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენთვის მთავარი განმსაზღვრელია საქართველოს მოქალაქეები რას ფიქრობენ, რას აკრიტიკებენ და რას გვიწონებენ,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

ბლინკენი „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელში მესამედ ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს თელ-ავივში ისრაელის პრეზიდენტ, ისააკ ჰერცოგს შეხვდა. ბლინკენი ისრაელსა და "ჰამასს" შორის 7 ოქტომბერს ომის დაწყების შემდეგ რეგიონში ვიზიტით მესამედ იმყოფება. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მძევლებთან დაკავშირებით სიტუაცია პოზიტიურად განვითარდა და ისინი სახლში ბრუნდებიან. სახელმწიფო მდივნის თქმით, ასევე შესაძლებელი გახდა, გაიზარდოს ღაზის სექტროში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ძალიან სჭირდება. „ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება," - აღნიშნა ბლინკენმა. ბლინკენი მოლაპარაკებებს აწარმოებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და მოგვიანებით რამალაში შეხვდება პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს.  

უკრაინამ რუსეთ-ჩინეთის დამაკავშირებელ რკინიგზაზე აფეთქება მოაწყო – უკრაინული მედია

„უკრაინსკა პრავდა“ ძალოვან სტრუქტურაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 30 ნოემბრის ღამეს რუსეთ-ჩინეთის „ერთადერთი მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალის“ მონაკვეთი უკრაინის უშიშროების სამსახურის ოპერაციის შედეგად ააფეთქეს. წყაროს ცნობით, ეს სარკინიგზო მაგისტრალი, რომელსაც რუსეთი ასევე იყენებს სამხედრო ტვირთებით მომარაგებისთვის, პარალიზებულია. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას. ოფიციალურად, დაზვერვის სამსახურს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.  

აშშ-ის და ევროკავშირის ჩართულობით, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები განიხილება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 30-ე მინისტრთა საბჭოს ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები. „საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში ბოლო მოვლენებს. მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის არაკონსტრუქციული დამოკიდებულების, მთიან ყარაბაღში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და არსებული ჰუმანიტარული პრობლემების მიუხედავად, სომხეთმა აზერბაიჯანს გადაუგზავნა წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით ცნობილი პრინციპების შესაბამისად და და აზერბაიჯანის ამ პრინციპებისადმი მკაფიო ერთგულების შემთხვევაში, ამ პროექტზე შეთანხმების მიმართულებით შეიძლება მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. ბლინკენმა და მირზოიანმა ასევე ისაუბრეს სომხეთის რეგიონულ პროგრამებზე, რომლის კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა მირზოიანმა ისაუბრა სომხეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ პროექტზე "მშვიდობის გზაჯვარედინზე" და ხაზი გაუსვა მის განხორციელების შედეგად რეგიონის სტაბილურობისთვის მოსალოდნელ სარგებელს. შეხვედრაზე მირზოიანმა და ბლინკენმა სომხურ-ამერიკული ორმხრივი დღის წესრიგიც განიხილეს. ისაუბრეს ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაფართოების პერსპექტივებზე,“ - იუწყება სომხური მხარე. ამერიკულ მხარეს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. თავის მხრივ, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში განიხილა „სამშვიდობო პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.“ „გუშინ ანკარაში კარგი ვიზიტის შემდეგ დავბრუნდი ბრიუსელში. განვიხილეთ ევროკავშირსა და თურქეთს შორის საერთო ინტერესის საკითხები სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით, კერძოდ, სამშვიდობო პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - დაწერა კლაარმა X-ზე (ყოფილი Twitter-ი). გადამწყვეტი დრო სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის - მაიკლ კარპენტერის ხედვა 28 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ-ის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს. შეგახსენებთ, ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ბაქოს პროტესტი მოჰყვა ბლინკენის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიანის მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ნორმალურად ვერ იქნება ვერაფერი აზერბაიჯანთან, 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ვიდრე არ დაინახავენ პროგრესს სამშვიდობო გზაზე." „ჩვენ გავაუქმეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, დავგმეთ [ბაქოს] ქმედებები“, აღნიშნა ო'ბრაიანმა. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“

კოლომინა: NATO საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ NATO საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს. მხარეების შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაიმართა, სადაც ეუთოს მინისტერიალი იმართება. „ჩვენ განვიხილეთ NATO-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ მივულოცე საქართველოს ევროკომისიის ბოლოდროინდელი დადებითი რეკომენდაცია. NATO მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,“ - წერს კოლომინა Twitter-ზე. ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს ორდღიანი მინისტერიალი დღეს დაიწყო. მინისტერიალის ფარგლებში 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპისა და მეზობელი რეგიონების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. მათ შორისაა უკრაინის ომი და მიგრაციის საკითხები. ბორელი: ეუთოს მინისტერიალზე ლავროვი კვლავ მოისმენს, რატომ არის მოსკოვი იზოლირებული ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინის შემდეგ პოლონეთიც უცხადებს. ევროკავშირის პოზიცია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას კარგ შესაძლებლობად განიხილავს, რათა რუსეთს კიდევ ერთხელ მოასმენინონ, რატომ აღმოჩნდა იზოლაციაში. ბორელმა განმარტა, რომ ესმის "ზოგიერთი მონაწილე სახელმწიფოს უხერხულობა" ჩრდილოეთ მაკედონიის არჩევანის გამო, დაუშვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვი მინისტერიალზე. „თუმცა ეს გადაწყვეტილება შეესაბამება ჩვენს საერთო მიზნებს, რომ შევინარჩუნოთ მულტილატერალიზმი,“ განმარტა ბორელმა. გარდა ამისა, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „კიდევ ერთხელ უნდა მოისმინოს“ დანარჩენი მონაწილეებისგან, თუ რატომ არის მოსკოვი იზოლირებული უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. „და შემდეგ ის შეძლებს, დაბრუნდეს კრემლში და მოახსენოს კრემლის ოსტატს, რომ ევროკავშირი და ეუთო ერთიანი რჩებიან. ეს (შეხვედრა) მაინც სასარგებლო იქნება ამ თვალსაზრისით. “ - აღნიშნა ბორელმა. აშშ-ის პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა აღნიშნა, რომ თითოეული მონაწილე სახელმწიფოს გადასაწყვეტია, თუ რა დონეზე აირჩევს დასწრებას. „ჩვენ ვგეგმავთ, ძალიან პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთის აგრესიულ ომზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შეუერთდება ამ საშინელი აქტის დაგმობას,“ - აღნიშნა კარპენტერმა. საერთაშორისო მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონია ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა. ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს ორდღიანი მინისტერიალი დღეს დაიწყო. მინისტერიალის ფარგლებში 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპისა და მეზობელი რეგიონების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. მათ შორისაა უკრაინის ომი და მიგრაციის საკითხები.

თბილისში უპასუხეს შამბას განცხადებას, რომ „კონფლიქტის დასაძლევად საუბარია საჭირო“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან, სერგეი შამბას შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, ყოფილი „საგარეო საქმეთა მინისტრი“ სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეს“, „აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების მოძიება“. შამბამ და ყოლბაიამ ჟურნალისტ ვანო ჩოკორაის კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხეს. „მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია“, - განაცხადა შამბამ. მისი თქმით, როგორც აფხაზური, ისე ქართული მხრიდან ბევრი ჯერ ისევ აგრესიულადაა განწყობილი. „მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია,“ - განაცხადა შამბამ რადიო თავუსუფლების ცნობით. მისივე განცხადებით, როგორც აფხაზური, ისე ქართული მხრიდან ბევრი ჯერ ისევ აგრესიულადაა განწყობილი. "ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს გაივლის, თუმცა ომიდან დიდი დრო გავიდა, უკვე 30 წელია. შეიძლებოდა, როგორმე დაწყებულიყო გარკვეული მოძრაობები ურთიერთგაგებისკენ, მაგრამ ეს ნელა ხდება. ყოველთვის ვემხრობოდი სახალხო დიპლომატიას და როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო ერთმანეთის პოზიციების გაგების შესაძლებლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა პრობლემა როგორღაც დაიძრას მკვდარი წერტილიდან. ახლაც ამ აზრზე ვარ. მიმაჩნია, რომ საჭიროა კავშირების სხვადასხვა არხების ამოქმედება. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს კონფლიქტი, ბევრი ისტორიული გარემოებით და განსაკუთრებით ომით წარმოშობილი და ამ კონფლიქტის გადასალახად საჭიროა საუბარი და ურთიერთგაგების გზების ძიება შემდგომი თანაარსებობისთვის“, - განაცხადა შამბამ. მის პოზიციას დაეთანხმა ვახტანგ ყოლბაია. ყოლბაიას თქმით, ასეთივე განცხადებები ასლან ბჟანიას „პრეზიდენტობის“ დასაწყისშიც ისმოდა. „მესმის, საუბარი იყო ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობაზე, რომელიც შესაძლოა, კონკრეტულ საქმეში გადაზრდილიყო, მაგრამ, როგორც იტყვიან, ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის, სურვილი იყოს და...“ - აღნიშნა ყოლბაიამ. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილს თქმით, პრიორიტეტი და მთავარი საკითხია, რომ არსებობდეს დიალოგი, რასაც ხელი უნდა შეეწყოს. რაც შეეხება დიალოგის ფორმატს, ის ფორმატს არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ეს დროის საკითხია. „ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებთან კონტაქტის სხვადასხვა ფორმატები არსებობს, მათ შორის ჰუმანიტარული ხასიათის კონტაქტები. ჩვენ ყველა შესაძლო არხს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებს ვაჩვენოთ ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების უპირატესობა. რაც შეეხება ფორმატებს, ფორმალურ ფორმატებს და ა.შ. ეს არის მთავრობის კომპეტენცია და მთავრობა ამ პროცესს მიჰყვება. მთავარია ერთი რამ - საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ამოდის საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან. საქართველოს მთავარი მიზანი, ჩვენი ეროვნული ამოცანა ეს არის - ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნდობის, ურთიერთობის აღდგენა ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში მედიასთან კომენტარში. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრები გალში 2018 წლიდან არ ჩატარებულა. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები კი, ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. შეხვედრები ამ ეტაპზე მხოლოდ ერგნეთში იმართება და მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

ჯეიმს ო’ბრაიენი: საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების გადაჭრა ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს

საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების გადაჭრა ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი ჩრდილოეთ მაკედონიაში, მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის სრული გათელვა ცივილიზებული სტანდარტების, საერთაშორისო სამართლისა და იმ პრინციპებისა, რომლებსაც ეს ორგანიზაცია ეფუძნება. საქართველოსა და მოლდოვაში მიმდინარე კონფლიქტები მოითხოვს ჩვენს განახლებულ ვალდებულებას რათა, ეს კონფლიქტები გადაიჭრას და ეს საზოგადოებები სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ მათი ხალხის არჩევანთან და იყვნენ იმ ქვეყნების უფრო ფართო საზოგადოების ნაწილინ, რომლებიც კანონის უზენაესობის ერთგული არიან,“ - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.    

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, საქართველოში კონფლიქტის შესახებ 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს

29 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს. გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში აღწერს 2023 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ ანგარიშში პირველად აღინიშნა ტერმინი „საოკუპაციო ხაზი“ - რითაც ევროპის საბჭომ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას. მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვისას, გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა მისი ბოლო ვიზიტისას საოკუპაციო ხაზის მონახულებასა და ადგილზე არსებული ვითარების გაცნობის საკითხზე. მწუხარება გამოთქვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის თაობაზე და ხაზი გაუსვა ამ და წინა შემთხვევებში მართლმსაჯულების დაუყოვნებლივ აღსრულების მნიშვნელობას. გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში. „დასასრულს, მარია ბურიჩმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო თავისი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს საქმიანობას, მათ შორის კონსოლიდირებული ანგარიშების მიღების პრაქტიკას. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ანგარიშის მიღებისა და საქართველოს საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის. მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის გაძლიერებაზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულებას. კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის (ევროკავშირის განცხადებას მიუერთდნენ: ალბანეთი, ანდორა, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სან მარინო, უკრაინა), მოლდოვის, სერბეთის, უკრაინის, ისლანდიის, კვიპროსის, ნორვეგიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, გაერთიანებული სამეფოს, აზერბაიჯანის, მონტენეგროს, სომხეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, თურქეთის, მექსიკის, აშშ-ს და იაპონიის დელეგაციებმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობას,“ - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  საქართველოში კონფლიქტის შესახებ 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 28-ე კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში კონფლიქტის შესახებ 15 ნოემბერს გამოქვეყნდა. civil.ge-ს თანახმად, მასში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში არასახარბიელოა. დოკუმენტის თანახმად, ადგილზე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე COVID19-ით გამოწვეულმა კრიზისმა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამაც მოახდინა გავლენა. გენერალური მდივანი კვლავ ითხოვს კონსოლიდირებული ანგარიშების მოსამზადებლად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ფაქტების დამდგენი ვიზიტების უზრუნველყოფას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამდივნოს ასეთი შესაძლებლობა არ მიეცა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიში პერიოდში ადამიანებისა და საქონლის თავისუფალ გადაადგილებაზე ცალმხრივი შეზღუდვები კვლავაც ახდენდა გავლენას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებებზე. კონსოლიდირებული ანგარიშის მიხედვით, „ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების გაგრძელებამ და მათმა მოუგვარებლობამ – რასაც ასახავს ის ფაქტი, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ 4 600-ზე მეტ ბავშვს, გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოერთვა ქართულ, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება – ხელი შეუწყო მზარდი გაუცხოებისა და გაურკვეველი მომავლის განცდას“. „არავითარი პროგრესი არ არის მიღწეული საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების, მათ შორის ევროპის საბჭოს მექანიზმების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფის საქმეში,“ – ნათქვამია ანგარიშში. ევროპის საბჭოს ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პროგრესი ვერ მიიღწა ვერც გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულისა და არჩილ ტატუნაშვილის, და არც ირაკლი კვარაცხელიას და ინალ ჯაბიევის გარდაცვალების საქმეების გამოძიებაში. საქართველოს ხელისუფლებაზე დაყრდნობით, ანგარიში აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა „ბორდერიზაციის “უკანონო ქმედებები, მათ შორის ღობეების აღმართვა და სათვალთვალო სისტემების დამონტაჟება. საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ გამოხატა შეშფოთება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე კულტურული, ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ. სიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლავ შეჩერებულია გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობა. საანგარიში პერიოდში IPRM-ის შეხვედრები არ გამართულა. მისი განახლების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს როგორც საერთაშორისო აქტორებმა, ისე საქართველოს ხელისუფლებამ. მუშაობას განაგრძობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მომუშავე ცხელი ხაზი. დელეგაცია იტყობინება, რომ საოკუპაციო ხაზზე რეგულარული გადაადგილების მიუხედავად, გამოწვევები რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ენგურზე მთავარი „გამშვები პუნქტი“ პანდემიამდელ დონეს უახლოვდება, ყოველდღიურად 2500 გადაკვეთით, შეფერხებები და დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით „უცხოელთა ბინადრობის ნებართვები“, აფერხებს ადგილობრივთა გადაადგილების თავისუფლებას. უკანონო დაკავებებთან დაკავშირებული ინციდენტები კვლავ დაფიქსირდა. საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოხატა სერიოზული შეშფოთება ირაკლი ბებუას საქმის გამო, რომელიც 2020 წლის დეკემბრიდან უკანონო ცხრა-წლიან პატიმრობაში იმყოფება. ასევე გაესვა ხაზი ქრისტინე თაკალანძისა და ასმათ თავაძის უკანონო დაკავებებს 2022 წლიდან. საქართველო დაჟინებით ითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე. ანგარიშში ასევე საუბარია ქართული ენის მუდმივ დისკრიმინაციაზე ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც მშობლიურ ქართულ ენაზე სწავლება მკაცრად შეზღუდულია, რასაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება გმობს. საანგარიშო პერიოდში ხელმისაწვდომი იყო თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაცია, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის დახმარებით. სიტუაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ანგარიშში ნათქვამია, რომ ვითარება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შედარებით სტაბილური იყო, მათ შორის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზეც. მიუხედავად ამ სტაბილურობისა, მაინც ჰქონდა ადგილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტებს, განსაკუთრებით დაკავებებს. საქართველოს ხელისუფლებამ დელეგაციას აცნობა სოფელ ჭვრინისთან ორი ადგილობრივი მოსახლის დაკავების მცდელობის შესახებ, როდესა რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს. ევროპის საბჭოს ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელმა ხაზმა გადამწყვეტი როლი ითამაშა დაძაბულობის განმუხტვასა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობაში. მართალია საანგარიშო პერიოდში ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე არანაირი თავდასხმა არ დაფიქსირებულა, სიტუაცია მაინც მოუგვარებელი რჩებოდა და ხელს უწყობდა დაძაბულობას. ერგნეთში IPRM-ის შეხვედრები გრძელდებოდა. შეშფოთებას იწვევდა ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და ცხოვრებაზე. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მთავრობამ დელეგაციას რამდენიმე ლოკაციაზე უკანონო „ბორდერიზაციის“ 25 შემთხვევის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნული აქტივობა მოიცავდა სადამკვირვებლო პოსტების, ასევე ახალი ღობეებისა და ე.წ. „სასაზღვრო ნიშნების“ მონტაჟს. ანგარიშის თანახმად, გადაადგილების თავისუფლება საოკუპაციო ხაზზე კვლავ შეზღუდულია, მიუხედავად იმისა, რომ „გამშვები პუნქტების“ დროებითი გახსნა ყოველი თვის ბოლო 10 დღის განმავლობაში კვლავ ძალაშია. საქართველოს ხელისუფლებამ დელეგაციას აცნობა, რომ ახალგორში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის „გამშვები პუნქტების“ გადაკვეთისთვის საჭირო „ნებართვები“ კვლავ შეშფოთებას იწვევს, რადგან ეს დამატებით დაბრკოლებებს უქმნის გადაადგილების თავისუფლებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში არანაირი პროგრესი არ დაფიქსირებულა ახალგორის რაიონის შვიდივე სკოლაში ქართულ ენაზე განათლების მიღების კუთხით. კვლავ არსებობს წუხილები მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების საფუძველზე იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) და ლტოლვილთა ნებაყოფლობით, უსაფრთხო, ღირსეულ და შეუფერხებელ დაბრუნებასთან დაკავშირებით პროგრესი არ დაფიქსირებულა. ევროპის საბჭო საქართველოს ევროპულ გზისა და მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია — მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი

ეუთოში სერგეი ლავროვის გამოსვლის დროს, ზოგიერთმა დელეგაციამ სხდომათა დარბაზი დატოვა

30 ნოემბერს სკოპიეში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების სესიაზე დელეგაციების ნაწილმა სხდომათა დარბაზი მაშინ დატოვა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოსვლა დაიწყო. ქვეყნების დელეგაციებს გამოცემა არ აკონკრეტებს. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, დელეგატებმა დარბაზის დატოვება იმ განცხადების გაკეთებისთანავე დაიწყეს, რომლის შემდეგაც, მომდევნო სიტყვა რუსეთის მინისტრს გადაეცა. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ლავროვი ამბობდა, რომ "კიევის რეჟიმი დონბასში სადამსჯელო ოპერაციას ატარებს რვა წლის განმავლობაში", რომ უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში "ნაცისტური იდეოლოგიის ტალღაა". რუსმა მინისტრმა ასევე დაადანაშაულა ევროკავშირი იმისთვის, რომ სურს „კიევის რეჟიმის ორგანიზაციის კარი დაჩქარებული წესით გაუღოს." ლავროვის შემდეგ მომდევნო სპიკერმა, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსეთის მინისტრის გამოსვლის რიგ თეზისებს "შეცდომაში შეყვანის" მცდელობა უწოდა, მაგრამ ლავროვმა არ მოუსმინა კოლეგას და შეხვედრა დატოვა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ლავროვის გამოსვლისას ეუთოს მინისტერიალი დატოვა „მე არ მოვუსმინე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას სკოპიეში. ვფიქრობდი, რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა, იმ ოთახში ყოფილიყო ჩვენი კოლეგა, რომელსაც დეზინფორმაციის მონიტორინგი ევალებოდა," წერს იან ლიპავსკი X-ზე ყოფილი (Twitter-ი.)  

ზელენსკის თქმით, დონბასის დაბრუნება უფრო რთული იქნება, ვიდრე ყირიმის

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დეოკუპაცია უფრო ადვილია, ვიდრე დონბასის რეგიონის, რადგან ეს ეხება არამხოლოდ ტერიტორიების დაბრუნებას, არამედ, ხალხის განწყობას. „შესაძლებელია, ისეც მოხდეს, რომ ეს ტერიტორიები მოსახლეობაზე ადრე დავიბრუნოთ. მაგალითად, ჩვენ თუ დონბასს დავიბრუნებთ, ხალხი იქ უკვე 10 წელია, ცხოვრობს. იქ ცხოვრობენ სხვა გარემოში და ეს ხანგრძლივი პროცესია. ვფიქრობ, დონბასის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. ერთხელ პარტნიორებმა მითხრეს: ყირიმის დაბრუნება თითქმის შეუძლებელი იქნება და დონბასის დაბრუნება ძალიან რთული. ჩემი აზრით, თუ ხალხზე ვსაუბრობთ, ტერიტორიები ხალხთან ერთად ბრუნდება, თუ ხალხს ეს არ სურს, ძალიან რთული იქნება. ახლაც, როდესაც რუსეთი ჩვენთან ომშია, ყველაზე აგრესიული სეპარატისტები კვლავ ადგილზე რჩებიან, რუსები გარბიან, მაგრამ ისინი იქ რჩებიან. ეს რაღაცაზე მეტყველებს. რაც შეეხება ყირიმს, იქ სამხედრო მოქმედებები არ ყოფილა, მჯერა, რომ ყირიმი ელოდება უკრაინაში დაბრუნებას. დონბასიც ელოდება, თუმცა, ძალიან რთული იქნება, რადგან მოხდა ამ ტერიტორიის დიდი ნაწილის ოკუპაცია და მაქსიმალურად მილიტარიზება," – განაცხადა ზელენსკიმ.   

ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომა: ევროკავშირი და 9 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან

ევროკავშირმა და ცხრა სხვა ქვეყანამ მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც სკოპიეში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე შეხვედრაზე გასაჯაროვდა. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან,“ - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ”რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკი აგრესიული ომის ფონზე, ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთოს წვლილს, უზრუნველყოფილი იყოს სრული პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლის ყველა დარღვევისთვის. ევროკავშირმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყებით, რუსეთმა უგულებელყო ძირითადი ნორმები, პრინციპები და ვალდებულებები, რომლებზედაც აგებულია ევროპული უსაფრთხოება. განცხადების ავტორების შეფასებით, ამ პრინციპებს რუსეთი არღვევდა მათ შორის, საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს. ეს არის პრინციპები, რომლებიც არ გადაიხდება.  „დღეს სკოპიეში გვინდა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა. ევროკავშირი ცალსახად დადგება უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება. ევროკავშირის ერთგულება უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ურყევი რჩება,“ - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმულია უკრაინის მიერ შემოთავაზებული მშვიდობის ფორმულისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას და გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მუშაობას ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირის განცხადებას შეუერთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო, ისლანდია, სან მარინო და უკრაინა. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინისტრთა საბჭოს ორდღიანი წლიური შეხვედრა ხუთშაბათს ქალაქ სკოპიეში დაიწყო.

ეუთოს მინისტერიალზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟოაო გომეს კრავინიომ განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები და მუქარები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით, დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ასევე ღრმად შემაშფოთებელია.“ მისი თქმით, „რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ აღნიშნავს გადახრის მომენტს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოყალიბდა. „მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის უგუნური ქცევის მორიგი მსხვერპლი ეუთო არ გახდეს. პორტუგალიას სჯერა, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს შემართებას, გავაგრძელოთ კიევის მხარდაჭერა, როდესაც უკრაინა იყენებს თავდაცვის უფლებას. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას და უზრუნველვყოფთ სამხედროების სწავლებას, რადგანაც დღეს სწორედ ეს გახლავთ ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი. ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებელობას, რათა ვუთხრათ რუსეთს, რომ შეწყვიტოს აგრესია, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან დაუყოვნებლივ, რადგანაც მხოლოდ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ საშინელ ომზე. რუსეთის აგრესიის გავრცელების საფრთხე ჩვენს რეგიონში არსებულ გაჭიანურებულ კონფლიქტებზე რეალურია. მთიან ყარაბაღში, ეთნიკური სომხების ტრაგიკული მდგომარეობა, რომლებსაც ჰქონდათ რუსების ჩაურევლობის იმედი, რუსეთის ქმედებები და მუქარები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით, დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ასევე ღრმად შემაშფოთებელია,“ – განაცხადა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სკოპიეში, ეუთოს მინისტერიალზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. „ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით უკიდურესად რთულ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი არამხოლოდ უხეშად არღვევს გაეროს წესდებას, არამედ, არამედ ასევე იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებზეც ევროპის უსაფრთხოებაა აგებული. რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა ამ ძირითადი პრინციპების დარღვევას, მათ შორის საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წლიდან დაწყებული. ეს პრინციპები კი არ ექვემდებარება გადახედვას. რუსეთის მოსაზრებას, რომ უნდა არსებობდეს გავლენის სფეროები, ადგილი არ აქვს ოცდამეერთე საუკუნის ოციან წლებში. ომი რუსეთის არჩევანია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსკოვს მისი დასრულება ნებისმიერ დროს შეუძლია. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმაზეც, რაც ახლა ხდება. რუსეთი, რომელსაც სწრაფი გამარჯვების იმედი ჰქონდა, ვერ დაამარცხებს უკრაინას,“ განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა „მთავარი არხის“ ცნობით.

დარჩიაშვილი ეუთოს მინისტრთა საბჭოს სესიაზე: თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია. დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომი ცივი ომის შემდეგ სუვერენული ქვეყნის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის პირველი მცდელობა იყო. „15 წელზე მეტია, უკვე რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების - უკანონო ოკუპაციას. ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევაა. ხალხი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების მსხვერპლი ხდება. ისინი მავთულხლართებით კილომეტრებით არიან იზოლირებულნი სასოფლო-სამეურნეო მიწებისგან, სალოცავი ადგილებისგან, წართმეული აქვთ გადაადგილების უფლება, ძირითადი საჭიროებებისადმი წვდომა. უკანონო დაკავებები და გატაცებები მზარდი პრაქტიკაა, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. ცოტა ხნის წინ, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მის მშობლიურ სოფელ კირბალთან მკვლელობა, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. მისივე განცხადებით, რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ 2008 წელს, 2014 წელს უკრაინული ყირიმის ანექსიამ და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიამ საფრთხე შეუქმნა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ილია დარჩიაშვილის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული პოზიცია უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ რუსეთმა აგრესია შეწყვიტოს, საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს, თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სცეს პატივი და უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ძალები გაიყვანოს.“ ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში რუსეთის სააგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. დღეს, 30 ნოემბერს, მას შემდეგ რაც გამოცხადდა, რომ შემდეგი გამომსვლელი იქნებოდა სერგეი ლავროვი დელეგატების ნაწილმა დარბაზიდან გასვლა დაიწყო.  

ლუქსემბურგელი მინისტრი რუსეთს: თქვენ დაანგრიეთ ყველაფერი, შეჩერდით, ომის დაწყება ადვილია, ომის დასრულება წარმოაჩენს, როგორი ლიდერი ხარ

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა. მან რუსეთის დელეგაციას შემდეგი სიტყვებით მიმართა. „უცნაური ადამიანი ვარ: ჩემი ბებია რუსეთიდან იყო და მართლმადიდებელი ქრისტიანი, ბაბუა -  ებრაელი პოლონეთიდან, მეორე ბაბუა ლუქსემბურგელი კათოლიკე იყო და მეორე ბებია ფრანგი ათეისტი. ამდენად, ჩემში ბევრი სხვადასხვა კულტურაა და შესაბამისად, ტოლერანტობაც. მე ასევე ბელგიელ მამაკაცზე ვარ დაქორწინებული, ანუ გეი ვარ და ალბათ თქვენს ქვეყანაში უფლებებიც კი არ მექნებოდა. შესაძლოა, ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს შოკისმომგვრელი იყოს, მაგრამ მე პუტინთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მასთან სატელეფონო საუბარიც მქონდა. ომამდე მე ვოლოდიმირ ზელენსკისაც ვესაუბრე და ვლადიმირ პუტინსაც და შევეცადე, რომ მათთან მოსაზრებები გამეცვალა, თუმცა ბუჩის შემდეგ ვიგრძენი, რომ გამოსავლის პოვნის სურვილი არ არსებობდა. ეს ძალიან სამწუხაროა. თქვენ დაანგრიეთ ყველაფერი, რაც ჩვენ ვაშენეთ კულტურულ, პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობები. პუტინთან ერთ-ერთი ბოლო საუბრისას, მას ისიც ვუთხარი, რომ ახლა მათი უახლოესი მოკავშირეები ჩრდილოეთ კორეა, სირია, ერიტრეა არიან. ასეთი იზოლირებულობა ძალიან ცუდია და ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენი ნარატივი არ არის სწორი. ომის დაწყება ადვილია, ომის დასრულება წარმოაჩენს, როგორი ლიდერი ხარ. არასდროს არის გვიან იმის აღიარება, რომ თქვენ დიდი შეცდომა დაუშვით. მე ვერ მოვისმენ ბატონ ლავროვის პასუხს, იმიტომ რომ აქ არ ვიქნები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გაჩერდეთ. შეწყვიტეთ ის, რასაც ახსნა და მიზეზი არ აქვს,“ განაცხადა მინისტრმა. ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში რუსეთის სააგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. დღეს, 30 ნოემბერს, მას შემდეგ რაც გამოცხადდა, რომ შემდეგი გამომსვლელი იქნებოდა სერგეი ლავროვი დელეგატების ნაწილმა დარბაზიდან გასვლა დაიწყო.

პარტნიორებთან ერთად, შუა დერეფნის დაბრკოლებების აღმოფხვრაზე ვმუშაობთ - ყაზახი მინისტრი ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე

ყაზახეთი, პარტნიორებთან ერთად, ორიენტირებულია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ( შუა დერეფნის) დაბრკოლებების აღმოფხვრაზე. ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ნურტლეუმ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) 30-ე მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, სკოპიეში განაცხადა. „ყაზახეთმა 35 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებში, განსაკუთრებით, შუა დერეფანში. ეს მარშრუტი აკავშირებს ჩინეთს ევროპასთან, ხსნის ახალ გზებს სრულფასოვანი სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობისთვის," - განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი შეერთებული შტატები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მტკიცე მხარდამჭერია - ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან  

პრეზიდენტი: რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი პოლიტიკამ ბიზნესისგან

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი პოლიტიკამ ბიზნესისგან. ორივე ერთობლივად უნდა ავითარებდეს ქვეყანას, მაგრამ რაც შეიძლება დამოუკიდებლად. ესეც ერთ-ერთი ევროპული წესია. მისი თქმით, რაც უფრო მეტი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იარსებებს, მით უფრო გაშლის ფრთებს ბიზნესი. „რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი პოლიტიკამ ბიზნესისგან. ორივე ერთობლივად უნდა ავითარებდეს ქვეყანას, მაგრამ რაც შეიძლება დამოუკიდებლად. ესეც ერთ-ერთი ევროპული წესია. მთელ მსოფლიოში ისიც არსებობს, რომ დიდი ბიზნესი და პოლიტიკა არ არიან ერთმანეთისგან ჩამოშორებული, მაგრამ, რაც მეტი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იარსებებს, მით უფრო გაშლის ფრთებს ბიზნესი. ეს არის ის, რაც შემიძლია თქვენ გისურვოთ,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. მანვე განმარტა, რომ უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს ის სტანდარტები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარმა მიიღოს ჩვენი პროდუქტი. „ვიცი, აქ ვინც ხართ, ახსნაც არ არის საჭირო, თუ რამდენად სჭირდება ამ ქვეყანას ევროპასთან დაახლოება, გზის ბოლოს კი ევროკავშირში გაწევრიანება. თქვენ სწორედ იმ ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ხართ, რომლის მომავალი და განვითარება დამოკიდებულია, ერთი მხრივ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანასთან მჭიდრო კავშირზე, ასევე მათ აქ შემოსვლაზე, ევროკავშირის ბაზარზე უფრო აქტიურად გასვლაზე. ჩვენ კი გვაქვს თეორიულად მოცემულობა, რომ ჩვენი პროდუქცია გავიტანოთ, მაგრამ რეალურად ყველამ ვიცით, რომ პრაქტიკაში ეს არ არის ისე გამოყენებული, როგორც ამის შესაძლებლობა არსებობს. მეტი დაფინანსება სჭირდება, მეტი მხარდაჭერა, რომ ევროკავშირის სტანდარტები იყოს შესრულებული. უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს ის სტანდარტები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარმა მიიღოს ჩვენი პროდუქტი. ამ ყველაფერს მეტი გავრცობა უნდა და ბიზნესის ინფორმირება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

ნიდერლანდები უკრაინას დამატებით, 2,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ნიდერლანდები 2024 წელს უკრაინას 2,5 მილიარდი ევროს დამატებით დახმარებას გაუწევს. Ukrinform-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰანკე ბრუინს სლოტმა განაცხადა. ნიდერლანდები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ყველა შესაძლო გზით, ვიდრე ეს საჭირო იქნება. „ნიდერლანდები მოხარულია გამოაცხადოს, რომ ქვეყანა დაეხმარება უკრაინას დამატებითი, 2,5 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტით 2024 წლისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდაჭერას ნიდერლანდების არჩევნების შედეგები ახლო მომავალში გამოწვევას არ შეუქმნის  

ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ძალების გასაძლიერებლად, სპარსეთის ყურისკენ ბრიტანული ხომალდი მიემართება

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, გრანტ შეპსმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურისკენ სამეფო ფლოტის შემადგენლობაში მყოფი გემი HMS Diamond-ი გაემართა. ხომალდი 2022 წლიდან განლაგებულ ფრეგატ HMS Lancaster-სა და სამ გამნაღმველ ხომალდს შეუერთდება. მინისტრის თქმით, დამატებითი ხომალდის გაგზავნა იქნება სიგნალი ირანისა და მისი მხარდამჭერი ძალებისადმი რეგიონში. ცნობილია, რომ აშშ-მ უკვე გააძლიერა თავისი საზღვაო ყოფნა რეგიონში, 7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ამასთან, Reuters-ი წერს, რომ სატვირთო გემი Galaxy Leader იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუტისებმა სამხრეთ წითელ ზღვაში ამ თვის დასაწყისში დააკავეს. „დიდი ბრიტანეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონში წარმომადგენლობის გაზრდა, რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები მზარდად არასტაბილურ სამყაროში,“ – განაცხადა შეპსმა. ცნობისთვის, ოპერაცია Kipion-ი არის დიდი ბრიტანეთის დიდი ხნის საზღვაო წარმომადგენლობა ყურესა და ინდოეთის ოკეანეში.