ძებნის რეზულტატი:

თურქეთის F-16-ები რუმინეთში განლაგდნენ

თურქეთის საჰაერო ძალების 4 თვითმფრინავი რუმინეთში, NATO-ს საჰაერო მისიის ფარგლებში, პატრულირების მიზნით განლაგდა. „დაახლოებით 80 სამხედრო მოსამსახურესაგან შემდგარი ეკიპაჟი და 4 F-16 თვითმფრინავი იფრენს რუმინეთის საჰაერო ძალების პილოტებთან ერთად, გაძლიერებული საჰაერო მისიის დროს, NATO-ს მეთაურობით. ერთობლივი მისია ხელს უწყობს რუმინეთისა და თურქეთის საჰაერო ძალებს შორის ურთიერთქმედების გაძლიერებას,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

შოლცი ზელენსკისთან საუბრის შემდეგ: უკრაინის მომავალი ევროპაშია, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თქვენ გვერდით

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ უკრაინის მომავალი ევროპაშია. „უკრაინის მომავალი ევროპაშია. გერმანია მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებისა და საჭირო რეფორმების მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ. ზელენსკი, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თქვენს გვერდით რამდენიხანიც საჭირო იქნება!" - წერს ოლაფ შოლცი X-ზე. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელების საკითხში ჩართულობისთვის. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა გერმანიის მხრიდან თავდაცვითი დახმარების პაკეტის გამოყოფის მნიშვნელობას, ოთხი IRIS-T სისტემის ჩათვლით, რომელიც უკრაინას ზამთარში დაეხმარება. „მე ძალიან ვაფასებ, რომ ჩვენი ყველა შეთანხმება სრულდება,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას, ასევე, ევროკავშირის მხრიდან მომავალი წლებისთვის დახმარების სახით, 50 მილიარდი ევროს გამოყოფის უზრუნველყოფას.  

ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენების გეგმების შესახებ გამოაცხადებს - Bloomberg

უახლოეს კვირებში ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული საგადასახადო მოგების გამოყენების შესახებ გეგმას გამოაცხადებს. ამის შესახებ Bloomberg- წერს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წევრი ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, ეწინააღმდეგება ევროკავშირის მასშტაბით კანონმდებლობის შემოღების გეგმებს, რადგან შიშობს, რომ ეს შეიძლება, გარკვეულ რისკებს შეიცავდეს, ზოგიერთმა ქვეყანამ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა. კერძოდ, ბელგიამ 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ 1,7 მილიარდი ევროს (1,8 მილიარდი დოლარი) ფონდი შექმნა უკრაინისთვის, რომელიც გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული სარგებლით დაფინანსდება. „მნიშვნელოვანია, რომ ბელგია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული ტერორისგან დაცვის მხარდასაჭერად, გაყინული რუსული აქტივების გამოყენება დაიწყო. თანხები მოხმარდება ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების დახმარებას და უკრაინის რეგიონებში საგანგებო აღდგენის პროექტებს,“ - წერდა გასულ თვეში ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე. იმავე პერიოდში ესტონეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც გაყინული რუსული აქტივების უკრაინაში გადაცემას უზრუნველყოფს. „რუსეთმა უნდა აუნაზღაუროს უკრაინას ომის შედეგად მიყენებული ყველა ზიანი,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შემდეგი არჩევნების მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარებაზე შეთანხმდა

უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შემდეგი არჩევნების მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის ვებგვერდი და უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი ალექსანდრ კორნიენკო ავრცელებენ. შეთანხმებას „ჟან მონეს დიალოგის” ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შედეგად მიაღწიეს რომელიც 10-12 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლა გავრცელდა. შეხვედრის შედეგად გამოქვეყნებულ დასკვნებში აღნიშნულია, რომ უმაღლესი რადას ხელმძღვანელობა, საპარლამენტო ფრაქციებისა და ჯგუფების თავმჯდომარეები და დელეგირებული წარმომადგენლები „მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ მომავალი თავისუფალი და სამართლიანი ეროვნული არჩევნები (საპარლამენტო, საპრეზიდენტო) ტარდება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ და საომარი მდგომარეობის მოქმედების დასრულების შემდეგ იმ დროის ფარგლებში, რომელიც არჩევნების ჩატარების მოსამზადებლად არის საკმარისი (არა ნაკლებ 6 თვე საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ).” დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ხალხის მსახურის“ ფრაქციიდან დავით არახამიამ, „ბატკივშინადან“ იულია ტიმოშენკომ, „ევროსოლიდარობის“ ფრაქციის თანათავმჯდომარემ ირინა გერაშჩენკომ, „გოლოსის“ ალექსანდრა უსტინოვამ და სხვა საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლებმა. „დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალ ეროვნულ არჩევნებს უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება უკრაინის დემოკრატიული პერსპექტივებისთვის და ისინი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა ჩატარდეს. თუმცა ასევე ვიაზრებთ, რომ ომისა და მისი გავლენის შედეგად არჩევნების ჩატარება დაკავშირებული იქნება უნიკალურ გამოწვევებთან, რომლებიც ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს მოითხოვენ მათი წარმატებულად მოგვარებისთვის,“ - ნათქვამია ტექსტში. 2024 წელს უკრაინაში არჩევნები არ ჩატარდება - დავით არახამია

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა გახდნენ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა გახდნენ. შესაბამის ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2021 წელს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ეკატერინე მიქაბაძისა და ეკატერინე გალდავას კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტმა 7 წლის ვადით მხარი დაუჭირა. „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე ეკატერინე მიქაბაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ის ეკონომიკური ანალიზისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებას უძღვებოდა. მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. მანამდე კი, მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტში. მუშაობდა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. ეკატერინე გალდავას მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და მონეტარული ოპერაციების დეპარტამენტში, იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი. ასევე, მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის საქართველოს ოფისში. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე ეკატერინე გალდავას სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაში მაღალი პოზიციები ეკავა. ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს ეროვნული ბანკის საბჭო. საბჭოს წევრებს კი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი შვიდი წლის ვადით ირჩევს. ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭო 6 წევრისგან შედგება,“ - წერია ინფორმაციაში. ეროვნული ბანკი სამივე ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა  

ისრაელმა „ჰამასის“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები განაახლა

ისრაელის განცხადებით, საბრძოლო ქმედებები განახლება მოუწიათ, ვინაიდან „ჰამასმა“ ოპერატიული პაუზა დაარღვია. შესაბამის ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები და CNN ავრცელებენ. კერძოდ, „ჰამასმა“ ოპერატიული პაუზა დაარღვია და, ამას გარდა, ისრაელის ტერიტორია დაბომბა. „ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაახლა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ საბრძოლო ქმედებები,” - ნათქვამის ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. CNN-ის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ისრაელსა და "ჰამასს" შორის, როგორც ჩანს, დასრულდა და მისი გაგრძელების არანაირი ნიშანი არ ჩანს. პარასკევის ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღაზას სექტორიდან გამოშვებული ერთი რაკეტა ჩამოაგდო.  

ფინეთმა და რუსეთმა სასაზღვრო თანამშრომლობის შეთანხმება გააუქმეს

ფინეთმა რუსეთთან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ 2012 წელს გაფორმებული შეთანხმება შეწყვიტა. ფინეთის მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება 30 ნოემბერს მიიღო. თანამშრომლობის შეწყვეტის ინიციატორი რუსეთი იყო, რომელმაც შესაბამისი შეტყობინება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოქტომბრის ბოლოს გაუგზავნა. 2012 წელს გაფორმებული შეთანხმება მოქმედებას ოფიციალურად შეწყვეტს 2024 წლის 24 იანვრიდან. დოკუმენტის საფუძველზე ფინეთი და რუსეთი ერთობლივად მუშაობდნენ სასაზღვრო რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. NATO-სა და ევროკავშირის წევრი ფინეთის მთავრობამ ნოემბრის ბოლოს გამოაცხადა, რომ თავშესაფრის მაძიებლებისთვის 13 დეკემბრამდე კეტავს რუსეთთან სახმელეთო საზღვარს, სხვებისთვის კი, რვიდან მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი იმუშავებს. ამასთან, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთთან საზღვარს სრულად ჩაკეტავენ. ფინეთი რუსეთის საზღვარზე უკანასკნელ საკონტროლო-გამშვებ პუნქტსაც ხურავს  

აშშ უკრაინას შორი რადიუსის რაკეტებს გაუგზავნის - Reuters

უკრაინისთვის შორეული რადიუსის რაკეტების (160 კმ) მიწოდებას შეერთებული შტატები მომავალ წელს დაიწყებს. ამის შესახებ Reuters-ი პენტაგონში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. მიწოდებას შტატებში Boeing-ი დეკემბრის ბოლოს ურუნველყოფს, რასაც უკრაინაში გაგზავნამდე რამდენიმეთვიანი ტესტირება მოჰყვება. შეგახსენებთ, GLSDB-ს ერთობლივად აწარმოებენ შვედური კომპანია SAAB AB და Boeing. SAAB-ის ვებგვერდის მიხედვით, რაკეტა იმართება GPS-ით, შეუძლია, გადალახოს ზოგიერთი ელექტრონული დაბრკოლება და შეიძლება, გამოყენებული იყოს ყველა ამინდის პირობებში.  

ნორვეგია უკრაინის სასურსათო უსაფრთხოებისთვის $23 მილიონს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინის სასურსათო უსაფრთხოებისთვის ხუთწლიანი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 250 მილიონ ნორვეგიულ კრონს (დაახლოებით $23 მილიონი) გამოყოფს. თანხების უმეტესი ნაწილი გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამას (WFP) გადაეცემა. ნორვეგიის მთავრობის ცნობით, ფრონტის ხაზთან სასურსათო დახმარების გაწევის გარდა, დაფინანსება მოხმარდება სასოფლო-სამეურნეო მიწების განაღმვას, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ სურსათის წარმოებას. გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიიდან თითქმის 4,6 მილიონი დოლარით დაფინანსდება ინიციატივა - „მარცვლეული უკრაინიდან“, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს WFP და მიზნად ისახავს უკრაინული მარცვლეულის მიწოდებას გაჭირვებული ქვეყნებისთვის. კიდევ 4,6 მილიონი დოლარი გადაირიცხება მსოფლიო ბანკის უკრაინის ფონდში. ბანკის სასოფლო-სამეურნეო პროგრამა ARISE (Ukraine Agriculture Recovery Inclusive Support Emergency) უკრაინელ ფერმერებს ფინანსურ დახმარებას უწევს. ნორვეგიამ თებერვალში დაიწყო პროგრამა, რათა უკრაინას 7 მილიარდი დოლარის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ნორვეგიამ უკრაინასა და რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ სხვა ქვეყნებს 4,5 მილიარდი კრონის (404 მილიონი დოლარი) ჰუმანიტარული დახმარება გაიღო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა.  

შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში

27 ნოემბერს შუა დერეფანთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტი, რომელსაც Europetime გაეცნო, 70-გვერდიანია. მსოფლიო ბანკის ანგარიშში შეფასებულია გამოწვევები და შესაძლებლობები. ძირითადი მიგნებების თანახმად, შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია. როგორც მოხსენებაში ნათქვამია, შუა დერეფნის მნიშვნელობა და სიძლიერე მდგომარეობს იმ სარგებელში, რომელიც მას შეუძლია მოიტანოს, როგორც შიდარეგიონულმა სავაჭრო დერეფანმა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გაზრდილი ვაჭრობა აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და ევროპას შორის მოთხოვნის ძირითადი განმაპირობებელი და მამოძრავებელი ძალაა, რაც „გულისხმობს რეგიონის შიდა ვაჭრობის 37%-იან ზრდას და ხსენებულ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის 28%-იან ზრდას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სწორი ინვესტიციებითა და პოლიტიკით, შუა დერეფანმა შეიძლება, ხელი შეუწყოს ვაჭრობის მოცულობის გასამმაგებას, ხოლო მარშრუტის გასწვრივ მგზავრობის დროის განახევრებას 2030 წლისთვის. ანგარიში სახელწოდებით - „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი – დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“, ფოკუსირებულია ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე. დოკუმენტში ის პრიორიტეტული ღონისძიებები განსაზღვრული, რომლებსაც მულტიმოდალური სარკინიგზო და საზღვაო დერეფნის სიცოცხლისუნარიან და სანდო სავაჭრო გზად გარდაქმნა შეუძლია. „აზერბაიჯანმა, საქართველომ და ყაზახეთმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს საკუთარი ხედვების შეთანხმებასა და დერეფნის წინსვლაში. მსოფლიო ბანკი სხვა მრავალმხრივ ორგანიზაციებთან და ქვეყნების მთავრობებთან ერთად მზადაა შუა დერეფნის მხარდასაჭერად,“ აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანტონელა ბასანიმ. ის ხაზს უსვამს, რომ ახალი მონაცემები ადასტურებს -  შუა დერეფანი არამარტო სიცოცხლისუნარიანია, არამედ, შესაძლებელია არსებითი მნიშვნელობის მატარებელიც კი გახდეს მის გასწვრივ მდებარე ქვეყნების ეკონომიკისთვის.“ ანგარიში განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკას და ინვესტიციებს, რომლებიც საჭიროა ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ტრანსპორტზე არსებულ მოთხოვნაზე რეაგირებისთვის და ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად, რაც გულისხმობს შემდეგს: დერეფანში ლოგისტიკური გადაწყვეტა ოპერაციების შეუფერხებელი წარმოებისთვის; პროცესებისა და პროცედურების რეფორმირება და გამარტივება, განსაკუთრებით საზღვრის კვეთისას მულტიმოდალური დერეფნების ტრაფიკის, მონაცემებისა და მახასიათებლების შეუფერხებელი გაცვლის უზრუნველსაყოფად; ერთიან, თავსებად სისტემას შეუძლია დერეფანში პროცესებისა და ღონისძიებების ციფრული გარდაქმნის ხელშეწყობა; ეფექტიანობის ამაღლებას კასპიისა და შავი ზღვის გადაკვეთისას საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, პრობლემების აღმოფხვრასა და პორტის პროდუქტიულობის ზრდაზე ფოკუსირებასთან ერთად; ინვესტიციების პრიორიტეტულობის განსაზღვრის ერთიან სისტემაზე შეთანხმება. ანგარიში განსაზღვრავს საინვესტიციო შესაძლებლობების მნიშვნელოვან რაოდენობას, რომლებიც შემდგომ შეფასებას და პრიორიტეტულობის განსაზღვრას საჭიროებს. დოკუმენტში ვკითხულობთ: საქართველოს ორი პორტი აქვს შავ ზღვაზე, რომლებიც კომერციულ ტვირთნაკადებს უზრუნველყოფს, კერძოდ ფოთსა და ბათუმში, ქვეყანა ასევე ფლობს ორ საზღვაო ნავთობტერმინალს - სუფსა და ყულევი. ფოთი AP Moller Terminals-ს ეკუთვნის (APMT), ხოლო „ბათუმის პორტს“ „ყაზტრანსოილი“ მართავს.  „ამრიგად, საქართველოს სახელმწიფოს როლი შემოიფარგლება პოლიტიკის შემქმნელისა და მარეგულირებლის როლით, რომელიც მოიცავს გემების მოძრაობას მართვას, საზღვაო უსაფრთხოებას და ასე შემდეგ. „საქართველოს პორტებში კონტეინერების ყოფნის დრო შედარებით მაღალია, ძირითადად, საგზაო/სარკინიგზო გადაზიდვების დაბალი ხარისხის გამო. საქართველოს პორტებში ტვირთების დაბინავების დროის ანალიზი მსოფლიო ბანკის ბოლო მოხსენებისთვის გამოყენებული მონაცემების საფუძველზე გაკეთდა,“ ნათქვამია დოკუმენტში, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჭიროა საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფების შემცირება ( ამჟამად უმაღლესი ტარიფებია საქართველოში, მთელი შავი ზღვის მასშტაბით). რეკომენდაციების ნაწილში ასევე მოცემულია, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი პორტის სერვისებზე წვდომა ყველასთვის ბაზრის მოთამაშისათვის. ასევე უნდა შემცირდეს პორტში ტვირთის გაჩერების დრო. უზრუნველყოფილი უნდა იყოს გადაზიდვების საბოლოო საფასურის გამჭვირვალობა და პროგნოზირებადობა. ამასთან, საჭიროა ტვირთის გადაადგილებაზე თვალყურის მიდევნება. ელექტრონულ დოკუმენტბრუნვის სისტემაზე გადასვლა. დოკუმენტში ტვირთების კონსოლიდაციის რეკომენდაციაზეც არის საუბარი. ყაზახური მხარის ვარაუდით, რომელმაც აღნიშნული ანგარიში მსოფლიო ბანკთან უკვე განიხილა, ანგარიშის პრიორიტეტული მიმართულებები შესაძლებელს გახდის ძირითადი ნაკადების დივერსიფიკაციას და მეტი პოტენციალის შექმნას საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისთვის. ამასთან, ყახაზეთი მიიჩნევს, რომ TITR არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მარშრუტი არსებული ლოგისტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

საქართველოში სერტიფიცირებული მეზღვაურები თურქეთის სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე დასაქმებას შეძლებენ

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური ასამბლეის 33-ე რეგულარული სესიის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი. შესაბამის ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. მემორანდუმის თანახმად, მხარეებმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს. კერძოდ, საქართველოში სერტიფიცირებული მეზღვაურები შეძლებენ, თურქეთის სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე დასაქმდნენ და პირიქით. „ხელმოწერამდე გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან ორ ქვეყანას შორის საზღვაო სექტორში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. მათ შორის, გამოითქვა მზადყოფნა, გაღრმავდეს თანამშრომლობა როგორც მეზღვაურების განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების, ისე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის კუთხით. ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის საბორნე მიმოსვლის დანიშვნას. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა თურქეთის დელეგაციის წევრები საქართველოში მოიწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება საბრძოლო სროლებით პირველად ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზების შემდეგ, სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება საბრძოლო სროლებით პირველად ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო წვრთნაში თბილავიამშენის მიერ გარემონტებული სუ-25-ის, მი-24-ის ტიპისა და „მიმინოს“ ტიპის საფრენი აპარატები მონაწილეობდნენ. საავიაციო წვრთნაში მონაწილე ჯგუფების მთავარ მიზანს მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონის განადგურება წარმოადგენდა. „საავიაციო სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მოდერნიზაცია უკვე ჩაუტარდა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვან ნაწილს და აღნიშნული პროცესი დღესაც აქტიურად გრძელდება. სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი სპეციალისტების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად, უკვე გაიმართა 7 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი, 5 ერთეული მი-24. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 3 ერთეული L-39 ტიპის სასწავლო-საბრძოლო საფრენი აპარატებისა და 2 ერთეული მი-8 მტვ რემონტზე. საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პარალელურად, მფრინავები და ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად გადამზადებას გადიან,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველო, სომხეთი, მოლდოვა და უკრაინა მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობის დეკლარაციას გააფორმებენ

დღეს, პირველ დეკემბერს, სასტუმროში “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” გაიხსნა ორდღიანი რეგიონული კონფერენცია „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის.“ კონფერენციას ესწრებიან საქართველოს, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და იურიდიული დახმარების მიმწოდებელი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.  ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის ხელშეწყობით იმართება. კონფერენციის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები ხელს მოაწერენ თბილისის დეკლარაციას იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ. ეს დოკუმენტი ადგენს რეგიონულ სტანდარტებს ადამიანებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისთვის და აძლიერებს კოორდინაციას საქართველოს, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის სახელმწიფო იურიდიული დახმარების მიმწოდებლებს შორის.  

ლევან იოსელიანი: პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეფასებით, პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს. ამის შესახებ ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს, რატომ არ ეძლეოდა სალომე ზურაბიშვილს უფლება გუშინ, თსუ-ში სტუდენტებთან კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ესაუბრა. „პრეზიდენტს ყველგან აქვს შესვლის უფლება და ყველასთან აქვს შეხვედრის უფლება. კონკრეტულად ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ვინ უთხრა უარი და რა მიზნისთვის. ინფორმაცია არ მაქვს,“ - განაცხადა იოსელიანმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის სტუდენტებს უკრძალავს მაგიდის დადგმას და პეტიციაზე ხელის მოწერას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკა სხვა საკითხია, სახელმწიფო ინტერესები კი სხვა საკითხია და ის ყველა სივრცეში თავისუფალი უნდა იყოს. თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ „საუბარში პრეზიდენტის ბრალდება უარყო. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდა და სტუდენტებს შეხვდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შესასვლელთან დამონტაჟებული იყო ბანერი წარწერით: „ჩვენი ხმა ევროპას“, აქვე განთავსებულია მაგიდა ფურცლებით, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პეტიციაზე ხელი მოეწერათ. პრეზიდენტი სტუდენტებს ესაუბრა და პეტიციაზე ხელმოწერის პროცესსაც დააკვირდა.  

ისრაელმა ესპანეთის პრემიერის განცხადებების გამო ელჩი გაიწვია

ისრაელმა ესპანეთის პრემიერის განცხადებების შემდეგ, ელჩის გაწვევა კონსულტაციების მიზნით გადაწყვიტა. ამის შესახებ Politico წერს. „ესპანეთის პრემიერ-მინისტრის აღმაშფოთებელი განცხადებების შემდეგ, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიმეორა უსაფუძვლო ბრალდებები, გადავწყვიტე, გამოვიწვიო ესპანეთში ჩვენი ელჩი  კონსულტაციებისთვის იერუსალიმში,“ - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა. მანამდე სანჩესმა ესპანურ საზოგადოებრივ მაუწყებელ RTVE-ს განუცხადა, რომ მას აქვს სერიოზული ეჭვი მტკიცებაზე, რომ ისრაელი საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის შესაბამისად მოქმედებს ღაზის სექტორში სამხედრო პასუხის დროს. ისრაელმა მის ამ განცხადებას სამარცხვინო უწოდა. „ისრაელი მოქმედებს და განაგრძობს მოქმედებას საერთაშორისო სამართლის მიხედვით და გააგრძელებს ომს, ვიდრე ყველა მძევალი არ დაბრუნდება და „ჰამას“ არ განადგურდება,“ აღნიშნა კოენმა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე სთხოვა კოენს, დაებარებინა ესპანეთის ელჩი ისრაელში "საყვედურისთვის" "ესპანეთის პრემიერ-მინისტრის სამარცხვინო კომენტარების გამო იმ დღეს, როდესაც „ჰამასის“ ტერორისტებმა დედაქალაქ იერუსალიმში ისრაელელები მოკლეს." ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ისრაელმა ესპანეთის ელჩი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის საკამათო განცხადებების გამო დაიბარა. გასულ კვირას ისრაელმა გააკრიტიკა პედრო სანჩესი და ბელგიის ლიდერი ალექსანდრე დე კროო მათი კომენტარებისთვის ეგვიპტესა და ღაზის შორის მდებარე რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელზე ვიზიტის დროს, როდესაც „ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ  ისრაელის თავდასხმები“ გააკრიტიკეს.  

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში ჩადის

ბაქოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების გართულების ფონზე, 2 დეკემბერს, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება. სომხური მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სომხეთ-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დღის წესრიგის განხილვა. სხვა დეტალები ინფორმაციაში არ არის მითითებული. ჯეიმს ო’ბრაიენი: ფაშინიანს არ სურს, რომ სომხეთი მთლიანად იყოს დამოკიდებული რუსეთზე ისე, როგორც ამას წინა ლიდერები ცდილობდნენ ცნობისათვის, ორი დღის წინ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 30-ე მინისტრთა საბჭოს ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები. ბლინკენმა და მირზოიანმა ასევე ისაუბრეს სომხეთის რეგიონულ პროგრამებზე, რომლის კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა მირზოიანმა ისაუბრა სომხეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ პროექტზე "მშვიდობის გზაჯვარედინზე" და ხაზი გაუსვა მის განხორციელების შედეგად რეგიონის სტაბილურობისთვის მოსალოდნელ სარგებელს. ამ შეხვედრამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზებიაჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა, რასაც წინ ასევე უძღოდა ბლინკენის თანაშემწის განცხადებებით უკმაყოფილო ბაქოს პროტესტი. სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აშშ-ის ბოლო განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-აშშ-ს ურთიერთობებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ალიევმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის მიერ 2023 წლის 15 ნოემბერს აზერბაიჯანის შესახებ გაკეთებული შენიშვნები მიკერძოებული იყო და ვერ ასახავდა რეალობას. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცნობად მიიღო განცხადება აზერბაიჯანთან მაღალი დონის თანამშრომლობის გაუქმების შესახებ. ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 16 ნოემბერს გაავრცელა და რომ აზერბაიჯანმა თავის მხრივ, გააუქმა აშშ-ის უმაღლესი დონის ყველა ვიზიტი. აზერბაიჯანის პრეიდენტი გულისხმობს ო'ბრაიანის მიერ 15 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ნორმალურად ვერ იქნება ვერაფერი აზერბაიჯანთან, 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ვიდრე არ დაინახავენ პროგრესს სამშვიდობო გზაზე." „ჩვენ გავაუქმეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, დავგმეთ [ბაქოს] ქმედებები“, აღნიშნა ო'ბრაიანმა. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“

ზელენსკი: რუსეთთან ომი ახალ ეტაპზეა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Associated Press-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთთან ომი ახალ ეტაპზეა. AP წერს, რომ ზამთარი, სავარაუდოდ, გაართულებს ბრძოლას ზაფხულის კონტრშეტევის შემდეგ, რომელმაც სასურველი შედეგი ვერ მოიტანა იარაღისა და სახმელეთო ძალების დეფიციტის გამო, თუმცა მიუხედავად ამისა, ზელენსკი გამოცემასთან ხაზს უსვამს, რომ უკრაინა დანებებას არ აპირებს.  შეკითხვას, კმაყოფილია თუ არა კონტრშეტევის შედეგებით, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ კმაყოფილია, რადგან მსოფლიოს მეორე არმიასთან ბრძოლაში უკან არ იხევენ, მაგრამ კმაყოფილი ვერ იქნება დანაკარგებით და იმით, რომ სასურველი იარაღი სრულად არ მიუღიათ. ზელენსკი შიშობს, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს დაჩრდილავს და საფრთხეს შეუქმნის დასავლეთის სამხედრო დახმარების ნაკადს. „ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ადამიანებს, რომ დაივიწყონ აქ მიმდინარე ომი,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. შეერთებულ შტატებში AP-ის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი იხარჯება უკრაინაზე. რესპუბლიკელების მზარდი რაოდენობა  უკრაინისთვის მეტი დახმარების გაგზავნას არ ემხრობა და უცნობია, კონგრესის მიერ დაამტკიცდება თუ არა თეთრი სახლის მოთხოვნა დამატებითი დახმარების შესახებ. ამის თაობაზე კითხვას, ზელენსკიმ პირდაპირ უპასუხა, რომ „ამერიკელთა არჩევანი ამერიკელების არჩევანია,“ მაგრამ უკრაინის დახმარებით ამერიკელები საკუთარ თავსაც ეხმარებიან. „უკრაინის შემთხვევაში, თუ დღეს მდგრადობა შეირყევა დახმარების, იარაღისა და დაფინანსების ნაკლებობის გამო, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი, დიდი ალბათობით, NATO-ს ქვეყნებში შეიჭრება,“ - განაცხადა ზელენსკიმ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.  

ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში იმართება. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, Dubai Expo-ში, სადაც კონფერენცია იმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში დახვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად სამიტის გახსნას დაესწრო. სამიტის მონაწილე ლიდერებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჩარლზ III-მ. „მოხარული ვარ, დავესწრო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციას არაბთა გაერთიანებული საამიროებში, ქალაქ დუბაიში და წარმოვაჩინო საქართველოს ხედვა კლიმატის ცვლილებების სულ უფრო მზარდ და მწვავე გლობალურ ეფექტთან გამკლავების შესახებ. საქართველო ერთგულია კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობის გაძლიერების იდეისადმი, მათ შორის გარემოსადმი კეთილგანწყობილი პროექტების განხორციელების გზით,“ - წერს ღარიბაშვილი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).  

ლაიენის თქმით, ევროკავშირის თავდაცვის სტრატეგია უკრაინასაც უნდა მოიცავდეს

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპის თავდაცვითი ინდუსტრიის სტრატეგიამ უკრაინის სამხედრო საჭიროებები უნდა გაითვალისწინოს. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა 30 ნოემბერს ევროკავშირის თავდაცვის სააგენტოს კონფერენციაზე განაცხადა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უკრაინა უნდა იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის თავდაცვის პროგრამებში. ლაიენის თქმით, ეს კიევს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. „პირველი ნაბიჯი ამის მისაღწევად არის უკრაინის ჩართვა სამრეწველო სტრატეგიის საკონსულტაციო პროცესში. ჩვენი სტრატეგია სრულყოფილი შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში იყოს, თუ ის გაითვალისწინებს უკრაინის საჭიროებებს და მის სამრეწველო პოტენციალს," - განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

აშშ-მ და მოკავშირეებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ „ჯაშუშური თანამგზავრის“ გაშვების საპასუხოდ, სანქციები აამოქმედეს

შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირე ქვეყნებმა რვა ჩრდილოეთ კორეელელს სანქციები დაუწესეს. სანქცირებულთაგან ორი რუსეთში ცხოვრობს. სანქციები ფხენიანის მიერ ჯაშუშური თანამგზავრის გაშვებას მოჰყვა. აშშ-ის ახალი სასანქციო ზომა ძალაში შევიდა ავსტრალიასთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან კოორდინაციით. სანქციების სიაში შედის ჩრდილოეთ კორეის საგარეო ვაჭრობის ბანკის მთავარი წარმომადგენელი რუსეთის ვლადივოსტოკში, რომელიც ხელს უწყობდა ფინანსურ ტრანსფერებს ჩრდილოეთ კორეის "ფინანსური ინსტიტუტებისა და იარაღით ვაჭრობის სუბიექტების" სახელით. ზომები ასევე ვრცელდება ჩრდილოეთ კორეის გაერთიანებული განვითარების ბანკის წარმომადგენელზე რუსეთში, ფხენიანის სარაკეტო პროგრამაში ჩართული სუბიექტისთვის მრავალჯერადი გადახდების განხორციელებისთვის. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა სანქციები დაუწესეს კიდევ ექვს ჩრდილოეთ კორეელს, რომლებიც ჩინეთში, ირანსა და სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. აშშ და სამხრეთ კორეა ეჭვობენ, რომ რუსეთი ეხმარება ჩრდილოეთ კორეას მისი თანამგზავრის გაშვებაში სამხედრო მარაგის სანაცვლოდ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მილიონზე მეტ საარტილერიო ჭურვსა და სხვა იარაღს მოიცავდა.  შეგახსენებთ, აშშ-ის ატომური ავიამზიდი USS Carl Vinson 2023 წლის 21 ნოემბერს, სამხრეთ კორეაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ პუსანში მდებარე პორტში განლაგდა. სამხრეთ კორეის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ამერიკული ავიამზიდი, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ, შეკავების ჩვენების მიზნით განლაგდა. ჩრდილოეთ კორეამ ტოკიოს შეატყობინა, რომ 22 ნოემბრიდან, პირველ დეკემბრამდე პერიოდში აპირებდა პირველი „ჯაშუშური თანამგზავრის“ გაშვებას ორბიტაზე. ფხენიანი ამტკიცებს, რომ რაკეტა 22 ნოემბერს გაუშვა. ფხენიანი იმასაც ამტკიცებს, რომ მზვერავი თანამგზავრიდან თეთრ სახლს და პენტაგონს ფოტოები გადაუღო.