ძებნის რეზულტატი:

ამირან გამყრელიძე: ვაქცინაცია უნდა იქცეს საერთო სახალხო მოძრაობად

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგ ვაქცინაცია უნდა იქცეს საერთო სახალხო მოძრაობად. მისი თქმით, ვაქცინაციის გარეშე ეპიდემია არ დასრულდება. „აცრის გარეშე ეპიდემია არ დასრულდება. ამიტომ წელს ქვეყანაში ეს უნდა იქცეს საერთო სახალხო მოძრაობად. ამაზე დიდი პრიორიტეტი არ უნდა იყოს. ვაქცინაცია დაასრულებს იმას, რომ აღარ დაგვეღუპებიან ადამიანები, პირდაპირ მშურს ისრაელის, რომელმაც ამ სამი დღის წინ გამოაცხადა, რომ 10 თვის განმავლობაში პირველი დღე ჰქონდათ, როცა ისრაელში კოვიდით ადამიანი არ გარდაცვლილა. მეც ძალიან მინდა, რომ საქართველოში დადგეს დღე, როდესაც კოვიდით ადამიანი აღარ დაგვეღუპება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული Sinopharm-ით ვაქცინაცია

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, იმუნიზაციის საბჭოს წევრი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული Sinopharm-ით ვაქცინაცია. ამის შესახებ მან "ქრონიკას" ეთერში ისაუბრა. "Sinopharm-ის ვაქცინასთან დაკავშირებით, მწარმოებელი კომპანია ანოტაციაშია რამდენიმე საკითხზე მიუთითებს. შესაბამისად ვაქცინაციის ანკეტის ჩეკლისტში დამატებითი შეკითხვები გაჩნდება. მათ შორის ჰქონია თუ არა პაციენტს ნებისმიერ სხვა ვაქცინაზე რთული ალერგიული რეაქცია, ასევ აქვს თუ არა პაციენტს ეპილეფსია, ან თუ მოქალაქეს აქვს მაღალი არტერიული წნევა, რომელიც მედიკამენტოზურ მკურნალობას არ ექვემდებარება - ასეთ შემთხვევებში Sinopharm-ის ვაქცინით აცრა რეკომენდებული არ არის", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

გიორგი ხოჯევანიშვილი: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გაცვლიან თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე სავარძლებს

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გაცვლიან თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე სავარძლებს“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი გახარიას გუნდის წევრის თქმით, მძიმე სოციალური ფონია შექმნილი, რასაც ოკუპაციის მძიმე ტვირთიც ემატება. „ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო ბორდერიზაცია და არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მოქალაქეების ურთულესი ყოფა. დღეს ჩვენს მოქალაქეებს აქვთ განცდა, რომ ხელისუფლება მათზე სათანადოდ არ ზრუნავს და სხვა ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგით არის დაკავებული. არავისთვისაა სიახლე, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია შექმნილი და ამას კონკრეტული საქმით რეაგირება სჭირდება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გაცვლიან თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე სავარძლებს. ერთადერთი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს იმ ნაწილში, რომ, როდესაც შეთანხმება გაფორმდა, მხარეებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მის შესრულებაზე. აქაც ვხედავთ, რომ მხარეების მხრიდან ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციებს“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში, პლენარულ სესიაზე. მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურას გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 96-მა დეპუტატმა გაიარა. დღევანდელ კენჭისყრაზე კახა კუჭავას მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ექვსი წავიდა. რაც შეეხება ოპოზიციის სხვა წევრებს, კახა კუჭავას კანდიდატურას მხარი დაუჭირეს „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“, „გირჩის“ წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს, დანარჩენებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი დეპუტატი, ვინც წინააღმდეგ მისცა ხმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე არიან. Europetime დეპუტატებს ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა, თუმცა ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

გიორგი ხოჯევანიშვილი: საჯარო მოხელეებისა და საკრებულოს წევრების მიმართ დამოკიდებულების ის ფორმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, არ მუშაობს

„აუცილებლად უნდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და იმ სამარცხვინო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩემი და ჩემი კოლეგების, გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო მოხელეებისა და საკრებულოს წევრების მიმართ დამოკიდებულების ის ფორმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, არ მუშაობს. მე უბრალოდ ვეტყოდი მათ, ვინც ასეთ დავალებებს გასცემს და ასრულებს. ეს გზა და მეთოდები წარსულში ნაცადია და სიკეთეს ნამდვილად ვერ მოგიტანთ. მინდა გავამხნევო ჩვენი თანამოაზრეები და ვუთხრა, რომ გუშინდელი და გუშინწინდელი დღეები წარსულში დარჩება და ჩვენ წავალთ წინ“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა. გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა,,ქართული ოცნება“ 14 აპრილს დატოვეს.

ბექა ლილუაშვილი: დღეს ვერ ვხედავთ, რას გეგმავს ხელისუფლება გაჭირვებასთან მარტო დატოვებულების მხარდასაჭერად

„დღეს ვერ ვხედავთ, რას გეგმავს ხელისუფლება გაჭირვებაში მარტო დატოვებულების მხარდასაჭერად“, - ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კომუნალურების სუბსიდირება დასრულდა, ვაქცინაცია გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს, ვხედავთ, როგორია კოვიდის სტატისტიკა, წინ გვაქვს დღესასწაულებთან დაკავშირებული უქმეები - მეტი გაჭირვება, მეტი პრობლემები ჩვენი მოქალაქეებისთვის. რას ვეუბნებით ამ ადამიანებს? ამ ადამიანებისთვის სრულიად უმნიშვნელოა პარლამენტის თავმჯდომარის მოხსნა/დანიშვნისთვის გაჟღერებული რაღაც გაუგებარი ახსნა-განმარტებები. მე მინდა მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, მეტად დაინტერესდეს ამ პრობლემებით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს მხარდაჭერის ღონისძიებები არ იყო საკმარისი, მაგრამ ეს იყო შეზღუდული რესურსების პირობებში სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობა მოქალაქეებზე, ხალხზე. მათთან კავშირი და მათი მინიმალური თანადგომა ამ მძიმე პერიოდში. მომდევნო თვიდან ეს მზრუნველობაც გაქრება და ადამიანები დარჩებიან სრულიად მარტო გაჭირვებასთან. დღეს ვერც მე, ვერც ჩემი გუნდის სხვა წევრები, და, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეები, ვერ ხედავენ რას გეგმავს ხელისუფლება გაჭირვებასთან მარტო დატოვებული ადამიანების მხარდასაჭერად. პოლიტიკური კინკლაობის დრო უნდა დასრულდეს, ეს არის გუშინდელი დღე. დღეს საჭიროა საქმიანი დღის წესრიგი, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფოს ხვალინდელ დღეზე, რიგითი მოქალაქის მომავალზე - ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი თანმიმდევრული გეგმა - დასაქმების, მედიკამენტების გაზრდილი ფასების, პოსტ-პანდემიური სოციალური მხარდაჭერისთვის, ინვესტიციების ხელშეწყობისთვის, ეკონომიკის აღდგენის გეგმა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ ადამიანებზე როცა ეს მათ სჭირდებათ და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გვჭირდება მათი თანადგომა არჩევნების წინ“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

გიორგი რურუა: კრიზისის დასაძლევად, მნიშვნელოვანია,  ნიკა მელია სასწრაფოდ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან

გიორგი რურუამ გლდანის ნომერ მერვე პენიტენციური დაწესებულება დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვაია შეთანხმების მეორე პუნქტის შესრულება და ნიკა მელიას გათავისუფლება. გიორგი რურუამ მადლობა გადაუხადა ამერიკის ელჩს, ამერიკელ სენატორებს, ევროკავშირის ელჩსა და შარლ მიშელს. "პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა. კრიზისის დასაძლევად, მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს მეორე ნახევარიც და ნიკა მელია სასწრაფოდ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან. წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე, რატომ, არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა. მემგონი, ყველასთვის ნათელია, ნიშნის მოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ, ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. მინდა, მადლობა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს, მე მათი მჯერა, მწამს, ხელი უნდა შევუწყოთ", - განაცხადა გიორგი რურუამ. როგორც რურუამ აღნიშნა, ის არ ელოდა ამნისტიის აქტზე ხელმოწერა. "არ ველოდი შეთანხმების შესრულებას და ეს გასაგებია რატომაც - 20 ივნისის მერე ძალიან ბევრჯერ მოუწიათ ტყუილის თქმა და სიტყვის გატეხვა და თქვენც არ ენდობით მათ, ვინც რამდენჯერმე სიტყვას გატეხავს. შეწყალებით, მე მგონი, თავისი დანაშაული გამოასწორეს", - განაცხადა რურუამ. აგრეთვე მან აღნიშნა, რომ ის არ აპირებს პოლიტიკაში ჩართვას. "მე ვარ აქტიური მოქალაქე, დავრჩები აქტიურ მოქალაქედ. პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არაა, ჩვენც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ პოლიტიკოსებს როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, ისე სხვადასხვა პრატფორმიდან", - განაცხადა რურუამ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს დღეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის შემდეგ მოაწერა ხელი. შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება გიორგი რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სასამართლომ გიორგი რურუა სსკ-ის 381-ე მუხლითაც გაამტყუნა, რაც ძალაში შესული განაჩენის ხელის შეშლას გულისხმობს.

გიორგი რურუამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი რურუამ გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. „პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა. კრიზისის დასაძლევად, მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს მეორე ნახევარიც და ნიკა მელიამ სასწრაფოდ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან. წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე, რატომ, არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა. მემგონი, ყველასთვის ნათელია, ნიშნის მოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ, ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. მინდა, მადლობა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს, მე მათი მჯერა, მწამს, ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა გიორგი რურუამ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს დღეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის შემდეგ მოაწერა ხელი. შეგახსენებთ, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება გიორგი რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სასამართლომ გიორგი რურუა სსკ-ის 381-ე მუხლითაც გაამტყუნა, რაც ძალაში შესული განაჩენის ხელის შეშლას გულისხმობს.

თურქეთის პარლამენტი გმობს ბაიდენის განცხადებებს 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით

თურქეთის პარლამენტმა 1915 წლის მოვლენების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება მტკიცედ დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu agency ავრცელებს. პარლამენტმა ბაიდენს მოუწოდა სომეხთა გენოციდის გამო, შეცვალოს მისი განცხადება. „იურიდიული და მორალური თვალსაზრისით, აშშ-ის პრეზიდენტი უფლებამოსილი არ არის ისტორიულ საკითხებზე იმსჯელოს. ბაიდენმა უნდა შეცვალოს ეს მცდარი განცხადება, რომელიც ისტორიულ ფაქტებთან არათავსებადია და ჩვენი ერის ნამუსს შეურაცხყოფას აყენებს. მოგიწოდებთ, უარი თქვათ ამ განცხადებაზე, რომელიც ნეგატიურ გავლენას მოახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე“, - ნათქვამია თურქეთის პარლამენტის განცხადებაში. ცნობისთვი, 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ, 1915-1923 წლებში, სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. საპასუხოდ, ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება უგულებელყოფს ისტორიას და ლობისტების მოთხოვნებს ემორჩილება.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 99-ე შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, დღეს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 99-ე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მკაცრად დააყენეს უკანონო დაკავებული პირების, მათ შორის ზაზა გახელაძის, უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი. „დღევანდელ შეხვედრაზე ბუნებრივია მთავარი განსახილველი საკითხი იყო, ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნების გადაწყვეტის საკითხი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ის უპრეცედენტო ჩართულობა, რომელიც გამოიჩინეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, როგორც ზაზა გახელაძის, ისე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა თანამოქალაქის საკითხთან დაკავშირებით. დიალოგი შედგა, იყო ძალიან საინტერესო, ამ კუთხით მუშაობა გრძელდება და რაც მთავარია, დიალოგის გაგრძელებაზე თანხმობაა. ბუნებრივია ჩვენ შევხვდებით ოჯახის წევრებსაც და გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს”,- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ. შეხვედრის მთავარი თემა, ასევე, ბოლო პერიოდში გააქტიურებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი იყო, რომელიც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს შეიცავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისთვის. „საუბარი, ასევე, შეეხო ისეთ მტკივნეულ და პრობლემურ საკითხს, რომელიც დღეს გაგვაჩნია, ეს არის უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია, რომ ჩვენ ვიქნებით შეურიგებელი თითოეულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტთან, რაც პირდაპირ ბმაშია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის, როგორც სიცოცხლის და თავისუფლების, ასევე მათ ყოველდღიურ სასიცოცხლო ინტერესებთან“,-აღნიშნა ირაკლი ანთაძემ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვაზე. IPRM-ის შემდეგი შეხვედრა ივნისში არის დაგეგმილი.

სალომე ზურაბიშვილი: ქართული ენის დაცვა და განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადის

ორბელიანების სასახლეში ქართული ენის დაცვისა და განვითარებისათვის ციფრული ინსტრუმენტების შექმნის ხელშეწყობისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს და თანამედროვე პირობებში, ქართული ენის დაცვა და განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადის. „ჩვენ თუ ვფიქრობთ, დღევანდელ დღეს, თანამედროვე პირობებში, როგორ უნდა იყოს დაცული და განვითარებული ქართული ენა, ეს საკითხი თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადის. ცალკეულმა ინდივიდუალურმა წამოწყებებმა შეძლეს ის, რაც სახელმწიფომ ჯერ ვერ შეძლო. ჩვენი აქ შეხვედრა სწორედ იმისთვისაა, რომ ვიფიქროთ სახელმწიფოებრივად და თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ მიმართულებით. ძალიან საინტერესო წამოწყებებია და მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, რომლებიც აქ არიან - ერთი მხრივ ბატონი ელერდაშვილი, რომელიც უკვე დავაჯილდოვეთ სწორედ მისი წამოწყებისთვის. მან შექმნა პირველი მორფოლოგიური, ანალიტიკური ბაზა, რომელიც აუცილებელია და მოგვცა პირველი ქართულენოვანი "Spellchek"-ი და ასევე, მის ირგვლივ შექმნილი ჯგუფი, რომელიც მასთან ერთად ამ თემების ირგვლივაა გაერთიანებული. ასევე, მინდა მივესალმო ბატონ ზაქარია ფურცხვანიძეს ფრანკფურტის უნივერსიტეტიდან, რომელიც ასევე დავაჯილდოვე ღირსების მედლით და ველოდებით, რომ აქ ჩამოსვლისას ამ ჯილდოს გადავცემთ, ყველა ფორმის დაცვით. განათლების სამინისტრო, რომელსაც ეს ეხება უშუალოდ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, ეს მისი ფუნქციაა - უნდა იყვნენ ჩართული ამ საქმეში და ასევე ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც ქართულ ენაზე სხვადასხვა კუთხით მუშაობს. ეს იქნება ლექსიკონების შექმნის თუ სხვადასხვა ფორმის კვლევის კუთხით, ეს იქნება ძველი ქართული, თუ თანამედროვე. ამ საქმეში ყველა უნდა იყოს გაერთიანებული, თუ გვინდა, მივაღწიოთ შედეგს - ამ ციფრულ სივრცეში, ქართული ენა ისეთივე დაცული და ისეთივე წარდგენილი უნდა იყოს, როგორც ნებისმიერი სხვა თანამედროვე ენა. ეს არის მიზანი, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ მე მგონი, პირველი ეტაპია, რომ ჯერ დაიწყოს აზრების გაცვლა არაფორმალურად და ამ ძალიან დიდი საქმის პირველი ეტაპი საპილოტე ფორმით შეიძლება დაიწყოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეხვედრაზე ის შესაძლებლობები განიხილეს, რომლებიც წარმოქმნა ახლახან შექმნილმა ვებსაიტმა - www. Spellchecker.ge-მ და დასრულების ფაზაში არსებულმა მორფოლოგიურმა ანალიზატორმა. ასევე, იმსჯელეს მორფოლოგიური ანალიზატორის დასრულებისათვის აუცილებელი ღონისძიებების, ისე როგორც ენობრივი ნორმების ნორმალიზაციის პროცესის შესახებ. ამასთან, შეხვედრაზე განისაზღვრა ქართული ენის სრულყოფილი ანალიზატორის შექმნის მიზნით, არსებული გამოცდილებისა და პროგრამის საფუძველზე, ქართული ენის სემანტიკური და სინტაქსური ანალიზატორების შექმნის შესაძლო ვადა, საჭიროებები და სახელმწიფოს მიერ გასაწევი დახმარების მოცულობა. შეხვედრას ესწრებოდნენ: მაკა თეთრაძე, ნათია გოგიჩაიშვილი, გვანცა შუბითიძე, თორნიკე გელაშვილი, ვახტანგ ელერდაშვილი​, მარინა ბერიძე და თინათინ მარგალიტაძე. ასევე, ზუმის მეშვეობით ჩაერთვნენ - თამარ ფეიქრიშვილი (საქართველო), ნათია მიროტაძე (ავსტრია), ზურა ბარათაშვილი (ავსტრალია) და ზაქარია ფურცხვანიძე (გერმანია).

საპატრიარქო სააღდგომო საზეიმო წირვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო სააღდგომო საზეიმო წირვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მრევლს მოუწოდებს, რომ წირვაზე დასასწრებად იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია. "საზოგადოებისთვის ახლახან ცნობილი გახდა, რომ აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი შენარჩუნებული იქნება 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისს გამთენიამდე, 04:00 საათამდე. ვინაიდან ტაძარში მისვლის მსურველები და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის საზეიმო წირვის მონაწილენი, სავარაუდოდ, მრავლად იქნებიან, ეპიდემიასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია, რომ გავუწიოთ ანგარიში საკუთარ თავსაც და სხვასაც. რისკის ჯგუფში შემავალ მრევლს შეუძლია დარჩეს სახლში და მათთან საზიარებლად მათი მოძღვარი მივა. ვინაიდან, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სააღდგომო დღეებში სასაფლაოებზე გადაადგილებაზე მოქმედებს შეზღუდვები, მივმართავთ ყველა მღვდელმთავარს, 2021 წლის 3 მაისს, ორშაბათს, უზრუნველყონ სასულიერო პირთა მიერ სასაფლაოების კურთხევა, მცხეთა-თბილისის ეპარქიასა და რუსთავში ამას ადგილობრივი სასულიერო პირნი აღასრულებენ," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთში საქართველოს საელჩო სრული ლოკდაუნის რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ 29 აპრილის 19:00 საათიდან 17 მაისის 05:00 საათამდე. ამ პერიოდში, დახურული იქნება ყველა სავაჭრო და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი, გარდა ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დაწესებულებებისა, როგორიცაა აფთიაქი, მარკეტი და სხვ. კაფე-ბარები, რესტორნები და სხვა კვების ობიექტები იმუშავებენ მხოლოდ გამოძახების/ადგილზე მიტანის რეჟიმში; სურსათის ქსელური მაღაზიები, იმუშავებენ ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00-17:00 საათებში. ამასთან, მოქალაქეებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში. ამ პერიოდში, ასევე, იზღუდება საქალაქთაშორისო მიმოსვლა, გადაუდებელი შემთხვევების გარდა. მოქალაქეებს, ნებისმიერი სახის ტრანსპორტით (ავტობუსი, მატარებელი, გემი, თვითმფრინავი) საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის საჭირო ნებართვის აღება შეუძლიათ e-Devlet სისტემიდან და/ან ALO 199 ცხელი ხაზის საშუალებით. მგზავრობისას, მოქალაქემ უნდა წარადგინოს ე.წ. HES კოდი. ამასთანავე, ძალაში რჩება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემომავალი უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის და ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსების ვალდებულება (https://register.health.gov.tr/) . თურქული მხარის მიერ დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება ქვეყანაში ტურისტული მიზნით მყოფ უცხოელებზე. ხოლო უცხო ქვეყნის ყველა ის მოქალაქე, ვისაც გააჩნია თურქეთის ტერიტორიაზე ბინადრობის ნებისმიერი სახის მოწმობა, ვალდებულია დაემორჩილოს მოქმედ რეგულაციებს. ზემოაღნიშნული წესების დამრღვევი პირი დაჯარიმდება. ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით, გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, მოქალაქეებს მოემსახურება მხოლოდ საგანგებო - გადაუდებელ შემთხვევებში, ვიზიტის წინასწარი ჩანიშვნის გზით. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე:1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 802. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 818 44 003. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 326 22 264. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

ანრი ოხანაშვილი: ,,ქართული ოცნება" დააინიცირებს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ,,ქართული ოცნება" დაარეგისტრირებს კანონპროექტს ამნისტიის შესახებ. მისივე თქმით, ამნისტია გავრცელდება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასა და სასჯელისგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული. „ქართული ოცნების“ გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევასრულოთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დავაინიციროთ ამნისტიის შესახებ კანონი, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში და თავიდან ავირიდოთ 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობასა და პოლიციელებზე ძალადობის, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით რეაგირების საკითხების გადაჭარბებული პოლიტიზება . ამნისტია გავრცელდება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასა და სასჯელისგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; ასევე, ეს შეეხება როგორც დანაშაულის მომზადებას, ასევე მცდელობას; შეეხება ასევე პირობით მსჯავრს. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით თუ ვისზე შეიძლება არ გავრცელდეს (ამნისტია). ამ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად დავაახლოვეთ პოზიცია. კონვენციური დათქმა, რომელიც გულისხმობს, რომ არ შეიძლება გავავრცელოთ ამნისტია წამებაზე, წამების მუქარაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და ასევე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაზე - ეს პუნქტიც არის ჩადებული ჩვენ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტში. ასევე, ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - პირი, რომელსაც არ სურს ისარგებლოს ამნისტიით, მას სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება ექნება“, - განმარტა ოხანაშვილმა

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ოპოზიცია ამნისტიის შესახებ კანონპროექტის თავის ვერსიას ხვალ დაარეგისტრირებს

ოპოზიცია 19-21 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტის თავის ვერსიას პარლამენტში ხვალ დაარეგისტრირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განუცხადა. ,,დარეგისტრირდება ორი კანონპროექტი – ერთი ოპოზიციის და ერთი „ქართული ოცნების“, მაგრამ რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ ორივე კანონპროექტში იქნება დაცული კონვენციური მუხლები და კონვენციურ მუხლებზე არ გავრცელდება არც ერთი კანონპროექტი და არც მეორე. შევთანხმდით იმაზე, რომ ძალადობის საქმეები დაემატა მათ კანონპროექტსაც და „ქართული ოცნების“ კანონპროექტში მაკო გომურის ტიპის საქმეებზე კიდევ დამატებითი გარანტიები იქნება, რომ ამნისტია არ გავრცელდება. ვერ შევთანხმდით დაზარალებულთა თანხმობაზე, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თანხმობა არ უნდა მოვითხოვოთ. ჩვენ ვთვლით, რომ დაზარალებულის თანხმობა არის აუცილებელი. იქნება სამი საკომიტეტო მოსმენა და ამის შემდეგ კონკრეტულად გადაწყდება, რომელ კანონპროექტს მიიღებს პარლამენტი. მთავარი ისაა, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა საზოგადოების მოთხოვნას და ჯალათებთან მიმართებაში ვერ იქნება ამნისტია გამოყენებული ვერცერთ შემთხვევაში“, – განაცხადა ვაშაძემ.

Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყო

18 წლის ზემოთ მოქალაქეების Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯავშნის გასაკეთებლად, მოქალაქეებს შეუძლიათ, ეწვიონ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 15 22. ცნობისთვის, საქართველოში ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება.

ჯეიმს აპატურაი: NATO შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი ნაბიჯების განხორციელებას ინტერესით დააკვირდება

„NATO შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი ნაბიჯების განხორციელებას ინტერესით დააკვირდება“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. „საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება ნამდვილად კარგი ამბავია ყველა დაინტერესებული მხარისთვის. პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან მათ არჩეულ წარმომადგენლებს მუშაობის დაწყება შეეძლებათ, თავის მხრივ, მთავრობას შეეძლება, ფოკუსირდეს მიმდინარე გამოწვევებზე, როგორიცაა კოვიდკრიზისი და მისი ეკონომიკური გავლენა, ასევე - სასამართლო სისტემის რთულ, მაგრამ საჭირო რეფორმებზე. ეს ასევე კარგი ამბავია საქართველოში პოლიტიკოსებისთვის, რადგან შეთანხმება ითვალისწინებს რიგ მექანიზმებსა და გარანტიებს, რომლებიც საშუალებას მისცემს ყველა პოლიტიკოსს, ჩაერთონ დიალოგში არსებით საკითხებზე და ითანამშრომლონ კონსტრუქციულად. და ბოლოს, ეს ასევე კარგი ამბავია ყველა ჩვენგანისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ვისაც სურს, იხილოს საქართველოს წარმატება. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება განახლებულ ბიძგს მისცემს შიდა რეფორმებს და საქართველოს უფრო დააახლოებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებთან, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისთვის. ამრიგად, ძალიან ვაფასებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩის, კრისტიან დანიელსონის და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ძალისხმევას, რაც აღნიშნული მიზნების შესრულების შესაძლებლობას ხელს შეუწყობს. ვიყურებით რა წინ, NATO შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი ნაბიჯების განხორციელებას ინტერესით დააკვირდება“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კახა კუჭავას შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე კახა კუჭავა ეწვია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე დალოცა და ქვეყნის სასიკეთოდ ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

ჯეიმს აპატურაი: NATO უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გადაადგილების კონტროლს განაგრძობს

„NATO უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გადაადგილების კონტროლს განაგრძობს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. „რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და არალეგიტიმური ანექსიის შემდეგ, NATO-მ თავისი ყოფნა შავ ზღვაში გაზარდა. NATO-ს გემები რეგულარულად პატრულირებენ და ატარებენ წვრთნებს შავ ზღვაში. რამდენიმე მოკავშირე ახორციელებს საჰაერო კონტროლს. კრაიოვში გვყავს მრავალეროვანი ბრიგადა, რომელსაც რუმინეთი უძღვება. NATO-ს სამი წევრი ქვეყანა - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი არიან სანაპირო ქვეყნები, საკუთარი ძალებით შავი ზღვის რეგიონში. ამავდროულად, საქართველოსთან საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას ვაძლიერებთ, მათ შორის საქართველოს სანაპირო დაცვის ტრენინგით. NATO და საქართველო ასევე იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას შავ ზღვაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ რჩება, NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე NATO-ს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის საკითხი. ეს საკითხი NATO-უკრაინის კომისიის სხდომაზე ასევე განვიხილეთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთმა ჯარი (ათიათასობით, საბრძოლო მზადყოფნაში) და სამხედრო ტექნიკა გადაიტანა უკრაინის საზღვრებთან და სამხედრო მზადყოფნის შემოწმების შესახებ გამოაცხადა. მან გააძლიერა თავისი სამხედრო ყოფნა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულსა და შავი ზღვის რეგიონში. ეს სამხედრო აქტივობა ძალიან უჩვეულოა როგორც მასშტაბით, ასევე პერიოდით და რუსეთი თავის მიზნებში არ იყო გამჭვირვალე. ეს არის რუსეთის აგრესიული მოქმედებების მაგალითის კიდევ უფრო ფართო ნაწილი, რაც ძალიან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ სათანადოდ გავითვალისწინეთ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბოლოდროინდელი განცხადება რუსეთის მხრიდან დეესკალაციის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანი და დაგვიანებულია. NATO სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გადაადგილების გაკონტროლებას განვაგრძობთ. NATO უკრაინის გვერდით დგას და მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალა უკრაინის ტერიტორიიდან. ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინას უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორის ინსტიტუტების შესაძლებლობების განმტკიცებაში დავეხმარეთ. გავაუმჯობესეთ თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში მეტი სწავლებით და პორტში ვიზიტებით; ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ფართო რეფორმის დღის წესრიგს, რაც უკრაინას უფრო მდგრადს გახდის და ხელს შეუწყობს მის NATO-სთან დაახლოებას. გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ახლახან ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის, ჩავატარეთ NATO-უკრაინის კომისიის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან ერთად, სადაც განვიხილეთ უახლესი მოვლენები. NATO-ს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი რჩება“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. ჯეიმს აპატურაი: NATO შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი ნაბიჯების განხორციელებას ინტერესით დააკვირდება

კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები 29 და 30 აპრილს გაიმართება

კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები რუსთაველის ეროვნულ თეატრში ხუთშაბათსა და პარასკევს (29 და 30 აპრილს) 15:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთაველის თეატრი ავრცელებს. მათივე ცნობით, კახი კავსაძეს თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ. კახი კავსაძე 2021 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობს საბურთალოს სასაფლაოზე მისი მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდზე დაკრძალავენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სლოვაკეთისა და ბალტიის ქვეყნების ელჩები დაიბარა

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 აპრილისთვის დაიბარა სლოვაკეთისა და ბალტიის სამი სახელმწიფოს ელჩები ისე, რომ მიზეზი არ დაუსახელებია. როგორც გამოცემა Interfax-ზე დაყრდნობით წერს, სლოვაკეთის, პოლონეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა 26 აპრილს განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ჩეხეთის რესპუბლიკიდან რუსეთის დიპლომატების გაძევებას, მას შემდეგ, რაც პრაღამ განაცხადა, რომ რუსეთის ორი ჯაშუში ეჭვმიტანილია, რომ ისინი დგანან 2014 წელს ჩეხეთის იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქების უკან, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი 22 აპრილს შეუერთდნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნების სწრაფად მზარდ სიას, რომლებიც რუსეთის დიპლომატების გაძევებას ითხოვენ სავარაუდო ჯაშუშობისთვის