ძებნის რეზულტატი:

ეკატერინე ტიკარაძე: PCR ტესტებისა და აცრის ბარათების გაყალბების შემთხვევები ნამდვილად დაფიქსირდა და მათი შესწავლა მიმდინარეობს

"სამწუხაროდ, გაყალბებულ PCR ტესტებთან მიმართებით, ჯანდაცვის სამინისტრო კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უცხოეთიდან შემოსული ტურისტების შესაძლო გაყალბებულ PCR ტესტსა და კოვიდ პასპორტებზე საუბრისას განაცხადა. "მსგავსი ფაქტების გამოძიებით დაკავებული არიან სხვა უწყებები, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან მსგავსი ფაქტების გამოვლინებაში, შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება მათ კომპეტენციაშია", - განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, მსგავსი დოკუმენტაციის გაყალბების ერთეული შემთხვევები ნამდვილად დაფიქსირდა და ამ დროისთვის მათი შესწავლა მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც. "ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოვიდ პასპორტების გაყალბება შესაძლოა ხდებოდეს, ჩვენამდეც მოვიდა, ამიტომაც ერთი დამატებითი ტესტის მექანიზმი გვაქვს", - განაცხადა გაბუნიამ. მისი თქმით, ქვეყანაში შემოსული ვიზიტორი 72 საათის შემდეგ ვალდებულია, PCR ტესტი საქართველოშიც ჩაიტაროს. "ასევე, ჩვენთვის ამ პრობლემის უფრო გრძელვადიანი და მყარი გადაწყვეტა ევროკავშირის ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირება იქნება. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და ეს საკითხიც მალე გადაწყდება. ეს მნიშვნელოვანი იქნება, როგორც უცხოეთიდან შემოსული პირების, ასევე საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში მოგზაურობის დროს ჩვენთან გაცემული სერტიფიკატების აღიარებისთვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

„ევროპულმა საქართველომ“ მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები წარადგინა

პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები წარადგინა. ბოკერიას განცხადებით, მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები ხონში ზურაბ ჯიბუხაია, თერჯოლაში კი ზურაბ ბუცხრიკიძე იქნებიან. ამასთან, "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატები იქნებიან: ამროლაურში - მაია კაციტაძე, ახალქალაქში - არსენ კარაპეტიანი, მარნეულში - აჰმედ იმამკულიევი, ახალციხეში-ზურაბ სადათიერაშვილი, გორში - ეთერ ჯალაღანია, ხობში - მარიამ შონია, სამტრედიაში-ჟუკიანა ფოფხაძე, თეთრიწყაროში - ნინო დავითაშვილი, კასპიში-აკაკი (კახა) გეჯაძე. ვიცე-მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი რუსთავში ინგა სიხარულიძეა. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებს, როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ბათუმში ვახტანგ კალოიანი, ფოთში ვახტანგ დარცმელიძე, საჩხერეში კი კობა მოდებაძეა. „ევროპული საქართველოს“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დუშეთში - მერი ფოლადაშვილი, ხობში მამუკა ჭოხონელიძე, სამტრედიაში კი ავთანდილ სტურუა იქნებიან.

Facebook-მა, "თალიბანისგან" დაცვის მიზნით, ავღანელებისთვის უსაფრთხოების ახალი ფუნქციები დაამატა

კომპანია Facebook-მა "თალიბანისგან" დაცვის მიზნით, სპეციალურად ავღანელი მოსახლეობისთვის უსაფროების ახალი ფუნქციები შემოიღო. რადგან შიშობს, რომ ოპონენტებს შეუძლიათ, გამოიყენონ სოციალური მედია სამიზნეებისა და ოპონენტების თვალყურის დევნისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. პირველი ფუნქცია არის ე.წ. ლოკდაუნის ფუნქცია. მომხმარებლებს შეუძლიათ ერთი დაწკაპუნებით ჩაკეტონ თავიანთი ანგარიში ისე, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან მათი Facebook-ის მეგობრები, ვერ შეძლებენ მათი ფოტოების გაზიარებასა და პოსტების ნახვას. ასევე შეუძლებელს ხდის მომხმარებლის ინფორმაციის გადამოწმებას. კომპანიამ ასევე გააუქმა ქვეყანაში Facebook-ის ანგარიშების, "მეგობრების" სიის ნახვისა და ძიების შესაძლებლობა. Facebook-ის განცხადებით, ის გააგრძელებს მის პლატფორმებზე "თალიბანის" მიერ განთავსებული კონტენტის აკრძალვას, რადგან მიიჩნევს, რომ ჯგუფი ტერორისტული ორგანიზაციაა.

ქართველ ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფი: იღუპებიან აუცრელი პაციენტები, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს

ქართველ ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფი: იღუპებიან აუცრელი პაციენტები, ვაქცინაცია რჩება პანდემიასთან ბრძოლის მთავარ ეფექტურ იარაღად კორონავირუსის საწინაღმდეგო ღონისძებების შესახებ ქართველ ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფი მიმართვას ავრცელებს. მიმართვის ხელმომწერები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ ჩაერთონ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში. მათი თქმით, მასობრივი ვაქცინაცია რჩება პანდემიასთან ბრძოლის მთავარ ეფექტურ იარაღად. "დღეს ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, სადაც კორონავირუსი უკონტროლოდ ვრცელდება საქართველოში, სრულად ვაქცინირებულთა რიცხვი არ აღემატება 10%-ს, საავადმყოფოები დაავადებულ პაციენტებს ვერ იტევს და ადამიანური მსხვერპლი საგანგაშოდ მაღალია. ასეთ ეპიდვითარებას ვერ გაუძლებს ვერცერთი ქვეყანა, მით უმეტეს საქართველოსთვის ამხელა დანაკარგი შეუვსებელია. ამ მოცემულობაში, მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია რჩება პანდემიასთან ბრძოლის მთავარ ეფექტურ იარაღად. არსებული ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია, განსაკუთრებით მძიმე ავადობის და სიკვდილიანობის შემცირების მხრივ. ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია მასობრივად ტარდება, კოვიდ-ვაქცინამ უკვე გადაარჩინა მრავალი ადამიანის სიცოცხლე. ამ უზარმაზარ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით Pfizer-ის ვაქცინას ამერიკის მთავარმა მარეგულირებელმა უკვე საბოლოო ავტორიზაციაც მიანიჭა. ამასთან, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამჟამად არ არსებობს კოვიდ-19-ის სამკურნალო სპეციფიკური პრეპარატი და დაავადების მძიმე შემთხვევებში სიკვდილიანობა ძალიან მაღალია", - წერია განცხადებაში. როგორც ექიმები აღნიშნავენ, სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი გადაჭარბებულ იმედს ამყარებს უახლოეს მომავალში მძლავრი ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატის "შემოსვლაზე" და ამ იმედით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინაციაზე ამბობს უარს. "იღუპებიან აუცრელი პაციენტები. დაღუპულთა შორის არიან ახალგაზრდებიც. ახალგაზრდების ხვედრითი წილი ყოველდღიურად იზრდება. გარდა ამისა, ვირუსის სწრაფი გავრცელების დროს ჩნდება მუტაციები რომლებიც ვირუსს უფრო მოქნილს ხდის და ყოველ ჯერზე უფრო ხელსაყრელ თვისებას სძენს. ვირუსი ახალ თვისებებს იძენს და უფრო საშიში ხდება. კიდევ ერთხელ გვინდა მოგიწოდოთ დაუყოვნებლივ ჩაერთოთ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში. პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეფექტური ანტივირუსული პრეპარატის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ მასშტაბის პანდემიის ჩახშობა შეუძლებელია ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის გარეშე. ძლიერი ანტივირუსული პრეპარატი უდავოდ დაგვეხმარებოდა და ვაქცინაციასთან ტანდემში უფრო გაგვიმარტივებდა პანდემიის კონტროლს, მაგრამ ანტივირუსული თერაპია დამხმარე საშუალებაა და ვაქცინაციას ვერ ჩაანაცვლებს. სამწუხაროდ, მოსახლეობაში ჯერ კიდევ არსებობს სკეპტიციზმი და ირაციონალური შიში ვაქცინაციისადმი. ჩვენ, ექიმები და მეცნიერები, თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია ყველასათვის გასაგებ ენაზე. ამას მეტ-ნაკლები წარმატებით ვახერხებთ კიდეც. ჩვენი გმირი ექიმები სიცოცხლის რისკის ფასად, მუხლმოუხრელად შრომობენ. ნაწილი საავადმყოფოებში, ნაწილი რეგიონებში კარდაკარ დადის, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს და საყოველთაო აცრებს საკუთარი ხელით აწარმოებს. შედეგიც არ აყოვნებს. გვსურს სრული თანადგომა გამოვხატოთ საქართველოში ვაქცინაციის პროცესში ჩართული კოლეგების მიმართ. ასევე, როგორც მედიცინის სხვადასხვა დარგში მომუშავე პროფესიონალებმა, გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და ყველას შევახსენოთ აცრების უსაფრთხოებასა და უკუჩვენებების შესახებ: 1. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არის ეფექტური და უსაფრთხო. 2. აცრილ პირებში სიკვდილიანობა მინიმუმ 15-ჯერ დაბალია აუცრელებთან შედარებით. 3. ამჟამად, ბევრ ქვეყანაში, აცრა რეკომენდებულია 12 წელს გადაცილებული პირებისთვის. 4. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას აქვს მხოლოდ 2 ძალიან იშვიათი უკუჩვენება: a. ანაფილაქსიური რეაქცია ამ ვაქცინის შემადგენელ კომპონენტებზე b. ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე 5. ალერგია აცრის უკუჩვენება არ არის. 6. აცრა რეკომენდებულია ყველა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტისთვის. 7. აცრა რეკომენდებულია ორსულობის დროს. 8. აცრა რეკომენდებულია ძუძუთი კვების დროს. 9. აცრა არ იწვევს უშვილობას. 10. აცრა რეკომენდებულია ონკოლოგიური პაციენტებისთვის. 11. აცრა რეკომენდებულია ორგანოგადანერგილი პირებისთვის. 12. აცრა რეკომენდებულია კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ. 13. ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს და კოვიდ-19-ით დაავადებას ვერ გამოიწვევს. 14. აცრა არ ახდენს გავლენას გენეტიკურ მასალაზე. ამავდროულად: 1. აცრის წინ საჭირო არ არის წინასწარი ანალიზი და გამოკვლევა. ნუ დახარჯავთ ამაზე დროს და რესურსს. 2. ასევე, აცრის შემდეგ საჭირო არ არის არანაირი ანალიზი და გამოკვლევა. 3. ნუ შეგაშფოთებთ აცრის შემდეგ მცირე დისკომფორტი, როგორიცაა სიცხე, შემცივნება, სისუსტე, კუნთების და ინექციის ადგილის ტკივილი. ეს ნორმალური მოვლენაა და სწრაფად გაივლის. კვლავ გამოვხატავთ მზადყოფნას გამოვეხმაუროთ საზოგადოების ნებისმიერ კითხვას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში. პატივისცემით, სოფო ბერიძე, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი ეკატერინე ბერიშვილი, ჟენევის უნივერსიტეტი, შვეიცარია რევაზ ბოჭორიშვილი, კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკა, საფრანგეთი მაია ბუწაშვილი, ნეოლაბი, თბილისი მარინა გვახარია, რეპროდუქციული კლინიკა, სანჰოზე, კალიფორნია გიორგი (გოგი) გეგელაშვილი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, დანია ნანა გეგეჭკორი, მაიმონიდის ჰოსპიტალი, ნიუ-იორკი, აშშ ზურაბ გურული, მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკა, მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯექსონი, მისისიპი, აშშ ვახტანგ კალოიანი, ნიუ ჰოსპიტალსი, თბილისი გიორგი კამკამიძე, ნეოლაბი, თბილისი ზაზა კოკაია, ლუნდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, შვედეთი ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, თბილისი ქეთევან ლობჟანიძე, პარიზის ტრუსოს საავადმყოფო, საფრანგეთი არჩილ მარშანია, STENA Ltd, აბერდინი, დიდი ბრიტანეთი მამუკა მაჩაიძე, ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალი, ბალტიმორი, აშშ დავით მრელაშვილი, ექიმი ნევროლოგი, აშშ ნინო ნაცვალაძე, შტუტგარტის კლინიკა, გერმანია ზაზა უჯმაჯურიძე, კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკა, დანია ანი ქავთარაძე, წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატკლინიკა, თბილისი ნატალია ქვარცხავა, დუსელდორფის საუნივერსიტეტო კლინიკა, გერმანია თამრიკო ქვარცხავა, Global PV Source, მორისტაუნი, ნიუჯერსი, აშშ ლიკა ჭყონია, რეპროარტი, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა, საქართველო ცოტნე ჯავახიშვილი, კალიფორნიის ბიოსამედიცინო კვლევების ინსტიტუტი, სან დიეგო, კალიფორნია, აშშ. ამავე თემაზე: საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები ექიმები და მეცნიერთა ჯგუფი მიმართვას ავრცელებენ "ვხედავთ სამედიცინო სისტემის კოლაფსის საშიშროებას" - 700-ზე მეტმა ექიმმა მთავრობას ღია წერილით მიმართა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა კლინიკების ასოციაცია: ლეტალობის ასეთი მაჩვენებელი პატარა ერისთვის კატასტროფულია საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 60

ჯო ბაიდენი Pfizer-ის დამტკიცებაზე: მომენტი, რომელსაც ელოდებოდით, დადგა. დროა წახვიდეთ და დღესვე აიცრათ

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ Pfizer-ის ვაქცინის დამტკიცება არის "მნიშვნელოვანი მომენტი პანდემიასთან ბრძოლაში". ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ბაიდენმა მოუწოდა მათ, ვინც FDA-ის დამტკიცებამდე ვაქცინის გაკეთებას ყოყმანობდა, ახლავე გააკეთონ ის. " ნება მომეცით ამას ხმამაღლა და გარკვევით ვთქვა, თუ თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ მილიონობით ამერიკელს შორის, ვინც თქვა, რომ ისინი არ მიიღებენ ვაქცინას მანამ, სანამ FDA სრულად არ დაამტკიცებდა, გეტყვით, რომ ეს უკვე მოხდა. მომენტი, რომელსაც თქვენ ელოდებით დადგა. დროა, თქვენ წახვიდეთ და გაიკეთოთ ვაქცინაცია დღესვე ", - განაცხადა ბაიდენმა. ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ Pfizer-ის ვაქცინის დამტკიცება ოქროს სტანდარტია. "ისინი, ვინც ელოდებოდნენ სრულ დამტკიცებას, ახლავე უნდა წავიდნენ ასაცრელად. ვაქცინაცია უფასო, მარტივი, უსაფრთხო, ეფექტური და მოსახერხებელია", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა. Pfizer-ის ვაქცინა აშშ-ში პირველი ვაქცინაა, რომელმაც მსგავსი სტატუსი მიიღო მარეგულირებლისგან. აქამდე Pfizer-ის ვაქცინას საგანგებოდ გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული. ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინის 204 მილიონზე მეტი დოზა გაიხარჯა. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა

ნინო ლომჯარია: რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა ასეთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო ტრაგიკული

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება. "დღეს, როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, რას უნდა ველოდოთ, რომ უფრო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული ან რატომ არავინ არ მსჯელობს, მე იგივე პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო, უფრო სავალალო, უფრო ტრაგიკული თუ არა ეს, რაც დღეს ხდება. ანუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს იგივე სააგანგებო მდგომარეობა, ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება, ჩვენ ხომ შარშან ძალიან კარგად ვნახეთ, არჩევნების შემდეგ როგორ დამძიმდა ეპიდსიტუაცია. მე ვერ ვხედავ ვერც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ამ საკითხის სადისკუსიო საკითხად წამოწევას, მაშინ, როდესაც ასეთი ტრაგიკული, ასეთი რთული დღეები უახლოეს ისტორიაში როდის გვქონია, ხომ? ჩვენ არაფერი გვაქვს ხელთ, გარდა იმისა, რომ ამ სიტუაციაში იყოს უფრო მკაცრი რეგულაციები, თუნდაც დროებით, მე არ ვგულისხმობ ხანგრძლივად, მაგრამ როდესაც დღეში 60-70 კაცი იღუპება, ჩვენ არ გვყავს ვაქცინირებულების სათანადო რაოდენობა, არ შეიძლება, ყველაფერი იყოს ღია", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში თვითმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე დადგენილებები მიიღო ექსკლუზიური ინტერვიუ - ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს რა შემთხვევაშია სავალდებულო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კოვიდტესტირება ამომრჩეველი თერმოსკრინიგს სავარაუდოდ, არც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გაივლის

ნიუ-იორკში საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის და თანამშრომლებისთვის კოვიდვაქცინაცია სავალდებულო იქნება

ნიუ-იორკში საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის და თანამშრომლებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ განაცხადა. ახალი რეგულაციის მიხედვით, საჯარო სკოლების დაახლოებით, 148 000 თანამშრომელს კოვიდვაქცინის მინიმუმ ერთი დოზის გაკეთება 27 სექტემბრამდე მოუწევს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ღონიძიებები გატარდება ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, იქნება თუ არა ჯარიმა, ან დაწესდება თუ არა გამონაკლისი. ნიუ იორკის სკოლებში სასწავლო პროცესი 13 სექტემბერს უნდა განახლდეს. გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება ასევე ლოს ანჯელესში, ჩიკაგოსა და ვაშინგტონის შტატში.

პენიტენციური სამსახური მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას იწყებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 26-27 აგვისტოს 9:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. "სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს. პენიტენციური სამსახური გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შარლ მიშელი: მაკრო ფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან არაფორმალური შეხვედრის შესახებ Twitter-ზე წერს. შარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს კიევში, ყირიმის პლატფორმის ფარგლებში შეხვდნენ. შარლ მიშელმა ღარიბაშვილთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები ისეთივე საჭიროა, როგორც არასდროს. „მაკრო ფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია“, - აღნიშნავს მიშელი. ამავე თემაზე: კიევში ირაკლი ღარიბაშვილმა და შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს ექსკლუზიური ინტერვიუ: ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოში პოლიტიკურ აქტორებს დიალოგისკენ მოუწოდებს ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5924 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5924 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4777 პაციენტი. 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 517 098 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 453 488, გარდაიცვალა 6 831 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 288 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 777 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.53% ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 185 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 103 PCR ტესტით. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 924 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 523 022-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.53%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 10.93% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 10.72%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 777 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 458 265. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 891 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 302 შემთხვევა, აჭარა - 629, იმერეთი - 803, ქვემო ქართლი - 376, შიდა ქართლი - 381, გურია - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 412, კახეთი - 537, მცხეთა-მთიანეთი - 165, სამცხე-ჯავახეთი -77, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 85. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 840 საიდანაც 7 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 153, აჭარაში - 1 036, იმერეთში - 1 112. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 568 პირი, მათ შორის, თბილისში - 631, აჭარაში - 166, იმერეთში - 344. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში - 221, აჭარაში - 43, იმერეთში - 24. 3 320 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 545 - თბილისში, 1 244 - აჭარაში. 47 110 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 116 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 114, ხოლო აჭარაში - 2. სულ 6 ოქტომბრიდან - 23 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 101 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 771 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 30 012, პირი, აჭარაში - 8 246, იმერეთში - 4 553.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, კახეთში 5 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. როგორც Europetime-ს უწყებაში განუცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დამატებით ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას ან ხელმძღვანელობას.

საქართველოში კოვიდვაქცინა მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა

საქართველოში კორონავურუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 010 096-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში, საქართველოში ვაქცინა 30 067-მა ადამიანმა გაიკეთა, რაც დღიური რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5924 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

პრეზიდენტი: კონსტიტუცია ეროვნული თანხმობის დოკუმენტია, ყველა ერთად უნდა ვემსახუროთ მის მიზნებსა და პრინციპებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს. მისი შეფასებით, კონსტიტუცია ეროვნული თანხმობის, ერთიანობისა და განვითარების დოკუმენტია, ყველა ერთად უნდა ვემსახუროთ მის მიზნებსა და პრინციპებს. „კონსტიტუცია, როგორც ეროვნული თანხმობის, ერთიანობისა და განვითარების დოკუმენტი არამხოლოდ ქვეყნის უზენაესი კანონი, ან უბრალოდ ნორმათა ერთობლიობაა, არამედ ის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამაერთიანებელი დოკუმენტია გილოცავთ კონსტიტუციის დღეს! სწორედ ამ დღეს, 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ქვეყნის ძირითადი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ეყრდნობოდა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობასა და ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებს. კონსტიტუცია, როგორც ეროვნული თანხმობის, ერთიანობისა და განვითარების დოკუმენტი არამხოლოდ ქვეყნის უზენაესი კანონი, ან უბრალოდ ნორმათა ერთობლიობაა, არამედ ის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამაერთიანებელი დოკუმენტია. ჩვენ, საზოგადოების თითოეულმა წევრმა და ყველამ ერთად პირნათლად და მტკიცედ უნდა დავიცვათ და ვემსახუროთ მის მიზნებსა და პრინციპებს. წელს ჩვენი ქვეყნის პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე აღინიშნება, რომელიც დღესაც კი, თავისი ფასეულობებით ერთ-ერთ პროგრესულ კონსტიტუციადაა აღიარებული და გამოირჩევა თანამედროვეობის ძირითად კანონებს შორისაც კი“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

აზიის განვითარების ბანკი: COVID19 აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების მდგრადი განვითარების პროგრესს აფერხებს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის პანდემია აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების მდგრადი განვითარების მიზნების კრიტიკულად მნიშვნელოვან პროგრესს აფერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. (ADB-ის ცნობით, დღეს გამოქვეყნებული პუბლიკაციის - აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების 2021 წლის მთავარი ინდიკატორების მიხედვით, გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით, განვითარებად აზიაში პანდემია დამატებით დაახლოებით 75-დან 80 მილიონამდე ადამიანს უკიდურესი სიღარიბისკენ უბიძგებს. თუ დავუშვებთ, რომ პანდემიამ უთანასწორობა გაზარდა, უკიდურესი სიღარიბის სავარაუდო მატება - რაც დღეში 1.90 აშშ დოლარზე ნაკლები შემოსავლით განისაზღვრება - შესაძლოა კიდევ უფრო დიდი იყოს. წინსვლა ასევე შეჩერდა შემდეგი მიმართულებებით - შიმშილის დაძლევა, ჯანდაცვა და განათლება, სადაც წინანდელი მიღწევები რეგიონის მასშტაბით შესამჩნევი, მაგრამ სავარაუდოდ არათანაბარი იყო. "მთავარი ინდიკატორები წარმოადგენს ADB-ის 49 რეგიონული წევრი ქვეყნის სიღრმისეულ ეკონომიკურ, ფინანსურ, სოციალურ და გარემოსდაცვით სტატისტიკას. ანგარიშის მიხედვით 2017 წელს დაახლოებით 203 მილიონი ადამიანი ანუ განვითარებადი აზიის მოსახლეობის 5.2% ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში. კოვიდ-19-ის არარსებობის შემთხვევაში ეს ციფრი 2020 წელს დაახლოებით 2.6%-მდე შემცირდებოდა. "აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებმა თვალსაჩინო წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ COVID19-მა ის სოციალური და ეკონომიკური ხარვეზები გამოავლინა, რომლებიც შესაძლოა რეგიონის მდგრად და მრავალმხრივ განვითარებას აფერხებდეს. მდგრადი განვითარების მიზნების 2030-ის შესასრულებლად, გადაწყვეტილების მიმღები პირები საჭიროა აღიჭურვონ მაღალი ხარისხის, უახლესი მონაცემებით, რათა ეკონომიკური აღდგენის დროს ყველა გათვალისწინებული იყოს, განსაკუთრებით მოსახლეობის ღარიბი და მოწყვლადი ნაწილი.", - განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ. ბოლო წლებში აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკა მაღალი ტემპით იზრდებოდა და 2019 წელს გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 35%-ს წარმოადგენდა, დოლარში გაანგარიშებით. COVID19-მა დარტყმა სწორედ იმ დროს მიაყენა რეგიონს, როცა შედარებით სუსტი შიდა ინვესტიციები, შენელებული გლობალური ვაჭრობა და ეკონომიკური აქტივობა აღმასვლის ნიშნებს ავლენდა. აზიისა და წყნარი ოკეანის ანგარიშის წარმომდგენი ეკონომიკებიდან მშპ-ს ზრდა გასულ წელს ოთხიდან ერთმა დააფიქსირა. გადაადგილების შეზღუდვის გამო რეგიონმა დაკარგა სამუშაო საათების დაახლოებით 8%, რამაც დიდი გავლენა მოახდინა შედარებით ღარიბ ოჯახებსა და არაფორმალურად დასაქმებულ მუშახელზე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი ინდიკატორების ანგარიშში სპეციალური ჩანართი ეთმობა პრაქტიკულ ჩარჩოს ციფრული ეკონომიკის მასშტაბის განსასაზღვრად და თანამედროვე სამყაროში მისი მზარდი როლის თაობაზე, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოდ COVID19-ის პანდემიის დროს გამოვლინდა. მთავარი ინდიკატორები 2021-ში ასევე წარმოდგენილია: 1. აზიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორების სტატუსი; 2. რეგიონული ტენდენციები და ცხრილები, მათ შორის რვა თემატური ინდიკატორი - ადამიანები; ეკონომიკა და წარმოება; ფული, ფინანსები და ფასები; გლობალიზაცია; ტრანსპორტი და კომუნიკაციები; ენერგეტიკა და ელექტროენერგია; გარემოს დაცვა; მთავრობა და მმართველობა; 3. გლობალურ ჯაჭვებზე პანდემიის გავლენის ანალიზი და მისი როლი შოკების როგორც შესუსტებას, ასევე გაძლიერებაში; 4. ADB-ის 49 რეგიონული წევრის განახლებული ინდივიდუალური ცხრილები. ანგარიშთან ერთად ADB-მ ასევე განაახლა მთავარი ინდიკატორების მონაცემთა ბაზა, სადაც მარტივ ფორმატშია ხელმისაწვდომი 2000 წლიდან დღემდე არსებული სტატისტიკური ინფორმაცია. "ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი" - აღნშნაულია ინფორმაციაში.

მედია: საბერძნეთში 55 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს

საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში 56 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი თავისივე ბინაში მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, საბერძნეთის პოლიციამ ქართველი ქალის მკვლელობის ბრალდებით, ქართველი მამაკაცი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით,მოკლულს სხეულზე მუშტებით მიყენებული სისხლჩაქცევები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. მკვლელობა გუშინ შუადღისას მოხდა. გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეჭვმიტანილი პარტნიორის ბინიდან სისხლიანი ხელებით გამოვიდა. როგორც ირკვევა, ქალი საბერძნეთში 12 წელი ცხოვრობდა და დამლაგებლად მუშაობდა. პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.

ეუთოს ანგარიში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე

ეუთო/ODIHR-ი საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის საკითხზე მეოთხე ანგარიშს აქვეყნებს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების წარდგენის პროცესში რიგი პოზიტიური სამართლებრივი ცვლილების მიუხედავად, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დღევანდელი საბოლოო მონიტორინგის ანგარიში გვიჩვენებს, რომ პარლამენტის მიერ დანიშვნის ეტაპი ჯერ კიდევ განიცდის ადეკვატური გარანტიების ნაკლებობას, რაც ნეგატიურად აისახება მთლიან პროცესზე. დოკუმენტში წერია, რომ ყველა დანიშნული მოსამართლე კაცი იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა სამართლიანი გენდერული წარმომადგენლობითობის პრინციპს. ამასთან აღნიშნულია, რომ მოქმედ სამართლებრივ ნორმაში კვლავაც არ არის პრევენციის მექანიზმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პოლიტიზირების თავიდან ასაცილებლად, რადგანაც ის პარლამენტს ანიჭებს ქმედებების სრულ თავისუფლებას დაამტკიცოს, ან უარყოს რომელიმე კანდიდატი არსებითი დასაბუთების წარდგენისა და დადგენილი კრიტერიუმების დაცვის გარეშე, რაც კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის სასამართლო სისტემის 4 დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას და საერთაშორისო ნორმების დარღვევას წარმოადგენს. „საერთო ჯამში პოზიტიურმა ცვლილებებმა, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით განხორციელდა, გააუმჯობესა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, თუმცა დარჩა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლებმაც შეასუსტა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესების სამართლიანობა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ უზუნველყო კანდიდატების შერჩევის პროცესის საყოველთაობა და ინკლუზიურობა, რასაც შედეგად მოჰყვა შეზღუდვა კანდიდატთა საერთო რაოდენობაში. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გარკვეული ღონისძიებები განახორციელა, რათა მომხდარიყო 43 კანდიდატის მოსმენებზე საზოგადოებრივი წვდომის უზრუნველყოფა. წახალისების მიზნით აღნიშნული მოსმენები ჩაიწერეს და ონლაინ იყო შესაძლებელი მათი ნახვა. სამწუხაროდ, იმ პირობებში როცა გასაუბრებებთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არ იყო დადგენილი მკაფიო სტანდარტები და სახელმძღვანელო მითითებები, აღნიშნული გასაუბრებების ჩატარების პროცესში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი სხვაობა მათ ხანგრძლივობაში, სტრუქტურასა და საერთო ატმოსფეროში, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამ პროცესში კანდიდატებისთვის გათვალისწინებული თანასწორობა. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული შიდა წინააღმდეგობები, წევრებსა და ზოგიერთ კანდიდატს შორის მტრული შელაპარაკებები, ზიანს აყენებდა პროცესების პროფესიონალურ დონეზე ჩატარებას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი მონაწილე წევრის მიერ ინტერესთა კონფლიქტის პრინციპების დარღვევა აგრეთვე საფრთხეს უქმნიდა კანდიდატთა წარდგენის პროცესის სამართლიანობას“, - აღნიშნულია ანგარიშში. ექსკლუზიური ინტერვიუ: ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი: მნიშვნელოვანია, უზენაესის მოსამართლეების შერჩევის პროცედურა ევროპულ სტანდარტებთან შეესაბამისობაში რაც შეიძლება სწრაფად მოვიდეს

ისრაელმა საქართველო "წითელი" ქვეყნების სიიდან ამოიღო

ისრაელმა საქართველო "წითელი" ქვეყნების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი Facebook-ზე წერს. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში პირველი სექტემბრიდან შედის. "მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო "წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან "ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის პირველი სექტემბრიდან. “, - წერს რან გიდორი. ცნობისთვის, ისრაელმა საქართველო ე.წ. "წითელ სიაში" 22 ივლისს გადაიყვანა, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვის ზრდითაა გამოწვეული. ამავე თემაზე: ისრაელმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა 30 ივლისიდან ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას უკძალავს

უკრაინული საევაკუაციო თვითმფრინავი დაუდგენელმა პირებმა ქაბულიდან ირანის მიმართულებით გაიტაცეს - მედია

ქაბულის აეროპორტში უცნობმა პირებმა გაიტაცეს თვითმფრინავი, რომელსაც ავღანეთიდან უკრაინის მოქალაქეები უნდა გადაეყვანა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ენინმა განაცხადა. „უკრაინის მოქალაქეების ნაცვლად, ამ თვითმფრინავით უცნობი პირები ირანში გაფრინდნენ. ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია კიდევ სამჯერ ვცადეთ, თუმცა მათ აეროპორტის ტერიტორიაზე მოხვედრა ვერ შეძლეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ავღანეთში უკრაინის 50 მოქალაქე რჩება, მანამდე ქვეყანამ სამი რეისი შეასრულა ევაკუაციისთვის. „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.

ზესტაფონსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრები გაიხსნა

ქუთაისის შემდეგ, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრები, ზესტაფონსა და დუშეთის მუნიციპალიტეტშიც გაიხსნა. ზესტაფონში იმუნიზაციის ცენტრი სასკოლო სივრცეში მოეწყო, სადაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ, რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა. იმუნიზაციის ცენტრში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები დღიურად 500-მდე ადამიანს აცრიან. მოქალაქეების ვაქცინაცია კი შესაძლებელია Pfizer-ის, Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინებით. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეების მასობრივი იმუნიზაციის ცენტრამდე მისვლას ზესტაფონის მერია ტრანსპორტით უზრუნველყოფს. 4 ამცრელი ამბულატორია დაემატა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს დუშეთის მუნიციპალიტეტშიც, კერძოდ, ანანურში, ჟინვალში, ბაზალეთსა და მჭადიჯვარში. ამ შემთხვევაშიც მოქალაქეებს ვაქცინაცია ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით Sinopharm-ითა და Sinovac-ით შეუძლიათ. როგორც ცნობილია, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში არსებული 11 ამცრელი ამბულატორია ჯამში მხარის 97 სოფელს ემსახურება.

ღარიბაშვილი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დავარწმუნე, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებაში განსაზღვრული რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებაში განსაზღვრული რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება, რაშიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც დაარწმუნა. `ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დავარწმუნე, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განხორციელებულია, ხოლო დარჩენილ ნაწილზე მუშაობას მტკიცედ ვაგრძელებთ”, - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე. დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია - უფრო ადრე ეს პოსტი შარლ მიშელმა Twitter-ზე გამოაქვეყნა, რითაც კიევში გამართულ არაფორმალურ შეხვედრას შეეხო. შარლ მიშელი: მაკრო ფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია კიევში ირაკლი ღარიბაშვილმა და შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოში პოლიტიკურ აქტორებს დიალოგისკენ მოუწოდებს ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ