ძებნის რეზულტატი:

ჯანმო COVID19-ის ახალი ვარიანტს აკვირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკვირდება COVID 19-ის ახალ ვარიანტს, რომელსაც ბერძნული ანბანის მე-12 ასოს მიხედვით „მიუ“ ეწოდა. გაერო-ს ორგანიზაციის პანდემიის ყოველკვირეული ბიულეტინის მიხედვით, „მიუ“ მეცნიერულად ცნობილია როგორც B.1.621 და კლასიფიცირებულია, როგორც „ინტერესის ვარიანტი.“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალ ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებიც ავლენენ COVID 19-ის ვაქცინებისადმი წინააღმდეგობის გაწევის რისკს და მისი უკეთ შესასწავლად შემდგომი კვლევებია საჭირო. COVID 19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით, აშშ-ის აიდაჰოს შტატში ეროვნული გვარდიის გამოძახება გახდა საჭირო. დამატებითი ძალები საავადმყოფოებს დაეხმარებიან, სადაც პაციენტების უმრავლესობა აუცრელია. აიდოაჰოს შტატში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 400 ადგილიდან ამ დროისთვის თავისუფალი მხოლოდ ოთხი საწოლია. „კოვიდ 19“-ის გავრცელება შეინიშნება ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში, სადაც აგვისტოს დასაწყისიდან შემზღუდველი ზომები მოქმედებს.

დღეიდან ბათუმში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები იმოქმედებს

დღეიდან ბათუმში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ამოქმედდა. მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის გაკეთება მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე შეეძლებათ. ვაქცინაციის სივრცე სამგზავრო ავტობუსებში მოეწყო, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბათუმის სამედიცინო ცენტრისა და საზღვაო ჰოსპიტალის ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრა Pfizer-ისა და Sinovac-ის ვაქცინით იქნება შესაძლებელი. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც. დღეს, 12:00 საათიდან, იმუნიზაციის პროცესი ინასარიძის ქუჩაზე მდებარე, სავაჭრო ცენტრ ვილმარტის, ე.წ. ხოფის ბაზრობის და ე.წ. ოცნების ქალაქის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. ცნობისთვის, საქართველო ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსება დაიწყო. საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 886 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 103 პაციენტი, 74 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 26 201-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 210 746 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 408 663, ხოლო ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა 802 083 შეადგენს.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა. ორგანიზაციის ცნობით, ანგარიში მოიცავს 2021 წლის 3 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 3 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების - 15, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის - 11, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 13, სოციალური ქსელით აგიტაციის - 6, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 4, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის - 8 ფაქტი. მათივე განმარტებით, გამოვლინდა მმართველი პარტიის მიერ, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებისთვის დაკვირვებაში ხელშეშლის ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით. „გამოიკვეთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების „ქართული ოცნების“ კამპანიაში ჩართვის პირაპირ ან/და ირიბად იძულების შემთხვევები. მონიტორინგის პერიოდში დაკომპლექტდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები. დადებით შეფასებას იმსახურებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთათვის გასაუბრების ჩატარება და ამის პირდაპირ ეთერში გადაცემა, თუმცა კანდიდატების ნაწილის გასაუბრების ტრანსლაციაზე უარმა, უთანასწორო პირობები შექმნა. აღსანიშნავია, რომ ყველა ჯერზე ვერ მოხერხდა საარჩევნო კომისიის წევრთა მაღალი კვორუმით არჩევა, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების თვალსაზრისით. მაგალითად, საოლქო კომისიის წევრთა 55% დაბალი კვორუმით აირჩა. საუბნო კომისიის წევრთა შემთხვევაში, აირჩიეს რამდენიმე პირი, რომელთაც წინა არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდათ დაკისრებული. გამოვლინდა შემთხვევები, როცა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს წინასწარ ჰქონდა მომზადებული იმ კანდიდატთა სია, ვისთვისაც მხარი უნდა დაეჭირა. საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში, უმრავლეს შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები არ მონაწილეობდნენ. საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეს წარმოადგენს საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც საანგარიშო პერიოდში დაკომპლექტდა. საბჭოს სარეკომენდაციო რჩევების გაცემის ფუნქცია აქვს, საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშირებით. „სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელიც მიწვეული იყო საბჭოს წევრთა შესარჩევ ჯგუფში, დატოვა ის, გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსზე დაფუძნებული წესის ცვლილებისა და, ასევე, ჯგუფის წევრთა ნაწილის არასანდო რეპუტაციის და მიკერძოების გამო“, - ნათქვამია ანგარიშში. ორგანიზაციის შეეფასებით, მედიაგარემო ქვეყანაში კვლავ პოლარიზებული რჩება. „საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ჟურნალისტთა მიერ ტელევიზიიდან წასვლის ფაქტები, არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებისა და დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობის მიმართ წინააღმდეგობის გამო. ასევე, დაფიქსირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის გათავისუფლების ფაქტი, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს მის მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლებისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს; ასევე, აღსანიშნავია ტელეკომპანია „იმედის“ მიერ „ევროპული საქართველოს“ რეკლამის გაშვებაზე უარი, სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის მიზეზით, რაც ტელეკომპანიის მიერ პოლიტიკური რეკლამის შინაარსში ჩარევის ნიშნებს შეიცავს; საანგარიშო პერიოდში გაიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელზეც განიხილეს მედიით გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია, საარჩევნო პროცესში მომხდარი შესაძლო დარღვევების შესახებ. „სამართლიანმა არჩევნებმა“ კომისიის წევრ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მოუწოდა ტენდენციად ქცეულ სამსახურიდან შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებზე სიღრმისეული მოკვლევა ჩაატარონ და საზოგადოებას დასაბუთებული და დამაჯერებელი პასუხი გასცენ, ასევე, ყურადღება გაამახვილა სოციალური ქსელით საჯარო მოსამსახურეთა აგიტაციის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სათანადოდ არ ფასდება შესაბამისი ორგანოების მიერ“, - აღნიშნულია ანგარიშში. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, წინასაარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით, ყველაზე აქტიური, კვლავ მმართველი პარტიაა, ასევე არჩევნების მოახლოებასთან ერთად მკვეთრად იმატა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებმა, ტენდენციის სახე აქვს შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებს, რომლებიც, მათივე განმარტებით, ძირითადად, პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერების ან მის მიმართ კეთილგანწყობილი პირების წინააღმდეგაა მიმართული. „აქტიურობით გამოირჩევა პარტია „საქართველოსთვის“ კამპანიაც. ტენდენციის სახე ჰქონდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვას. „ქართული ოცნება“, უმეტესად, უარს ამბობდა დამკვირვებელი დაეშვა კანდიდატების წარდგენის ღონისძიებებზე. ტენდენციის სახე აქვს შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, ზეწოლისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ფაქტებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც, ძირითადად, პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერების ან მის მიმართ კეთილგანწყობილი პირების წინააღმდეგაა მიმართული. „სამართლიანი არჩევნები” არაერთი გათავისუფლებული პირის უფლებებს სასამართლოში იცავს. არჩევნების მოახლოებასთან ერთად მკვეთრად იმატა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიაში ჩართულობისა და არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ფაქტებმა. ასევე დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ცალკეული ფაქტები. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიის, კერძოდ „დროას“ ოფისის დაზიანება ზუგდიდში - ოფისის ფასადზე უხამსი წარწერები დატოვეს და პლაკატი დააზიანეს. აღსანიშნავია, რომ ეს „დროას“ ოფისთან დაკავშირებით პირველი შემთხვევა არაა, ცოტა ხნის წინ ოფისში შევარდა ადამიანი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პარტია „დროას“ და მის ხელმძღვანელ ელენე ხოშტარიას; „სამართლიანი არჩევნები“ მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების თემაზე, რაც, განსაკუთრებით, აქტუალური პრობლემაა წინასაარჩევნო პერიოდში. შეინიშნება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რეგიონებში, სკოლის პერსონალის რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების და მათი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის ფაქტები“, - ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ შუალედურ ანგარიშში.

სახალხო დამცველი: დაუშვებელია ადამიანთა დევნა მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მოსაზრებების გამო, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლება

საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურ ზედამხედველობას უწევს წინასაარჩევნო პროცესში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში ათობით პირის შესაძლო დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, 62 დასაქმებულის მიმართ განხორციელდა სხვადასხვა სახის ზეწოლა. ამ პირთა უმეტესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან დაადასტურა ზეწოლის და გათავისუფლების ფაქტები და მიზეზად ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა. მათივე თქმით, აღსანიშნავია ის, რომ რამდენიმე მათგანმა, ზეწოლის ფაქტის დადასტურების მიუხედავად, თავი შეიკავა და არ გამოთქვა თანხმობა სახალხო დამცველის აპარატს შეესწავლა მისი საქმე. „დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან. მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ზემდგომი პირები მათ სთხოვდნენ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას, რასაც ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი არა, რის შემდგომაც ისინი სხვა საფუძვლებით გაათავისუფლეს. ზოგიერთის წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური წარმოება. მოცემულ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის ნიშნები. სახალხო დამცველმა 2021 წლის 31 აგვისტოს 34 პირთან დაკავშირებული საქმეები შესწავლისა და რეაგირების მიზნით მიაწოდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ვინაიდან მსგავსი ფაქტების შესახებ აპარატში ყოველდღიურ რეჟიმში შემოდის განცხადებები და შეტყობინებები, გათავისუფლებულ პირებთან კომუნიკაციის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად, დამატებით მიაწვდის მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს და მიადევნებს თვალს მათზე განხორციელებულ რეაგირებას, ასევე შეისწავლის ინდივიდუალურ საქმეებს შესაძლო დისკრიმინაციისა და შრომის უფლების დარღვევის კუთხით. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ დაუშვებელია ადამიანთა დევნა მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მოსაზრებების გამო, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლება“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს - პოლიტიკური შეხედულებების გამო, არ გაათავისუფლონ ანდა არ გასცენ მითითებები თანამშრომელთა გათავისუფლების თაობაზე. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიკვლიონ სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილში მითითებულ პირთა მიმართ შესაძლო დევნის საკითხი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

საგარეო უწყება: საქართველო ერთგული რჩება იმ კურსის, რომელიც არის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველო ერთგული რჩება იმ კურსის, რომელიც არის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. „ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობთ, ვმუშაობთ და შესაბამისად ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც გვაახლოებს ამ მიზნებთან. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომლის იმპლემენტაციაც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა . ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის სწორედ ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენს კანონმდებლობას, ჩვენს რეგულაციებს, ჩვენი ცხოვრების წესს ვაახლოებთ ევროპული ცხოვრების წესთან. სწორედ ეს არის ის, რაც განსაზღვრავს დღევანდელ ჩვენს ქმედებებს, იქნება ეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობა თუ სხვა საერთაშორისო აქტორებთან“- განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში არის ძალიან დადებითი ტენდენციები და ქვეყნაში ხდება გარკვეული დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება, სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად ჩაითვალა, ევროკავშირიდან სესხის აღება არ მოხდეს ამ ეტაპისთვის. „რაც შეეხება ევროკავშირის განცხადებას, ეს არის თემა , რომელსაც უკვე შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები. ქვეყნის მიზანია შეამციროს საგარეო ვალი და იყოს ნაკლებად დამოკიდებული იმ ფინანსურს რესურსებზე, რომელიც შემოედინება ქვეყნის გარედან. როგორც ვიცით, ეს შეთანხმება გაფორმებული იქნა რამდენიმე წლის წინათ და მოიცავდა როგორც საგრანტო, ასევე სასესხო პირობებს, პრაქტიკულად ამ ეტაპისთვის საგრანტო პირობები იქნა ამოწურული და მხოლოდ სასესხო პირობები იქნა შენარჩუნებული და შესაბამისად სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უარი ითქვა ამ სესხზე, იყო ის, რომ მიზანშეწონილად არ ჩაითვალა დამატებით მიგვეღო გარკვეული ფინანსური რესურსი სესხის სახით", - განაცხადა ჯანჯალიამ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ის ვალდებულებები, რომლებიც ქვეყანამ აიღო კონკრეტულად შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, აქტიურად ხორციელდება. ჯანჯალიას განმარტებით, განხორციელდა სასამართლო რეფორმის 4 ტალღა და ეს რეფორმები ჯერ არ დასრულებულა და კვლავაც გრძელდება. „2022 წლის გაზაფხულისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს უკვე სრულყოფილი სისტემა, რომელზეც მოვილაპარაკეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და რა ვალდებულებებიც ავიღეთ მათ წინაშე, მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, იმის თაობაზე, რომ მომავალი კვირიდან მოხდება განხილვა დამატებით იმ საკითხების, რომელიც მოცულია შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი თემებია, რომლებიც მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებსაც და ამისათვის საჭიროა, რომ მობილიზებული იქნას პოლიტიკური სპექტრი.“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ამავე თემაზე: ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები ვიოლა ფონ კრამონი მაკროფინანსურ დახმარებაზე: დაასწო მთავრობამ ევროკავშირს, ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან მარინა კალიურანდი: ჩვენ მაინც ველოდებით, შესრულდეს ის პირობები, რომლებსაც ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება ითვალისწინებს ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე

„ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივაა“ - ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ „მისი უფროსი არა ევროპარლამენტარი კრამონი, არამედ ქართველი ხალხია“, Twitter-ზე მოკლე ტექსტით ეხმაურება. „ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივაა. მიყვარს საქართველო“, - წერს ევროპარლამენტარი. პრემიერის ამ განცხადებას წინ უძღოდა ვიოლა ფონ კრამონის შეფასება ევროკავშირის მაკროფინანსურ ტრანშთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობა უარს ვერ იტყოდა იმაზე, რაც არ ეკუთვნოდა. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგი განაცხადა: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.

დავით ზალკალიანი ტრანშზე: ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება

ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება, რომელიც საგარეო ვალს კიდევ ერთ მძიმე ტვირთად დააწვებოდა,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავითა ზალკალიანმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, აბსოლუტურად გასაგები იყო საქართველოს ხელისუფლების განმარტება ამ საკითხზე და ეს არ უნდა წარმოჩინდეს ისე, თითქოს საქართველომ ამით ევროკავშირში ინტეგრაციულ პროცესებს გადაუხვია. „მინდა ძალიან მკაფიოდ გავმიჯნო ამ დახმარებასთან დაკავშირებული ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური კომპონენტი. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ვფიქრობ, ის დასაბუთება, რომელიც წარმოადგინა საქართველოს ხელისუფლებამ და მთავრობამ, ძალიან მკაფიო იყო. ამას მეტყველებს ასევე ევროკავშირის გუშინდელი განცხადება, სადაც ფინანსურ და ეკონომიკურ ნაწილთან შეფასებებში ევროკავშირის პოზიცია გაგებით ეკიდება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. ეს არის ასახული იმ განცხადებაში, რომელიც გუშინ ევროკავშირმა გაავრცელა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის 150 მილიონიანი მიკროსაფინანსო ტრანში, სესხი, რომელსაც თავიდანვე გარკვეული პირობითობა ჰქონდა ჩადებული და უნდა ძალიან კარგად დავინახოთ პერიოდი, რა პერიოდში იყო ეს სესხი აღებული. ეს იყო 2020 წელი, როდესაც პანდემიის განსაკუთრებით მძიმე პირობებში, საქართველოს სჭირდებოდა კოვიდთან ბრძოლის კუთხით ფინანსური დახმარება ევროკავშირის მხრიდან და მაშინ გაფორმდა ეს შეთანხმება. ამ შეთანხმებაში მაშინ გარკვეული პირობითობა იყო ჩადებული, რაც დაკავშირებული იყო იგივე მართლმსაჯულების სისტემასთან და მართლმსაჯულების სფეროში განსახორციელებელ რეფორმებთან. დღევანდელი მოცემულობა აბსოლუტურად განსხვავებულია. არაერთხელ იყო განმარტება გაკეთებული როგორც პრემიერის, ასევე ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, რომ ქვეყანა ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს საგარეო ვალი, რადგან ეს ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს ეკონომიკას. მაშინ, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს და ქვეყნის შიდა ეკონომიკური რესურსების მობილიზაციის ხარჯზე მოხდა მილიარდზე მეტი ლარის მობილიზაცია. ეკონომიკას აქვს ძალიან პოზიური დინამიკა, ბოლო 6-7 თვის განმავლობაში 12%-იანი ზრდაა, ამ პირობებში რა თქმა უნდა, ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება, რომელიც საგარეო ვალს კიდევ ერთ მძიმე ტვირთად დააწვებოდა. ვფიქრობ, არგუმენტები გასაგები იყო. მინდა ძალიან კარგად ვისწავლოთ იმ განცხადების კითხვა, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ და არ წარმოვაჩინოთ ეს ისეთ მდგომარეობად, თითქოს საქართველომ ამით შეიცვალა კურსი, გადაუხვია დასავლურ კურსს და ევროკავშირში ინტეგრაციულ პროცესებს“,- განაცხადა ზალკალიანმა. ამავე თემაზე: ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები ვიოლა ფონ კრამონი მაკროფინანსურ დახმარებაზე: დაასწო მთავრობამ ევროკავშირს, ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან მარინა კალიურანდი: ჩვენ მაინც ველოდებით, შესრულდეს ის პირობები, რომლებსაც ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება ითვალისწინებს ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე საგარეო უწყება: საქართველო ერთგული რჩება იმ კურსის, რომელიც არის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

შარლ მიშელი: ავღანეთის კრიზისი ცხადყოფს, რომ ევროკავშირი უფრო დიდი სამხედრო ავტონომიისკენ უნდა ისწრაფოდეს

ევროკავშირმა უნდა მიიღოს ზომები, რათა უკეთ მოემზადოს თავისი მოქალაქეების სამხედრო ევაკუაციისთვის ისეთ სიტუაციებში, როგორიც ავღანეთში ბოლო კვირების განმავლობაში განვითარდა, ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა. "ჩემი აზრით, ჩვენ არ გვჭირდება კიდევ ერთი ასეთი გეოპოლიტიკური მოვლენა (ავღანეთი) იმის გასაგებად, რომ ევროკავშირი უნდა ისწრაფოდეს უფრო დიდი ავტონომიისა და ქმედუნარიანობის შექმნისკენ მსოფლიოში", - განაცახდა შარლ მიშელმა. შარლ მიშელის თქმით, "ევროპული გავლენა ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება". "ჩვენი სტრატეგიული ავტონომია მოითხოვს მუშაობას ჩვენს ეკონომიკურ ძალაზე, სამეზობლოსა და უსაფრთხოების შესაძლებლობებზე" ,- წერს Twitte-ზე შარლ მიშელი.

დღეიდან აზერბაიჯანის რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებსა და სასტუმროებში შესასვლელად კოვიდპასპორტი იქნება საჭირო

დღეიდან, 1 სექტემბრიდან აზერბაიჯანის რესტორნებში, დიდ სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებსა და სხვა ობიექტებში შესასვლელად კოვიდპასპორტი იქნება საჭირო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ამ დაწესებულებების სერვისებით სარგებლობას 18 წელს გადაცილებული მოქალაქეები მხოლოდ ამ დოკუმენტის წარდგენის შემდეგ შეძლებენ. ასევე ყველა ადამიანს, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს, დღეიდან კოვიდპასპორტებს მოსთხოვენ. აზერბაიჯანში ამოქმედებული ახალი რეგულაციების მიხედვით, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკის, კომუნიკაციის, სოციალური, ფინანსური, ტურიზმისა და სხვა სფეროს დაწესებულებებში დასაქმებულია ადამიანების 80 პროცენტი ვაქცინირებული უნდა იყოს. ასევე ძალაში შევიდა მოთხოვნა, რომ სამთავრობო სტრუქტურების, საავადმყოფოებისა და ფარმაცევტული დაწესებულებების თანამშრომლები ვაქცინის პირველი დოზით აიცრან.

განმუხურში, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მოკლეს

განმუხურში, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, ვლადიმერ ვახანია მოკლეს. როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობის ფაქტზე სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კოვიდვაქცინაციის ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღებისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ ოთხივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. შეგახსენებთ, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ჯამში 7 პირი დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო. ამავე თემაზე: კოვიდვაქცინაციის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს

სერგეი ლავროვი: რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად

თუ საქართველოს სურს ნორმალურად იცხოვროს რუსეთთან, როგორც მეზობელთან, მაშინ მოსკოვი მზად არის აღადგინოს ურთიერთობები. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. "თუ საქართველოს ნამდვილად არ სურს ითამაშოს რუსული კარტი დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად, არამედ სურს ჩვენთან ერთად, როგორც მეზობლებთან, ნორმალური ცხოვრება, ჩვენ ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ", - განაცხადა ლავროვმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიხსენა თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის სხდომა და მაშინ განვითარებული მოვლენები. "გვქონდა განზრახვა, გვეპასუხა ქართველი მეზობლისთვის, როცა მათ უვიზო რეჟიმი შემოიღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. თავდაპირველად მაინც ვაკვირდებოდით, რა ხდებოდა და, რა თქმა უნდა, არავის ვუკრძალავთ საქართველოში ჩასვლას. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მზადაც კი ვიყავით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოსაღებად, მაგრამ მოხდა არასასიამოვნო ინციდენტი, უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინაღმდეგ თბილისში საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის სხდომაზე", - განაცხადა სერგეი ლავროვმა. სეგახსენებთ, რომ 2019 წელს რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა მართლმადიდებლური ასამბლეის სხდომა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამ ინციდენტის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო არ არის. რუსეთმა საქართელოსთან პირდაპირი ფრენებიც გააუქმა, რომელიც ამ დრომდე არ აღდგენილა.

ინდოეთში, დენგეს ცხელებით სულ მცირე, 53 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 45 ბავშვია

ინდოეთის ჩრდილოეთით, უტარ-პრადეშის შტატში, ბოლო 10 დღის განმავლობაში, დენგეს ცხელებით სულ მცირე, 53 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 45 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დენგეს ცხელება გადადის კოღოებით, რომელთა რიცხვი ინდოეთში ახლა, წვიმიანი სეზონის განმავლობაში იზრდება. ინფექციას ცხელება, თავის, თვალებისა და სახსრების ტკივილი ახასიათებს. ამავე თემაზე: ინდოეთში უცნობი ვირუსის გამო სკოლები დახურეს

დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვის განცხადებაზე: რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა სურს საქართველოსაც, მაგრამ არა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის ხარჯზე

,,ჩვენ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ნორმალიზაციის პროცესი გადის დეოკუპაციაზე", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა და ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას. ზალკალიანის თქმით, ურთიერთობების აღდგენა საქართველოსაც სურს, თუმცა არა ტერიტორიების ოკუპაციის ხარჯზე. მისივე განცხადებით, საქართველო მზადაა წაიყვანოს სიტუაცია დეესკალაციისაკენ, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე. ,,ჩვენ ძალიან ძალიან ხშირად ვისმენთ განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მათ სურვილს, რომ თუნდაც საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა, მათ უყვართ საქართველო და ა.შ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა ძალიან მკაფიოდ, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ გვესმის ეს ყველაფერი და ურთიერთობის აღდგენა უნდა საქართველოსაც, მაგრამ არა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის ხარჯზე. ჩვენ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ნორმალიზაციის პროცესი გადის დეოკუპაციაზე. აღიარებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების უკან წაღებაზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპის დაცვაზე და ფუნდამენტური საერთაშორისო სამართლის ისეთი ნორმის პატივისცემაზე, რაც არის საერთაშორისო საზღვრებში ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და პატივისცემა. ეს არის ის, რასაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან ველით. ურთიერთობის აღდგენის წინააღმდეგი არავინ არ არის, ჩვენ 2012 წლის შემდეგ ძალიან ბევრი პოზიტიური გზავნილი გავაგზავნეთ რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ ჩვენ გვინდა სიტუაციის დეესკალაცია და მათ შორის ხალხთაშორის ურთიერთობის კუთხით, ტურიზმის აღდგენის კუთხით, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის კუთხით, მაგრამ ჩვენ რეალური ნაბიჯები უნდა დავინახოთ მათი მხრიდან, რადგან ოკუპაცია ეს არის შედეგი სწორედ იმ აგრესიული პოლიტიკისა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და იმ შედეგების, რაც სამწუხაროდ ამ ჩვენი პოზიტიური სიგნალების ფონზე უკან გვიბრუნდება ბორდერიზაციით, უკანონო დაკავებებითა და ა.შ. მზად ვართ, სიტუაცია წავიყვანოთ დეესკალაციისაკენ, მაგრამ არა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე. მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების აღიარების საფუძველზე. საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არის შეუქცევადი. ეს არის წითელი ხაზი. ეს არის ჩვენი საზოგადოების არჩევანი, ჩვენი ცივილიზებული არჩევანი და ამ კურსიდან ჩვენ ხელისუფლება არასოდეს გადაუხვევს. ამის საფუძველი არის სწორედ ის ჩანაწერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, როგორც მაღალი ლეგიტიმაციის დოკუმენტი დამტკიცებულია, პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები საგარეო პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით და ეს არის რასაც ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხდის შეუქცევადს", - განაცხადა ზალკალიანმა ,,ქრონიკის" ეთერში. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად.

თამარ გაბუნია: კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი პროცენტი არის 30-დან 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში

"ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი პროცენტი არის 30-დან 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, მაგრამ საყურადღებოა ის, რომ გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილი 70 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფზე მოდის", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა. რაც შეეხება ბავშვებში ვირუსის გავრცელებას, თამარ გაბუნიას განცხადებით, 0-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 80 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ინფიცირების შემთხვევები 4%-ს შეადგენს. "რაც შეეხება ბავშვებში გავრცელებას, 0-დან 4 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, გავრცელების მაჩვენებელი არის 4%, მთელი ამ შემთხვევების. ბავშვებში მოიმატა შემთხვევების გავრცელებამ, მაგრამ საბედნიეროდ, უდიდესი ნაწილი მაინც შემთხვევებისა, არის მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობის, თავიდან იყო გარკვეული შიში ამ შემთხვევების მართვასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა შედარებით დასტაბილურდა ეს ამბავი. ხანდაზმულ ასაკში, 80 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში არის დაახლოებით 4% სრული შემთხვევებისა, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფში, გამოსავალი არის ძალიან რთული, დიდი ნაწილი სიკვდილიანობის მოდის სწორედ მაღალი ასაკის პირებზე. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი ახლაც არის ის, რომ ვაქცინაციის აქცენტი მეტად გადავიტანოთ ხანდაზმული ასაკის პირებზე, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია და ლეტალობა შემცირდეს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 886 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 74. საქართველოში 408 663 ადამიანი სრულად ვაქცინირებულია

თამარ გაბუნია: ორჯერ ვაქცინირებულებიდან ჰოსპიტალში მოხვდა 0,9%, რეანიმაციაში მკურნალობა დასჭირდა მხოლოდ 0.3%-ს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ორი დოზით ვაქცინირებულებიდან, კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ ჰოსპიტალში მოხვდა 0,9% და რეანიმაციული მკურნალობა დასჭირდა მხოლოდ 0.3%-ს. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ორჯერ ვაქცინირებულების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მძიმე თანხმლები დაავადების გამო მოხდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციაზე რაიმე მიზეზით უარი უნდა ვთქვათ. "1-ელი მარტიდან 17 აგვისტოს ჩათვლით ინფიცირებული პირების 96% ვაქცინირებული არ ყოფილა. უდიდესი ნაწილი ინფიცირდება ის, ვინც აცრილი არ არის. არავაქცინირებული პირების 97% მოხვდა კლინიკაში. რაც შეეხება ვაქცინირებულ პირებს, ჰოსპიტალური მკურნალობა დასჭირდა 1%-ზე ნაკლებს. ორი დოზით ვაქცინირებულთა შორის იყო ინფიცირების შემთხვევები, აქედან ჰოსპიტალში მოხვდა 0,9% და რეანიმაციული მკურნალობა დასჭირდა მხოლოდ 0,3%-ს მაშინ როდესაც რეანიმაციაში მოხვედრილი პირებიდან არავაქცინირებული იყო 98%. ეს ცალსახად მიუთითებს, რომ ვაქცინაცია არის ძალიან ეფექტური ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილებისთვის. გამორიცხული არაფერი არ არის, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ვაქცინას 100%-იანი დაცვა არ ექნება, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ორჯერ ვაქცინირებული პირი დაინფიცირდა. იყო რამდენიმე გარდაცვალების შემთხვევა ორჯერ ვაქცინირებული პირების, რაც მძიმე თანხმლები დაავადების გამო მოხდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციაზე რაიმე მიზეზით უარი უნდა ვთქვათ. ვაქცინაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი გამოსავალი, ამიტომ ვცდილობთ მოვიცვათ რაც შეიძლება მეტი ადამიანი“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ამავე თემაზე: თამარ გაბუნია: კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი პროცენტი არის 30-დან 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 886 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 74. საქართველოში 408 663 ადამიანი სრულად ვაქცინირებულია

ბრიტანეთის ელჩი: ძლიერი საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგი მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად

საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის განცხადებით, ძლიერი საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგი მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. "ბრიტანეთი ამაყობს, რომ მხარს უჭერს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", “მრავალეროვანი საქართველოსა” და "სამართლიანი არჩევნების" მხრიდან ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგის პროცესს. ძლიერი საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგი მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად", - წერს ბრიტანეთის ელჩი Twitter-ზე.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის შესახებ მორიგი ერთობლივი სწავლება გაიარეს

ფინანსთა სამინისტროს, შემოსვლების სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის შესახებ მორიგი ერთობლივი სწავლება გაიარეს. უწყების ცნობით, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO), ასევე გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) ერთობლივი პროექტის - ,,კონტეინერების კონტროლის პროგრამის’’ ფარგლებში, საქართველოში მოქმედ უწყებათაშორის დანაყოფს, ბათუმის ნავსადგურში შემოსულ, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების განმახორციელებელ ბორანზე პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდა. "აღნიშნული პროგრამის მიმდინარეობის პროცესში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს წარმომადგენლები, ტვირთების, დოკუმენტაციისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლს, ერთობლივად ახორციელებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან ერთად. კონტეინერების კონტროლის პროგრამის მიზანია, ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის პროცესში ერთობლივ ოპერაციებთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლა, როგორიცა: ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა უკანონო საქმიანობის აღმოსაფხვრელად, მაღალი რისკის მქონე ტვირთების იდენტიფიცირება, ლეგიტიმური ვაჭრობის ხელშეწყობა და ამ მხრივ საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება. ბათუმის ნავსადგურში დაწყებული ერთობლივი სწავლება, რომელიც მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს, ბულგარეთის რესპუბლიკის საზღვაო ქალაქ ბურგასში დასრულდება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანიაში, ვაქცინაციის მაღალი ტემპის გამო, რესტორნებში შესასვლელად კოვიდპასპორტების წარგენა სავალდებულო აღარ იქნება

ვაქცინაციის მაღალი ტემპის გამო, დღეიდან, დანიაში, რესტორნებში შესასვლელად კოვიდპასპორტების წარგენა სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ ინფორმციას Euronews-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ცვლილება რესტორნების გარდა ასევე შეეხება სპორტულ ცენტრებსა და სილამაზის სალონებს. Euronews-ის ცნობით, დანიის ხელისუფლება იყო პირველი ევროპაში, რომელმაც აპრილიდან შემოიღო კოვიდპასპორტი, როგორც საშუალება, რომ ნელ-ნელა გაიხსნას ქვეყნის ეკონომიკა. 10 სექტემბრიდან ასევე აღარ იქნება საჭირო კოვიდპასპორტის წარდგენა ღამის კლუბებში შესასვლელად და დიდ ღონისძიებებზე დასასწრებლად. ამავე თემაზე: დანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა უქმდება

გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მერობის კანდიდატების, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრების წარდგენისას განაცხადა. "მინდა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ ჩემთან, სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომელთაც მძიმე პირობებში უწევს ბრძოლა, მე ერთი, ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში. მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მე ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ. ბევრზე უკეთესად ვიცი, რა სჭირდება ამ ქალაქს. ისიც კარგად მესმის, რომ ამ ქალაქს სჭირდება ღირსებისა და სამართლიანობის შენარჩუნება. ამ ქალაქს სჭირდება კორუფციისა და ნეპოტიზმისგან დაცლილი და სუფთა გარემო. ამ ქალაქს ამასთან ერთად სჭირდება დიდი ამბიციები, რომ გახდეს რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი მეგაპოლისი, ამ ქალაქს სჭირდება მეგა პროექტები. ჩვენ კონკრეტულ გეგმას შევთავაზებთ თბილისელებს, როგორ უნდა გახდეს თბილისი პირველი მეგაპოლისი ჩვენს რეგიონში", - განაცხადა გიორგი გახარიამ . ამასთან, გიორგი გახარიამ თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრები წარადგინა: 1. ლევან დოლიძე; 2. ზაზა თავაძე; 3. სალომე კობალაძე; 4. გიორგი შარაშიძე; 5. დავით ფარცვანია 6. თამარ (ტატა) ხვედელიანი; 7. ეკატერინე ვეფხვაძე; 8. მალხაზ მჭედლიშვილი; 9. საბა ჯიქიძე; 10. გიორგი სოსელია; 11. თიკო თვალაძე; 12. გიორგი კიკნაველიძე; 13. ზაურ რეხვიაშვილი; 14. ქეთევან ბაკარაძე; 15. ვატო ფაჩულია. გახარიამ ასევე დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში: სამგორი - კახაბერ ქემოკლიძე, დიპლომატი; ისანი - დავით გოგიძე; კრწანისი - ზურაბ რეხვიაშვილი; მთაწმინდა - ვახტანგ (ვატო) გვაზავა, ექიმი; გლდანი - ნათია მეზვრიშვილი, იურისტი; ჩუღურეთი - რუსუდან თევზაძე, განათლების სპეციალისტი; ვაკე - მერაბ მაჭავარიანი, ბიზნესმენი; დიდუბე - გიორგი ქაჯაია, დიდუბელი; საბურთალო - მიხეილ ნაბიჯაშვილი, ეკონომისტი; ნაძალადევი - გალაქტიონ ღუდუშაური.