ძებნის რეზულტატი:

პარლამენტის თავმჯდომარე: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება, ამ არჩევნების შედეგებს ამასთან კავშირი არ აქვს

"თვითმმართველობის არჩვენების შემდეგ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება, არანაირ შედეგს ამასთან კავშირი არ აქვს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია რომ კახა კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს და მეორე ტური საჭირო აღარ იქნება. პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ კომენტარი გავრცელებულ ჩანწერებზეც გააკეთა და განაცხადა, რომ არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს თანამდებობის დატოვება, სანამ ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს. მისი თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ ყველა კანონდამრღვევის მისამართით შესაბამისი ზომები გატარდება. „სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ თუ რამე ხდება, ყველაფერზე არის თანამდებობის დატოვების მოთხოვნა. არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს თანამდებობის დატოვება, სანამ ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს, ამიტომ გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაბამისი ზომები ყველა კანონდამრღვევის მისამართით, თუ ასეთი ფაქტი დადასტურდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შედეგები ნდობის აღდგენის კუთხით მოსახლეობისთვის იყოს წარდგენილი. ჩაერთვებიან ამაში როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი ექსპერტები, რათა ობიექტურობასთან და შედეგებთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა

გერმანიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. სოციალ-დემოკრატებმა ხმების 25,7% მოიპოვეს. 24,1%-ით მეორე ადგილზეა მემარჯვენე-ცენტრისტული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკი, „მწვანეებმა“ ხმების 14,8% მოიპოეეს, „თავისუფალ დეოკრატიულ პარტიას“ 11,5% აქვს, ულტრა-მემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კი - 10.3% მიიღო. კოალიციის შექმნის პროცესი ახლა იწყება. ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. ამავე თემაზე გერმანიის არჩევნებში „სოციალ დემოკრატები“ 26%-ით ლიდერობენ, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ კი, 24%-ით მეორე ადგილზეა როგორი იქნება პოსტ მერკელისეული ევროპა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში „კანონის უზენაესობა“ უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე იტალიაში,  ბულგარეთში, მაკედონიასა და მონტენეგროში

„ხელისუფლების ეფექტურობის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საუკეთესო 20%-ში, 38 -ე ადგილზე გავიდა, ევროპაში მსოფლიო ბანკის წევრი კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ოცეულში კი ჩვენი ქვეყანა 19-ე ადგილზე დასახელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორ პრემიერმა აღნიშნა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევაში საქართველო „მთავრობის ეფექტიანობის“ მიხედვით მსოფლიოში 50-ე ადგილზე იყო. „საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს და რუმინეთს. NATO-ს წევრი ქვეყნებიდან საქართველო „ხელისუფლების ეფექტურობით“ უსწრებს 12 სახელმწიფოს. კავკასიასა და შავიზღვისპირეთში კი ვართ პირველ ადგილზე. მე მინდა ასევე აღვნიშნო Economist Intelligence Unit-ის კვლევა, რომელიც „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ მეთოდოლოგიით გადამუშავდა. მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში ბიუროკრატია შეფასდა ორი მიმართულებით - ეს არის პირველი - ბიუროკრატიის ხარისხი, ინსტიტუციონალური ეფექტურობა და მეორე, ეს არის ჭარბი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება. საქართველომ წელს ზედიზედ მეოთხედ შეფასების 100%-იანი შკალიდან 75%-ი აიღო, რითაც მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის მსოფლიოში 17-ე, ხოლო ევროპაში 12-ე პოზიციაზე გავიდა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კანონის უზენაესობით უსწრებს დიდი შვიდეულის 1, ევროკავშირის 2 და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. აღსანიშნავია, რომ 2008-2012 წლებში საქართველოს შეფასება ბიუროკრატიის კუთხით რამდენიმე ათეულ ადგილს მიღმა, 62.5 პროცენტის დონეზე იყო გაყინული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით,რეიტინგის მიხედვით საქართველოში „კანონის უზენაესობა“ უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე იტალიაში, ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, კანონის უზენაესობით საქართველო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის მეოთხე ადგილზეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ. „საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების კორუფციის“ მიმართულებით 180 ქვეყანას შორის სქართველომ კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიო მასშტაბით მე-20 შედეგი აჩვენა დ ევროპის მასშტაბით 12-ე ადგილი დაიკავა. საქართველომ აქაც გაასწრო მსოფლიოს ბევრ მოწინავე ქვეყნას. ჩვენი შეფასება ერთ ნახევარჯერ მაღალია, ვიდრე 9 ევროპული ქვეყნის - ესპანეთის, იტალიის, პორტუგალიის, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, მალტის, კვიპროსის. ასევე სამხრეთ კორეის, და 2-ჯერ მაღალი, ვიდრე ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის მაჩვენებელი.. ამ შედეგებით საქართველო გაუთანაბრდა მსოფლიოს ისეთ წამყვან სახელმწიფოებს, როგორიცაა აშშ, იაპონია, საფრანგეთი, ირლანდია, ავსტრია, ბელგია, ისლანდია, სლოვენია, ხორვატია და ა.შ. შედარებისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმდინარე შეფასება 3-ჯერ აღემატება 2011-2012 წლის დონეს. და ბოლოს, რეგულირების ხარისხი მიხედვით საქართველო მსოფლო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში 19-ე ადგილზე გავიდა. ასე, რომ კიდევ ერთხელ, მინდა მთავრობის თითოეულ წევრს და საჯარო მოხელეებს მივულოცო აღნიშული წარმატება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: „ენკასთან“ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღებელი, ჩვენი უფლებაა, ინვესტორს ვესაუბროთ პირობების გაუმჯობესებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კომპანია „ენკასთან“ გაფორმებულ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღბელი, რასთან დაკავშირებითაც ინვესტორსაც ესაუბრა, რადგან როგორც მოსახლეობისთვის, ისე პირადად მისთის იყო, ბევრ რამ მიუღებელი. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ამ თემაზე თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან კომუნიკაცია არ ჰქონია. "პირველ როგში, დიახ, გიდასტურებთ, რომ ეს კონტრაქტი მე მემკვიდრეობით დამხვდა, ისევე როგორც ძალიან ბევრი რაღაც. ბუნებრივია, ამ კონტრაქტში ბევრი რაღაც იყო მიუღებელი, ამის თაობაზე ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან, ეს ერთი. ჩვენი აბსოლუტურად სუვერენული უფლებაა, რომ ინვესტორს ველაპარაკოთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებდა, მათ შორის მაწუხებდა მეც, როგორც ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს და ეს სავსებით ნორმალურია. მეორე, რაც შეეხება ზოგადად პროცესს, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენ მათ შევუქმენით აბსოლუტურად ყველა პირობა, რათა ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და ამას უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ. რაც შეეხება კითხვას, მქონდა თუ არა კომუნიკაცია პრეზიდენტ ერდოღანთან, ჩვენ არ გვქონია ამის თაობაზე კომუნიკაცია და ეს არის წმინდად ინვესტორისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. ჩვენ ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მეორე მხრივ, ყველა ინვესტორს შევუქმნით მაქსიმალურ კომფორტს ბუნებრივია, ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. მინდა, ასევე ვთქვა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში და ჩვენ ამ მიმართულებით არავითარ პრობლემას, დაბრკოლებას არ ველოდებით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 102-ე შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებსა და მოქალაქეების უკანონოდ დაკავებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება. შეხვედრის წინ ცნობილი გახდა, რომ 14 აგვისტოდან უკანონო პატიმრობაში იმყოფება საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე გელა გოჭოშვილი. ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, გელა გოჭოშვილი კასპის მუნიციპალიტეტიდან არის, გარკვეული დროის განმავლობაში, საქართველოში არ იმყოფებოდა, მისი ოჯახი კი, ახალგორში ცხოვრობს. „სამწუხაროდ, დაკავების შესახებ ინფორმაცია გაზიარებული იყო დაგვიანებით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მას ედავებიან გარკვეულ კრიმინალურ აქტივობას“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. მისივე განცხადებით, ინფორმაციას საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული გოჭოშვილის ამჟამინდელი სტატუსის შესახებ, დღევანდელ შეხვედრაზე მიიღებენ. ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაშია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გენადი ბესტაევიც. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები 2019 წელს დააკავეს. ე.წ. „საზღვრის დარღვევის გამო“, ის ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ამ წლის განმავლობაში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს 33 მოქალაქე. „მოგეხსენებათ, ასეთი ტიპის პროცესები საკმაოდ რთულია. ადრეც გვქონდა წარმატებული შემთხვევები, როდესაც დავაბრუნეთ ჩვენი მოქალაქეები. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გაიწელა. მთავარი ამოცანაა, რომ ასეთი საკითხების ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაწყვეტა მოხდეს, რადგან მისი პოლიტიზება კიდევ უფრო ართულებს ხოლმე ასეთი ნაბიჯების გადადგმას. კიდევ რამდენიმე შემთხვევა გვაქვს დარჩენილი და ამაზე მუშაობა გრძელდება. დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის, ვიდრე არ დასრულდება ყველა ეს პროცესი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის ფორმატები, იქნება ეს ჟენევის ფორმატი თუ ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები და ყველა მექანიზმი, მათ შორის ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა, ეს არის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ხოლმე პროცესის წარმატებით დასრულებას. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, მთავარია საკითხის ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაჭრა“, - აცხადებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილა ლაშა დარსალია Eeropetime-თან ექსლუზიურ ინტერვიუში, როდესაც ზაზა გახელაძის გათავისუფლებაზე შეკითხვას უპასუხა.

ირაკლი ღარიბაშვილი: დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს, მაგრამ კანონის ფარგლებში

„ეს არის ფაბრიკაცია, პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიასა და სახელმწიფოზე", - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 სექტემებრს გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება კანონის ფარგლებში, მათ შორის საქართველოც არ არის გამონაკლისი "დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს, მაგრამ კანონის ფარგლებშ. გამოძიებამ უნდა შეისწავლოს მასალების ავთენტურობა და უნდა მოახდინოს ანალიზი, რა იყო რეალურად ფაბრიკაცია და რა - ნამდვილი ჩანაწერი. ამას სჭირდება დრო, ანალიზი და რეალურად ამის შემდეგ საბოლოო პასუხებს გამოძიება გაგვცემს. ძალიან ბევრმა ადამიანმა უარყო, იმდენად არასერიოზული ჩანაწერები იყო. ვიცით რა სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ხელწერა, ბუნებრივია, ჩვენ ველოდებოდით, რომ ეს იყო დიდი სიყალბე და იყო ორგანიზებული შეტევა სახელმწიფოზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სიცოცხლის ხანგრძლივობა კოვიდპანდემიამ ყველაზე მეტად შეამცირა - ოქსფორდის კვლევა

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, COVID19-ის პანდემიამ 2020 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე დიდი რაოდენობით შეამცირა, ამერიკელი კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა ორ წელზე მეტით შემცირდა. Reuters-ის ცნობით, 2019 წელთან შედარებით, სიცოცხლის ხანგრძლივობა ექვს თვეზე მეტით შემცირდა. კვლევაში გაანალიზებული 29 ქვეყნიდან, 22 ევროპას, შეერთებულ შტატებს და ჩილეს მოიცავდა. სიცოცხლის ხანგრძლივობა 29 ქვეყნიდან, 27-ში შემცირდა. „ის ფაქტი, რომ ჩვენი შედეგები ხაზს უსვამს კორონავირუსის ამხელა გავლენას, აჩვენებს, რამდენად დამანგრეველი იყო ეს შოკი მრავალი ქვეყნისთვის“, - განაცხადა რიდი კაშიაპმა, ეპიდემიოლოგიის შესახებ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომის თანაავტორმა. მსოფლიოში კორონავირუსით 5 მლნ-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „თალიბანის“ მთავრობის აღიარება შეუძლებელია, რადგან მინისტრებს შორის 17 ტერორისტია

„თალიბანის“ მთავრობის აღიარება შეუძლებელია, რადგან მინისტრებს შორის არის 17 ტერორისტი და ქალებისა და გოგოების ადამიანის უფლებები მუდმივად ირღვევა,” - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თუმცა, მისივე თქმით, ავღანელმა ხალხმა უნდა დაიწყოს ფინანსური დახმარების მიღება, რომელიც ხელისუფლებაში „თალიბანის“ მოსვლის შემდეგ შეჩერებულია. „მოკლე დროში ისინი ვერ შეძლებენ ხელფასის გადახდას. ცხადია, ჩვენ უნდა ავირიდოთ ავღანეთში კოლაფსი და მიგრაციის უკონტროლო ნაკადი, რომელსაც შეუძლია, მეზობელ ქვეყნებში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამავე თემაზე: „თალიბანმა“ ავღანეთის ახალი მთავრობა დააკომპლექტა

გიორგი გახარიამ პროკურატურას, ირაკლი კობახიძის  ბრალდების საფუძველზე, გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა

ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ბრალდებასთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებების საფუძველზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. საქმე ეხება განცხადებებს, რომელშიც კობახიძემ გახარიას „კოკაინშიკი“ უწოდა და მის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით გამოთქვა ეჭვი. პროკურატურაში შესაბამისი განცხადება დღეს პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა შეიტანეს. როგორც დაუშვილმა მედიას განუცხადა, თუ გამოძიება დაადგენს რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები უსაფუძლოა, გიორგი გახარია მოითხოვს კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ცრუ ბრალდებისთვის. „გენერალურ პროკურატურას მივმართეთ, რათა ჩაატაროს ობიექტური, გამჭვირვალე, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება და გამოიძიოს ის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, უსაფუძვლო განცხადებები, რასაც ჩვენ ორგანიზაცია „ოცნების“ ხელმძღვანელისგან, ირაკლი კობახიძისგან გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვისმენთ. ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვაბრალებენ ნარკოტიკის მოხმარებას, შეძენას და ა.შ. ცალსახად, ამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და სრულყოფილი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების შემდეგ, როცა დადგინდება, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხიც ცრუ დასმენასთან დაკავშირებით",- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას სარჩელს და ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმულ შეკითხვას, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბრალდების ადრესატმა თავად უნდა დაამტკიცოს, რომ არ მოიხმარს ნარკოტიკს. "მე ვფიქრობ, ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა დაამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი. არ არის საინტერესო, ჩვენს მოსახლეობას არ აინტერესებს ამა თუ იმ ადამიანის ნარკოდამოკიდებულება,"-განაცხადა პრემიერმა.

დავით ზალკალიანი: ვფიქრობ, დასავლელი პარტნიორები ადეკვატურები უნდა იყვნენ მოვლენების შეფასებაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა შესაბამის ფორმებშია და საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას ის არ დაუზიანებია. ამის შესახებ, საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ზალკალიანითქმით, ნიუ-იურკში ვიზიტის დროს, საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც თვალყურს ადევნებდა და კომუნიკაცია ჰქონდა კარლ ჰარცელთანაც. "მეგობრები ვართ და აუცილებელია, ერთმანეთს გულწრეფლად ვუთხრათ სათქმელი. როდესაც არ ვეთანხმებით, ესეც სათქმელია. ვფიქრობ, ისინიც აუცილებლად უნდა იყვნენ ადეკვატური მოვლენების შეფასებაში და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. როდესაც აშკარად არის საუბარი, რომ ერთი მხარე მიდის პროვოკაციაზე, უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ეს მხარე არ იქცეოდა შესაბამისად და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორები ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ და აფასებენ. ეს ყველაფერი კი, იქნება გამოხატული საბოლოო დასკვნაში, რომელიც მომზადდება არჩევნების შედეგად“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბრებს ევროკავშირის ოფისთან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, 24 სექტემბერს ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის კომენტარი საელჩომ გაავრცელა. კარლ ჰარცელი: ვწუხვარ, რომ ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა, ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების მეთაური ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისფლების მეთაური ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან შესახვედრად, ბიბილოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის ტერიტორიიდან შევიდა. სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, „აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე“ ანატოლი ბიბილოვს დახვდნენ „ვიცე-პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა და „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დაურ კოვე.

ეკონომიკის მინისტრი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, „ენკასთან“ არბიტრაჟში არ აღმოვჩნდებით

"ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ „ენკასთან“ ერთად საერთაშორისო არბიტრაჟში არ აღმოვჩნდებით და ყველაფერს მოლაპარაკების გზით მოვაგვარებთ. მათი ამოცანა არის პროექტის აშენება და არა სასამართლოში სიარული",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ნამახვანჰესის პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ურთიერთშეთანხმებით მოხდეს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაგრძელება. "საქართველოსთვის ნამახვანის ჰესის არსებობა უმნიშვნელოვანესია. ვინაიდან დღეს არის ასეთი ვითარება, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას, მე თავს შევიკავებ დეტალებზე საუბრისგან იმისთვის, რომ შესაძლო დავის შემთხვევაში ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო. თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავამდე საქმე არ მივიდეს, ისევ მოლაპარაკებით და კომუნიკაციით გადაწყდეს ეს საკითხი. ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ და ეს პრემიერ-მინისტრმაც ბრძანა, რამდენად მნიშვნელოვანია თავად ნამახვანის პროექტი და ზოგადად, ქართული ენერგეტიკა, ქართული ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგო უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, შეიძლება, განხორციელდეს უკეთესი პირობებით, რადგან ყოველთვის შეიძლება პირობების გაუმჯობესება. ფაქტია, რომ ჩვენი წინა კომუნიკაცია ინვესტორთან თვეების განმავლობაში მიდიოდა, სადაც ჩართული იყო ევროკავშირის მედიაცია, ადგილობრივი ორგანიზაციები და ასე შემდგ, ეს იყო მიმართული, რომ უფრო მეტად განხორციელებადი გამხდარიყო აღნიშნული პროექტი. მოდით, ნუ გავასწრებთ მოვლენებს, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არბიტრაჟში „ენკასთან“ არ აღმოვჩნდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკებით მოგვარდეს ეს საკითხი, რადგან თვითონ კომპანია „ენკაც“ არაერთხელ ადასტურებდა, რომ ისინი არიან ინვესტორები და მშენებლები, მათი ამოცანა არის პროექტის აშენება და არა სასამართლოში სიარული. ამ მიმართულებით ვართ ჩვენც და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ურთიერთშეთანხმებით მოხდეს ამ პროექტის გაგრძელება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პროექტი შედგეს გაუმჯობესებული პირობებით, უფრო უსაფრთხოდ. პროექტი აუცილებლად უნდა შედგეს, ამაზე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა თურნავამ. ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი: ნამახვანჰესის უსაფრთხოდ აშენებას 2 მილიარდი დოლარი სჭირდებოდა, ახლა კი 750 მილიონ დოლარად აშენებენ ფინანსისტი ირაკლი ერაძე: 2021 წელს რუსეთი საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი იმპორტიორი გახდა

ქართველი ოფიცრები უკრაინაში მიმდინარე საერთაშორისო სწავლებაში -Rapid Trident 2021 მონაწილეობენ

უკრაინაში, ლვოვის ოლქში, იავორივის სამხედრო პოლიგონზე მდებარე საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრში, NATO-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფორმატის ფარგლებში, მრავალეროვნული სწავლება Rapid Trident 2021 მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფრომაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საერთაშორისო სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალები 6 ოფიცრითაა ჩართული, რომლებიც სწავლების საშტაბო კომპონენტში მონაწილეობენ. ქართველი სამხედროები მრავალეროვნული ბრიგადის შტაბში საჰაერო თავდაცვისა და საცეცხლე მხარდაჭერის ოფიცრებით, ხოლო სწავლების კონტროლის ჯგუფში (EXCON) გამოცდილების გაზიარების და საერთაშორისო დამკვირვებელ-მაკონტროლებელი ოფიცრებით არიან წარმოდგენილი. „საერთაშორისო სწავლების მიზანი NATO-ს წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფორმატში მონაწილე ქვეყნების ურთიერთთავსებადობის გაზრდა და სწრაფი რეაგირების ძალების მოქმედებების დახვეწაა. მრავალეროვნული სწავლება Rapid Trident 2021-ში 15 პარტნიორი ქვეყნის 6000 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. სწავლებაში მონაწილეობენ: უკრაინა, აშშ, ბულგარეთი, კანადა, საქართველო, გერმანია, იტალია, იორდანია, ლიეტუვა, მოლდოვა, პაკისტანი, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო. Rapid Trident 2021 ყოველწლიური აშშ-უკრაინული სწავლებაა, რომელიც ოფიციალურად 1 ოქტომბერს დასრულდება. საქართველოს თავდაცვის ძალები Rapid Trident-ში 2013 წლიდან სხვადასხვა კომპონენტში მონაწილეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თურქეთის პრეზიდენტი: ვისურვებდი, აშშ-ის ჯარები სირიიდან და ერაყიდან გავიდნენ ისე, როგორც ავღანეთიდან

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიიდან და ერაყიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას ისურვებდა. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ამერიკულ CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა. „რა თქმა უნდა, არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, ვისურვებდი, რომ ისინი გავიდნენ სირიიდან და ერაყიდან ისევე, როგორც ავღანეთიდან გავიდნენ. რადგან თუ ჩვენ ვაპირებთ მშვიდობის უზრუნველყოფას მთელ მსოფლიოში, აზრი აღარ აქვს მსოფლიოს ასეთ ნაწილებში დარჩენას. ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ დავტოვოთ ის ხალხი, დავტოვოთ ეს ადმინისტრაციები, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. „ჩვენ არასოდეს დავრჩებით იქ, სადაც არ გვსურს. ჩვენ არასოდეს ვიქნებით იქ, სადაც არ გვიღებენ. სირიაში, ჩვენ ამჟამად ვაშენებთ 100 000 ერთეულ აგურის სახლს. ხალხი და ოჯახები გადაასახლეს და გააძევეს სამშობლოდან და ჩვენ მათთვის სახლებს ვაშენებთ. მაინტერესებს რას აკეთებენ სხვა ქვეყნები, ძალიან მნიშვნელოვანია ამის დანახვა“, - განაცხადა ერდოღანმა.

საწარმოები შეღავათიანი აგროკრედიტით ღვინის წარმოებისათვის საჭირო მასალების შეძენის მიზნობრიობითაც ისარგებლებენ

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებზე რეალიზაციის მაქსიმალურად გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ცვლილების თანახმად, გაჩნდა შესაძლებლობა, ყურძნის გადამმუშავებელმა კომპანიებმა შეღავათიანი კრედიტი აიღონ, როგორც ყურძნის გადამუშავების, ასევე ღვინის წარმოებისათვის საჭირო მასალების ბოთლის, საცობის, ჩაჩის და ყუთის შესაძენად. "ქართული მეღვინეობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია გულისხმობს, ქართული ღვინო ნიშური სეგმენტიდან საყოველთაო ხელმისაწვდომ კატეგორიაში გადავიდეს. ქართული ღვინო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ძირითადი გაყიდვის არხებში, როგორიც არის, ე.წ., on trade, ჰორეკა სექტორი და ქსელური მაღაზიები, რითეილი. შესაბამისად, უნდა გაიზარდოს როგორც ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოება, ისე ექსპორტი. ქართულმა ღვინომ მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიმკვიდროს ღვინის ცნობილ მწარმოებელ თუ ექსპორტიორ ქვეყნებს შორის. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ, ერთი მხრივ, დაიწყო საგრანტო თანადაფინანსება მარკეტინგული ღონისძიებების გაზრდისთვის, ხოლო მეორე მხრივ, მთავრობის სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ, შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლონ ღვინის წარმოებისათვის საჭირო მასალების - ბოთლის, საცობის, ჩაჩის და ყუთის შესაძენად. 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში, 376 კომპანია ახორციელებდა ექსპორტს. 100 მლნ ბოთლის რეალიზაცია 2021 წლის საპროგნოზო მონაცემია. სახელმწიფოს მიზანია, 10 წლიანი გეგმის ფარგლებში, 2030 წლისთვის, ღვინის სექტორის საექსპორტო შემოსავლებმა 1 მლრდ დოლარი შეადგინოს, რაც, ფაქტობრივად, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური პროდუქტებიდან დღეს არსებული შემოსავლების გასამმაგებას გულისხმობს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცესკო: ბოლო პერიოდში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტები გახშირდა

საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ ბოლო პერიოდში ზეწოლის ფაქტები გახშირდა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ნათია იოსელიანის განცხადებით, დაფიქსირდა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიებში შეჭრა, ისე კომისიის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები, სიძულვილის ენა, მათ საქმიანობაში ჩარევა და ხელის შეშლა. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მცდელობას პროვოკაციის მოწყობის მიზნით. მისი თქმით, აღნიშნული ქმედებები ხელს უშლის საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მიზანმიმართულად აზიანებს საარჩევნო პროცესს. „ეს არის არამხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოსთვის ზიანის მიყენების მცდელობა და ცალსახად მიზანმიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ხალხის ნდობის დაკარგვისა და რეპუტაციის დაზიანებისკენ. საარჩევნო ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს პროფესიული სტანდარტებით, საკუთარ საქმიანობას წარმართავს ღიად და გამჭვირვალედ, თუმცა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად პასუხისმგებელი ასევე არიან საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებიც. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ნუ გასცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს. არ შეუშალონ ხელი საარჩევნო კომისიების მუშაობას, ვინაიდან, სწორედ ამ კომისიებმა უნდა გაუწიონ 2 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზება. არჩევნებამდე სულ რაღაც 5 დღე რჩება და ამ პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა დონეზე სრული დატვირთვით მუშაობს იმისათვის, რომ ამომრჩევლებმა საკუთარი არჩევანი თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ. საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე მოუწოდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, მედიას აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესს და დააფიქსირონ თითოეული ფაქტი და ხელი შეუწყონ პროცესის გამჭვირვალობას და არჩევნების სანდოობას“, - განაცხადა იოსელიანმა.

ისტორიაში პირველად, გერმანიის პარლამენტის წევრი ტრანსგენდერი ქალი იქნება

წინასწარი კენჭისყრის შედეგების თანახმად, „მწვანეთა პარტიის“ წევრი, ტესა განსერერი, პირველი ტრანსგენდერი ქალია ბავარიიდან, რომელიც გერმანიის პარლამენტის წევრი გახდება. ბავარიის საარჩევნო ოლქში განსერერმა ხმების 23,6% მიიღო. მედიის ცნობით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიტიკოსი მაჟორიტარულ მანდატს ვერ მიიღებს, ის პარლამენტში პარტიული სიით მაინც მოხვდება. პოლიტიკოსი კლიმატის ცვლილებების საკითხზე მუშაობას და სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის ბრძოლას გეგმავს. ტესა განსერერი 2013 წლიდან ბავარიის ლანდტაგის (რეგიონული პარლამენტი) წევრია. გერმანიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. სოციალ-დემოკრატებმა ხმების 25,7% მოიპოვეს. 24,1%-ით მეორე ადგილზეა მემარჯვენე-ცენტრისტული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკი, „მწვანეებმა“ ხმების 14,8% მოიპოვეს, „თავისუფალ დეოკრატიულ პარტიას“ 11,5% აქვს, ულტრა-მემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კი - 10.3% მიიღო. კოალიციის შექმნის პროცესი ახლა იწყება. ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

ლადო კახაძე ჩანაწერებზე: ნაყოფის გულისცემა რამდენი მომისმენია, ნებართვა კი არ ამიღია

ნაყოფის გულისცემა რამდენი მომისმენია, ნებართვა კი არ ამიღია, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ლადო კახაძე სავარაუდო ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხს. "მოვისმინო რას ნიშნავს, მე მუცლად მყოფი ნაყოფის გულისცემა რამდენი მომისმენია, ნებართვა კი არ ამიღია. იმას რამე უბედურება თუ სჭირს, მე მას უნდა დავეხმარო. ის აჩქარებული გულისცემა, არიქა ჰიპოქსია არ იყოს და წამალი მივცე და დედას ვაჩვენო", - განაცხადა ლადო კახაძემ. შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. ანონიმურად გაგზავნილი ფაილებში ინახება ასევე საქაღალდები: კლინიკები, რესტორნები სასტუმროები, კაფე-ბარები, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ამ სფეროს წარმომოადგენელთა მიყურადება თვალთვალიც ხდებოდა. ქართული მედიის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე საქართველოში განთავსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრებს შეიცავს.

ჩინეთის მთავრობამ აბორტების შეზღუდვის მიზნით, ახალი გაიდლაინი გამოსცა

ჩინეთის მთავრობა შეამცირებს აბორტების რაოდენობას, რომლებიც „არა სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება", ამის შესახებ შესაბამისი კომიტეტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ სახელმძღვანელოშია აღნიშნული. ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ შეზღუდვა მიზნად ისახავს ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, მაგრამ Guardian-ი წერს, რომ ეს ხდება შობადობის დაცემის გამო არსებული შეშფოტების ფონზე. სახელმწიფო საბჭომ თქვა, რომ ასევე მიიღება ზომები არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად და ამ კუთხით კაცების წახალისება „პასუხისმგებლობის გაზიარების“ მიზნით. ხელისუფლების მიზანია, გააუმჯობესოს სექსუალური განათლება და გააძლიეროს აბორტის შემდგომი და მშობიარობის შემდგომი ოჯახის დაგეგმვის სერვისები - აღნიშნა მმართველმა ორგანომ. ამასთან, მაისში ჩინეთის ხელისუფლებამ წყვილებს სამი შვილის ყოლის ნება დართო. BBC ცნობით, აღწერამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ზრდა ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. გასულ წელს ქვეყანაში 12 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც 1960 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2016 წელს ახალშობილთა რიცხვი 18 მილიონს შეადგენდა. ცნობისთვის, მანამდე, ჩინეთში წყვილს ორი შვილის ყოლის უფლება ჰქონდა.

ბელარუსში, პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას ვაცლავ ჰაველის პრემია მიენიჭა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით, ბელარუსიელ ოპოზიციონერ პოლიტიკოს, მარია კოლესნიკავას ადამიანის უფლებების დაცვისთვის ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია მიენიჭა. 2020 წლის ზაფხულში კოლესნიკოვა გახდა ოპოზიციური მოძრაობის ერთ -ერთი ყველაზე ცნობადი სახე, რომელმაც პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 9 აგვისტოს არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. ის ყოველთვის იყო დედაქალაქ მინსკში საპროტესტო აქციების სათავეში. არჩევნებამდე DW- სთან ინტერვიუში კოლესნიკოვა აცხადებდა, რომ მისთვის ყოველთვის ნათელი იყო, რომ მისი დაკავება ნებისმიერ დროს შეიძლებოდა. „მაგრამ, მე ეს არ მაჩერებს და არ მეშინია. მე ვიცი, რომ ცვლილებები, რომლებიც დაიწყო ბელარუსის საზოგადოებაში, გარდაუვალია“, - აცხადებდა კოლესნიკოვა. ოპოზიციონერები, მარია კალესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი გასული წლის სექტემბრიდან არიან წინასწარ პატიმრობაში. მინსკის სასამართლომ მათ 6 სექტემბერს 11 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ცნობისთვის, ჩეხი პოლიტიკოსის, ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია 2013 წელს დაარსდა.