ძებნის რეზულტატი:

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი რუსული სარაკეტო სისტემის S-400-ს შეძენას ისევ გეგმავს

აშშ -ის წინააღმდეგობის მიუხედავად, თურქეთი ახალი რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას ისევ გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა. სამხედრო ექსპერტები S-400-ს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ საჰაერო თავდაცვის სისტემად მიიჩნევენ. Bloomberg-ის ცნობით, ნატოს წევრი თურქეთი ულტრათანამედროვე ავიაგამანადგურებლის, F-35-ის პროგრამიდან გამოაძევეს და თურქეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელთა მიმართ სანქციები დაწესდა მას შემდეგ, რაც ანკარამ რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინა 2019 წელს. აშშ აცხადებს, რომ ნატოში რუსული სისტემების გამოყენება საფრთხეს შეუქმნის F-35-ებს. თავის მხრივ, თურქეთი აცხადებს, რომ S-400 სისტემები შეიძლება დამოუკიდებლად იქნეს გამოყენებული, ნატოს სისტემებში ინტეგრაციის გარეშე. 29 სექტემბერს დაგეგმილია ერდოანის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. აშშ მოუწოდებს თურქეთს არ გააგრძელოს რუსული S-400 რაკეტების მიწოდება და არ დაუშვას უკვე შეძენილი ბატარეა, მიუხედავად იმისა, რომ ანკარა მოსკოვთან მოლაპარაკებებს აწარმოებს მეორე სისტემის მიწოდებასთან დაკავშირებით. თურქეთმა რუსული სარაკეტო სისტემები პირველად 2019 წელს შეიძინა, რასაც აშშ-სგან და NATO-სგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. აშშ-მ თურქეთს სანქციები დაუწესა. ”ვერავინ ჩაერევა იმის თვალსაზრისით, თუ რა სახის თავდაცვის სისტემებს ვიძენთ, რომელი ქვეყნიდან, რა დონეზე,”-უთხრა ერდოღანმა CBS News– ის კორესპონდენტს მარგარეტ ბრენანს კითხვაზე, აპირებს თუ არა S-400– ების კიდევ ერთი რაუნდის ყიდვას.

საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში, ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს ეროვნული გმირის წოდება და ბრწყინვალების ორდენი მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეიტენანტ-პოლკოვნიკს დიმიტრი ამილახვარს, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღარების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც პარიზში, ინვალიდების სასახლეში ჩატარდა, პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდო დიმიტრი ამილახვარის შთამომავლებს გადასცა. ეროვნული გმირის წოდება დიმიტრი ამილახვარს, სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის, საქართველოსადმი განსაკუთრებით პოზიტიური დამოკიდებულების შექმნაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების თავგანწირვისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში ქართული ემიგრაციის კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენლები დააჯილდოვა. სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების ორდენი გადაეცა ღირსი მამა ილია (ელი) მელიას, ასევე, დიპლომატს, მთარგმნელს და თეოლოგს კონსტანტინე ანდრონიკოვს (ანდრონიკაშვილი). ელი მელია საზღვარგარეთ ქართული ემიგრაციის სულიერი მხარდაჭერისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის დაჯილდოვდა, ხოლო კონსტანტინე ანდრონიკოვის (ანდრონიკაშვილი) საზღვარგარეთ საქართველოსათვის სახელის განთქმისათვის, გამორჩეული დიპლომატიური, მთარგმნელობითი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის. პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები ემიგრანტების შთამომავლებს პარიზში, ინვალიდების სასახლეშ გამართულ ღონისძიებაზე გადასცა, რომელიც საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წელს მიეძღვნა.

გაეროს გენერალური მდივანი: კაცობრიობა ძალიან ახლოს იმყოფება ბირთვულ განადგურებასთან

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი აცხადებს, რომ კაცობრიობა ძალიან ახლოს იმყოფება ბირთვულ განადგურებასთან. აღნიშნული განცხადება გუტიერესმა ბირთვული იარაღის სრულ განადგურებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა. მისი თქმით, სახელმწიფოები თავიანთ არსენალს აუმჯობესებენ. გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიოს ბირთვული შეიარაღების აღმოფხვრისაკენ, ერთმანეთის ნდობისა და მშვიდობისკენ მოუწოდებს. ამ დროისთვის მსოფლიოში დაახლოებით 14 ათასი ბირთვული იარაღი ინახება.

ისლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც დეპუტატების უმრავლესობა ქალია

25 სექტემბრის არჩევნების შემდეგ, ისლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც დეპუტატების უმრავლესობა ქალია. BBC ცნობით, არჩევნებზე ისლანდიის საკანონმდებლო ორგანოში 63 ადგილიდან 33 (52%) ქალმა პოლიტიკოსებმა დაიკავეს. ევროპის არცერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 50%-ს არ აღემატება, საუკეთესო შედეგი კი აქამდე შვედეთში ფიქსირდებოდა, სადაც ქალი დეპუტატები პარლამენტში მანდატების 47%-ს ფლობენ. ამასთან, 2017 წელს, წინა არჩევნებში ქალებმა ისლანდიის პარლამენტში მხოლოდ 9 ადგილი დაიკავეს. მარტში გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით კი ისლანდიამ გენდერულად ყველაზე თანასწორი ქვეყნის წოდება უკვე მეთორმეტედ მოიპოვა.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო ყოველთვის ევროპელად გრძნობდა თავს, ამ დიპლომატიურ არჩევანს, ალტერნატივა არ გააჩნია

"დამოუკიდებლობა, დემოკრატია, ევროპა – ასეთი მისწრაფებები იყო საუკუნის წინათ. ისინი არ შეცვლილა და დღეს, როგორც არასდროს, ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას ყველაზე მეტად ეს მისწრაფებები უკვლევს გზას", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ვიცე პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის ხსოვნის პატივსაცემად მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ამ მისწრაფებაში, საფრანგეთი როგორც განსაკუთრებულ, ასევე უნიკალურ ადგილს იკავებს. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის გეოგრაფიულ საზღვარზეა, ყოველთვის ევროპელად გრძნობდა თავს - ეს აუცილებელი დიპლომატიური არჩევანია, რომელსაც არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია და არავის, ახალგაზრდა თაობიდან, დღეს სხვაგვარად ვერც კი წარმოუდგენია თავისი მომავალი, თუ არა ევროპის წიაღში „ქართული ემიგრაციის ისტორია, წარმატებული ემიგრაციის ისტორიაცაა, რომელიც ადასტურებს, რომ ემიგრაცია ყოველთვის არ არის საზღაური, ან ტვირთი, ემიგრაცია შესაძლოა იყოს უპირატესობა. ის ასევე გვიდასტურებს, რომ ინტეგრაცია არ არის წარმოშობის ქვეყანასთან კავშირების შენარჩუნების გამომრიცხავი. დაბოლოს, ის ასევე ადასტურებს იმას, რისი აღქმაც ძალიან უჭირს დღევანდელ მსოფლიოს, რომ იდენტობა არ ნიშნავს გარიყვას, არამედ ის შეიძლება იყოს შემატება და გამდიდრება. და შებრძოლება ყველა წინააღმდეგობასთან, რაც გამოწვეულია სხვების მსგავასად ფრანგად ყოფნასთან ერთად და ქართველად დარჩენით, ზოგისთვის სრულად, ზოგისთვის ნახევარი დროით. სრულყოფილი ფრანგობის მიუხედავად, ემიგრაციის ქართველებს არ დავიწყებიათ და არ მიუტოვებიათ საქართველო. ეს არის პრინცი ამილახვარის მსხვერპლის მთავარი არსი. ბრძოლა იმისთვის, რომ ერთ დღესაც დაენახა საქართველო, რომელიც გაიზიარებდა ბედს, რომელიც 1945 წელს ერგო საფრანგეთს, როდესაც გახდა თავისუფალი, სუვერენული და დემოკრატიული ქვეყანა. ქართულ ემიგრაციას ჩვენამდე ასევე მოაქვს გზავნილი საფრანგეთის უნიკალურობაზე, თავშესაფრის ეს მიწა, რომლის იდენტობა სცდება საფრანგეთის, იგივე ექვსკუთხედის გეოგრაფიულ საზღვრებს, რათა მიისწრაფვოდეს უნივერსალურისაკენ. საქართველოს ისტორია საფრანგეთში, ასევე საერთო ფრანგული ღირებულებების ისტორიაა, რომელთა შორის პირველი, თავისუფლებაა. ზოგადად, ყველა ქართველი თავს იყრის გენერალი დე გოლის ფორმულაში, რომელიც ეხება „საფრანგეთს და მსოფლიოს თავისუფლებას შორის მრავალსაუკუნოვანი პაქტის“ არსებობას. ყველა ქართველს თან ახლავს ალექსანდრე დიუმას და მისი სამი მუშკეტერის სიმამაცე, გამბედაობა, თავდაჯერებულობა და დიდი ერთგულება, ვინაიდან ეს ფრანგულ-ქართული ურთიერთობა ფაქტობრივად განუყოფელია იმ საერთო ფესვების მქონე კულტურის კუთვნილებისადმი, რომელსაც ევროპული ცივილიზაცია ჰქვია: ღვინის უძველესი ცივილიზაცია, მედეასა და არგონავტების ქვეყანა, მეოთხე საუკუნიდან ქრისტიანობის მიმღები ქვეყანა, ლიტერატურისა და პოეზიისადმი გულმხურვალე საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის გეოგრაფიულ საზღვარზეა, ყოველთვის ევროპელად გრძნობდა თავს. ეს დღეს განმარტავს თუ რატომ სურს მოსახლეობის 80%-ს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს აუცილებელი დიპლომატიური არჩევანია, რომელსაც არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია, ეს ევროპული მისწრაფება ცივილიზაციის არჩევანს წარმოადგენს. ჩვენი ახალგაზრდები მასში ხედავენ თავიანთ მომავალს: ჩვენი ახალგაზრდები მოდიან სასწავლებლად და მკვიდრდებიან ევროპაში, ოცნებობენ პარიზსა და ბერლინზე და ეწაფებიან ევროპულ კულტურას. არავის, ახალგაზრდა თაობიდან, დღეს სხვაგვარად ვერც კი წარმოუდგენია თავისი მომავალი, თუ არა ევროპის წიაღში. არც რუსეთისაკენ, რომელიც გარდასულ წარსულს წარმოადგენს, არც ცენტრალური აზიისაკენ, თუ ახლო აღმოსავლეთისაკენ - რომელიც გეოგრაფიულად უფრო ახლოსაა, თუმცა კულტურულად ბევრად უფრო შორს. დღეს ჩვენი აქ ყოფნა ამას ადასტურებს. საქართველო ევროპაა და ჩემი პირადი ისტორიაც ამის განსახიერებაა. ეს არის ჩემი მანდატის არსი: საქართველოსა და ევროპის მჭიდრო დაახლოების პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა. საფრანგეთმა, რომელიც დღეს ყველაზე წარმატებულ ევროპულ ამბიციას წარმოადგენს (იმ ევროპისა, რომელიც მსოფლიოში საკუთარ ადგილს იმკვიდრებს) უნდა გამონახოს ის ციცაბო ბილიკი, რომლითაც მიაღწევს როგორც ევროპული ოჯახის ერთიანობას, რაც ძალაუფლების მოთხოვნაა, ასევე, მთელი ევროპული ოჯახის შავ ზღვამდე განვრცობას, რაც ისტორიული ფაქტია!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის თარგმანსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეიტენანტ-პოლკოვნიკს დიმიტრი ამილახვარს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიანიჭა. საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში, ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენლები დააჯილდოვა. მათ შორის, პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით, სიკვდილის შემდეგ ღირსი მამა ილია (ელი) მელია და დიპლომატი, მთარგმნელი და თეოლოგი კონსტანტინე ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი) დააჯილდოვა.

ონთან 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგისეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 19:07 საათზე, ონთან დაფიქსირდა. მისი სიდიდე 3.7 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

გურიაში, 15 წლის მოზარდს გზაზე გადასვლისას მიკროავტობუსი დაეჯახა

ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე, სოფელ ნაგომარში, ავტოავარიას მეათე კლასის მოსწავლე, 15 წლის გელა მარგველიანი ემსხვერპლა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ის გარდაცვლილი დახვდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და სახლში მიდიოდა, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან მოძრავი მიკროავტობუსი დაეჯახა.

გერმანიის არჩევნებში „სოციალ დემოკრატები“ 26%-ით ლიდერობენ, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ კი, 24%-ით მეორე ადგილზეა

გერმანიის არჩევნებში, ეგზიტპოლების თანახმად, სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი 26%-ით ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის კანდიდატი არმინ ლაშეტი 24%-ით ლიდერობენ. მესამე ადგილს კი „მწვანეების პარტია“ იკავებს, რომელსაც 14.8 პროცენტი აქვს. პროგნოზების მიხედვით, არჩევნების ყველაზე დიდი გამარჯვებულები მემარცხენე-ცენტრისტული პარტიები არიან. ანგელა მერკელის წასვლის ფონზე, კონსერვატიულმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, წინა არჩევნებთან შედარებით, რვა პროცენტით ნაკლები აიღო და თუ ეს მონაცემები საბოლოო შედეგებს დაემთხვევა, ეს იქნება კონსერვატიული კავშირის ყველაზე ცუდი შედეგი 1949 წლის შემდეგ. ბუნდესტაგი ახალი კანცლერის არჩევას მმართველი კოალიციის ფორმირების შემდეგ შეძლებს. ნებისმიერი პარტია, რომელიც 5 პროცენტს მოიპოვებს, ადგილს გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში ადგილს გარანტირებულად დაიკავებს. მწვანეთა პარტიისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია. შემდეგ ადგილებს ინაწილებენ ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 11.3 პროცენტით ,თავისუფალი დემოკრატები - 11.2 პროცენტი. არსებული მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობა აქვს სოციალისტურ მემარცხენე პარტიას, რომელმაც ხმების ხუთი პროცენტი, მოაგროვა და მინიმალური ზღვარი გადალახა.

მსოფლიოში პირველად, იმპლატანციის შედეგად, ქალს ახალი თაობის, სრულად ხელოვნური გული აქვს

აშშ-ში, კენტუკის შტატის უდიდეს ქალაქ ლუისვილში, ებრაულ კლინიკაში (UofL Health's Jewish Hospital) ხელოვნური გულის იმპლატანცია (ქალი პაციენტისთვის) განხორციელდა. ხელოვნური გული (Aeson-ი) იმ პაციენტებისთვის არის შექმნილი, რომლებსაც ტრანსპლანტაცია ესაჭიროებათ და დონორის მოლოდინში არიან. ოპერაცია ქირურგებმა მარკ სლოტერმა და სიდარტ პაჰვამ, ექიმების და კლინიკის სამედიცინო სასწავლებლის გუნდთან ერთად ჩაატარეს. „ზომის ლიმიტმა შეიძლება, ხელოვნური გულის გადანერგვა ქალებში გაართულოს, მაგრამ Aeson-ი საკმარისად კომპაქტურია, რომ მოხვდეს გულმკერდის ღრუში, რაც უფრო მეტი წარმატების იმედს გვაძლევს მომავალში“, - განაცხადა ერთ-ერთმა ქირურგმა მარკ სლოტერმა. „სამნახევარი საათის განმავლობაში პაციენტი ელოდება გულის გადანერგვის ოპერაციას. დონორთა სიმცირის გამო, ჩვენ არ შეგვიძლია, მათი უმრავლესობისთვის გულის გადანერგვა. ასე რომ, მუდმივი მოთხოვნაა ინოვაციის საჭიროების“, - აღნიშნა ქირურგმა სიდარტ პაჰვამ. მსოფლიოში პირველი (AbioCor) იმპლანტირებადი გულის ოპერაცია ებრაულ საავადმყოფოში ლუისვილის უნივერსიტეტის ქირურგებმა 2001 წლის ივლისში ჩაატარეს. ცნობისთვის, იტალიაში, ნეაპოლის ერთ-ერთი კლინიკის ქირურგებმა სრულად ხელოვნური გულის Aeson პირველი კომერციული იმპლანტაცია 2021 წლის ივლისში ჩაატარეს. მწარმოებლების აზრით, ასეთი გულით ცხოვრებას ადამიანი 6 თვის განმავლობაში შეძლებს, თუმცა თვითონ მოწყობილობამ შეიძლება 5 წლის განმავლობაშიც იმუშაოს. იტალიაში ჩატარებული ოპერაციის ღირებულებამ მაშინ 150 ათასი ევრო შეადგინა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო შენობებზე დროშები დაუშვეს

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო შენობებზე დროშები დაუშვეს. სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. დღეს, 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. გმირთა მემორიალს ხელისუფლების წარმომადგენლები ყვავილებით ამკობენ. მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მივიდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მან მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. დღესვე, ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

გმირთა მემორიალთან დაპირისპირებისას, პოლიციამ ორგანიზაცია "დევნილები დევნილებისთვის" თავმჯდომარე დააკავა

გმირთა მემორიალთან, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ომში დაღუპულებს პატივს მიაგებენ, დაპირისპირება მოხდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაცია "დევნილები დევნილებისთვის" წევრები, აფხაზეთის მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ, რასაც სამართალდამცველებსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი ტორუა. დღეს, 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. გმირთა მემორიალს ხელისუფლების წარმომადგენლები ყვავილებით ამკობენ. მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მივიდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მან მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. დღესვე, ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

პენიტენციურ დაწესებულებებში ხანგრძლივ პაემნებზე შეზღუდვა მოიხსნა

დღეიდან, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, ხანგრძლივი პაემნების გახსნის გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო. "ხანგრძლივი პაემანს შეძლებენ მხოლოდ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომლებიც ორჯერადად ვაქცინირებულები არიან. რაც შეეხება ვიზიტორების დაშვებას, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, ვინც ასევე სრულად ვაქცინირებული იქნებიან და შესაბამის დოკუმენტს წარადგენენ. არაერთი ქმედითი ნაბიჯი და პრევენციული ღონისძიება გატარდა, რათა სისტემა „კოვიდ-19“-ის გავრცელებისგან დაცული ყოფილიყო. სწორედ ამ მიზნით, უწყებამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო, რომელიც ყველა დაწესებულებაში ამ დრომდე მიმდინარეობს",- აღნიშნავენ უწყებაში. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ხანგრძლივ პაემანზე დაიშვებიან ის ვიზიტორები, რომლებიც ორჯერადად არიან ვაქცინირებულები და წარმოადგენენ ცნობას ამის შესახებ; ვიზიტორებმა, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვაქცინაციას ვერ იტარებენ, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა, სადაც ექიმის მიერ მითითებული იქნება, რომ იმუნიზაცია მათთვის უკუჩვენებას წარმოადგენს. ასევე, ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის შედეგები. ასევე დაიშვებია ისინი, რომელთაც გადატანილი აქვთ COVID-19 და არიან ერთჯერადად ვაქცინირებულები, - მათ უნდა წარმოადგინონ იმუნიზაციისა და ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის შედეგები. უწყების ცნობით, 16 წლამდე ასაკის მოზარდები პაემანზე ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის შედეგებით დაიშვებიან.

დღეს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ. ტექნიკური შეხვედრის ფორმატი წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ერთ-ერთ ინსტრუმენტს და ტარდება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და პროცესის მონაწილე საერთაშორისო აქტორების ფასილიტაციით. რაც შეეხება ჟენევის დისკუსიის ფორმატის ფარგლებში შეხვედრას, 12-13 ოქტომბერს გაიმართება. 2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, როგროც აფხაზეთის ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. აღნიშნული ფორმატის მთავარი მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანია კონკრეტული ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, აფხაზეთის მიმართულებით კი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ დროებით შეწყვეტილია. IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები. ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ

აშშ-ის საელჩომ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

28 წლის წინ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და ასობით ათას ადამიანს სახლის იძულებით დატოვება მოუწია. ჩვენ ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება. ამ წლისთავის აღსანიშნავად და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ელჩმა კელი დეგნანმა, თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ და საქართველოში უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის წევრებმა გმირთა მოედანზე, მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ამ ტექსტით საქართველოში ამერიკის საელჩო სოხუმის დაცემის დღეს იხსენებს საქართველოში დაშვებულია სახელმწიფო დროშები. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

COVID19: 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 663 დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 663 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2383 პაციენტი, 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ჩატარდა 13 277 კოვიდტესტი. 26 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.99%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.48% ხოლო 7 დღის განმვლობაში - 6.01%. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.99%-ია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 844 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 663 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 245, აჭარა - 48, იმერეთი - 123, ქვემო ქართლი - 28, შიდა ქართლი - 19, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 101, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. ამ ეტაპზე ვირუსი აქვს 19 404-ს, საიდანაც 4 569 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 684, აჭარაში - 442, იმერეთში - 954 1 074 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 411, აჭარაში - 124, იმერეთში - 297. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 288, მათგან თბილისში - 175, აჭარაში - 23, იმერეთში - 32. 776 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 390 - თბილისში, 229 - აჭარაში. 14 059 პაციენტი ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 26 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 171 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 17 944 ადამიანი.

IPSOS-ის კვლევით, თბილისის მერის არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება

IPSOS-ის კვლევით, თბილისის მერობის კანდიდატთა რეიტინგი ასეთია: კახა კალაძე - 41% ნიკა მელია - 36% გიორგი გახარია -13% ანა დოლიძე; 4% ანა ბიბილაშვილი; 2% დანარჩენი კანდიდატები - 4%; „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური იქნება. ტელეკომპანიის ცნობით, ეს არის ე.წ. ალოკაციის მეთოდით მიღებული შედეგები, მასში ასახულია იმ რესპონდენტების პასუხები, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, ვის მისცემენ ხმას. „აქვეა გადანაწილებული იმ რესპოდენტების პასუხებიც, რომლებიც პირდაპირ არ ასახელებენ თავიანთ ფავორიტს, მაგრამ დამატებითი კითხვების მეშვეობით კვლევის ავტორებისთვის ნათელი ხდება, რომელი პარტიის ან რომელი კანდიდატის მომხრეები არიან ისინი”, - ნათქვამია „მთავარი არხის“ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21-25 სექტემბრის პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ს შეადგენს. ამავე თემაზე: თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგი მორიგ კვლევაში განისაზღვრა

გრიგოლ ლილუაშვილი ჩანაწერებზე: პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა მოვლენაზე, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება

„პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა მოვლენაზე, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება. დაელოდეთ გამოძიებას, რომელიც საკმაოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს. თითოეულ მათგანს გაქვთ საშუალება, შეამოწმოთ შედეგები“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და იკითხებიან სუს-ისთანამშრომლები. „მე რატომ უნდა დამიბარონ დაკითხვაზე. რა შუაში ვარ. თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ დადიან გამოკითხვაზე. რა თქმა უნდა, იკითხებიან. თუ ჩათვლის გამოძიება, ყველა გამოიკითხება. თუმცა არავინ არ დაიჩაგრება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ვინც საქმეს აკეთებს. გამოძიების შედეგად დადგინდება, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა. გაირკვევა სიმართლე და ყველას თავის საკადრისი პასუხი გაეცემა. სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში და ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში. ყველაფერი წინ არის და დაელოდეთ. გამოძიების შედეგები აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება“,- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ იბარებენ გამოკითხვაზე თავად ლილუაშვილს, სუს-ის უფროსმა განაცხადა, რომ გამოძიება თუ ჩათვლის საჭიროდ, ყველა გამოიკითხება. ამასთან, ის, გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას მის გადადგომასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ივლის. „ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით. სამწუხაროდ, ასეა ეს ცხოვრება“, - აღნიშნა ლილუაშვილმა. 12 სექტემებრს გვიან ღამით, სავარაუდოდ სუს-ის მიერ წარმოებული ჩანაწერების შესახებ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული - „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“. მასში განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო- და აუდიოფაილი სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და სხვა მოქალაქეების კომუნიკაციის შესახებ.

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა დილიდან დაიწყება. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება“.

მარნეულში მოხუცი ქალის დაყაჩაღების საქმეზე, პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 4 პირი: 1995 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ო., 1998 წელს დაბადებული ი.ი., 1985 წელს დაბადებული შ.ჰ. და 1975 წელს დაბადებული ფ.მ. დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მცხოვრები მოქალაქის - 1950 წელს დაბადებული მ.ბ-ის საცხოვრებელ სახლში ყაჩაღობის მიზნით უკანონოდ შეაღწიეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ქალი გაკოჭეს, დანის გამოყენების მუქარით უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 1 000 ლარზე მეტ თანხას, 3 000 ლარამდე ღირებულების ოქროს სამკაულებსა და სხვა ძვირფასეულობას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ყაჩაღობის გზით დაუფლებული სამკაულების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

ექსკლუზიურად Europetime-სთვის - ექსკლუზიური რეპორტაჟი ყარაბაღიდან

ყარაბაღი 44-დღიანი ომის შემდეგ - Europetime-ის რეპორტაჟი ყარაბაღიდან ყარაბაღში ბოლო საბრძოლო მოქმედებები ერთი წლის წინათ, 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღე გაგრძელდა. 30 წლის შემდეგ აზერბაიჯანმა ყარაბაღის თითქმის სრულ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა. ხანქენდი, რომელსაც სომხებმა სტეფანაკერტი უწოდეს და მთინი ყარაბაღის დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა, აზერბაიჯანის ფაქტობრივი კონტროლის მიღმაა. მის შესასვლელებს რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ, რომელთაც სამშვიდობოების სტატუსი აქვთ. გოგა ჩანადირის ფოტოები სპეციალურად Europetime-სთვის ყარაბაღში იმყოფებიან თურქი დამკვირვებლებიც. აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად წოდებული შუშა სამშენებლო პროცესშია ჩართული. აქ უკვე გაიხსნა სასტუმროები და რამდენიმე კულტურული ძეგლი განახლდა. თუმცა, ქალაქის მნიშვნელოვან აღდგენამდე მოსახლეობის დაბრუნება არ იგეგმება. ყარაბაღში გზებს გამალებულ რეჟიმში აკეთებენ. ფუზულში კი მალე საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნება. საოცარი ტემპით ააშენეს ეს სტრატეგიული წერტილი. მთელი ყარაბაღი დანგრეული და მიწასთან გასწორებულია. ასიათასობით სახლია განადგურებული. მხოლოდ შუშა და ხანქენდი გადარჩა და ისიც იმიტომ, რომ იქ კონფლიქტის დროს ხალხი ცხოვრობდა. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დანაღმულია და ახლა განაღმვითი სამუშაოებია. მხოლოდ აღდამის რაიონში 98 ათასი ნაღმია ჩადებული. ამ მიზეზით ბოლო ომის შემდეგ 50-მდე მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა ყარაბაღში. ნაღმების რუკა საქართველოს მთავრობის შუამავლობით სომხეთმა აზერბაიჯანს 15 სამხედრო ტყვის გათავისუფლების სანაცვლოდ გადასცა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ რუკების ნაწილში ცდომილებაა, რაც განაღმვას ართულებს. წინასწარი გათვლებით, კონტროლაღდგენილი ტერიტორიის სრულ განახლებას 50 მილიარდი დოლარი დასჭირდება. დამატებითი თანხები კი უსაფრთხოებისთვის გამოიყოფა. აზერბაინში მიაჩნიათ, რომ კონფლიქტებისა და ომების დრო არ არის და მზად არიან სომხეთთან კეთილმეზობლური, მშვიდობიანი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ურთიერთობების დასაწყებად. ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტამ თანამედროვე სამყაროში ახალი პრეცენდენტი შექმნა და იმ ქვეყნებს, რომლებსაც ტერიტორიულ მთლიანობის პრობლემები აქვთ, საკუთარი კონფლიქტების მოგვარების იმედი ჩაუსახა, რომელთა შორისაც საქართველოც არის.